Neue Zürcher Zeitung: საქართველო – ქალების მიღწევები მამაკაცების სამყაროში

თუ ვინმე 90-იან წლებში თბილისს „მაჩიზმის დედაქალაქს“ უწოდებდა – ის ამას ადვილად დაასაბუთებდა. ქალაქში ველური მამაკაცები ბატონობდნენ. ძალაუფლებაში კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ, მათ მხარს შეიარაღებული ფორმირებები უჭერდნენ, ბარიკადებზე ავტომატებით შეიარაღებული მამაკაცები პოზირებდნენ. პარლამენტში, რედაქციებში, მსხვილ კომპანიებში მაღალ პოსტებზე და საჯარო სტრუქტურებში, ყველგან მხოლოდ მამაკაცები იყვნენ.

ქალები ჩრდილში იყვნენ. ეს მათი დრო არ იყო. დღეს რა ხდება?

დღეს ჩვენ, სასტუმრო Stamba-ში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავჯდომარეს, მეწარმეს, სოფლის განვითარების მრავალი პროექტის ინიციატორს და მონაწილეს ნინო ზამბახიძეს ვხვდებით.

ის ყოველთვის ოპტიმიზმით სავსეა, ჰილარი კლინტონს და დონალდ ტრამპს პირადად იცნობს. მან კარიერა 3 ჯიხურით დაიწყო, შემდეგ შტატებიდან ჯინსების, ყავის და ჩაის იმპორტი დაიწყო, შემდეგ 5 ჰექტარის ხილის ბაღები შეიძინა, ყველს აწარმოებდა, ბოსტნეულის შესანახად სამაცივრო მეურნეობებს აშენებდა და თევზების მოყვანისთვის აუზი თხრიდა.

შემდეგ მან შექმნა ორგანიზაცია, რომლის მიზანიცაა გლეხებს შორის თვითშეგნების ამაღლება, მოიარა მთელი ქვეყანა, 3800 სოფელს ეწვია, ადგილობრივებს ესაუბრებოდა და საქმიან რჩევებს აძლევდა.

წარმატება შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ბევრი გლეხი ინდივიდუალური მეწარმე გახდა, მის გაერთიანებაში კი დღეს 4000 მეურნეობა შედის.

„საქართველოში ქალებმა ძალიან ბევრს მიაღწიეს, თუმცა, სამუშაო კიდევ ძალიან ბევრია. მამაკაცების მხრიდან დისკრიმინაცია შემცირდა, თუმცა, არსად გამქრალა. განსაკუთრებით, ეს სოფლებში ჩანს“, – ამბობს ნინი ზამბახიძე.

თუმცა, არც სოფლებშია ყველაფერი ძველებურად. სოფელ მეორე ობჭაში, მდებარეობს მეღვინეობა „ბაიას ღვინო“. 10 ჰექტარზე 27 წლის მეწარმე ბაია აბულაძე წელიწადში 7000 ტონა ღვინოს აწარმოებს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში, მათ შორის შვეიცარიაში იყიდება.

მან რთული და გრძელი გზა გაიარა. თბილისის უნივერსიტეტში სოციოლოგიას სწავლობდა, შემდეგ იყო უცხოეთი, ჩამოვიდა სამშობლოში და 2015 წელს, და-ძმასთან ერთად კომპანია შექმნა.

ეს მცირე მეურნეობაა, რომელშიც მხოლოდ ოჯახის წევრებო მუშაობენ. ბაიას და მის და-ძმას სადღეისოდ ერთი სურვილი აქვთ მეტი იმუშაონ. სულ რაღაც 30 წლის წინ ქართველისგან ამ სიტყვებს ვერასდროს გაიგონებდით, საბჭოთა დროში აქ შრომა და სიბეჯითე სასაცილო და სულელურ თვისებად ითვლებოდა, დღეს კი ბეჯითი ადამიანები, მათ შორის ბაია აბულაძე, მოგებას იღებენ.

საბჭოთა სისტემის დანგრევის ერთ-ერთი, თუმცა, არა ერთადერთი შედეგი სწორედ ემანსიპაციაა.

ნინო ზამბახიძე და ბაია აბულაძე ახალი ეპოქის სახეები არიან, თუმცა, არა მხოლოდ ისინი. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ქართველმა ქალებმა უზარმაზარ პროგრესს მიაღწიეს, ქვეყანამ კი დასავლეთის მიმართულების მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის, ქალთა უფლებების საკითხებში.

მამაკაცების სამყაროში, კერძოდ კი პოლიტიკაში, დიდ წარმატებებს თინათინ ხიდაშელმა მიაღწია. ეს საქართველოში ერთადერთი ქალი-თავდაცვის მინისტრი იყო.

ტემპერამენტიანი, ენერგიული და მჭერმეტყველი ხიდაშელი, ფაქტიურად, ნინო ზამბახიძეს ერთგვარი ტყუპისცალია. ქალი, რომელმაც საკუთარი თავი თვითონ შექმნა და მამაკაცურ შოვინიზმს მარტო ებრძოდა.

მას არ სურდა იმ გზით წასვლა, რომელიც მისი მშობლების სამყაროში ქალისთვის იყო განკუთვნილი. ის რომ ყოფილიყო მასწავლებელი ან ექიმი, ეს არავის გაუკვირდებოდა. მაგრამ ის ადვოკატურაში წავიდა და ამით კლასიკური მამაკაცური პროფესია აირჩია.

„ყველა მიიჩნევდა, რომ მე გავგიჟდი. ზოგიერთმა ჩემთან ურთიერთობაც კი შეწყვიტა“, – იხსენებს ის თავისი კარიერის დასაწყისს სისხლიან და არასტაბილურ 90-იან წლებში.

ის უფლებადამცველი გახდა, შემდეგ პოლიტიკოსი, ბოლოს კი თავდაცვის მინისტრი. ეს პოსტი მან 2016 წლის აგვისტოში დატოვა, არა იმიტომ, რომ ის ქალია, არამედ იმიტომ, რომ მისი პარტია მმართველი კოალიციიდან გავიდა.

გენერლებთან კი მას არავითარი პრობლემები არ ჰქონდა, იმიტომ რომ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების არ ეშინოდა და ისევე, როგორც სამხედროები, აშშ-სთან და ნატოსთან დაახლოების მომხრეა.

პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად, სულის სიღრმეში ის კვლავ პოლიტიკოსად რჩება. ის მიიჩნევს, რომ დღეს საქართველო ბევრ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანაზე უფრო ევროპულია და ეს ნამდვილად ასეა. თუმცა, მისი ქვეყნის დასავლურ ალიანსებში მიღების შანსები ძალიან მცირეა, რადგან ევროპელებს მოსკოვის გაბრაზების პანიკურად ეშინიათ.

„მესმის ევროპელების, მაგრამ დღეს ისინი თავისივე ხელებით ახალ რკინის ფარდას იშენებენ“, – თვლის ხიდაშელი.

https://commersant.ge/ge/post/neue-zrcher-zeitung-saqartvelo-qalebis-gargveva-mamakacebis-samyaroshi

Scroll to Top