ჩინეთი გაეროსა და გლობალური მმართველობის სისტემაში განვითარებადი ქვეყნების, ე.წ. „გლობალური სამხრეთის“ წარმომადგენლობისა და გავლენის გაზრდას მოითხოვს. ოფიციალური პეკინის განცხადებით, არსებული საერთაშორისო არქიტექტურა ამ ქვეყნების ინტერესებს საკმარისად არ ასახავს.
შესაბამისი განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ 17 ივნისს პეკინში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მინისტრის განმარტებით, თანამედროვე საერთაშორისო გარემო „კრიზისითა და გაურკვევლობით“ ხასიათდება, რაც მრავალმხრივი თანამშრომლობის აუცილებლობას ზრდის.
ვანგ იიმ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სისტემას სჭირდება უფრო სამართლიანი და ინკლუზიური ფორმატი, სადაც განვითარებადი ქვეყნების ხმა უფრო მკაფიოდ ისმის. მისი თქმით, ყველა სახელმწიფო, „დიდი თუ პატარა, განვითარებული თუ განვითარებადი“, თანასწორი უნდა იყოს.
პეკინის ეს პოზიცია ასახულია ჩინეთის ახალ პოლიტიკურ დოკუმენტში (ე.წ. White Paper), რომელიც გაეროს სისტემის რეფორმირებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში განვითარებადი მსოფლიოს როლის გაზრდას ისახავს მიზნად. ჩინეთის ოფიციალური უწყებების განმარტებით, ინიციატივა გლობალურ კრიზისებზე უფრო ეფექტურ რეაგირებას შეუწყობს ხელს.
გაეროს ოფიციალური მონაცემები ადასტურებს, რომ ბოლო წლებში ჩინეთი აქტიურად აძლიერებს „სამხრეთ–სამხრეთის თანამშრომლობის“ (South-South Cooperation) ჩარჩოებს, რაც განვითარებად ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ტექნოლოგიური კავშირების გაღრმავებას ითვალისწინებს.
კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ ინიციატივით პეკინი საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი გავლენის სფეროების გაფართოებას და ვაშინგტონისა და ბრიუსელის საპირწონე ალიანსის ფორმირებას ცდილობს.




