ერთი ახალი ამბავი

ჩინეთისთვის ახალი გამოწვევა გაეროში – ელისე სტეფანიკი

ელისე სტეფანიკი, ჩინეთის ცნობილი კრიტიკოსი, სავარაუდოდ, გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობას დაიკავებს. სენატის მხარდაჭერის შემთხვევაში, სტეფანიკი გახდება აშშ-ს წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელშიც ჩინეთი, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, სტაბილურად აძლიერებს საკუთარ გავლენას აქტუალურ გლობალურ საკითხებთან მიმართებით. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პეკინი, არ მიესალმება ტრამპის მომავალი გუნდის ანტიჩინურ პოზიციას, მაგრამ გარკვეულ დათმობებზე წასვლით, შესაძლოა, მაინც გამოძებნოს საერთო ენა ტრამპის გარემოცვაში მყოფ ისეთ პირებთან, რომლებსაც ეკონომიკური კავშირები აქვთ ჩინეთთან. 

„ჩინელები ხშირად იყენებენ ტრამპთან დაახლოებულ ფიგურებს ჩინეთთან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირებით, რათა ხელი შეუწყონ ფარულ დიპლომატიას“, – აღნიშნა სტიმსონის ცენტრის ჩინეთის პროგრამის დირექტორმა, იუნ სუნმა. ამ დინამიკამ შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა ტრამპის გაცხადებულ მიზნებსა და მის მიერ შემოთავაზებული კაბინეტის წევრების უფრო მკაცრ ჩინურ პოზიციებს შორის. მაგალითად, გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი განიხილავს წინასაარჩევნო დაპირების ნაწილის შესრულებას და შესაბამისად, აკრძალვის გაუქმებას TikTok-ზე, ჩინეთის საკუთრებაში არსებული სოციალური მედიის პლატფორმაზე. პოლიტიკის ეს პოტენციური ცვლილება შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ისეთი პიროვნების შეხედულებებს, როგორიცაა სტეფანიკი, რომელიც პეკინის მიერ აპლიკაციის სათვალთვალო მიზნით გამოყენების შესაძლებლობის გამო, TikTok-ის აკრძალვას მტკიცედ უჭერდა მხარს. 

ელის სტეფანიკი, რომელიც ცნობილია თავისი მტკიცე პოზიციით – ჩინეთისთვის COVID-19-ის პანდემიაში პასუხისმგებლობის დაკისრებით, აკრიტიკებდა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ვირუსის შესახებ კრიტიკული ინფორმაციის დამალვისა და დეზინფორმაციის გავრცელების ბრალდებით. ასევე, იგი 2020 წელს ხშირად უსვამდა ხაზს, რომ ჩინეთს თავის თავზე უნდა აეღო პანდემიის გავრცელების პასუხისმგებლობა. 

სტეფანიკს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ჩინეთი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. 2020 წელს, ნიუ-იორკ პოსტთან ინტერვიუში, მან განაცხადა: ”როდესაც ჩვენ ვფიქრობთ თანამედროვე საფრთხეებზე, ჩინეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე, რომელსაც ვაწყდებით, არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ ჩვენს მოკავშირე სახელმწიფოებშიც. ” ელის სტეფანიკი იყო ჩინეთის სავაჭრო პრაქტიკის ძლიერი კრიტიკოსი. ის მხარს უჭერდა, რომ შეჩერებულიყო ჩინეთის ჩართულობა ამერიკის კრიტიკულ ინფრასტრუქტურებში და შეწყვეტილიყო საქონლის, მომსახურებისა თუ ნედლეულის მიმოცვლა მასთან. 

მან კონგრესში წარადგინა რამდენიმე მკაცრი კანონპროექტი, რომლებიც მიმართულია ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ, მათ შორის კანონმდელობა, რომელიც კრძალავს დრონების მწარმოებელი ჩინური კომპანიის, DJI-ის დრონების ახალი მოდელების აშშ-ს საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ფარგლებში ოპერირებას. 

გაეროს ელჩის როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლობალური თანამშრომლობისა და უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, აშშ-ის მოქალაქეები, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, დიდი ინტერესით ელოდებიან ტრამპის საბოლოო გადაწყვეტილებას და არჩევანს.

ჩინეთისთვის ახალი გამოწვევა გაეროში – ელისე სტეფანიკი Read More »

ჩინეთის მიმართ ხისტი პოლიტიკით გამორჩეული მარკო რუბიო აშშ-ს სახელმწიფო მდივნად დასახელდა

დონალდ ტრამპმა ჩინეთის მიმართ სიმკაცრით გამორჩეული მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნად წარადგინა. Reuters-ის მიხედვით ეს პეკინისთვის მინიშნებაა რომ ჩინეთთან მიმართებით ახალი ადმინისტრაციის ხისტი პოლიტიკა შესაძლოა გასცდეს ტარიფების და მოიცვას უფრო მკაცრი ინსტრუმენტები. 

მოსალოდნელია, რომ რუბიოს კანდიდატურას სენატი მხარს ადვილად დაუჭერს. რუბიოს სენატში მაღალი თანამდებობები უჭირავს საგარეო ურთიერთობათა და დაზვერვის კომიტეტებში.

რუბიო, რომელიც სენატის ბიოგრაფიაში აღწერილია, როგორც „წამყვანი პირი ჩინეთთან ურთიერთობების რებალანსირების საკითხში“, ჩინეთის ეკონომიკური პრაქტიკის წამყვანი კრიტიკოსია. ჩინური მედია მას ხშირად “ანტი-ჩინეთის პიონერად” მოიხსენიებს. ჩინეთის ინდუსტრიული პოლიტიკის შესახებ თავის ბოლო ანგარიშში, რუბიო წერს, რომ „ქურდობის, ბაზრის დამმახინჯებელი სუბსიდიების და სტრატეგიული დაგეგმვის გზით, პეკინი ახლა ლიდერობს ბევრ ისეთ ინდუსტრიაში, რომელიც 21-ე საუკუნეში გეოპოლიტიკურ უპირატესოაბს განსაზღვრავს“. 

დევიდ ფაირსტეინი, ჩინეთის საკითხებში გამოცდილი ყოფილი ამერიკელი დიპლომატი ამბობს: “რუბიოს გულით სჯერა, რომ ჩინეთი შეერთებული შტატების მტერია”. ფაირსტეინის აზრით, „ეს რწმენა განსაზღვრავს ყველაფერს, რასაც გააკეთებს ჩინეთის მიმართულებით“. 

ჩინეთთან დაკავშირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც რუბიო ყურადღებას ამახვილებს, არის სახალხო რესპუბლიკაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობა. იგი უიღურების იძულებითი შრომის პრევენციის აქტის (The Uyghur Forced Labor Prevention Act) ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო. აქტი ითვალისწინებდა აშშ-ში ჩინური პროდუქციის იმპორტის აკრძალვას, ჩინეთში მუსლიმი უმცირესობების უფლებების დარღვევის საპასუხოდ. სწორედ უიღურებთან დაკავშირებული ღია პოზიცია იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩინეთმა რუბიო 2020 წელს დაასანქცირა. 

საინტერესოა, რომ რუბიო პეკინის მხრიდან ორჯერ იყო სანქციების სამიზნე. 2020 წელს სახალხო რესპუბლიკამ რუბიოს, ჰონგ კონგის დემონსტრაციების მხარდაჭერის გამო, სანქციები დაუწესა. რუბიო იქნება აშშ-ს პირველი სახელმწიფო მდივანი, რომელიც ექვემდებარება აქტიურ სამოგზაურო შეზღუდვებს ჩინეთის მხრიდან. აღსანიშნავია, რომ რუბიო, თავის მხრივ, ითხოვდა აშშ-ს სავიზო სანქციებს ჩინელი ოფიციალური პირების მიმართ. 2023 წელს რუბიო მოუწოდებდა სახელმწიფო დეპარტამენტს აეკრძალა აშშ-ს მიერ სანქცირებული ჰონგ კონგის აღმასრულებელი ლიდერის, ჯონ ლისთვის სან ფრანცისკოში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (Asia-Pacific Economic Cooperatian Summit) სამიტზე დასასწრებად ჩასვლა. 

საყურადღებოა, რომ გასული წლების განმავლობაში, რუბიო ჩინეთს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევდა. იგი იყო ერთ-ერთი წამყვანი პირი ჩინური ბატარეების კომპანია, CATL-ის შავ სიაში შეყვანის მცდელობაში. რუბიო მხარს უჭერდა ჩინეთში ინვესტიციების მქონე ამერიკული კომპანიებისთავის საგადასახადო ბენეფიტების შეზღუდვას და ამერიკული ტექნოლოგიების ჩინეთში ექსპორტირებაზე შეზღუდვების გამკაცრებას. 

საინტერესოა, რომ რუბიო ჩინეთს ადანაშაულებდა უკრაინის კონფლიქტის ხელშეწყობაში, რადგან რუსეთის თავდასხმას თვლიდა ჩინური სტრატეგიის ნაწილად, რომელიც არსებული მსოფლიო წესრიგის “მოსკოვ-პეკინის ღერძით” ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. ამიტომ, ის მხარს უჭერდა ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც ჩინეთის პოლიტიკური თუ ეკონომიკური გავლენის შემცირებას ითვალისწინებდა. 

ტრამპის დასახელებული სახელმწიფო მდივნის მტკიცე მხარდაჭერა ტაივანის მიმართ შესაძლოა განსაკუთრებით არასასიამოვნო იყოს პეკინისთვის. რუბიო მხარს უჭერდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და შეუზღუდავ ურთიერთობებს აშშ-სა და ტაივანის ოფიციალურ პირებს შორის. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტაივანი ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-სგან უფრო მეტ იარაღს შეისყიდის, ვიდრე აქამდე და რუბიოს სახელმწიფო დეპარტამენტისგან სავარაუდოდ ხელსაყრელ პირობებსაც მიიღებს. 

ჩინეთის საელჩოს ვაშინგტონში არ გაუკეთებია კომენტარი რუბიოს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დასახელებაზე. ამასთან, საელჩოს სპიკერმა ლიუ პენგიუმ იმედი გამოთქვა, რომ პეკინი იმუშავებს ახალ ადმინისტრაციასთან, რათა ხელი შეუწყოს ურთიერთობების განვითარებას “სტაბილური, ჯანსაღი და მდგრადი მიმართულებით”.

ჩინეთის მიმართ ხისტი პოლიტიკით გამორჩეული მარკო რუბიო აშშ-ს სახელმწიფო მდივნად დასახელდა Read More »

ტრამპი სამთავრობო კაბინეტს ჩინეთის მიმართ სიხისტით ცნობილი პოლიტიკოსებით აკომპლექტებს; ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობა მაიკლ უოლცმა დაიკავა

აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა დონალდ ტრამპმა სამთავრობო კაბინეტის უმაღლეს პოზიციებზე წარადგინა კანდიდატები, რომლებიც ჩინეთთან დაკავშირებით მკვეთრად გამოხატული ხისტი შეხედულებებით გამოირჩევიან. ჯონ რატკლიფი, პიტ ჰეგსეთი და მაიკლ უოლცი დაიკავებენ მაღალ თანამდებობებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში. სამივე მათგანი ჩინეთს აშშ-ს მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად მიიჩნევს. 

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ უოლცის მრჩევლად დანიშვნა “ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ტრამპის საგარეო პრიორიტეტი უპირველეს ყოვლისა ჩინეთზე იქნება ფოკუსირებული”, ამბობს ნილ ტომასი, აზიის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (Asia Society Policy Institute’s Center for China Analysis) სამეცნიერო საზოგადოების წევრი. ტომასის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს პერიოდში ფოკუსირება მოხდება საზღვარგარეთ არსებული შეიარაღებული კონფლიქტების აღმოფხვრაზე, “მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩინეთი მთავარი აქცენტია”. 

მაიკლ უოლცი ჩინეთის დიდი კრიტიკოსია. ის ემხრობა ჩინეთის მიმართ უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკის გატარებას. კონგრესმენი 2022 წელს პეკინში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში აშშ-ს მონაწილეობას ეწინააღმდეგებოდა. ბოიკოტის იდეის მიზეზი იყო მისი ხედვა, რომ ჩინეთმა, პანდემიის აფეთქების დროს, დამალა ინფორმაცია კოვიდ 19-ის შესახებ. 2021 წელს უოლცი ამტკიცებდა, “რომ ამერიკა ცივ ომშია ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან”. 

მნიშვნელოვანია, რომ უოლცი მტკიცედ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას. 2024 წლის მაისში მრჩევლობის კანდიდატმა X-ზე დაწერა: “უნდა გავითვალისწინოთ უკრაინის გამოცდილება და ყურადღება გავამახვილოთ ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან წამოსულ საფრთხეზე. მივაწოდოთ იარაღი ტაივანს ახლა, სანამ გვიანი არ არის”. 

აღსანიშნავია, რომ აშშ, ისევე როგორც სახელმწიფოების უმეტესობა, ოფიციალურად არ ცნობს ტაივანის დამოუკიდებლობას, თუმცა მისთვის იარაღის ყველაზე დიდი მიმწოდებელია. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს უოლცმა გამოხატა შეშფოთება კანადა-ჩინეთის ბიზნეს გარიგების შესახებ. გარიგების პირობების მიხედვით, ჩინეთის სახელმწიფო კომპანიამ ჩაიბარა კანადური ლითიუმის მომპოვებელი კომპანია. უოლცმა ბაიდენის ადმინისტრაციას პასუხი მოსთხოვა, იცოდნენ თუ არა პოტენციური გარიგების შესახებ, და, თუ კი, რატომ დასთნხმდნენ მას. უოლცმა განაცხადა, რომ არსებობს ეროვნული საფრთხე, რადგან ის მიიჩნევს, რომ “ჩინეთის კომუნისტური პარტია სულ უფრო სახიფათო და მუქარის შემცველი ხდება“. 

50 წლის გადამდგარი არმიის მწვანე ბერეტი და ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკი, რომელიც ცნობილია „ჩინეთის ქორის“ მკაცრი პოზიციით, ხელმძღვანელობას გაუწევს სტრატეგიების შემუშავებას, რომელიც მიმართული იქნება ჩინეთის მნიშვნელოვანი სამხედრო გაძლიერების წინააღმდეგ – სწორედ ეს იყო ტრამპისა და მისი გუნდის მთავარი აქცენტი წინასაარჩევნო პერიოდში. 

ამასთან ერთად, 2020 წელს მაიკ უოლცი იყო ერთ-ერთი კონგრესმენი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც „ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირისთვის“, სანქციების დაწესებას ითხოვდა.

„არსებული სანქციები საკმარისად არ მიემართება [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ] პუტინის მარიონეტებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს. ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, არის ახლო მოკავშირე ვლადიმერ პუტინისა და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში“, – ნათქვამია 2020 წლის ანგარიშში, რომლის ერთ-ერთი ავტორიც მაიკ უოლცია

უოლცმა უკვე ურჩია შტატებს, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ რეგიონში პოტენციურ კონფლიქტს, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ჩინეთის უწყვეტი ქმედებებით აზია-წყნარ ოკეანეთში. 

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი იკავებს უაღრესად გავლენიან პოზიციას, რომელიც არ საჭიროებს სენატის მხრიდან დადასტურებას. უოლცის პასუხისმგებლობა მოიცავს ტრამპის ინსტრუქტაჟს ეროვნული უსაფრთხოების არსებით საკითხებზე და სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაციის უზრუნველყოფას.

ტრამპი სამთავრობო კაბინეტს ჩინეთის მიმართ სიხისტით ცნობილი პოლიტიკოსებით აკომპლექტებს; ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობა მაიკლ უოლცმა დაიკავა Read More »

ჩიპების ინდუსტრიის აქტივობის ჩინეთიდან გასვლის ფონზე, ვიეტნამის საწარმოო შესაძლებლობები იზრდება 

უცხოური კომპანიები ვიეტნამში ჩიპების ტესტირებისა და შეფუთვის შესაძლებლობებს ზრდიან. Reuters-ის ცნობით დასავლეთისა და ჩინეთის დაძაბული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ინვესტორები ჩინეთიდან წარმოების ნაწილის გატანის მიზნით, ალტერნატივებს ეძებენ. 

ნახევარგამტარების წარმოების სექტორში ამჟამად ჩინეთი და ტაივანი დომინირებენ, თუმცა ვიეტნამი, ამ კუთხით, ყველაზე სწრაფად განვითარებად ქვეყნებს შორისაა. 

ნახევარგამტარების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიის, “Hana Micron”-ის ვიცე პრეზიდენტი ვიეტნამში, ჩო ჰიუნგ რეი Reuters-თან ამბობს რომ კომპანია სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ამ ქვეყანაში გაფართოვდა იმ მომხმარებლების მოთხოვნის საპასუხოდ, რომლებიც ცდილობენ წარმოების ნაწილი ჩინეთიდან გაიტანონ. 

სამხრეთ კორეული კომპანია მეხსიერების ჩიპების შეფუთვის ოპერაციებისთვის $903.49 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს ვიეტნამის ბაზარზე, ხოლო აშშ-ში არსებულმა კომპანია Amkor Technology-მ წინა წელს 1.6 მილიარდ დოლარიანი გეგმა წარადგინა, რომელიც უახლესი სტანდარტების საწარმოს მშენებლობას ითვალისწინებს ნახევრგამტარების წარმოების სფეროში. 

ვიეტნამის შესაძლებლობის ზრდა ჩიპების წარმოების Back-end (ჩიპების დამზადების პროცესში ლითონის გაყვანილობის ფორმირების ეტაპი) სეგმენტში ბაიდენის ადმინისტრაციისგან წახალისდა ვაშინგტონისა და პეკინის დაძაბული სავაჭრო ურთიერთობების ფონზე. 2023 წლის ივლისში აშშ-ს სახაზინო მდივანი ჯანეტ იელენი ეწვია ჰანოის პრემიერ მინისტრ ფემ მინი ჩინთან შესახვედრად და განიხილა აშშ-ვიეტნამის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება; მან პირდაპირი მითითება გააკეთა ვიეტნამის კრიტიკულ როლზე ნახევარგამტარების ინდუსტრიაში და დაასახელა ამერიკული ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიები, რომლებსაც ვიეტნამში აქვთ ფილიალები. ნახსენებ კომპანიებს შორის იყო არიზონაში დაფუძნებული Amkor Technology-იც. 

აშშ-ს ნახევარგამტარული ინდუსტრიის ასოციაციისა( US Semiconductor Industry Association) და ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის (Boston Consulting Group) მიხედვით, უცხოური კომპანიების დიდი ინვესტიციის შედეგად, 2032 წლისთვის ჩიპების აწყობის, ტესტირებისა და შეფუთვის გლობალურ ინდუსტრიაში, ვიეტნამის წილი 8-9% იქნება. ეს მონაცემი 2022 წელს 1% იყო.

წყარო : Reuters

ჩიპების ინდუსტრიის აქტივობის ჩინეთიდან გასვლის ფონზე, ვიეტნამის საწარმოო შესაძლებლობები იზრდება  Read More »

რა კავშირი აქვს ანაკლიის პოტენციურ ჩინურ ინვესტორს სერბეთში მომხდარ ინციდენტთან, რომელიც 14 ადამიანის სიკვდილით დასრულდა

ჩინური კომპანია, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის პოტენციური კერძო პარტნიორია, მორიგ საერთაშორისო სკანდალში გაეხვია. სერბეთში კომპანიის მიერ რეაბილიტირებულ რკინიგზის სადგურში მომხდარ ინციდენტს 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

შეგიძლიათ, იხილოთ სრული სტატია:

რა კავშირი აქვს ანაკლიის პოტენციურ ჩინურ ინვესტორს სერბეთში მომხდარ ინციდენტთან, რომელიც 14 ადამიანის სიკვდილით დასრულდა Read More »

Nuctech-მა ევროკავშირის წინააღმდეგ კომპანიის ინსპექტირებასთან დაკავშირებული ახალი სარჩელი შეიტანა

Nuctech-მა ევროკავშირის წინააღმდეგ კომპანიის ინსპექტირებასთან დაკავშირებული ახალი სარჩელი შეიტანა.

ჩინურმა უსაფრთხოების კომპანია Nuctech-მა განაცხადა, რომ მან ევროსასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი წინა სარჩელი კომპანიის ინსპექტირების შეჩერების საკითხზე, არ დაკმაყოფილდა. 

„ვთვლით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო დაფუძნებული საფუძვლიან სამართლებრივ განხილვაზე და, შესაბამისად, მან ვერ შეძლო უარის დამაჯერებელი ახსნა“, – განაცხადა Nuctech-მა. და სარჩელი ლუქსემბურგში, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში შეიტანა. 

“Nuctech Europe-ი დაიცავს თავის უფლებებს და აცხადებს მზაობას ითანამშრომლოს ევროკომისიასთან აღნიშნულ საქმეზე. ჩვენ გვჯერა, რომ გასაჩივრების პროცესი ხელს შეუწყობს საქმეზე მეტად სამართლიანი და გონივრული გადაწყვეტილების მიღებას”, – აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა განცხადებაში. 

Nuctech-მა თავდაპირველად ევროკომისიის წინააღმდეგ საქმე მისი ჰოლანდიისა და პოლონეთის ოფისების დარბევის გამო აღძრა, სადაც ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა დარბევის გამამართლებელი შესაბამისი მტკიცებულებები. 

აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკომისიას აქვს უფლებამოსილება გამოიძიოს და ინფორმაცია მოითხოვოს ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ბიზნესისგან განურჩევლად იმისა ვინ ფლობს მას – ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყნები, შეაფასოს მისი საქმიანობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა და აღკვეთოს პოტენციური კანონდარღვევა. 

კომპანია Nuctech-ი აეროპორტებისა და პორტებისთვის სხეულისა და ბარგის სკანერებს მოწყობილობებს მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში აწარმოებს. ის იმ ჩინურ კომპანიებს შორისაა, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შავ სიაში შეიყვანა, როგორც საფრთხის შემცველი კომპანია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

წყარო: https://www.reuters.com/business/chinas-nuctech-launches-new-appeal-against-eu-inspection-company-2024-10-23/

Nuctech-მა ევროკავშირის წინააღმდეგ კომპანიის ინსპექტირებასთან დაკავშირებული ახალი სარჩელი შეიტანა Read More »

ჩინეთმა დაადასტურა შეთანხმება ინდოეთთან სასაზღვრო კონფლიქტის მოგვარების შესახებ

ჩინეთმა დაადასტურა შეთანხმება ინდოეთთან სასაზღვრო კონფლიქტის მოგვარების შესახებ 

სამშაბათს ჩინეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩინეთსა და ინდოეთს შორის საზღვრებთან დაკავშირებით სადავო საკითხებზე შეთანხმება შედგა. თუმცა ზუსტად რაზე შეთანხმდნენ მხარეები მედიისთვის უცნობია. შესაბამისად, უცნობი რჩება, საზღვრის მთელ სიგრძეზე ვრცელდება აღნიშნული შეთანხმება თუ ხოლოდ იმ კონკრეტულ პუნქტებზე, რომლებზეც მხარეები 2020 წლიდან დავობენ. 

ჩინეთ-ინდოეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოთხი წლის წინ დასავლეთ ჰიმალაის ლადახის რეგიონში, არადემარკირებულ საზღვარზე, 20 ინდოელი და ოთხი ჩინელი ჯარისკაცი დაიღუპა. 

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა ჯერ კიდევ ორშაბათს განაცხადა, რომ რეგიონულმა მეტოქეებმა საზღვრის პატრულირებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, რაც სამხედრო დაპირისპირების დასრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯზე მიუთითებს, თუმცა ჩინეთმა მისი განცხადების მართებულობა დაუყოვნებლივ არ დაადასტურა. 

„ჩინეთმა და ინდოეთმა ბოლო პერიოდში შეძლეს შეენარჩუნებინათ საერთო საზღვართან დაკავშირებულ საკითხებზე დიპლომატიური და სამხედრო არხებით“, – განაცხადა სამშაბათს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს- სპიკერმა ლინ ჯიანმა. 

მისი თქმით, მხარეებმა აღნიშნული საკითხები გადაწყვიტეს, რასაც ჩინეთი დადებითად აფასებს და გააგრძელებს თანამშრომლობას ინდურ მხარესთან შეთანხმების სრულად განხორციელებისთვის.

წყარო:  https://www.reuters.com/world/asia-pacific/china-implement-solutions-with-india-resolving-border-conflict-2024-10-22/

ჩინეთმა დაადასტურა შეთანხმება ინდოეთთან სასაზღვრო კონფლიქტის მოგვარების შესახებ Read More »

ჩინეთში ახალგაზრდების უმუშევრობის დონე იკლებს

ჩინეთში ახალგაზრდების უმუშევრობის დონე იკლებს.

ჩინეთში 16-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდების უმუშევრობის დონე (გარდა სტუდენტებისა), სექტემბერში 17,6%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც აგვისტოში იგივე მაჩვენებელი 18,8%-ს შეადგენდა. 

მიმდინარე წლის ივნისში უმუშევრობის დონე, ახალგაზრდებსა და კოლეჯის კურსდამთავრებულებს შორის 13.2%-ს შეადგენდა, ივლისში კი ეს მაჩვენებელი 17.1%-მდე გაიზარდა. სწრაფი ზრდის ტემპი დაახლოებით 12 მილიონი სტუდენტის შრომის ბაზარზე შესვლამ განაპირობა. უმუშევრობის დონის ზრდა აგვისტომდე გაგრძელდა და 2024 წლის უმაღლეს ნიშნულს, 18,8%-ს მიაღწია, ვიდრე სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ მეთოდოლოგიის შეცვლა გადაწყვიტა. 

ძველი მეთოდოლოგით სტატისტიკის ეროვნული ბიურო უმუშევრობის დონის გამოთვლისას უგულებელყოფდა სტუდენტებს, თუმცა მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისში აღნიშნულმა მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს – 21.3%-ს მიაღწია, ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება მხედველობაში მიეღო სტუდენტთა რაოდენობაც. 

ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს რწმენა, რომ მსოფლიოს ჩინეთის ეკონომიკა, რომელიც რიგით მეორეა მსოფლიოში, “გააგრძელებს სტაბილიზაციისა და აღდგენის ტენდენციას“.

მაგრამ ქარხნების მფლობელების ნდობის ცალკეული ოფიციალური გამოკითხვების სექტემბრის მაჩვენებლის მიხედვით, ისინი კვლავ თავს იკავებენ ახალი მუშა ხელის დაქირავებისგან.

წყარო: https://www.reuters.com/world/china/chinas-sept-youth-jobless-rate-176-compared-with-188-august-2024-10-22/

ჩინეთში ახალგაზრდების უმუშევრობის დონე იკლებს Read More »

სი ძინ პინმა ჩინეთის სარაკეტო ძალებს შეკავებისა და საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდისკენ მოუწოდა

შაბათს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა სახალხო განმათავისუფლებელი არმიის სარაკეტო ძალების ბრიგადა დაათვალიერა. შეხვედრისას მან სამხედროებს შეკავებისა და საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდისკენ მოუწოდა. 

სიტყვით გამოსვლისას სტრატეგიულ სარაკეტო ძალებში მყოფ სამხედროებს მან ასევე მოუწოდა “მტკიცედ შეასრულონ პარტიისა და ხალხის მიერ დაკისრებული ამოცანები” – აღნიშნა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „Xinhua“-მა. 

სახალხო განმათავისუფლებელი არმიის სარაკეტო ძალებს, რომლებიც ზედამხედველობენ ქვეყნის კონვენციურ და ბირთვულ რაკეტებს, დაევალათ ჩინეთის ბირთვული ძალების მოდერნიზება მიმდინარე ისეთი მოვლენების ფონზე, როგორებიც არის შეერთებული შტატების სარაკეტო თავდაცვის განვითარება, გაუმჯობესებული სათვალთვალო შესაძლებლობები და გაძლიერებული ალიანსები. 

ჩინეთის მედიის „Cailianshe“-ს ცნობით, მიმართვის დროს, სი-მ ხაზი გაუსვა „პოლიტიკური მითითებების დაცვას, მისიის პასუხისმგებლობის გაძლიერებას“ და „ძალების ფორმირების მაღალი ხარისხის განვითარების ხელშეწყობას“.

გასულ თვეში ჩინეთმა წყნარ ოკეანეში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც მზარდ საერთაშორისო ყურადღებას უსვამს ხაზს ქვეყნის ბირთვულ გაძლიერებაზე. 

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთის არმიაში გასული წლიდან დღემდე ყოვლისმომცველი ანტიკორუფციული წმენდა განხორციელდა, რის შედეგადაც, ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოში თანამდებობა სარაკეტო ძალების რამდენიმე გენერალმა დატოვა.

წყარო: https://www.reuters.com/world/asia-pacific/chinas-xi-urges-missile-troops-boost-deterrence-combat-capabilities-2024-10-19/

 

სი ძინ პინმა ჩინეთის სარაკეტო ძალებს შეკავებისა და საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდისკენ მოუწოდა Read More »

ჩინეთი ფინანსურ ინსტიტუტებს გაფართოებული ფინანსური პოლიტიკის მყისიერი განხორციელებისკენ მოუწოდებს

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა და ფინანსურმა მარეგულირებლებმა ძირითად ფინანსურ ინსტიტუტებთან გამართეს შეხვედრები და მოუწოდეს მათ ეკონომიკისა და კაპიტალის ბაზრების მხარდასაჭერად მყისიერი ნაბიჯები გადადგან. 

ჩინეთის სახალხო ბანკმა (PBOC) ფინანსურ ინსტიტუტებს მოუწოდა გაზარდონ საკრედიტო მხარდაჭერა რეალური ეკონომიკისთვის და შეინარჩუნონ ფულისა და კრედიტის მთლიანი ოდენობის გონივრული ზრდა. – ნათქვამია PBOC-ის ვებ. გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

მან ინსტიტუტებს ასევე მოუწოდა საპროცენტო განაკვეთის კორექტირებისაკენ და მხარი დაუჭირა საფონდო ბაზრის მხარდასაჭერად შექმნილ დაფინანსების ორ სქემას. 

შეხვედრას, რომელიც ოთხშაბათს გაიმართა, ერთობლივად უძღვებოდნენ ჩინეთის საბანკო და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი ორგანოები და მონაწილეობდნენ ბანკები, საბროკერო და საფონდო კომპანიები. 

შეგახსენებთ, რომ ქონებისა და საფონდო ბირჟების მხარდასაჭერად PBOC-მა სექტემბრის ბოლოს აგრესიული ფულადი მხარდაჭერის ზომები მიიღო COVID-19 პანდემიის შემდეგ. 

პირველად, მისი არსებობის ისტორიაში, ცენტრალურმა ბანკმა, პირველად შექმნა მონეტარული პოლიტიკის ორი ინსტრუმენტი საფონდო ბირჟის მხარდასაჭერად. ინსტრუმენტები მოიცავს სვოპ პროგრამას ბროკერებისთვის, ფონდებისა და მზღვეველებისთვის და აღნიშნული კომპანიების მიერ აქციების შესყიდვისათვის შექმნა სესხის ხელახალი გაცემის საშუალება.

 ხსენებული ინსტრუმენტების სწრაფი ამოქმედება ჩინეთს მიმდინარე წლისთვის სასურველი 5%-იან ზრდის მიღწევაში დაეხმარება.

 PBOC-მ განაცხადა, რომ ის „გააძლიერებს დეპარტამენტთაშორის კოორდინაციას, შექმნის სინერგიას და სრულად გამოიყენებს ამ ინსტრუმენტებს ბაზრის სანდოობის გასაძლიერებლად, ხალხის მოლოდინების გასაუმჯობესებლად და მდგრადი ეკონომიკური აღდგენის ხელშესაწყობად“. 

შეგახსენებთ, რომ გასული კვირის მონაცემებით, ჩინეთის ეკონომიკა მესამე კვარტალში 4,6%-ით გაიზარდა 2023 წელთან შედარებით.

წყარო: https://www.reuters.com/markets/asia/china-urges-swift-implementation-expansive-financial-policies-2024-10-18/

ჩინეთი ფინანსურ ინსტიტუტებს გაფართოებული ფინანსური პოლიტიკის მყისიერი განხორციელებისკენ მოუწოდებს Read More »

Scroll to Top