ერთი ახალი ამბავი

ევროპარლამენტმა ჩინეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე შეზღუდვები მოხსნა

რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ცვლილების ფონზე, ევროპის პარლამენტმა ჩინეთის ოფიციალურ პირებთან კანონმდებლების შეხვედრებზე შეზღუდვები მოხსნა, რაც ევროკავშირი-ჩინეთის ურთიერთობების პოტენციურ დათბობაზე შეიძლება მიუთითებდეს. 

შეზღუდვები თავდაპირველად 2023 წლის აპრილში შემოიღეს 2021 წელს დაწყებული დიპლომატიური დაპირისპირების საპასუხოდ, როდესაც ევროკავშირმა და ჩინეთმა სინძიანში ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევების გამო ერთმანეთს სანქციები დაუწესეს

რეგულაციები, რომლებიც ჩინეთსა და ირანს შეეხებოდა, განსაზღვრავდა, რომ სანქცირებული ქვეყნების პარლამენტის წარმომადგენლებს არ მიიწვევდნენ ევროპარლამენტში ვიზიტისთვის და ამ ქვეყნებში ოფიციალური მისიები არ გაიმართებოდა, სანამ სანქციები ძალაში იქნებოდა. გარდა ამისა, რეგულაციები ითვალისწინებდა, რომ ორმხრივი შეხვედრები ოფიციალური პირებით უნდა ყოფილიყო შეზღუდული და ინფორმაცია უნდა სცნობოდა ევროპარლამენტის შესაბამის სამსახურს. 

შემზღუდველი ზომების გაუქმების საკითხი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ წამოაყენა. შეზღუდვები რუსეთისა და ბელარუსის ოფიციალურ პირებთან დაკავშირებით კვლავ ძალაში რჩება.

საგულისხმოა, რომ 5 მარტს ჩინეთის სპეციალურმა დესპანმა ევროპის საკითხებში, ლუ შაიემ, გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, დამოკიდებულება ევროპელი მოკავშირეების მიმართ და მას „გამაოგნებელი“ უწოდა. დესპანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარება არ უნდა იყოს მხოლოდ აშშ-სა და რუსეთის გადასაწყვეტი.

„როდესაც უყურებთ, თუ როგორ ახორციელებდა ტრამპის ადმინისტრაცია ევროპელი მოკავშირეების მიმართ თავხედურ და დამთრგუნველ პოლიტიკას, ასეთი მოპყრობა ნამდვილად გამაოგნებელია ევროპული პერსპექტივიდან“, — განაცხადა ლუმ ოთხშაბათს.

„მე მჯერა, რომ ევროპელმა მეგობრებმა უნდა იმსჯელონ ამ საკითხზე და შეადარონ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა ჩინეთის მთავრობისას. თუ ამას გააკეთებენ, დაინახავენ, რომ ჩინეთის დიპლომატია ემყარება მშვიდობას, მეგობრობას, კეთილგანწყობას და ორმხრივ სარგებელს.“

ლუმ ეს განცხადებები პეკინში გააკეთა, სადაც ის ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის (CPPCC) წლიურ სესიას ესწრებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებებში ყველა შესაბამისმა მხარემ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

„სხვადასხვა წინადადებები უნდა განიხილებოდეს თანასწორ პირობებში და არა რამდენიმე არჩეული ქვეყნის მიერ დაწესებული წესებით“, — განაცხადა ლუმ.

საყურადღებოა,რომ ჩინეთი აძლიერებს საერთაშორისო დიპლომატიურ და ეკონომიკურ გავლენებს, მათ შორის, გლობალურ სამხრეთში. ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლისთვის “საგარეო პოლიტიკის ბიუჯეტის” 8.4 პროცენტიანი ზრდა დაანანონსა, რაც 64.5 მილიარდ იუანს (8.87 მილიარდ აშშ დოლარს) შეადგენს. ეს ზრდა აღემატება გასული წლის 6.6 პროცენტიან მატებას. სამხედრო ბიუჯეტი კი 7.2 პროცენტით გაიზრდება, რაც 2023 და 2024 წლების მაჩვენებელს ემთხვევა.

პრემიერ-მინისტრმა ლი ციანგმა ამ საკითხებს გაუსვა ხაზი თავის ყოველწლიურ მოხსენებაში „ორ სესიაზე“— ჩინეთის უმსხვილეს პოლიტიკურ და საკანონმდებლო შეკრებაზე. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა პეკინის გაძლიერებულ პარტნიორობაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან. მან ასევე აღნიშნა ჩინეთის მონაწილეობის მნიშვნელობა მასშტაბურ საერთაშორისო სამიტებში, მათ შორის აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკურ თანამშრომლობასა (APEC) და G20-ში. ლიმ ასევე აღნიშნა, რომ სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები “სარტყლისა და გზის” ინიციატივის ფარგლებში სტაბილურად იზრდება.

„ჩვენ გავამყარეთ და გავაფართოვეთ პარტნიორობა მთელ მსოფლიოში, დავრჩით ნამდვილი მრავალმხრივი თანამშრომლობის ერთგულნი და დადებითი და კონსტრუქციული როლი შევასრულეთ გლობალური გამოწვევების მოგვარებასა და რეგიონალურ და საერთაშორისო კრიზისებზე რეაგირებაში“, — განაცხადა ლიმ.

ევროპარლამენტმა ჩინეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე შეზღუდვები მოხსნა Read More »

სავაჭრო ომი სინო-ამერიკულ დაძაბულობას ამწვავებს

4 მარტს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე გაზრდილი ტარიფები ძალაში შევიდა, რასაც ოფიციალური პეკინის მხრიდან მკაცრი გამოხმაურება მოჰყვა.

აშშ-ში ჩინეთის საელჩოს განცხადებით, „თუ ომია ის, რაც აშშ-ს სურს, იქნება ეს ტარიფების ომი, სავაჭრო ომი თუ სხვა ნებისმიერი სახის ომი, მზად ვართ ვიბრძოლოთ ბოლომდე“. გარდა ამისა, საკითხის შესახებ კომენტარი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმაც გააკეთა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩინეთის მზაობას „ბოლომდე ბრძოლისთვის“ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს ჩინეთის ინტერესების დაზიანება სურს. მან ქვეყანას დიალოგისა და თანამშრომლობის რეჟიმში დაბრუნებისაკენ მოუწოდა.

ჩინეთის ამ განცხადებებს აშშ-ს მხრიდან თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა უპასუხა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ ამერიკა არ ცდილობს ჩინეთთან კონფლიქტის წამოწყებას, თუმცა ქვეყანა მზადაა აღნიშნულისთვის. დამატებით, ჰეგსეთმა ხაზი გაუსვა სამყაროში „განსხვავებული იდეოლოგიის ქვეყნების აღზევებას და განაცხადა, რომ თუ მიზანი ჩინეთთან, ან სხვა სახელმწიფოსთან ომის არიდებაა, მაშინ ქვეყანა ძლიერი უნდა იყოს: „გვჭირდება თავდაცვაზე [ფინანსების] დახარჯვა, შესაძლებლობების გაზრდა, იარაღი და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში პოზიციები, რაზეც კონცენტრირებული ვართ“.  

სრულიად ჩინეთის წარმომადგენელთა კრების ერთ-ერთმა პრეს-სპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნულ საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, აშშ-სა და ჩინეთს შორის უთანხმოებები მოსალოდნელია, თუმცა პეკინი არ მიიღებს აშშ-ს მხრიდან წნეხსა თუ მუქარას.

სავაჭრო ომი სინო-ამერიკულ დაძაბულობას ამწვავებს Read More »

ტრამპი ჩინეთის წინააღმდეგ ახალ სავაჭრო ზომებს აანონსებს

ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაპირისპირება გრძელდება. 4 მარტს, ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის საერთო სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ჩინეთისადმი სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი საპასუხო სავაჭრო ზომების მიღებას აპირებს, რაც ახალ ტარიფებსა თუ ეკონომიკური განცალკევების მცდელოებებს მოიაზრებს.

ტრამპის 4 მარტის გამოსვლა კონგრესში მისი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ყველაზე გრძელი გამოსვლა იყო, რომელიც 1 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.  პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთი უკვე დიდი ხანია სარგებლობს შტატების სუსტი პოლიტიკით და მისი ადმინისტრაცია ამ პრობლემის გადასაჭრელად და ჩინეთის სავაჭრო პრაქტიკებთან დასაპირისპირებლად  მალე მიიღებს საპასუხო ზომებს „საპასუხო ტარიფების“ სახით.

2 აპრილს საპასუხო ტარიფები ძალაში შევა, და როგორი ტარიფებიც არ უნდა დაგვიწესონ, ჩვენც ასევე მივიღებთ მათ წინააღმდეგ ახალ ტარიფებს“,- განაცხადა ტრამპმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის მიერ ამერიკულ საქონელზე დაწესებული ტარიფები საშუალოდ, ორჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე ვაშინგტონის მიერ ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტზე.

პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა 2022 წელს მიღებული „ჩიპების და მეცნიერების აქტი“. შტატებში მიღებული ეს კანონი მიზნად ისახავს ნახევარგამტარების შიდა წარმოების გაზრდას და ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებას უცხოელ მომწოდებლებზე, განსაკუთრებით ჩინეთზე. ეს კანონი უზრუნველყოფდა მნიშვნელოვან დაფინანსებას აშშ-ში დაფუძნებული ჩიპების მწარმოებლებისთვის, რათა გაზრდილიყო წარმოების შესაძლებლობები და უზრუნველეყო ქვეყნის ტექნოლოგიური და ეკონომიკური უსაფრთხოება. ტრამპის მიხედვით, ამ აქტით განსაზღვრული დაფინანსება არაეფექტურად იხარჯება. ამის ნაცვლად, უცხოელი მწარმოებლებისთვის ტარიფების დაწესება შიდა წარმოების ზრდას უზრუნველყოფს.

ტრამპი ჩინეთის წინააღმდეგ ახალ სავაჭრო ზომებს აანონსებს Read More »

სავაჭრო ომის ახალი ეტაპი: ჩინეთის პასუხი აშშ-ს ტარიფებზე

ჩინეთსა და შტატებს შორის დაძაბულობა გრძელდება. ვაშინგტონის გადაწყვეტილების საპასუხოდ, 4 მარტს ჩინეთმა ამერიკულ საიმპორტო პროდუქტებზე დამატებითი 10-15%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა. ტარიფები შეეხება ამერიკულ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებს.

დამატებით, ჩინეთმა, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ექსპორტისა და ინვესტირების კუთხით, შეზღუდვები დაუწესა 25 ამერიკულ კომპანიას. თუმცა პეკინის ოფიციალურმა პირებმა ამ კომპანიათა ვინაობის დაზუსტებისგან თავი შეიკავეს. როგორც ცნობილია, ამ 25 კომპანიიდან 10 ჩინეთის ყურადღების ცენტრში ტაივანისთვის იარაღის მიწოდების გამო მოექცა. 

ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო დარტყმაა ამერიკაზე, სადაც წინა კვირას ჩინურ პროდუქტზე დამატებითი 10%-იანი ტარიფები ამოქმედდა. როგორც პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, ტარიფების ამოქმედების მთავარი მიზეზი ჩინეთიდან ამერიკაში ნარკოტიკების დიდი რაოდენობის შემოდინებაა.

4 მარტს გაკეთებული განცხადების თანახმად, დამატებითი 15%-იან ტარიფები ამოქმედდება 10 მარტიდან და მისი სამიზნე იქნება ჩინეთში შეტანილი ამერიკული ქათამი, ხორბალი, სიმინდი და ბამბა, ხოლო დამატებით 10%-იანი ტარიფები ისეთ პროდუქტებს შეეხება, როგორებიცაა ამერიკული სოიო, ღორისა და საქონლის ხორცი, წყლის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული და რძის პროდუქტები.

„აშშ-ის ცალმხრივი სატარიფო ზომები სერიოზულად არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს და ძირს უთხრის ჩინეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის საფუძველს“, – ნათქვამია ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.  

დამატებით, ჩინეთმა 4 მარტიდან აკრძალა პროდუქციის იმპორტი ამერიკული სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანია Illumina-სგან. კომპანია ჩინეთის „არასანდო სუბიექტების“ სიაში მოხვდა. ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ Illumina-მ შეაჩერა ტრანზაქციები ჩინურ საწარმოებთან და დისკრიმინაციული ზომები მიიღო ჩინური საწარმოების მიმართ.

ჩინეთზე ტარიფის გაზრდა “სავარაუდოდ დააზარალებს თავად აშშ-ს, რადგან მას სჭირდება იაფი ჩინური პროდუქტები ინფლაციის შესამცირებლად. აშშ-ს სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მაღალი ტარიფები ასევე უარყოფითად იმოქმედებს ჩინეთზე”, მაგრამ კონტრზომები პოლიტიკურად აუცილებელია. ”გონივრული იქნებოდა რაიმე სიმბოლური ნაბიჯის გადადგმა დაძაბულობის ესკალაციის გარეშე”,- აცხადებს ვანგ ზუ, პარტნიორი Hedge Fund Zhouzhu Invest-ში.

სავაჭრო ომის ახალი ეტაპი: ჩინეთის პასუხი აშშ-ს ტარიფებზე Read More »

ჩინეთის პოლიტბიურომ 2025 წლისთვის ქვეყნის მთავარი  პრიორიტეტები წარადგინა

ჩინეთის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ეკონომიკური სტაბილურობა და ტექნოლოგიური წინსვლით მიღწეული განვითარება 2025 წლის პრიორიტეტებად დაასახელა. 2025 წელთან დაკავშირებული გეგმები პარასკევს გამართულ პოლიტბიუროს შეხვედრაზე განიხილეს. Xinhua-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომუნისტური პარტიის 24-წევრიანმა საკვანძო გადაწყვეტილებების მიმღებმა ორგანომ ყურადღება გაამახვილა პროაქტიული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე და ხაზი გაუსვა შიდა მოთხოვნის ზრდისა და ინდუსტრიული ინოვაციების იმპლემენტირების მნიშვნელობას. 

ეკონომიკური ზრდის გარდა, მთავრობამ კვლავ დაადასტურა, რომ ფოკუსირდება უძრავი ქონებისა და საფონდო ბაზრების სტაბილიზაციაზე, ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებასა და ეკონომიკის მაღალი დონის ღიაობაზე. 

„[ჩვენ] უნდა ვმართოთ და შევამციროთ რისკები მნიშვნელოვან სექტორებში, ვუპასუხოთ გარე შოკებს, დავასტაბილუროთ მოლოდინები, გავაძლიეროთ ბაზრის სიცოცხლისუნარიანობა და უზრუნველვყოთ ეკონომიკური აღდგენა,“ – ნათქვამია პოლიტბიუროს განცხადებაში.

პოლიტბიუროს განცხადება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კომენტარებს, რომელმაც ხუთშაბათს განაცხადა, რომ ჩინური იმპორტისთვის განსაზღვრული 10%-იანი ტარიფი, რომელიც სამშაბათიდან უნდა ამოქმედებულიყო, გაორმაგდება და 20%-ს მიაღწევს.

ამას გარდა, 24 თებერვალს პრეზიდენტმა ტრამპმა ახალ მემორანდუმს მოაწერა ხელი -“ამერიკა უპირველეს ყოვლისა – საინვესტიციო პოლიტიკა”- რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ორგანოებს დაევალათ, გამოიყენონ ყველა ხელმისაწვდომი სამართლებრივი ბერკეტი, რათა შეზღუდონ ჩინეთთან დაკავშირებული ინვესტიციები აშშ-ის მნიშვნელოვან სექტორებში.

პოლიტბიუროს შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მთავრობის სამუშაო ანგარიშის განხილვა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ლი ციანგი ჩინეთის სახალხო ეროვნული კონგრესის სხდომაზე წარადგენს. ანგარიში განსაზღვრავს ჩინეთის ეკონომიკური განვითარების მიზნებსა და პრიორიტეტებს 2025 წლისთვის. მიმდინარე წელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ისტორიაში მეთოთხმეტე ხუთწლიანი გეგმის ბოლო წელიწადს წარმოადგენს. 

გასულ წელს ჩინეთის ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო ექსპორტის ზრდამ და სექტემბრის ბოლოს შემოღებულმა სტიმულაციურმა ზომებმა. თუმცა, გამოწვევები რჩება, მათ შორისაა მომხმარებლის სუსტი გადამხდელუნარიანობა, ხანგრძლივი ვარდნა უძრავი ქონების ბაზარზე, დემოგრაფიული ცვლილებები და ნდობის დაბალი დონე მეწარმეებში. 

17 თებერვალს პრეზიდენტმა სი ძინპინმა მაღალი დონის შეხვედრა გამართა წამყვან მეწარმეებთან, სადაც კერძო სექტორს სახელმწიფოს მხარდაჭერა დაუდასტურა. სიმ ბიზნესებს მოუწოდა, უფრო აქტიურად შეიტანონ წვლილი ტექნოლოგიების ინოვაციური განვითარების პროცესში, განსაკუთრებით აშშ-სთან მზარდი კონკურენციის ფონზე. აღნიშნულ ფორმატში, ჩინეთის პრეზიდენტი კერძო სექტორის წარმომადგენლებს 2018 წლის შემდეგ პირველად შეხვდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან პეკინის მიერ კერძო წარმოებაზე დაწესებული რეგულაციების გამკაცრებამ და ანტიმონოპოლიურმა ზომებმა გავლენა მოახდინა სახელმწიფოსა და ბაზრების მიმართ ბიზნესის ნდობაზე. კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დაძაბვამ, თავის მხრივ, ადგილობრივი მთავრობების შემოსავლების შემცირებასა და ახალგაზრდებში უმუშევრობის დონის ზრდას შეუწყო ხელი. 

ბაზარზე არსებული განწყობების გაუმჯობესების მიზნით, ჩინეთის მთავრობა ინვესტიციებისთვის ხელისშემშლელი ბარიერების შესუსტებასა და კერძო სექტორის შეზღუდვების გადახედვაზე მუშაობს. შეხვედრაზე ითქვა, რომ მიღებულია ზომები გადაჭარბებული რეგულირების შესაკვეცად, ხოლო ახალი კანონპროექტი კერძო ეკონომიკის ხელშეწყობის შესახებ უსაფუძვლო ჯარიმების აკრძალვას ისახავს მიზნად.

მთავრობის კიდევ ერთი პრიორიტეტი 2025 წლისთვის შიდა მოთხოვნის გაძლიერებაა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ შეერთებულ შტატებთან სატარიფო დაძაბულობის გამწვავების პოტენციალს. საშინაო ეკონომიკის სტიმულირებისთვის, ჩინეთი აფართოებს პროგრამას, რომელიც მოიცავს მომხმარებლისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ციფრულ მოწყობილობების უფასოდ განახლების საშუალებას. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი ლი ციანგი მოსახლეობას შემოსავლების ზრდას დაპირდა.

ჩინეთის პოლიტბიურომ 2025 წლისთვის ქვეყნის მთავარი  პრიორიტეტები წარადგინა Read More »

ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს – “ამერიკა უპირველეს ყოვლისა – საინვესტიციო პოლიტიკა”, რომელიც ამერიკის ძირითად ინდუსტრიებში ჩინურ ინვესტიციებს შეზღუდავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის საინვესტიციო პოლიტიკასთან დაკავშირებით ახალ მემორანდუმს მოაწერა ხელი (America First Investment Policy). ტრამპმა სახელმწიფო ორგანოებს დაავალა, გამოიყენონ ყველა ხელმისაწვდომი სამართლებრივი ბერკეტი, რათა შეზღუდონ ჩინეთთან დაკავშირებული ინვესტიციები აშშ-ის მნიშვნელოვან სექტორებში.

მემორანდუმის მიხედვით, აშშ-ის მთავრობა აპირებს, აუკრძალოს ჩინეთთან დაკავშირებულ პირებსა და კომპანიებს ინვესტირება ამერიკის საკვანძო სექტორებში, მათ შორის ტექნოლოგიებში, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში, ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობასა და ენერგეტიკაში. 

მემორანდუმში ჩინეთი – მათ შორის ჰონგ-კონგი და მაკაო – მოხსენიებულია როგორც  “მოწინააღმდეგე უცხო ძალა“, რომელიც მიზანმიმართულად ახორციელებს ინვესტიციებს აშშ-ის კომპანიებში და აქტივებში, რათა მოიპოვოს მოწინავე ტექნოლოგიები, ინტელექტუალური საკუთრება და გავლენა სტრატეგიულ ინდუსტრიებში. სხვა ქვეყნები, რომლებიც ასევე მოხვდნენ „მოწინააღმდეგეების“ სიაში, არიან კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, რუსეთი და ვენესუელა.

ტრამპის ადმინისტრაცია ასევე განიხილავს 1984 წლის საგადასახადო ხელშეკრულების შეჩერებას ან გაუქმებას, რადგან მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა შეთანხმებამ – სხვა ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად – ხელი შეუწყო აშშ-ის ინდუსტრიული დაკნინების პროცესს და, ამავდროულად, დაეხმარა ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაში.

გარდა ამისა, მემორანდუმი ითვალისწინებს ამერიკული ინვესტიციების შეზღუდვას იმ ჩინურ სექტორებში, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანადაა მიჩნეული. მათ შორისაა ნახევარგამტარები, ხელოვნური ინტელექტი (AI), კვანტური ტექნოლოგიები, ბიოტექნოლოგია, ჰიპერსონიკა, ავიაკოსმოსი, მაღალტექნოლოგიური წარმოება და ენერგეტიკული სისტემები. 

„ჩინეთი იყენებს ჩვენს კაპიტალსა და გამჭრიახობას თავისი სამხედრო, სადაზვერვო და უსაფრთხოების ოპერაციების დასაფინანსებლად და განსაახლებლად, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების უსაფრთხოებას მასობრივი განადგურების იარაღით, კიბერ ომითა და სხვა საშუალებებით.“- განაცხადა შშს-ის ოფიციალურმა პირმა Reuters-თან საუბარში.

„ეროვნული უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან,“ – ნათქვამია მემორანდუმში. იქვე აღნიშნულია, რომ რადგან ჩინეთი არ აძლევს აშშ-ის კომპანიებს შესაძლებლობას, აითვისონ ჩინეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ამერიკამაც არ უნდა დაუშვას, რომ ჩინურმა კომპანიებმა შეიძინონ სტრატეგიული ამერიკული აქტივები. მიუხედავად ამისა, დოკუმენტში არ არის მითითებული, როდის ამოქმედდება ეს ზომები.

ჯეიმს ვანგი, UBS Investment Bank Research-ის ჩინეთთან დაკავშირებული სტრატეგიის განყოფილების ხელმძღვანელი, აღნიშნავს, რომ აშშ-ის მიერ გატარებული პოლიტიკის ზუსტი გავლენა ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ჩინური ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ბაზაზე მომუშავე საწარმოები, მათ შორის ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროს კომპანიები, მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან. 

ვანგმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის მიერ წარსულში დაწესებული საინვესტიციო აკრძალვები, როგორც წესი, იწვევდა სამიზნე კომპანიების აქციების 23%-იან ვარდნას ერთი წლის განმავლობაში. „ჩვენი შეფასებით, ამ აღმასრულებელი ბრძანების შედეგად შექმნილმა გაურკვევლობამ შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში ბაზრის არასტაბილურობა გამოიწვიოს, რადგან ინვესტორები გაყიდიან აქციებს რისკის მართვის მიზნით,“ – აღნიშნა მან. 

მემორანდუმზე ხელის მოწერიდან მალევე, ჩინეთმა მკაცრი კრიტიკით უპასუხა ტრამპის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ მზადაა, წინააღმდეგობა გაუწიოს „დისკრიმინაციულ“ აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ზღუდავს ჩინურ ინვესტიციებს ამერიკის კრიტიკულ ტექნოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ სექტორებში. 

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ მწვავედ გააკრიტიკა ტრამპის ნაბიჯი და მას „უკიდურესად არაგონივრული“ უწოდა.

„ეს პოლიტიკა დისკრიმინაციულია და აშკარად ეწინააღმდეგება საბაზრო პრინციპებს, რაც სერიოზულად აზიანებს სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის,“ – განაცხადეს სამინისტროში.

„თუ ეს ბრძანება განხორციელდება, ის კიდევ უფრო მეტად დამახინჯებს საინვესტიციო ნაკადებს აშშ-სა და ჩინეთს შორის და საბოლოოდ, ვერ მოიტანს სარგებელს ამერიკისთვის,“ – ნათქვამია განცხადებაში. სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი ყურადღებით დააკვირდება ვითარებას და მიიღებს საჭირო ზომებს საკუთარი ეკონომიკური ინტერესების დასაცავად.

ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს – “ამერიკა უპირველეს ყოვლისა – საინვესტიციო პოლიტიკა”, რომელიც ამერიკის ძირითად ინდუსტრიებში ჩინურ ინვესტიციებს შეზღუდავს Read More »

ჩინეთის საზღვაო ოპერაციები ზრდის დაძაბულობას ავსტრალიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში

ჩინეთის საზღვაო დაჯგუფება Chinese Task Group 107, სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საზღვაო ფლოტის მეთაურობით, ავსტრალიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში (EEZ) ტასმანიის მახლობლად დააფიქსირეს. აღნიშნულმა  აქტივობამ ავსტრალიის და ახალი ზელანდიის სამხედრო ძალების მეთვალყურეობის გაზრდა გამოიწვია.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის 22 თებერვალს ავსტრალიის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ ჩინეთის საზღვაო ჯგუფი ჰობარტის აღმოსავლეთით დაახლოებით 160 საზღვაო მილზე მოქმედებდა, რომელიც იმავე კვირის დასაწყისში შევიდა ავსტრალიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში (EEZ). მოხსენებაში აღნიშნულია, რომ „თავდაცვის ძალები გააგრძელებენ მონიტორინგს და მჭიდრო კოორდინაციას გაუწევენ ახალი ზელანდიის თავდაცვის ძალებს“. ავსტრალიელმა ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს მათ გამჭვირვალობისადმი ერთგულებას და რეგიონის ყველა სამხედრო ძალას მოუწოდეს, რომ შეინარჩუნონ უსაფრთხოებისა და პროფესიონალიზმის უმაღლესი სტანდარტები.

სანამ ჩინეთის საზღვაო ჯგუფი ტასმანის ზღვაში მოქმედებს, ახალი ზელანდიის HMNZS Aotearoa (A11) ბასის სრუტეშია განლაგებული, რათა როგორც ავსტრალიის, ასევე ახალი ზელანდიის საზღვაო ძალების ლოჯისტიკური მხარდაჭერა უზრუნველყოს. საზღვაო ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წვრთნები საერთაშორისო წყლებში ჩატარდა, უსაფრთხოების მიზეზების გათვალისწინებით, პეკინს შეეძლო, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიისათვის მის შესახებ ეცნობებინა.

საგულისხმოა ისიც, რომ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას შორის ორმხრივი თანამშრომლობა ხაზს უსვამს მათ ერთგულებას რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამავდროულად, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ 2025 წლის 25 თებერვალს იაპონიაში დაიწყეს ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი წვრთნები სახელწოდებით Resilient Shield.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საერთაშორისო წყლებში ჩატარებული წვრთნები საერთაშორისო კანონმდებლობას შეესაბამებოდა და საფრთხეს არ უქმნიდა საავიაციო უსაფრთხოებას. ეს ინციდენტი ხაზს უსვამს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს, განსაკუთრებით ჩინეთის სამხედრო გაფართოებასთან დაკავშირებით. იგი ასევე ადასტურებს საერთაშორისო ნორმების აუცილებლობას, რომლებიც სამხედრო ოპერაციებს არეგულირებენ საერთო წყლებში. ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის პოლიტიკურმა ლიდერებმა ჩინეთს დიპლომატიური კომუნიკაციისა და საზღვაო ოპერაციების პრაქტიკის დაცვისაკენ მოუწოდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ინციდენტები მომავალში.

ჩინეთის საზღვაო ოპერაციები ზრდის დაძაბულობას ავსტრალიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში Read More »

ახალი სანქციები ინდოეთსა და ჩინეთს – ტრამპის ადმინისტრაცია ირანზე ზეწოლას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტრამპის ადმინისტრაციაში დაბრუნებიდან ორი თვის თავზე ინდოეთს, ჩინეთსა და ჰონგ კონგს ახალი სანქციები დაუწესა. შტატები მათ ადანაშაულებს ირანის იმ სამხედრო ჯგუფების დაფინანსებაში, რომლებიც აშშ-სა და მისი მოკავშირეებისთვის ზიანის მიყენებას ცდილობენ. ეს ტრამპის წინასაარჩევნო დანაპირების ასრულებაცაა, რომლის მიხედვითაც, ვაშინგტონი ირანის ნავთობის ინდუსტრიაზე მაქსიმალურ ზეწოლას განახორციელებს.

შტატების სახაზინო და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები მიმართულია 30 ფიზიკური პირის, ერთეულისა და გემების წინააღმდეგ, რომელთაც ბრალად ედებათ ირანული ნავთობპროდუქტების გაყიდვა და ტრანსპორტირება. სანქცირებულთა შორისაა ჰონგ კონგში დაფუძნებული ნავთობის ბროკერი Petronix Energy Trading Ltd. სახაზინო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, Petronix-მა შეისყიდა ასობით ათასი ტონა ირანული ნავთობი სანქცირებული Naftiran Intertrade Co-სგან.

ამავე თვის დასაწყისში, 4 თებერვალს, ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას „ირანის ნავთობის ექსპორტის ნულამდე დაყვანის“ შესახებ. ამავე ბრძანებით, ირანს არასდროს უნდა მიეცეს საშუალება შეიძინოს ან შექმნას ბირთვული იარაღი.

როგორც 24 თებერვალს სახელმწიფო სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, სკოტ ბესენეტმა განაცხადა, „ირანი აგრძელებს გემების, გამგზავნებისა და ბროკერების ჩრდილოვანი ქსელის საშუალებით ნავთობის გაყიდვას და დესტაბილიზაციის გამოსწორებას. აშშ გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს, რათა მოიძიოს ირანის ნავთობის მიწოდების ჯაჭვის ყველა ასპექტი და სამიზნე და შესაბამისი სანქციებიც დაუწესოს“.

ირანის საბაჟო ადმინისტრაციის მონაცემებით, ქვეყანა ჩინეთში ნავთობის გაყიდვიდან თვეში თითქმის 2 მილიარდ აშშ დოლარს იღებს, რაც ირანის ეკონომიკური წარმოების დაახლოებით 5 პროცენტს შეადგენს. ჩინეთი ბოლო წლებია დიდი ფასდაკლებით ყიდულობს ირანის მიერ ექსპორტზე გატანილი ნავთობის დაახლოებით 90%-ს.

ამ თვის დასაწყისში, სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ათზე მეტ ინდივიდსა და ფირმას ჩინეთიდან, ინდოეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელთაც ბრალს სდებდა ჩინეთში მილიონობით ბარელი ირანული ნავთობის გადაზიდვის ხელშეწყობაში.

ახალი სანქციები ინდოეთსა და ჩინეთს – ტრამპის ადმინისტრაცია ირანზე ზეწოლას ამკაცრებს Read More »

უკრაინის ომიდან სამი წლის შემდეგ პუტინი და სი ძინპინი კავშირებს აძლიერებენ

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წლისთავზე, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა მათი პარტნიორობა.  ორ ლიდერს შორის დისკუსია გაიმართა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის კონფლიქტის სწრაფ გადაწყვეტას მიემხრო.

ტრამპის მიერ სამშვიდობო შეთანხმების მხარდაჭერა ვარაუდს აჩენს, რომ ვაშინგტონი შესაძლოა ცდილობდეს პეკინის მოსკოვისაგან გამოყოფას. ამ გზით, მას შესაძლებლობა ექნება, უფრო დიდი ყურადღება გაამახვილოს ჩინეთთან (მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან) კონკურენციაზე.

ლიდერებს შორის განხორციელებული სატელეფონო ზარი წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯი იყო, რათა მოკავშირეებს მათი პარტნიორობის სიძლიერე ეჩვენებინათ. ორივე ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი ურთიერთობა ძლიერი და გრძელვადიანია. სი ძინპინმა ხაზი გაუსვა მათი ალიანსის სტაბილურობას და თქვა: „ჩინეთისა და რუსეთის განვითარების სტრატეგიები და საგარეო პოლიტიკა გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი“.

სი ძინპინის გადაწყვეტილებამ, არ დაეგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში სამი წლის წინ, ჩინეთს საშუალება მისცა, გამხდარიყო მოსკოვის მთავარი მოკავშირე, შეესყიდა რუსული ნავთობი და ასევე, მნიშვნელოვანი საქონელი მიეღო. თუმცა, მეორე მხრივ, ამ არჩევანმა დაძაბა პეკინის ურთიერთობები ევროპასთან და წაახალისა ამერიკის მოკავშირეები აზიაში, რომ ნატოსთან თანამშრომლობა გაეღრმავებინათ.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩინეთის უმაღლესმა დიპლომატმა ვანგ იიმ განაცხადა, რომ „ჩინეთი მხარს უჭერს ყველა მცდელობას, რომელიც ხელს უწყობს სამშვიდობო მოლაპარაკებებს“. ამრიგად, ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა  აშშ-სა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ „შეთანხმებას“ მხარდაჭერა გამოუცხადეს.

თუმცა, ამერიკელი ოფიციალური პირების კომენტარებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ შეერთებული შტატების მიზნები შეიძლება პეკინს ეხებოდეს. ამერიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მომავალი „გეოპოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის“ პერსპექტივას, როგორც განხილვის კრიტიკულ საკითხს. კეიტ კელოგმა, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში, განაცხადა, რომ აშშ მიზნად ისახავს, აიძულოს პუტინი ქმედებებისკენ, რომელიც მას “არასასიამოვნოდ” მიაჩნია, რაც პოტენციურად არღვევს რუსეთის ალიანსებს ირანთან, ჩრდილოეთ კორეასთან და, განსაკუთრებით, ჩინეთთან.

ტრამპის პოლიტიკამ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ვაშინგტონის ევროპელი მოკავშირეები შეაშფოთა მას შემდეგ, რაც მან ისინი გამორიცხა რუსეთთან ბოლო მოლაპარაკებებიდან და მოსკოვის 2022 წლის თავდასხმაში კიევი დააადანაშაულა.

ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე, ჩინეთსა და რუსეთს შორის უერთიერთობების დინამიკა, აშშ-ს სტრატეგიულ მანევრებთან ერთად, ხაზს უსვამს რთულ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს. სი ძინპინსა და პუტინს შორის გაღრმავებული კავშირები ასახავს არა მხოლოდ მათ საერთო ინტერესებს, არამედ დასავლეთის მზარდ გამოწვევებასც, რადგან ორივე ქვეყანა ახორციელებს პარტნიორულ ურთიერთობებს გარე ზეწოლის ფონზე. მათი პარტნიორობის მომავალმა შეიძლება მნიშვნელოვნად განსაზღვროს გლობალური პოლიტიკა, რაც გადამწყვეტ როლს ითამაშებს საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, აქტიურად უნდა ჩაერთოს სამშვიდობო დიალოგებში, რათა ხელი შეუწყოს კონტინენტზე სტაბილურობასა და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას.

ავტორი: ლიზა ბარბაქაძე

უკრაინის ომიდან სამი წლის შემდეგ პუტინი და სი ძინპინი კავშირებს აძლიერებენ Read More »

ჩინეთის საპოლიციო დიპლომატია წინააღმდეგობას აწყდება

ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს განცხადების მიხედვით, ონლაინ თაღლითური ოპერაციების ცენტრიდან გაათავისუფლეს ჩინეთის 200 მოქალაქე. მსგავს თაღლითურ ოპერაციებში ჩართული მოქალაქეების რეპატრიაცია მომავალ დღეებშიც გაგრძელდება. აღნიშნული მოვლენა მოჰყვა ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს ასისტენტ-მინისტრის, ლიუ ჯონგის, მრავალჯერად ვიზიტებს მიანმარსა და ტაილანდში. ლიუ აქტიურად თანამშრომლობს ამ ქვეყნების ოფიციალურ პირებთან კიბერთაღლითური ქსელების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც არა მხოლოდ ფინანსურ დანაშაულთან, არამედ ადამიანის უფლებების დარღვევებთანაც არიან დაკავშირებული.

პარალელურად, ჩინეთის საკონსულო ოფიცრებმა სულ ახლახან დაასრულეს პოლიციის წვრთნის პროგრამა სოლომონის კუნძულებზე. ამ ტიპის თანამშრომლობამ შესაძლოა განვითარებად ქვეყნებში ჩინეთის, როგორც უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორის რეპუტაცია განამტკიცოს. 11 თებერვალს ჩინეთის საელჩომ ჰონიარაში, სოლომონის კუნძულების დედაქალაქში, გაავრცელა ინფორმაცია, რომ 30 ადგილობრივმა ოფიცერმა გაიარა აღნიშნული წვრთნა. პროგრამა მოიცავდა ისეთი საკითხების სწავლებას, როგორიცაა დნმ-ის მტკიცებულებების ანალიზი, ტელეკომუნიკაციური თაღლითობების გამოძიება და დანაშაულის პრევენცია სექსუალური ძალადობისა და ნარკოდანაშაულის კუთხით. სწავლების მიზანი იყო ოფიცრების ტაქტიკური უნარების გაუმჯობესება, უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების გაძლიერება და ოპერატიული ეფექტიანობის ამაღლება.

პეკინის ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ლი ჟიონგი, აღნიშნავს, რომ ჩინეთის გლობალური ეკონომიკური ექსპანსიის პარალელურად იზრდება საჭიროება სახალხო რესპუბლიკამ დაიცვას საკუთარი მოქალაქეები და ბიზნესინტერესები საზღვარგარეთ. საპოლიციო დიპლომატია, რომელიც ტრადიციულად საგარეო პოლიტიკის სპეციალიზებული ასპექტია, სამართალდამცავ ორგანოებს საშუალებას აძლევს, შეასრულონ დიპლომატიური ფუნქციები, როგორიცაა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, კონფლიქტების მოგვარება და თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში. ჩინელი პოლიციელები განლაგებულნი არიან სულ მცირე 48 ქვეყანაში არსებულ ჩინეთის საელჩოებში. მათ ევალებათ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ჩინეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული დანაშაულების გამოსაძიებლად.

ჩინეთი ძირითადად ახორციელებს საერთაშორისო პოლიციურ თანამშრომლობას ისეთი მექანიზმების საშუალებით, როგორიცაა ინტერპოლი და რეგიონული უსაფრთხოების ინიციატივები. მექანიზმებს შორისაა 2001 წელს დაარსებული შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებლები ჩინეთთან ერთად რუსეთი და რამდენიმე ცენტრალური აზიის ქვეყანაა.

აშშ-სთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ჩინეთი ცდილობს შეიქმნას პარტნიორის იმიჯი უსაფრთხოების საკითხებში. საპოლიციო დიპლომატია კი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ სტრატეგიაში. 2022 წელს პრეზიდენტმა სი ძინპინმა წამოაყენა გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა, რომელიც “განუყოფელი უსაფრთხოების” კონცეფციას ემყარება და განსხვავდება აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი “კოლექტიური უსაფრთხოების” მიდგომისგან. ეს ინიციატივა მოუწოდებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტერორიზმთან ბრძოლა, კიბერუსაფრთხოება, ბიოუსაფრთხოება, განვითარებადი ტექნოლოგიები და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობა.

გასული წლის სექტემბერში ჩინეთში ჩატარებულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე (Global Public Security Cooperation Forum) ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, ვან სიაოჰუნმა განაცხადა, რომ 2023 წელს ჩინეთმა 2,700 უცხოელი სამართალდამცველი ოფიცერი გაწვრთნა და 2025 წლისთვის ეს რიცხვი 3,000-მდე გაიზრდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი უსაფრთხოების სფეროს კონსულტანტებს გაგზავნის იმ ქვეყნებში, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ.

საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (IISS) მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებულმა ანგარიშის მიხედვით, საპოლიციო წვრთნებისა და აღჭურვილობის მიწოდებით, ჩინეთს შეუძლია გააძლიეროს დიპლომატიური გავლენა ისე, რომ პირდაპირ არ აიღოს უსაფრთხოების გარანტორის როლი. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ჩინეთი ამყარებს კავშირებს უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში, მათ შორის აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში, სადაც ჩინურ ბიზნესს დიდი წარმომადგენლობა აქვს. ჩინეთმა ასევე პრიორიტეტად აქცია საპოლიციო წვრთნები მეზობელ ქვეყნებში. 2023 წელს ყირგიზეთის შსს-ს დელეგაცია ეწვია ჩინეთის სინძიანის რეგიონს, რათა განეხილათ საზღვრის დაცვის წვრთნების გაფართოების შესაძლებლობები. გარდა ამისა, ჩინეთის სამართალდამცავი უწყებები ერთობლივ პატრულირებებს ახორციელებენ ლაოსთან, მიანმართან, ტაილანდთან, ვიეტნამთან და კამბოჯასთან ერთად.

ამ მცდელობების მიუხედავად, ჩინეთის საპოლიციო დიპლომატია მზარდ საერთაშორისო კრიტიკას განიცდის. 2022 წლის დეკემბერში იტალიამ დაასრულა ერთობლივი საპოლიციო პატრულირების პროგრამა ჩინეთთან მას შემდეგ, რაც უფლებადამცველმა აქტივისტებმა პეკინი დაადანაშაულეს ჩინელი ემიგრანტების სამშობლოში სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელების მიზნით დაბრუნების მცდელობაში. ანალოგიურად, 2023 წლის იანვარში პაპუა-ახალმა გვინეამ ავსტრალიისგან კრიტიკისა და წინააღმდეგობის ფონზე მოლაპარაკებები შეაჩერა. ორი თვის შემდეგ, ფიჯიმ 2011 წლის შეთანხმება შეცვალა და სამართალდამცავ უწყებებში გამწესებული ჩინელი ოფიცრების ჩანაცვლება გადაწყვიტა.

ჩინეთის საპოლიციო დიპლომატია წინააღმდეგობას აწყდება Read More »

Scroll to Top