ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყირგიზეთში (20 – 26 აპრილი)

საქართველო

თბილისი პეკინთან ციფრული თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობს

21 აპრილი

21 აპრილს თბილისში ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორმა ჭუანგ ჟუნგვენმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა. მას საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შეხვდნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ეკონომიკური კავშირების განვითარებასა და ციფრული ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობაზე.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბის, როლის გაძლიერებას და მასშტაბური მონაცემთა ცენტრების განვითარების მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობასაც, რაც ბოლო პერიოდში საქართველოჩინეთის ოფიციალური შეხვედრების ერთერთ აქტიურ თემად გამოიკვეთა.

21 აპრილს ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორი საქართველოს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასაც შეხვდა. შეხვედრაზე კიბერუსაფრთხოებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, მობილური აპლიკაციების დანერგვასა და ციფრული პროექტების განვითარებას.

ჭუანგ ჟუნვენის ვიზიტი აჩვენებს, რომ ოფიციალური თბილისი ციფრულ სფეროში პეკინთან თანამშრომლობის გაფართოებას ცდილობს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ უწყება, რომლის წარმომადგენელსაც საქართველოს მინისტრები შეხვდნენ, ჩინეთის კომუნისტური პარტიის სახელმწიფო ცენზურისა და ციფრულ სივრცეზე ავტორიტარული კონტროლის ერთერთი მთავარი ინსტრუმენტია.

საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებაზე შეთანხმდნენ

22 აპრილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი 22 აპრილს პეკინში ჩინეთის კომერციის მინისტრს, ვანგ ვენთაოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს საქართველოჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც თანამედროვე სავაჭრო გარემოსთან ადაპტაციას, განსაზღვრული თანამშრომლობის სფეროების კონკრეტიზაციას და ახალი მიმართულებების დამატებას ითვალისწინებს.

ჩინეთის კომერციის სამინისტროს ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრაზე ჩინეთთან თანამშრომლობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად დაასახელა და ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის, ნავთობისა და გაზის განვითარების, ავტომობილების წარმოების, პორტის ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის მიმართულებებით თანამშრომლობის გაფართოების ინტერესს.

პეკინი აღნიშნავს, რომ იგი მზად არის საქართველოსთან სავაჭროეკონომიკური და საინვესტიციო კავშირები გააღრმაოს.

ქვრივიშვილი NDRC-ის წარმომადგენელს შეხვდა: აქცენტი ინვესტიციებსა და შუა დერეფანზე

23 აპრილი

23 აპრილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომიტეტის (NDRC) თავმჯდომარის მოადგილე ჭოუ ჰაიბინს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეები საქართველოჩინეთს შორის ინვესტიციების მოსაზიდად დიალოგის მექანიზმის შექმნაზე შეთანხმდნენ. აღნიშნული მექანიზმი განსაკუთრებულ აქცენტს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში ჩინურ ინვესტიციებზე გააკეთებს.

ამავე შეხვედრაზე განიხილეს შუა დერეფნის საკითხი და საქართველოს, როგორც ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ქვეყნის, როლი. ამ კონტექსტში ანაკლიის პორტი დასახელდა სტრატეგიულ პროექტად, რომელსაც მნიშვნელობა ექნება როგორც საქართველოჩინეთის თანამშრომლობისთვის, ისე შუა დერეფნის პარტნიორი სახელმწიფოებისთვის.

ანაკლიის პორტის საკითხს ოფოციალურ შეხვედრამდე საქართველოს პრემიერმინისტრიც გამოეხმაურა, როდესაც ჟურნალისტების მიერ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა:

ყველა თემაზე იქნება საუბარი, მათ შორის, ანაკლიის თემაზეც. ბუნებრივია, ესეც არის ამ ვიზიტის ერთერთი მიზანი. მოლაპარაკებები გრძელდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს მნიშვნელოვან სტრატეგიულ და ინფრასტრუქტურულ პროექტად მიიჩნევა. 2024 წელს პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში საბოლოო წინადადება ჩინურსინგაპურულმა კონსორციუმმა წარადგინა, თუმცა შეთანხმების შესახებ ოფიციალური განახლება ამ დრომდე არ გავრცელებულა.

ქვრივიშვილის ვიზიტი ჩინეთში: ავიაცია, ენერგეტიკა და ტექნოლოგიური თანამშრომლობა

25 აპრილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა 21-25 აპრილს ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ავიაციის, ენერგეტიკის, ტექნოლოგიებისა და ციფრული ეკონომიკის მიმართულებებით გამართა.

ვიზიტის ერთერთი პრაქტიკული შედეგი ავიაციის სფეროში გამოიკვეთა. ქვრივიშვილსა და China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შედეგად, ავიაკომპანია 15 ივლისიდან შანხაითბილისიშანხაის პირდაპირ რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს.

პარალელურად, ქართულმა დელეგაციამ China Southern Airlines-თან პეკინითბილისის და ჩინეთის სხვა ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყების შესაძლებლობა განიხილა. შეხვედრებზე ყურადღება სატვირთო გადაზიდვებსაც დაეთმო, მათ შორის შუა დერეფნის ფარგლებში რეგიონული სატვირთო ჰაბის განვითარებასა და China Southern Cargo-სთვის საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე წვდომის შესაძლებლობას.

ვიზიტის ფარგლებში ქვრივიშვილი ჩინეთის სახელმწიფო კომპანია China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარე ვანგ იუტაოს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე, Geo-Jade Petroleum Corporation-თან გამართულ შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ კომპანიას საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი ტექნოლოგიურ მიმართულებასაც დაეთმო. მარიამ ქვრივიშვილი Xiaomi Corporation-ის საერთაშორისო სამთავრობო ურთიერთობების დირექტორ საიმონ დუს შეხვდა და კომპანიასთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.

ვიზიტის ფარგლებში დაწყებული მოლაპარაკებები ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. პროცესის შემდგომი ეტაპი მხარეების მიერ განხილული ინიციატივების პრაქტიკულ იმპლემენტაციას გულისხმობს.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი და ჩინეთი WUF13-ის ფარგლებში თანამშრომლობაზე მსჯელობენ

21 აპრილი

აზერბაიჯანის სახელმწიფო ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურის კომიტეტის თავმჯდომარე ანარ გულიევი 21 აპრილს ჩინეთის ელჩს აზერბაიჯანში, ლუ მეის შეხვდა.

მხარეებმა აზერბაიჯანჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ბაქოში დაგეგმილი ურბანული განვითარების მსოფლიო ფორუმის, WUF13-ის, ფარგლებში ჩინეთის მონაწილეობის საკითხი განიხილეს.

WUF13 ბაქოში 2026 წლის 17-22 მაისს გაიმართება, სახელწოდებითმსოფლიოს საცხოვრებლით უზრუნველყოფა: უსაფრთხო და მდგრადი ქალაქები და თემები“. ფორუმის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ურბანიზაციის, საცხოვრებლის კრიზისის, უსაფრთხო და მდგრადი ქალაქების, კლიმატური რისკებისა და ინკლუზიური ურბანული დაგეგმვის საკითხებზე.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ფორუმის ფარგლებში მოსალოდნელია მაღალი დონის დელეგაციების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების ფართო მონაწილეობა.

შეხვედრა აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაფართოების მცდელობას ასახავს ინფრაატურქტურისა და ურბანული განვითარების მიმართულებით.

SOCAR-მა და ჩინურმა BGP Inc.-მა თანამშრომლობის გაფართოებაზე იმსჯელეს

22 აპრილი

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, SOCAR-ის პრეზიდენტი როვშან ნაჯაფი 22 აპრილს ჩინური BGP Inc.-ის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს, რენ ვენძიუნს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე პროექტები, საოპერაციო ეფექტიანობის გაუმჯობესება და თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრაზე SOCAR-მა და BGP Inc.-მა ხაზი გაუსვეს კომპანიებს შორის ხანგრძლივ თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა Caspian Geo-ზეც, SOCAR-ისა და BGP Inc.-ის ერთობლივ საწარმოზე, რომელიც კასპიის რეგიონში მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით სეისმური კვლევების ჩატარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

აღნიშნული შეხვედრა აზერბაიჯანჩინეთის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

აზერბაიჯანში ჩინური კომპანიების მონაწილეობით ავტომობილების წარმოება იგეგმება

23 აპრილი

განჯის საქალაქო აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის, ნიაზი ბაირამოვის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანული დელეგაცია ჩინეთს 23 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში განჯის საავტომობილო ქარხნის საწარმოო გაერთიანებამ ორ ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობის შეთანხმებები გააფორმა.

CLW Chengli Group-თან გაფორმებული შეთანხმება აზერბაიჯანში კომერციული ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. მეორე შეთანხმება კი Shaanxi Automobile Group Commercial Vehicle Co. Ltd.-თან, იგივე SAGMOTO-სთან, გაფორმდა და აზერბაიჯანში კომერციული ავტომობილების აწყობას მოიცავს.

დოკუმენტებს ხელი მოაწერეს განჯის საავტომობილო ქარხნის საწარმოო გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ხანლარ ფატიევმა, CLW Chengli Group-ის გენერალურმა მენეჯერმა და SAGMOTO- გენერალური დირექტორის მოადგილემ.

ხელმოწერის ცერემონიამდე გამართულ შეხვედრებზე ნიაზი ბაირამოვმა აზერბაიჯანში შექმნილ ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა. შეხვედრებზე ასევე წარადგინეს ვიდეომასალები განჯის ქალაქისა და ჩინური კომპანიების საქმიანობის შესახებ.

აზერბაიჯანმა და ჩინეთმა ლოგისტიკისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობა განიხილეს

23 აპრილი

აზერბაიჯანის ციფრული განვითარების და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი 23 აპრილს ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ჟუანგ ჟონგვენს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობა განიხილეს.

AZERTAC-ის ცნობით, მხარეებმა იმსჯელეს საინფორმაციოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო კიბერუსაფრთხოებას, კვლევით თანამშრომლობას, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერებას.

აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარემ ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უმასპინძლა

23 აპრილი

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა 23 აპრილს ჩინეთის სახელმწიფო ინტერნეტინფორმაციის ოფისის ხელმძღვანელს, ჟუანგ ჟონგვენს შეხვდა. მხარეებმა აზერბაიჯანჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა და ციფრული მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის, ვაჭრობის, მწვანე ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში თანამშრომლობაზე.

გაფაროვამ ისაუბრა აზერბაიჯანში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციის პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ მილი მეჯლისი შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბებაში მონაწილეობს.

ჩინური მხარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პეკინი მზად არის აზერბაიჯანთან თანამშრომლობა გააფართოოს ინტერნეტის, კიბერუსაფრთხოების, ციფრული ეკონომიკისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

აზერბაიჯანმა და ჩინეთმა დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს

24 აპრილი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი ჰიქმეთ ჰაჯიევი 24 აპრილს ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის მინისტრს, ჟუანგ ჟონგვენს შეხვდა. მხარეებმა ციფრული განვითარების, სოციალური მედიისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობა განიხილეს.

Trend-ის ცნობით, ჰაჯიევმა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საკუთარ X-ის გვერდზე გაავრცელა. მისი განცხადებით, აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მხარეებმა ასევე დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხზე იმსჯელეს.

შეხვედრა აზერბაიჯანჩინეთის თანამშრომლობის ციფრული და საინფორმაციო უსაფრთხოების მიმართულებებს უსვამს ხაზს.

სომხეთი

ფაშინიანმა ჩინეთი სომხეთისდაბალანსებული საგარეო პოლიტიკისკონტექსტში ახსენა

20 აპრილი

20 აპრილს სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მმართველი პარტიის, „სამოქალაქო შეთანხმების“, საარჩევნო პროგრამის წარდგენისას ჩინეთი სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთერთ მნიშვნელოვან მიმართულებად დაასახელა.

ფაშინიანის თქმით, სომხეთმა ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახელმწიფოსთან სტრატეგიული პარტნიორობის, დიალოგისა და თანამშრომლობის ფორმატები ჩამოაყალიბა. ამ კონტექსტში მან ჩინეთიც ახსენა და აღნიშნა, რომ აღნიშნული მიდგომა სომხეთისდაბალანსებული და დამაბალანსებელისაგარეო პოლიტიკის ნაწილია.

პრემიერის გამოსვლაში ყურადღება დაეთმო რეგიონული კავშირების გაძლიერებასაც. პროგრამაში საუბარია სატრანზიტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის TRIPP-ის პროექტზე, ყარსიგიუმრის რკინიგზასა დამშვიდობის გზაჯვარედინისკონცეფციაზე.

ფაშინიანის გზავნილი მიუთითებს, რომ ერევანი ჩინეთთან ურთიერთობას განიხილავს არა მხოლოდ ორმხრივი თანამშრომლობის, არამედ უფრო ფართო საგარეოპოლიტიკური და სატრანზიტო დღის წესრიგის ნაწილად.

სომხეთის ვიცეპრემიერი ჩინეთის ელჩს შეხვდა

22 აპრილი

22 აპრილს სომხეთის ვიცეპრემიერმა, მჰერ გრიგორიანმა ჩინეთის ელჩი სომხეთში, ლი სინვეი მიიღო.

სომხეთის მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სომხეთსა და ჩინეთს შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს. გრიგორიანმა აღნიშნა, რომ ორმხრივ ურთიერთობებშიახალი ჰორიზონტებიგაიხსნა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სომხეთისმშვიდობის გზაჯვარედინისპროექტისა და ჩინეთისსარტყელი და გზისინიციატივის შესაძლო თანხვედრაზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სავაჭროეკონომიკური თანამშრომლობის ზრდას და ბიზნესკავშირების გააქტიურების საჭიროებას.

ყირგიზეთი

 

ყირგიზეთმა ჩინეთს ტორუგარტის გამშვები პუნქტის 24-საათიან რეჟიმზე გადასვლა შესთავაზა

21 აპრილი

21 აპრილს ყირგიზეთისა და ჩინეთის საბაჟო უწყებების წარმომადგენლებმა ყირგიზეთჩინეთის საზღვარზე გამტარუნარიანობის გაზრდის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე მხარეებმა სასაზღვროგამშვები პუნქტების გამტარუნარიანობის გაზრდის გზები განიხილეს. ამ კონტექსტში, ყირგიზეთმა ჩინეთს ტორუგარტის გამშვები პუნქტის ჩინური მხარის 24-საათიან რეჟიმზე გადასვლა შესთავაზა, რაც ბიშკეკის შეფასებით, ტვირთნაკადების დაჩქარებასა და სავაჭროლოგისტიკური კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

მხარეებმა ასევე განიხილეს საბაჟო პროცედურების გამარტივება და სასაზღვრო პუნქტებზე საკოორდინაციო მექანიზმების გაუმჯობესება. საუბარი შეეხო დამატებითი მეკავშირე ოფიცრების ჩართვასაც, რაც ოპერატიულ კომუნიკაციასა და სასაზღვრო პროცესების უკეთ კოორდინაციას უნდა დაეხმაროს.

ყირგიზეთჩინეთის საზღვარზე გამტარუნარიანობის გაზრდა ბიშკეკისთვის მნიშვნელოვანია რეგიონული სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერების ფონზე. ტორუგარტისა და ირკეშტამის მიმართულებები ყირგიზეთისთვის ჩინეთთან ვაჭრობისა და ცენტრალური აზიის სატრანსპორტო კავშირების ერთერთ ძირითად არხად რჩება.

ჩინელმა ინვესტორებმა ყირგიზეთში სამართლებრივი დაცვისა და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფა მოითხოვეს

21 აპრილი

21 აპრილს ყირგიზეთის ეროვნული საინვესტიციო სააგენტო ჩინური კომპანიების, Guipai Holding Group-ის, Hunan Jingwei Real Estate Development Co.-ისა და Tengri Invest LLC-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამშენებლო, უძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს. ჩინელმა ინვესტორებმა ყურადღება გაამახვილეს საინვესტიციო გარემოს სტაბილურობაზე და ყირგიზეთის მხარეს სამართლებრივი დაცვის მექანიზმებისა და სახელმწიფო გარანტიების უზრუნველყოფა სთხოვეს.

ყირგიზეთისთვის ჩინური ინვესტიციების მოზიდვა ინფრასტრუქტურული და ურბანული განვითარების მიმართულებით ეკონომიკური თანამშრომლობის ერთერთ მნიშვნელოვან კომპონენტად რჩება.

ყირგიზეთმა და ჩინეთმა საავტომობილო გადაზიდვების საკითხები განიხილეს

22 აპრილი

22 აპრილს ბიშკეკში ყირგიზეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ალმაზ ტურგუნბაევი ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ლი იანგს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი საავტომობილო გადაზიდვების განვითარება და ახალი ლოგისტიკური მარშრუტების გაძლიერება განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყირგიზეთის შესაძლო მონაწილეობას ჩინეთირუსეთიმონღოლეთის აზიური საავტომობილო გზების სატრანსპორტო ჩარჩოში, ჩინეთის ტერიტორიაზე არაგაბარიტული ტვირთების გადაადგილებისთვის სპეციალურ ნებართვებს, ასევე ყირგიზული სამგზავრო ავტომობილების ჩინეთში შესვლისა და ყირგიზეთში ჩინური ტაქსების ოპერირების საკითხებს.

ბიშკეკისთვის ეს მიმართულებები მნიშვნელოვანია ჩინეთთან სატრანსპორტო კავშირების გაფართოებისა და რეგიონული ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერების კონტექსტში.

ყირგიზეთმა ჩინურ Gansu Feitian-თან საინვესტიციო თანამშრომლობა განიხილა

22 აპრილი

22 აპრილს ყირგიზეთის ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ ჩინურ Gansu Feitian International Trading Company-სთან საინვესტიციო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო შესაძლო პროექტებს სამთო მოპოვების, ტრანსპორტის, ურბანული ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, წყლის რესურსების, მრეწველობისა და ლოგისტიკის მიმართულებით. მხარეებმა ასევე იმსჯელეს საჯაროკერძო პარტნიორობის მექანიზმებზე, საგადასახადო შეღავათებსა და თავისუფალი ეკონომიკური ზონების გამოყენების შესაძლებლობაზე.

ბიშკეკისთვის მსგავსი მოლაპარაკებები ჩინური კაპიტალის მოზიდვისა და ინფრასტრუქტურულეკონომიკური პროექტების გაფართოების ნაწილია.

ჩინეთიყირგიზეთიუზბეკეთის რკინიგზის პროექტს ეკოლოგიური რისკების გამო აკრიტიკებენ

23 აპრილი

23 აპრილს რეგიონულმა მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩინეთიყირგიზეთიუზბეკეთის რკინიგზის პროექტი ეკოლოგიური რისკების გამო ყურადღების ცენტრში მოექცა.

კრიტიკა განსაკუთრებით ეხება ყირგიზეთის მაღალმთიან რეგიონებში თოვლის ლეოპარდის ჰაბიტატზე შესაძლო ზემოქმედებას. გარემოსდამცველების შეფასებით, სარკინიგზო მარშრუტმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰაბიტატის ფრაგმენტაცია, ეკოსისტემის დარღვევა და ველური ბუნების გადაადგილების შეზღუდვა.

პროექტის მიმართ გამოთქმული შენიშვნები აჩენს მოთხოვნას, რომ ინფრასტრუქტურული განვითარება უფრო მკაფიო გარემოსდაცვითი გარანტიებითა და დამატებითი დაცვის მექანიზმებით წარიმართოს.

ყირგიზეთმა და შანდონის პროვინციამ სამრეწველო თანამშრომლობა განიხილეს

24 აპრილი

24 აპრილს ყირგიზეთის ოფიციალური პირები ჩინეთის შანდონის პროვინციის დელეგაციას შეხვდნენ. მხარეებმა მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების, სამრეწველო მოდერნიზაციის, ერთობლივი ინდუსტრიული პარკების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს.

შეხვედრის შედეგად, მხარეებმა ორ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ერთი მათგანი ინდუსტრიალიზაციას, ახალი საწარმოო ხაზების შექმნასა და მაღალტექნოლოგიური კლასტერების განვითარებას ეხება, მეორე კი პროფესიულ მომზადებას, საინჟინრო კადრების გადამზადებასა და შანდონში სტაჟირების შესაძლებლობებს ითვალისწინებს.

ბიშკეკისთვის შანდონთან თანამშრომლობა ჩინური ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის სამრეწველო პოტენციალის გაძლიერების კიდევ ერთ მიმართულებად განიხილება.

ყირგიზეთმა PowerChina-სთან ჰიდროენერგეტიკის პროექტები განიხილა

24 აპრილი

24 აპრილს ყირგიზეთის ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ ჩინური PowerChina- დელეგაციასთან ენერგეტიკული თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მსხვილ ჰიდროენერგეტიკულ პროექტებზე, განახლებადი ენერგიის განვითარებასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოზიდვაზე. მხარეებმა ასევე იმსჯელეს მომავალ ერთობლივ პროექტებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

ბიშკეკისთვის ჩინურ კომპანიებთან ენერგეტიკული თანამშრომლობა ქვეყნის საინვესტიციო პორტფელის გაფართოებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერების ერთერთ მიმართულებად რჩება.

ყირგიზეთმა ჩინეთის გავლით ყარაჩის პორტამდე სატრანსპორტო მარშრუტი გამოსცადა

25 აპრილი

25 აპრილს ყირგიზეთმა ახალი საპილოტე სატრანსპორტო მარშრუტი გამოსცადა, რომელიც ბიშკეკს ჩინეთისა და პაკისტანის გავლით ყარაჩის პორტთან აკავშირებს.

მარშრუტი მოიცავს მიმართულებას ბიშკეკიტორუგარტიქაშგარიხუნჯერაბიისლამაბადიყარაჩი და დაახლოებით 3 300 კილომეტრს შეადგენს. მისი მიზანია ყირგიზეთისთვის საზღვაო პორტებზე წვდომის გაფართოება და ჩინეთისა და პაკისტანის გავლით სავაჭროლოგისტიკური კავშირების გაძლიერება.

ბიშკეკისთვის მსგავსი სატრანსპორტო დერეფნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდისა და რეგიონულ სავაჭრო ქსელებში უფრო აქტიური ჩართვისთვის.

Scroll to Top