ანაკლია

ანაკლია კურსს კვლავ იცვლის: მშენებლობის დაწყებამდე პორტი საინვესტიციო ბაზრიდან გაიყვანეს

ანაკლიის მონიტორი | ივლისი 2026

2026 წლის 6 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის ინვესტორის კონცესიის მოდელზე უარს ამბობს და მას ე.წ. „ლენდლორდის მოდელზე“ გადაიყვანს. ახალი მოდელის მიხედვით, საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის ერთადერთი მფლობელი სახელმწიფო იქნება. პროექტის დაფინანსებას, განვითარებასა და მართვას თავად სახელმწიფო უზრუნველყოფს, ხოლო საერთაშორისო კომპანიების მონაწილეობა ცალკეული ტერმინალების იჯარით აღებასა და მათი აღჭურვით შემოიფარგლება.

მინისტრმა აღნიშნული მოდელი „ყველაზე ეროვნულ“ მოდელად შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პორტის წილები არ გაიყიდება. მისი განცხადებით, პროექტის საერთო ღირებულება კვლავ დაახლოებით 1.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ამასთან, სახელმწიფოს დაგეგმილი ბიუჯეტის გარდა დამატებით 200 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება მოუწევს ნავმისადგომების, კომუნიკაციებისა და იმ ძირითადი ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად, რომლის განხორციელებაც თავდაპირველად ინვესტორის ვალდებულებად იყო განსაზღვრული. მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტი პირველ გემს 2029 წლისთვის მიიღებს.

ამ განცხადებების მიღმა უფრო მნიშვნელოვანი გარემოება დგას: 2024 წელს გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს უკავშირდებოდა და რომელშიც China Communications Construction Company-სთან დაკავშირებული კომპანიები მონაწილეობდნენ, საბოლოოდ ჩაიშალა. აღნიშნული კონსორციუმი ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო.

მინისტრმა დაადასტურა, რომ კონსორციუმთან მოლაპარაკებები იმ საკითხებზე შეწყდა, რომლებიც, მისი შეფასებით, ეროვნულ ინტერესებს უკავშირდებოდა. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ თანამშრომლობის დასრულება მხარეებმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტეს. მიუხედავად ამისა, მინისტრის განცხადებით, მთავრობას კვლავ აქვს „ძლიერი სურვილი და მოტივაცია“, რომ ჩინური მხარე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებასა და განვითარებაში აქტიურად იყოს ჩართული.

 

სამოქალაქო იდეას შეფასება

მთავრობის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია საფუძვლიან ანალიზს საჭიროებს. საზოგადოებას განუმარტავენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ საერთაშორისო ინტერესი იმდენად გაიზარდა, რომ სახელმწიფომ კერძო საინვესტიციო მოდელზე უარი თქვა და პროექტი სრულად საკუთარ პასუხისმგებლობას დაუქვემდებარა, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ძირითადი ეტაპი ჯერ არც დაწყებულა.

ჩვენი შეფასებით, მზარდ საინვესტიციო ინტერესს, როგორც წესი, მსგავსი გადაწყვეტილებით არ პასუხობენ. თუ პროექტი მართლაც რამდენიმე სანდო და ძლიერი პრეტენდენტის ინტერესს იწვევს, პრაქტიკაში, როგორც წესი, ტენდერი გაუმჯობესებული პირობებით ხელახლა ცხადდება და არა ის, რომ სახელმწიფო მთლიანად საკუთარ თავზე იღებს პროექტის დაფინანსებასა და განხორციელებას.

არანაკლებ კითხვებს აჩენს ფინანსური არგუმენტაციაც. 2024 წლის შეთანხმების მიხედვით, გამარჯვებული კონსორციუმის მხრიდან საქართველოში დაახლოებით 600 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელება იყო გათვალისწინებული. ამჟამად ეს ინვესტიცია აღარ არსებობს. მის ნაცვლად, სახელმწიფოს დამატებით 200 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება საჯარო რესურსებიდან მოუწევს.

მინისტრს ამ თანხის შესაძლო კრედიტორი არ დაუსახელებია. მისი განცხადებით, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და მათი ინტერესი მაღალია. თუმცა, ვიდრე ეს ინსტიტუტები არ დასახელდება, აღნიშნული განცხადების დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია.

საქართველოს დასავლელ პარტნიორებსა და საერთაშორისო განვითარების ფინანსურ ინსტიტუტებთან არსებული ურთიერთობების, ასევე მთავრობის მხრიდან პეკინთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაკეთებული მუდმივი აქცენტის გათვალისწინებით, ასეთი დაფინანსების ერთ-ერთ შესაძლო წყაროდ ჩინეთის სახელმწიფო პოლიტიკის ბანკებიც შეიძლება განიხილებოდეს. თუ ეს ვარაუდი დადასტურდება, ანაკლიის პორტი კვლავ ჩინური ფინანსური რესურსით აშენდება, თუმცა ამჯერად არა ინვესტორის კაპიტალით დაფინანსებული პროექტის სახით, სადაც ძირითად ფინანსურ რისკს თავად ინვესტორი იღებს, არამედ საქართველოს მიერ აღებული საჯარო ვალის ხარჯზე.

სათაურისა და საჯარო განცხადებების მიღმა, ინვესტორის მიერ მართული კონცესიის მოდელზე უარის თქმა და სახელმწიფო მშენებლობის მოდელზე გადასვლა რამდენიმე სტრუქტურულ პრობლემას აჩენს.

პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ რისკები ინვესტორებიდან გადასახადის გადამხდელებზე გადადის. კონცესიის პირობებში მშენებლობის გაძვირება, ვადების გადაცილება და მოთხოვნის შემცირება კონცესიონერის პასუხისმგებლობაა, რომელსაც შესაბამისი სახელშეკრულებო ვალდებულებები და სანქციები ეკისრება. თვითმშენებლობის მოდელში კი ნებისმიერი ხარჯის ზრდა და ნებისმიერი წლით დაგვიანება პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტზე აისახება, მაშინ როდესაც პროექტის შესრულებაზე კონტრაქტით პასუხისმგებელი გარე მხარე აღარ არსებობს.

მეორე მხრივ, ახალი მოდელი პროექტს აკარგვინებს იმ ოპერატორულ გამოცდილებასა და ტვირთნაკადებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებიც პორტის სიცოცხლისუნარიანობის საფუძველს წარმოადგენს. სტრატეგიულ პორტის ინვესტორს მხოლოდ კაპიტალი არ შემოაქვს; მასთან ერთად მოდის გადამზიდავ ხაზებთან დამყარებული კავშირები, ტერმინალების მართვის გამოცდილება და ტვირთბრუნვის უზრუნველყოფის მექანიზმები. საქართველოს სახელმწიფოს ღრმაწყლოვანი საკონტეინერო პორტი არასდროს აუშენებია და არც უმართავს. ამასთან, აღარ არსებობს მხარე, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს იმ ტვირთნაკადების უზრუნველყოფას, რომლებმაც ანაკლია კომერციულად მდგრადი უნდა გახადოს. ამ ფონზე მინისტრის განცხადება, რომ პირველი ფაზის ტვირთბრუნვის პროგნოზები ზემოთ გადაიხედება, კიდევ უფრო აჩენს კითხვებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროექტი სწორედ ამ ეტაპზე კარგავს მთავარ ინვესტორს.

მესამე პრობლემა გამჭვირვალობას უკავშირდება. მოდელის ცვლილება სწორედ იმ ეტაპზე ხდება, როდესაც პროექტზე ყველაზე დიდი ფინანსური რესურსების დახარჯვაა დაგეგმილი. ტენდერის გაუქმება პროცესს კონკურენტულ დისციპლინას აცლის. დაღრმავების, ტალღმჭრელის, ნავმისადგომებისა და მისასვლელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კონტრაქტები უკვე შეიძლება სახელმწიფო შესყიდვების გზით გაიცეს, სადაც რეალური ბენეფიციარები ხშირად ერთი საფეხურით ქვემოთ, ქვეკონტრაქტორების ჯაჭვებში ჩნდებიან. სწორედ ამ გზით შეიძლება პროექტში კვლავ გამოჩნდნენ China Communications Construction Company-სთან (CCCC) დაკავშირებული კომპანიები ან სხვა პოლიტიკურად პრივილეგირებული აქტორები ისე, რომ მათი მონაწილეობა არც წილობრივ საკუთრებაში შესვლას და არც საჯარო ტენდერისთვის დამახასიათებელ ყურადღებას აღარ უკავშირდებოდეს. Civic IDEA კონტრაქტორების სიებს ყურადღებით დააკვირდება.

მეოთხე საკითხი თავად „ლენდლორდის მოდელს“ ეხება. ეს მოდელი პორტების მართვაში ლეგიტიმური და ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, თუმცა ეფექტიანად მხოლოდ იმ პირობებში ფუნქციონირებს, რომლებიც საქართველოს ამ ეტაპზე არ გააჩნია: დამოუკიდებელი პორტის ადმინისტრაცია, ტერმინალების გამჭვირვალე და კონკურენტული კონცესიები, ასევე სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრის, რეგულატორისა და კომერციული კონტრაგენტის, ფუნქციების მკაფიო გამიჯვნა. როდესაც მთელ პროცესს პოლიტიკური კონტროლის ქვეშ მყოფი მთავრობა მართავს, ტერმინალების იჯარა შესაძლოა დისკრეციულ ინსტრუმენტად იქცეს. ამ პირობებში სანქცირებული სახელმწიფო კომპანიისთვის იჯარით გადაცემა გაცილებით ნაკლებ საჯარო და საერთაშორისო ყურადღებას მიიპყრობს, ვიდრე პორტის წილების გაყიდვა.

მეხუთე, ეს ანაკლიის პროექტის უკვე მესამე ჩავარდნილი ფორმატია ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, 2020 წელს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების გაუქმებისა და 2022 წლის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. თითოეული გადაწყვეტილების საფუძველი ცალკე შეიძლება შეფასდეს, თუმცა მთლიანობაში ეს გამოცდილება სერიოზულ საერთაშორისო ოპერატორებს უგზავნის სიგნალს, რომ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტში თამაშის წესები გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგაც შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ მინისტრის განცხადება დასავლელი ინვესტორების დაუკონკრეტებელი ინტერესის შესახებ სიფრთხილით უნდა შეფასდეს, ვიდრე კონკრეტული კომპანიები არ დასახელდება, რის გაკეთებასაც მინისტრი, მისი თქმით, „უახლოეს მომავალში“ გეგმავს.

და ბოლოს, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პროექტი, რომელსაც მთავრობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციის წარმატებულ მაგალითად წარმოაჩენდა, საჯარო ხარჯად გარდაიქმნა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ისედაც შეშფოთების საგანია. ხელისუფლებისთვის, რომელიც ანაკლიას მუდმივად ინვესტორთა ნდობის დასტურად წარმოაჩენდა, პორტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სესხებით დაფინანსება, ფაქტობრივად, იმის ჩუმი აღიარებაა, რომ საინვესტიციო მოდელმა ვერ გაამართლა.

ჩვენი შეფასებით, ამ უკუსვლების მიღმა არა გაურკვევლობა, არამედ განზრახვა იკითხება. დახურული შეთავაზებები, მუდმივად ცვალებადი პირობები და გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ შეცვლილი მოდელები ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებს – პროცესი იმდენად იწელება, რომ ანაკლია საბოლოოდ უბრალოდ არ შენდება. Civic IDEA-ს თავმჯდომარემ, თინათინ ხიდაშელმა, სწორედ ასეთი შედეგი იწინასწარმეტყველა 2026 წლის მაისში CEPA-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, Georgia’s Never, Never Port. სტატიაში იგი აღნიშნავდა, რომ გაჭიანურებული პროცესი შესაძლოა მთავრობის მიზანმიმართული მცდელობა იყოს, ანაკლიის პორტი საერთოდ არ აშენდეს. ამასთან, ავტორი ხაზს უსვამდა, რომ საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერება დიდი ხანია რუსეთის ერთ-ერთ უმთავრეს პოლიტიკურ მიზნად განიხილება საქართველოში, ხოლო მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ეს მიზანი პრაქტიკულად სრულდება.

 

რას დავაკვირდებით?

მომდევნო თვეების განმავლობაში Civic IDEA დააკვირდება დამატებითი 200 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების შესაძლო კრედიტორების ვინაობასა და სესხის პირობებს; სამშენებლო კონტრაქტების შესყიდვის პროცესსა და კონტრაქტორების უკან მდგომ საკუთრების ჯაჭვებს; ტერმინალის ოპერატორების შერჩევისა და ტერმინალების იჯარით გაცემის პროცესსა და კრიტერიუმებს; ასევე იმას, დაბრუნდებიან თუ არა პროექტში China Communications Construction Company-სთან (CCCC) დაკავშირებული კომპანიები კონტრაქტორების ან ოპერატორების სახით და გამოქვეყნდება თუ არა დაინტერესებული მხარეების ის სია, რომლის გასაჯაროებასაც მთავრობა საზოგადოებას დაჰპირდა.

ჩვენს მიგნებებს საინფორმაციო ბიულეტენის მომდევნო გამოცემებში წარმოგიდგენთ.

ანაკლია კურსს კვლავ იცვლის: მშენებლობის დაწყებამდე პორტი საინვესტიციო ბაზრიდან გაიყვანეს Read More »

როგორ პასუხობს “ქართული ოცნება” აშშ-ს მიერ ანაკლიის შესახებ გავრცელებულ გზავნილებს?

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მოლოდინების საპირისპიროდ, ბოლო პერიოდში ამერიკელი პოლიტიკოსების განცხადებები ადასტურებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ არის ინდიფერენტული ანაკლიის პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის გადაწყვეტილების მიმართ. მეტიც, როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის ჩართვას განიხილავენ როგორც ჩინეთის – აშშ-ს კონკურენტი სახელმწიფოს მცდელობას, გააძლიეროს საკუთარი გავლენა შავი ზღვის რეგიონში.

ანაკლიასთან დაკავშირებით ვაშინგტონის ბოლოდროინდელ გზავნილებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები განსხვავებული ნარატივებით პასუხობენ. ერთი მხრივ, არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ამერიკელი პოლიტიკოსების განცხადებები ე.წ. Deep State-ის ზეგავლენის შედეგად მიიჩნია. მეორე მხრივ, არალეგიტიმურმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ანაკლიის პორტის შესახებ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი განცხადებებისა და გზავნილების შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ სრული ანგარიში.

როგორ პასუხობს “ქართული ოცნება” აშშ-ს მიერ ანაკლიის შესახებ გავრცელებულ გზავნილებს? Read More »

ჰელსინკის კომისია ანაკლიის პორტის საკითხს ეხმაურება

აშშ-ს „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის“, იგივე „ჰელსინკის კომისიის“ წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ფაქტზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელოვანი წილი ჩინურ კონგლომერატს გადასცა, რომელიც აშშ-ს მიერ სანქცირებული და ჩინეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილია.

კომისიის შვიდი წევრის მიხედვით, კონგლომერატის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ჩინეთის კომუნიკაციების კონსტრუქციის კომპანია, ინფრასტრუქტურის განმავითარებელ პროექტებს ქვეყნების დესტაბილიზაციისა და მათი ჩინეთზე დამოკიდებულების გასაზრდელად იყენებს. გარდა ამისა, კომისია ხაზს უსვამს ჩინეთის შავ ზღვაში გააქტიურების საფრთხეებს, რომელიც, მათი თქმით, რეგიონის უსაფრთხოებასა და თავისუფალ ვაჭრობას უთხრის ძირს.  განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩინეთი რეგიონში გააქტიურებას რუსეთთან თანამშრომლობით ახერხებს.

აღნიშნული კომისიის დასკვნით, „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიასა და საკუთარი ეკონომიკური მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უნარს. კონგრესმენები პარტიას მოუწოდებენ გადახედოს გადაწყვეტილებასა და  შეაფასოს [სატენდერო] წინადადებები იმის მიხედვით, თუ რამდენად სამართლიანად და გამჭვირვალედ განავითარებენ ისინი კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ განცხადებას ხელს როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი სენატორები და კონგრესმენები.

ჰელსინკის კომისია ანაკლიის პორტის საკითხს ეხმაურება Read More »

რა ეტაპზეა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი?

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” დაპირებები გრძელდება. მიუხედავად არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლების არაერთი განცხადებისა, პროექტის კერძო ინვესტორის შერჩევის პროცესის შესახებ დეტალები კვლავ ბუნდოვანია. 

2025 წლის 20 იანვარს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ პორტის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები კერძო ინვესტორთან. მისი თქმით, ამ ეტაპზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს ახალი მოთამაშეები ემატება და აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას თებერვალში მიეწოდება. ასევე, დავითაშვილის განცხადების თანახმად, პრეტენდენტის მიერ წინადადების დაზუსტების მორიგ თარიღად განისაზღვრა აპრილი. ამგვარად,

  • მოლაპარაკებების შესახებ დეტალების, მათ შორის, კონსორციუმის ახალი წევრების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის გაცნობის თარიღად განისაზღვრა თებერვალი;
  • ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის მიერ, განახლებული წინადადების წარდგენის თარიღად განისაზღვრა აპრილი.

მიუხედავად აღნიშნული განცხადებისა, კერძო ინვესტორის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით “დამატებითი დეტალების” საზოგადოებისთვის გაცნობის თარიღი აქამდე არაერთხელ შეიცვალა. ლევან დავითაშვილი გასულ წელს საზოგადოებას რამდენჯერმე დაპირდა პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდების შესახებ:

  • ჯერ კიდევ 2024 წლის 29 მაისს, ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს პრეტენდენტად გამოცხადდა ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. ლევან დავითაშვილის განცხადების მიხედვით, კონსორციუმი რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა ოფიციალურ გამარჯვებულად. აღნიშნული დაპირებიდან გავიდა თითქმის 8 თვე და კერძო ინვესტორთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 
  • 2024 წლის 8 ოქტომბერს, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში გაიმართებოდა საჯარო პრეზენტაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ. ასევე, მან განაცხადა, რომ პრეტენდენტთან მიმდინარე “ინტენსიური” დიალოგი მალე დასრულდებოდა. ამ განცხადებიდან თითქმის 4 თვე გავიდა და დაპირებული “დიდი პრეზენტაციაც” მივიწყებას მიეცა. 

გარდა მოლაპარაკებების პროცესისა, დამატებითი კითხვები ჩნდება ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის გაფართოებისა და პროექტში კერძო ინვესტორების სახით ახალი კომპანიების ჩართვის პროცესის შესახებ. როგორც სამოქალაქო იდეას წინა ანგარიშში წარმოგიდგინეთ, ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის ჩვენთვის ცნობილი წევრები – China Communication Construction Company Limited და China Harbour Investment Pte. Ltd – საერთაშორისო დონეზე საეჭვო რეპუტაციით სარგებლობენ. აქამდე არსებული პრაქტიკა კი ცხადყოფს, რომ ქართული ოცნება ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩინური კომპანიების შერჩევისას სათანადო პასუხისმგებლობით არ გამოირჩევა. შესაბამისად, ამ “ახალი მოთამაშეების” ვინაობაც შესაძლოა ანაკლიის პროექტისთვის მორიგი რისკების საფუძველი გახდეს. 

აღსანიშნავია, რომ ლევან დავითაშვილის 20 იანვრის განცხადებას მოჰყვა “ქართული ოცნების” წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის გამოსვლა, რომ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ხელშეკრულების დადების პროცესი “ინტენსიურ ფაზაშია შესული”. ასევე, მისი თქმით, ამ დღეებში კონსორციუმის წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ და ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ლევან დავითაშვილთან. მიუხედავად მოლაპარაკებების “ინტენსიურობისა”, როგორც დავითაშვილის ზემოთ ხსენებულმა განცხადებამ ცხადყო, კერძო ინვესტორის შერჩევის პროცესი სულ მცირე 2025 წლის აპრილამდე გაგრძელდება. 

“ქართული ოცნება” ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ანაკლიის პორტის პროექტს საკუთარი “წარმატების” მაგალითად ასახელებდა. მსგავსი რიტორიკა საპარლამენტო არჩევნების შემდგომაც გაგრძელდა და არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები ეკონომიკურ განვითარებაზე საუბრისას, ანაკლიის პროექტზე ამახვილებენ ყურადღებას. საყურადღებოა, რომ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის 150 მილიონი ლარია გამოყოფილი. მიუხედავად აღნიშნული რიტორიკისა, კერძო ინვესტორის შერჩევის პროცესის დინამიკა პროექტის წარმატებასთან დაკავშირებით საფუძვლიან ეჭვებს აჩენს. 

რატომ გაჭინაურდა კერძო ინვესტორის შერჩევის პროცესი?

კერძო ინვესტორის შერჩევის პროცესის თითქმის 1 წლით გაჭინაურების ოფიციალური მიზეზი ჩვენთვის უცნობია. თუმცა, სავარაუდოდ, დაბრკოლებას შეიძლება იწვევდეს შემდეგი საკითხები:

  1. ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის წევრი კომპანიის, China Communication Construction Company Limited, საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ China Communication Construction Group-ს ეკუთვნის. შერჩევის პროცესზე დაუშვებლობის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით:

“შერჩევის პროცესში მონაწილეობის უფლება არ აქვთ სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტი პირდაპირ ან ირიბად ფლობს 30%-ზე მეტ წილს.”

შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებს, როგორიცაა China Communication Construction Company Limited, არ აქვთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის კერძო პარტნიორის შესარჩევად გამოცხადებულ სატენდერო პროცესში მონაწილეობის უფლება.

სავარაუდოდ, მოლაპარაკებების პროცესში, აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს და კონსორციუმში ახალი პარტნიორების დამატების აუცილებლობაც ამ საკითხმა წარმოშვა.

2. პირველადი განაცხადის მიხედვით, HSBC ბანკი მითითებული იყო ფინანსურ გარანტად. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული ინსტიტუტი არ აძლევს ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს ფინანსურ გარანტიას, რის გამოც პროცესი ყოვნდება.

3. ქართული ოცნების ანტი-დასავლური პოლიტიკური კურსის გამო საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის კერძო პარტნიორად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის გამოცხადებამ შესაძლოა საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვიოს. შესაბამისად, საზოგადოებრივი მღელვარების და ესკალაციის პრევენციისთვის ქართული ოცნება შესაძლოა პროცესს აჭინაურებს.

რა ეტაპზეა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი? Read More »

რა კავშირი აქვს ანაკლიის პოტენციურ ჩინურ ინვესტორს სერბეთში მომხდარ ინციდენტთან, რომელიც 14 ადამიანის სიკვდილით დასრულდა

ჩინური კომპანია, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის პოტენციური კერძო პარტნიორია, მორიგ საერთაშორისო სკანდალში გაეხვია. სერბეთში კომპანიის მიერ რეაბილიტირებულ რკინიგზის სადგურში მომხდარ ინციდენტს 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

შეგიძლიათ, იხილოთ სრული სტატია:

რა კავშირი აქვს ანაკლიის პოტენციურ ჩინურ ინვესტორს სერბეთში მომხდარ ინციდენტთან, რომელიც 14 ადამიანის სიკვდილით დასრულდა Read More »

ანაკლიის პორტი – საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების მორიგი ნაბიჯი

2024 წლის 29 მაისი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის მიერ გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით საჯარო და კერძო პარტნიორის შერჩევის კონკურსში რამდენიმე დღეში გამარჯვეულად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communication Construction Company Limited და China Harbour Investment გამოცხადდება.

გიზიარებთ მოკლე მიმოხილვას იმასთან დაკავშირებით თუ რა ეტაპებისა და პროცედურებისგან შედგება პორტის მშენებლობის პროექტი, რა გამოცდილება არსებობს საერთაშორისო ბაზარზე პოტენციურად გამარჯვებულ კომპანიასთან დაკავშირებით, რა რეპუტაცია აქვს მას და რა გავლენას ახდენს საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხ. დოკუმენტი:👇

 

ანაკლიის პორტი – საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების მორიგი ნაბიჯი Read More »

Scroll to Top