საქართველო ჩინეთთან აძლიერებს კავშირებს, განსაკუთრებით სატრანსპორტო, სავაჭრო და ინფრასტრუქტურულ სფეროში. ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს, ლი იანს, ლონდონში, სადაც ისაუბრეს თანამშრომლობის გაფართოებაზე, რაც ასევე მოიცავს საზღვაო ხაზებსა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. ძირითადი ყურადღება გამახვილდა შუა დერეფანზე (ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური მარშრუტი, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო როლი აქვს).
ვიზიტი თვის დასაწყისში პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ჩინეთში ვიზიტს მოჰყვა, სადაც ორივე მხარე დათანმხდა პირდაპირი ფრენების დაწესებას თბილისსა და პეკინს შორის. ამავდროულად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს შესაძლო პირდაპირი ფრენების დაწესებასთან დაკავშირებით თბილისიდან შანხაის მიმართულებით. ქვრივიშვილმა აღნიშნულ ზომები დაახასიათა როგორც სავაჭრო, ეკონომიკური და ადამიანური კავშირების გაძლიერება. ამასთანავე, საქართველოს მხარემ ხაზი გაუსვა ჩინეთის გამოცდილების მნიშვნელობას საზღვაო განვითარებაში.
ბოლო სამი წლის განმავლობაში შუა დერეფანში ტვირთის გადაზიდვა საგრძნობლად გაიზარდა, დაახლოებით 90%-ით, ხოლო 2024 წელს 4.5 მილიონ ტონას მიაღწია, შესაბამისად 2025 წელს ზრდა 5.2 მილიონ ტონამდე იყო მოსალოდნელი. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაში ინვესტიციების მიზანი კი 2027 წლამდე გამტარუნარიანობის 10 მილიონ ტონამდე გაზრდას უკავშირდება.
თუმცა, ექსპერტების თქმით, ჩინეთის ხშირი ჩართულობა ნაკლებად სარგებლიანია საქართველოსთვის და რეგიონში ძირითადად სტრატეგიული საყრდენის უზრუნველყოფას უკავშირდება. ჩინური კომპანიები დომინირებენ საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიც არის გზების მშენებლობა და საქართველოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში ჩართულობა. აღნიშნული ინვესტიციები ხშირად ხასიათდება „ვალის მახის” დიპლომატიითა და ბუნდოვანი შეთანხმებებით, როგორც პეკინისთვის სასარგებლო პოლიტიკური ბერკეტი.
ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ საქართველოს მოკლევადიან ეკონომიკური სარგებელსა და სატვირთო გადაზიდვების მოცულობაში გაზრდას შესაძლოა მოჰყვეს გრძელვადიანი უარყოფითი შედეგი, რაც გამოიხატება პეკინზე ეკონომიკურ დამოკიდებულებაში. ამავე კონტექსტში, კრიტიკოსები ხაზს უსვამენ საქართველოს როლს ჩინეთის გლობალურ „ერთი სარტყელი, ერთი გზა” ინიციატივაში, რომელიც ცნობილია, როგორც პეკინის გეოპოლიტიკური ამბიციების განვითარების მექანიზმი. საქართველოს გაზრდილი დამოკიდებულება ჩინურ ინვესტიციებზე, ტექნოლოგიებსა და სავაჭრო მარშრუტებზე საყურადღებოა ეროვნული ინტერესების დაცვის კონტექსტშიც, რათა არ გაჩნდეს უცხოურ სტრატეგიულ პრიორიტეტებზე დამოკიდებულება.
ავტორი: მარიამ სანაძე




