აჭარა ჩინელი ტურისტების მოსაზიდად ციფრულ კამპანიას იწყებს
29 აპრილი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ჩინელი ვიზიტორების მოსაზიდად მასშტაბურ ციფრულ კამპანიას იწყებს. ინიციატივის ფარგლებში, რეგიონის ტურისტული მიმართულებები ჩინეთის წამყვან ონლაინპლატფორმებზე განთავსდება.
კამპანიის მოსამზადებლად აჭარას Tongcheng Travel-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ეწვია. ვიზიტის მიზანი რეგიონის ტურისტული პროდუქტების ადგილზე გაცნობა და იმ მასალების მომზადება იყო, რომლებიც შემდგომ პლატფორმის ციფრულ არხებზე გავრცელდება. დეპარტამენტის შეფასებით, ეს აჭარის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარტიდან ჩინურ ციფრულ პლატფორმებზე აჭარის პოპულარიზაციის ცხრათვიანი ონლაინკამპანია მიმდინარეობს. კამპანიის ფარგლებში რეგიონის ტურისტული პროდუქტები Douyin-ზე, Red Note-სა და Weibo-ზეა წარმოდგენილი. ბათუმის პოპულარიზაციისთვის შეიქმნა საპრომოციო გვერდი – Visit Batumi, რომლის მეშვეობითაც ჩინელ მომხმარებლებს აჭარისა და საქართველოს ტურისტული შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ.
კამპანიის მიზანია, ჩინურ აუდიტორიას აჭარის სამთო–სათავგადასავლო, ეკოტურისტული და საზღვაო მიმართულებები გააცნოს და ბათუმი ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ ქალაქად წარმოაჩინოს.
რეგიონის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ ღონისძიებებზეც იგეგმება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს რეგიონს შანხაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ITB China 2026, წარადგენს, სადაც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.
კონფუცის ინსტიტუტმა ჩინური ენის საერთაშორისო დღე პრეზენტაციით აღნიშნა
2 მაისი
ჩინური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით, 2 მაისს პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების თემა იყო „ჩინური ენა ლიტერატურაში – ცვლილების საწყისი და მაკავშირებელი რგოლი წარსულსა და აწმყოს შორის“.
პრეზენტაციაზე თავისუფალი უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებმა და სინოლოგებმა, მარიამ ჩახაიამ და ანა გოგუაძემ, აუდიტორიას ჩინური ენის როლზე ძველი და თანამედროვე ლიტერატურის მაგალითებზე დაყრდნობით ესაუბრნენ.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო, როგორ შეასრულა ჩინურმა ენამ მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებრივ განვითარებაში და როგორ შეძლო, ენობრივი ცვლილებებისა და ეპოქათა მონაცვლეობის მიუხედავად, კავშირი შეენარჩუნებინა წარსულთან.
აზერბაიჯანი და ჩინეთი სატვირთო გადაზიდვებში თანამშრომლობას აფართოებენ
27 აპრილი
აზერბაიჯანი და ჩინეთი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით თანამშრომლობას აფართოებენ. მხარეებმა 2026 წლისთვის ნებართვების დამატებითი კვოტების გაცვლაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რის შედეგადაც ნებართვების საერთო რაოდენობა ხუთჯერ გაიზრდება.
AZERTAC-ის ინფორმაციით, შეთანხმება ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში გამართული აზერბაიჯან–ჩინეთის საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის პირველი მოლაპარაკებების ფარგლებში შედგა.
ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის დელეგაცია ხორგოსის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტსა და თავისუფალ სავაჭრო ზონაში მოქმედ ლოგისტიკურ ცენტრებსაც გაეცნო. მხარეებმა გადამზიდავებსა და ლოგისტიკურ კომპანიებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილეს.
აზერბაიჯანმა ჩინეთში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
27 აპრილი
27 აპრილს აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს დელეგაციამ ჩინეთის ქალაქ ჩენდუში გამართულ მიწოდების ჯაჭვისა და საპორტო ლოგისტიკის მე-8 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
აზერბაიჯანის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის გახსნის ცერემონიაზე ყურადღება დაეთმო აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის გაფორმებულ დოკუმენტებს, სტრატეგიული პარტნიორობის დინამიკასა და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობას.
ღონისძიების ფარგლებში აზერბაიჯანის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო აზია–ევროპის მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარების მე-10 კონფერენციაშიც. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანის სატრანსპორტო სისტემა, ქვეყნის როლი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში, მათ შორის შუა დერეფანში, ასევე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩინეთის სინძიანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
28 აპრილი
ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩინეთის სინძიანის უნივერსიტეტთან აკადემიურ თანამშრომლობას იწყებს. მხარეებმა ურუმჩიში გამართულ შეხვედრაზე ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.
AZERTAC-ის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე უნივერსიტეტები გეგმავენ თანამშრომლობას მწვანე ენერგეტიკის მიმართულებით, ასევე ხელოვნური ინტელექტისა და ბიოტექნოლოგიის ერთობლივი ცენტრების დაფუძნებას.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ აბრეშუმის გზის კვლევითი ცენტრის შექმნაზე. ინიციატივა კვლევითი საქმიანობის გაფართოებას, აკადემიური გაცვლის გაძლიერებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ურუმჩისა და ნახიჩევანის დაძმობილებული ქალაქების ურთიერთობებსაც, როგორც კულტურული და აკადემიური თანამშრომლობის განვითარების დამატებით საფუძველს.
ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის ცენტრი შეიქმნება
1 მაისი
ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პეკინის ქიმიური ტექნოლოგიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. მხარეები ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განვითარებას გეგმავენ.
AZERTAC-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე თანამშრომლობის ერთ–ერთ მთავარ მიმართულებად ორ უნივერსიტეტს შორის ხელოვნური ინტელექტის ერთობლივი ცენტრის შექმნა განისაზღვრა. მხარეებმა ასევე იმსჯელეს პეკინის ქიმიური ტექნოლოგიის უნივერსიტეტში აზერბაიჯანელი სტუდენტების საწარმოო და სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობაზე.
მხარეების შეფასებით, თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სამეცნიერო და ინოვაციური საქმიანობის განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას.
სომხეთის დელეგაციამ ჩინეთში მწვანე და მდგრადი განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
29 აპრილი
სომხეთის დელეგაციამ 29 აპრილს ჩინეთის ქალაქ ნინგბოში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მწვანე და მდგრადი განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე ერევანმა ჩინეთთან და SCO-სთან მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოხატა.
სომხეთის დელეგაციაში შედიოდნენ ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის, COP17-ის, სომხეთის თავმჯდომარეობის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი მჰერ მარგარიანი და სომხეთის ელჩი ჩინეთში ვაჰე გევორგიანი.
პანელურ დისკუსიაზე, სახელწოდებით „გლობალური ბიომრავალფეროვნების დაცვა მრავალმხრივი მმართველობის გზით“, მარგარიანმა COP17-ისთვის სომხეთის მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ერევანში დაგეგმილი კონფერენციის ერთ–ერთი მთავარი საკითხი კუნმინ–მონრეალის გლობალური ბიომრავალფეროვნების ჩარჩოს შესრულების პროგრესის შეფასება იქნება.
ფორუმის ფარგლებში სომხეთის დელეგაცია ჩინეთის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მინისტრ ხუანგ ჟუნციუს და ნინგბოს მერს, ტანგ ფეიფანსაც შეხვდა. დელეგაციამ ასევე გამართა მედია–ბრიფინგი COP17-ის ბიომრავალფეროვნების კონფერენციის შესახებ.
ჩინეთი უზბეკეთში ფარმაცევტული წარმოების გაფართოებას განიხილავს
27 აპრილი
უზბეკეთი და ჩინეთი ფარმაცევტულ სექტორში თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავენ. მხარეებმა ერთობლივი პროექტების შესაძლებლობები ფარმაცევტული წარმოების, ბიოტექნოლოგიების, ვაქცინების, სისხლის პროდუქტებისა და ინოვაციური მედიკამენტების მიმართულებით განიხილეს.
Trend-ის ინფორმაციით, შეხვედრა უზბეკეთის ფარმაცევტული ინდუსტრიის განვითარების სააგენტოს დირექტორ აბდულა აზიზოვსა და ჩინეთის ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს შორის გაიმართა.
უზბეკურმა მხარემ აღნიშნა, რომ ქვეყანას რეგიონულ ფარმაცევტულ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალი აქვს. მხარეებმა პრაქტიკული ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
უზბეკეთი და ჩინეთი გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობას აფართოებენ
27 აპრილი
რეგიონული გარემოსდაცვითი სამიტის ფარგლებში 27 აპრილს უზბეკეთის პრეზიდენტის მრჩეველი გარემოსდაცვით საკითხებში აზიზ აბდუხაკიმოვი ჩინეთის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მინისტრ ჰუანგ ჟუნციუს შეხვდა.
მხარეებმა მტვრისა და ქვიშის ქარების ადრეული გაფრთხილების სისტემების გაძლიერებაზე, კლიმატის სატელიტურ მონიტორინგზე, ჰაერისა და წყლის ხარისხის ანალიტიკური მონიტორინგის ერთობლივი ლაბორატორიის შექმნასა და სამეცნიერო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე უზბეკურმა მხარემ ჩინეთის გამოცდილების პრაქტიკული გამოყენებისა და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგების ინიციატივა დააყენა. ჩინურმა მხარემ თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.
გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ერთ–ერთი მიმართულებაა ნარჩენების ენერგიად გარდაქმნის პროექტებიც, რომლის ფარგლებშიც უზბეკეთში ჩინელი ინვესტორების მონაწილეობით 11 ასეთი ქარხნის მშენებლობა მიმდინარეობს.
ტაშკენტი და პეკინი გაზსაცავების მშენებლობასა და მზისა და ქარის პროექტებზე შეთანხმდნენ
27 აპრილი
27 აპრილს ტაშკენტში უზბეკეთ–ჩინეთის მთავრობათაშორისი თანამშრომლობის კომიტეტის ენერგეტიკის ქვეკომიტეტის მე-8 სხდომა გაიმართა.
შეხვედრას უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრი ჯურაბეკ მირზამახმუდოვი და ჩინეთის ენერგეტიკის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვან ხუნჯი ხელმძღვანელობდნენ. მხარეებმა ნავთობისა და გაზის სექტორში, ელექტროენერგეტიკასა და განახლებად ენერგიებში ერთობლივი პროექტების განვითარებაზე იმსჯელეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნახშირწყალბადების საბადოების განვითარებას, მიწისქვეშა გაზსაცავების მშენებლობას, ძირითადი გაზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, ასევე მზისა და ქარის ელექტროსადგურების პროექტებს ჩინური ტექნოლოგიების გამოყენებით.
შეხვედრის შედეგად, მხარეები ენერგეტიკული ობიექტების დიგიტალიზაციის, დარგობრივი სტანდარტიზაციისა და ინფრასტრუქტურის მართვის თანამედროვე მიდგომების მიმართულებით გამოცდილების გაცვლის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
ტაშკენტი ჩინეთთან AI-სა და ციფრული ინდუსტრიის პროექტებს აფართოებს
29 აპრილი
29 აპრილს უზბეკეთის საელჩოს წარმომადგენლები ჩინეთის მრეწველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილეს, სიუნ ძიძიუნს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში მხარეები ციფრული ეკონომიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. უზბეკურმა დელეგაციამ ჩინურ მხარეს უზბეკეთის ინდუსტრიული განვითარების პრიორიტეტები და „ციფრული უზბეკეთი 2030“-ის ფარგლებში მიმდინარე რეფორმები გააცნო.
მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელება, ტექნოლოგიური პლატფორმების განვითარება, ინდუსტრიაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სპეციალისტების გაცვლა განიხილეს. ყურადღება დაეთმო ასევე განათლებისა და პროფესიული გადამზადების მიმართულებით თანამშრომლობას.
უზბეკეთისა და ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეები პეკინში შეხვდნენ
29 აპრილი
უზბეკეთმა და ჩინეთმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. 29 აპრილს პეკინში უზბეკეთ–ჩინეთის სოფლის მეურნეობის ქვეკომიტეტის მე-6 შეხვედრა გაიმართა.
უზბეკეთის დელეგაციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ალიშერ შუკუროვი ხელმძღვანელობდა, ჩინურ მხარეს კი სოფლის მეურნეობისა და სოფლის საკითხთა მინისტრის მოადგილე ჟანგ ჟილი.
შეხვედრაზე მხარეებმა თესლის წარმოების განვითარება, მაღალმოსავლიანი და კლიმატგამძლე კულტურების დანერგვა, სელექციური და გენეტიკური კვლევები, ვეტერინარული თანამშრომლობა, ნიადაგის ნაყოფიერების დაცვა და წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა განიხილეს.
ყურადღება დაეთმო აგრარულ სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების, რესურსდამზოგავი მეთოდებისა და ციფრული მონიტორინგის სისტემების დანერგვასაც. შეხვედრის შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის პრაქტიკული განხორციელებისთვის საგზაო რუკას მოამზადებენ.
ილზატ კასიმოვმა ძიანსუს ვიცე–გუბერნატორთან საინვესტიციო პროექტები განიხილა
1 მაისი
1 მაისს უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის, ილზატ კასიმოვის ხელმძღვანელობით დელეგაცია ნანკინში ძიანსუს პროვინციის ვიცე–გუბერნატორ ჟაო იანს შეხვდა.
მხარეებმა რეგიონებს შორის საინვესტიციო კავშირების გაძლიერება, სამრეწველო თანამშრომლობა, მაღალტექნოლოგიური წარმოებების განვითარება და ახალი ერთობლივი საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობა განიხილეს.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ძიანსუს პროვინციის დელეგაციის მონაწილეობას უზბეკურ–ჩინურ მესამე რეგიონთაშორის ფორუმშიც, რომელიც 20-22 მაისს ჩინეთის ქალაქ სიანში გაიმართება.




