ლანა ღოღობერიძე – „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978)

„რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“  რეჟისორ ლანა ღოღობერიძის 1978 წლის ქართული მხატვრული ფილმია, სადაც ქალი ავტორის მზერა და მთავარი ქალი გმირის (ჟურნალისტი სოფიკო) მუდმივი მოძრაობა ქალაქის უნიკალურ პორტრეტს გვთავაზობს. ქალების ყოფა, მათი როლი სოციუმში, ცხოვრება პირადი და საჯარო ცხოვრებით ფილმმა „მბორგავი თბილისის”  ქუჩებთან ერთად მოიხელთა.
შოთა რუსთაველის გამზირი #17, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი

ამავე ქუჩას ვხვდებით ოთარ იოსელიანის ფილმში „გიორგობისთვე“ (1966).

რუსთაველის ეროვნული თეატრის შენობა 1901 წელს აშენდა „ტფილისის საარტისტო საზოგადოებისთვის“, რომლის შექმნის ინიციატორი ტფილისელი პირველი გილდიის ვაჭარი, მეწარმე და ქველმოქმედი ისაია ფითოევი (1844-1904) იყო. ფითოევმა სრულად დააფინანსა პროექტი, რომელიც რუსთაველის თეატრის ასაშენებლად შექმნა ორმა ტფილისელმა არქიტექტორმა – კორნელი ტატიშჩევმა და ალექსანდრე შიმკევიჩმა 1898 წელს.

შენობის არქიტექტურა ეკლექტურია და ძალიან შთამბეჭდავი. ისაია ფითოევი თავად იყო თეატრის დიდი მოყვარული და „არტისტული საზოგადოების“ დამფუძნებელი. თავდაპირველად, წარმოდგენები ფითოევის საკუთარ სახლსა და მის მიერ ნაქირავებ მეზობელ შენობაში, მიხეილ ლერმონტოვისა და გერონტი ქიქოძის ქუჩების კუთხეში მდგარ სახლებში იმართებოდა. მოგვიანებით კი  საზოგადოებას თეატრისთვის დიდი შენობა აუშენა. 

1921 წელს აქ განთავსდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული დრამის თეატრი, რომელიც ჯერ კიდევ 1879 წელს ქართული სათავადაზნაურო საზოგადოების თაოსნობით შეიქმნა. პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’. მაშინ ქართული თეატრის დასი წარმოდგენებს მართავდა ქართული სათავადაზნაურო საზოგადოების შენობაში სასახლის ქუჩაზე, სადაც თეატრის გარდა იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ და სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი. 

დღეს ამ შენობის ადგილას არის სავაჭრო ცენტრი „გალერი“, ძველი თეატრის რეკონსტრუირებულ და განახლებულ შენობაში კი წარმოდგენებს მართავს ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი.

შოთა რუსთაველის გამზირი #25, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

ამავე ქუჩას ვხვდებით ოთარ იოსელიანის ფილმში „იყო შაშვი მგალობელი“ (1970).

პირველად საოპერო დასმა ტფილისში წარმოდგენები გამართა 1853-1854 წლებში თეატრისთვის საგანგებოდ აშენებული შენობის სცენაზე, რომელიც მხოლოდ თეატრისთვის არ იყო განკუთვნილი. პირველი მეფის ნაცვლის გრაფის, მიხეილ ვორონცოვის (1782-1856) თაოსნობით 1847 წელს დაიდო ხელშეკრულება ტფილისელ ვაჭართან გაბრიელ თამამშევთან, რომელმაც აიღო ვალდებულება აეშენებინა       თეატრისთვის განკუთვნილი შენობა გარშემო დუქნებით. საბოლოოდ, 1853 წელს, დღევანდელი თავისუფლების, მაშინ ერევნის მოედნის ცენტრში, აშენდა ქარვასლა თეატრით. შენობის პროექტის ავტორი იყო იტალიელი არქიტექტორი ჯოვანი სკუდიერი (1817-1851). საოპერო დასის მომღერლები ძირითადად იტალიელები იყვნენ. 1874 წელს წარმოდგენის დროს ერთ-ერთ დუქანში გაჩნდა ხანძარი, შედეგად, საოპერო დარბაზი დაიწვა. 

რადგან ოპერა სახელმწიფო ხაზინის განკარგულებში იყო, გადაწყდა ახალი თეატრისთვის ახალი შენობის აშენება. 1876 წელს გამოცხადდა კონკურსი. ახალი შენობის ასაშენებლად კი თავისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი ქალაქს შესთავაზა მრეწველმა და ქველმოქმედმა ნიკოლოზ გიორგის ძე ზუბალაშვილმა (1820-1898). ამ ადგილზე დღეს დგას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა. კონკურსში გამარჯვებული პროექტი ეკუთვნოდა პეტერბურგელ არქიტექტორს ვიქტორ შრეტერს (1839-1901) და ის, კონკურსის პირობების შესაბამისად, ფსევდომავრულ სტილში იყო შექმნილი. 1880 წელს პროექტი დამტკიცდა და დაიწყო სახაზინო თეატრის (როგორც მაშინ მოიხსენიებდნენ) მშენებლობა. 1896 წლამდე, ვიდრე ამ თეატრის სცენაზე პირველი წარმოდგენა შედგებოდა, მშენებლობას სხვადასხვა წლებში რამდენიმე ტფილისელი არქიტექტორი ხელმძღვანელობდა, მათ შორის ოტო სიმონსონი (1829-1914), ალექსანდრე შიმკევიჩი (1858-1908), ალბერტ ზალცმანი (1833-1897) და პაულ შტერნი (1847-1922). 

1918 წლის 26 მაისს თეატრის დარბაზში შეკრებილი ამიერკავკასიის სეიმის წევრების თანდასწრებით გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. 

1937 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს მიენიჭა ზაქარია ფალიაშვილის (1871-1933) სახელი. 1974 წელს ძლიერმა ხანძარმა სერიოზულად დააზიანა შენობა, რომლის რესტავრაცია რამდენიმე წელი გაგრძელდა. 2009-2015 წლებში შენობას კიდევ ერთხელ, ძირეული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

შოთა რუსთაველის გამზირი #28-30, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა #2-1, გია ჭანტურიას ქუჩა

ამავე ქუჩას ვხვდებით ლანა ღოღობერიძის ფილმში „ფერისცვალება“ (1968).

თბილისის რუკაზე ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა პირველად 1841 წელს აღნიშნეს, როგორც „დავითის ქუჩა“ და მამადავითისკენ ასავალ გზას ნიშნავდა. 

1842-1843 წლებში მაშინდელ გოლოვინის გამზირსა და კომენდანტის ქუჩას (ახლა ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა) შორის მიწის დიდი ნაკვეთი იყიდა გამოჩენილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ და პოეტმა, თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ (1786-1846) და ააშენა სახლი მარნითა და დუქნებით. 1846 წელს აქვე, ამ ქუჩაზე, ალექსანდრე ჭავჭავაძის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, მისი ხსოვნის პატივსაცემად, ქუჩას ჭავჭავაძის სახელი უწოდეს. 

1850-იან წლებში მის ვაჟს, დავითს მოუწია სახლისა და წინანდლის მამულის დაგირავება და შემდგომ გაყიდვა, რათა შამილის ტყვეობიდან დაეხსნა ოჯახი. შემდგომ, 1897 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლის ადგილას შოთა რუსთაველის გამზირისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის კუთხეში ბაქოელმა პირველი გილდიის ვაჭარმა გრიგოლ არაფელოვმა თბილისელი არქიტექტორის კორნელი ტატიშჩევის პროექტით დიდი, შემოსავლიანი სახლი ააშენა, რომლის პირველ სართულზე თბილისელი ვაჭრების ძმები ალექსანდრე და არკადი მილოვების გალანტერეისა და ქსოვილების დიდი და მოდური მაღაზია იყო. საბჭოთა მმართველობის დროსაც კი აქ იყო „ქსოვილების მაღაზია“.

მერაბ კოსტავას ქუჩა #14 და თამარ ჭოველიძის #1, Café Stamba, Stamba Hotel და 

Rooms Hotel Tbilisi

ამავე ქუჩას ვხვდებით ლანა ღოღობერიძის ფილმში „ფერისცვალება“ (1968), მიხეილ კობახიძის ფილმში „ქორწილი“ (1966), ოთარ იოსელიანის ფილმში  „გიორგობისთვე” (1966).

1880-იან წლებში ქართველმა მეწარმემ, დავით სარაჯიშვილმა კონიაკის მწარმოებელი ქარხანა ააშენა, რომელიც 1930-იან წლებში დაანგრიეს და მის ადგილას ააშენეს დიდი შენობა, რომელშიც განთავსდა სტამბა, გამომცემლობა „კომუნისტი“, „სამშობლო“ და სხვა პარტიული გამომცემლობები. 

1960-1970-იან წლებში შენობა იყო რეკონსტრუირებული და ფილმშიც ამ სახით ჩანს. 2011 წლამდე ამ შენობაში თავსდებოდა მრავალი გაზეთისა და რამდენიმე კერძო ტელეკომპანიის ოფისი. ახლა ამ შენობაში განლაგებულია: Café Stamba, Stamba Hotel და Rooms Hotel Tbilisi.

თამარ ჭოველიძის #7

1900-იან წლებში ტფილისელი არქიტექტორის ალექსანდრე ოზეროვის (1849-1922) პროექტით აშენდა საცხოვრებელი სახლი, რომელიც დღეს ჭოველიძის ქუჩაზე სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi პირდაპირ მდებარეობს. ახლა აქ არის კაფე Lolita.

მერაბ კოსტავას ქუჩა #21

მეწარმისა და ფინანსისტის, პირველი გილდიის ვაჭრის მიქაელ არამიანცის შემოსავლიანი სახლი აშენებულია 1910-1911 წლებში, ტფილისელი არქიტექტორის ალექსანდრე ოზეროვის პროექტით. 1930-იან წლებში შენობის ფასადი შეცვალეს და მან სრულიად დაკარგა პირვანდელი იერ-სახე. თაღის ორივე მხარეს დატანილია სახლის მშენებლობის წლები. ეს თაღი ოდესღაც ვერის ბაზარის შესასვლელს წარმოადგენდა. ბაზარი ვერაზე ოლღასა და ანასტასია (ახლა მერაბ კოსტავასა და გიორგი ახვლედიანის) ქუჩებს შორის დაარსდა 1880-იან წლებში. 1960-იან წლებში ბაზრისთვის ახალი შენობა აშენდა. დღეს ამ შენობაში არის სავაჭრო ცენტრი „კარფური“.

კორნელი კეკელიძის ქუჩა #14-20

ვერა-ვაკის ერთგვარი საზღვარი. ოდესღაც აქ გადიოდა ღრმა ხევი, რომლის გაგრძელებაც იყო ვარაზისხევი. 1950-იან წლებში ხევი ნაწილობრივ ამოავსეს, ნაწილობრივ კი შეაერთეს ხიდით. 1960-იან წლებში დაიწყო საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, რამდენიმე მათგანის პროექტის ავტორი იყო არქიტექტორი ილო ყავლაშვილი (1931-2008). 1962 წელს ქუჩას ქართველი მეცნიერისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის კორნელი კეკელიძის სახელი დაერქვა.

ლანა ღოღობერიძის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ ვხვდებით როგორც კიბეს კეკელიძის ქუჩის „ხიდთან”, ასევე „ხიდიდან“ გადაღებულ სახლებს.

რეჟისორი

ლანა ღოღობერიძე