ქუჩები

შოთა რუსთაველის გამზირი

შოთა რუსთაველის გამზირი, რომელიც საქართველოს და კერძოდ, თბილისის ბოლო 200 წლის ისტორიას იტევს, ხშირად ამ ისტორიის ერთ-ერთი მთავარი „გმირია“. აქ ქვეყნის ბედის განმსაზღვრელი არაერთი მოვლენა განვითარდა. მნიშვნელობის გათვალისწინებით, შეუძლებელია ქართველი კინემატოგრაფისტების ობიექტივში რუსთაველის გამზირი არაერთხელ არ მომხდარიყო. ქართული კინო შოთა რუსთაველის გამზირის სხვადასხვა პერიოდში გადაღებულ არაერთ გამოსახულებას ინახავს, შესაბამისად, რუსთაველის გამზირი არაერთი ქართული ფილმის „მონაწილეა“. 

როგორც ლანა ღოღობერიძე იხსენებს: „საღამოობით, სკოლის შემდეგ, მეგობრები აუცილებლად გავდიოდით რუსთაველზე სასეირნოდ, ეს ერთგვარი რიტუალი იყო.“ რუსთაველზე გასეირნება იმთავითვე იყო თბილისელების ტრადიცია. ჯერ კიდევ მაშინ, როცა 1830-40-იან წლებში ყალიბდებოდა და „მთავარი გზა“ ეწოდებოდა, თბილისელებმა „ბულვარი“ შეარქვეს. ამ გზის მთელ გაყოლებაზე გვხვდებოდა  ხეები და მათ ჩრდილში სეირნობაც სასიამოვნო იყო. გამზირი მაშინ იწყებოდა იმ მიდამოებიდან, სადაც დღეს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმია და მთავრდებოდა იქ, სადაც დღეს სასტუმრო „ბილტმორია“. 

რუსი გენერლის საქართველოსა და სომხეთში სამხედრო და სამოქალაქო საქმეების მთავარმმართველის ევგენი გოლოვინის სახელი გამზირს დაახლოებით 1841 წელს მიენიჭა. მანამდე ეს იყო დიდი და მთავარი საქარავნე გზა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთს უკავშირებდა და „დიდი აბრეშუმის გზის” ნაწილი იყო. ვახუშტი ბატონიშვილის 1735 წლის რუკაზე დღევანდელი რუსთაველის გამზირი აღნიშნულია როგორც „დიღმის გზა“. ტფილისს შემორტყმული დიდი გალავნიდან ერთ-ერთი მთავარი გასასვლელი კარი იყო „დიღმის კარი“, დღეს ეს ნიკოლოზ ბარათაშვილის და ვერცხლის ქუჩის კვეთის ადგილია. 

1918 წელს, მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ბუნებრივი იყო ქალაქის მთავარი გამზირისთვის სახელის გადარქმევა. ამის შესახებ რამდენიმე ისტორია არსებობს. მწერალი კონსტანტინე გამსახურდია იხსენებდა: „1918 წელს სამხედრო მიტინგზე, რომელიც გაიმართა თურქეთის წინააღმდეგ ტფილისში, მე წამოვაყენე ლოზუნგი: რუსთაველის პროსპექტი დაგვერქმია გოლოვინის ქუჩისთვის..“. არის კიდევ ერთი ვერსია, –  „ამ საქმეში ღვაწლი მიუძღვით იმ დროის ახალგაზრდა ქართველ მწერლებსა და პოეტებს; ისინი რუსთაველის (ყოფილი გოლოვინის) პროსპექტზე ორ ჯგუფად შეგროვილნი, ფეხით მოსიარულედ ულოცავდნენ: გიხაროდეთ, დღეიდან ჩვენი პროსპექტი რუსთაველის პროსპექტიაო. რაღა დარჩენოდა ქალაქის მაშინდელ „მამებს“, ისინი იძულებულნი იყვნენ დაეკანონებინათ ეს სახელწოდება“ (გიორგი ბეჟანიშვილი. „რუსთაველის პროსპექტი და მოედანი“ თბ., 1967 წელი). ვის მიუძღვის წვლილი ადგილის სახელწოდების ცვლილებაში დღეს ძნელი სათქმელია, თბილისის მთავარ გამზირს 1918 წლიდან დღემდე დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის სახელი ჰქვია.

შოთა რუსთაველის გამზირი ლანა ღოღობერიძის ორ ფილში „მონაწილეობს“ 10 წლის სხვაობით და აჩვენებს  თუ როგორ იცვლებოდა და ვითარდებოდა გამზირი.

მერაბ კოსტავას ქუჩა

ვახუშტი ბატონიშვილის 1735 წლის თბილისის რუკაზე ეს ქუჩა, რომელიც დღეს შოთა რუსთაველის მოედნიდან იწყება და გიორგი სააკაძის მოედანთან თავდება, აღნიშნული იყო როგორც „დიღმის გზა“. ეს გზა კი ძველ დროს ტფილისის გალავნის „დიღმის კარიდან“ იწყებოდა, დღეს ნიკოლოზ ბარათაშვილის და ვერცხლის ქუჩის კვეთის ადგილია.

ტფილისის ქუჩა წარმოიშვა 1860-იან წლებში და 1867 წლის რუკაზე აღნიშნულია ოლღას ქუჩის სახელით, დიდი მთავრის კავკასიაში მეფის ნაცვლის მიხეილ რომანოვის მეუღლეს ოლღას პატივსაცემად. საბჭოთა მმართველობის დროს ეწოდებოდა ლენინის ქუჩა. საქართველოს ეროვნული გმირის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის მერაბ კოსტავას (1939 – 1989) სახელი ქუჩას დაერქვა 1989 წელს.

თამარ ჭოველიძის ქუჩა

ჯერ კიდევ XIX საუკუნის პირველი ნახევარში ტფილისის გარეუბანი ვერე, რომელიც შედგებოდა პატარა სოფლებისგან – ვერე, ვარდისუბანი და ფეიქრის (დღეს ფიქრის) გორა, იწყებოდა დღევანდელი პირველი რესპუბლიკის მოედნიდან და მთავრებოდა ვარაზისხევთან. 1880-იან წლებამდე, მაშინაც კი, როცა ვერე ტფილისის შემადგენელი ნაწილი გახდა, აქ ჯერ კიდევ არსებობდნენ აგურის მცირე საამქროები და ამიტომ ამ ქუჩის პირველი სახელია – აგურის ქუჩა. 1892 წლიდან ქუჩა რუსი პუბლიცისტის და საზოგადო მოღვაწის ვისარიონ ბელინსკის სახელს ატარებს. დღეს ქუჩის ერთ ნაწილს, მერაბ კოსტავას ქუჩიდან ვასილ ბარნოვის ქუჩამდე, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული მოსწავლის თამარ ჭოველიძის (1972-1989) სახელი ჰქვია.