ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია (CCTV) 65 წლის წინ, 1958 წელს დაარსდა და დღემდე ფუნქციონირებს, როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთადერთი ავტორიზებული ეროვნული მაუწყებელი. ამჟამად, CCTV-ის მფლობელობაში 40 არხი შედის და წლიურად 300,000 საეთერო საათს იკავებს.
CCTV მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CCP) სხვადასხვა დანაყოფებთან. აქედან გამომდინარე, სწორედ პარტია განსაზღვრავს CCTV-ის მიერ გაშუქებული ინფორმაციისა და ახალი ამბების ტიპოლოგიას, რომელიც ხელმისაწვდომია ჩინეთის 1,4 მილიარდი მოქალაქისთვის. ცენტრალური ტელევიზიის ამჟამინდელი პრეზიდენტი, შენ ჰაიქსიონგი, არა მხოლოდ ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრია, არამედ ცენტრალური კომიტეტის წევრის თანამდებობასაც იკავებს. მანამდე იგი ხელმძღვანელობდა გუანდონგის პროვინციის პროპაგანდის განყოფილებას.
შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ CCTV ყველაზე გავლენიანი საინფორმაციო და პროპაგანდისტული მედია ორგანიზაციაა, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის შეხედულებების გამოხატვასთან ერთად, აერთიანებს „საგამოძიებო“ გადაცემებს, რომლებიც კვლავ ემსახურება პარტიის ინტერესებს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე.
CCTV ცნობილია ბევრი მიზეზით და მათ შორის, ყველაზე პრობლემატურია საჯარო აღიარებების სერია. CCTV ხშირად აქვეყნებს გახმაურებულ საქმეებში ეჭვმიტანილთა აღიარებით ჩვენებებს, სწორედ, ბრალდების წაყენებისა ან მათი დაპატიმრების წინ. ამ სატელევიზიო აღიარებებმა, ფაქტობრივად შეაჩერა საჯარო დისკუსიები, რომლებიც აკრიტიკებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და გავლენიან ბიზნეს ფიგურებს. ჰონგ კონგის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის, ფუ ჰუალინგის თქმით, CCTV-ს საშუალებით აღიარებითი ჩვენებების გაშუქება ან სხვა სიტყვებით, გავლენიანი პიროვნებების დანაშაულის სახალხოდ გამოცხადება, გამიზნულია საჯარო დებატების ჩახშობისკენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოების განწყობები დაყოფილია და ონლაინ დისკუსიები მჭიდრო დაკვირვების საგანი ხდება მთავრობის მხრიდან. მაგალითად, 2013 წელს, CCTV-მ გააშუქა გუანჯოუში დაფუძნებული მედია ორგანიზაცია News Express-ის 27 წლის რეპორტიორის, ჩენ იონგჯოუს აღიარებითი ჩვენება. ის ამტკიცებდა, რომ სიხარბისა და სახელის მოხვეჭის მიზნით ქრთამს იღებდა და ამზადებდა სკანდალურ ისტორიებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, რიგით მეორე უმსხვილეს მძიმე ტექნიკის მწარმოებელ კომპანია Zoomlion-ის გადაცდომების შესახებ.
CCTV-ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, საეთერო დრო, მიდის ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ჭორებისა და დეზინფორმაციის გავრცელებაზე. შესაბამისად, მის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა ტელევიზია აქტიურად ემსახურება ამ მიზანს. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა რუსეთ-უკრაინის ომისა და კოვიდ-19-ის პრიზმიდან. მაგალითად, ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი, CCTV, პროპაგანდას უწევს რუსეთის მთავრობის ბრალდებებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში, ბიოლოგიური იარაღის შექმნას უჭერს მხარს. ბიოიარაღის ლაბორატორიის შეთქმულების თეორიის მიხედვით, აშშ და უკრაინა ერთობლივი ძალებით მოქმედებენ, რათა თავს დაესხან რუსეთს.
მსგავსი პროპაგანდისტული ნარატივები კოვიდ-19 პანდემიის დროსაც ვრცელდებოდა. CCTV-ის ვებსაიტმა 2020 წელს გამოაქვეყნა, რომ აშშ-ს სამხედრო ბიოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც ფარულად ახორციელებენ ბიოლოგიური იარაღის წარმოებას, მდებარეობს ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკაში და 27 პოსტ კომუნისტურ რესპუბლიკაში, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში. უფრო ზუსტად, მათი ვებსაიტის მიხედვით, აშშ ფლობს კვლევით ქსელს, რომელიც მოიცავს 15 ბიოლოგიურ ლაბორატორიას უკრაინაში, 3 ლაბორატორიასა და 11 მცირე ინსტიტუტს საქართველოში.
ძალიან სამწუხაროა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართული ტელე მედია ორგანზიაციები CCTV-ისთან თანამშრომლობას იწყებენ. ამგვარი თანამშრომლობა სრულიად გაუგებარი და დამაზიანებელია. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მედია საშუალებები აცნობიერებენ რომ თანამშრომლობას იწყებენ არა რომელიმე დიდი ტელემედიასთან, არამედ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მთავარ პროპაგანდისტულ იარაღთან, ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან. არსებობს სერიოზულო საფრთხე რომ, ისინი მარტივად გახდნენ დეზინფორმაციის მსხვერპლნი, გაუთვითცნობიერებლად მიიღონ მონაწილეობა ყალბი ამბების გავრცელებაში და ამით ქვეყნის, არა მარტო ეროვნულ უსაფრთხოებას შეუქმნას საფრთხე, არამედ საგარეო პოლიტიკურ კურსსაც, რომელიც მიმართულია დასავლურ ალიანსებში გაწევრიანებისკენ.