ლანა ღოღობერიძე – „ფერისცვალება“ (1968)

„ფერისცვალება“ რეჟისორ ლანა ღოღობერიძის 1968 წლის ქართული მხატვრული ფილმია, სადაც თბილისი წყვილის შეხვედრების, განშორებების, ერთმანეთთან მზერით გადაკვეთის ადგილია. ურბანულ სივრცეში ხდება დანაშაულიც, რომელიც გმირის ცხოვრებაზე ახდენს ზეგავლენას და ფილმის დინამიკას განსაზღვრავს.
შოთა რუსთაველის გამზირი #3, სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმი


სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორია იწყება 1852 წლიდან, როცა რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიულ საზოგადოებაში შეიქმნა კავკასიის დეპარტამენტი, გამოჩენილი გერმანელი მეცნიერი-ნატურალისტის, გუსტავ რადეს (1831-1903) ინიციატივით. 1867 წელს დეპარტამენტი მუზეუმად გარდაიქმნა.
გუსტავ რადემ დიდი წვლილი შეიტანა კავკასიის და კერძოდ, საქართველოს ბუნებისა და წიაღისეულის შესწავლაში. ის ტფილისში 1863 წელს ჩამოვიდა და სიცოცხლის ბოლომდე მუზეუმის დირექტორად და მკვლევრად მუშაობდა.
1868 წელს გოლოვინის გამზირზე გერმანელი კოლონისტის შთამომავლის, ტფილისელი არქიტექტორის ალბერტ ზალცმანის (1833-1897) პროექტით აშენდა მუზეუმის პირველი შენობა.
1879-1880 წლებში ასევე ტფილისელმა არქიტექტორმა გერმანელმა ლეოპოლდ ბილფელდმა (1838-1922) შენობას მესამე სართული დააშენა, მაგრამ XX საუკუნის დასაწყისისთვის მუზეუმი უკვე ვეღარ იტევდა მეცნიერების მიერ შეგროვებულ უნიკალურ მასალებს, ამიტომ გადაწყდა ახალი შენობის მშენებლობა.
1910 წელს დამტკიცდა ტფილისელი არქიტექტორის კორნელი ტატიშჩვევის პროექტი 1917 წლისთვის უკვე, ფაქტობრივად, აშენდა ახალი მუზეუმის შენობა ფსევდომავრულ სტილში, იმავე ადგილას, სადაც ადრე იყო მუზეუმი, გოლოვინის გამზირზე.
1919 წელს კავკასიის მუზეუმის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს მუზეუმი. მაშინ თბილისელი არქიტექტორის მიხეილ ნეპრინცევის (1877-1962) პროექტით შეიცვალა შენობის ფასადი ქართული ეროვნული ხუროთმოძღვრული ორნამენტებით, რაც მოგვიანებით ქართულ არქიტექტურაში ეროვნული ორნამენტით გახდა ცნობილი. შენობის არსებული სახე საბოლოოდ შეიქმნა თბილისელი არქიტექტორის ნიკოლოზ სევეროვის (1887-1957) პროექტით 1929 წელს. 1947 წელს კი მუზეუმს ეწოდა აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელი.
1958 წელს ფასადის მარჯვენა ფრთა დაამშვენა ბრინჯაოს მედალიონმა შოთა რუსთაველის პროფილით, რომელიც ქართველ მოქანდაკეს ელგუჯა ამაშუკელს (1928-2002) ეკუთვნის.


შოთა რუსთაველის გამზირი #6, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე


XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I (1777-1825) მანიფესტით ჯერ ქართლ-კახეთის, მოგვიანებით კი იმერეთის სამეფოები იყო ანექსირებული. ამ დროდან ტფილისში, კერძოდ, გარეთუბანში იმ მიწებზე, რომლებიც მანამდე ქართველ მეფეებს ეკუთვნოდათ, იწყება რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციისთვის ახალი შენობების მშენებლობა. ასე, ამ ადგილას ბაგრატიონების კუთვნილ ბაღებში საქართველოსა და სომხეთში რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო მთავარმმართველთათვის – რომლებიც ხშირად იცვლებოდნენ იმ დროს – აშენდა სახლი.
1845 წელს რუსეთის იმპერატორის მიერ კავკასიაში დანიშნულმა პირველმა მეფისნაცვალმა, გრაფმა მიხეილ ვორონცოვმა (1782-1856) ძველი შენობის ადგილას ახალი სასახლე ააშენა, რუსი არქიტექტორის ივანე სემიონოვის პროექტით კლასიცისტურ სტილში.
ამ შენობას ჩვენამდე არ მოუღწევია, რადგან 1865 წელს ახალმა მეფის ნაცვალმა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე II უმცროსმა ძმამ მიხეილ რომანოვმა (1832-1909) ახალი შენობის მშენებლობა გადაწყვიტა. გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც გაიმარჯვა ტფილისელი არქიტექტორის ოტო სიმონსონის (1829-1914) პროექტმა. სწორედ ამ სახით დგას თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე დღეს რუსთაველის გამზირზე.
1919 წელს ამ შენობაში შეიკრიბა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად დემოკრატიულად არჩეული დამფუძნებელი კრება, რომელმაც, როგორც საქართველოს დემოკრატიულმა ხელისუფლებამ, დაამტკიცა 1918 წლეს 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობა.
აქვე, 1921 წლის თებერვალში მიიღეს საქართველოს პირველი კონსტიტუცია, ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ. აქ, ამ შენობაში, იყო საბჭოთა საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულება. 1941 წლის გაზაფხულზე ამავე შენობაში გაიხსნა პიონერთა სასახლე. დღეს ის თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეა.
შოთა რუსთაველის გამზირი #9, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი


1840-იანი წლების დასაწყისში, მაშინდელ გოლოვინის გამზირზე თავადი მამუკა (მაკარ) ჯამბაკურ-ორბელიანი (1800-1871) აშენებს დიდ, ორსართულიან სახლს ტფილისური ხის აივნებით ფასადზე.
1866 წელს აქ იხსნება იმ დროისთვის პრესტიჟული სასტუმრო „ლირა“, მოგვიანებით ცნობილი სახელით „ამერიკა“. სასტუმროს სახელწოდება და მფლობელები რამდენჯერმე შეიცვალა. ХХ საუკუნის დასაწყისამდე ამ შენობაში სასტუმროს გარდა იყო მაღაზიები და სხვა სავაჭრო დაწესებულებები. 1905 წელს აქ გაიხსნა სინემატოგრაფი „ელექტრო ფარანი“.
1910 წელს თავადის მამუკა ჯამბაკურ-ორბელიანის ვაჟმა კონსტანტინემ გაყიდა შენობა და მისი მფლობელი გახდა იმ დროს ცნობილი მეწარმე, პირველი გილდიის ვაჭარი მიქაელ არამიანცი (1843-1922).
1914 წლისთვის ტფილისელი არქიტექტორის ალექსანდრე ოზეროვის (1849-1922) პროექტით აქ შენდება ფეშენებელური, თანამედროვე მოთხოვნების სრულად დამაკმაყოფილებელი სასტუმრო «Palace Hôtel». შენობაში იყო ლიფტი, ელექტროგანათება, ცენტრალური გათბობა, სააბაზანო ოთახები ნომრებში და მეორე სართულზე დიდი რესტორანი გოტიკის სტილში.
აქვე იყო ტურისტული ბიურო, რომელიც სტუმრებს დარიალის ხეობაში ავტომობილებით გასეირნებას სთავაზობდა.
1918 წლეს მოხდა ხანძარი და შენობის აღდგენა მხოლოდ 1923-1924 წლებში მოხერხდა თბილისელი არქიტექტორის მიხეილ აბესალომოვის ხელმძღვანელობით. საბჭოთა ხელისუფლების დროს შენობის პირველ სართულზე იყო კინოთეატრი „სპარტაკი“.
1960-იან წლებამდე აქ იყო საბჭოთა საქართველოს კულტურის სამინისტრო, შემდგომ კი შენობა გადაეცა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც ახლაც ამ შენობაშია ფუნქციონირებს.
ვაჟა-ფშაველას გამზირი #41, მეტროს სადგური „დელისი”


საბურთალოს რაიონის ერთ-ერთი მთავარი გამზირი წარმოიქმნა 1950-იან წლებში და დაერქვა კომინტერნის ქუჩა. დიდი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის ვაჟა-ფშაველს სახელი გამზირს 1961 წელს უწოდეს.
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტრო სადგული „დელისი“ 1979 წელს გაიხსნა, პროექტის ავტორი არქიტექტორი ნიკოლოზ ლომიძეა.


შოთა რუსთავალის გამზირი #28-30 და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა #2-1


ამავე ქუჩას ვხვდებით ლანა ღოღობერიძის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978).
თბილისის რუკაზე ეს ადგილი პირველად 1841 წელს აღნიშნეს, როგორც „დავითის ქუჩა“ და მამადავითისკენ ასავალ გზას ნიშნავდა.
1842-1843 წლებში მაშინდელ გოლოვინის გამზირსა და კომენდანტის ქუჩას (ახლა ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა) შორის მიწის დიდი ნაკვეთი იყიდა გამოჩენილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ და პოეტმა, თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ (1786- 1846) და ააშენა სახლი მარნითა და დუქნებით. 1846 წელს აქვე, ამ ქუჩაზე, ალექსანდრე ჭავჭავაძის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, მისი ხსოვნის პატივსაცემად, ქუჩას ჭავჭავაძის სახელი უწოდეს.
1850-იან წლებში მის ვაჟს, დავითს მოუწია სახლისა და წინანდლის მამულის დაგირავება და შემდგომ გაყიდვა, რათა შამილის ტყვეობიდან დაეხსნა ოჯახი. შემდგომ, 1897 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლის ადგილას შოთა რუსთაველის გამზირისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის კუთხეში ბაქოელმა პირველი გილდიის ვაჭარმა გრიგოლ არაფელოვმა თბილისელი არქიტექტორის კორნელი ტატიშჩევის პროექტით დიდი, შემოსავლიანი სახლი ააშენა, რომლის პირველ სართულზე თბილისელი ვაჭრების ძმები ალექსანდრე და არკადი მილოვების გალანტერეისა და ფართლეულის დიდი და მოდური მაღაზია იყო. საბჭოთა მმართველობის დროსაც კი აქ იყო „ქსოვილების მაღაზია“.


მერაბ კოსტავას ქუჩა #14 და თამარ ჭოველიძის #1, Café Stamba, Stamba Hotel და
Rooms Hotel Tbilisi


ამავე ქუჩას ვხვდებით ლანა ღოღობერიძის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), მიხეილ კობახიძის ფილმში „ქორწილი“ (1966) და ოთარ იოსელიანის ფილმში „გიორგობისთვე“ (1966) .
1880-იან წლებში ქართველმა მეწარმემ, დავით სარაჯიშვილმა კონიაკის მწარმოებელი ქარხანა ააშენა, რომელიც 1930-იან წლებში დაანგრიეს და მის ადგილას ააშენეს დიდი შენობა, რომელშიც განთავსდა სტამბა, გამომცემლობა „კომუნისტი“, „სამშობლო“ და სხვა პარტიული გამომცემლობები.
1960-1970-იან წლებში შენობა იყო რეკონსტრუირებული და ფილმშიც ამ სახით ჩანს. 2011 წლამდე ამ შენობაში თავსდებოდა მრავალი გაზეთისა და რამდენიმე კერძო ტელეკომპანიის ოფისი. ახლა ამ შენობაში განლაგებულია: Café Stamba, Stamba Hotel და Rooms Hotel Tbilisi.
რეჟისორი



