ჩინეთის ორ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ვეი ფენჰესა და ლი შანფუს, კორუფციული სკანდალის გამო უმკაცრესი განაჩენი გამოუტანეს. ჩინეთის სამხედრო სასამართლოს 7 მაისის გადაწყვეტილებით, ორივე მაღალჩინოსანს სიკვდილით დასჯა მიესაჯა ორწლიანი გადავადებით.
ჩინურ სამართლებრივ პრაქტიკაში სიკვდილით დასჯა ორი წლის დაყოვნებით, როგორც წესი, უვადო პატიმრობით იცვლება, თუ მსჯავრდებული გადავადების პერიოდში ახალ დანაშაულს არ ჩაიდენს. თუმცა, Xinhua-ს ინფორმაციით, ვეისა და ლის შემთხვევაში სასჯელის უვადო პატიმრობით შეცვლის შემდეგაც კი, მათი შეწყალება ან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება არ იქნება დაშვებული. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის სამხედრო უწყების ყოფილი ხელმძღვანელები დარჩენილ ცხოვრებას გისოსებს მიღმა გაატარებენ. ორივე მათგანს სამუდამოდ ჩამოერთვა პოლიტიკური უფლებები, ხოლო პირადი ქონება კონფისკაციას დაექვემდებარება.
სასამართლომ ვეი ფენჰე ქრთამის აღებაში ცნო დამნაშავედ, ხოლო მისი მემკვიდრე, ლი შანფუ ქრთამის როგორც აღებაში, ისე გაცემაშია ბრალდებული. ვეი ფენჰე თავდაცვის მინისტრის პოსტს 2018-2023 წლებში იკავებდა, ლი შანფუ კი თანამდებობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დარჩა, სანამ 2023 წელს საჯარო სივრციდან გაუჩინარდებოდა და მოგვიანებით პოსტიდან გაათავისუფლებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში თავდაცვის მინისტრის პოსტი მეტწილად წარმომადგენლობითი ხასიათისაა, ხოლო სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაში წამყვანი როლი ცენტრალურ სამხედრო კომისიას ეკუთვნის, უმაღლესი სამხედრო იერარქიის წარმომადგენელთა დასჯა მკაცრი პოლიტიკური განაცხადია.
The Guardian-ის ცნობით, ვეი და ლი თავდაცვის მინისტრობამდე იმ სტრატეგიულ პოზიციებზე მუშაობდნენ, რომლებიც ბიუჯეტებსა და სტრატეგიულ სამხედრო მიმართულებებს აკონტროლებდა. კერძოდ, ვეი ფენჰე ჩინეთის სარაკეტო ძალებს ხელმძღვანელობდა, ლი შანფუ კი სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვების მიმართულებას კურირებდა. სწორედ ეს სფეროებია პეკინისთვის კრიტიკულად მგრძნობიარე, რადგან კორუფცია შეიარაღების სისტემებსა და სარაკეტო ქვედანაყოფებში პირდაპირ დარტყმას აყენებს არმიის საბრძოლო მზადყოფნასა და ჩინეთის სამხედრო ამბიციებს.
დასავლური მედიის შეფასებით, ეს პროცესი სი ძინპინის მხრიდან ორ მიზანს ემსახურება. ერთი მხრივ, პეკინი ცდილობს აღმოფხვრას ის სისტემური კორუფცია, რომელიც ჩინეთის არმიის მოდერნიზაციასა და საბრძოლო პოტენციალს რეალურ საფრთხეს უქმნის. მეორე მხრივ კი, ეს მკაფიო გაფრთხილებაა, რომ პარტიისა და ლიდერის მიმართ აბსოლუტური ლოიალობა სავალდებულოა. განაჩენი აჩვენებს, რომ ჩინეთის სამხედრო სისტემაში „ხელშეუხებელი“ ფიგურები აღარ არსებობენ, მათ შორის არც ისინი, რომლებიც წარსულში ძალაუფლების ცენტრთან ახლოს მოიაზრებოდნენ.
ამ გადაწყვეტილებით პეკინმა აჩვენა, რომ რომ „ქვეყნის ღალატსა და კორუფციას“ ჩინეთის სახალხო–განმათავისუფლებელ არმიაში უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.




