საქართველომ და ჩინეთმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
9 ივნისი
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, საქართველო და ჩინეთი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადადიან. მისი თქმით, შესაბამის შეთანხმებას ხელი 9 ივნისს მოეწერა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ სამი წლის წინ გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავებას შეუწყო ხელი. პრემიერის შეფასებით, ახალი ეტაპი კიდევ უფრო გააძლიერებს ქართულ–ჩინურ თანამშრომლობას და დამატებით შესაძლებლობებს შექმნის როგორც ეკონომიკური, ისე სატრანსპორტო და ჰუმანიტარული მიმართულებებით.
მისივე თქმით, ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთს შორის ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა, გაიზარდა პირდაპირი ავიარეისების რაოდენობა და გაფართოვდა სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საფუძველი გახდა.
მიხეილ ყაველაშვილმა და სი ძინპინმა დიპლომატიური ურთიერთობების 34-ე წლისთავზე მისალოცი წერილები გაცვალეს
9 ივნისი
ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა ურთიერთმისალოცი წერილები გაცვალეს.
9 ივნისს გაცვლილ მისალოც წერილებში ლიდერებმა აღნიშნეს, რომ გასული 34 წლის განმავლობაში ორმხრივი კავშირები ურთიერთპატივისცემის, ნდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის საფუძველზე ვითარდებოდა, რამაც სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი უზრუნველყო.
მხარეების შეფასებით, განსაკუთრებული დინამიკა ურთიერთობებს 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ მიეცა, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა პოლიტიკური ნდობა და გააფართოვა პრაქტიკული თანამშრომლობა ვაჭრობის, ინვესტიციების, დაკავშირებადობის, კულტურის, განათლებისა და ხალხთაშორისი კავშირების სფეროებში.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან ურთიერთობებს და მზად არის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის განვითარებასა და ხალხთა კეთილდღეობას.
თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოსთან ურთიერთობებს ყოველთვის გრძელვადიანი სტრატეგიული პერსპექტივით განიხილავს და ახალი ფორმატის, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება ორმხრივ თანამშრომლობას დამატებით იმპულსს მისცემს და ტრადიციულ მეგობრობას კიდევ უფრო განამტკიცებს.
მხარეების შეფასებით, საქართველო–ჩინეთის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას და ორი ქვეყნის ხალხისთვის დამატებითი სარგებლის შექმნას.
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო–ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 34-ე წლისთავი აღინიშნა
9 ივნისი
9 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო–ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი, ჭოუ ციენი. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები, ქვეყნების ლიდერების გადაწყვეტილებით, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავიდა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ჭოუ ციენი: „შუა დერეფანი“ და „სარტყელისა და გზის ინიციატივა“ მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ევროპა–ჩინეთის კავშირისთვის
9 ივნისი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის საქართველო „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე 9 ივნისს განაცხადა.
მისი თქმით, „შუა დერეფანი“ და „სარტყელისა და გზის ინიციატივა“ არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ დონეზეც მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს და ევროპასა და ჩინეთს შორის სტაბილური სატრანსპორტო–ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას უწყობს ხელს.
ელჩმა ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთსა და ირანში განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა სახმელეთო ალტერნატიული მარშრუტების განსაკუთრებული მნიშვნელობა, განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში.
ჭოუ ციენმა აღნიშნა, რომ ჩინეთის დიპლომატიის ერთ–ერთ საყრდენს განვითარებად ქვეყნებთან ურთიერთობები წარმოადგენს და საქართველოსთან პარტნიორობა ამ კონტექსტში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მისი თქმით, თბილისსა და პეკინს საერთო ხედვა აქვთ საერთაშორისო წესრიგის შესახებ, რომელიც ეფუძნება გაეროს წესდების პრინციპებსა და სამართლიანობის დაცვას.
ელჩის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ორმხრივ სარგებელზეა დაფუძნებული. მისი თქმით, ჩინეთი ღიაა ქართული პროდუქციისთვის, ხოლო საქართველო სარგებლობს შესაძლებლობით, მიიღოს გამოცდილება და ტექნოლოგიური სიახლეები ჩინეთის, როგორც გლობალური ეკონომიკისა და ინოვაციების ერთ–ერთი ლიდერისგან. ბრიფინგზე ასევე ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროსა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.
შეხვედრა საქართველოსა და ჩინეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის
12 ივნისი
12 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კუეიჭოუს პროვინციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია.
უწყების ინფორმაციით, დელეგაციას კუეიჭოუს პროვინციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე იანგ ჟუო ხელმძღვანელობდა. ვიზიტის ფარგლებში მათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები გიორგი სახოკია და შალვა თადუმაძე შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე.
მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე განიხილეს არსებული კავშირების კიდევ უფრო გაფართოების პერსპექტივები, მათ შორის საპოლიციო განათლების მიმართულებით.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას ეწვია, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ასევე იმყოფებოდნენ საექსპერტო–კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, სადაც დელეგაციის წევრებმა დანაყოფის საქმიანობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და არსებული ექსპერტიზის ლაბორატორიები დაათვალიერეს.
ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
12 ივნისი
შანხაიში გამართული შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა 12 ივნისს ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, პან გონშენგს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ფინანსური და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმდინარე მდგომარეობასა და მისი გაძლიერების შესაძლებლობებზე. მხარეებმა მიმოიხილეს გასულ წელს ხელმოწერილი მემორანდუმის შედეგები და აღნიშნეს, რომ დოკუმენტის შემდეგ თანამშრომლობის დინამიკა გაიზარდა.
ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო–ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება, რაც ქმნის დამატებით შესაძლებლობებს ფინანსური სექტორის თანამშრომლობის გასაფართოებლად. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები.
აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ–ერთ მთავარ პარტნიორად რჩება, რაც ასახულია როგორც საგარეო ვაჭრობის მოცულობაში, ასევე ინვესტიციებისა და ტურიზმის ზრდის ტენდენციებში. დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით.
ნათია თურნავა ICBC-ის პრეზიდენტს შეხვდა
13 ივნისი
შანხაიში გამართული სიმპოზიუმის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა 13 ივნისს ჩინეთის ერთ–ერთ უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტს, Industrial and Commercial Bank of China-ს (ICBC) პრეზიდენტ ლინ ლიაოს შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ICBC-ს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო ჩინურ ფასიან ქაღალდებთან ვაჭრობისა და ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე ინვესტირების მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებასაც. ასევე, ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე არსებულ ტენდენციებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
ICBC წარმოადგენს ჩინეთისა და მსოფლიოს ერთ–ერთ უმსხვილეს ბანკს, რომლის აქტივების მოცულობა დაახლოებით 7.6 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს. ფინანსური ინსტიტუტი 49 ქვეყანაში ოპერირებს და გლობალური საბანკო სექტორის ერთ–ერთ წამყვან მოთამაშედ ითვლება.
ბანკი ასევე აქტიურად არის ჩართული საინვესტიციო საბანკო მომსახურებაში, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციების პირველადი და მეორადი ბაზრების მიმართულებით.
აზერბაიჯანი და ჩინეთი სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებაზე მუშაობენ
10 ივნისი
აზერბაიჯანის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ჰასან ჰასანლი 10 ივნისს ჩინეთის სიანის შიოუს უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა. ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა შეაჯამეს და სამომავლო ინიციატივები დასახეს.
მთავარი ყურადღება გამახვილდა ჩინურ სასწავლებელსა და აზერბაიჯანის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაღრმავებაზე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების გააქტიურებასა და ერთობლივი სამეცნიერო–კვლევითი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე.
ამავე ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის დელეგაცია ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ეწვია. უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობასთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებისა და უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის განვითარების კონკრეტული გზები განიხილეს.
აზერბაიჯან–ჩინეთის ვაჭრობა 1.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს
11 ივნისი
მიმდინარე წლის იანვარ–აპრილში აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის სასაქონლო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.1%-ით გაიზარდა და 1.514 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღნიშნულ მონაცემებს 11 ივნისს Trend News Agency აქვეყნებს.
მიმოხილვის თანახმად, ჩინეთი აზერბაიჯანის ოთხ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა და ქვეყნის საერთო სავაჭრო ბრუნვის 8.7%-ს იკავებს. საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანიდან ჩინეთში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 40.0 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო იმპორტმა ჩინეთიდან 1.47 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
მთლიანობაში, ამავე პერიოდში აზერბაიჯანის ჯამური საგარეო ვაჭრობა 17.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რის შედეგადაც ქვეყანამ 6.35 მილიარდი დოლარის დადებითი სავაჭრო ბალანსი დააფიქსირა.
ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა, სავაჭრო ურთიერთობების გარდა, აქტიურად მოიცავს ენერგეტიკის, ფინანსებისა და ტრანსპორტის სფეროებს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა „შუა დერეფნის“ განვითარების სტრატეგიულ პროექტებს.
აზერბაიჯანი ჩინეთში კვების პროდუქტების ექსპორტს მნიშვნელოვნად აფართოებს
12 ივნისი
12 ივნისს აზერბაიჯანმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებათა პაკეტს, რომელიც ჩინეთის ბაზარზე აზერბაიჯანული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის გაფართოებას ითვალისწინებს. დოკუმენტებს ხელი მოეწერა ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს თავმჯდომარე გოშგარ თაჰმაზლი ხელმძღვანელობდა.
მხარეებმა განიხილეს აზერბაიჯანული სასოფლო–სამეურნეო და კვების პროდუქტებისთვის ბაზრის ხელმისაწვდომობის გაფართოება, უსაფრთხო და ეფექტური ვაჭრობის ხელშეწყობა, ციფრული გადაწყვეტების დანერგვა და სერტიფიცირების პროცესების ურთიერთაღიარება. ასევე გაფორმდა სამი პროტოკოლი, რომლებიც ჩინეთში ველური წყლის ბიორესურსების, აკვაკულტურის პროდუქტებისა და ფრინველის ხორცის ექსპორტის წესებს არეგულირებს.
ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს სურსათის უვნებლობის კონტროლის გაძლიერებასა და რისკებზე დაფუძნებული ინსპექტირების სისტემებზე, ასევე ჩინეთის საბაჟო და მარეგულირებელ უწყებებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. შეთანხმებები მიზნად ისახავს ორმხრივი აგროტრანსპარტის და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას.
ჩინური ინვესტიცია სომხურ მედიაში
13 ივნისი
სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია, ჩინეთის მხარდაჭერით, ახალ, თანამედროვე სამაუწყებლო სტუდიას აშენებს. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინური მედიასააგენტო People’s Daily ავრცელებს.
ტელეკომპანიის სტრატეგიული პროგრამების ხელმძღვანელის, რუბენ შაჰინიანის განცხადებით, პროექტის მთავარი მიზანი საკუთარი სატელევიზიო კონტენტის გაზრდა და არხის თანამედროვე მედიაჰაბად გარდაქმნაა. პროექტის მიხედვით, ახალი კომპლექსის საერთო ფართობი 7 100 კვადრატულ მეტრს აღემატება, საიდანაც უშუალოდ გადასაღებ მოედანს 1 000 კვადრატული მეტრი დაეთმობა.
ერევანში, ნორკ–მარაშის რაიონში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანიები, „China Jiangsu International“ და „Nanjing Lopu“ ახორციელებენ. საინჟინრო ჯგუფის ხელმძღვანელის, პან სონგის თქმით, შენობის კონსტრუქციული ნაწილი უკვე დასრულებულია. აღსანიშნავია, რომ კომპლექსის ვიზუალურ კონცეფციაში ერთმანეთთანაა შერწყმული ტრადიციული ჩინური ეზოებისა და სომხური არქიტექტურის ელემენტები.
ორივე მხარის შეფასებით, ეს ტექნოლოგიური ინიციატივა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სომხური ტელემაუწყებლობის ხარისხს და ორ ქვეყანას შორის კულტურული გაცვლისა და პარტნიორობის ახალ ეტაპს ჩაუყრის საფუძველს.
ყაზახეთისა და ძიანგსუს პროვინციას შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობა ღრმავდება
14 ივნისი
ყაზახეთის პირველი ვიცე–პრემიერი ნურლიბეკ ნალიბაევი 14 ივნისს ძიანგსუს პროვინციის პარტიული კომიტეტის მდივანს, სინ ჩანგსინგს შეხვდა. მხარეებმა რეგიონული და საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს.
ნალიბაევმა ჩინეთი ყაზახეთის მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად დაასახელა და ძიანგსუს პროვინციის მაღალი ინდუსტრიული პოტენციალი აღნიშნა. ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე მრეწველობის, ინოვაციების, ლოგისტიკისა და ციფრული ეკონომიკის მიმართულებებით.
ჩინურმა მხარემ ხაზი გაუსვა ყაზახეთის სატრანზიტო მნიშვნელობას ჩინეთი–ევროპის მარშრუტზე და გამოხატა მზადყოფნა პირდაპირი ბიზნესკონტაქტების გაფართოებაზე. ასევე აღინიშნა, რომ „ცენტრალური აზია–ძიანგსუს ცენტრი“ შესაძლოა მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდეს ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების გაცვლისთვის.
ყასიმ–ჟომართ თოყაევმა სი ძინპინს დაბადების დღე მიულოცა
15 ივნისი
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ–ჟომართ თოყაევმა 15 ივნისს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს დაბადების დღე მიულოცა და ოფიციალური მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა.
თოყაევმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჩინეთის ლიდერის პირად წვლილს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში. მისი განცხადებით, პეკინისა და ასტანის ურთიერთობები მყარად ეფუძნება მეგობრობას, კეთილმეზობლობასა და ორმხრივ მხარდაჭერას.
მისალოცი წერილის დასასრულს, ყასიმ–ჟომართ თოყაევმა გამოთქვა რწმენა, რომ ყაზახეთ–ჩინეთის მრავალმხრივი პარტნიორობა მომავალშიც გაფართოვდება და ახალ, კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავა.




