სავაჭრო ომის ახალი ეტაპი: ჩინეთის პასუხი აშშ-ს ტარიფებზე

ჩინეთსა და შტატებს შორის დაძაბულობა გრძელდება. ვაშინგტონის გადაწყვეტილების საპასუხოდ, 4 მარტს ჩინეთმა ამერიკულ საიმპორტო პროდუქტებზე დამატებითი 10-15%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა. ტარიფები შეეხება ამერიკულ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებს.

დამატებით, ჩინეთმა, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ექსპორტისა და ინვესტირების კუთხით, შეზღუდვები დაუწესა 25 ამერიკულ კომპანიას. თუმცა პეკინის ოფიციალურმა პირებმა ამ კომპანიათა ვინაობის დაზუსტებისგან თავი შეიკავეს. როგორც ცნობილია, ამ 25 კომპანიიდან 10 ჩინეთის ყურადღების ცენტრში ტაივანისთვის იარაღის მიწოდების გამო მოექცა. 

ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო დარტყმაა ამერიკაზე, სადაც წინა კვირას ჩინურ პროდუქტზე დამატებითი 10%-იანი ტარიფები ამოქმედდა. როგორც პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, ტარიფების ამოქმედების მთავარი მიზეზი ჩინეთიდან ამერიკაში ნარკოტიკების დიდი რაოდენობის შემოდინებაა.

4 მარტს გაკეთებული განცხადების თანახმად, დამატებითი 15%-იან ტარიფები ამოქმედდება 10 მარტიდან და მისი სამიზნე იქნება ჩინეთში შეტანილი ამერიკული ქათამი, ხორბალი, სიმინდი და ბამბა, ხოლო დამატებით 10%-იანი ტარიფები ისეთ პროდუქტებს შეეხება, როგორებიცაა ამერიკული სოიო, ღორისა და საქონლის ხორცი, წყლის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული და რძის პროდუქტები.

„აშშ-ის ცალმხრივი სატარიფო ზომები სერიოზულად არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს და ძირს უთხრის ჩინეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის საფუძველს“, – ნათქვამია ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.  

დამატებით, ჩინეთმა 4 მარტიდან აკრძალა პროდუქციის იმპორტი ამერიკული სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანია Illumina-სგან. კომპანია ჩინეთის „არასანდო სუბიექტების“ სიაში მოხვდა. ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ Illumina-მ შეაჩერა ტრანზაქციები ჩინურ საწარმოებთან და დისკრიმინაციული ზომები მიიღო ჩინური საწარმოების მიმართ.

ჩინეთზე ტარიფის გაზრდა “სავარაუდოდ დააზარალებს თავად აშშ-ს, რადგან მას სჭირდება იაფი ჩინური პროდუქტები ინფლაციის შესამცირებლად. აშშ-ს სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მაღალი ტარიფები ასევე უარყოფითად იმოქმედებს ჩინეთზე”, მაგრამ კონტრზომები პოლიტიკურად აუცილებელია. ”გონივრული იქნებოდა რაიმე სიმბოლური ნაბიჯის გადადგმა დაძაბულობის ესკალაციის გარეშე”,- აცხადებს ვანგ ზუ, პარტნიორი Hedge Fund Zhouzhu Invest-ში.

Scroll to Top