Civicidea

დონალდ ტრამპისა და სი ძინფინგის შეხვედრა სამხრეთ კორეაში

30 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინფინგთან სავაჭრო შეთანხმებას „ძალიან მალე“ გააფორმებს. შეხვედრის ფარგლებში საუბარი იყო ასევე იმპორტზე დაწესებული ტარიფების შემცირებაზე. ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმდა ფენტანილის იმპორტზე დაწესებული ტარიფის 20%-დან 10%-ზე შემცირებაზე. ჩინურ პროდუქციაზე დაწესებული ტარიფების დონე კი  57%-დან 47%-მდე დაეცა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შეხვედრის განმავლობაში თაივანის შესახებ მხარეებს არ უსაუბრიათ.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის შემდეგ სავაჭრო გარიგება არ გაფორმებულა, შეხვედრაზე მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი კონსენსუსი ეკონომიკურ საკითხებზე, მათ შორის, იშვიათ მინერალებთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების მოგვარებაზე. ჩინეთმა განაცხადა, რომ ერთი წლით უნდა შეჩერდეს საექსპორტო კონტროლის ზომები კრიტიკულ მინერალებზე. ტარიფების შემცირების სანაცვლოდ, ჩინეთის მხარე “უზარმაზარი რაოდენობით” ამერიკულ სოიოს შეიძენს, რაც აშშ-სთვის წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ფერმერები, ჩინეთთან სავაჭრო უთანხმოებების გამო, მილიარდობით დოლარს კარგავდნენ.

ჩინეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „დიალოგი კონფრონტაციას სჯობს“. მან მოუწოდა ამერიკის მხარეს კომუნიკაციის გაღრმავებისკენ და დაასახელა თანამშრომლობის პოტენციური სფეროები:

  • არალეგალურ იმიგრაციასთან და ტელეკომუნიკაციურ თაღლითობასთან ბრძოლა;
  • ფულის გათეთრება;
  • ხელოვნური ინტელექტი (AI);
  • ინფექციურ დაავადებებზე რეაგირება.

შეხვედრის განმავლობაში საუბარი იყო უკრაინის საკითხზეც. ტრამპი და სი ძინფინგი შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე, რათა ხელი შეუწყონ კონფლიქტის დასრულებას.

საბოლოოდ, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ მათ ეკისრებათ ერთობლივი პასუხისმგებლობა მსოფლიოს წინაშე არსებული რთული პრობლემების გადასაჭრელად.

დონალდ ტრამპისა და სი ძინფინგის შეხვედრა სამხრეთ კორეაში Read More »

ჩინეთის უახლესი გადამამუშავებელი ქარხანა ზრდის რუსული ნავთობის იმპორტს

ჩინეთის ნავთობქიმიური პროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა, Shandong Yulong, დასავლეთის სანქციების ფონზე, მკვეთრად ზრდის რუსული ნედლი ნავთობის იმპორტს. გადამამუშავებელი ქარხანა, რომლის სიმძლავრეა 400 000 ბარელი დღეში, სავარაუდოდოემბერში განახორციელებს 370 000-405 000 ბარელის რუსული ნედლი ნავთობის იმპორტს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება მის მიერ რუსული ნავთობის იმპორტის წინა მაჩვენებელს.

ჩინეთში რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი მას შემდეგ გაიზარდა, რაც დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა 2025 წლის ოქტომბერში ახალი სანქციები დააწესეს. შედეგად, ახლო აღმოსავლეთისა და კანადელი მომწოდებლების გადაზიდვები გაუქმდა.

იმპორტის ზრდა ასახავს უფრო ფართო ტენდენციას ჩინურ გადამამუშავებელ ქარხნებში, რომლებიც ეძებენ მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს არასტაბილურ გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ გზით, ნავთობის ექსპორტიორებს შეუძლიათ მუდმივი წვდომა მოიპოვონ ნედლეულზე და ხარჯებიც მნიშვნელოვნად შეამცირონ, ამ სტრატეგიას თან ახლავს რიგი გეოპოლიტიკური რისკები. 

რუსული ნავთობის შესყიდვების გაზრდა ხაზს უსვამს ჩინეთის მიზანს, უზრუნველყოს ენერგომომარაგება საერთაშორისო გაურკვევლობის პირობებში. ამასთანავე, ეს ტენდენცია გამოკვეთს მზარდ ენერგოდამოკიდებულებას ჩინეთსა და რუსეთს შორის, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, ევრაზიის ენერგეტიკულ ვაჭრობაზე მოახდენს გავლენას.

ამ მოვლენამ, ასევე, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ნედლი ნავთობის ფასებზე, რადგან Yulong-ის გაზრდილმა მოთხოვნამ შესაძლოა შეამციროს ნავთობის მიწოდება აზიის სხვა რეგიონებში. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური გადამამუშავებელი ქარხნები სარგებლობენ რუსული ნავთობის ხელსაყრელი ფასებით, რაც მათ საშუალებას აძლევს შეინარჩუნონ გადამუშავების მარაგი მაშინაც კი, როდესაც გლობალური ნავთობის ბაზრები არასტაბილურია.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული ნავთობის შეძენა Yulong-ის მოკლევადიან ოპერაციულ სტაბილურობას უზრუნველყოფს, ანალიტიკოსები თვლიან, რომ სანქციების გაფართოების ან სატრანზიტო მარშრუტების შეფერხების შედეგად, ქარხანამ სერიოზული ზიანი შეიძლება მიიღოს.

ავტორი: ნია კოხრეიძე 

ჩინეთის უახლესი გადამამუშავებელი ქარხანა ზრდის რუსული ნავთობის იმპორტს Read More »

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთსა და ASEAN-ს შორის

28 ოქტომბერს, მალაიზიაში,  ASEAN-ის სამიტზე ჩინეთმა ხელი მოაწერა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფართოებულ ვერსიას. ეს ასოციაცია მოიცავს ბრუნეის, კამბოჯას, ინდონეზიას, ლაოსს, მალაიზიას, მიანმარს, ფილიპინებს, სინგაპურს, ტაილანდს, ტიმორ-ლესტეს და ვიეტნამს. ორგანიზაცია წარმოადგენს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 11 ქვეყნის რეგიონულ გაერთიანებას, რომელიც მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და უსაფრთხოების თანამშრომლობის ხელშეწყობას.

ჩინეთსა და ASEAN-ს შორის ჩარჩო შეთანხმებას 2002 წელს მოეწერა ხელი, რამაც საფუძველი ჩაუყარა, 2010 წლისათვის, ASEAN-ჩინეთის თავისუფალი სავაჭრო ზონის (ACFTA) შექმნას. ეს სავაჭრო ზონა მოიცავს დაახლოებით 2 მილიარდ ადამიანს და არსებითად ამცირებს სატარიფო ბარიერებს წევრ ქვეყნებსა და ჩინეთს შორის. მისი მეშვეობით ჩინეთისა და ASEAN-ის სავაჭრო ურთიერთობები 2010 წელს 235,5 მილიარდი დოლარიდან გასულ წელს თითქმის 1 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.

2025 წლის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებში, ჩინეთის წარმომადგენელი იყო პრემიერ მინისტრი ლი ციანგი, რომელმაც ეს შეთანხმება წარმოაჩინა როგორც ალტერნატიული გზა, დონალდ ტრამპის პროტექციონისტული პოლიტიკისა და გაზრდილი სავაჭრო ბარიერების საპასუხოდ. მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „სოლიდარობის მაგივრად კონფრონტაციისაკენ სწრაფვას არავითარი სარგებელი არ მოაქვს“, „უნილატერალიზმმა და პროტექციონიზმმა სერიოზულად იმოქმედა გლობალურ ეკონომიკურ და სავაჭრო წესრიგზე და მაშინ, როდესაც გარე ძალები აძლიერებენ ჩარევას რეგიონში, ბევრი ქვეყანა დაუსაბუთებლად აღმოჩნდა მაღალი ტარიფების პირისპირ“. „ერთმანეთზე დაყრდნობით და ჩვენი ქმედებების კოორდინირებით, შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი უფლებები და ინტერესები“. მან, ასევე, ASEAN-ის წევრებს მიმართა, როგორც „კარგ მეზობლებს და კარგ ძმებს, რომლებიც დაახლოებულნი არიან გეოგრაფიით, კულტურითა და სენტიმენტებით“.

თუმცა, ამავე დროს, ჩინეთი აგრძელებს თავისი კონტროლის განმტკიცებას თითქმის მთელ სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე. ოფიციალურ პეკინს დავები აქვს ვიეტნამთან, ფილიპინებთან, მალაიზიასთან და ბრუნეისთან. ვითარება უფრო დაძაბულია ფილიპინებსა და ჩინეთს შორის. 2013 წელს ფილიპინებმა, სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე ჩინეთის ფართო პრეტენზიებთან დაკავშირებით, ჩინეთის წინააღმდეგ საქმე განსახილველად წარადგინა მუდმივ საარბიტრაჟო სასამართლოში. 2016 წელს ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ჩინეთის პრეტენზიებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე არ აქვს სამართლებრივი საფუძველი. ჩინეთმა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად ცნო.

სიტუაცია ჩინეთსა და ფილიპინებს შორის ამ თვეშიც დაიძაბა. კერძოდ, ფილიპინების საზღვაო საბჭომ დაადანაშაულა ჩინეთის საზღვაო ძალები ტიტუს კუნძულის მახლობლად ფილიპინების გემზე წყლის ჭავლით თავდასხმაში. წლევანდელ ASEAN-ის სამიტზე, ჩინეთსა და ASEAN-ის წევრებს შორის ერთიანობისა და მეგობრობის შესახებ ჩინეთის პრემიერის, ლი ციანგის სიტყვებს ფილიპინების პრეზიდენტი სკეპტიციზმით შეხვდა და კვლავ გააკრიტიკა ჩინეთის ქმედებები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთსა და ASEAN-ს შორის Read More »

ჩინეთი იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრს, სანაე ტაკაიჩის, ცივად შეხვდა

ჩინეთმა, თითქმის ერთი კვირის განმავლობაში, იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრს, სანაე ტაკაიჩის, თანამდებობაზე დანიშვნა არ მიულოცა. ეს მოვლენა, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში, უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენს და აჩენს კითხვებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მდგომარეობის შესახებ.

64 წლის სანაე ტაკაიჩიმ, რომელიც ჩინეთთან მიმართებით მკაცრი პოზიციით გამოირჩევა, თანამდებობა სამშაბათს დაიკავა. იგი გახდა ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი და მეხუთე პირი, ვინც ამ თანამდებობას ბოლო ხუთ წელიწადში იკავებს.

საყურადღებოა, რომ გასული წლის ოქტომბერში, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შიგერუ იშიბას, როგორც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, ისე პრემიერმა ლი ციანგმა, თანამდებობის დაკავების დღესვე მიულოცეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა. პეკინმა ასევე დაუყოვნებლივ გაუგზავნა მისალოცი შეტყობინებები იაპონიის ყოფილ ლიდერებს, ფუმიო კიშიდას, 2021 წლის ოქტომბერში და იოშიჰიდე სუგას, 2020 წლის სექტემბერში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გასული კვირის ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვაზე, მიულოცავდა თუ არა პეკინი ტაკაიჩის თანამდებობაზე დანიშვნას, სამინისტროს სპიკერმა, გუო ძიაკუნმა განაცხადა: „ჩინეთმა შესაბამისი ღონისძიებები დიპლომატიური პრაქტიკის მიხედვით მიიღო“. „ჩინეთი და იაპონია ერთმანეთის ახლო მეზობლები არიან. ჩინეთის ფუნდამენტური პოზიცია იაპონიასთან ურთიერთობების მიმართ თანმიმდევრული და ნათელია“, – დასძინა გუომ.

„ვიმედოვნებთ, რომ იაპონია და ჩინეთი… შეასრულებენ თავიანთ პოლიტიკურ ვალდებულებებს, მთავარ საკითხებთან დაკავშირებით… დაიცავენ ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკურ პრინციპებს და სრულად განავითარებენ ჩინეთ-იაპონიის ურთიერთსასარგებლო სტრატეგიულ ურთიერთობებს“.

ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ ტაკაიჩის ადმინისტრაციის პირობებში შესაძლოა პეკინსა და ტოკიოს შორის დაძაბულობა გამწვავდეს, რასაც, გარკვეულწილად, განაპირობებს მხარეების, თაივანთან და იაპონიის ომისდროინდელ ისტორიასთან დაკავშირებული, საკამათო პოზიციებით. ტაკაიჩი აქტიურად უჭერს მხარს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს იასუკუნის სადავო სალოცავში, სადაც იაპონიის ომში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ. ჩინეთისთვის პოლიტიკოსების ამ სალოცავში ვიზიტი აღშფოთების მიზეზია, რადგან იაპონიის მიერ 1931 წელს ჩინეთის ოკუპაციას და მის მიერ ომის დროს ჩადენილ სისასტიკეებს უკავშირდება.

პეკინის კრიტიკას, ასევე, განაპირობებს ტაკაიჩის კონტაქტები თაივანის ოფიციალურ პირებთან. აპრილში, თაიფეიში თაივანის ლიდერ უილიამ ლაი ჩინგ-ტესთან შეხვედრისას, ტაკაიჩიმ ხაზი გაუსვა მხარეებს შორის თავდაცვითი თანამშრომლობის მნიშვნელობას. ის, ასევე, შეხვდა თაივანის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინ ჩია-ლუნგს ივლისში, იაპონიაში.

ჩინეთსა და იაპონიას შორის ურთიერთობებს დიდი ხანია აფერხებს ტერიტორიული დავები, 1930-იანი წლების ომისდროინდელი ისტორია და ტოკიო-ვაშინგტონის ალიანსი. მიუხედავად ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ხალხთაშორისი გაცვლების ხელშეწყობის მცდელობებისა, ორ ქვეყანას შორის კავშირები, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში, კვლავ დაძაბულია. ეს დაძაბულობა სავარაუდოდ გაგრძელდება, რადგან ტაკაიჩიმ, პარასკევს, თავის პირველ პოლიტიკურ გამოსვლაში, აღნიშნა, რომ იაპონიის თავდაცვის ხარჯებს გაზრდის. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მსგავსი ინიციატივები იაპონიის თავდაცვის პოლიტიკის მიმართ რეგიონში ეჭვებს ამძაფრებს.

ჩინეთი იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრს, სანაე ტაკაიჩის, ცივად შეხვდა Read More »

პეკინის ახალი ხუთწლიანი გეგმა თაივანში განგაშს იწვევს

ჩინეთი მე-15 ხუთწლიანი გეგმის გამოსაქვეყნებლად ემზადება. ამასობაში, თაივანი სულ უფრო მეტად არის შეშფოთებული, რომ პეკინმა, შესაძლოა, აღნიშნული გეგმა გამოიყენოს გავლენის გასაფართოებლად თაივანის სრუტეში, არა მარტო ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებზე, არამედ თაივანის მიმდებარე კუნძულების მიმართულებით. 

თაიფეის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ პეკინმა შესაძლოა თაივანი ან მისი კუნძულები, როგორიცაა კინმენი და მაცუ, სიმბოლურად შეიტანოს მომავალ 5 წლიან გეგმაში. მსგავსი ნაბიჯი პეკინთან ეკონომიკურ თანამშრომლობასა და მის პოლიტიკურ კონტროლს შორის ზღვარს გააბუნდოვანებს. 

ჩინეთის ახალი გეგმა, სავარაუდოდ, კონცენტრირებულია მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიებზე, მწვანე ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პეკინმა შესაძლოა სცადოს თაივანის კომპანიების ინტეგრირება თავის ეკონომიკურ სისტემაში და მათ შესთავაზოს სტიმულები, ინვესტიციების მოზიდვისა და რიგი ინდუსტრიების (მათ შორის, ნახევარგამტარების, ელექტრომობილებისა და ხელოვნური ინტელექტის) ჩინეთის პრიორიტეტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

პეკინი ამგვარ თანამშრომლობას “ორმხრივად მომგებიანად” წარადგენს, მაგრამ თაივანი მას ხედავს, როგორც გრძელვადიან სტრატეგიას, დამოკიდებულების გაზრდისა და გაერთიანების მიმართ თაივანის წინააღმდეგობის შესუსტების მიზნით.

ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ მზარდ შეშფოთებას კინმენისა და მაცუსზე – თაივანის მიერ კონტროლირებულ ორ კუნძულზე, რომლებიც მდებარეობს ჩინეთის სანაპიროდან სულ რამდენიმე კილომეტრში. პეკინმა ახლახან გააფართოვა საჰაერო მარშრუტები, გაზარდა სანაპირო დაცვის პატრულირება და თაივანთან კონსულტაციის გარეშე, ხიემენიდან კინმენამდე ხიდის აშენების ინიციატივით გამოვიდა.

თაიფეი შიშობს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები შესაძლოა ადრეული ნაბიჯები იყოს დე ფაქტო კონტროლის დამტკიცებისთვის. “თუ ისინი გაბედავენ კინმენში შეჭრას, ჩვენ გავხდებით შემდეგი ყირიმი,’’- განაცხადა ტაივანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პეკინის მიდგომა, პირდაპირი სამხედრო დაპირისპირებიდან, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ ინტეგრაციაზე გადავიდა. ჩინეთი მისივე განვითარებისთვის ცდილობს თაივანის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას, რათა გაერთიანება პრაქტიკული და გარდაუვალი გამოჩნდეს.

ამავდროულად, კინმენისა და მაცუ–ს მაცხოვრებლები, რომლებიც თაივანიდან ვაჭრობასა და ტურიზმზე არიან დამოკიდებულნი, რთული სიტუაციის წინაშე დგანან ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და ეროვნულ უსაფრთხოებას შორის. კუნძულები ასევე დაუცველია კრიტიკული ინფრასტრუქტურის საფრთხეების, მათ შორის წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელების მიმართ. თაივანმა დააკავა ჩინეთთან დაკავშირებული გემები, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ ამ კაბელების დაზიანებაში და გააძლიერა პატრულირება, რაც ხაზს უსვამს თაივანის შეშფოთებას პეკინის არასამხედრო ზეწოლის ტაქტიკის გამო.

თაივანის ლიდერებმა მოუწოდეს პეკინს, თავი შეიკავოს თაივანის ტერიტორიებსა და შიდა პოლიტიკაში ჩართვაზე. ამავდროულად, თაივანი აგრძელებს თავდაცვის გაძლიერებას გარე კუნძულებზე, ინვესტიციებს ახორციელებს დრონსაწინააღმდეგო სისტემებსა და სანაპირო დაცვის პატრულირებაში.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის გეგმა შეიძლება არ ითვალისწინებდეს თაივანის აშკარას ანექსიას, “ინტეგრაციის ზონებზე” ან ინფრასტრუქტურულ კავშირებზე ნებისმიერმა მითითებამ შეიძლება გაზარდოს დაძაბულობა და წინააღმდეგობაში მოვიდეს თაივანის სუვერენიტეტთან.

პეკინის შემდეგი ხუთწლიანი გეგმა შესაძლოა მიმართული იყოს არა მხოლოდ ჩინეთის ეკონომიკური მომავლისკენ, არამედ, მან შეიძლება ხელახლა განსაზღვროს პეკინის კონტროლი თაივანის სრუტეზე. ჩინეთი, როგორც ჩანს, ეკონომიკური წახალისებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მეშვეობით, თაივანის დამოკიდებულების გაზრდას აპირებს. 

ავტორი: ნია კოხრეიძე

პეკინის ახალი ხუთწლიანი გეგმა თაივანში განგაშს იწვევს Read More »

ჩინელებს ჯერ ფულის დახარჯვა არ უნდათ, ეს კი ივანიშვილს არ აწყობს – ინტერვიუ თინათინ ხიდაშელთან

შუა დერეფანზე გაამახვილა ყურადღება ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 76-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 29 სექტემბერს.

მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჰელსინკის კომისიას მიმართა: „საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა არ უნდა შერჩეს ჩინურ, რუსულ და ირანულ გავლენებს…“

რეალურად, რა ინტერესი აქვს ჩინეთს საქართველოში?

„მარტო გზებში ჩინური კომპანიების მიერ მიღებული სატენდერო თანხები თითქმის ორჯერ აღემატება მათ მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს. ჩინეთიდან ინვესტიცია რამდენად რეალურია, ყველაზე კარგად ამ რიცხვების შედარებით ჩანს: ორჯერ მეტი ფული აქვთ წაღებული საქართველოდან, ჩვენი გადასახადის გადამხდელების, ევროპელი, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული,“ – ამბობს თინა ხიდაშელი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის აზრით, საქართველომ უნდა დაიბრუნოს თავისი გეოპოლიტიკური ფუნქცია რეგიონში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანაკლიის პორტიც კი, ჩინეთისთვის საინტერესო აღარ იქნება.

„თუ რამე დღეს საქართველოსთან დაკავშირებით ინტერესს იწვევს, ეს არის საქართველოს პოზიციონირება ჩინეთთან და ირანთან… ეს არის თემა, რომლითაც შეიძლება დავაინტერესოთ ჩვენი პარტნიორები და დავანახოთ, რომ ამ რეგიონში, როდესაც მიმდინარეობს გლობალური პოლიტიკური გადათამაშება, საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი.

„ბათუმელებმა“ თინა ხიდაშელთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრია და არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი.

  • ქალბატონო თინა, რა ეტაპზეა საქართველო-ჩინეთის მოკავშირეობა? შუა დერეფანსა და სავაჭრო კავშირებზე გაამახვილა ყურადღება 29 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ, როდესაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 76-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მანამდე თქვენ ჰელსინკის კომისიას მიმართეთ: „საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა არ უნდა შერჩეს ჩინურ, რუსულ და ირანულ გავლენებს…“

ერთია, სამართლებრივად სად ვართ და მეორე: რეალურ ცხოვრებაში რა ხდება. სამართლებრივად, ქაღალდებს რომ გავყვეთ, მემორანდუმებს, რომელიც ფორმდება, საკმაოდ სწრაფად მივდივართ ამ ურთიერთობებში. ბევრი შეთანხმებაა, მაგალითად, იგივე განათლების სამინისტროებს შორის. სხვათა შორის, ელჩმა იმ ღონისძიებაზე, რომელიც თქვენ ახსენეთ, ბევრი ისაუბრა, რომ სკოლებში ჩინური დაემატა, როგორც მეორე უცხოური ენა და კონფუცის ინსტიტუტები ძლიერდება – უფრო და უფრო მეტი საგანმანათლებლო ცენტრი იხსნება უნივერსიტეტებთან, რაც არის ჩინეთის „რბილი ძალის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.

ასევე, ეკონომიკის სამინისტროსთან უამრავი შეთანხმება ფორმდება პოტენციური ინვესტიციების შესახებ. ისევ ჩინეთის ელჩს დავესესხები, მან თქვა, რომ საქართველო ჩინეთისთვის საინვესტიციოდ საინტერესო ქვეყანააო. ამას ამბობენ უკვე 10 წელია, მაგრამ საქართველოში ჩინეთიდან განხორციელებული ინვესტიციები არ გვინახავს.

განახლდა შეთანხმების ხელმოწერის მოლაპარაკებები „თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების“ მეორე ეტაპზე. როგორც ჩანს, ამას ხელს რეალურად მოაწერენ – ელჩმა თავის გამოსვლაში თქვა, პროგრესი სახეზეა და მოლაპარაკებები წარმატებულიაო.

რეალურ ცხოვრებაში კი, ჩვენ ვხედავთ ფაქტებს, სტატისტიკას, რიცხვებს და მონაცემებს, რომელიც სრულიად განსხვავებულია. მიუხედავად დაპირებებისა, ვერ ვნახეთ განვითარება ამ ურთიერთობებში, ვერ ვნახეთ რეალური ინვესტიციები, ვერ ვნახეთ ვაჭრობაში წარმატება.

ინვესტიციების კუთხით კატასტროფა გვაქვს: 2024 წელს 6 მილიონი იყო ჩინური ინვესტიცია საქართველოში – 60 მილიონი, ან 6 მილიარდი კი არა, 6 მილიონი. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით [იანვარი – სექტემბერი] 93%-ით ნაკლებია.

ჩინელებს ჯერ ფულის დახარჯვა არ უნდათ, ეს კი ივანიშვილს არ აწყობს – ინტერვიუ თინათინ ხიდაშელთან Read More »

„სამოქალაქო იდეას“ განცხადება ანასტასია ჯაფარიძის უკანონო დაკავების შესახებ

2025 წლის 22 ოქტომბერს, თბილისში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტისას, სამართალდამცავებმა ძალადობრივი და უკანონო მეთოდებით გაიტაცეს და დააკავეს ჩვენი ორგანიზაციის მოხალისე და საგანმანათლებლო პროგრამების აქტიური მონაწილე ანასტასია ჯაფარიძე. მისი დაკავება წარმოადგენს რეჟიმის მხრიდან სამოქალაქო აქტივიზმისა და პროტესტის გამოხატვის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ ძალისმიერ ქმედებას. ანასტასია ჯაფარიძე არის ღირსეული, განათლებული და მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე ახალგაზრდა, რომელიც წლებია მონაწილეობს ჩვენი ორგანიზაციის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ პროექტებში.

მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.  ანასტასია ღირსეული წარმომადგენელია იმ თაობისა, რომელსაც ძალიან კარგად ესმის როგორც თავისუფლების, ისე დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობა. „სამოქალაქო იდეა“ მზადაა ანასტასიას და მის ოჯახს გაუწიოს სრული სამართლებრივი და საზოგადოებრივი მხარდაჭერა, სანამ მასზე მიმართული უსამართლო და უკანონო დევნა არ შეწყდება. „სამოქალაქო იდეა“ გმობს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ყოველგვარ ძალადობას, დევნასა და სამოქალაქო აქტივიზმის მიზანმიმართულ კრიმინალიზაციას. სოლიდარობას ვუცხადებთ  ყველა პოლიტპატიმარს, ყველა იმ მოქალაქეს, ვინც საქართველოს ევროპული მომავლისთვის, დემოკრატიისთვის და ქვეყნის ღირსებისთვის დგას ქუჩაში, და ვისაც დღეს რეჟიმი თავისუფლებას ართმევს. საქართველოს მომავალი იმ ადამიანებზე დგას, ვინც აცნობიერებს თავისუფლების, ევროპული არჩევანისა და დემოკრატიული ღირებულებების ფასს.

„სამოქალაქო იდეას“ განცხადება ანასტასია ჯაფარიძის უკანონო დაკავების შესახებ Read More »

ჩინეთ-ევროკავშირის განახლებული დიალოგი

ჩინეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, 2025 წლის 21 ოქტომბერს ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა ვან ვენტაომ ევროკომისარ მაროშ შეფჩოვიჩთან ვიდეო შეხვედრა გამართა, რათა ეკონომიკური ურთიერთობების ჯანსაღი და სტაბილური განვითარების გზები მოეძებნათ. მოლაპარაკებების მთავარი თემა ჩინეთის მხრიდან იშვიათი მინერალების ექსპორტის კონტროლის გამკაცრებას ეხებოდა, რასაც ვანგი „ნორმალურ ქმედებად“ მიიჩნევს, თუმცა ევროკავშირი ჩინეთის ამ ნაბიჯს არალეგიტიმურ ეკონომიკურ იძულებად აფასებს. იშვიათი მინერალები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპული წარმოებისთვის (ელექტრომობილების ბატარეები, მაღალტექნოლოგიური იარაღი).

დიალოგის კიდევ ერთი საკვანძო საკითხი იყო ევროკავშირის ანტი-სუბსიდიური გამოძიება ჩინურ ელექტრომობილებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს ჩინური კომპანია Nexperia-ს საქმე: ნიდერლანდების მთავრობამ მიიღო განსაკუთრებული ზომები ეროვნული უსაფრთხოების მოტივით, რაც ჩინეთის საკუთრებაში მყოფი აღნიშნული კომპანიის საქმიანობას საფრთხეს უქმნის. ნიდერლანდების მთავრობამ ჩინურ ტრანსნაციონალურ კორპორაცია Wingtech Technologies-ის შვილობილ, ავტოჩიპების მწარმოებელ კომპანია Nexperia-ზე მმართველობითი კონტროლი დაამყარა. ამ ნაბიჯის საპასუხოდ, ჩინეთმა Nexperia-სთვის ჩინეთში აწყობილი მზა პროდუქციისა და სხვა სახის კომპონენტების ექსპორტი აკრძალა, რითაც კომპანიას ევროპელი მომხმარებლებისთვის (BMW, Mercedes-Benz) შეკვეთების შესრულება შეუზღუდა.

ვან ვენტაომ ნიდერლანდების მხრიდან ეს ნაბიჯი „ეროვნული უსაფრთხოების ცნების გადამეტებულ გაფართოებად“ შეაფასა და მოითხოვა, რომ პატივი სცენ სახელშეკრულებო ვალდებულებებს, რაზეც ევროკავშირმა გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ჰააგასა და პეკინს შორის კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს.

საბოლოოდ, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მალე ბრიუსელში განახლებული შეხვედრა შედგება, რაც ადასტურებს მათ მზადყოფნას, მწვავე სავაჭრო დავები დიპლომატიური გზებით გადაჭრან.

ჩინეთ-ევროკავშირის განახლებული დიალოგი Read More »

Jamestown Foundation-ის გამოცემამ გამოაქვეყნა თინათინ ხიდაშელის სტატია ჩინეთ-საქართველოს „სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ

🇬🇪🇨🇳 ჩინეთ-საქართველოს „სტრატეგიული პარტნიორობა“ შედეგს ვერ აღწევს

ვაშინგტონში დაფუძნებულმა Jamestown Foundation-ის გამოცემამ “ევრაზიის დღიური მონიტორინგის” სექციაში გამოაქვეყნა სამოქალაქო იდეას თავმჯდომარის, თინათინ ხიდაშელის, სტატია, სადაც ის აჩვენებს, რომ ჩინეთ-საქართველოს  „სტრატეგიული პარტნიორობა“ რეალურად ვერ უზრუნველყოფს საქართველოსთვის მოსალოდნელ სარგებელს.

მიუხედავად ოფიციალური განცხადებებისა, რომ თანამშრომლობა საქართველოს კეთილდღეობას მოუტანდა, ჩინური ინვესტიციები საქართველოში მინიმალურია, ვაჭრობის ბალანსი მკვეთრად იხრება ჩინეთის სასარგებლოდ, ხოლო სახელმწიფო ტენდერების დიდ ნაწილს, რომელიც ხშირად დასავლური ან ქართული სახსრებით დაფინანსებულ პროექტებია,  ჩინური კომპანიები იღებენ.

ამავდროულად, პეკინი გაეროში მუდმივად თავს იკავებს ან არ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციებს, რაც ადასტურებს, რომ „პარტნიორობა“ მხოლოდ აძლიერებს ჩინეთის გავლენას და საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა თუ  ევროპულ-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

სტატია ეყრდნობა სამოქალაქო იდეას უახლეს კვლევას:
 
“From Schools to State: China’s Quiet Takeover — Illusions of Partnership, Risks of Dependence.”

თინათინ ხიდაშელის სტატია სრულად შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე:

Jamestown Foundation-ის გამოცემამ გამოაქვეყნა თინათინ ხიდაშელის სტატია ჩინეთ-საქართველოს „სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ Read More »

ტრამპი სი ძინპინთან შეხვედრისას „ფანტასტიკური შეთანხმების“ მიღწევას გეგმავს

ამ თვის ბოლოს სამხრეთ კორეაში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის 2025 წლის სამიტის ჩატარებაა დაგეგმილი, სადაც წევრი ქვეყნების ლიდერები გლობალური ეკონომიკური საკითხების განსახილველად შეიკრიბებიან. ჩინეთსა და აშშ-ს შორის რთული ურთიერთობებისა და სავაჭრო ომის ფონზე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ სამიტის ფარგლებში სი ძინპინთან შეხვედრას და ჩინეთთან „ფანტასტიკურ შეთანხმების“ მიღწევას იმედოვნებს. მან ტარიფების შემცირების ინიციატივა წამოაყენა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთიც გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდეს, მათ შორის აშშ-ში წარმოებული სოიოს შესყიდვა განაგრძოს და იშვიათ წიაღისეულზე შეზღუდვები გააუქმოს. ეს ორი გარემოება, კერძოდ, ჩინეთის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებიდან სოიოს იმპორტის საგრძნობლად შემცირება და იშვიათ წიაღისეულზე მონოპოლია, ჩინეთის ხელში ძლიერი იარაღია, რომლითაც შესაძლოა, ტრამპზე ზეწოლა მოახდინოს, რათა ამ უკანასკნელმა შეამციროს ტარიფები და პეკინთან შეთანხმება დადოს.

ამერიკელი ფერმერებისთვის თითქმის შეუძლებელია ჩინეთის უზარმაზარი მოთხოვნის სხვა ალტერნატივით ჩანაცვლება, ვინაიდან ჩინეთი მსოფლიოში სოიოს უმსხვილესი იმპორტიორი და ამერიკელი ფერმერების ნაწარმის უდიდესი შემსყიდველია. მაგალითად, გასულ წელს ჩინეთმა აშშ-ში წარმოებული სოიოს ნახევარი შეისყიდა, რაც დაახლოებით 12.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. თუმცა, წელს, აშშ-ს მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ, ჩინეთის მიერ სოიოს შესყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც საგრძნობლად იმოქმედა ამერიკელ ფერმერებზე, რომლებიც თავის მხრივ მოუწოდებენ ტრამპს, შეცვალოს ჩინეთის მიმართ პოლიტიკა.

სანამ ამერიკელი ფერმერები სასოწარკვეთილები არიან, ჩინეთმა ადვილად გამოძებნა ალტერნატიული მიმწოდებელი ბრაზილიის სახით. აგვისტოში ჩინეთმა ბრაზილიიდან 4.7 მილიარდი დოლარის სოიო შეიძინა, რაც აშშ-ს მიწოდებასთან შედარებით დაახლოებით ორმოცდაათჯერ მეტია. ეს სიტუაცია ჩინეთს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს – ის ზეწოლას ახდენს აშშ-ს სოფლის მეურნეობის სექტორზე და ამავდროულად, ბრაზილიასთან ვაჭრობით აღრმავებს „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობას“.

სოიოს პრობლემის გარდა, რომელიც შესაძლოა მხოლოდ ამერიკელ ფერმერებს ეხებოდეს, არსებობს ჩინეთის მიერ იშვიათი წიაღისეულის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების საკითხიც, რომელიც უზარმაზარ პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ გლობალური ეკონომიკისა და ელექტრომოწყობილობების ბაზრისათვის. ჩინეთი აკონტროლებს გადამუშავებული იშვიათი წიაღისეულების გლობალური წარმოების 90%-ზე მეტს. ამრიგად, აშშ-სა და ჩინეთს შორის მომავალი სამიტი და მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი მოვლენაა გლობალური ეკონომიკისთვის. ამ სავაჭრო ომმა ზიანი მიაყენა ორივე ქვეყანას და მათ ეკონომიკას. შესაბამისად, მათ შორის შეთანხმება, როგორც ტრამპმა აღნიშნა, მართლაც „ფანტასტიკური“ იქნება. თუმცა, ტრამპის არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, ძნელი სათქმელია, რა მოხდება სინამდვილეში.

ტრამპი სი ძინპინთან შეხვედრისას „ფანტასტიკური შეთანხმების“ მიღწევას გეგმავს Read More »

Scroll to Top