ვაშინგტონს, პეკინსა და ტაიბეის შორის მორიგი დიპლომატიური დაძაბულობის ტალღა აგორდა, რაც ტიანანმენის მოედანზე 1989 წლის ტრაგიკული მოვლენების 37-ე წლისთავს უკავშირდება, თარიღს, რომელსაც სამივე მხარე რადიკალურად განსხვავებული პოზიციიდან აფასებს.
ურთიერთობების გამწვავების სათავედ აშშ–ის მწვავე კრიტიკა იქცა. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ვერანაირი სახელმწიფო ცენზურა ვერ შეძლებს იმ მეხსიერების წაშლას, რომელიც 1989 წლის 3-4 ივნისს ჩინეთის არმიის მიერ პრო–დემოკრატიული აქციების ძალისმიერ დარბევას უკავშირდება.
ამ განცხადებას პეკინის მხრიდან მყისიერი და მკაცრი რეაქცია მოჰყვა: ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ ისტორიული ფაქტების მიზანმიმართულ დამახინჯებასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.
ჩინეთის ოფიციალური პოზიციით, 1980-იანი წლების ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე ქვეყანას უკვე ჩამოყალიბებული აქვს „მკაფიო შეფასება“, ვაშინგტონის განცხადებები კი შეფასდა როგორც პოლიტიკური პროვოკაცია და ჩინეთის სახელმწიფო სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაცია.
გეოპოლიტიკურ პოლემიკას არც ტაივანის ხელმძღვანელობა ჩამორჩენია. კუნძულის პრეზიდენტმა ლაი ჩინგ–ტემ პეკინს მოუწოდა, საბოლოოდ გაუსწოროს თვალი ისტორიულ რეალობას და აღიაროს სიმართლე, რაც მისი თქმით, რეგიონში დაძაბულობის შემცირების, შერიგებისა და სამომავლო დიალოგის ერთადერთი სწორი გზაა.
მხარეთა ურთიერთსაპირისპირო განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ტიანანმენის მოვლენები მხოლოდ ისტორიულ მეხსიერებას აღარ ეკუთვნის და ისინი დღემდე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფაქტორად რჩება აშშ–ს, ჩინეთსა და ტაივანის ურთიერთობებში.




