ამბები

„ქართული ოცნების“ პოზიცია ირანზე: დიპლომატიური ნეიტრალიტეტი თუ ირიბი მხარდაჭერა?

ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკური და სამხედრო ისტაბლიშმენტის წინააღმდეგ ისრაელ-აშშ-ის ერთობლივი სამხედრო მოქმედებების პარალელურად, 1 მარტს „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც რეგიონში მიმდინარე მოვლენებისადმი შეშფოთებას გამოხატავს და მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით აკვირდება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციის მისაღწევად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.“

საგარეო საქმეთა სამინისტროს მოკლე და ბუნდოვან განცხადებას მოჰყვა ივანიშვილის მთავრობის 2 მარტის განცხადება, რომელშიც ის სოლიდარობას უცხადებს კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის ირანის ისლამურ რესპუბლიკას, ისრაელსა და ყურის არაბულ ქვეყნებს, და მხარეებს დიპლომატიისა და პოლიტიკური დიალოგისკენ მოუწოდებს:

საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას.

სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო.

საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს.

გამოვთქვამთ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს.”

თუმცა, განცხადებაში ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა თავისთავად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „ქართული ოცნების“ პაციფისტურ მოწოდებებს. ივანიშვილის პარტია მხარდაჭერას უცხადებს ტერორისტულ რეჟიმს, რომლის რეპრესიებმაც ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„ქართული ოცნების“ დიპლომატიას შეფარებული პრო-ირანული განცხადებების პარალელურად, საქართველოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა ირანის უზენაესი ლიდერის, ხამენეის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის განცხადებები გაავრცელეს და ისლამური რესპუბლიკის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. 

1 მარტს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც სამძიმარს უცხადებდა ირანის უზენაესი ლიდერის ოჯახს, ახლობლებსა და ირანელ ხალხს:

როგორც ცნობილია, სეიდ ალი ხამენეი, ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, გუშინ . თეირანში მდებარე მის ოფისზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და ირანელ ხალხს.“

იმავე დღეს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა, ფაიგ ნაბიევმა პირად ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ირანელ ხალხსა და „მსოფლიოს მუსლიმებს“ ხამენეის გარდაცვალება მიუსამძიმრა:

ირანის ისლამური რევოლუციის უზენაესი ლიდერის, დიდი სწავლულის და მარჯაითაყლიდის, აიათოლა სეიდ ალი ხამენეის მოწამეობრივი გარდაცვალების ამბავმა მთელი ისლამური სამყარო ღრმა მწუხარებაში ჩააგდო. ეს არის დიდი სულიერი დანაკარგი არა მხოლოდ ირანის ხალხისთვის, არამედ მთლიანად მუსლიმი უმმასთვის.“

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სახელით, აიათოლას სიკვდილს გამოეხმაურა ასევე მირტაგი ასადოვიც, რომელმაც ხამენეის ლიკვიდაციას ისლამური სამყაროსთვის „მძიმე და შემზარავი დანაკარგი“ უწოდა. ასადოვის განცხადების თანახმად, „კაცობრობის მტრებმა, ბავშვების მკვლელებმა და იმპერიალისტურმა ძალებმა, რომლებიც მსგავს ქმედებებს სჩადიან, პასუხი უნდა აგონ საერთაშორისო სამართლის წინაშე.“

ასადოვის განცხადებამ საქართველოში ისლამური რესპუბლიკის საელჩოს განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რამდენადაც ამ უკანასკნელმა 2 მარტს გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტში ასადოვისადმი „გულწრფელი მადლიერება“ გამოხატა.

შემაშფოთებელია, რომ ზემოთ ხსენებული პირები, რომლებიც სოციალურ ქსელებში სოლიდარობას უცხადებენ ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სახელმწიფოს კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებთან არიან დაკავშირებულნი. კერძოდ, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო 2011 წლიდან ფუნქციონირებს როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ფაიგ ნაბიევი ორგანიზაციის „შეიხი“ და ერთ-ერთი ხელმძღვანელია. რაც შეეხება მირტაგი ასადოვს, რომელმაც ასევე მწუხარება გამოხატა ხამენეის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ის სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარეა.

2014 წლიდან ხსენებული ორგანიზაციები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. 2026 წლის 16 იანვარს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს ისლამური თემისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 4 150 000 ლარს.

აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში ირანის საელჩოსთან და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან. მიმდინარე წლის 17 თებერვალს, ორგანიზაციის შეიხმა, ფაიგ ნაბიევმა უმასპინძლა საქართველოში ირანის ახლად დანიშნულ ელჩს, ალი მოუჯანის და მას დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 2025 წელს, სამმართველოს სასულიერო პირები, ირანში ვიზიტის ფარგლებში, შეხვდნენ ადგილობრივ სასულიერო პირებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ამგვარად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ „ნეიტრალურ“ და „პაციფისტურ“ მოწოდებებს ჩრდილქვეშ აყენებს ირანის ისლამური რესპუბლიკისადმი მისი საჯაროდ გაცხადებული მხარდაჭერა. ივანიშვილის ხელისუფლების ფარულ პრო-ირანულ პოზიციაზე მიანიშნებს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციების წარმომადგელების განცხადებებიც. აღნიშნული ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებული პოზიციები კიდევ ერთხელ ადასტურებს „ქართული ოცნების“ უსიტყვო მხარდაჭერასა და უმოქმედობას საქართველოში ირანის გავლენების მიმართ.

„ქართული ოცნების“ პოზიცია ირანზე: დიპლომატიური ნეიტრალიტეტი თუ ირიბი მხარდაჭერა? Read More »

ახალი ჩინური კომპანია საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორში

ბოლო პერიოდში, ჩინეთის ოფიციალურ პირებსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრებზე, აქცენტი კეთდება ახალ და განახლებადი ენერგიის დარგებში ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობაზე. მიმდინარე წლის 21 იანვარს, Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა, რომ საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა „სულ უფრო მეტ სფეროს მოიცავს და უფრო მაღალ დონეს აღწევს.“ ელჩმა აღნიშნული ტენდენციის ერთ-ერთ ნიმუშად დაასახელა ჩინური კომპანიის მონაწილეობა გორის ქარის ელექტროსადგურის პროექტში.

გორის ქარის ელექტროსადგურის პროექტი, ასევე ცნობილი, როგორც რუისის ქარის ელექტროსადგურის პროექტი“, ითვალისწინებს 206 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის განვითარებას, მშენებლობასა და ექსპლუატაციას, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. პროექტ,ი 119 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხით, დააფინანსა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა.

2024 წელს, ჩინურმა კომპანიამ, Goldwind Science & Technology Co. Ltd გაიმარჯვა სახელმწიფო ტენდერში, რომელიც ელექტროსადგურისთვის 33 ქარის ტურბინის გენერატორის მიწოდებას, მონტაჟს, 15-წლიან ექსპლუატაციასა და მომსახურებას ითვალისწინებდა. 2026 წლის იანვარში, Goldwind-მა პირველი ტურბინის მონტაჟი დაასრულა. კომპანიის შეფასებით, ქარის ტურბინის გენერატორების მონტაჟის დასრულების შემდეგ, ელექტროსადგური ყოველწლიურად 600 გვტ ელექტროენერგიის წარმოებას შეძლებს.

ჩინეთის ელჩმა სახელმწიფო ტენდერში Goldwind-ის წარმატება საქართველოში ჩინური კომპანიების ერთ-ერთ „მნიშვნელოვან მიღწევად“ შეაფასა. თუმცა, საქართველოს პერსპექტივიდან, აღნიშნული პრეცედენტი აჩვენებს ჩინეთის ენერგოკომპანიების მზარდ ინტერესს საქართველოს განვითარებადი სექტორის, განახლებადი ენერგიის მიმართ.

Goldwind Science & Technology არის ჩინური ტრანსნაციონალური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სუფთა ენერგიასთან დაკავშირებულ პროდუქტებსა და სერვისებს. ღია წყაროების კვლევის შედეგად დგინდება, რომ კომპანია მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, Goldwind-ის წილების ნაწილს ფლობენ სახელმწიფო კომპანიები: Xinjiang Wind Power Co. (11.78 %) და China Three Gorges Renewables Co. Ltd. (9.16 %). ეს უკანასკნელი წარმოადგენს სანქცირებული ჩინური კორპორაციის, China Three Gorges Corporationის შვილობილ კომპანიას. კერძოდ, 2020 წლის იანვარში, ამერიკის უცხოური აქტივების ჯონტროლის ოფისმა (OFAC) China Three Gorges Corporation ჩინეთის სამხედრო კომპანიად დაასახელა.

Goldwind ასევე დაკავშირებულია ჩინურ კომპანია Xinjiang Production and Construction Corps (XPCC)-თან. 2020 წელს, Goldwind-მა XPCC-სთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მას ორგანიზაციის ერთ-ერთი დასახლების ენერგიით უზრუნველყოფა ევალებოდა. საყურადღებოა, რომ XPCC არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ეკონომიკური და გასამხედროებული ორგანიზაცია, რომელიც ჩინეთის სინძიანის რეგიონს აკონტროლებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია, ჩინეთის მუსლიმი უმცირესობების, უიღურების უფლებების სერიოზული დარღვევისა და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიულ პოლიტიკაში მონაწილეობის გამო, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული.

კომპანიის ხელმძღვანელობაც მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. Goldwind-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ვუ განგი ჩინეთის კომპარტიის წევრია. ამასთანავე, განგი, ჩინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, სახელმწიფო საბჭოსა და ცენტრალური სამხედრო კომისიის მიერ, სამახსოვრო მედლით არის დაჯილდოებული. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია აჩვენებს, რომ ვუ განგი მხარს უჭერდა უიღურების წინააღმდეგ კომპარტიის რეპრესიულ პოლიტიკას და მონაწილეობდა ჩინეთის მთავრობის კამპანიაში, რომელიც სინძიანში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების იდეოლოგიურ განათლებას მოიცავდა.  

ჩინეთში Goldwind-ის საქმიანობა ეკოლოგიურად არამეგობრული და სტანდარტების შეუსაბამო პრაქტიკებით გამოირჩევა. კომპანიის სახელს უკავშირდება მიწის უკანონოდ მითვისება, დანაგვიანება და ხმაურით დაბინძურება. მსგავსი დარღვევების გამო, Goldwind და მისი შვილობილი კომპანიები არაერთხელ დაჯარიმდნენ, ჯამურად 52.0991 მილიონი იუანის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმით.

მიმდინარე წლის 3 თებერვალს, ევროკავშირმა, „საგარეო სუბსიდიების რეგულაციის“ ფარგლებში, Goldwind-ის წინააღმდეგ ფორმალური გამოძიება დაიწყო. ევროკომისიის განცხადების მიხედვით, არსებობს ეჭვი, რომ კომპანია უცხო ქვეყნისგან იღებს სუბსიდიებს. ჩინეთის კომერციის სამინისტრომ დაგმო ევროკავშირის გადაწყვეტილება და მას „მიზანმიმართული“ და „დისკრიმინაციული“ უწოდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის სახელს უკავშირდება უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის შემთხვევა. 2025 წლის ნოემბერში, ავსტრალიაში, Goldwind-ის მიერ ოპერირებად ქარის ელექტროსადგურზე, ქარის ტურბინების სამუხრუჭე სისტემებში საშიში ნივთიერება, აზბესტი აღმოაჩინეს. შედეგად, Goldwind-ის ქარის ტურბინებზე წვდომა შეიზღუდა.

ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და სანქცირებულ კომპანიებთან Goldwind Science & Technology-ის მჭიდრო კავშირები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ოცნება საეჭვო საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ჩინური კომპანიების მიმართ „ლმობიერი“ დამოკიდებულებით გამოირჩევა. სამოქალაქო იდეას კვლევებში არაერთხელ აღინიშნა ის უარყოფითი შედეგები, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ სათანადო გადამოწმების პრაქტიკის (due diligence) გარეშე შერჩეულ ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობას შეიძლება მოჰყვეს. გორის ქარის ელექტროსადგურში ზემოთ ხსენებული ჩინური კომპანიის ჩართულობა აჩვენებს, რომ განახლებადი ენერგიის სექტორი ჩინეთის გავლენებისადმი მოწყვლად მორიგ დარგად ყალიბდება.

ახალი ჩინური კომპანია საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორში Read More »

ირანული ნავთობის კვალდაკვალ: იმპორტიორი კომპანიები და მათი პოლიტიკური კავშირები საქართველოში

“სამოქალაქო იდეამ” 2025 წლის 3 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში, “ქართული ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკა – შესაძლებლობა ირანისთვის”, ირანულენოვანი წყაროების საფუძველზე გაანალიზა და  გაშიფრა ის სქემები თუ როგორ იყენებენ ირანული ბიზნესწრეები საქართველოს ტერიტორიას საერთაშორისო სანქციების თავიდან ასაცილებლად.

წინამდებარე კვლევა ეხება იმ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც 2022-2025 წლებში საქართველოში ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტს ახორციელებდნენ, მათ შორის არსებულ კავშირებსა და მათ საქმიანობას.

კვლევის ძირითადი მიგნებები

ჩვენს ხელთ არსებული ოფიციალური მონაცემებისა და დოკუმენტაციის მიხედვით,  2022-2025 წლებში საქართველოში რეგისტრირებულმა 72-მა კომპანიამ ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა.

აღნიშნული 72 კომპანიიდან:

  • 15 კომპანია დაკავშირებულია უცხოეთის, მესამე ქვეყნების – აზერბაიჯანის, ყაზახეთის და სომხეთის, მოქალაქეებთან.
  • 10 კომპანია დაკავშირებულია ირანის მოქალაქეებთან, ხოლო ორი კომპანიის ხელმძღვანელთა ან/და მეწილეთა პარტნიორებს შორის ასევე არიან ირანის მოქალაქეები.
  • 8 კომპანია დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან, რომელთაგან სამი კომპანია სახელმწიფო ტენდერებშია გამარჯვებული.
  • 8 კომპანიასთან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს გაფორმებული აქვთ კონტრაქტები, ხოლო სამი კომპანიის ხელმძღვანელ ან/და მეწილე პირებთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო კონტრაქტების მფლობელები არიან.
  • 5 კომპანია დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ შემომწირველთან. კერძოდ, შპს „აისი“, შპს „იჰლას“, შპს „ბახულა მოტორსი“, შპს „ბაზა-22“, შპს და „სულფეკო“ წარმოადგენენ საქართველოში მოქმედი აიპი „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ წევრ ორგანიზაციებს. აღნიშნული ასოციაციის პრეზიდენტია ბაკურ ხუნდაძე, რომელიც პარტია “ქართული ოცნების” შემომწირველია.
  • 4 კომპანია არაპირდაპირი გზით დაკავშირებულია საჯარო ან/და პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრებთან – „ქართული ოცნების“ დეპუტატთან.

ანგარიში სრულად:

ირანული ნავთობის კვალდაკვალ: იმპორტიორი კომპანიები და მათი პოლიტიკური კავშირები საქართველოში Read More »

“ახალი ეტაპი ევროპისთვის” – თინათინ ხიდაშელი ევროპის პარლამენტის პანელზე

📍 ევროპის პარლამენტი, ბრიუსელი

სამოქალაქო იდეას ხელმძღვანელი თინათინ ხიდაშელი მონაწილეობდა ევროპის პარლამენტში გამართულ ფორუმზე „2026: ახალი ეტაპი ევროპისთვის“. 

თინათინ ხიდაშელის პანელი „დემოკრატიული გამძლეობა – საერთო გამოწვევები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, ეხებოდა დემოკრატიის გამოწვევებს ავტორიტარული რეჟიმების გაძლიერების პროცესში. დისკუსიის დროს ყურადღება გამახვილდა სხვა რეგიონების გამოცდილებებსა და კონკრეტული გზებზე, რომლითაც ევროკავშირსა და მის პარტნიორ ინსტიტუტებს შეუძლიათ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში ქვეყნების დემოკრატიული სტანდარტების მხარდაჭერა, დამოუკიდებელი მედიის და ინსტიტუტების გაძლიერება. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები, ევროპისა და მეზობელი რეგიონების მასშტაბით დემოკრატიის გასაძლიერებელი პრაქტიკული სტრატეგიების განსახილველად.

“ახალი ეტაპი ევროპისთვის” – თინათინ ხიდაშელი ევროპის პარლამენტის პანელზე Read More »

“სამოქალაქო იდეას”  კონტრიბუცია გაეროს ადამიანის უფლებათა შეფასების ანგარიშში

ჩვენი ორგანიზაციის მონაწილეობით მომზადებული ანგარიში მოხსენიებულია გაეროს UPR პროცესის Stakeholders’ Summary-ში, როგორც Joint Submission 1 (JS1). ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ხმა გათვალისწინებულია საქართველოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საერთაშორისო შეფასებისას.

UPR არის მექანიზმი, რომელიც შეისწავლის გაეროს თითოეული წევრი სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და ეფუძნება როგორც სახელმწიფო ანგარიშებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მასალებს.

ანგარიშში ხაზგასმულია რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა, მათ შორის: 

  • სამოქალაქო სივრცის შემცირება და ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ჟურნალისტებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებზე

  • საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ზღუდავს ადამიანის უფლებებს, მათ შორის შეკრების თავისუფლებას

  • ძალის გადამეტებული გამოყენება საპროტესტო აქციებზე და აქტივისტებზე მიმართული სამართლებრივი ზეწოლის შემთხვევები

 შედეგების სრული ანგარიში  უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

“სამოქალაქო იდეას”  კონტრიბუცია გაეროს ადამიანის უფლებათა შეფასების ანგარიშში Read More »

ჩინური კომპანიები საქართველოში

გიზიარებთ სამოქალაქო იდეას ახალი ანგარიშს: „ჩინური კომპანიები საქართველოში“.

2017 წლიდან მოყოლებული, სამოქალაქო იდეა იკვლევს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ჩინურ კომპანიებს. წინამდებარე ანგარიშში გაერთიანებულია აღნიშნული კომპანიების საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი ტენდენციები.

„ქართული ოცნების“ პარტნიორი ჩინური კომპანიების საქმიანობის თანმდევი რისკების, შესაძლო დარღვევების და ანგარიშვალდებულების ხარისხის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ჩინური კომპანიების ჩართულობით მიმდინარე სახელმწიფო პროექტები ხასიათდება კორუფციის რისკებით, სუსტი სათანადო გადამოწმების (due dilligence) პრაქტიკით და სამართლებრივი თუ ეთიკური სახის დარღვევებით.

მთელი რიგი შემაშფოთებელი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ თითოეულ ჩინურ კომპანიას, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობს, სულ მცირე, ერთი სერიოზული სამართლებრივი, ფინანსური ან ეთიკური დარღვევა უკავშირდება.

ჩინური კომპანიები საქართველოში Read More »

„ევროპის ფული, ჩინური კომპანიები და საქართველოს ავტორიტარები: პარადოქსი, რომელიც დასავლეთის ბერკეტებს ასუსტებს” – თინათინ ხიდაშელის ანალიტიკური სტატია

სამოქალაქო იდეას ხელმძღვანელმა, თინათინ ხიდაშელმა, გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია CEIAS – Central European Institute of Asian Studies-ის პლატფორმაზე, რომელიც ეხება გეოპოლიტიკის, ეკონომიკური სახელმწიფოებრივი პოლიტიკისა და დემოკრატიული მდგრადობის აქტუალურ გამოწვევებს.

სტატიაში – „ევროპის ფული, ჩინური კომპანიები და საქართველოს ავტორიტარები: პარადოქსი, რომელიც დასავლეთის ბერკეტებს ასუსტებს“ — ავტორი აანალიზებს იმ წინააღმდეგობებს, რომლებიც დასავლეთის პოლიტიკასა და ფინანსურ პრაქტიკაში არსებობს და რომლებიც,  ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებას უწყობს ხელს.

პუბლიკაციაში გამოკვეთილია სამი ძირითადი საკითხი:

    • დასავლეთის გავლენის შესუსტება პოლიტიკის არათანმიმდევრულობის გამო — მაშინ, როდესაც დასავლეთი სიტყვიერად აკრიტიკებს დემოკრატიულ უკუსვლასა და აძლიერებს პოლიტიკურ ზეწოლას , ფინანსური მხარდაჭერა ხშირად მაინც გრძელდება — კონკრეტული და მკაცრი დემოკრატიული მოთხოვნების გარეშე.
    • ჩინური სახელმწიფო კომპანიების გაძლიერება — კომპანიები, რომლებიც შეზღუდულნი ან სანქცირებულნი არიან ევროპასა და აშშ-ში, წარმატებით იღებენ მსხვილ ინფრასტრუქტურულ კონტრაქტებს დასავლეთის მხარდაჭერილი ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსებით.
    • საქართველო, როგორც ავტორიტარული ადაპტაციის ნათელი მაგალითი — ხელისუფლება იყენებს დასავლურ ფინანსებსა და ჩინურ კომპანიებს ფორმალური განვითარების უზრუნველსაყოფად, მაშინ როდესაც დემოკრატიული მმართველობა და ანგარიშვალდებულება სისტემურად სუსტდება.

„ევროპის ფული, ჩინური კომპანიები და საქართველოს ავტორიტარები: პარადოქსი, რომელიც დასავლეთის ბერკეტებს ასუსტებს” – თინათინ ხიდაშელის ანალიტიკური სტატია Read More »

თინათინ ხიდაშელის სტატია გამომცემლობა Jamestown-ში

გამომცემლობა Jamestown-მა გამოაქვეყნა თინათინ ხიდაშელის სტატია  „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის შესახებ. 

სტატიაში თინათინ ხიდაშელი მიმოიხილავს „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკის მკვეთრ ტრანსფორმაციას. ავტორის შეფასებით, მმართველი პარტია სულ უფრო შორდება პროდასავლურ კურსს და იყენებს კონსპირაციულ-დეზინფორმაციულ რიტორიკას – დასავლური ინსტიტუტების, დიპლომატების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციური ძალების დასაშინებლად. ისევე როგორც, „Deep State“-ისა თუ „გლობალური ომის პარტიის“-ს მსგავსი ნარატივების გამოყენება ემსახურება საზოგადოებაში შიშის დათესვასა და დასავლური ინტეგრაციის დისკრედიტაციას. 

თინათინ ხიდაშელი ხაზს უსვამს, რომ ამგვარი პოლიტიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის პერსპექტივას და აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას.

 

თინათინ ხიდაშელის სტატია გამომცემლობა Jamestown-ში Read More »

” რატომ ვერ შეიცვალა ხელისუფლება 2024 წლის პროტესტების ტალღის დროს? ” – თინათინ ხიდაშელის ანალიზი

Eastern Neighborhood Bulletin-მა გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია იმის შესახებ, თუ რატომ ვერ შეიცვალა ხელისუფლება 2024 წლის პროტესტების ტალღის დროს.
სტატიაში სხვადასხვა ქვეყნის ცხრა ექსპერტის შეფასებებია თავმოყრილი.
სტატიაში ასევე იხილავთ სამოქალაქო იდეას ხელმძღვანელის, თინათინ ხიდაშელის, ანალიზსაც, სადაც ის აღწერს, როგორ ვერ შეძლო ოპოზიციურმა პარტიებმა საზოგადოებრივი ენერგიის გარდაქმნა პოლიტიკურ სტრატეგიად:
“2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ყველასთვის ბოლო იმედის ნაპერწკლად აღიქმებოდა, გამონაკლისს, როგორც ჩანს, წარმოადგენდნენ მხოლოდ მთავარი მოთამაშეები- ოპოზიციური პარტიები. საზოგადოებაში არსებობდა მოლოდინი, რომ ოპოზიცია გადადგამდა თამამ, მოულოდნელ ნაბიჯებს, რომლებიც ხელისუფლებას დისკომფორტში ჩააგდებდა და მის კარგად დაგეგმილ სტრატეგიას დაარღვევდა. როცა ქვეყნის სუვერენიტეტი და მისი მომავალი კურსი დგას სასწორზე, ბრძოლა მხოლოდ ქუჩის პროტესტით ვეღარ გაგრძელდება – მას სჭირდება პოლიტიკური ძალა. წინააღმდეგობა აუცილებლად უნდა იყოს პოლიტიკური – ორგანიზებული და გამყარებული იმ სუბიექტების მიერ, რომლებიც ძალაუფლების პრეტენზიის ლეგიტიმურობასა და შესაძლებლობას ფლობენ, ესეთი სუბიექტები კი პოლიტიკური პარტიები არიან.
 
უნდა ამოქმედებულიყო სამეტაპიანი, გარდაუვალი ცვლილების მარტივი გეგმა: საზოგადოებას, პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, მოეთხოვა ცვლილება; შემდეგ დაეჯერებინა, რომ ის შესაძლებელი იყო; და ბოლოს, გამოეყო ძალა, რომელსაც გამარჯვებისა და შემდეგ ქვეყნის მართვის უნარი ჰქონდა. აქტივისტებმა და სამოქალაქო სექტორმა თავიანთი მისია შეასრულეს. მოძრაობა თვალსაჩინოდ კრეატიული და ენერგიული იყო, რაც ნათლად აჩვენებდა, რომ საზოგადოება ცვლილებას ითხოვდა. მაგრამ ეს დიდი ენერგია პოლიტიკურმა ლიდერობამ ვერ აქცია სტრატეგიად, ვერ გარდაქმნა ხელისუფლებაში მოსვლის რეალურ გეგმად. “ – სამოქალაქო იდეას ხელმძღვანელი, თინათინ ხიდაშელი.
 
სტატია სრულად იხილეთ აქ:
 

” რატომ ვერ შეიცვალა ხელისუფლება 2024 წლის პროტესტების ტალღის დროს? ” – თინათინ ხიდაშელის ანალიზი Read More »

თინათინ ხიდაშელი ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტში

02 დეკემბერს, ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტში “Global Governance Research (GGR)”–ის სერიის ფარგლებში, სამოქალაქო იდეის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი შეხვდა სტუდენტებს და ისაუბრა თემაზე – „პატარა სახელმწიფოები არასტაბილურ რეგიონებში: რა გვასწავლის საქართველოს მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი“.

ხიდაშელმა მსმენელს გააცნო საქართველოს გეოპოლიტიკური გარემოს განვითარება, სამხრეთ კავკასიაში არსებული დინამიკები და იმ გამოწვევები, რომლებიც რეგიონში ავტორიტარული გავლენის ზრდას, ჰიბრიდულ საფრთხეებსა და უსაფრთხოების არასტაბილურობას უკავშირდება. განხილვის მთავარი ხაზები იყო, თუ როგორ ახდენს ეს ყველაფერი გავლენას მცირე სახელმწიფოების სტრატეგიულ არჩევანებზე და როგორ მოქმედებს მათი გადაწყვეტილებები რეგიონულ უსაფრთხოებაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები, ჟურნალისტები და პოლიტიკის შემქმნელები, რომლებმაც ხიდაშელთან ერთად იმსჯელეს რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე და მცირე სახელმწიფოების წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

თინათინ ხიდაშელი ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტში Read More »

Scroll to Top