კვლევის ავტორები: ანდრია საჯაია, საბა ქართველიშვილი და საბა კვიჟინაძე.
2026 წლის 16 აპრილს ჩინური კერძო კომპანიის, „ჰუალინგ ჯგუფის“ მფლობელობაში არსებულმა „ბაზისბანკმა“ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, „ლიბერთი ბანკის“ აქციების 95,99% შეიძინა. „ლიბერთი ბანკი“ წარმოადგენს სახელმწიფოს სოციალური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ნაწილს, რადგან ქვეყნის მასშტაბით სწორედ მას გააჩნია პენსიებისა და სოციალური დახმარებების გაცემის ექსკლუზიური უფლება და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ბანკი ემსახურება ასობით ათას პენსიონერს, სოციალურად დაუცველ მოქალაქესა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, რის შედეგადაც მის ხელში კონცენტრირებულია საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ფინანსური და პერსონალური მონაცემები.
„ლიბერთი ბანკის“ „ბაზისბანკთან“ შერწყმის შედეგად, ჩინური კერძო კომპანიის კონტროლის ქვეშ ექცევა დაახლოებით 2 მილიონამდე საქართველოს მოქალაქის ფინანსური, ბიომეტრიული და ქცევითი ინფორმაცია. ეს საკითხი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ჩინეთის 2017 წლის „სახელმწიფო დაზვერვის შესახებ კანონი“ ჩინურ კომპანიებს ავალდებულებს, ითანამშრომლონ სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებთან და მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს გადასცენ მათ ხელთ არსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ „ბაზისბანკი“ იურიდიულად კერძო ფინანსური ინსტიტუტია, ჩინეთის პოლიტიკურ სისტემაში სახელმწიფო და კერძო სექტორის გამიჯვნა ხშირად ფორმალურ ხასიათს ატარებს.
წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს აღწეროს და გააანალიზოს, რა საფრთხეებს ქმნის საქართველოს ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის ფინანსური და პერსონალური მონაცემების კონცენტრაცია ჩინური გავლენის ქვეშ მყოფ ბანკში. კვლევა ყურადღებას გაამახვილებს როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე მონაცემთა სუვერენიტეტის, ეკონომიკური დამოკიდებულებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური კონტროლის რისკებზე.




