საქართველომ შანხაიში, საერთაშორისო გამოფენის გახსნამდე, საზეიმო მიღება მოაწყო
25 მაისი
25 მაისს, შანხაიში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. საღამო მიეძღვნა ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში “ITB China 2026“, საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობას.
ღონისძიებას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან, პაატა კალანდაძესთან ერთად, საერთაშორისო ტურისტული სექტორისა და მედიის 700-ზე მეტი წამყვანი წარმომადგენელი დაესწრო.
საღამოს მთავარი აქცენტი ქართული კულტურისა და ტრადიციების პრეზენტაცია იყო. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები და სასმელები, ხოლო კულტურული პროგრამის კულმინაცია ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის“ გამოსვლა იყო.
„International Tourismus-Börse” (ITB) 1966 წელს დაარსდა და დღეს ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ–ერთ ყველაზე გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს. მასში ტრადიციულად მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი ტურისტული კომპანიები, საერთაშორისო ექსპერტები და სექტორის წამყვანი პირები. წელს საერთაშორისო გამოფენა შანხაიში 26-28 მაისს მიმდინარეობდა.
ჩინეთის პრემიერმა ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
26 მაისი
26 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი ციანმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
ოფიციალურ გზავნილში ჩინეთის მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკას და აღნიშნა, რომ „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ორმხრივმა თანამშრომლობამ უკვე გამოიღო ნაყოფიერი შედეგები.
ლი ციანმა მზადყოფნა გამოთქვა, ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდეს პეკინსა და თბილისს შორის არსებული კავშირები და ჩინეთ–საქართველოს ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ, უფრო მაღალ დონეზე ავიდეს. მისალოცი წერილის დასასრულს ჩინეთის პრემიერმა საქართველოს კეთილდღეობა, ხოლო ქართველ ხალხს ბედნიერება უსურვა.
შანხაიში ITB China 2026 ქართული სტენდით გაიხსნა
26 მაისი
აზიის წამყვან ტურისტულ ფორუმზე, ITB China-ზე, საქართველო წელს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. გამოფენა 26-28 მაისს მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნული სტენდის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
საქართველოს საგამოფენო სივრცე 400 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს და ვიზიტორებს საქართველოს ბუნებას, მდიდარ კულტურასა და ტურისტულ პოტენციალს ერთიან კონტექსტში აცნობს. სპეციალურ პავილიონში 30-მდე ქართული კომპანია უკვე მართავს შეხვედრებს აზიელ პარტნიორებთან ახალი ბიზნესკავშირების დასამყარებლად.
გამოფენის სტუმრებისთვის მოწყობილია ინტერაქციული სივრცეები: იმართება მასტერკლასები ქართულ კალიგრაფიასა და რეწვაში, გამოიფინება მუზეუმებში დაცული უნიკალური კოლექციების ასლები, პარალელურად კი მიმდინარეობს ტრადიციული კერძების კულინარიული შოუ და ქართული ღვინის დეგუსტაცია, რაც ჩინურ ბაზარზე ქვეყნის ცნობადობის გაზრდასა და ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას ემსახურება.
ქართული დელეგაციის შეხვედრები მსოფლიო ტურიზმის ლიდერებთან
27 მაისი
27 მაისს შანხაიში, გამოფენა ITB China-ს ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა გამართა.
საქართველოს დელეგაცია შეხვდა კომპანია Trip.com-მარკეტინგის რეგიონულ დირექტორს სუმერ ვონგს, ასევე კომპანია Messe Berlin-ის უფროს ვიცე–პრეზიდენტს დევიდ რუეთს.
შეხვედრების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა აზიისა და ჩინეთის ბაზრებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებასა და საერთაშორისო ცნობადობის გაზრდაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს მარკეტინგულ კამპანიებში თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც სამომავლოდ ქვეყანაში ტურისტული ნაკადების ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
შანხაიში ITB China 2026 დასრულდა
28 მაისი
28 მაისს შანხაიში გამართული აზიის მასშტაბური ტურისტული გამოფენა Shanghai-ში დასრულდა, სადაც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარსდგა ITB China 2026-ზე.
სამი დღის განმავლობაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა პრეზენტაციები და B2B შეხვედრები, სადაც ქვეყნის ტურისტული პოტენციალი, კულტურა, გასტრონომია და ღვინო იყო წარმოდგენილი.
საქართველოს დელეგაციამ, რომელშიც საჯარო და კერძო სექტორის 30-მდე ორგანიზაცია მონაწილეობდა, უცხოელ პარტნიორებთან ათასზე მეტი საქმიანი შეხვედრა გამართა.
Auto Import Georgia ჩინური პლატფორმა Guazi.com-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა
29 მაისი
ქართულმა ავტოიმპორტიორმა კომპანიამ Auto Import Georgia-მ ჩინეთის საავტომობილო პლატფორმა Guazi.com-თან ექსკლუზიური პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა და მისი ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში.
შეთანხმების შედეგად, ქართულ მომხმარებლებს ჩინეთის მეორადი ავტომობილების ბაზარზე პირდაპირი წვდომა ექნებათ. კომპანიის ინფორმაციით, პარტნიორობა მნიშვნელოვნად გააფართოებს იმ ავტომობილების არჩევანს, რომლებიც საქართველოში ჩინეთიდან შემოვა.
ბოლო წლებში ჩინური ავტომობილების, განსაკუთრებით ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების, პოპულარობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბაზრის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჩინურ პლატფორმასთან პირდაპირი თანამშრომლობა ქართულ ავტობაზარზე კონკურენციის ზრდასა და მომხმარებლებისთვის უფრო მრავალფეროვანი არჩევანის შექმნას შეუწყობს ხელს.
Guazi 2015 წელს დაარსდა და დღეს ჩინეთის მეორადი ავტომობილების ერთ–ერთ წამყვან პლატფორმად ითვლება, რომელიც როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირებს.
პროფესორი მარინე ჯიბლაძე მსოფლიო ჩინური ენის სწავლების ასოციაციის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრად აირჩიეს
30 მაისი
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი, სინოლოგი და პროფესორი მარინე ჯიბლაძე მსოფლიო ჩინური ენის სწავლების ასოციაციის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრად აირჩიეს.
გადაწყვეტილება 30 მაისს ჩინეთში გამართულ ასოციაციის ყრილობაზე მიიღეს. მარინე ჯიბლაძე საქართველოში ჩინური ენის სწავლების ერთ–ერთ პიონერად ითვლება. მისი ხელმძღვანელობითა და ავტორობით შექმნილია არაერთი სახელმძღვანელო, რომლებიც სტუდენტებს ენის შესწავლაში ეხმარება.
თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, 2010 წლიდან ფუნქციონირებს და საქართველოში ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
„ვილა მოსავალი“ აზიის მიმართულებით ჩინეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს
31 მაისი
ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვილა მოსავალი“ აზიის მიმართულებით, კერძოდ კი ჩინეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს და ამ ეტაპზე აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს. ამის შესახებ 31 მაისს კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, ნიკოლოზ შეყრილაძემ განაცხადა.
BM.GE-სთან საუბარში ნიკოლოზ შეყრილაძემ აღნიშნა, რომ ბრენდის პროდუქციაზე მოთხოვნა და ექსპორტი მზარდია, რასაც ხელს უწყობს როგორც მიზანმიმართული მარკეტინგული კამპანიები, ისე წლევანდელი კარგი მოსავალი.
„ვილა მოსავალი“ 2018 წლიდან ფუნქციონირებს, ხოლო აქტიურ ექსპორტს 2021 წლიდან ახორციელებს. ბრენდი კახეთში, ქართლსა და იმერეთში 110 ჰექტარ ვენახს ფლობს და წლიურად 150 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს.
სი ძინპინი: „ჩინეთი და აზერბაიჯანი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორები არიან“
25 მაისი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, სი ძინპინმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს 25 მაისს ოფიციალური მისალოცი წერილი გაუგზავნა. ჩინეთის ლიდერმა აზერბაიჯანელ კოლეგასა და ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
თავის მიმართვაში სი ძინპინმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კავშირებს და აღნიშნა, რომ ჩინეთი და აზერბაიჯანი ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ. სი ძინპინმა ასევე აღნიშნა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და გამოხატა მზადყოფნა, ილჰამ ალიევთან ერთად ძალისხმევა არ დაიშუროს მაღალი დონის კავშირების დინამიკის შესანარჩუნებლად, რაც ორივე ქვეყნის ხალხის კეთილდღეობას მოემსახურება.
წერილის დასასრულს ჩინეთის ლიდერმა მეგობარ აზერბაიჯანს წინსვლა და გაძლიერება, ხოლო მის ხალხს ბედნიერება და მშვიდობა უსურვა.
პეკინში აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა
25 მაისი
25 მაისს, ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი სუნ ლინძიანი, ოფიციალური მიწვევით, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო და ჩინეთში აზერბაიჯანის ელჩს, ბუნიად ჰუსეინოვს შეხვდა.
შეხვედრაზე სუნ ლინძიანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სტრატეგიის წყალობით, ჩინეთ–აზერბაიჯანის ურთიერთობები სწრაფად ვითარდება და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ შედეგებს აღწევს. მისივე თქმით, ჩინური მხარე მზად არის, ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის.
თავის მხრივ, ბუნიად ჰუსეინოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და ჩინეთის პრეზიდენტების მეგობრობა და ურთიერთნდობა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს.
ელჩმა ასევე დაადასტურა აზერბაიჯანის მზაობა, კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, რაც ორივე ქვეყნის ხალხს ხელშესახებ სარგებელს მოუტანს.
ვან ი ნიუ–იორკში ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა
26 მაისი
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი, 26 მაისს, ნიუ–იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.
ჩინური მხარის ცნობით, შეხვედრებისას ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებაზე, ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებასა და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში ერთობლივი პროექტების განვითარებაზე.
ამავე კონტექსტში, მხარეებმა განიხილეს სავაჭრო–ეკონომიკური კავშირების ზრდის ტენდენციები და ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სატრანსპორტო მიმართულებებით თანამშრომლობის პოტენციალი.
ოფიციალური განცხადებების მიხედვით, ორივე ქვეყანა პარტნიორობას ახასიათებს როგორც სტაბილურად მზარდ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას, რომელიც ეფუძნება ურთიერთნდობასა და გრძელვადიან თანამშრომლობას.
ჩინური ბიზნესდელეგაციის ვიზიტი ერევანში
25 მაისი
25 მაისს ერევანს ჩინეთის მსხვილი ბიზნესდელეგაცია ეწვია, რომელიც „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პლატფორმების ხელმძღვანელებსა და სხვადასხვა სექტორის ლიდერებს აერთიანებს.
ჩინური დელეგაცია „საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობების“ (IBRS) წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მხარეებმა ერთობლივი პროექტები, საინვესტიციო გარემო და ორმხრივი ეკონომიკური და ტექნოლოგიური კავშირების გაღრმავება განიხილეს. IBRS-ში აცხადებენ, რომ ჩინეთი სომხეთისთვის სტრატეგიული ბაზარია, რომელიც ადგილობრივ მწარმოებლებს ექსპორტის გაფართოებისა და გლობალურ არენაზე გასვლის დიდ შესაძლებლობებს აძლევს.
ეს ვიზიტი ემთხვევა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მკვეთრ გააქტიურებას: სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში სომხეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობა 19.6%-ით გაიზარდა და $701.7 მილიონს მიაღწია. ამ პერიოდში სომხური ექსპორტი 2.3-ჯერ გაიზარდა და $251.3 მილიონი შეადგინა, ხოლო იმპორტი 6.1%-ით შემცირდა. ჩინური ბიზნესის მიმდინარე მისია სწორედ ამ ახალი, მზარდი დინამიკის გამყარებას ისახავს მიზნად.
კონფუცის ინსტიტუტის დირექტორთა მოსამზადებელი პროგრამა წარმატებით დასრულდა
25 მაისი
„ჩინეთის საერთაშორისო ჩინური განათლების ფონდის“ ორგანიზებითა და სიამენის უნივერსიტეტის მასპინძლობით, 2026 წლის პირველი ნახევრის კონფუცის ინსტიტუტის ჩინელი დირექტორების მოსამზადებელი კურსი 25 მაისს დასრულდა.
12-დღიან ინტენსიურ პროგრამაში ჩინეთის 49 პარტნიორი უნივერსიტეტიდან 55 მომავალი დირექტორი მონაწილეობდა, რომლებიც უახლოეს ხანში მსოფლიოს 38 ქვეყანაში დაიწყებენ მოღვაწეობას.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს ინსტიტუტის მართვის სპეციფიკა, კროსკულტურული კომუნიკაცია, ხელოვნური ინტელექტის როლი ენის სწავლებაში და კრიზისების მართვა. გამოსაშვებ ცერემონიაზე ახალმა ხელმძღვანელებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ კულტურულ დიალოგსა და საერთაშორისო ჩინური განათლების მაღალხარისხიან განვითარებას.
ფონდის გენერალურმა მდივანმა, ჟაო ლინგშანმა, თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა დირექტორების წამყვან როლს ორგანიზაციის განვითარებაში და აღნიშნა, რომ ახალ ეპოქაში მათგან მაქსიმალური ინიციატივა, ანალიტიკური აზროვნება და ეფექტური მართვაა საჭირო, რისთვისაც ფონდი მუდმივ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
ტაშკენტმა ჩინეთში 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო შეთანხმებები გააფორმა
28 მაისი
28 მაისს ტაშკენტის დელეგაციამ ჩინეთის ქალაქ სიანში გამართულ უზბეკურ–ჩინურ ინტერრეგიონულ ფორუმზე პარტნიორებთან 3,5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო შეთანხმებები გააფორმა.
მხარეებმა განიხილეს ურბანული ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, მშენებლობის, გარემოს დაცვისა და მრეწველობის პროექტები, განსაკუთრებული აქცენტით საზოგადოებრივი სივრცეების, სატრანსპორტო სისტემებისა და საინჟინრო გადაწყვეტილებების განვითარებაზე.
პარალელურად, გაფორმდა 130 მილიონი დოლარის ღირებულების შეთანხმებები ინდუსტრიული ზონა „იანგი ავლოდის“ განვითარების მიზნით, რომელშიც მონაწილეობენ კომპანიები Jwise, Zhongke Honghu, CAS Cloud და UMGG. პროექტი მიზნად ისახავს საწარმოო–ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვას.
ფორუმის ფარგლებში ასევე გაფორმდა საექსპორტო ხელშეკრულებები, მათ შორის 150 მილიონი დოლარის ღირებულების უზბეკური საიუველირო ნაწარმის მიწოდებაზე, ხოლო დამატებით დაგეგმილია 5 მილიონი დოლარის ბამბის ძაფისა და 1 მილიონი დოლარის ვერცხლის კონცენტრატის ექსპორტი.
ტაშკენტი–სამარყანდის ახალი ავტომაგისტრალი $2.185 მილიარდის ინვესტიციით აშენდება
28 მაისი
28 მაისს უზბეკეთში დასრულდა ტენდერი ტაშკენტისა და სამარყანდის დამაკავშირებელი 282-კილომეტრიანი ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობაზე. გამარჯვებულად ჩინური კომპანია დასახელდა.
ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვის განცხადებით, პროექტის მოსამზადებელი ეტაპი უკვე დასრულებულია. კონტრაქტის გაფორმება ივნისში იგეგმება, ხოლო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყება. ახალი ავტომაგისტრალი ოთხ რეგიონს გაივლის და მისი განხორციელება ოთხ ეტაპად არის დაგეგმილი. პროექტის პირველი მონაკვეთი, ტაშკენტი–სირდარიას მიმართულება, ექსპლუატაციაში ყველაზე ადრე შევა.
პროექტის საერთო ღირებულების 85% უცხოელი კრედიტორებისგან ფინანსდება, მათ შორის სამი ჩინური ბანკის მონაწილეობით, China Development Bank-ის, Exim Bank of China-ისა და Bank of Communications-ისგან. დარჩენილ 15%-ს უზბეკეთის სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს. გარდა ამისა, პროექტის შეუფერხებელი დაფინანსებისთვის განიხილება დაახლოებით $200 მილიონი მოცულობის ერთწლიანი სესხი.
პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის განკარგულებით, მშენებლობის ხარისხს დამოუკიდებელი საერთაშორისო კომპანია გააკონტროლებს. ასევე იგეგმება, რომ გზის გამოყენების ტარიფები მოსახლეობის გადახდისუნარიანობის გათვალისწინებით განისაზღვროს.
უზბეკეთის იმპორტში ჩინეთი ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს
31 მაისი
უზბეკეთის საგარეო ვაჭრობაში 2026 წლის პირველ ოთხ თვეში ჩინეთმა იმპორტის უდიდესი წილი შეინარჩუნა, იუწყება Trend News Agency 31 მაისს უზბეკეთის ეროვნული სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით.
იანვარ–აპრილის პერიოდში ქვეყნის საერთო იმპორტმა 16.3 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ასახავს მზარდ მოთხოვნას სამრეწველო აღჭურვილობაზე, სამომხმარებლო საქონელზე, ნედლეულსა და ტექნოლოგიურ პროდუქციაზე. მონაცემების მიხედვით, ჩინეთი კვლავ რჩება უზბეკეთის იმპორტის მთავარ წყაროდ.
ანალიტიკოსების შეფასებით, იმპორტის ამგვარი განაწილება ასახავს უზბეკეთის ეკონომიკის მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესს და გლობალურ მიწოდების ჯაჭვებზე მის მზარდ დამოკიდებულებას, პარალელურად კი ქვეყნის მცდელობას, გააფართოოს სავაჭრო პარტნიორების წრე.




