13-15 მაისს პეკინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა ურთიერთობების სტაბილიზაციისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს, თუმცა შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.
აშშ–ჩინეთის სამიტს წინ მრავალთვიანი მზარდი დაძაბულობა უძღოდა. მიუხედავად დიპლომატიური რიტორიკისა, ოფიციალურმა განცხადებებმა აჩვენა, რომ ვაშინგტონსა და პეკინს შორის ფუნდამენტური უთანხმოებები კვლავ გადაუჭრელია.
პეკინში გამართულ მოლაპარაკებებზე მთავარი აქცენტი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობაზე გაკეთდა. ჩინურმა მხარემ პროცესი „ურთიერთპატივისცემასა და სტაბილურობაზე დაფუძdoნებულ დიალოგად“ შეაფასა, ხოლო ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „ჩინეთთან ძლიერ ეკონომიკურ ურთიერთობებს“ უჭერს მხარს, თუმცა ამერიკული ინტერესების დაცვა პრიორიტეტად რჩება.
ოპტიმისტური საჯარო ტონის მიუხედავად, მხარეთა შეფასებებში აქცენტები განსხვავებულად იყო გადანაწილებული. ჩინეთის სახელმწიფო მედია შეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას უსვამდა ხაზს, ხოლო ამერიკული მხარის ოფიციალური განცხადების მიხედვით, შეხვედრა ძირითადად დიალოგის შენარჩუნებას ემსახურებოდა.
ეს დისონანსი ტაივანის ირგვლივაც გამოიკვეთა, რომელიც ვაშინგტონსა და პეკინს შორის სენსიტიურ საკითხად რჩება. ჩინეთი კუნძულს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და რეგიონში სამხედრო ზეწოლას აძლიერებს, ხოლო აშშ ტაივანის უსაფრთხოების მხარდაჭერას აგრძელებს. სამიტის მინდინარეობისას ჩინურმა მხარემ თეთრ სახლს ტაივანთან დაკავშირებულ საკითხებზე ფრთხილი მიდგომისკენ მოუწოდა, ამერიკულმა მხარემ კი ბუნდოვანი პოზიცია შეინარჩუნა.
აზრთა სხვადასხვაობა თვალსაჩინო იყო ირანის კრიზისისა და ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების განხილვისას. სი ძინპინმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და საზღვაო სავაჭრო მარშრუტების, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. დონალდ ტრამპის პოზიცია კი კვლავ ირანის მიმართ ზეწოლის პოლიტიკის გაგრძელებასა და რეგიონული უსაფრთხოების რისკების შემცირებაზე იყო ორიენტირებული.
სამიტის ერთ–ერთი უმთავრესი ხაზი ტექნოლოგიური კონკურენცია, განსაკუთრებით კი ნახევარგამტარებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) სფერო აღმოჩნდა. ვაშინგტონი ჩინურ კომპანიებზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს ეროვნული უსაფრთხოების არგუმენტით ამართლებს, პეკინი კი ამ ნაბიჯებს ჩინეთის ტექნოლოგიური განვითარების შეკავების მცდელობად განიხილავს.
საერთაშორისო მედიამ ამ სამიტს „ბიზნესი უპირველეს ყოვლისა“ უწოდა, სადაც მხარეები ღრმა პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, ეკონომიკური კავშირების სრულ გაწყვეტას ერიდებიან. რეალურად, სრულმასშტაბიანი კრიზისი ამ ეტაპზე არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედის, რადგან ჩინეთის ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის, აშშ კი ინფლაციისა და მიწოდების ჯაჭვების დასტაბილურებას ცდილობს. ანალიტიკოსთა შეფასებით, შეხვედრას არ მოჰყოლია ისეთი შედეგი, რომელიც აშშ–ჩინეთის ურთიერთობებში ფუნდამენტურ ცვლილებას გამოიწვევდა, რადგან ორ ქვეყანას შორის არსებული სტრუქტურული კონკურენცია კვლავ ღრმა და მრავალშრიანია.
საბოლოოდ, პეკინის შეხვედრის მთავარი შედეგი, როგორც შეფასებებში იკვეთება, დიალოგის გზების შენარჩუნება და ესკალაციის თავიდან აცილების ორმხრივი სურვილია. მიუხედავად სტაბილურობის შესახებ გაჟღერებული ოფიციალური რიტორიკისა, მსოფლიოს ორ უდიდეს სახელმწიფოს შორის გლობალური კონკურენცია უცვლელი ტემპით გრძელდება და უახლოეს მომავალში აშშ–ჩინეთის ურთიერთობების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორიც სწორედ ეს იქნება.




