კვლევა

სტრატეგიული პარტნიორობიდან დღემდე: ჩინეთის ექსპანსია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში

„ახალგაზრდა თაობაში ჩინური ენის სწავლა სულ უფრო პოპულარული ხდება. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩინური ენა სკოლებში მეორე ენა გავხადოთ…. ჩნდება ერთმანეთის მიმართ ნდობა, რაც ახალ და მომავალ თაობებს აძლევს შესაძლებლობას, კავშირები დაამყარონ, ითანამშრომლონ და საერთაშორისო დონეზე ერთობლივ ძალად გამოვიდნენ, გარკვეული პოლიტიკური ინტერესები ერთად წარმოადგინონ, რაც, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადება. ჩინურ მედია “China Daily”-სთან. 15.11. 2025

თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში, დიდი სახელმწიფოების მიერ პატარა ქვეყნების საგარეო პოლიტიკაზე გავლენის დამყარების ერთ-ერთ წამყვან სტრატეგიას რბილი ძალა წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ერთ-ერთი მზარდი აქტორია. 

სამოქალაქო იდეას ახალ ანგარიში “სტრატეგიული პარტნიორობიდან დღემდე: ჩინეთის ექსპანსია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში”  მიმოიხილავს ჩინეთის მზარდ გავლენას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.

ანგარიში აანალიზებს, როგორ იყენებს ჩინეთი განათლებას „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად — მათ შორის ჩინური ენის პოპულარიზაციას, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას, სტიპენდიებს, გაცვლით პროგრამებს და ტექნოლოგიური კომპანიების, როგორიცაა Huawei, ჩართულობას.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

„სამოქალაქო იდეას“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2024-2025 წლებში:

  • ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი/შეთანხმება გაფორმდა;
  • საქართველოს უნივერსიტეტებს ორმხრივი ურთიერთობების დამყარებისა და თანამშრომლობის განვითარების მიზნით ჩინეთის 12 საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები ესტუმრნენ;
  •  ქართულმა უნივერსიტეტებმა შეთანხმებები გააფორმეს შემდეგ ჩინურ კომპანიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან: Huawei, Zhogge Cultural Development, სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი, Guagzou Dajiang E-Commerce Co Ltd;
  • Huawei-სთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, კომპანია საქართველოში პირველ საინფორმაციო ტექნოლოგიების (ICT) აკადემიას გახსნის და ქართულ სკოლებში „სმარტ კლასებს“ მოაწყობს; 
  • ქართველმა სტუდენტებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა Huawei-ს საგანმანათლებლო ინიციატივაში: Seeds for the future;
  • საქართველოში ჩინეთის საელჩო აქტიურად უწყობს ხელს საგანმანათლებლო თანამშრომლობასა და ჩინური ენის პოპულარიზაციას. ქართულ უნივერსიტეტებსა და ჩინეთის საელჩოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში  გაიმართა ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებები;  
  • 2024 და 2025 წლებში, ქართველი სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ჩინური ენის კონკურსი, „ჩინეთის ხიდი“;
  • ქართველმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ჩინეთში საზაფხულო სკოლებსა და ახალგაზრდულ ბანაკებში;
  • ჩინური ენა ისწავლება თბილისში მოქმედ 15 სკოლაში;
  • ჩინეთის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფუცის ინსტიტუტი გაიხსნება.

სტრატეგიული პარტნიორობიდან დღემდე: ჩინეთის ექსპანსია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში Read More »

ტექნოლოგიური ავტორიტარიზმის ექსპორტი: როგორ ითვისებს ჩინური ტექნიკა საქართველოს სახელმწიფო ინფრასტრუქტურას

 „სამოქალაქო იდეა“ გიზიარებთ ახალ ანგარიშს — „ტექნოლოგიური ავტორიტარიზმის ექსპორტი: როგორ ითვისებს ჩინური ტექნიკა საქართველოს სახელმწიფო ინფრასტრუქტურას“.

ანგარიში ეფუძნება 2025–2026 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანალიზს და მიმოიხილავს ჩინური წარმოების სამეთვალყურეო და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებას საქართველოს საჯარო სექტორში. კვლევა აფასებს ამ პროცესთან დაკავშირებულ ძირითად რისკებს, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა სუვერენიტეტისა და დემოკრატიული სტანდარტების კუთხით.

ძირითადი მიგნებები

  • 2025 – 2026 წლის მარტის ჩათვლით გამოვლინდა 23 სახელმწიფო შესყიდვა, სადაც ჩინური წარმოების სამეთვალყურეო ტექნიკა და ციფრული მოწყობილობებია შეძენილი.
  • ყველაზე მსხვილი შემსყიდველები: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია (6,600,795 ₾), ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო (1,972,300 ₾), შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (340,933 ₾).
  • ინტეგრირებულ კომპანიებს შორისაა საერთაშორისოდ სანქცირებული მწარმოებლები: Hikvision, Uniview, Tiandy, DJI, Autel Robotics – ყველა მათგანი აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის „შავ სიაშია”.
  • CISA-სა და FBI-ის შეფასებით, ასეთი ტექნოლოგიები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში ქმნის მონაცემებზე ფარული წვდომის საფრთხეს.
  • ჩინური კანონმდებლობა კომპანიებს სახელმწიფო სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ავალდებულებს. Freedom House-ი ამ პროცესს „ციფრული ავტორიტარიზმის ექსპორტს” უწოდებს.

 

ჩინური ტექნოლოგიების ინტეგრაცია სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში წარმოადგენს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ, არამედ სტრატეგიულ პოლიტიკურ არჩევანს, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ინსტიტუციურ მდგრადობაზე. 

ტექნოლოგიური ავტორიტარიზმის ექსპორტი: როგორ ითვისებს ჩინური ტექნიკა საქართველოს სახელმწიფო ინფრასტრუქტურას Read More »

“რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში”

“რეპრესიების არქიტექტურა” წარმოადგენს შედარებით კვლევას  იმ ქვეყნების გამოცდილებაზე, სადაც სამოქალაქო საზოგადოება ფუნქციონირებს მზარდი პოლიტიკური, სამართლებრივი და ინსტიტუციური წნეხის პირობებში.

კვლევა მოიცავს რუსეთის, ვენესუელას, ფილიპინების, ბელარუსისა და ყირგიზეთის მაგალითებს და აჩვენებს, როგორ ვითარდება ე.წ. „დემოკრატიული უკუსვლის“ პროცესები სხვადასხვა კონტექსტში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ მექანიზმებს, როგორიცაა სამოქალაქო ორგანიზაციების სტიგმატიზაცია, მათი დელეგიტიმაცია, სამართლებრივი შეზღუდვები და ადმინისტრაციული ბარიერების გაზრდა.

ანგარიში ცხადყოფს, რომ მსგავსი პროცესები, როგორც წესი, იწყება ნარატივების შექმნით, რომლებიც სამოქალაქო სექტორს წარმოაჩენს „უცხო ინტერესების გამტარად“ ან „სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედ აქტორად“, რაც შემდგომში ამართლებს რეპრესიული პოლიტიკის განხორციელებას.

ანგარიში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული სამოქალაქო სექტორისთვის, რადგან იგი იძლევა შესაძლებლობას, სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით წინასწარ დაინახოს შესაძლო განვითარების სცენარები და გააძლიეროს საკუთარი ინსტიტუციური მედეგობა.

“რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში” Read More »

დრაკონის გზა ქართულ მედიაში: ჩინეთი ქართულ საინფორმაციო გარემოში

წარმოგიდგენთ ახალ ანგარიშს – „დრაკონის გზა ქართულ მედიაში: ჩინეთი ქართულ საინფორმაციო გარემოში“, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ყალიბდება ქართულ მედიაში ისეთი საინფორმაციო გარემო, რომელიც ასახავს „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ კურსს და, პარალელურად, ცდილობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველობის მოდელის გამოყენებით საქართველოს მოსახლეობისთვის განვითარების ალტერნატიული და სასურველი გზის შეთავაზებას.

მედიის ანალიზი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს პროპაგანდისტული გზავნილების სისტემურ გავრცელებაზე და კარგად სტრუქტურირებულ ნარატივების არსებობაზე, რომელთა მიზანია:

  • ლიბერალური დემოკრატიის დისკრედიტაცია;
  • დასავლეთის, როგორც კრიზისული, სუსტი და არამდგრადი სივრცის წარმოჩენა;
  • ჩინეთის, როგორც სტაბილური, წარმატებული და სასურველი ალტერნატივის დამკვიდრება.

ძირითადი მიგნებები:

ანგარიშის მიხედვით, ქართულ მედიაში ჩინეთთან დაკავშირებული კონტენტი მკვეთრად გაიზარდა და უფრო სტრუქტურირებული გახდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩინეთთან „სტრატეგიული პარტნიორობა“ ხელისუფლების პრიორიტეტად იქცა.

გამოკვეთილია შემდეგი ტენდენციები:

  • პროსამთავრობო მედიაში ჩინეთი სისტემატურად წარმოჩენილია როგორც ძლიერი, მშვიდობიანი და სანდო პარტნიორი, მაშინ როცა კრიტიკული შეფასებები პრაქტიკულად არ ფიქსირდება;
  • პარალელურად, დასავლეთი ხშირად არის წარმოდგენილი კრიზისის, მორალური დეგრადაციისა და პოლიტიკური სისუსტის კონტექსტში;
  • მედიადისკურსში მუდმივად იქმნება კონტრასტი: ჩინეთი ახერხებს იქ, სადაც დასავლეთი მარცხდება – იქნება ეს ომი და მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება თუ გლობალური სტაბილურობა;
  • ზოგიერთი მედიასაშუალება პირდაპირ იღებს დაფინანსებას ჩინეთის საელჩოსგან და ავრცელებს შინაარსს, რომელიც შეიცავს პროპაგანდის მკაფიო ნიშნებს;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის გაშუქებაც კი ვერ უზრუნველყოფს თემის დაბალანსებულ წარმოდგენას და ხშირად ემთხვევა ხელისუფლების ნარატივს;
  • მედიაგარემოში ფორმირდება აღქმა, რომ ჩინეთთან დაახლოება წარმოადგენს „პრაგმატულ“ და დასავლეთის ალტერნატიულ საგარეო კურსს.

 

ანგარიში ასევე აჩვენებს, რომ ჩინეთის შესახებ პოზიტიური ნარატივები სისტემატურად არის ჩასმული დასავლეთის „მარცხის“ კონტექსტში, რაც ქმნის ერთიან საინფორმაციო ჩარჩოს – ჩინეთი წარმოდგენილია, როგორც წარმატების მოდელი, ხოლო დასავლეთი  როგორც კრიზისის და წარუმატებლობის მაგალითი. 

აღნიშნული ტენდენციები ქმნის სერიოზულ გამოწვევას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და ქვეყნის საინფორმაციო უსაფრთხოებისთვის. ეს პროცესები ცხადყოფს, რომ საინფორმაციო გავლენა აღარ არის მხოლოდ მედიის საკითხი, ის პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის სტრატეგიულ არჩევანსა და დემოკრატიული განვითარების მომავალს. 

დრაკონის გზა ქართულ მედიაში: ჩინეთი ქართულ საინფორმაციო გარემოში Read More »

ირანული ნავთობის კვალდაკვალ: იმპორტიორი კომპანიები და მათი პოლიტიკური კავშირები საქართველოში

“სამოქალაქო იდეამ” 2025 წლის 3 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში, “ქართული ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკა – შესაძლებლობა ირანისთვის”, ირანულენოვანი წყაროების საფუძველზე გაანალიზა და  გაშიფრა ის სქემები თუ როგორ იყენებენ ირანული ბიზნესწრეები საქართველოს ტერიტორიას საერთაშორისო სანქციების თავიდან ასაცილებლად.

წინამდებარე კვლევა ეხება იმ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც 2022-2025 წლებში საქართველოში ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტს ახორციელებდნენ, მათ შორის არსებულ კავშირებსა და მათ საქმიანობას.

კვლევის ძირითადი მიგნებები

ჩვენს ხელთ არსებული ოფიციალური მონაცემებისა და დოკუმენტაციის მიხედვით,  2022-2025 წლებში საქართველოში რეგისტრირებულმა 72-მა კომპანიამ ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა.

აღნიშნული 72 კომპანიიდან:

  • 15 კომპანია დაკავშირებულია უცხოეთის, მესამე ქვეყნების – აზერბაიჯანის, ყაზახეთის და სომხეთის, მოქალაქეებთან.
  • 10 კომპანია დაკავშირებულია ირანის მოქალაქეებთან, ხოლო ორი კომპანიის ხელმძღვანელთა ან/და მეწილეთა პარტნიორებს შორის ასევე არიან ირანის მოქალაქეები.
  • 8 კომპანია დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან, რომელთაგან სამი კომპანია სახელმწიფო ტენდერებშია გამარჯვებული.
  • 8 კომპანიასთან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს გაფორმებული აქვთ კონტრაქტები, ხოლო სამი კომპანიის ხელმძღვანელ ან/და მეწილე პირებთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო კონტრაქტების მფლობელები არიან.
  • 5 კომპანია დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ შემომწირველთან. კერძოდ, შპს „აისი“, შპს „იჰლას“, შპს „ბახულა მოტორსი“, შპს „ბაზა-22“, შპს და „სულფეკო“ წარმოადგენენ საქართველოში მოქმედი აიპი „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ წევრ ორგანიზაციებს. აღნიშნული ასოციაციის პრეზიდენტია ბაკურ ხუნდაძე, რომელიც პარტია “ქართული ოცნების” შემომწირველია.
  • 4 კომპანია არაპირდაპირი გზით დაკავშირებულია საჯარო ან/და პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრებთან – „ქართული ოცნების“ დეპუტატთან.

ანგარიში სრულად:

ირანული ნავთობის კვალდაკვალ: იმპორტიორი კომპანიები და მათი პოლიტიკური კავშირები საქართველოში Read More »

ერთ ენაზე მოლაპარაკე პროპაგანდა: ‘Sputnik საქართველო” კრემლისა და პეკინის ინტერესების სამსახურში.

გიზიარებთ „სამოქალაქო იდეას“ ახალი კვლევას: “ერთ ენაზე მოლაპარაკე პროპაგანდა: ‘Sputnik საქართველო” კრემლისა და პეკინის ინტერესების სამსახურში”. 

ანგარიში აანალიზებს, როგორ აშუქებდა კრემლთან დაკავშირებული მედია პლატფორმა Sputnik საქართველო“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს 2015-2025 წლებში და რა ნარატივებით ცდილობდა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.

კვლევა ეფუძნება ასობით სტატიის, ვიდეოგრაფიკისა და საჯარო კომენტარის მონიტორინგს და აჩვენებს, რომ ანაკლიის პორტი „სპუტნიკისთვის“ არ ყოფილა მხოლოდ ეკონომიკური ან ინფრასტრუქტურული საკითხი. ის გამოყენებულია როგორც გეოპოლიტიკური გავლენისა და საინფორმაციო მანიპულაციის ინსტრუმენტი, სადაც პროექტის გარშემო სისტემურად იქმნებოდა კონკრეტული პოლიტიკური სურათი.

 

მთავარი მიგნებები: 

  • სამთავრობო, პრორუსული და პრო-ჩინური ნარატივების ერთიანი კონსტრუქცია: „სპუტნიკ საქართველო“ ქმნის ჰიბრიდულ საინფორმაციო ჩარჩოს, სადაც „ქართული ოცნების“ შეხედულებები სრულ თანხვედრაშია რუსული საგარეო პოლიტიკის ინტერესებთან და პარალელურად ემსახურება ჩინეთის ინტერესებსაც. ანაკლიის პორტი ერთ-ერთ საკვანძო თემად არის გამოყენებული.
  • ანაკლიის პორტის საკითხის დასავლეთ-აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური დაპირისპირების ჭრილში წარმოჩენა: მედია თემას სისტემატურად აყალიბებს როგორც აშშ-ის გავლენების „შემზღუდავ“ პრაქტიკას, ხოლო ჩინურ ინვესტიციებს წარმოაჩენს საქართველოს „სუვერენული არჩევანის“, განვითარების შესაძლებლობისა და გეოეკონომიკური ალტერნატივის გზად. თუმცა, ფორმირებული საინფორმაციო ჩარჩო იმეორებს კრემლის სტრატეგიულ ნარატივს, რომლის თანახმადაც „პროექტის მუდმივად გადადება, მის არასანდოობაზე მიუთითებს“.
  • დასავლეთის ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და კრიტიკოსების დისკრედიტაცია:  სპუტნიკი“ იყენებს აგრესიულ, ირონიულ და ნეგატიურ ტონს ქართული ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, ამერიკის ელჩის, ამერიკელი კონგრესმენებისა თუ სხვა დასავლელი კრიტიკოსების წინააღმდეგ, რაც ემსახურება პერსონალური რეპუტაციისა და ნდობის შემცირებას. მასალების (2015–2025) ანალიზი ცხადყოფს, რომ „სპუტნიკი“ წლების განმავლობაში მანიპულირებდა ანაკლიის პორტის თემით რუსული ინტერესების თვალთახედვით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს პლატფორმის სტრატეგიულ და არა ეპიზოდურ საინფორმაციო მოქმედებაზე.

ერთ ენაზე მოლაპარაკე პროპაგანდა: ‘Sputnik საქართველო” კრემლისა და პეკინის ინტერესების სამსახურში. Read More »

ჩინური კომპანიები საქართველოში

გიზიარებთ სამოქალაქო იდეას ახალი ანგარიშს: „ჩინური კომპანიები საქართველოში“.

2017 წლიდან მოყოლებული, სამოქალაქო იდეა იკვლევს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ჩინურ კომპანიებს. წინამდებარე ანგარიშში გაერთიანებულია აღნიშნული კომპანიების საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი ტენდენციები.

„ქართული ოცნების“ პარტნიორი ჩინური კომპანიების საქმიანობის თანმდევი რისკების, შესაძლო დარღვევების და ანგარიშვალდებულების ხარისხის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ჩინური კომპანიების ჩართულობით მიმდინარე სახელმწიფო პროექტები ხასიათდება კორუფციის რისკებით, სუსტი სათანადო გადამოწმების (due dilligence) პრაქტიკით და სამართლებრივი თუ ეთიკური სახის დარღვევებით.

მთელი რიგი შემაშფოთებელი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ თითოეულ ჩინურ კომპანიას, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობს, სულ მცირე, ერთი სერიოზული სამართლებრივი, ფინანსური ან ეთიკური დარღვევა უკავშირდება.

ჩინური კომპანიები საქართველოში Read More »

ჩინური და დასავლური ინვესტიციების შედარებითი ანალიზი (2018-2022 წლები) ნაწილი II

მოხარული ვართ, გაგიზიაროთ სამოქალაქო იდეას ახალი ანგარიში “საქართველოს საინვესტიციო ლანდშაფტი: ჩინური და დასავლური ინვესტიციების შედარებითი ანალიზი (2018-2025 წწ)”.

ანგარიში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, აანალიზებს საქართველოში ჩინეთიდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას. კვლევის შედეგად დგინდება, რომ ჩინური ინვესტიციების შესახებ “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი მოლოდინების საპირისპიროდ, ჩინეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, სინამდვილეში, კლებადი ტენდენციით ხასიათდება. 

ანგარიში გთავაზობთ დასავლეთიდან და ჩინეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შედარებით ანალიზს. როგორც სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს უმსხვილეს ინვესტორებს შორის არიან. ამასობაში, ჩინეთი, საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლით მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც ევროკავშირს, ისე აზიის ქვეყნებსაც კი. 

უფრო დეტალური ანალიზისთვის, იხილეთ ანგარიში:

ჩინური და დასავლური ინვესტიციების შედარებითი ანალიზი (2018-2022 წლები) ნაწილი II Read More »

ქართული ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკა – შესაძლებლობა ირანისთვის

როგორ იყენებენ ირანული კომპანიები საქართველოს, სანქციების გვერდის ასავლელად?

წარმოგიდგენთ “სამოქალაქო იდეას” ახალ კვლევას, რომელიც ირან-საქართველოს ურთიერთობების ნაკლებად გამოკვლეულ, თუმცა მეტად პრობლემურ ასპექტებს ეხება. დოკუმენტი ამხელს, თუ როგორ იყენებენ ირანელი ბიზნესმენები საქართველოს ტერიტორიას საერთაშორისო სანქციების ასარიდებლად და ირანის ისლამური რესპუბლიკის დასაფინანსებლად.

„სამოქალაქო იდეას“  მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური კავშირების ინტენსიფიკაციის პარალელურად, საქართველოში ოპერირებენ კომპანიები, რომლებიც ირანის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სააგენტოსთან არიან დაკავშირებულნი.
ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ ქართულ კომპანიებსა და მოქალაქეებს, რომლებიც ირანელ პარტნიორებთან ერთად ჩართულნი არიან სავარაუდო იარაღის კონტრაბანდასა და საეჭვო ეკონომიკურ ოპერაციებში.

უფრო ვრცლად იხილეთ სრული ანგარიში, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ირან-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის რისკებსა და საფრთხეებს.

ქართული ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკა – შესაძლებლობა ირანისთვის Read More »

ქართული ენერგეტიკა დასავლური მხარდაჭერის გარეშე: გზა რუსეთზე დამოკიდებულებისკენ

“მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.” 

„ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას, გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით“. 

ამ განცხადებით „ქართული ოცნება“ ცდილობს, დააკნინოს წლების განმავლობაში დასავლური ინსტიტუტების მიერ ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო თუ ინფრასტრუქტურულ განვითარებაში შეტანილი წვლილი. სინამდვილეში, ევროკავშირის დაფინანსებაზე უარის თქმით, „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ ევროკავშირის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივას ართმევს ქვეყანას, არამედ ევროპული სტანდარტების შესაბამისად განვითარების შესაძლებლობასაც. 

სამოქალაქო იდეა იწყებს ანგარიშების სერიას იმის შესახებ, თუ რას კარგავს საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტით. პირველ ანგარიშში წარმოგიდგენთ ევროკავშირისა და მასთან დაკავშირებული ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისათვის გაწეული დახმარების ანალიზს. კვლევა ეფუძნება 2013-2024 წლებში საქართველოს მიერ განხორციებული პროექტების რაოდენობრივ და თვისებრივ ანალიზს. დაელოდეთ ჩვენს ანალოგიურ კვლევებს სოფლის მეურნეობის, განათლებისა და სხვა მიმართულებების შესახებ. 

ნახეთ ანგარიში სრულად:

ქართული ენერგეტიკა დასავლური მხარდაჭერის გარეშე: გზა რუსეთზე დამოკიდებულებისკენ Read More »

Scroll to Top