FCC ჩინურ ტელეკომებზე ახალ შეზღუდვებს ამზადებს

აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისია ჩინურ სატელეკომუნიკაციო კომპანიებზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს.

უწყებამ შესაძლოა China Mobile-ს, China Telecom-სა და China Unicom-ს აშშ-ში მონაცემთა ცენტრებთან და ინტერნეტ-გაცვლის კვანძებზე საქმიანობა შეუზღუდოს და ამერიკულ ქსელებთან მათ ურთიერთდაკავშირებაზე კონტროლი გაამკაცროს. საკითხზე საწყისი კენჭისყრა 30 აპრილსაა დაგეგმილი.

FCC-ის წინასწარი შეფასებით, ოფიციალურ სიაში შეყვანილ კომპანიებთან ურთიერთდაკავშირება ეროვნული უსაფრთხოების რისკს ქმნის. კომისიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასეთ სუბიექტებს შეიძლება ჰქონდეთ მონაცემებზე წვდომის, მათი მანიპულირების ან საკომუნიკაციო არხების არაკეთილსინდისიერად მართვის შესაძლებლობა, სწორედ ამიტომ განიხილება შეზღუდვების გავრცელება არა მხოლოდ სატელეკომუნიკაციო სერვისებზე, არამედ მონაცემთა ცენტრებზე და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ კვანძებზე.

ახალი ინიციატივა ვაშინგტონის მიერ ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანიების მიმართ გატარებული უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილია. FCC-მა 2019 წელს China Mobile-ს აშშ-ში სატელეკომუნიკაციო მომსახურების გაწევის ნებართვა არ მისცა, ხოლო შემდგომ წლებში China Unicom-სა და China Telecom Americas-ს ავტორიზაცია შეუწყვიტა. 2024 წლის აპრილში კი კომისიამ აღნიშნული კომპანიების ამერიკულ ერთეულებს ფიქსირებული და მობილური ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომსახურების შეწყვეტა მოსთხოვა.

ჩინეთის საელჩომ ვაშინგტონში FCC-ის ინიციატივა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აშშ ჩინური კომპანიების მიმართ შეზღუდვების დაწესებას ეროვნული ინტერესებისა და სახელმწიფოს დაცვის მოტივით ამართლებს, თუმცა პეკინის შეფასებით, ვაშინგტონი ეროვნული უსაფრთხოების ცნებას პრაქტიკაში ზედმეტად ფართო შინაარსით იყენებს და მისი ეს მიდგომა რეალურად ჩინური ბიზნესის საქმიანობის დამატებით შეზღუდვას ემსახურება.

ავტორი: მარიამ სიმსივე

Scroll to Top