ჩინეთი დასავლეთთან სავაჭრო მოლაპარაკებების წინ ეკონომიკურ „წითელ ხაზებს“ ავლებს

აშშსა და ევროკავშირთან მოსალოდნელი სავაჭრო მოლაპარაკებების წინ ჩინეთი მიანიშნებს, რომ წარმოებასა და მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიებზე დაფუძნებული ეკონომიკური კურსის არსებით შეცვლას არ გეგმავს. პეკინი უარყოფს დასავლეთის ბრალდებებს, რომ სახელმწიფო სუბსიდიები და ჭარბი საწარმოო სიმძლავრე გლობალურ კონკურენციას აზიანებს.

ივლისის ბოლოს ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიურომ მოქმედი ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელებას დაუჭირა მხარი. ხელისუფლებამ მიზნობრივი დახმარებისა და შიდა მოთხოვნის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა მასშტაბური სტიმულირების ან სტრუქტურული რეფორმების ახალი პაკეტი არ წარუდგენია.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, ჭარბი წარმოების შესახებ ბრალდებები ჩინური კომპანიების წინააღმდეგ დისკრიმინაციული სავაჭრო ზომების გასამართლებლად გამოიყენება. პეკინი ამტკიცებს, რომ ინდუსტრიული და ტექნოლოგიური განვითარება ეკონომიკური ჩამორჩენის დასაძლევად აუცილებელია.

აშშ და ევროკავშირი კი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო მხარდაჭერა, სუსტი შიდა მოთხოვნა და საწარმოო სიმძლავრეების სწრაფი ზრდა ჩინურ კომპანიებს უცხოურ ბაზრებზე ფასობრივ უპირატესობას აძლევს. ბრიუსელი და ვაშინგტონი პრობლემურ საკითხებად სუბსიდიებს, ბაზარზე წვდომის ბარიერებსა და არათანაბარ კონკურენტულ პირობებს ასახელებენ.

მიუხედავად მკაცრი რიტორიკისა, პეკინი გარკვეული შიდა დისბალანსების გამოსწორებას ცდილობს, თუმცა მასშტაბურ დათმობებს არ განიხილავს. Reuters-ის შეფასებით, ჩინეთი დასავლეთთან მოლაპარაკებების წინ იმწითელ ხაზებსავლებს, რომელთა გადაკვეთასაც საკუთარ ეკონომიკურ პოლიტიკაში არ აპირებს.

Scroll to Top