აშშ–ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ჩინეთს მოუწოდა, დიპლომატიური გავლენა გამოიყენოს და ირანს ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო ნაოსნობის შეუფერხებელი ფუნქციონირებისკენ უბიძგოს. ამის შესახებ ბესენტმა 4 მაისს Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბესენტის თქმით, ჩინეთს ირანზე მნიშვნელოვანი ბერკეტი აქვს, რადგან, მისი განცხადებით, პეკინი ირანის ენერგორესურსების 90%-ს ყიდულობს. „ჩინეთმა უნდა აჩვენოს მეტი დიპლომატიური აქტიურობა და ირანელები სრუტის გახსნაზე დაითანხმოს“, – განაცხადა მან.
აშშ–ის ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტის საკითხი 14-15 მაისს პეკინში დაგეგმილ დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრაზეც განიხილება. ბესენტის შეფასებით, ვაშინგტონი ჩინეთისგან ელოდება, რომ იგი საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უფრო აქტიურ როლს შეასრულებს.
ჩინეთი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირება რეგიონული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესშია. ამავე დროს, პეკინი კრიზისის „ძირეულ მიზეზად“ აშშ–ისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებებს ასახელებს და გამოსავლად კონფლიქტის შეწყვეტას, დეესკალაციასა და დიალოგს მიიჩნევს.
ირანის პოზიციით, ჰორმუზის სრუტე დახურული არ არის და ნაოსნობა სრულად არ შეჩერებულა. თეირანი აცხადებს, რომ ნაოსნობის თავისუფლებას პატივს სცემს, თუმცა ამას სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას უკავშირებს. ირანის განმარტებით, შეზღუდვები მხოლოდ აშშ–სთან, ისრაელთან ან მათთან დაკავშირებულ გემებს ეხება, ხოლო სხვა, „არამტრულ“ ხომალდებს სრუტით უსაფრთხო გავლა შეუძლიათ. რეგიონში შექმნილ საფრთხეებზე პასუხისმგებლობას თეირანი აშშ–სა და ისრაელს აკისრებს.
ჰორმუზის სრუტე გლობალური ენერგომომარაგებისთვის ერთ–ერთი მთავარი მარშრუტია. რეგიონში დაძაბულობის ზრდამ ნავთობის ფასებზე ზეწოლა გააძლიერა, ხოლო ვაშინგტონი ცდილობს, ირანზე ზემოქმედების პროცესში პეკინიც ჩართოს. საკითხი აშშ–ჩინეთის ურთიერთობების ერთ–ერთ მნიშვნელოვან თემად იქცა ტრამპისა და სი ძინპინის მოსალოდნელი შეხვედრის წინ.




