პროექტის შესახებ

თბილისის ინტერაქციული კინემატოგრაფიული რუკა ინოვაციური პროექტია, რომელიც ერთი მხრივ, კინოს, ქალაქისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევას ეფუძნება, მეორე მხრივ კი თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით უზრუნველყოფს, როგორც ქართველი, ისე უცხოელი აუდიტორიისთვის თბილისის მულტიკულტურული ისტორიისა და მდიდარი, მრავალფეროვანი სახის გაცნობას, ხელახლა აღმოჩენას. 

პროექტი მულტიკულტურული თბილისის – ქუჩებსა და მათ ისტორიას  60-70-იანი წლების, ქართული კინოს „ოქროს ხანის” ფილმებში შემონახული კინემატოგრაფიული ორეულების დახმარებით აცოცხლებს. აჩვენებს როგორ იწერებოდა ქალაქის მდიდარი ისტორია, რომელსაც სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანები თბილისში მხარდამხარ წერდნენ.

პროექტი ხელს უწყობს ქალაქ თბილისის ვიზუალური არქივის შექმნას, რომელიც თბილისის კინომემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციას ინახავს. გარდა ამისა, თბილისის კულტურითა თუ ისტორიით დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს ქალაქის კულტურული ცხოვრების მრავალხმრივ გაცნობის საშუალებას.

პროექტი თბილისის კინორუკა დაინტერესებულ პირებს უამბობს ქალაქის  კინემატოგრაფიული ცხოვრების შესახებ, სამი რეჟისორის დახმარებით – ლანა ღოღობერიძე, მიხეილ კობახიძე და ოთარ იოსელიანი.  აცნობს ადგილებს, ქუჩებსა და შენობებს, რომლებიც დაკავშირებულია ქართული კინოსა და თბილისის, როგორც საქართველოს დედაქალაქის, კულტურულ მემკვიდრეობასა და ისტორიასთან. 

რუკის მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება იმოგზაუროს წარსულში კინოხელოვნებისა და ფილმების დახმარებით ისე, რომ არ დაკარგოს კავშირი აწმყოსთან.

რუკა, ერთი მხრივ, აცოცხლებს თბილისში გადაღებული ფილმების ურბანულ სამყაროს (სქრინშოთების დახმარებით). მეორე მხრივ კი აჩვენებს კინემატოგრაფიული ადგილების ორეულების დღევანდელ, თანამედროვე იერ-სახეს, რამაც წლებთან ერთად ტრანსფორმაცია განიცადა.

თბილისის კინემატოგრაფიული რუკა თბილისს მოიაზრებს მეხსიერების ადგილად, რომელსაც მდიდარი კინემატოგრაფიული და მულტიკულტურული ისტორია აქვს. პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ქალაქის დაკარგულ ისტორიაზე წვდომას ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს. რუკა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თვითონ დამაატონ სცენა საყვარელი ფილმიდან კინორუკაზე და ამ გზით გახდნენ თბილისის ისტორიის მწერლები!

გუნდის შესახებ:

ნინი შველიძე – კინომცოდნე, კინოპროგრამერი, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი და მოწვეული ლექტორი კინომცოდნეობის მიმართულებით. 2023 წლიდან არის მსოფლიო კინოკრიტიკოსთა ფედერაციის წევრი (FIPRESCI) და Fipresci Georgia-ის თანადამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი. 2025 წლიდან არის ევროპის კინოაკადემიის წევრი (European Film Academy). 2019 წლიდან არის ონლაინ კინოპლატფორმის, CinExpress.ge ავტორი და პროგრამერი. სხვადასხვა დროს იყო კინოკრიკოსთა ჟიურისა და პრე-ჟიურის წევრი ვარშავის, ლაგოს, ლუბლიანას, დრეზდენისა და ობერჰაუზენის კინოფესტივალებზე. 

ლიკა გლურჯიძე – კინომცოდნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. დაამთავრა კულტურის კვლევების სადოქტორო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (2024). სწავლობდა კინომცოდნეობას (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2016-2018), ხელოვნებათმცოდნეობას (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2012-2016) და დრამატურგიას (თემურ ჩხეიძის სახელოსნო, სამეფო უბნის თეატრი 2023-2025). ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროგრამის კოორდინატორი (2020 წლიდან დღემდე). კინოპლატფორმა CinExpress-ის ავტორი და პროგრამერი, კინოჩვენებები კინოს სახლში (2019 წლიდან დღემდე). მსოფლიო კინოკრიტიკოსთა ფედერაციის წევრი (FIPRESCI). Fipresci Georgia-ის თანადამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი. მუშაობს ქართული დოკუმენტური კინოს კვლევაზე – დოკუმენტური კინოს ასოციაცია (DOCA Georgia). 2024 წელს მოამზადა კვლევა და პროგრამა 90-იანი წლების ქართულ დოკუმენტურ კინოზე. 

თამარ თავაძე – ისტორიკოსი, თბილისის ისტორიის მკვლევარი. ტელეჟურნალისტი, 2014-2017 წლებში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტოქ-შოუს „საუბრები მწერალთა სახლში დავით მაღრაძესთან ერთად“ პროდიუსერი; 2013 – 2014 წლებში – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და ილია ჭავჭავაძის სახ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის – ლიტერატურული მარათონის  „ჩემი წიგნი“ (BBC პროქტის ადაპტირებული ვერსიის)  ერთ-ერთი პროდიუსერი; 2007-2013 – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტოქ-შოუს «ჩვენი ეზო» პროდიუსერი. 2017 წლიდან კითხულობს ლექციებს გიდებისთვის ტურიზმის აკადემიაში Newkaz, პროფესიული მომზადების პროგრამა: კულტურული ტურიზმის გიდი – განმახორციელებელი (ლექტორი), თემა თბილისის ისტორია და ატარებს საავტორო ტურებს თბილისში. არის თბილისის ისტორიული უბნების გზამკვლევების Hidden Tbilisi ავტორი.

ლუკა ფადიურაშვილი – კინორეჟისორი, მკვლევარი, კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის მაგისტრი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების პროგრამის ბაკალავრი. სწავლობდა კავკასიის ახალ კინოსკოლაში რეჟისურის მიმართულებით. უმუშავია სხვადასხვა პოზიციაზე  სრულმეტრაჟიანსა და მოკლემეტრაჟიან, როგორც მხატვრულ, ასევე დოკუმენტურ ფილმებზე. არის რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის რეჟისორი.