Civicidea

საქართველოს „ვალი” და ამერიკა

საქართველოს ხშირად რუსეთის „ახლო სამეზობლოში“ ამერიკის პროექტს უწოდებენ. მართლაც, თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობებს გეოპოლიტიკური  ქარტეხილები არ შეხებია; ის ერთგვარ განყენებულ, დამოუკიდებელ კონსტანტად ჩამოყალიბდა იმ ფონზე, როცა ბაქოს, ერევნის, კიევის, თეირანისა და ანკარის  ურთიერთობები აშშ-თან მრავალ გამოცდას გადიოდა. შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შედეგებს ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ცხოვრებაში ყოველდღიურად ვხედავთ. საქართველოს ინსტიტუტები, სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, მოდერნიზებული თავდაცვისა თუ განათლების სისტემა, პოლიტიკური   და  ეკონომიკური რეფორმები სწორედ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის დამსახურებაა. ამ პარტნიორობას საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ დღეებში ჩაეყარა საფუძველი, როცა თბილისის ქუჩები ჯერაც დენთის სუნით იყო გაჟღენთილი.

საბჭოთა იმპერიაში ქართველები ჩაგრული უმცირესობა ვიყავით, შეერთებული შტატების სახით კი ისეთი მოკავშირე შევიძინეთ, რომელიც ჩვენს სურვილებსა და მისწრაფებებს არ ზღუდავდა. ხშირად ამბობენ, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც იდეაზე აღმოცენდა და არა  საერთო წარმომავლობასა და კულტურაზე. „ეს ჩვენთვის თავისთავადი ჭეშმარიტებაა”, – აცხადებს-ხოლმე პრეზიდენტი ბაიდენი. თვითრეალიზაციისა და ოცნებების ახდენის ამერიკული იდეა ყველას ეკუთვნის. საკუთარი „ამერიკული ოცნების” ასრულებისათვის ბრძოლა იქ ყველას შეუძლია.

მახსენდება ედუარდ შევარდნაძის სიტყვები: „ის, რომ საქართველომ შედარებით უმტკივნეულოდ გადაიტანა საბჭოთა კავშირის დაშლა და ქაოსი და დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი შეინარჩუნა,და საერთოდ გადარჩა როგორც სახელმწიფო, სწორედ ამერიკის დამსახურებაა“. მართლაც, ამერიკის დახმარებას საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. 1990-იანებსა და 2000-იანი წლების დასაწყისში, როცა ამერიკა „პოსტსაბჭოთა ევრაზიასთან“ კავშირებს აყალიბებდა, ამ დაინტერესებას დიდი იმედით შევყურებდით. დახმარების პაკეტები ამერიკული მასშტაბებისათვის მოკრძალებული იყო, თუმცა მათ უდიდესი ეფექტი ჰქონდა. მსოფლიოს ამ ნაწილში დახარჯული ყოველი მილიონი ამერიკის მიერ თითოეულ ჩვენგანზე აღებულ გეოპოლიტიკურ პასუხისმგებლობას ნიშნავდა. შეერთებული შტატები გვეხმარებოდა, რათა ჩვენი მიზნებისათვის თავადვე მიგვეღწია (როგორც ელჩი დეგნანისაგან შევიტყვე, აშშ-მა საქართველოს თითქმის 6 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება გაუწია, სხვა სახის მხარდაჭერასთან ერთად).

მახსენდება, 1998 წელს, ელჩის რანგში, სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევით, ვაშინგტონში უზბეკეთისათვის ამერიკის მთავრობის დახმარების  პირველი, 31-მილიონიანი პაკეტის დამტკიცების საზეიმო ცერემონიას დავესწარი. ღონისძიებას რიჩარდ მორნინგსტარი მასპინძლობდა, რომელიც იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო მრჩეველი და პოსტსაბჭოთა სივრცის ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების დახმარების საკითხებში სახელმწიფო მდივანი გახლდათ. ცერემონიის საპატიო სტუმარი მაშინდელი პირველი ლედი, ჰილარი კლინტონი იყო.  მორნინგსტარმა ცერემონია მოკლე და ემოციური სიტყვით გახსნა. ამას მოჰყვა პირველი ლედის გამოსვლა, რომელმაც ამერიკის ძლიერებასა და გულუხვ დახმარებაზე ისაუბრა. ბუნებრივია, მთავარი მომხსენებელი უზბეკეთის ელჩი და ჩემი ახლო მეგობარი, სოდიკ საფოევი იყო.  მოულოდნელად, რიჩარდ მორნინგსტარმა ცერემონიაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა მე მთხოვა. დიპლომატებს მოუმზადებლად გამოსვლა არ გვიყვარს, მაგრამ უარის თქმა, ჩემი მხრიდან, არადიპლომატიური და არამეგობრული იქნებოდა.

სოდიკის მსგავსად,  აშშ-ის მთავრობას გულუხვი დახმარებისათვის მადლობა გადავუხადე და პირად ნაწილზე გადავედი. პირადი, ამ შემთხვევაში, პოლიტიკურზე იყო გადაჯაჭვული. ვისაუბრე ჩემს ვაჟზე, ნიკაზე, რომელიც 1994 წლიდან (როდესაც აშშ-ში ჩავედით) ერთი რიგითი ამერიკელი გარეუბნელი მოზარდივით იზრდებოდა და ვაშინგტონის საშუალო სკოლაში მალე გამოსაშვებ გამოცდებს ჩააბარებდა. აშშ-ის მრავალმილიარდიან დახმარებას, რომელმაც, ფაქტობრივად, ახლადშექმნილ საქართველოს რესპუბლიკას ჩაუყარა საფუძველი, ნიკას ამერიკული გამოცდილებაც დავუმატე. მაინტერესებდა, შეძლებდა თუ არა ჩვენი შვილების ან მათი მომდევნო თაობა, ოდესმე ამერიკის ვალი გადაეხადა. ვისურვე, ჩვენი ქვეყანა მალე ქცეულიყო კანონის უზენაესობისა და შეუქცევადი დემოკრატიის მქონე, შეძლებულ, ფეხზე მყარად მდგარ, ნამდვილ სუვერენულ სახელმწიფოდ, რომელსაც ვალების გადახდის უნარი შესწევს. ვთქვი, რომ ჩემი შვილის „გაამერიკელების” არასოდეს შემშინებია; ამერიკულმა გამოცდილებამ მას ბევრი რამ შესძინა და არც ქართველობა წაურთმევია.

მაშინ, დასკვნით სიტყვაში აღვნიშნე, რომ ნიკას და ჩვენი კოლექტიური „ვალი” არა მხოლოდ ფინანსური, არამედ მორალურიც არის. ამერიკელი გადასახადის გადამხდელების გულუხვობა მათი ეროვნული და პიროვნული თვისებაა. ვაშინგტონი იმ ქვეყნის დედაქალაქია, რომელსაც საკუთარი მისია აქვს და რომლისთვისაც „უცხოელი” არავინაა. ჩემმა გამოსვლამ მოწონება დაიმსახურა. მოგვიანებით, რიჩარდ მორნინგსტარისაგან მიღებულმა მადლობის წერილმა დამარწმუნა, რომ სიტყვის წარმოთქმა მოუმზადებლადაც შემძლებია. მინდა ვთქვა, რომ ამ სიტყვებს არც ახლა დაუკარგავთ მნიშვნელობა. საქართველოს „ვალი” ამერიკის მიმართ რიცხვებით ვერასოდეს გაიზომება. ის ისეთივე შეუფასებელია, როგორც ნიკას ამერიკული გამოცდილება, რომელიც დღეს მისი ქართველობის ნაწილია.

საქართველოს „ვალი” და ამერიკა Read More »

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა სამაგისტრო საფეხურისთვისაც დაიწყო

3 ოქტომბერს დაიწყო 2022-2023 წლების სასწავლო წელი კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის სამაგისტრო კურსის მონაწილეებისთვის. სამაგისტრო საფეხურზე შერჩეული 25 მონაწილე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 13 სტუდენტთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში, გაივლის ისეთ საგნებს, როგორიცაა „ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში“ და „კორუფციასთან ბრძოლა – საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები“.

პირველი სამაგისტრო კურსი, რომელსაც სტუდენტები პროგრამის ფარგლებში გაივლიან არის ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში. სასწავლო კურსს კითხულობს თინათინ ხიდაშელი. ამჟამად, ქალბატონი თინა გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო იდეის თავმჯდომარე.

აღსანიშნავია, რომ სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს აკადემიური მოსწრების კრედიტებთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ პროგრამის დასრულების სერტიფიკატიც.

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის კონკურსი წელსაც ტრადიციულად დიდი იყო. გამოგზავნილი იყო თითქმის 400-მდე განაცხადი. გასაუბრების პროცესი გაგრძელდა 4 დღის განმავლობაში, რომლის შედეგად შეირჩა საუკეთესო კონკურსანტები, როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო საფეხურებისთვის. სამაგისტრო საფეხურზე, კონკურსის შედეგად, სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ინსტიტუტიდან შეირჩა 25 მონაწილე, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამას გაივლიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 13-მა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტმა აირჩია ქალბატონი თინას საგანი.

კონკურსის წესით მოხვედრილი მონაწილეები წარმოადგენენ როგორც საჯარო, ასევე, კერძო და არასამთავრობო სექტორებს. მაგალითად, არიან წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროდან, თავდაცვის სამინისტროდან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან, ფინანსური ინსტიტუტებიდან, საქართველოს პარლამენტიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან.

2019-2020 წლებში სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში შექმნილი იყო რვა პროფესიული მოდული, რომელიც მომდევნო წლებში გარდაიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ოთხ აკადემიურ საგნად. 

კერძოდ, საბაკალავრო საფეხურისთვის – „კარგი მმართველობა და კორუფცია“, და „საჯარო პოლიტიკა და კორუფცია“, ხოლო სამაგისტრო საფეხურისთვის – „ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში“, და „კორუფციასთან ბრძოლა – საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები“.


კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2019 წლიდან დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. სამი წლის განმავლობაში პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი პროექტის „მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად“ ფარგლებში. ხოლო ახლა პროგრამა ფინანსურად მხარდაჭერილია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ, ორგანიზაციული მხარდაჭერის ფარგლებში.

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა სამაგისტრო საფეხურისთვისაც დაიწყო Read More »

CHINA NUCLEAR INDUSTRY 23 CONSTRUCTION CO., LTD საქართველოში

სამოქალაქო იდეას China Watch-ის რიგით მე-11 ანგარიში მიმოიხილავს სკანდალებს ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბირთვული კომპანიის China Nuclear Industry 23 Construction Co., Ltd., ალტერნატიულად მოხსენიებული, როგორც “CNNC No.23” ან CNI23-ის შესახებ, რომელიც 1958 წლიდან ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე. ინტერნეტში კონკრეტულად CNI23-თან დაკავშირებული გადაცდომების შესახებ ინფორმაცია არ მოგვეპოვება. მიუხედავად ამისა, გარკვეული პრობლემებითა და სკანდალებით გამოირჩევა მისი დამფუძნებელი და ინვესტორი ფირმები: China National Nuclear Corporation და China General Nuclear Power Engineering Co., Ltd. ჩინური კომპანია CNI23 ქართულ ბაზარზე პირველად 2012 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ გაიმარჯვა რამდენიმე სახელმწიფო შესყიდვის ტენდერში და კერძო ინვესტიციებიც განახორციელა. 

CNI23-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ანგარიში: ?

CHINA NUCLEAR INDUSTRY 23 CONSTRUCTION CO., LTD საქართველოში Read More »

“თანაგრძნობას ვუცხადებთ ორივე მხარეს” – სამოქალაქო საზოგადოება აფხაზეთის ომზე

საქართველოში კონფლიქტების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების და ცალკეული ექსპერტების განცხადება აფხაზეთის ომის დასრულების 29-ე წლისთავზე

“27 სექტემბერი, აფხაზეთის ომის დასრულებიდან 29 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ქართველი და აფხაზი ხალხის წარსულ ტრაგედიებს და განგრძობადი კონფლიქტის მძიმე რეალობას. ამ განცხადების ხელმომწერები პატივს მივაგებთ ომის მსხვერპლებს კონფლიქტის ორივე მხარეს და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. 

უკვე 8 თვეა რუსეთი უკრაინაში აწარმოებს სრულმასშტაბიან და სასტიკს ომს, რომელიც გამოუსწორებლად დიდ ზიანს აყენებს არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს, არამედ ზოგადად მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენს გეოპოლიტიკურ კონტექსტში. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კვლავ განახლდა შეიარაღებული დაპირისპირება. აშკარაა, რომ რეგიონში ჯერ ისევ ნორმად რჩება იმპერიული ამბიციებისა თუ ტერიტორიული კონფლიქტების ძალისმიერი მეთოდით გადაჭრის პრაქტიკა. 

მნიშვნელოვანია, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, საქართველო ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებას და მხარს კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანად მოგვარებას უჭერს. მისასალმებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული და თანმიმდევრული ძალის არგამოყენების პოლიტიკა. თუმცა კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გაწეული ძალისხმევა მაინც არასაკმარისი და სუსტი რჩება. მიუღებელია ომისა და მშვიდობის საკითხების ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება: ხელისუფლება ცდილობს ომის საკითხით სპეკულირებას და მის ოპონენტებს საქართველოს ომში ჩათრევის მსურველებად შერაცხვას. ამასთან, გარკვეული ოპოზიციური პარტიები წარსულში დატრიალებულ ტრაგედიებს საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის გასაზრდელად იყენებენ. ყველა ერთად კი საქართველოს მოსახლეობის ტრავმებს და შიშებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს, რასაც კავშირი არ აქვს არც მშვიდობასთან და არც სამართლიანობასთან.

შექმნილ ვითარებაში, როდესაც საქართველო ბეწვის ხიდზე გადის, როდესაც რეგიონულ არასტაბილურობას თან ახლავს რუსეთის ფედერაციის მიერ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის და სამხედრო ინტერვენციის მაღალი რისკი, ისე როგორც არასდროს, პოლიტიკოსებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა გაიაზრონ პასუხისმგებლობა და  შეთანხმებულად იმოქმედონ ამ რისკების თავიდან ასაცილებლად. 

30- წლიანმა შეიარაღებულმა დაპირისპირებებმა და მოუგვარებელმა კონფლიქტებმა დაასუსტა საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი რესურსი, გახლიჩა და გააუცხოვა ქართული და აფხაზური, ასევე, ქართული და ოსური საზოგადოებები, გააღრმავა ტრავმები და შიშები, რომლებიც მყისიერად იჩენს თავს კრიზისულ პერიოდებში. დაუსაბუთებელი საუბრები საქართველოში მეორე ფრონტზის გახსნის საფრთხეზე და დასავლელი პარტნიორების მიერ ომის მხარდაჭერაზე არის სწორედ ამ ტრავმების პოლიტიკური მანიპულაცია, რომელსაც, სხვა მრავალთან ერთად, შედეგად მოაქვს ქართველების, აფხაზების და ოსების კიდევ უფრო მეტი გაუცხოვება, ერთმანეთისადმი შიში და სიძულვილიც კი. 

ამ პირობებში, მნიშვნელოვანია საქართველოში დაიწყოს მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტების ტრანსფორმაციის არსებითად ახალი პროცესი, რომელიც დაეფუძნება:

  • ადამიანის უფლებების პატივისცემას, ადამიანების საჭიროებებზე დაფუძნებულ პოლიტიკას და თანასწორობის პრინციპს;
  • მრავალდონიან, პირდაპირ და კეთილსინდისიერ  დიალოგს აფხაზ, ოს და ქართველ პოლიტიკურ, პროფესიულ და საზოგადოებრივ წრეებს შორის;
  • კონფლიქტებში ჩართული ყველა მხარის ტრავმების გააზრებას, შეცდომების აღიარებას და დანაშაულებების გამოძიებას;
  • კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებისა და კონფლიქტებით გაყოფილი საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშესახებ, პრაქტიკულ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას.

ხელმომწერი ორგანიზაციები და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე პირები, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს, საქართველოს გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები დააყენონ მოკლევადიან, ვიწროპარტიულ და პიროვნულ ინტერესებზე მაღლა; აწარმოონ შინაარსიანი, საკითხებზე ორიენტირებული და კეთილსინდისიერი დიალოგი ერთმანეთთან, რომლის მთავარი მიზანი იქნება ქვეყნისთვის უმოკლეს დროში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. მხოლოდ ინსტიტუციური და დემოკრატიული რეფორმებით არის შესაძლებელი მდგრადი მშვიდობის, უსაფრთხოების და განვითარების მიღწევა ქვეყანაში. 

საქართველოს ხელისუფლებამ, მიმდინარე გამოწვევების და შესაძლებლობის არშემჩნევის ნაცვლად, უნდა გააკეთოს ახალი, მოქნილი, ორმხრივად სასარგებლო შეთავაზებები გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის გადაადგილების, ვაჭრობის, ადამიანური უსაფრთხოების და განათლების უზრუნველსაყოფად. ასევე, სამოქალაქო საზოგადოების და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ჩართულობით, შეიმუშაოს არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების, კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის და კონფლიქტების ტრანსფორმაციის რეალური სამოქმედო გეგმა”. 

ხელმომწერი ორგანიზაციები და პირები:

სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ქალთა ფონდი საქართველოში
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ინოვაციური განათლების ფონდი
მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი 
მოძრაობა “აფხაზეთისთვის”
სოლიდარობის მუზეუმი
სამოქალაქო იდეა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
ნინო კალანდარიშვილი, კონფლიქტებისა და ნაციონალიზმის კვლევის ინსტიტუტი
ქეთი მურუსიძე, მშვიდობის მშენებლობა და კვლევა
მარგარიტა ახვლედიანი, ჯემნიუსი
ვანო აბრამაშვილი, კავკასიური სახლი
მიხეილ ჯახუა, ბერგჰოფის ფონდი
მარიამ ცხოვრებაშვილი, ბერგჰოფი ფონდი
ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის
პაატა ზაქარეიშვილი. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი
ეკატერინე გამახარია – ქალთა ფონდი “სოხუმი”
ნონა ხიზანიშვილი, “შიდა ქართლის სამოქალაქო ფორუმი”
დავით ლოგუა, სამართლიანი არჩევნების რეგიონული ხელმძღვანელი
მარინა ფაღავა, კავკასიური დიალოგი
ესმა გუმბერიძე, ახლაგაზრდა აქტივისტი, გაეროში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდობის წარმომადგენელი
ზურაბ ბრაგვაძე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. პროფესორი
ნათია ჭანკვეტაძე, მშვიდობის მკვლევარი
ციალა ქათამაძე, იურისტი, ბათუმი
ნანა გოგოხია, უფლებადამცველი
ზაზა მიქელაძე, სამოქალაქო აქტივისტი
დავით ჯიშკარიანი, ისტორიკოსი
მედეა ტურაშვილი, ანალიტიკოსი
უჩა ნანუაშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი
რუსიკო მარშანია
მარინე გრიგოლია, ასოციაცია “თანხმობის”თემის მობილიზატორი.
შოთა შველიძე, კონფლიქტოლოგი, იენის უნივერსიტეტი
მამუკა ყუფარაძე, სტუდია რე
ქამრან მამედლი, პლატფორმა სალამი
ანა ემუხვარი, სამოქალაქო აქტივისტი, ზუგდიდი
ინფა შამუგია,აქტ ფორ თრანსფორმეიშნ-ის კაუკასუს ოფისის დირექტორი.

“თანაგრძნობას ვუცხადებთ ორივე მხარეს” – სამოქალაქო საზოგადოება აფხაზეთის ომზე Read More »

საით მიდის საქართველო?  საქართველო რუსეთ-უკრაინის ომის ჩრდილქვეშ.

26 სექტემბერს, ბერლინში, „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელი, მონაწილეობას იღებს „საერთაშორისო სამშვიდობო თანამშრომლობის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ რიგით მეორე ექსპერტთა დიალოგში თემაზე: „საით მიდის საქართველო?  საქართველო რუსეთ-უკრაინის ომის ჩრდილქვეშ“. ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი, შეხვედრებს გამართავს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში და სხვადასხვა კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან.

უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის შემდგომ, საქართველოში აქტიურად დომინირებს მოსაზრება, რომ საქართველო, შესაძლოა, რუსეთის მორიგი სამიზნე აღმოჩნდეს. ამასთან, ქვეყანაში მწვავედ დგას პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი, რომელიც ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის გრძელვადიან პერსპექტივებში.

ექსპერტთა დიალოგში საქართველოდან მონაწილეობას იღებენ:

თინათინ ხიდაშელი, „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარე;

–  პაატა გაფრინდაშვილი, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (Grass)“ დირექტორი;

შტეფან მეისტერი, საერთაშორისო პროგრამის – „საერთაშორისო წესრიგი და დემოკრატია“  ხელმძღვანელი.

ექსპერტთა დისკუსიები მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს :

– რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და მიმდინარე საფრთხეების შეფასება კონკრეტულად, საქართველოსათვის;

– რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ ევროკავშირს და გერმანიას, როგორც საქართველოს საიმედო პარტნიორებს, მოიმოქმედონ, რათა საქართველომ არ გადაუხვიოს ევროპული კურსიდან;

– როგორ უნდა მოხდეს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის გამოხატული ნების დეკლარირება, ქვეყანა იყოს ევროკავშირის წევრი, სახელისუფლებო დონეზე,  რა ნაბიჯების გადადგმა უნდა აიძულოს მოსახლეობამ ხელისუფლებას?

– საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური კურსის, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ნაწილის შეფასება;

– ექსპერტები იმსჯელებენ, თუ როგორ შეიძლება დასტაბილურდეს სიტუაცია ადმინისტრაციულ საზღვარზე სეპარატისტულ რეგიონებთან – სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან – რათა ხელი შეეშალოს რუსეთის მიერ პროცესების შესაძლო ესკალაციას?.

საით მიდის საქართველო?  საქართველო რუსეთ-უკრაინის ომის ჩრდილქვეშ. Read More »

დიდი ძალების თამაში, სის მოგზაურობა ცენტრალურ აზიაში

სტატიის ავტორი – ანი კინწურაშვილი, მთავარი მკვლევარი, სამოქალაქო იდეა

დიდი ძალების თამაში, სის მოგზაურობა ცენტრალურ აზიაში Read More »

China Watch-ის მეათე ანგარიში CSCEC საქართველოში

სამოქალაქო იდეა მოხარულია გაგიზიაროთ China Watch-ის რიგით მეათე ანგარიში, რომელიც ეხება კიდევ ერთი საქართველოში მომუშავე ჩინური კომპანიის China State Construction Engineering Corporation Ltd.-ის (ე.წ. CSCEC-ის) გადაცდომებს საქართველოსა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

CSCEC, არის ერთერთი უდიდესი ჩინური სახელმწიფო სამშენებლო კომპანია, რომელიც დაარსდა 1982 წელს. მას შემდეგ ის ოპერირებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს უძრავ ქონების, მშენებლობის დაფინანსებას, ოპერირებას, ინჟინერიას, პროექტირებასა და კვლევას. ეს კომპანია ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ბევრ სკანდალში იყო გარეული. უფრო ზუსტად, CSCEC და მისი შვილობილი კომპანიები კორუფციისა და თაღლითობის სქემებს ახორციელებდნენ აშშ-ში, ფილიპინებში, პაკისტანში, უნგრეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში, რის შედეგადაც სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ინსტიტუტების შავ სიაში მოხვდნენ.

ვრცლად კომპანიის რეპუტაციისა და საქმიანობის შესახებ, იხილეთ ჩვენს ანგარიშში. ?

China Watch-ის მეათე ანგარიში CSCEC საქართველოში Read More »

კონფერენცია „ძალაუფლების წესი თუ წესების ძალაუფლება?“.

2022 წლის 29-30 აგვისტოს, სლოვენიაში ქალაქ ბლედში გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით „ძალაუფლების წესი თუ წესების ძალაუფლება?“.
30 აგვისტოს კონფერენციაზე სიტყვით გამოვა სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლეიენი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სლოვენიის პრეზიდენტი ბორუთ პაჰორი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი და სხვა მრავალი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები და მკვლევარები.

კონფერენცია მიზნად ისახავს დღევანდელი მსოფლიო წესრიგის, გარდამავალი მოვლენებისა, ევროკავშირის პოლიტიკისა და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგების განხილვას ფართო ჭრილში.

დღესდღეობით, ჩვენ ვცხოვრობთ გაურკვეველ და არასტაბილურ გარემოში. საყოველთაოდ მიღებულ წესებზე აგებული მსოფლიო წესრიგი ფაქტობრივად გაქრა და რუსეთის აგრესიით უკრაინაზე, საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარჩენილი პოსტულატები დაინგრა, რამაც გაურკვევლობისა და არასტაბილურობის ეპოქა მოიტანა. კიდევ ერთხელ, ჩვენ ვხედავთ ძლიერი გეოპოლიტიკური და სუვერენიტეტული ტენდენციების აღზევებას, რეალიზმისა და ხისტი ძალის კონცეფციის დაბრუნებას.

მსოფლიოს ქვეყნები ზრდიან თავდაცვის ხარჯებს და აძლიერებენ თავიანთ შესაძლებლობებს ომის ისეთი ახალი ფორმების წინააღმდეგ, როგორებიცაა ჰიბრიდული ომები ან კიბერტერორიზმი.

ეს არასტაბილური გარემო იწვევს უამრავ გლობალურ პრობლემას, როგორც ეკონომიკურ, ასევე ფინანსურ სექტორში, მაგალითად როგორებიცაა მიწოდების ჯაჭვების რღვევა, ინფლაციის ზრდა, სავალუტო კრიზისი და საპროცენტო განაკვეთების მატება, საწვავის და სურსათის ფასების მრავალჯერადი მატება, კონვენციური და სავაჭრო ომები. ყოველივე ზემოთქმული აფერხებს გლობალურ ძალისხმევას სასათბურე გაზების ემისიების შესამცირებლად და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.

საერთაშორისო საზოგადოებას არ შეუძლია საკმარისად სწრაფად რეაგირება ამ გამოწვევების ადეკვატურად გადასაჭრელად. საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულმა წესრიგმა, რომელიც წარმოადგენდა გლობალურ პასუხს მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ორივე მსოფლიო ომის წინააღმდეგ, დაიწყო ნგრევა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა როგორც ცენტრალური ფორუმი თანამშრომლობისა და გლობალური საკითხების გადასაჭრელად, ახლა ხშირად დგას გზაჯვარედინზე, მრავალ სხვა ორგანიზაციასთან ერთად, რომლებიც შექმნილია მსოფლიო მასშტაბის კონკრეტული ფენომენების მოსაგვარებლად.

რა ადგილი უნდა დაიკავოს ამ არასტაბილურ გარემოში ევროკავშირმა? თუ ევროკომისიის ხედვის თანახმად, ევროკავშირს უნდა ჰქონდეს გეოპოლიტიკური გავლენა, მას მოუწევს გაზარდოს თავისი შესაძლებლობები ძირითადი გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად.

კონფერენცია „ძალაუფლების წესი თუ წესების ძალაუფლება?“. Read More »

საქართველოს ხელისუფლების მუდმივი მცდელობების შესახებ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები დაადანაშაულოს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ

საქართველოს ხელისუფლების მუდმივი მცდელობების შესახებ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები დაადანაშაულოს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ

სახელისუფლებო პარტია და მისი თავმჯდომარე აგრძელებენ საკუთარი მოქალაქეებისა და სტრატეგიული პარტნიორების დადანაშაულების სრულიად უპასუხისმგებლო კამპანიას, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ.

ბოლო 5 თვის მანძილზე ბატონი კობახიძე და მისი კოლეგები, პრაქტიკულად ყოველდღიურად აბსოლუტური ტყუილისა და გაყალბებული რეალობის ტირაჟირებას ცდილობენ. სწორედ ამგვარი სიცრუის ნაწილია განცხადებები იმაზე, თითქოს ჩვენი დასავლელი პარტნიორები და საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდეს. დღეს ვიხილეთ მორიგი, ტყუილზე დაფუძნებული კამპანიის დაწყების მცდელობა, სადაც ბატონი კობახიძე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დიდ ნაწილს ქსენოფობიაში ადანაშაულებს.
გარდა იმისა, რომ მორიგ ჯერზე ტყუილსა და სიყალბეზე დაფუძნებულ განცხადებებს ვისმენთ მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან, მისი დღევანდელი განცხადებები ადამიანის უფლებების, მცირე ერების მედეგობისა და ოკუპაციის პირობებში მყოფი ქვეყნების წინააღმდეგობის მოძრაობის წარმატების ელემენტარული, ფუნდამენტური პრინციპებისა და ცნებების უცოდინრობის კლასიკური გამოვლინება იყო.
უპირველეს ყოვლისა ერთმნიშვნელოვანად უნდა ითქვას რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება გაუმართლებელი და უგუნური შეცდომა იყო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მხრიდან და მას არავითარი გამართლება არა აქვს.
ზუსტად ისევე, როგორც არავითარი გამართლება აქვს 12 წლის წინ დაშვებულ შეცდომაში გაჯიუტებას. ამგვარი სიხისტე განსაკუთრებით გაუმართლებელი და დანაშაულებრივიც კია დღეს, როდესაც ერთი მხრივ კრემლის აგრესიამ და რუსი ჯარისკაცების სისატიკემ, წამების, არადამიანური მოპყრობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის უმძიმესი მაგალითები გვაჩვენა, ხოლო მეორეს მხრივ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამრავლდა ზუსტად იმდაგვარი განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ, რაც უკრაინაში ომის დაწყების წინ გვესმოდა.
სავიზო რეჟიმის შემოღება, საზღვარზე რუსეთის მოქალაქეების სპეციალური შემოწმების ნორმების ამოქმედება და სხვა მსგავსი პროცედურები მხოლოდ ერთი ნაწილია მცირე ერების მედეგობის პოლიტიკის, რომელიც დიდი ხანია საქართველოს ხელისულებას ამოქმედებული უნდა ქონდეს ქვეყანაში „მწვანე კაცუნების“ შემოსვლის მსგავსი სცენარის განმეორების თავიდან აცილების მიზნით, და არაფერი აქვს საერთო ქსენოფობიასთან.
მაშინ როდესაც ხელისუფლება არ მოქმედებს, მოქალაქეების მხოლოდ ბუნებრივი ინსტიქტია რეაგირება მოახდინონ რუსი ტურისტების გაზრდილ ნაკადებზე და აჩვენონ საკუთარი განწყობა და დამოკიდებულება კრემლის პოლიტიკის მიმართ.
შესაძლოა სტატისტიკა სულაც არ იყოს მნიშვნელოვნად გაზრდილი და სხვადასხვა მანიპულაციების ტექნიკების გამოყენების დათვლილი რიცხვები ამბობდეს, რომ მაგალითად 2019 წელს იმდენივე ან ცოტა ნაკლები რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. თუმცა ამგვარ სტატისტიკას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც სრულიად ლეგიტიმურად სახეზეა მოსახლეობის დიდი ნაწილის სენსიტიურობა, მომეტებული საფრთხის განცდა და უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული წუხილი, რომ მის ნაწილობრივ  ისედაც ოკუპირებულ ქვეყანას შესაძლოა უფრო დიდი ხიფათი ელოდეს.

უკრაინაში ომის დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ გაუგებარია ხელისუფლების:

  • უარი უსაფრთხოების ზომების გააქტიურებაზე,
  • საკუთარ მოქალაქეებთან კომუნიკაციის არ არსებობა,
  • მუდმივი ბრალდებები, რომ სწორედ საქართველოს მოქალაქეები (და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რომელი პარტიის მხარდამჭერია ეს ხალხი, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და მათ ინტერესებსაც ისევე წარმოადგენს ქართული ოცნება, როგორც მისი მიმდევრების) არიან ქსენოფობები, ომის მოსურნენი, ექსტრემისტები და სხვა,
  • დაპირისპირება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან,
  • სიძულვილის და ბრალდებების კამპანია ამერიკელი და ევროპელი დიპლომატებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ,
  • დუმილი, ან უკეთეს შემთხვევაში მოკრძალებული საუბრები რუსული აგრესიისა და განსაკუთრებულად სასტიკი ქმედებების თაობაზე…

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, მუდმივად ბრალდებებს გვიყენებს და სხვადასხვა დანაშაულს გვაბრალებს საკუთარი ხელისუფლება, რომელმაც:

  • გასული წლის მიწურულს, როდესაც მთელი მსოფლიო უკრაინაში რუსული აგრესიის მოლოდინში იყო საპარლამენტო სხდომა არ ჩაატარა სპეციალური გაცხადების მისაღებად, მხოლოდ იმიტომ რომ განცხადება ოპოზიციის მიერ იყო ინიცირებული,
  • უარი თქვა ნატოს შესახებ რეზოლუციის მიღებაზე ისევდაისევ მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ოპოზიციური ფრაქცია ლელოს მიერ იყო ინიცირებული,
  • საბოლოოდ, როდესაც მოახერხა და მიიღო უკრაინის შესახებ რეზოლუცია, ვერ გაბედა მასში მოვლენებისთვის რუსეთის აგრესია დაერქმია და აბსტრაქტულ საფრთხეზე ისაუბრა,
  • ბუჩას ტრაგედიის შემდეგ, საზოგადოების და ოპოზიციის რამდენიმე დღიანი მძაფრი პროტესტი დასჭირდა, რომ უკრაინაში სოლიდარობისა და თანამდგომის ვიზიტი განეხორციელებინა,
  • სრული იგნორირება გაუკეთა ბიჭვინთის უმძიმეს თემას, რომელსაც თავად აფხაზეთის საზოგადოებაც კი ქმედითად ეწინააღმდეგებოდა,
  • უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში ნატოს ქვეყნებისა და პარტნიორების იმ შეკრებებში (რამშტეინის ბაზაზე) არ მიიღო მონაწილეობა, სადაც რეგიონის უსაფრთხოების ზომებზე მსჯელობდნენ,
  • დღემდე ვერ მოახერხა, რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული საქართველო სამხედრო დახმარების სერიოზული პროექტების მონაწილე გაეხადა,
  • უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მადრიდის ნატოს სამიტიდან სრულიად უშედეგოდ ხელცარიელი დაბრუნდა,
  • ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო, ან უფრო ზუსტი იქნებოდა გვეთქვა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ეს არ მომხდარიყო, და სხვა.

მაშინ როდესაც ხელისუფლება დუმს და არ მოქმედებს, სწორედ მოქალაქეები იცავენ და წარმოადგენენ ქვეყნის ინტერესებს. ზუსტად ასე მოხდა უკრაინის მხარდამჭერი მასობრივი საჯარო გამოსვლების დროს, ისევე როგორც ევროკავშირის მხარდამჭერი უპრეცედენტოდ დიდი დემონსტრაციების პირობებში. ადამიანები, რომლებიც ეძებენ ოკუპაციასთან შეურიგებლობის ფორმებს და ყოველდღიურად ქმნიან მედეგობის მაგალითებს სწორედ ის ადამიანები, მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობელები, თანაქალაქელები არიან ვინც 20 ივნისს იდგნენ რუსთაველის გამზირზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით, ადამიანები ვინც გადაწყვიტეს ხელისუფლების დუმილის პირობებში მთელი მსოფლიოსთვის ეთქვათ რომ საქართველოს ადგილი რუსული სამყაროდან შორს – ევროპაშია და არავის დაანებებენ ამ არჩევანს.

კიდევ ერთხელ, თითოეული ის ქართველი რომელიც დღეს უარს ამბობს რუსულ ენაზე მოემსახუროს რუსეთიდან შემოსულ ტურისტს, საკუთარი პროტესტი აჩვენოს რუსული ჩექმისა და კრემლის პოლიტიკის მიმართ, ტურისტულ ადგილებში გამოკიდოს უკრაინის დროშა როგორც საკუთარი სამოქალაქო პოზიციის უსიტყვი და ერთმნიშვნელოვანი გამოვლინება, ჩვენი ქვეყანის მედეგობის ფარს ქმნის და მათ მადლობა უნდა ვუთხრათ სამოქალაქო სიმტკიცისთვის.



საქართველოს ხელისუფლების მუდმივი მცდელობების შესახებ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები დაადანაშაულოს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ Read More »

სამოქალაქო საზოგადოების წერილი კარლ ჰარცელს

სამოქალაქო საზოგადოების წერილი
საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სახელით, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში თქვენი მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სამშობლო და სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის გრძნობდა ევროკავშირისგან – და პირადად თქვენგან.

თქვენი საქართველოში ყოფნის პერიოდი დაემთხვა ტრაგიკულ და ისტორიულ მოვლენებს, როგორც საქართველოში – ასევე უკრაინაში. ჩვენ ვაფასებთ და მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სამშობლო ყოველთვის იღებდა საქართველოს მთავარი საგარეოპოლიტიკური მიზნის მისაღწევად – დავუბრუნდეთ ევროპული ერების ოჯახს და დავასრულოთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, და განსაკუთრებით მადლიერები ვართ იმ მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ ავლენდით ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ჩვენ ვაფასებთ თქვენს ჩართულობას ყველა იმ რეფორმის გატარებაში, რომლებიც დააახლოებენ საქართველოსა და ევროპის კავშირს, და რომელთა ჩატარება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. თქვენ პირადად იყავით ჩართული არაერთ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდას – იქნებოდა ეს ტურიზმის მხარდაჭერა, აგრარული სექტორის განვითარება, თუ საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვა.

განსაკუთრებით გვსურს ხაზი გავუსვათ თქვენს პირად წვლილს შარლ მიშელის შეთანხმებისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიღწევის საქმეში – სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა სათანადოდ ვერ შეაფასა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა, მაგრამ მომავალში ეს შეთანხმება უკეთესი ქართული, ევროპული დემოკრატიის ქვაკუთხედი გახდება.

თქვენ ყველაფერი გააკეთეთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, საქართველოში ყოფნის დროს უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით ეკიდებოდით ქართულ კულტურასა და ყველას დაგვამახსოვრეთ თავი თითოეული ჩვენგანის საყვარელი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, შემოქმედების დაფასებით. ეს პატივისცემა და ქართული კულტურის, ჩვენი სიამაყის, დაფასება ყოველთვის გვემახსოვრება.

ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ბოლო პერიოდში ქართული ოცნების მხრიდან გახშირებული ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეებისა და მეგობარი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმები, საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის ინტერესების შიდაპოლიტიკურ თამაშში გამოყენების მცდელობები აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს.

მიუხედავად ამისა, სამოქალაქო საზოგადოება გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავლის დაცვას და ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ქვეყნის მთავარი საგარეოპოლიტიკური მიზნის მისაღწევად – დავუბრუნდეთ ევროპული ერების ოჯახს და დავასრულოთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია.

დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში დაწყებული მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდამჭერად მომავალშიც დარჩებით.

მადლობა გაწეული სამსახურისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას პირადად თქვენგან ჰქონდა.

ხელმომწერი ორგანიზაციები

  • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი (CIIC)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)
  • დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
  • დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი
  • უფლებები საქართველო
  • სამოქალაქო იდეა
  • გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი (ICGS)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • ჭავჭავაძის ცენტრი
  • აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD)
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)
  • მედიაომბუდსმენი
  • Საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • Საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • საფარი
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
  • მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC)

სამოქალაქო საზოგადოების წერილი კარლ ჰარცელს Read More »

Scroll to Top