ამბები

ტექნოლოგიური ავტორიტარიზმის ექსპორტი: როგორ ითვისებს ჩინური ტექნიკა საქართველოს სახელმწიფო ინფრასტრუქტურას

 „სამოქალაქო იდეა“ გიზიარებთ ახალ ანგარიშს — „ტექნოლოგიური ავტორიტარიზმის ექსპორტი: როგორ ითვისებს ჩინური ტექნიკა საქართველოს სახელმწიფო ინფრასტრუქტურას“.

ანგარიში ეფუძნება 2025–2026 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანალიზს და მიმოიხილავს ჩინური წარმოების სამეთვალყურეო და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებას საქართველოს საჯარო სექტორში. კვლევა აფასებს ამ პროცესთან დაკავშირებულ ძირითად რისკებს, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა სუვერენიტეტისა და დემოკრატიული სტანდარტების კუთხით.

ძირითადი მიგნებები

  • 2025 – 2026 წლის მარტის ჩათვლით გამოვლინდა 23 სახელმწიფო შესყიდვა, სადაც ჩინური წარმოების სამეთვალყურეო ტექნიკა და ციფრული მოწყობილობებია შეძენილი.
  • ყველაზე მსხვილი შემსყიდველები: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია (6,600,795 ₾), ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო (1,972,300 ₾), შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (340,933 ₾).
  • ინტეგრირებულ კომპანიებს შორისაა საერთაშორისოდ სანქცირებული მწარმოებლები: Hikvision, Uniview, Tiandy, DJI, Autel Robotics – ყველა მათგანი აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის „შავ სიაშია”.
  • CISA-სა და FBI-ის შეფასებით, ასეთი ტექნოლოგიები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში ქმნის მონაცემებზე ფარული წვდომის საფრთხეს.
  • ჩინური კანონმდებლობა კომპანიებს სახელმწიფო სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ავალდებულებს. Freedom House-ი ამ პროცესს „ციფრული ავტორიტარიზმის ექსპორტს” უწოდებს.

 

ჩინური ტექნოლოგიების ინტეგრაცია სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში წარმოადგენს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ, არამედ სტრატეგიულ პოლიტიკურ არჩევანს, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ინსტიტუციურ მდგრადობაზე. 

ტექნოლოგიური ავტორიტარიზმის ექსპორტი: როგორ ითვისებს ჩინური ტექნიკა საქართველოს სახელმწიფო ინფრასტრუქტურას Read More »

„ქართული ოცნების“ მინისტრები ჩინეთის „ინტერნეტის ცენზორს“ შეხვდნენ

21 აპრილს, თბილისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორთან, ჭუანგ ჟუნგვენთან მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა. ჟუნგვენს შეხვდნენ საქართველოს იუსტიციის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ჟუნგვენთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე. სამინისტროს პრესრელიზის მიხედვით, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა მიზანს, მაქსიმალურად გააძლიეროს საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბის როლი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აქცენტი გააკეთა „მასშტაბური მონაცემთა ცენტრების განვითარებაზე“ და მხარეებმა „ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილეს.“ აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართულებით თანამშრომლობას. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარება ოფიციალური შეხვედრების ერთ-ერთი აქტუალური თემაა. 2025 წლის ნოემბერში, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

21 აპრილს, ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორი ასევე შეხვდა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთის კიბერსივრცის სამინისტროსთან თანამშრომლობის გაძლიერება „გააღრმავებს ორივე ქვეყნის პოტენციალს კიბერუსაფრთხოებისა და ინოვაციების სფეროში.“ იუსტიციის სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, მობილური აპლიკაციების დანერგვისა და ციფრული იდენტობის პროექტებს.

ჭუანგ ჟურგვენის ვიზიტი ცხადყოფს, რომ ოფიციალური თბილისი ციფრულ სფეროში პეკინთან თანამშრომლობის განვითარებას ცდილობს. თუმცა, უწყება, რომლის წარმომადგენელთანაც საქართველოს მინისტრებმა შეხვედრები გამართეს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ავტორიტარული კონტროლის და სახელმწიფო ცენზურის უზრუნველმყოფი ორგანოა. 

 

ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაცია – „ინტერნეტის ცენზორი“

ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაცია (Cyberspace Administration of China – CAC) შეიქმნა 2011 წელს, როგორც ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს საინფორმაციო ოფისს (State Council Information Office) დაქვემდებარებული უწყება. CAC პასუხისმგებელია კიბერსივრცის უსაფრთხოებაზე და ინტერნეტ კონტენტის რეგულაციაზე. მისი საქმიანობა მოიცავს ონლაინ კონტენტის მართვას, კოორდინაციას და ზედამხედველობას. ამასთანავე, უწყება გასცემს ნებართვას და ლიცენზიებს ონლაინ საინფორმაციო საშუალებების საქმიანობისთვის, მათ შორის, უცხოური ინსტიტუტებისთვის.

Freedom House-ის შეფასებით, ჩინეთის მთავრობას აქვს ინტერნეტის ცენზურის ყველაზე კომპლექსური აპარატი. CAC საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდის ჩინეთის კომუნისტური პარტიის კობერსივრცის საკითხების ცენტრალური კომიტეტს, რომელიც წარმოადგენს უშუალოდ სი ძინპინის კონტროლს დაქვემდებარებულ პარტიულ ერთეულს.

ჭუანგ ჟუნგვენი 2018 წელს დაინიშნა CAC-ის დირექტორად. ჟუნგვენი კარიერის ადრეული წლებიდანვე სი ძინპინის ზედამხედველობის ქვეშ მოღვაწეობდა. კერძოდ, 1995-2000 წლებში, სი ძინპინი ფუძიანის პროვინციის პარტიის მოადგილის პოსტზე ყოფნის პერიოდში, ჟუნგვენი პროვინციის ეკონომიკური დაგეგმვის კომიტეტში მაღალ თანამდებობას იკავებდა. 2015 წელს, ჟუნგვენი ჯერ კიბერსივრცის ადმინისტრაციას შეუერთდა, შემდეგ კი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის პროპაგანდის დეპარტამენტის ვიცე მინისტრად დაინიშნა. 2018 წლიდან, ჟუნვენი კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორის პოზიციაზე ყოფნის პარალელურად, ჩინეთის კომუნისტური პარტიის პროპაგანდის ცენტრალური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც იკავებს.

ამგვარად, ჭუანგ ჟუნგვენი, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმის მინისტრები შეხვდნენ, ჩინეთში ავტორიტარული კონტროლის და კომპარტიის პროპაგანდის გავრცელებაზეა პასუხისმგებელი. თავის მხრივ, ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაცია, რომელთანაც საქართველოს იუსტიციის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა თანამშრომლობის განვითარების ინიციატივა გამოხატეს, ჩინეთში ინტერნეტის მაკონტროლებელი და ციფრული სივრცის მარეგულირებელი ორგანოა. ჟუნგვენთან გამართული მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრები მიუთითებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობების ინტენსიფიკაცია ივანიშვილის ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება. ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობის გაძლიერება ზრდის საქართველოში ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი პრაქტიკების გადმონერგვის საფრთხეს.

„ქართული ოცნების“ მინისტრები ჩინეთის „ინტერნეტის ცენზორს“ შეხვდნენ Read More »

ქვრივიშვილის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი 21-25 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა. პეკინში გამართული შეხვედრები საქართველოჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების საკითხს მოიცავდა.

ვიზიტის ფარგლებში, 22 აპრილს ქვრივიშვილი ჩინეთის კომერციის მინისტრ ვანგ ვენთაოს შეხვდამხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს საქართველოჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც თანამედროვე სავაჭრო გარემოსთან ადაპტირებას, არსებული თანამშრომლობის სფეროების დაკონკრეტებასა და ახალი მიმართულებების დამატებას ითვალისწინებს.

ჩინეთის კომერციის სამინისტროს ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრაზე ჩინეთთან თანამშრომლობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად დაასახელა და სოფლის მეურნეობის, ნავთობისა და გაზის განვითარების, ავტომობილების წარმოების, პორტის ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის მიმართულებებით თანამშრომლობის გაფართოების ინტერესი გამოთქვა.

იზიტის ერთერთი მნიშვნელოვანი თემა სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა იყო. 23 აპრილს მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჭოუ ჰაიბინს შეხვდა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ დიალოგის მექანიზმის შექმნაზე, რომელიც საქართველოში, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში, ჩინური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

ამავე შეხვედრაზე განიხილეს შუა დერეფნის საკითხი და საქართველოს როლი, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი სატრანზიტო ქვეყანა. ამ კონტექსტში ანაკლიის პორტი დასახელდა სტრატეგიულ პროექტად, რომელსაც მნიშვნელობა ექნება როგორც საქართველოჩინეთის თანამშრომლობისთვის, ისე შუა დერეფნის პარტნიორი სახელმწიფოებისთვის.

ანაკლიის პორტის საკითხს ვიზიტამდე საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა. როდესაც ჟურნალისტების მიერ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა:

ყველა თემაზე იქნება საუბარი, მათ შორის, ანაკლიის თემაზეც. ბუნებრივია, ესეც არის ამ ვიზიტის ერთერთი მიზანი. მოლაპარაკებები გრძელდება“.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს მნიშვნელოვან სტრატეგიულ და ინფრასტრუქტურულ პროექტად მიიჩნევა. 2024 წელს პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში საბოლოო წინადადება ჩინურსინგაპურულმა კონსორციუმმა წარადგინა, თუმცა შეთანხმების შესახებ ოფიციალური განახლება ამ დრომდე არ გავრცელებულა.

ვიზიტის პრაქტიკული შედეგი ავიაციის მიმართულებით გამოიკვეთა. ქვრივიშვილსა და China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრის შედეგად, ავიაკომპანია 15 ივლისიდან შანხაითბილისიშანხაის პირდაპირ რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს.

პარალელურად, ქართულმა დელეგაციამ China Southern Airlines-თან პეკინითბილისის და ჩინეთის სხვა ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყების შესაძლებლობა განიხილა. შეხვედრებზე ყურადღება სატვირთო გადაზიდვებსაც დაეთმო, მათ შორის შუა დერეფნის ფარგლებში რეგიონული სატვირთო ჰაბის განვითარებასა და China Southern Cargo-სთვის საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე წვდომის შესაძლებლობას.

ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარე ვანგ იუტაოს შეხვდა, სადაც მხარეებმა საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ჩინურმა მხარემ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ინვესტირების ინტერესი გამოხატა.

ქვრივიშვილი ასევე Geo-Jade Petroleum Corporation-ის თავმჯდომარე ჰუანლონგ ჩენს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ქართულმა მხარემ კომპანიას საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო, ჩინურმა მხარემ კი ნავთობისა და გაზის სექტორით დაინტერესება დააფიქსირა.

ტექნოლოგიური და ციფრული ეკონომიკის მიმართულებებით, მარიამ ქვრივიშვილი Xiaomi Corporation-ის წარმომადგენელს შეხვდა და კომპანიას საქართველოში CKD საწარმოს შექმნისა და ქვეყნის რეგიონულ ლოგისტიკურ პლატფორმად გამოყენების შესაძლებლობა შესთავაზა.

ამასთან ერთად, ქვრივიშვილს ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორ ჭუანგ ჟუნგვენთან ჰქონდა შეხვედრა. მხარეებმა საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ციფრულსატრანზიტო ჰაბის როლი, მონაცემთა ცენტრების განვითარება და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში დაწყებული მოლაპარაკებები ენერგეტიკისა თუ ტექნოლოგიების სფეროში ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად, თუმცა პროცესის შემდგომი ეტაპი მხარეების მიერ განხილული ინიციატივების პრაქტიკულ იმპლემენტაციას გულისხმობს.

ქვრივიშვილის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში Read More »

დიალოგი – “ევროპა ცვალებად სამყაროში”

23 მარტს, ბარსელონაში, Palau Macaya-ში გაიმართა საჯარო დისკუსია – „ევროპა ცვალებად სამყაროში“, რომელმაც თავი მოუყარა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული პოლიტიკის სფეროში აქტიურ და გამოცდილ სპიკერებს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი, Jordi Xuclà.
დისკუსია შეეხო თანამედროვე საერთაშორისო გარემოს სწრაფ ცვლილებებს და ევროპის როლს ამ პროცესებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მცირე და საშუალო სახელმწიფოების წინაშე არსებულ გამოწვევებს, დეზინფორმაციასა და საერთაშორისო პარტნიორობების მნიშვნელობას.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ახალი წიგნის – „Geopolitics and Diplomacy on the Ground“ – პრეზენტაცია, რომლის თანაავტორებიც არიან თინათინ ხიდაშელი და Jordi Xuclà. წიგნი აერთიანებს პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და მკვლევრების პრაქტიკულ გამოცდილებას და გვთავაზობს ხედვას, თუ როგორ ხორციელდება გეოპოლიტიკური პროცესები რეალურ ცხოვრებაში.

დიალოგი – “ევროპა ცვალებად სამყაროში” Read More »

თინათინ ხიდაშელის ლექცია ბარსელონაში: “ალიანსები და ევროპის უსაფრთხოება”

თინათინ ხიდაშელმა 23 მარტს ბარსელონაში, CEU Universitat Abat Oliba-ს უნივერსიტეტში, წაიკითხა ლექცია – „ახალი გეოპოლიტიკური დაფა: უსაფრთხოება და ალიანსები ევროპაში“.

მან ისაუბრა ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების რეალურ შედეგებზე აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე, ალიანსებისა და საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობაზე დღევანდელ მსოფლიო წესრიგში.

„ალბათ თქვენც მოგისმენიათ მითები ნატოს ან ევროკავშირის გაფართოებით გაღიზიანებული რუსეთის შესახებ, რომელსაც სხვა გზა არ დაუტოვეს, თუ არა საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად თავდაცვა. სიმართლე და ფაქტები კი სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები ზუსტად იქ შეჩერდა, სადაც გაფართოება ხდებოდა. ჩვენ არ გვინახავს პუტინის ომი პოლონეთის წინააღმდეგ, ან ბალტიისპირეთის ქვეყნებში; არც ფინეთს დაესხა თავს გასულ წელს. მაგრამ ჩვენ ვნახეთ რუსეთის გავეშებული აგრესია იმ ქვეყნებში, სადაც ნატოს და ევროკავშირის პოლიტიკა ზედმეტად ფრთხილი და თავშეკავებული იყო.

არა მეგობრებო, ალიანსების გაფართოებამ სწორედაც რომ დიდი როლი ითამაშა აღმოსავლეთ ევროპის მშვიდობიან განვითარებაში, უზრუნველყო მათ უსაფრთხოება და შესაბამისად კეთილდღეობა. და მხოლოდ იქ, სადაც დაყოვნება მოხდა, მივიღეთ რუსული იმპერიალისტური აგრესია, ომი, ნგრევა, მსხვერპლი… ნატო და ევროკავშირი რჩება ევროპაში მშვიდობის ერთმნიშვნელოვან და უპირობო გარანტორად და სწორედ ამას ადასტურებს ჩვენი უახლესი ისტორიის მაგალითებიც.“ – მიმართა თინათინ ხიდაშელმა უნივერსიტეტში შეკრებილ მსმენელებს.

ლექცია გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატში და შეეხო ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ცვლილებებს, სტრატეგიულ პარტნიორობებსა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

თინათინ ხიდაშელის ლექცია ბარსელონაში: “ალიანსები და ევროპის უსაფრთხოება” Read More »

თინათინ ხიდაშელის თანაავტორობით ესპანეთში წიგნი გამოიცა

ესპანეთში, გამომცემლობა Editorial Dykinson-ის მიერ, გამოიცა წიგნი “Geopolitics and Diplomacy on the Ground”, რომლის ერთ-ერთი თანაავტორია სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.

24 მარტს გაიმართა წიგნის პრეზენტაცია ბარსელონაში, სადაც ავტორები, მათ შორის თინათინ ხიდაშელი, პირადად წარდგნენ და აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

გამოცემა წარმოადგენს საერთაშორისო კოლაბორაციულ ნაშრომს, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და მკვლევრების – მათ შორის სესილია მალმსტრიომისა და შლომო ბენ-ამის –  ხედვებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას.

წიგნი 2026 წელს გამოიცა და ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკულ განზომილებაზე – იმაზე, თუ როგორ იქმნება და ხორციელდება გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები რეალურ გარემოში.

თინათინ ხიდაშელის თანაავტორობით ესპანეთში წიგნი გამოიცა Read More »

“ძალთა გადანაწილება და გეოპოლიტიკა 21-ე საუკუნეში” – jill Dougherty-ის ლექცია

საერთაშორისო ჟურნალისტიკასა და რუსეთის საკითხებში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე Jill Dougherty-მა სამოქალაქო იდეას პროექტების ალუმნა და მიმდინარე პროგრამების მონაწილეებისთვის 11 მარტს ჩაატარა ლექცია თემაზე – „Power and Geopolitics in the 21st Century“.

ლექცია შეეხებოდა გეოპოლიტიკის გავლენას თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში ძალის გადანაწილებაზე. განხილული იყო, თუ როგორ ახორციელებენ გავლენას დიდი სახელმწიფოები და როგორ ცდილობენ მცირე ქვეყნები, მათ შორის საქართველო,  სწრაფად ცვალებად გლობალურ გარემოსთან ადაპტირებას.

jill Dougherty არის ექსპერტი რუსეთისა და რეგიონის საკითხებში. იგი თითქმის ათწლეულის განმავლობაში იყო CNN-ის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი და სხვადასხვა დროს მუშაობდა თეთრი სახლისა და საგარეო საქმეთა კორესპონდენტად. ამჟამად არის CNN-ის ანალიტიკოსი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და თანამშრომლობს ისეთ კვლევით ინსტიტუტებთან, როგორიცაა Woodrow Wilson Center და Kennan Institute. იგი ასევე არის წიგნის „My Russia: What I Saw from the Kremlin“ ავტორი.

“ძალთა გადანაწილება და გეოპოლიტიკა 21-ე საუკუნეში” – jill Dougherty-ის ლექცია Read More »

The Hill – „საქართველო ირანის სანქციებისგან თავის არიდების ცენტრი ხდება.“

26 თებერვალს, ამერიკულმა გაზეთმა, The Hill-მა გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით: „საქართველო ირანის სანქციებისგან თავის არიდების ცენტრი ხდება.“ სტატია საქართველოში ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული ინდივიდების თუ კომპანიების მზარდ ჩართულობას და ბიზნეს ოპერაციებს ეხება. ამასთანავე, ავტორი ყურადღებას ამახვილებს „ქართულ ოცნებასა“ და ისლამურ რესპუბლიკას შორის ხშირ დიპლომატიურ გაცვლებზე.

სტატიის ავტორი ასკვნის, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიაში ამერიკის ყველაზე ახლო პარტნიორი იყო, მტრული ძალის გავლენებისთვის და სანქციებისთვის თავის ასარიდებლად ხელსაყრელ გარემოს ქმნის. ამიტომ, ვაშინგტონმა ნათლად უნდა აჩვენოს, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებებს შედეგები ექნება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკური ინტერესების ანალიზის დროს, ავტორი ციტირებს „სამოქალაქო იდეას“ ახალ კვლევას: „ირანული ნავთობის კვალდაკვალ: იმპორტიორი კომპანიები და მათი პოლიტიკური კავშირები საქართველოში.“

უფრო დეტალურად, გთხოვთ იხილოთ სრული სტატია:

Georgia is becoming Iran’s sanctions evasion hub.

The Hill – „საქართველო ირანის სანქციებისგან თავის არიდების ცენტრი ხდება.“ Read More »

„ქართული ოცნების“ პოზიცია ირანზე: დიპლომატიური ნეიტრალიტეტი თუ ირიბი მხარდაჭერა?

ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკური და სამხედრო ისტაბლიშმენტის წინააღმდეგ ისრაელ-აშშ-ის ერთობლივი სამხედრო მოქმედებების პარალელურად, 1 მარტს „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც რეგიონში მიმდინარე მოვლენებისადმი შეშფოთებას გამოხატავს და მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით აკვირდება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციის მისაღწევად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.“

საგარეო საქმეთა სამინისტროს მოკლე და ბუნდოვან განცხადებას მოჰყვა ივანიშვილის მთავრობის 2 მარტის განცხადება, რომელშიც ის სოლიდარობას უცხადებს კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის ირანის ისლამურ რესპუბლიკას, ისრაელსა და ყურის არაბულ ქვეყნებს, და მხარეებს დიპლომატიისა და პოლიტიკური დიალოგისკენ მოუწოდებს:

საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას.

სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო.

საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს.

გამოვთქვამთ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს.”

თუმცა, განცხადებაში ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა თავისთავად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „ქართული ოცნების“ პაციფისტურ მოწოდებებს. ივანიშვილის პარტია მხარდაჭერას უცხადებს ტერორისტულ რეჟიმს, რომლის რეპრესიებმაც ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„ქართული ოცნების“ დიპლომატიას შეფარებული პრო-ირანული განცხადებების პარალელურად, საქართველოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა ირანის უზენაესი ლიდერის, ხამენეის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის განცხადებები გაავრცელეს და ისლამური რესპუბლიკის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. 

1 მარტს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც სამძიმარს უცხადებდა ირანის უზენაესი ლიდერის ოჯახს, ახლობლებსა და ირანელ ხალხს:

როგორც ცნობილია, სეიდ ალი ხამენეი, ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, გუშინ . თეირანში მდებარე მის ოფისზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და ირანელ ხალხს.“

იმავე დღეს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა, ფაიგ ნაბიევმა პირად ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ირანელ ხალხსა და „მსოფლიოს მუსლიმებს“ ხამენეის გარდაცვალება მიუსამძიმრა:

ირანის ისლამური რევოლუციის უზენაესი ლიდერის, დიდი სწავლულის და მარჯაითაყლიდის, აიათოლა სეიდ ალი ხამენეის მოწამეობრივი გარდაცვალების ამბავმა მთელი ისლამური სამყარო ღრმა მწუხარებაში ჩააგდო. ეს არის დიდი სულიერი დანაკარგი არა მხოლოდ ირანის ხალხისთვის, არამედ მთლიანად მუსლიმი უმმასთვის.“

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სახელით, აიათოლას სიკვდილს გამოეხმაურა ასევე მირტაგი ასადოვიც, რომელმაც ხამენეის ლიკვიდაციას ისლამური სამყაროსთვის „მძიმე და შემზარავი დანაკარგი“ უწოდა. ასადოვის განცხადების თანახმად, „კაცობრობის მტრებმა, ბავშვების მკვლელებმა და იმპერიალისტურმა ძალებმა, რომლებიც მსგავს ქმედებებს სჩადიან, პასუხი უნდა აგონ საერთაშორისო სამართლის წინაშე.“

ასადოვის განცხადებამ საქართველოში ისლამური რესპუბლიკის საელჩოს განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რამდენადაც ამ უკანასკნელმა 2 მარტს გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტში ასადოვისადმი „გულწრფელი მადლიერება“ გამოხატა.

შემაშფოთებელია, რომ ზემოთ ხსენებული პირები, რომლებიც სოციალურ ქსელებში სოლიდარობას უცხადებენ ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სახელმწიფოს კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებთან არიან დაკავშირებულნი. კერძოდ, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო 2011 წლიდან ფუნქციონირებს როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ფაიგ ნაბიევი ორგანიზაციის „შეიხი“ და ერთ-ერთი ხელმძღვანელია. რაც შეეხება მირტაგი ასადოვს, რომელმაც ასევე მწუხარება გამოხატა ხამენეის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ის სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარეა.

2014 წლიდან ხსენებული ორგანიზაციები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. 2026 წლის 16 იანვარს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს ისლამური თემისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 4 150 000 ლარს.

აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში ირანის საელჩოსთან და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან. მიმდინარე წლის 17 თებერვალს, ორგანიზაციის შეიხმა, ფაიგ ნაბიევმა უმასპინძლა საქართველოში ირანის ახლად დანიშნულ ელჩს, ალი მოუჯანის და მას დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 2025 წელს, სამმართველოს სასულიერო პირები, ირანში ვიზიტის ფარგლებში, შეხვდნენ ადგილობრივ სასულიერო პირებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ამგვარად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ „ნეიტრალურ“ და „პაციფისტურ“ მოწოდებებს ჩრდილქვეშ აყენებს ირანის ისლამური რესპუბლიკისადმი მისი საჯაროდ გაცხადებული მხარდაჭერა. ივანიშვილის ხელისუფლების ფარულ პრო-ირანულ პოზიციაზე მიანიშნებს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციების წარმომადგელების განცხადებებიც. აღნიშნული ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებული პოზიციები კიდევ ერთხელ ადასტურებს „ქართული ოცნების“ უსიტყვო მხარდაჭერასა და უმოქმედობას საქართველოში ირანის გავლენების მიმართ.

„ქართული ოცნების“ პოზიცია ირანზე: დიპლომატიური ნეიტრალიტეტი თუ ირიბი მხარდაჭერა? Read More »

ახალი ჩინური კომპანია საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორში

ბოლო პერიოდში, ჩინეთის ოფიციალურ პირებსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრებზე, აქცენტი კეთდება ახალ და განახლებადი ენერგიის დარგებში ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობაზე. მიმდინარე წლის 21 იანვარს, Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა, რომ საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა „სულ უფრო მეტ სფეროს მოიცავს და უფრო მაღალ დონეს აღწევს.“ ელჩმა აღნიშნული ტენდენციის ერთ-ერთ ნიმუშად დაასახელა ჩინური კომპანიის მონაწილეობა გორის ქარის ელექტროსადგურის პროექტში.

გორის ქარის ელექტროსადგურის პროექტი, ასევე ცნობილი, როგორც რუისის ქარის ელექტროსადგურის პროექტი“, ითვალისწინებს 206 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის განვითარებას, მშენებლობასა და ექსპლუატაციას, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. პროექტ,ი 119 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხით, დააფინანსა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა.

2024 წელს, ჩინურმა კომპანიამ, Goldwind Science & Technology Co. Ltd გაიმარჯვა სახელმწიფო ტენდერში, რომელიც ელექტროსადგურისთვის 33 ქარის ტურბინის გენერატორის მიწოდებას, მონტაჟს, 15-წლიან ექსპლუატაციასა და მომსახურებას ითვალისწინებდა. 2026 წლის იანვარში, Goldwind-მა პირველი ტურბინის მონტაჟი დაასრულა. კომპანიის შეფასებით, ქარის ტურბინის გენერატორების მონტაჟის დასრულების შემდეგ, ელექტროსადგური ყოველწლიურად 600 გვტ ელექტროენერგიის წარმოებას შეძლებს.

ჩინეთის ელჩმა სახელმწიფო ტენდერში Goldwind-ის წარმატება საქართველოში ჩინური კომპანიების ერთ-ერთ „მნიშვნელოვან მიღწევად“ შეაფასა. თუმცა, საქართველოს პერსპექტივიდან, აღნიშნული პრეცედენტი აჩვენებს ჩინეთის ენერგოკომპანიების მზარდ ინტერესს საქართველოს განვითარებადი სექტორის, განახლებადი ენერგიის მიმართ.

Goldwind Science & Technology არის ჩინური ტრანსნაციონალური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სუფთა ენერგიასთან დაკავშირებულ პროდუქტებსა და სერვისებს. ღია წყაროების კვლევის შედეგად დგინდება, რომ კომპანია მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, Goldwind-ის წილების ნაწილს ფლობენ სახელმწიფო კომპანიები: Xinjiang Wind Power Co. (11.78 %) და China Three Gorges Renewables Co. Ltd. (9.16 %). ეს უკანასკნელი წარმოადგენს სანქცირებული ჩინური კორპორაციის, China Three Gorges Corporationის შვილობილ კომპანიას. კერძოდ, 2020 წლის იანვარში, ამერიკის უცხოური აქტივების ჯონტროლის ოფისმა (OFAC) China Three Gorges Corporation ჩინეთის სამხედრო კომპანიად დაასახელა.

Goldwind ასევე დაკავშირებულია ჩინურ კომპანია Xinjiang Production and Construction Corps (XPCC)-თან. 2020 წელს, Goldwind-მა XPCC-სთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მას ორგანიზაციის ერთ-ერთი დასახლების ენერგიით უზრუნველყოფა ევალებოდა. საყურადღებოა, რომ XPCC არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ეკონომიკური და გასამხედროებული ორგანიზაცია, რომელიც ჩინეთის სინძიანის რეგიონს აკონტროლებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია, ჩინეთის მუსლიმი უმცირესობების, უიღურების უფლებების სერიოზული დარღვევისა და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიულ პოლიტიკაში მონაწილეობის გამო, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული.

კომპანიის ხელმძღვანელობაც მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. Goldwind-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ვუ განგი ჩინეთის კომპარტიის წევრია. ამასთანავე, განგი, ჩინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, სახელმწიფო საბჭოსა და ცენტრალური სამხედრო კომისიის მიერ, სამახსოვრო მედლით არის დაჯილდოებული. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია აჩვენებს, რომ ვუ განგი მხარს უჭერდა უიღურების წინააღმდეგ კომპარტიის რეპრესიულ პოლიტიკას და მონაწილეობდა ჩინეთის მთავრობის კამპანიაში, რომელიც სინძიანში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების იდეოლოგიურ განათლებას მოიცავდა.  

ჩინეთში Goldwind-ის საქმიანობა ეკოლოგიურად არამეგობრული და სტანდარტების შეუსაბამო პრაქტიკებით გამოირჩევა. კომპანიის სახელს უკავშირდება მიწის უკანონოდ მითვისება, დანაგვიანება და ხმაურით დაბინძურება. მსგავსი დარღვევების გამო, Goldwind და მისი შვილობილი კომპანიები არაერთხელ დაჯარიმდნენ, ჯამურად 52.0991 მილიონი იუანის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმით.

მიმდინარე წლის 3 თებერვალს, ევროკავშირმა, „საგარეო სუბსიდიების რეგულაციის“ ფარგლებში, Goldwind-ის წინააღმდეგ ფორმალური გამოძიება დაიწყო. ევროკომისიის განცხადების მიხედვით, არსებობს ეჭვი, რომ კომპანია უცხო ქვეყნისგან იღებს სუბსიდიებს. ჩინეთის კომერციის სამინისტრომ დაგმო ევროკავშირის გადაწყვეტილება და მას „მიზანმიმართული“ და „დისკრიმინაციული“ უწოდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის სახელს უკავშირდება უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის შემთხვევა. 2025 წლის ნოემბერში, ავსტრალიაში, Goldwind-ის მიერ ოპერირებად ქარის ელექტროსადგურზე, ქარის ტურბინების სამუხრუჭე სისტემებში საშიში ნივთიერება, აზბესტი აღმოაჩინეს. შედეგად, Goldwind-ის ქარის ტურბინებზე წვდომა შეიზღუდა.

ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და სანქცირებულ კომპანიებთან Goldwind Science & Technology-ის მჭიდრო კავშირები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ოცნება საეჭვო საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ჩინური კომპანიების მიმართ „ლმობიერი“ დამოკიდებულებით გამოირჩევა. სამოქალაქო იდეას კვლევებში არაერთხელ აღინიშნა ის უარყოფითი შედეგები, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ სათანადო გადამოწმების პრაქტიკის (due diligence) გარეშე შერჩეულ ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობას შეიძლება მოჰყვეს. გორის ქარის ელექტროსადგურში ზემოთ ხსენებული ჩინური კომპანიის ჩართულობა აჩვენებს, რომ განახლებადი ენერგიის სექტორი ჩინეთის გავლენებისადმი მოწყვლად მორიგ დარგად ყალიბდება.

ახალი ჩინური კომპანია საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორში Read More »

Scroll to Top