ამბები

თინათინ ხიდაშელის ახალი სტატია იტალიურ გამოცემებში — Le Monde და Il Foglio.

🚨სამოქალაქო IDEA-ს თავმჯდომარის, თინათინ ხიდაშელის, ახალი სტატია ამჯერად იტალიურ გამოცემებში — Le Monde და Il Foglio. 🚨

სტატია შეეხება საქართველოს სტრატეგიულ გამოწვევებსა და რუსეთის ირიბ გავლენებს ევროპაზე.

საქართველო ოდესღაც ევროატლანტიკურ იმედად მოსჭვიოდა სამხრეთ კავკასიისათვის. დღეს ის კომფორტულ, თუმცა დამანგრეველ ავტორიტარულ პოლუსებზე პროგრესირებს. ექსპორტი რუსეთში 1,700%-ით, ხოლო იმპორტი ჩინეთიდან 350%-ით გაიზარდა. 

დღესდღეობით, მიუხედავად მრავალი გამაფრთხილებელი სიგნალისა, ევროკავშირს კვლავ არ გააჩნია კოორდინირებული რეაგირების მძლავრი მექანიზმი. ერთობლივი დასავლური სტრატეგიის გარეშე თბილისის მომავალს ემუქრება სრული კოლაფსი. ირანში ხშირი დიპლომატიური ვიზიტებისა და ,,სარტყელი და გზისინიციატივაში აქტიური ჩართულობით, საქართველო თმობს ევროპულ მისწრაფებებს რუსულ, ჩინურ და ირანულ რეჟიმებთან პარტნიორობის სანაცვლოდ.“

🔍 ვრცლად სტატიის ძირითად აქცენტებზე:

  1. საფრანგეთის ბრძოლა რუსულ გავლენასთან: 2022 წლის აპრილიდან პარიზმა რუს მოქალაქეებზე 1,200 სავიზო და აკრედიტაციის მოთხოვნა უარყო (მათ შორის 350 უშუალოდ საფრანგეთისკენ მიმავალი რუსეთის მოქალაქეების მიმართ). ამის მიზანი რუსული სადაზვერვო ქსელების განეიტრალებაა. საფრანგეთის შიდა უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა სამსახურები (DGSI and Quai d’Orsay)  ახლა ყველა რუსეთის მოქალაქეს დეტალურად ამოწმებენ – აკადემიური წრეების წარმომადგენლებიდან დაწყებული, ფესტივლების სტუმრებით, ინფლუენსერებითა და დიპლომატთა მეუღლეებით დამთავრებული.
  2. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროპაგანდა: NewsGuard-ის მიერ გამოვლენილმა ოპერაციამ “Storm-1516” 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის მარტამდე პერიოდში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი დეზინფორმაციული ტალღა გაავრცელა დაახლოებით 39,000 პოსტის სახით (55.8 მილიონი ნახვით), სადაც ბრიჯიტ მაკრონსა და ზელენსკის კორუფციასა და სხვა დანაშაულებში გამიზნულად ადანაშაულებდნენ.

ხიდაშელის შეფასება: “ეს აღარ არის ძველი ტიპის შპიონაჟი, როდესაც აგენტებს საზღვრებზე კოდირებული გზავნილები გადაჰქონდათ – დღეს ბრძოლის ველი ინტერნეტია. დემოკრატიულმა ქვეყნებმა მკაცრი საკონსულო კონტროლი და ციფრული სიფრთხილე საერთო „დამცავი ფარის“ ორ თანაბრად მნიშვნელოვან მხარეებად უნდა აღიქვან.”

  1. ავტორიტარული რეჟიმებთან კავშირების გაძლიერების გარდა სტატიაში ვრცელი ადგილი ეთმობა, იმას, თუ როგორ შეირყა “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში დემოკრატიული ინსტიტუტები: გაყალბებული არჩევნები, მანიპულირებელი ამომრჩეველი, მედიაზე ზეწოლა და სასამართლოს კონტროლი.

„საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა ხელისუფლებაში დარჩენის სანაცვლოდ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს წყალს ატანს. სტრატეგიულ ობიექტებს იგი თავისი ხელით გადასცემს ავტორიტარულ რეჟიმებს. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა — ეს არის სრულიად ევროპის პრობლემა. საჭიროა უფრო მკაცრი სანქციები, გაძლიერებული დიპლომატიური წნეხი და ერთგული სოლიდარობა ქართველი ხალხისადმი“.

 

თინათინ ხიდაშელის ახალი სტატია იტალიურ გამოცემებში — Le Monde და Il Foglio. Read More »

როგორ პასუხობს “ქართული ოცნება” აშშ-ს მიერ ანაკლიის შესახებ გავრცელებულ გზავნილებს?

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მოლოდინების საპირისპიროდ, ბოლო პერიოდში ამერიკელი პოლიტიკოსების განცხადებები ადასტურებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ არის ინდიფერენტული ანაკლიის პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის გადაწყვეტილების მიმართ. მეტიც, როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის ჩართვას განიხილავენ როგორც ჩინეთის – აშშ-ს კონკურენტი სახელმწიფოს მცდელობას, გააძლიეროს საკუთარი გავლენა შავი ზღვის რეგიონში.

ანაკლიასთან დაკავშირებით ვაშინგტონის ბოლოდროინდელ გზავნილებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები განსხვავებული ნარატივებით პასუხობენ. ერთი მხრივ, არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ამერიკელი პოლიტიკოსების განცხადებები ე.წ. Deep State-ის ზეგავლენის შედეგად მიიჩნია. მეორე მხრივ, არალეგიტიმურმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ანაკლიის პორტის შესახებ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი განცხადებებისა და გზავნილების შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ სრული ანგარიში.

როგორ პასუხობს “ქართული ოცნება” აშშ-ს მიერ ანაკლიის შესახებ გავრცელებულ გზავნილებს? Read More »

რუსეთის ექსპანსია შავ ზღვაში

აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში, რუსული საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოება, ეკონომიკური სტაბილურობა და საქართველოს სუვერენიტეტი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთი ამ ექსპანსიას სტრატეგიულ საჭიროებად მიიჩნევს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც უკრაინის თავდასხმების შედეგად მისი საზღვაო ფლოტი შავ ზღვაში მნიშვნელოვნად დაზიანდა. თავის მხრივ, საქართველოსა და მისი დასავლელი მოკავშირეებისთვის, მოსკოვის ეს ქმედება საერთაშორისო სამართლის დარღვევას და რეგიონში გავლენის გაძლიერების მორიგ მცდელობას წარმოადგენს.

ნახეთ კვლევა სრულად:

რუსეთის ექსპანსია შავ ზღვაში Read More »

სამხრეთ კავკასია გარდამავალ ეტაპზე – თინათინ ხიდაშელის სიტყვით გამოსვლა ჰააგაში

3 აპრილს ჰააგაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია “The South Caucasus Again in Transition”, რომლის ერთ-ერთ პანელზე სპიკერის სტატუსით წარსდგა ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ ხელმძღვანელი, თინათინ ხიდაშელი.

სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა როგორც საქართველოს, ისე მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც რეგიონის წინაშე დგას ამ გარდამავალ ეპოქაში. 

კონფერენცია ორგანიზებული იყო LINKS Europe Foundation-ის მიერ — ჰააგაში დაფუძნებული ორგანიზაციის, რომელიც ევროპაში და მის აღმოსავლეთ და სამხრეთ მეზობელ რეგიონებში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაზე, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებაზე მუშაობს.

სამხრეთ კავკასია გარდამავალ ეტაპზე – თინათინ ხიდაშელის სიტყვით გამოსვლა ჰააგაში Read More »

ჰელსინკის კომისია ანაკლიის პორტის საკითხს ეხმაურება

აშშ-ს „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის“, იგივე „ჰელსინკის კომისიის“ წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ფაქტზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელოვანი წილი ჩინურ კონგლომერატს გადასცა, რომელიც აშშ-ს მიერ სანქცირებული და ჩინეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილია.

კომისიის შვიდი წევრის მიხედვით, კონგლომერატის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ჩინეთის კომუნიკაციების კონსტრუქციის კომპანია, ინფრასტრუქტურის განმავითარებელ პროექტებს ქვეყნების დესტაბილიზაციისა და მათი ჩინეთზე დამოკიდებულების გასაზრდელად იყენებს. გარდა ამისა, კომისია ხაზს უსვამს ჩინეთის შავ ზღვაში გააქტიურების საფრთხეებს, რომელიც, მათი თქმით, რეგიონის უსაფრთხოებასა და თავისუფალ ვაჭრობას უთხრის ძირს.  განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩინეთი რეგიონში გააქტიურებას რუსეთთან თანამშრომლობით ახერხებს.

აღნიშნული კომისიის დასკვნით, „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიასა და საკუთარი ეკონომიკური მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უნარს. კონგრესმენები პარტიას მოუწოდებენ გადახედოს გადაწყვეტილებასა და  შეაფასოს [სატენდერო] წინადადებები იმის მიხედვით, თუ რამდენად სამართლიანად და გამჭვირვალედ განავითარებენ ისინი კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ განცხადებას ხელს როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი სენატორები და კონგრესმენები.

ჰელსინკის კომისია ანაკლიის პორტის საკითხს ეხმაურება Read More »

მორიგი სკანდალი ივანიშვილის რუსულ კავშირებზე

ბრიტანელი დამოუკიდებელი ჟურნალისტის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა მასშტაბური ფინანსური ქსელი, რომელიც რუს ოლიგარქებს, ქართულ მმართველ ელიტებთან აკავშირებს. სქემის ცენტრში კვლავ ივანიშვილი დგას.


გამოძიება ჩატარდა Civic IDEA-ს მხარდაჭერით. ორიგინალური მასალა მომზადებულია ბრიტანელი ჟურნალისტის, ნილ უილის მიერ Byline Times-ისთვის.


მთავარი ფიგურა ამ სქემაში არის  დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანია    — Hunnawell Business Ltd, რომელიც ფარულად უზრუნველყოფდა რუსული კაპიტალის საქართველოში გადმოტანას. კომპანიის დამფუძნებელი ივანიშვილის ფინანსური მრჩეველი, ირაკლი რუხაძე გახლავთ, რომელიც წლების განმავლობაში მართავდა აქტივებს, დაკავშირებულს როგორც რუს ოლიგარქებთან, ისე საქართველოს მმართველ ელიტასთან. მან ეს ფიქტიური კომპანია დააარსა აქტივების მოძიების მიზნით და მნიშვნელოვანი მოგებაც მიიღო.

გაჟონილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2008 წელს ლონდონში ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილის იდუმალი გარდაცვალების შემდეგ, მის აქტივებზე კონტროლი ივანიშვილის გარემოცვამ, კერძოდ, რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა გადაიბარეს.

როგორ მოხდა ეს?

როგორც უკვე ვიცით, ივანიშვილი წლების განმავლობაში ნიღბავდა თავის კავშირებს კრემლთან, თუმცა პარალელურად, დასავლური ფინანსური ინფრასტრუქტურის მეშვეობით ინარჩუნებდა და ზრდიდა თავის კაპიტალს. გაჟონილი დოკუმენტები ადასტურებს, რომ ბრიტანეთში დაარსებული კომპანიების[1] გამოყენებით (მაგ.: Hunnawell Business Ltd) ქართველ ოლიგარქებს რუსული ფული შეუმჩნევლად გადაჰქონდათ საქართველოს საინვესტიციო ბაზარზე.

ნახსენები კომპანია უზბეკეთში, ვლადიმერ პუტინის მაღალჩინოსან მოკავშირეს, რომან ამბამოვიჩს, $1.5 მილიარდზე მეტი ღირებულების კორუფციული სქემის კოლაფსით სარგებლობაში დაეხმარა. კერძოდ, სტატიაში წერია, რომ უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის შვილი გულნარ კარიმოვა ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას, სახელწოდებით ‘The Office’ და რუსეთის უმსხვილესი ტელეკომუნიკაციების პროვაიდერისგან, ‘Mobile Telesystems (MTS)’-ისგან, ასობით მილიონი დოლარის ქრთამს იღებდა უზბეკეთის ბაზარზე წვდომის სანაცვლოდ.

ამ ფაქტმა იმდენად დიდი ზიანი მიაყენა კომპანიას, რომ ინვესტორებმა MTS-ს უჩივლეს. ერთ-ერთი ინვესტორი კი იყო ნახსენები Hunnewell Partners, რომელიც ლონდონის კენსინგტონისა და ჩელსის რაიონში მდებარეობს.

ივანიშვილთან და რუხაძესთან დაკავშირებულმა კომპანია Hunnewell-მა აშშ-ის სასამართლოში სარჩელი შეიტანა და თქვა, რომ უზბეკეთის კორუფციული სკანდალის გამო „დიდი ზარალი განიცადა“. ეს სარჩელი, რეალურად, მხოლოდ სტრატეგიის ნაწილი იყო: დისტანცირება მოეხდინათ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული თაღლითური ქეისისგან.  კორპორაციული დოკუმენტების გაჟონვის, საჯარო ჩანაწერებისა და სასამართლოს პროცესების მეშვეობით, გამოძიებამ გამოავლინა, რომ ლონდონური კომპანია, ფაქტობრივად, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე სანდო პირის, რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩის ინტერესებს წარმოადგენდა და მისი სახელით მოქმედებდა. ამან კი ნათელი მოჰფინა რომან აბრამოვიჩის კავშირებს მორიგ ავტორიტარულ, პოსტ-საბჭოთა რეჟიმთან.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 19 მარტს ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა—ბენჯამინ მარსონმა და იგორ ალექსეევმა—170 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივების თაღლითური სქემა განახორციელეს. ეს თანხები, თავდაპირველად ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებული, მოგვიანებით Hunnawell-ის თაღლითური ქსელის მეშვეობით უკანონოდ გადანაწილდა. Hunnawell-ის ოპერაციები კარგად აჩვენებს, თუ როგორ იყენებს ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული ოლიგარქები ბრიტანულ ფინანსურ ინფრასტრუქტურას არალეგალური აქტივების გასათეთრებლად.  ეს ფინანსური სქემა არამხოლოდ ივანიშვილის პირადი სიმდიდრის დაცვის საშუალება იყო, არამედ მოსკოვის ეკონომიკური გავლენის კიდევ უფრო განმტკიცების მექანიზმიც.


[1] იგ., ე.წ. „shell companies“, რომლებიც, ძირითადად, არსებობენ მხოლოდ ქაღალდზე და არ გააჩნიათ რეალური ეკონომიკური საქმიანობის ისტორია. ისინი ხშირად გამოიყენება ფინანსური საიდუმლოების, გადასახადებისგან თავის არიდებისა და ფულის გათეთრებისთვის, ასევე – აქტივების დამალვისთვის.

მორიგი სკანდალი ივანიშვილის რუსულ კავშირებზე Read More »

ჩინეთის ცენტრალური ბანკი საქართველოში: გზა ვალის მახის დიპლომატიისკენ?

2025 წლის 26 მარტს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს:

ა) მონეტარული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობას;

ბ) ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიმართულებით.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც პეკინში გაიმართა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა, ასევე შეხვდა ჩინეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ბანკების – ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის, ჩინეთის ბანკისა და ჩინეთის სამშენებლო ბანკის წარმომადგენლებს.

როგორც „სამოქალაქო იდეას“ წინა ანგარიშში აღინიშნა, ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის 2024 წლის მარტიდან მოყოლებული  პერიოდულად იმართებოდა შეხვედრები, სადაც მხარეები თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავდნენ. შესაბამისად, 2025 წლის 26 მარტს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი მოულოდნელ მოვლენას არ წარმოადგენდა.

ჩინეთის საბანკო სექტორთან თანამშრომლობა „ქართული ოცნების“ მზარდი ანტიდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის ლოგიკური შედეგია. ჯერ კიდევ 2021 წლის 30 აგვისტოს, პარტია „ქართული ოცნების“ მაშინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ უარს ამბობდა ევროკავშირის მიკროსაფინანსო დახმარებაზე, რომელიც 75 მილიონ ევროს შეადგენდა.

„ოცნების“ საგარეო პოლიტიკის პრო-ჩინურმა ვექტორმა მალევე იმოქმედა ქვეყნის საგარეო ვალის სტრუქტურაზეც. 2025 წლის მონაცემებით, საგრძნობლად  გაიზარდა საქართველოს საგარეო საკრედიტო ვალდებულებები ჩინეთის მიერ დომინირებად საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში. კერძოდ:

– აზიის განვითარების ბანკის მიმართ, სახელმწიფო ვალი 2,260 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს;

– აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიმართ კი, საქართველოს საგარეო ვალი 211 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბანკში ჩინეთი დომინანტურ აქტორად გვევლინება, მათთან თანამშრომლობა საქართველოს ე.წ „ვალის მახის დიპლომატიის“ საფრთხის წინაშე არ აყენებდა. მანამდე, საქართველოს ეროვნულ ბანკს ჩინეთის სამთავრობო ინსტიტუტებთან პირდაპირი თანამშრომლობა არ ჰქონია. თუმცა, 26 მარტს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ ანაკლიის პორტის შემდეგ, ქვეყნის ფინანსურ სექტორსაც ჩინეთის გავლენას დაუქვემდებარებს.

რა გამოწვევებს ქმნის ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობა?

ჩინეთის საბანკო სექტორთან თანამშრომლობა საქართველოს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის.

ძირითადი პრობლემები, რომლებიც ჩინეთის საბანკო სექტორს ახასიათებს:

– კომპარტიის გავლენა: ჩინეთის საბანკო სექტორის ანალიზი აჩვენებს, რომ ჩინური ბანკები, ისევე როგორც ჩინური კომპანიები, მმართველი კომუნისტური პარტიის კონტროლს ექვემდებარებიან. აღსანიშნავია, რომ 2024 წლამდე ჩინეთის ცენტრალური ბანკი ფორმალურად „სახელმწიფო აგენტის“ სტატუსით არ ფუნქციონირებდა. თუმცა, 2024 წელს  პრეზიდენტმა სი ძინპინმა წამოაყენა ინიციატივა, რომლის მიზანია ცენტრალური ბანკის მმართველობაზე კომპარტიის გავლენის კიდევ უფრო გაძლიერება. აღნიშნული ცვლილება ჩინეთის ფინანსური სისტემის „ჩინური მახასიათებლებით“ ფორმირებას ისახავს მიზნად. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამ პროცესების შედეგად ჩინეთის ცენტრალური ბანკი კიდევ უფრო მკაცრი პარტიული კონტროლის ქვეშ მოექცევა.

– გაუმჭვირვალობა: დასავლური ბანკებისგან განსხვავებით, ჩინეთის ცენტრალური ბანკის საქმიანობა გამჭვირვალობის დაბალი სტანდარტითაა ცნობილი. კერძოდ, ბანკს არ გააჩნია მკაფიო საკომუნიკაციო სტრატეგია – ცენტრალური ბანკი გადაწყვეტილებებს ხშირად ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების, შეტყობინების ან მკაფიო ახსნა-განმარტებების გარეშე იღებს. ეს გარემოება სერიოზულ გამოწვევებს ქმნის როგორც ქვეყნის შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე.

– კორუფცია: კორუფცია და ფინანსური თაღლითური სქემები ჩინეთის ცენტრალური ბანკისთვისაც არ არის უცხო. მაგალითად, 2024 წელს, ბანკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ფან იფეის, კორუფციის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

– ფინანსური პრობლემები და რისკები: კოვიდ-19 პანდემიამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ჩინეთის ეკონომიკას. Bloomberg-ის შეფასებით, ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტების დაახლოებით 13% “მაღალი რისკის” კატეგორიაში ხვდება. 2025 წლის მარტის მონაცემებით კი, ჩინეთის მთლიანი ვალი მშპ-ის 300 %-ს აღემატება. გარდა ამისა, აშშ-ჩინეთის მიმდინარე სავაჭრო ომის ფონზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ახალი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას.

აღნიშნული ფაქტორების შედეგია, რომ ჩინეთის საბანკო სისტემა კომუნისტური პარტიის პოლიტიკური მიზნების განხორციელების ინსტრუმენტად იქცა. ჩინეთი და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტები სულ უფრო მეტად ცდილობენ,  მოიპოვონ დომინანტური როლი გლობალურ ეკონომიკაში. ბოლო წლებში, სახალხო რესპუბლიკა და მასთან დაახლოებული ავტორიტარული რეჟიმები, მათ შორის, „ბრიქს“-ის წევრი ქვეყნები, აქტიურად ცდილობენ საერთაშორისო ეკონომიკაში დე-დოლარიზაციის პროცესის წახალისებას. ამ ტენდენციის  საპასუხოდ, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, „ბრიქს“-ის წევრ ქვეყნებს 100 %-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა.

საერთაშორისო ვაჭრობის დე-დოლარიზაციის პროცესში ერთ-ერთ წამყვან  აქტორად სწორედ ჩინეთის ცენტრალური ბანკი გვევლინება. 2024 წელს ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა 40-ზე მეტ უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტთან სვოპ შეთანხმება გააფორმა. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჩინეთის ცენტრალური ბანკის თანამშრომლობის ინტენსიფიკაციამ მომავალში შესაძლოა  ქვეყანა დასავლური სავალუტო სისტემისგან კიდევ უფრო დააშოროს.

ჩინური საბანკო სისტემის სპეციფიკის გამო, არაერთმა განვითარებადმა ეკონომიკამ დეფოლტი განიცადა. კერძოდ, ჩინეთის საკრედიტო პოლიტიკას რამდენიმე განმასხვავებელი მახასიათებელი აქვს, რომლებიც სესხის მიმღები ქვეყნებისთვის სერიოზულ გამოწვევებს ქმნის:

– კონფიდენციალურობა: როგორც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მრჩეველი გრანტ ტ. ჰარისი აღნიშნავს, “ჩინეთის სესხების უნიკალურობა მისი პირობების საიდუმლოებაშია”. ჩინეთის სამთავრობო ინსტიტუტებთან ხელმოწერილი ოფიციალური საკრედიტო ხელშეკრულებების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი კონფიდენციალურობაა, რაც ნიშნავს, რომ ხელშეკრულების პირობები და ზოგიერთ შემთხვევაში, თავად კონტრაქტის არსებობის ფაქტიც გასაიდუმლოებულია.

– ვალის რესტრუქტურიზაციის სირთულე: ჩინეთი არ არის ე.წ “პარიზის კლუბის[1]” წევრი სახელმწიფო, რაც ნიშნავს, რომ ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, დებიტორ ქვეყანას სახალხო რესპუბლიკასთან  მოლაპარაკებების პირისპირ წარმართვა უწევს. ასეთ შემთხვევებში, ორმხრივი მოლაპარაკებები, როგორც წესი,  მოვალე ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო შედეგით სრულდება. ამის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია 2017 წლის შემთხვევა, როდესაც შრი ლანკამ ვალის გადაუხდელობის გამო, ჰამბანტოტას პორტის 70 % ჩინურ კომპანიას გადასცა.

– “ჯვარედინი დეფოლტის” პუნქტები: ჩინეთთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების უმრავლესობა მოიცავს ე.წ. “ჯვარედინი დეფოლტის” პუნქტებს, რომლის მიხედვითაც, თუ დებიტორი ქვეყანა ხელშეკრულების მიღმა არსებულ “სხვა ვალდებულებებს” ვერ შეასრულებს, ავტომატურად დეფოლტის მდგომარეობაში აღმოჩნდება. აღნიშნული “სხვა ვალდებულებები” შესაძლოა მოიცავდეს ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, დებიტორ ქვეყანაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებებს და სხვა ფაქტორებს. შესაბამისად, “ჯვარედინი დეფოლტის” პუნქტები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას აძლევს ძლიერ ბერკეტს, გავლენა მოახდინოს მოვალე ქვეყანაზე.

– “ვალის უზრუნველყოფის” მექანიზმები: ჩინეთის საკრედიტო პოლიტიკა ხასიათდება სესხის უზრუნველყოფის მკაცრი პირობებით, რაც ხშირად გულისხმობს ქონების ჩამორთმევის უფლებას. აღნიშნულმა პრაქტიამ  ჩინეთს არაერთი სახელმწიფოს სუვერენიტეტის “შელახვის” საშუალება მისცა. მაგალითად, 2011 წელს ტაჯიკეთმა, ვალის გადაუხდელობის გამო, 1000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გადასცა ჩინეთს. 

ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების არსებული პრაქტიკა საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ჩინური სესხების საქართველოში შემოსვლა „ვალის მახის დიპლომატიის“ რეალურ საფრთხეს ქმნის. „ქართულ ოცნებასა“ და საქართველოში ოპერირებად ჩინურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები და გარიგებები ხშირად ხასიათდებოდა გაუმჭვირვალობით. მიუხედავად იმისა, რომ ჩინური კომპანიების საქმიანობაში დარღვევები არაერთხელ დაფიქსირებულა, საქართველოს ხელისუფლებას, როგორც წესი,  აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება არ მოუხდენია. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ „ქართული ოცნება“ ჩინური ბანკების მიმართაც ანალოგიურ მიდგომას შეინარჩუნებს, რაც  ქვეყანას ე.წ „ვალის მახის დიპლომატიის“ მსხვერპლად აქცევს.


[1] პარიზის კლუბი არის არაფორმალური ორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც კრედიტორების ჯგუფი მოვალე ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ვალის პირობების ან რესტრუქტურიზაციის შესახებ.

ჩინეთის ცენტრალური ბანკი საქართველოში: გზა ვალის მახის დიპლომატიისკენ? Read More »

ჩინეთი და რუსეთი – ევროპის ორი უმთავრესი გამოწვევა

2025 წლის 19 მარტს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა “ერთობლივი თეთრი ფურცელი ევროპის თავდაცვითი მზადყოფნის შესახებ – 2030” (Joint White Paper for European Defence Readiness 2030). დოკუმენტი წარმოადგენს სამოქმედო გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებას და კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმების განვითარებას. 

„თეთრი ფურცლის“ მიხედვით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული  საერთაშორისო წესრიგი ცვლილებებს განიცდის. ევროკავშირის გაფართოებულ  სამეზობლოში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთსა და ჩრიდლოეთ აფრიკაში, დიდ სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული კონკურენცია იზრდება. ტრანსატლანტიკური ერთობა ახალ გამოწვევებს აწყდება მზარდი ავტორიტარული რეჟიმების სახით. შესაბამისად, დოკუმენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროპის კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერება მოითხოვს  ინვესტიციების ზრდას და წევრ სახელმწიფოებს შორის სოლიდარობის  განმტკიცებას.

„თეთრი ფურცლის“ შესავალ ნაწილში განხილულია ევროპის კოლექტიური უსაფრთხოების წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში ავტორიტარული სახელმწიფოების მიერ შექმნილი საფრთხეების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჩინეთს:

“თეთრი ფურცელი” ევროპული უსაფრთხოების “ფუნდამენტურ” საფრთხედ რუსეთის ფედერაციას ასახელებს და აღნიშნავს, რომ მოსკოვი ამ სტატუსს “უახლოეს მომავალშიც” შეინარჩუნებს. დოკუმენტის მიხედვით,  რუსეთი დესტაბილიზაციის წყაროს წარმოადგენს ევროკავშირის ახლო სამეზობლოში, მათ შორის, საქართველოში. 

გარდა ამისა, “თეთრი ფურცელი” ევროკავშირის კოლექტიური უსაფრთხოების მეორე უმთავრეს გამოწვევად ჩინეთს ასახელებს. საყურადღებოა, რომ დოკუმენტის თანახმად, ჩინეთის გავლენით გამოწვეული საფრთხეების ბუნება “სტრატეგიულად” ჰგავს რუსული ექსპანსიით გამოწვეულ საფრთხეებს. შესაბამისად, ევროკომისია ჩინეთს რუსეთის მსგავს გამოწვევად მიიჩნევს. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეს “სისტემური” ხასიათი აქვს, რაც რამდენიმე მნიშნელოვან ფაქტორზეა დაფუძნებული:

  1. ეს საფრთხე გამომდინარეობს სახელმწიფოსგან, რომლის მმართველობა არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სისტემაზეა დაფუძნებული . 
  2. ეს საფრთხე მომდინარეობს სახელმწიფოსგან, რომელიც ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიის მეშვეობით ცდილობს “უპირატესობისა და ზოგჯერ უპირობო უპირატესობის” მიღწევას. 

დოკუმენტის მიხედვით, ის ფაქტი, რომ ჩინეთი ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, არ ცვლის პეკინისგან მომდინარე საფრთხის რეალობას. კერძოდ,

  • თავდაცვის ხარჯების მიხედვით, ჩინეთი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს, ხოლო  მისი თავდაცვის ბიუჯეტი მთლიანად აღემატება აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების თავდაცვის ხარჯებს. 
  • ჩინეთი აქტიურად ავითარებს სამხედრო შესაძლებლობებს, მათ შორის, ბირთვულ, კოსმოსურ და კიბერსივრცეებში. 
  • ჩინეთის მზარდი სამხედრო შესაძლებლობები გაუმჭვირვალეა, რადგან ოფიციალური პეკინი თავდაცვითი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროვებს. 
  • სამხედრო ინდუსტრიის მოდერნიზაცია ჩინეთში ხასიათდება როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი ზრდით. 
  • ჩინეთი, ტაივანის წინააღმდეგ აძლიერებს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, კოგნიტური და კიბერ საშუალებების გამოყენებას. 

“თეთრი ფურცლის” მიხედვით, ჩინეთის მზარდი სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად ცვლის ძალთა ბალანსს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. გარდა ამისა, ჩინეთის ქმედებები დესტაბილიზაციას იწვევს რიგ რეგიონებში, მათ შორის, აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთის ზღვებში, ასევე, ზოგადად ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. დოკუმენტის მიხედვით, ტაივანის სრუტის გარშემო დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში, ევროკავშირმა შესაძლოა წვდომა დაკარგოს ძირითად რესურსებსა და კრიტიკულ ტექნოლოგიებზე. შესაბამისად, აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალში პეკინის ქმედებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ევროკავშირის უსაფრთხოებაზე. 

“თეთრი ფურცელი” რუსეთისა და ჩინეთის სახით არსებული მზარდი გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის კოლექტიური თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის საჭიროებას. დოკუმენტი მოიცავს 2030 წლამდე ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების ვრცელ გეგმას, რომელიც წევრ სახელმწიფოებს  შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებასაც ითვალისწინებს.  

ჩინეთი და რუსეთი – ევროპის ორი უმთავრესი გამოწვევა Read More »

რუსული პროპაგანდის ახალი ტალღა: ბრიქსი, როგორც ევროკავშირის ალტერნატივა

15 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, საქართველოში “ბრიქსის” ინვესტორებს იწვევს და მათ ქვეყანაში გასაყიდი ბიზნესების შეძენას სთავაზობს. “ქართული ოცნების” ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის ფონზე, საქართველოში “ბრიქსის” ინვესტორების შემოსვლა შემაშფოთებელია და საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ანტიდასავლურ ბლოკ “ბრიქსში“ გაწევრიანება შესაძლოა“ოცნების” სტრატეგიულ მიზნად იქცეს.

მიმდინარე წლის 15 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქე, აშშ-ის მიერ სანქცირებული საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ხელს უწყობს “ბრიქსის“ ქვეყნების ინვესტორებს საქართველოში ბიზნესის შეძენაში. ამ მიზნით, მან დააფუძნა საშუამავლო კომპანია “ბიზავი” (BIZAVI), რომელიც ინვესტორებს  შესაბამის ბიზნეს შესაძლებლობებს სთავაზობს რუსეთში, სომხეთში, ყაზახეთსა და საქართველოში. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან, ოთარ ფარცხალაძე საინვესტიციო პლატფორმა „ბრიქსის საერთაშორისო ბიზნეს ბროკერის“ ხელმძღვანელია.

„ბრიქსი“, როგორც დასავლეთის მიერ დომინირებული მსოფლიო წესრიგის ალტერნატივა –  2009 წელს რუსეთის, ჩინეთის, ბრაზილიისა და ინდოეთის მიერ დაფუძნდა. ამჟამად, ბლოკის წევრთა რაოდენობა 10-ს სცილდება და მოიცავს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც დასავლეთის მიმართ მტრულად არიან განწყობილი, მათ შორის  ირანს. ბლოკის წევრები საჯაროდ აცხადებენ, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები ძირითადად დასავლური ძალების მიერ არის დომინირებული და უგულებელყოფს განვითარებადი ქვეყნების ინტერესებს. შესაბამისად, „ბრიქსის“  მიზნები მოიცავს:
– მსოფლიო წესრიგში გლობალური სამხრეთის როლის გაზრდას;
– წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაციას;
– ამერიკულ დოლარზე დამოკიდებულების შემცირებას;
– ალტერნატიული ფინანსური სისტემის შექმნას.

ქართული საინფორმაციო სივრცის ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს „ბრიქსში“ გაწევრიანების პერსპექტივის საკითხზე რუსული პროპაგანდისტული მანქანა უკვე ამოქმედებულია. 2024 წლის 27 ოქტომბერს, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა კრემლის მთავარმა იდეოლოგმა, ალექსანდრე დუგინმა, რომლემაც მმართველ პარტიას რჩევებიც მისცა:

„ქართულ ოცნებას“ სჭირდება სტრატეგია… მათ შეუძლიათ საქართველო კვლავ დიდებულად აქციონ… და „ბრიქსში“ გაწევრიანდნენ“.

საინტერესოა, რომ სწორედ 2024 წლიდან  „იმედის“ „საექსპერტო“ საზოგადოებამ დაიწყო „ბრიქსში“ გაწევრიანების შესახებ საუბარი და სხვადასხვა რუსული ნარატივების გავრცელება.  პროპაგანდის გავრცელებით და განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა  2012-2016 წლის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ – თემურ მაისურაძე.  2024 წლის 4 ნოემბერს, ერთ-ერთ ინტერვიუში, მაისურაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს „ბრიქსში“ გაწევრიანებას კონსტიტუციის 78-ე მუხლი აფერხებს. მისი თქმით, „ბრიქსი არის მისწრება“ საქართველოსთვის, „ამაზე უარის თქმა სამშობლოს ღალატია“ და „ამ გაერთიანების წევრები აუცილებლად უნდა გავხდეთ“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კონსტიტუციური ჩანაწერის წინააღმდეგ ბრძოლას დიდი ხანია მიზანმიმართულად და დაჟინებით აწარმოებს „იმედის“ დამფუძნებული და მფლობელი, „ქართული ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტი ირაკლი რუხაძე.

„მთელი ქვეყნის ყურადღება ამაზეა გადატანილი… ეს არის აყვანილი საკლარულ დონეზე, დოგმატურ დონეზე… რატომ წერია იმ კონსტიტუციაში, ეს საერთოდ სისულელეა, მე თუ მკითხავთ, არ უნდა ჩაგვეწერა, რა უნდა ასეთ რაღაცებს კონსტიტუციაში, რომელიც მუდმივი დოკუმენტია.“

(ირაკლი რუხაძე, ტვ იმედი, 14 ივლისი, 2024)

„იმედის“ კიდევ ერთი „ექსპერტი“ დავით ჩიხელიძე, 23 დეკემბერს წერდა: „საქართველოს აქვს პოტენციალი, ახალ გაერთიანებაში საკუთარი ნიშა დაიკავოს, რადგან „ბრიქსი“ არის წმინდად ეკონომიკური გაერთიანება, რომელიც კონკრეტული სახელმწიფოების შიდა პოლიტიკაში არ ერევა“. საინტერესოა, რომ ქართველი პროპაგანდისტების მიერ „ბრიქს“-ის შესახებ გავრცელებულ გზავნილებში ხშირად არის ხაზგასმული, რომ „ბრიქსი“ „ევროკავშირისგან განსხვავებით“, მხოლოდ „ეკონომიკურ“ თანამშრომლობას ეფუძნება. 

რა შეეხება თავად „ბრიქსს“, საქართველო მისი ინტერესის საგანი ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის შემდეგ გახდა. ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოსთან დაკავშირებული ერთადერთი სტატია 2024 წლის 29 ნოემბერს არის გამოქვეყნებული –  ანუ „ქართული ოცნების“ პრემიერის მიერ  ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილების გამოქვეყნების მეორე დღეს.  სტატია სათაურით „დასავლეთი კვლავ ცდილობს გადატრიალების მოწყობას საქართველოში“ სრულად მიჰყვება რუსულ ნარატივს და პროგნოზირებს, რომ პროტესტი დამარცხდება:

„დასავლეთი საქართველოში „ფერადი რევოლუციის“ მოწყობას ცდილობს და „ქართული ოპოზიციის პროტესტი“ საბოლოოდ „დამარცხდება“.

ცხადია, რომ ბლოკი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ოკუპანტი რუსეთია, ვერ იქნება „აპოლიტიკური“ და მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული გაერთიანება. შესაბამისად, არც უნდა იყოს გასაკვირი, რომ „ბრიქსი“ არც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სცემს პატივს. 2024 წლის ივნისში, „ბრიქს“-ის წევრი ქვეყნების მიერ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებაზე, საქართველოს დროშასთან ერთად აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. „დროშებიც“ გამოჩნდა. ამ ფონზე, „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური და მზარდად პრო-ჩინური თუ პრო-რუსული საგარეო პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილის ხელისუფლება „ბრიქსს“ ევროკავშირის ალტერნატივად განიხილავდეს.

რუსული პროპაგანდის ახალი ტალღა: ბრიქსი, როგორც ევროკავშირის ალტერნატივა Read More »

სამოქალაქო იდეა ციტირებულია Foreign Policy Research Institute-ის მიერ

17 მარტს, Foreign Policy Research Institute-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც სინო-ქართულ სტრატეგიულ პარტნიორობას “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების კონტექსტში აანალიზებს.

სტატია მიმოიხილავს ჩინეთის გავლენას საქართველოში, მათ შორის, ჩინური კომპანიების ჩართულობას ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ჩინეთის რბილი ძალა და ქართულ ბაზარზე ჩინური სათვალთვალო ტექნოლოგიების მზარდ რაოდენობას. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სტატიაში ციტირებულია “სამოქალაქო იდეას” შესაბამისი ანგარიშები.

სტატია სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: China’s Georgian Gamble.

სამოქალაქო იდეა ციტირებულია Foreign Policy Research Institute-ის მიერ Read More »

Scroll to Top