ჩინეთის მზარდი ინტერესები აფრიკაში: სტრატეგიული პორტები და ენერგორესურსები

აფრიკის კონტინენტში ჩინეთის ინტერესები დღითიდღე იზრდება. ჩინეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა, აფრიკული პორტების მეოთხედი ააშენეს, დააფინანსეს და მათზე კონტროლი მოიპოვეს.  

231 პორტიდან, რომლებიც აფრიკის 31 სახელმწიფოს ტერიტორიაზეა განთავსებული, 78-ში ინვესტიცია ჩინეთმა ჩადო. მათი ძირითადი ნაწილი აფრიკის დასავლეთ ნაწილშია მოქცეული. როგორც ვაშინგტონის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის აფრიკის სტრატეგიული კვლევების ცენტრის თანამშრომელი პოლ ნანტულია აღნიშნავს, რეგიონი, სტრატეგიული მდებარეობის გამო, ჩინეთის გლობალური სავაჭრო ამბიციებითვის კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელია. 

China Harbor Engineering Company (CHEC) იყო ნიგერიის  Lekki Deep Sea Port-ის კონტრაქტორი და მშენებელი კომპანია. აღნიშნული პროექტი დააფინანსა ჩინეთის განვითარების ბანკმა, ხოლო CHEC-მა პორტის 54% 16 წლიანი იჯარით მიიღო.

ჩინეთის მიმდინარე 5 წლიანი გეგმის მიხედვით, აფრიკა წარმოდგენილია ჩინეთის სავაჭრო სტრატეგიის საკვანძო რგოლად. ამჟამად, კონტინენტზე ჩინური საინვესტიციო ნაკადის შედინება განპირობებულია ორი პროექტით: „სარტყლისა და გზის“ ინიციატივა და პეკინის „გამოსვლის პოლიტიკა“ – პეკინის გეგმა, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ჩინური კომპანიების საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.  

5 წლიანი სტრატეგიული გეგმის დოკუმენტის თანახმად, ექვსი სავაჭრო დერეფნიდან სამი აფრიკის კონტინენტზე გადის: აღმოსავლეთ აფრიკაზე, ეგვიპტეზე, სუეცის რეგიონსა და ტუნისზე.

ამას გარდა, ჩინეთი დაინტერესებულია აფრიკის თხევადი ბუნებრივი გაზით და ამ კუთხით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. აქამდე, ჩინეთი უფრო მეტად აფრიკული ნავთობით იყო დაინტერესებული, თუმცა ახლა ჩინური ბიზნესების მთავარი სამიზნე სწორედ აფრიკული თხევადი გაზია, რომლითაც პეკინს შეუძლია, ერთი მხრივ, გაზრდილ შიდა მოთხოვნას უპასუხოს, და მეორე მხრივ, ავსტრალიურ გაზზე დამოკიდებულება შეამციროს.

მოზამბიკა ჩინეთისთვის ერთ-ერთი სამიზნე ქვეყანაა. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროზე, როვუმას აუზში 5 ტრილიონი კუბური მეტრის რაოდენობის ბუნებრივი გაზი აღმოაჩინეს, მოზამბიკა გლობალური ბუნებრივი გაზის მიმწოდებელ მნიშვნელოვან ობიექტად იქცა. ჩინეთის ეროვნული ნავთობის კორპორაცია (CNPC) მოზამბიკის თხევადი ბუნებრივი გაზის 30 მილიარდ დოლარიანი პროექტის 20%-ს ფლობს.

ჩინეთი ასევე ჩართულია მოზამბკის ერთ-ერთ პროექტში– „Coral Floating Liquefied Natural Gas“, რომლის ფარგლებშიც, პირველი თხევადი ბუნებრივი გაზი გაიყიდა 2022 წელს.

Scroll to Top