მიხეილ კობახიძე
ფოტო: Georgian Film Academy
მიხეილ კობახიძე (1939-2019) ქართული კინოს ისტორიაში თავისი მოკლემეტრაჟიანი, პოეტური, უნიკალური ხელწერის მქონე ფილმებით განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მისი კინო სიმსუბუქით, ჩაპლინისეული განწყობით, ერთგვარი აბსტრაქტულობით, ტექსტის გარეშე, მხოლოდ მუსიკის ფონზე მოიხელთებს კინოს მაგიასა და მის პირველსაწყისებთანაც გვაბრუნებს. განზოგადებისა და შემოქმედებითი თავისუფლების ხარისხის გათვალისწინებით, ავტორი არაერთხელ აღმოჩნდა საბჭოთა ცენზურის სამიზნე, წლობით წაერთვა შესაძლებლობა გადაეღო ფილმები. მიუხედავად, უამრავი სირთულისა, მიხეილ კობახიძის კინო ქართული კინომემკვიდრეობის ნაწილია, რომელიც წლების შემდეგაც სუფთა ჰაერივია ქართულ კინოში.
„ქორწილი” (1964) მიხეილ კობახიძის სადიპლომო ნამუშევარია და განსხვავებით მისი სხვა ფილმებისგან, სადაც დრო და სივრცე სრულიად განზოგადებულია, აქ ძალიან მკაფიოდ ჩანს – ქალაქის, 60-იანი წლების თბილისის სახე. მუდმივად განმეორებადი, კონკრეტული ადგილებით, განწყობითა და ცოცხალი იმპულსებით. ეს არის კომიკური, თუმცა სევდანარევი, ერთი ამოსუნთქვით მოყოლილი ამბავი სიყვარულზე, მის ეფემერულობაზე, შესაძლებლობასა და შეუძლებლობაზე. გმირი ავტობუსში ხვდება გოგონას და პირველივე მზერით მათ უყვარდებათ ერთმანეთი (კინოს ისტორიაში მსგავსი შემთხვევითი შეხვედრების მრავალი მაგალითი მოიძებნება, მათ შორის ურბანულ ტერიტორიებზე, თუნდაც კშიშტოფ კიშლოვსკის „ტრამვაი”, 1966). ამ მომენტიდან თბილისი მათი შემთხვევითი შეხვედრების მაგიური ადგილი ხდება. შემდგომ კი მთავარი გმირი მუდმივად ეძებს მიჯნურს, უკვე კარგად ნაცნობ ადგილებში.
ფილმში ქალაქი პირველად გმირის ოთახიდან დანახული ფანჯრის ხედით იჭრება. შემდეგი სცენიდან კი ქალაქს მისი გადაადგილების პროცესში, დინამიკაში მოვიხელთებთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ ყოფით რუტინაში, გმირის სამყაროში და შესაბამისად ქალაქის გეოგრაფიაში შემოიჭრება სიყვარული (რომელიც განსაზღვრავს ფილმის და ქალაქის რეპრეზენტაციის დინამიკასაც). სულ რამდენიმე ადგილზე, ქუჩაზე, კონკრეტულ მიწისქვეშა გადასასვლელთან და კონკრეტულ სადარბაზოში თამაშდება მოქმედება (ზოგჯერ ოსტატური მონტაჟით სხვადასხვა ადგილის ერთმანეთთან დაკავშირებით). გმირის გადაადგილების რუკა ქალაქში მიჯნურთან შესაძლო შეხვედრების გეოგრაფიას გვთავაზობს, ცხადში და ზოგჯერ სიზმარშიც გავლილი განმეორებადი მარშრუტით. ეს არ არის ბედნიერი დასასრულის მქონე ამბავი, მაგრამ არც ტრაგიკულობა მიყვება ფილმის ბოლოს კვლავ მარტო, ქალაქის ურბანულ ლანდშაფტში ჩაკარგულ გმირს, რომელიც ყვავილებით ხელში გაუყვება ქუჩას.
ფილმმა თავის უნიკალური ფორმის, თხრობის სტილის წყალობით მალევე დაიმსახურა საერთაშორისო ყურადღება და წარმატება (მოიპოვა ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე სამი პრიზი). მიხეილ კობახიძის კინომ შემოინახა 60-იანი წლების თბილისის ფრაგმენტების უნიკალური არქივი, კონკრეტული ადგილების ავთენტური სახით. კობახიძის კინოში ადგილებს შეყვარებული ადამიანის/გმირის მზერით ვხედავთ და განვიცდით, სიმსუბუქით, იუმორითა და განუხორციელებელი სიზმრის, ოცნების სევდით.


