ავტორი: ჯიანლი იანგ ჩინეთის პასუხი ისრაელ-ჰამასის კონფლიქტზე ასახავს პალესტინის მიმართ მის მრავალწლიან მხარდაჭერას
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი (მარჯვნივ) და პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, პეკინში „ხალხის დიდ დარბაზში“ ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, ერთმანეთს ხელს ართმევენ; 2023 წლის 14 ივნისი.
7 ოქტომბერს, პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ, ჰამასმა, ისრაელის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა. ათასობით რაკეტის გარდა, ჰამასმა ისრაელის ტერიტორიაზე გააგზავნა სამხედროები ისრაელის უდანაშაულო მოქალაქეების მოსაკლავად ან გასატაცებლად. საპასუხოდ, ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბინიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ახლა „საომარ მდგომარეობაშია“. აშშ-მ და ევროკავშირმა გამოაქვეყნეს განცხადებები, რომლებშიც დაგმეს ჰამასის ტერორისტული ქმედებები და ისრაელის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. ასევე, აზიის რამდენიმე ქვეყანამ კონფლიქტის ესკალაციის გამო დაგმო ძალადობა და შეშფოთება გამოხატა. ამასობაში, ჩინეთის საგარეო სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მხარდაჭერა პალესტინის სახელმწიფოებრიობისადმი, გამოხატა რა „ღრმა მწუხარება“ და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და თავშეკავებისაკენ მოუწოდა. ჩინეთის კომუნისტურ პარტიას პალესტინასთან მეგობრული ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია აქვს. 1964 წელს, პალესტინის განმანთავისუფლებელი ორგანიზაციის დაარსების დღიდან ჩინეთი აღიარებს და აქტიურად უჭერს მხარს ამ ორგანიზაციას. მაო ძედუნის და დენ სიაოპინის პერიოდში, პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის (PLO) ლიდერი, იასირ არაფატი აღიარებული იყო, როგორც ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CCP) „ძველი მეგობარი“ და ჩინეთი, მას ღიად, ფინანსური და შეიარაღების კუთხით დახმარებას უწევდა. 1971 წელს, გაეროში წევრად მიღების შემდგომ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ არაერთხელ მოუწოდა ისრაელს პალესტინის ტერიტორიებიდან უპირობო გასვლისკენ. ჩინეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა პალესტინის სუვერენიტეტი 1988 წელს და 1989 წელს, პალესტინასთან სრული დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. თუმცა, 1990-იანი წლების დასაწყისში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთს სჭირდებოდა კარგი ურთიერთობების დამყარება ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოებთან, მისი „რეფორმისა და (ეკონომიკური) ღიაობის“ პოლიტიკის ფარგლებში, 1992 წელს, ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა ისრაელთან. ჩინეთი ახლა არის ისრაელის მესამე ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი და ამ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ გასულ წელს 23 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ამის საპირისპიროდ, ჩინეთის ორმხრივი ვაჭრობა პალესტინასთან გასულ წელს მხოლოდ 158 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო ჩინეთის ინვესტიციები პალესტინაში მინიმალურია. ჩინეთი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში, განსაკუთრებით ისრაელსა და პალესტინას შორის არსებულ დავაში, უფრო მეტი ჩართულობისკენ მიისწრაფის. თუმცაღა, პალესტინისადმი ჩინეთის დიპლომატიური მხარდაჭერა ბევრად აღემატება ისრაელისადმი მის მხარდაჭერას. 2021 წელს, ჩინეთმა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოსაგვარებლად ხუთპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა და შემდგომში, საუდის არაბეთსა და ირანს შორის მედიატორობისათვის ელჩები დანიშნა. როდესაც 2021 წლის მაისში, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი გამწვავდა, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იანგ იმ მხარეებს მოუწოდა „პირდაპირი დიალოგისაკენ ჩინეთში“. ჩინეთმა, ასევე, გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინა გეგმა „ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობაზე, პალესტინის საკითხის ჩათვლით“, რომელიც მოიცავდა დებულებებს ცეცხლის შეწყვეტის, ძალადობის შეწყვეტისა და უშიშროების საბჭოს მკაცრი პოზიციის შესახებ, რათა ამ უკანასკნელმა ხელი შეუწყოს მშვიდობას და დააჩქაროს ორ სახელმწიფოს შორის კონფლიქტიდან გამოსავლის ძებნაზე დაფუძნებული მოლაპარაკებები. წლების განმავლობაში ჩინეთი თანმიმდევრულად უჭერდა მხარს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას 1967 წლის საზღვრებში, რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნებოდა. 2020 წელს, ჩინელმა დიპლომატმა, ჟან ჯუნმა დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში ისრაელის დასახლებებს „საერთაშორისო სამართლის დარღვევები“ უწოდა. 2022 წლის მარტში, ისლამაბადში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის კონფერენციაზე დასწრებისას, ვანგი შეხვდა პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრ რიად ალ-მალიქის და ცალსახად განაცხადა, რომ პალესტინის საკითხი არ უნდა იყოს მარგინალიზებული. ვანგმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა უგულებელყოს პალესტინის საკითხი და განაცხადა, რომ ჩინეთი გააგრძელებს პალესტინელი ხალხის გვერდში დგომასა და მხარდაჭერას. 2023 წლის ივნისში, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ეწვია ჩინეთს და ხალხით სავსე დარბაზში შეხვდა პრეზიდენტ სი ძინპინს. ეს იყო აბასის მეხუთე ვიზიტი ჩინეთში. მან მოისმინა ჩინეთის ვალდებულება, დაუჭიროს მხარი პალესტინას და შეიტყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გეგმების შესახებ პალესტინისთვის დახმარების უზრუნველსაყოფად. სი ძინპინმა აბასთან საუბრისას ახსენა, რომ „ჩინეთი და პალესტინა არიან ახლო მეგობრები და პარტნიორები, რომლებიც ენდობიან და მხარს უჭერენ ერთმანეთს“ და რომ ჩინეთი მზადაა პალესტინის საკითხის ყოვლისმომცველი და საბოლოო გადაწყვეტისათვის გააძლიეროს პალესტინასთან თანამშრომლობა. პალესტინისადმი ჩინეთის მხარდაჭერის ხანგრძლივი ისტორია მტკიცედ აისახება ამ უკანასკნელის უარში დაგმოს ისრაელის მოქალაქეებზე ჰამასის სასტიკი თავდასხმა. თავდასხმაზე პეკინის მყისიერი პასუხი იყო განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ „კონფლიქტის ფუნდამენტური გამოსავალი მდგომარეობს ორი სახელმწიფოს მხრიდან კონფლიქტიდან გამოსავლის იმპლემენტაციაში და პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში“. პალესტინის მიმართ ჩინეთის მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ისეთი ქვეყნებისა, როგორიცაა ირანი და კატარი. ჩინეთში ისრაელის დიპლომატებმა კომუნისტურ პარტიას მოუწოდეს ჰამასის უფრო მტკიცე დაგმობისაკენ, რამდენადაც ჩინეთი ისრაელის მეგობრად მიიჩნევა. ამგვარი განცხადებები მიანიშნებს ისრაელი დიპლომატების გულუბრყვილობისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიზნების გაუთვითცნობიერებულობაზე. მათ შესაძლოა ჩათვალეს, რომ წლების განმავლობაში ჩინეთის მოწინავე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა შეცვლიდა ისრაელთან დაკავშირებით პეკინის პოზიციას, თუმცა ეს მათი მხრიდან სერიოზული შეცდომა და არასწორი გათვლა აღმოჩნდა. ღია, თავისუფალი, ძლიერი და წარმატებული ისრაელი არ შეესაბამება ჩინეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს. თუკი ჰამასის თავდასხმის მიღმა უფრო დიდი განზრახვა ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების ნორმალიზების ძალით შეფერხება იყო, ამ შემთხვევაში ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბენეფიციარი იქნებოდა. ახლო აღმოსავლეთში გახანგრძლივებულ ქაოსს სარგებელი მოაქვს დასავლეთთან კონკურენციაში ჩინეთის სტრატეგიული ინტერესებისათვის, ისევე, როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამოყენება შეუძლია დასავლური სახელმწიფოებისთვის ზიანის მისაყენებლად და დემოკრატიული სამყაროს რესურსების ამოსაწურად.
„სამოქალაქო იდეა“ წარმოგიდგენთ ირაკლი მელაშვილის პოზიციას – მცირე ისტორიულ ექსკურსს, ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
პირველ მსოფლიო ომამდე დღევანდელი ისრაელის ტერიტორია ოსმალეთი იმპერიაში შედიოდა. 1920 წლის სან-რემოს კონფერენციაზე ომში გამარჯვებულმა მოკავშირეებმა დიდ ბრიტანეთს პალესტინის მართვის მანდატი მიანიჭეს, რაც 1922 წელს ერთა ლიგამაც დაადასტურა. მანდატში დაფიქსირდა “ბალფურის დეკლარაციის” დათქმა, პალესტინაში „ებრაელთა კერის“ შექმნასთან დაკავშირებით. ეს დეკლარაცია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არტურ ბალფურმა, 1917 წელს გაუგზავნა ბრიტანელ ებრაელთა საზოგადოების წარმომადგენელს, ლორდ როტშილდს, სადაც ეწერა, რომ ინგლისი მხარს უჭერს პალესტინაში ებრაელი ხალხისათვის „ეროვნული სახლის“ შექმნის იდეას. 1921 წელს უინსტონ ჩერჩილი, ბრიტანეთის კოლონიების მაშინდელი მინისტრი, ჩადის პალესტინაში, ხვდება არაბული და ებრაული მხარის წარმომადგენლებს და აქვეყნებს ე.წ. „პალესტინის თეთრ წიგნს“, რომელსაც ამტკიცებს ბრიტანეთის პარლამენტი. ამ წიგნის თანახმად, ებრაელებს უნდა შეექმნათ თავისი სახელმწიფო პალესტინის ტერიტორიის ნაწილზე, ხოლო არაბებს თავიანთი სახელმწიფო პალესტინის მეორე ნაწილში, ტრანსიორდანიასა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. ამ პერიოდში პალესტინის მიწაზე მოსახლეობის უმრავლესობა არაბია, უმცირესობა, ებრაელები. 30-იან წლებში ებრაელთა გადასახლებამ პალესტინაში მასობრივი ხასიათი მიიღო. ებრაელებს სჯეროდათ, რომ 26 საუკუნის დევნის და წვალების შემდეგ, ისინი საკუთარი სახელმწიფოს შექმნას შეძლებდნენ. ამ პროცესს მოჰყვა არაბული ნაციონალიზმის ზრდა, შეტაკებები და ამბოხი ინგლისის მმართველობის წინააღმდეგ. ინგლისმა შეცვალა პოლიტიკა. 1939 წელს გამოქვეყნდა ახალი „თეთრი წიგნი“ ბრიტანეთის კოლონიალური მდივნის, მალკოლმ მაკდონალდის მოხსენება პალესტინაში მთავრობის პოლიტიკის შესახებ. პალესტინაში ბრიტანეთის ახალი პოლიტიკის ძირითადი პოსტულატები ასე გამოიყურებოდა:
• პალესტინა არ შეიძლება ეკუთვნოდეს მხოლოდ ებრაელებს, ან მხოლოდ არაბებს. • წიგნის გამოქვეყნებიდან 10 წლის განმავლობაში პალესტინაში შეიქმნება ებრაელებისა და არაბების ერთიანი ორნაციონალური სახელმწიფო. • ებრაელთა იმიგრაციის კვოტა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იქნება 75000. საიმიგრაციო კვოტების გაზრდა დამოკიდებული იქნება არაბთა თანხმობაზე. • ებრაელთა მიერ მიწის შესყიდვის შეზღუდვა. არაბული მოსახლეობის ბუნებრივი მატების გამო ებრაელებისთვის აიკრძალა პალესტინის მიწის 95%-ის მიყიდვა.
ამ დოკუმენტის გამოქვეყნებით, დიდმა ბრიტანეთმა არსებითად უარი თქვა „ბალფურის დეკლარაციით“ ებრაელი ხალხის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. მიუხედავად ამისა, არაბული ქვეყნები, პალესტინური პარტიები და მათი ლიდერები, რომლებზეც დიდი გავლენა ჰქონდა იერუსალიმის დიდ მუფტის, მოჰამედ ამინ ალ – ჰუსეინის, არც ერთობლივი არაბულ-ებრაული სახელმწიფოს შექმნის იდეას დაეთანხმნენ. მეორემსოფლიოომში, ჰოლოკოსტის, ევროპისბევრქვეყანაშიებრაელთამასობრივიდევნისადაგანადგურებისპოლიტიკისშედეგად, მსოფლიოპოლიტიკისწინაშეკიდევუფრომწვავედდადგაებრაულისახელმწიფოსშექმნისიდეა. 1947 წელს ახლადშექმნილმა გაერო-მ შეიმუშავა პალესტინის არაბულ და ებრაულ სახელმწიფოებად დაყოფის ახალი გეგმა. იერუსალიმი და მისი შემოგარენი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ უნდა დარჩენილიყო. გაერო-ს გეგმა მიიღეს ებრაელმა ლიდერებმა. 1948 წლის 14 მაისს ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. „ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელის სახელმწიფოში მცხოვრები არაბი ხალხის შვილებს, მრავალი თვის წინ ჩვენს წინააღმდეგ გაჩაღებული სისხლიანი აგრესიის დღეებში, შეინარჩუნონ მშვიდობა და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს მშენებლობაში სრული სამოქალაქო თანასწორობის საფუძველზე. მიიღონ სათანადო წარმომადგენლობა მის ყველა დაწესებულებაში, დროებითი და მუდმივი. ჩვენ ვუწვდით მშვიდობის ხელს და ვთავაზობთ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ყველა მეზობელ სახელმწიფოსა და მათ ხალხებს. მოვუწოდებთ მათ ითანამშრომლონ ებრაელ ხალხთან, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა მათ ქვეყანაში. ისრაელის სახელმწიფო მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს მთელი ახლო აღმოსავლეთის განვითარების საერთო საქმეში“ – ასეთი იყო იმდროინდელი ებრაული სახელმწიფოს პოზიცია. გაერო-ს გეგმა უარყვეს არაბმა ლიდერებმა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ნებისმიერი ფორმით პალესტინაში ებრაული სახელმწიფოს შექმნას. არაბთა უმაღლესი კომიტეტის ხელმძღვანელი, ჯამალ ალ-ჰუსეინი – „პალესტინას ცეცხლითა და სისხლით მოერევა, თუ ებრაელები მის ნაწილს მაინც მიიღებენ“. იერუსალიმის მუფთი, ამინ ალ-ჰუსეინი – “წმიდა ომს ვაცხადებ, ძმებო მუსლიმნო! მოკალი ებრაელნი! მოკალი ისინი ყველა“ არაბთა ლიგის გენერალურმა მდივანმა, აზამ ფაშა – „ეს იქნება განადგურების ომი, ელვისებური ხოცვა-ჟლეტა, რომელიც გაახსენდება ისევე, როგორც მონღოლთა ხოცვა-ჟლეტა ან ჯვაროსნული ლაშქრობები“. ეგვიპტე, სირია, ლიბანი, ტრანსიორდანია, საუდის არაბეთი, ერაყი და იემენი არ დაეთანხმნენ გაერო-ს გადაწყვეტილებას ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შესახებ და დაიწყეს სამხედრო ოპერაციები ებრაული შეიარაღებული ძალებისა და იმ ებრაული დასახლებების წინააღმდეგ, რომლებიც ისრაელის შემადგენლობაში შედიოდნენ. ებრაელებმა მოიგერიეს შვიდი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ერთობლივი შეტევა, ამასთან, თავიანთ სამხედრო კონტროლს დაუქვემდებარეს პალესტინის ტერიტორიის 77%, მათ შორის იერუსალიმის უმეტესი ნაწილი. ამ დროს 800 ათას ებრაელს მოუწიათ გაქცეულიყვნენ არაბული ქვეყნებიდან, ხოლო ნახევარ მილიონიდან 900 ათასამდე არაბმა დატოვა ისრაელის სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიები. პალესტინის ტერიტორიების დარჩენილი ნაწილი ეგვიპტისა და იორდანიის კონტროლის ქვეშ მოექცა, 1967 წლის მაისში დაძაბულობა სწრაფად იზრდებოდა ერთი მხრივ ისრაელს, მეორე მხრივ, სირიასა და ეგვიპტეს შორის. 14 მაისს ეგვიპტემ გამოაცხადა მობილიზაცია სუეცის არხის ზონაში და მის გარშემო; 19 მაისისთვის გაეროს ჯარები, რომლებიც ყოფდნენ ეგვიპტისა და ისრაელის ძალებს სინაიში, ეგვიპტური მხარის მოთხოვნით გაიყვანეს; 22 მაისს აკაბას ყურეში ისრაელის გემების ბლოკადა დაიწყო; მაისის ბოლოს იორდანია და ერაყი შეუერთდნენ არაბულ სამხედრო კოალიციას.
სინაიდან გაეროს ძალების გაყვანის შემდეგ, კაიროს რადიოთი, „არაბთა ხმა“ ეგვიპტურმა მხარემ განცხადება გააკეთა: „დღეის მდგომარეობით, აღარ არსებობს საერთაშორისო ძალები, რომლებიც იცავენ ისრაელს. თავშეკავებას აღარ ვიჩენთ. ჩვენ აღარ მივმართავთ გაეროს ისრაელის წინააღმდეგ საჩივრებით. ერთადერთი მეთოდი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ ისრაელის წინააღმდეგ, იქნება ტოტალური ომი, რომელიც გამოიწვევს სიონისტური სახელმწიფოს განადგურებას.“ 26 მაისს ეგვიპტის პრეზიდენტმა გამელ აბდელ ნასერმა პროფკავშირების პანარაბული ფედერაციის ლიდერებთან მიმართვისას თქვა, რომ „ეს იქნება ტოტალური ომი და მისი მიზანია ისრაელის განადგურება“. იმავე დღეებში ნასერმა მოუწოდა არაბულ ქვეყნებს თავს დაესხნენ ისრაელს, “ებრაელები გადაყარონ ზღვაში და გაანადგურონ ისინი, როგორც ერი”. სირიის თავდაცვის მინისტრი ჰაფეზ ალ-ასადი – „ჩვენი ძალები ახლა სრულად მზად არიან არა მხოლოდ აგრესიის მოსაგერიებლად, არამედ განთავისუფლების პროცესის დასაწყებად, არაბთა მიწაზე სიონისტური ყოფნის განადგურების მიზნით. სირიის არმიას ჩახმახზე თითი აქვს… როგორც სამხედრო, მე დარწმუნებული ვარ, რომ დადგა დრო, რომ შევიდეთ გამანადგურებელ ომში“. 1967 წლის 5 ივნისს დილის 7:45 საათზე დაიწყო ისრაელის საჰაერო ძალების ოპერაცია. რამდენიმე საათში განადგურდა არაბული კოალიციის საჰაერო ძალები, რის შემდეგაც ისრაელმა 6 დღეში დაამარცხა დარჩენილი არაბული ჯარები, მიუხედავად მათი დიდი უპირატესობისა სამხედრო ძალასა და ტექნიკაში. „ექვსდღიანი ომის“ შედეგად ღაზას სექტორი და იორდანეს დასავლეთ სანაპირო მოექცა ისრაელის კონტროლის ქვეშ. 973 წლის 6 ოქტომბერს, ებრაელებისთვის ყველაზე წმინდა დღეს – განკითხვის დღეს (“იომ კიპური”), შუადღის ორ საათზე ისრაელს ეგვიპტისა და სირიის ჯარები დაესხნენ თავს. სანამ ისრაელელები ლოცულობდნენ, არაბული ჯარები სწრაფად მიიწევდნენ წინ ჩრდილოეთ და სამხრეთ ფრონტებზე. უკვე ერთ საათში არაბულმა ავიაციამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ისრაელის პოზიციებს გოლანის სიმაღლეებზე და სინაის ნახევარკუნძულზე. ისრაელის არმიამ რამდენიმე დღეში არამარტო დაიბრუნა დაკარგული პოზიციები, (მარტო სინაიზე ერთ ბრძოლაში ეგვიპტეს 250 ტანკი გაუნადგურეს) არამედ ქალაქ სუეცთან ფაქტობრივ ალყაში მოაქცია ეგვიპტის არმია, ხოლო სირიაში ისე ღრმად შეიჭრა, რომ მისი არტილერია დამასკოს გარეუბნებს ბომბავდა. საქმეში ჩაერია სსრკ. 24 ოქტომბერს ისრაელი კრემლმა გააფრთხილა „ეგვიპტისა და სირიის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების“ შემთხვევაში „ყველაზე მძიმე შედეგების შესახებ“. ამავდროულად, ბრეჟნევმა სასწრაფო დეპეშა გაუგზავნა პრეზიდენტ ნიქსონს, სადაც მან განაცხადა, რომ თუ შეერთებული შტატები პასიური იქნება კრიზისის გადაწყვეტაში, სსრკ-ს მოუწევს „სასწრაფოდ განიხილოს აუცილებელი ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა“. საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა საბჭოთა საჰაერო სადესანტო ჯარების 7 დივიზიისათვის. საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა სრულ მზადყოფნაში მიიყვანა თავისი ბირთვული ძალები. საბოლოო ჯამში, მესამე მსოფლიო ომამდე საქმე არ მივიდა. ამ ომის შედეგად, ისრაელმა გარკვეულწილად გააფართოვა ტერიტორიები, რომლებიც ფლობდა გოლანის სიმაღლეებზე და მოიპოვა პოზიციები სუეცის არხის დასავლეთ სანაპიროზე. თუმცა, მის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ტერიტორიაც ეგვიპტის კონტროლის ქვეშ დარჩა. 1974 წელს გაერომ დაადასტურა პალესტინელი ხალხის განუყოფელი უფლებები თვითგამორკვევის, ეროვნული დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ლტოლვილების დაბრუნების შესახებ. 1988 წელს გამოცხადდა პალესტინის სახელმწიფო, რომელიც ნაწილობრივ აღიარებულია. 1993 წლის 20 აგვისტოს ოსლოში იცხაკ რაბინმა და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის (პგო) ხელმძღვანელმა იასირ არაფატმა ხელი მოაწერეს შეთანხმების დოკუმენტს. 9 სექტემბერს რაბინმა და არაფატმა გაცვალეს წერილები ურთიერთაღიარების შესახებ. იასერ არაფატმა გაუგზავნა წერილი ისრაელის პრემიერ მინისტრს იცხაკ რაბინს, რომელშიც პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია (პგო) პირველად დათანხმდა შემდეგ პრინციპებზე: • ისრაელის არსებობის უფლების აღიარება მშვიდობისა და უსაფრთხოების პირობებში; • გაეროს უშიშროების საბჭოს 242 და 338 რეზოლუციების აღიარება; • კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ვალდებულება; • ტერორიზმზე და ძალადობის სხვა ფორმებზე უარის თქმა; • პასუხისმგებლობის აღება ამ ვალდებულებების შესრულებაზე პგო-ს ყველა ელემენტისა და სტრუქტურის მიერ; • „პალესტინის ქარტიის“ იმ პუნქტების ბათილად ცნობა, რომელიც უარყოფს ისრაელის არსებობის უფლებას;
1993 წლის 13 სექტემბერს ვაშინგტონში, ისრაელმა და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციამ ხელი მოაწერეს პრინციპების ერთობლივ დეკლარაციას. დეკლარაცია შეიცავდა პალესტინის თვითმმართველობის შესახებ დროებითი შეთანხმების ძირითად პარამეტრებს: – ღაზას სექტორსა და იერიხოს ანკლავში პალესტინის ავტონომიის დაუყონებლივ შექმნა. – მისი ადრეული გაფართოება იუდეასა და სამარიის პალესტინელ მოსახლეობაზე. – პალესტინის მთავრობის შექმნისა და საკანონმდებლო საბჭოს არჩევის შესახებ.
დეკლარაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისრაელსა და პალესტინელებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. შემდეგი შეთანხმებები, რომლებსაც იმ წლებში სხვადასხვა ქვეყნებში მოაწერეს ხელი ისრაელმა და პალესტინამ, ითვალისწინებდნენ: – ისრაელის ჯარების გაყვანას პალესტინის ავტონომიების ტერიტორიებიდან, – ისრაელის სამოქალაქო ადმინისტრაციისგან ძალაუფლების გადაცემას პალესტინის ეროვნულ ხელისუფლებაზე, – პალესტინის ადმინისტრაციის სტრუქტურას და შემადგენლობას, მის იურისდიქციას და საკანონმდებლო უფლებამოსილებებს, მისი პოლიციის კონტიგენტს. – მომავალი ურთიერთობებს პალესტინის ადმინისტრაციას და ისრაელს შორის. – პალესტინის ადმინისტრაციისათვის უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების გადაცემის მომზადებას, რომელიც გახდა პრინციპების დეკლარაციის განხორციელების შემდეგი ეტაპი.
პალესტინის ადმინისტრაციას გადაეცა სრული უფლებამოსილებები ხუთ სფეროში: განათლება და კულტურა, სოციალური უზრუნველყოფა, ტურიზმი, ჯანდაცვა და გადასახადები. ხელი მოეწერა ოქმს შრომით ურთიერთობებზე, ვაჭრობაზე და მრეწველობაზე, გაზზე, საწვავზე, დაზღვევაზე, საფოსტო მომსახურებაზე, სტატისტიკაზე დასოფლის მეურნეობაზე პალესტინის ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობის გადაცემის შესახებ. პალესტინის თვითმმართველობა გაფართოვდა იუდეასა და სამარიაში; შეიქმნა ავტონომიის არჩეული ხელისუფლება – პალესტინის საბჭო; ამ შეთანხმებებს უნდა მიეცა საშუალება პალესტინელებისთვის დამოუკიდებლად ემართათ საკუთარი შიდა საქმეები, მინიმუმამდე დაეყვანათ უთანხმოება ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის, დაეწყოთ მშვიდობიანი თანაარსებობისა და თანამშრომლობის ახალი ეტაპი, რომელიც ეფუძნება საერთო ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემას. ამავდროულად, ამ შეთანხმებებს უნდა დაეცვა ისრაელის ინტერესები როგორც სტრატეგიული უსაფრთხოების, ასევე კონტროლირებად ტერიტორიებზე ისრაელის მოქალაქეების სიცოცხლისა და ქონების დაცვის სფეროში. ეს შეთანხმებები ასახავდა ისრაელსა და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას შორის ურთიერთობების განვითარების კურსს. ბოლო შეთანხმების შვიდი დანართი მოიცავს უსაფრთხოების ზომებს, არჩევნებს, სამოქალაქო საქმეებს, სამართლებრივ საკითხებს, ეკონომიკურ თანამშრომლობას და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას. ამ შეთანხმებებით მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პალესტინის ქალაქებს, ღაზას სექტორს, ასევე 450 პალესტინის სოფლის ტერიტორიას საშინაო საქმეებში ჩაურევლობის გარანტია, უფართოესი ავტონომია და თვითმმართველობა მიეცა. სამწუხაროდ ამ შეთანხმების ტორპედირება თავიდანვე ხდებოდა არაბული სამყაროს ნაწილის მხრიდან. არ წყდებოდა “ჰამასის”, “ისლამური ჯიჰადის”, “პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტისა” და “ფატაჰის” შეიარაღებული ძალების ტერორისტული აქტივობა, პალესტინის ადმინისტრაციის ხელისუფლება ძირითადად უმოქმედო იყო ტერორიზმთან ეფექტური ბრძოლაში, მისი უუნარობისა თუ სურვილის არქონის გამო.
სამწუხაროდ მრავალ არაბულ ორგანიზაციას ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული ომი აქვს გამოცხადებული. მათ შორის არის „ჰამასი“. 1988 წელს „ჰამასმა“ გამოაქვეყნა თავისი პირველი ქარტია, რომელშიც იყო მოწოდებები ისრაელის განადგურებისა და „ისტორიულ პალესტინაში“ ისლამური სახელმწიფოს შექმნის შესახებ. „ისრაელი არსებობს და იარსებებს მანამ, სანამ ისლამი არ გაანადგურებს მას, როგორც ადრე გაანადგურა სხვები… „ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა“ თვლის, რომ პალესტინის მიწა არის ისლამური ვაკფი იგივე ვაკუფი (მუსლიმურ ქვეყნებში უძრავი ან მოძრავი ქონება, რომელიც საჩუქრის სახით გადადის უპირატესად მუსლიმ სასულიერო პირთა ხელში), რომელიც მუსლიმებისთვის განწმენდილია განკითხვის დღის დადგომამდე. პალესტინა ისლამური ვაკფის მიწაა, რომელიც განწმენდილია მუსლიმთა თაობებისთვის“, “ჰამასი” არ ცნობს პალესტინელებსა და ისრაელს შორის 90-იან წლებში მიღწეულ არც ერთ შეთანხმებას. დღესაც არ ცნობს ისრაელის არსებობის უფლებას. მან 2007 წელს ღაზაში გაიმარჯვა პალესტინის ავტონომიაში გამართულ არჩევნებში და აღარ ემორჩილებოდა არათუ ისრაელს, არამედ, თავად პალესტინის ადმინისტრაციას. რამდენიმე დღის წინ ამ ორგანიზაციამ სწორედ ღაზას სექტორიდან მოაწყო ისრაელზე სამხედრო თავდასხმა, რომელსაც ისრაელის მხრიდან უზარმაზარი მსხვერპლი მოჰყვა.
ამ ძალებს ისრაელთან ტერიტორიული პრეტენზიები კი არ აქვთ, არამედ ისინი არ ცნობენ ისრაელის არსებობის უფლებას და ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან მთელ ებრაელ ერს. ეს არ არის ვინმეს მოსაზრება. ესაა ფაქტი, რომელსაც ადასტურებს არაბი რადიკალების ლიდერების და მათი ორგანიზაციების არაერთი საჯარო, ოფიციალური განცხადება და დოკუმენტი. არაბული ქვეყენების უმრავლესობა ისევ არ ცნობს ისრაელის უფლებას არსებობაზე. ისრაელს აღიარებს მხოლოდ ეგვიპტე, იორდანია, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, მაროკო და ბაჰრეინი. რაც არ უნდა კრიტიკულად იყოს განწყობილი ადამიანი ისრაელის მიერ სამხედრო ძალის გამოყენებისას პალესტინელი ბავშვების და მოხუცების დაღუპვის მიმართ, ერთი ფაქტია, არასდროს ისრაელის მთავრობას არ დაუსახავს მიზნად და/ან არ განუცხადებია, რომ მისი ამოცანაა პალესტინელი არაბების გაწყვეტა, ზღვაში გადაყრა, ფიზიკურად განადგურება. დღესაც ისრაელის სახელმწიფოში მშვიდად ცხოვრობენ და მუშაობს ათობით ათასი (თუ მეტი არა) არაბი, რომლებიც ლოიალურად არიან განწყობილი ისრაელის სახელმწიფოს მიმართ. მათ ჰყავთ თავიანთი წარმომადგენელბი ქნესეთში (ისრაელის პარლამენტი) ადგილობრივ თვითმმართველობებში. ისრაელი იბრძვის თავისი სახელმწიფოს არსებობისა და სიცოცხლის უფლებისთვის და არა პალესტინელი ერის გასანადგურებლად.
სამოქალაქო იდეასა და EESPN (Eastern European Social Policy Network) თანამშრომლობის ფარგლებში, ქვეყნის მიმდინარე სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკის გაზიარების მიზნით, წარმოგიდგენთ, სამოქალაქო იდეას სტაჟიორის, დეა ბაკაშვილის ბლოგს, ჭიათურელი მაღაროელების პროტესტის შესახებ.
სტატიაში განხილულია ჭიათურის, როგორც ამიერკავკასიაში მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრის, დანიშნულება საქართველოს ეკონომიკისთვის. ასევე, ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება მაღაროელების სოციალური და შრომითი უფლებების დაცვას. პროტესტის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენებისა და მიღწეული შეთანხმების ეფექტურობის შეფასებას.
შეგახსენებთ, რომ შეთანხმება ჯორჯიან მანგანეზსა (Georgian Manganese) და ჭიათურელ მაღაროელებს შორის, მოიცავს სამთვიანი სამუშაო ჯგუფის შექმნას კრიზისების მართვის გეგმის შესამუშავებლად. შესაბამისად, პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება და აუცილებელია ჩვენი აქტიური ჩართულობა.
არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ევროპული და ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით
არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში. შესაბამისად, საყურადღებოა მათი დაფინანსების საკითხის სამართლებრივ დონეზე გააზრება, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.
ევროპის საბჭოს მიერ დამტკიცებულია „ევროპაში არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსის შესახებ რეკომენდაცია“ (რეკომენდაცია (2007)14). ამ დოკუმენტის მიხედვით, ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც იღებს საჯარო მხარდაჭერას (იგულისხმება, როგორც ფიზიკური პირების შემოწირულობა, ასევე საგადასახადო შეღავათები, სახელმწიფო და საერთაშორისო დაფინანსება) შესაძლოა დაევალოს შესაბამისი ფინანსური ანგარიშის წარდგენა განსაზღვრული სამეთვალყურეო ორგანიზაციის წინაშე. ამასთან ერთად, შესაძლებელია, დაევალოთ წარმოადგინონ ის ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც აღწერილია ადმინისტრირების და თანხების მოზიდვისთვის გაწეული ხარჯები. ზემოთ ხსენებული ანგარიშების წარდგენისას დაცული უნდა იყოს ბიზნესს საიდუმლოება. ევროპის საბჭოს რეკომენდაცია აგრეთვე უშვებს აუდიტის ჩატარების ვალდებულების დაკისრებას არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. რაც შეეხებათ უცხო ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეს ვალდებულებები მათ იმ შემთხვევაში წარმოეშვებათ, თუკი მასპინძელ ქვეყანაში საქმიანობას ახორციელებენ.
რეკომენდაციით განისაზღვრა ზედამხედველობის საკითხით, რომლის მიხედვითაც, არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა მიიჩნევა კანონიერად, მანამ სანამ არ დამტკიცდება საპირისპირო. მათ მიმართ საგამოძიებო მოქმედებები უნდა დაეფუძნოს ობიექტურ და შესაბამის სასამართლო გადაწყვეტილებას. არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, თუ ადგილი არ აქვს ორგანიზაციის მხრიდან კანონით დადგენილი ვალდებულებების სერიოზულ დარღვევას ან ობიექტურად ივარაუდება, რომ გადაცდომის ჩადენა გარდაუვალია. მათ მიმართ ნებისმიერი სახის სასჯელის გამოყენებისას დაცული უნდა იყოს პროპორციულობის პრინციპი. უცხო ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციებზე იმ შემთხვევაში გავრცელდება წესები, თუკი მასპინძელ ქვეყანაში საქმიანობენ. არასამთავრობო ორგანიზაციის ლიკვიდაციაზე ან/და უცხო ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საქმიანობის ნებართვაზე შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.(1)
ეუთო-ს ოფისის დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანთა უფლებებისთვის (ODIHR) და ვენეციის კომისიის ერთობლივი სახელმძღვანელო „გაერთიანებების თავისუფლების შესახებ“ იძლევა მითითებებს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტით არასამთავრობო ორგანიზაცია მიჩნეულია გაერთიანების სპეციალურ ფორმად, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაცია აუცილებელია იყოს წევრობაზე დაფუძნებული ან უნდა ჰყავდეს რამდენიმე დამფუძნებელი. სახელმძღვანელოს მიხედვით გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება სახელმწიფომ ვალდებულების მაგივრად, უნდა წაახალისოს. ღიაობა და გამჭირვალობა ფუნდამენტურია ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოებრივი ნდობის მოსაპოვებლად. ანგარიშის წარდგენისთვის აუცილებელი მოთხოვნები უნდა იყოს ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისი. გაერთიანებებს არ უნდა მოეთხოვოთ იმაზე მეტი ინფორმაციის წარდგენა, ვიდრე სხვა იურიდიულ პირებს.
მათ საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევა უნდა იყოს მინიმალური, ეფუძნებოდეს კანონს და კანონით განსაზღვრულ მიზნებს. კანონი თავის მხრივ უნდა იყოს გასაგები და პირდაპირი. სახელმძღვანელო უშვებს საზედამხედველო ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას და აქვე მიუთითებს, საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევის აუცილებლობაზე. საზედამხედველო ორგანოს უფლებამოვალეობები ცალსახად და პირდაპირ უნდა გაიწეროს, აგრეთვე არ უნდა ჰქონდეს ფართო დისკრეციული უფლებამოსილებები.(2)
მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებაში იმსჯელა უნგრეთის მიერ მიღებულ ახალ კანონზე, რომლითაც გამკაცრდა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების კონტროლი, განსაკუთრებით საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსების ნაწილში. სასამართლოს გადაწყვეტილებით უნგრეთის მიერ შემოღებული კონტროლის მექანიზმი ქმნიდა დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას კაპიტალის წარმოშობის წყაროსთან დაკავშირებით, არღვევდა გაერთიანების თავისუფლების, პირადი ცხოვრებისა და პირადი ინფორმაციის უფლებებს. რაც მთავარია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნით მსგავსი შეზღუდვების დაწესება უნდა აკმაყოფილებდეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ საფრთხის განსაზღვრის სტანდარტს (საფრთხე უნდა იყოს რეალური, იმწუთიერი და სერიოზული), რაც ამ საქმეში ასევე დაარღვია სახელმწიფომ. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლო განსაზღვრა ის საზღვრები, რომელსაც არ უნდა გასცდეს კანონმდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის რეგულირებისას.(3) გადაწყვეტილებით დადგინდა დარღვევა და შემდგომ უნგრეთი იძულებული გახდა გაეუქმებინა კანონი.(4)
ამერიკული კანონმდებლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს ყოფს ორ კატეგორიად: პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ (განათლება, ქველმოქმედება და ა.შ.). მათ შორის მხოლოდ ფინანსური შეღავათების ნაწილში არის განსხვავება, დანარჩენი უფლებები და ვალდებულებები მათ საერთო აქვთ. უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქმიანობასთან დაკავშირებით არ გააჩნიათ რაიმე შეზღუდვა და არ მოეთხოვებათ ანგარიში წარუდგინონ ფედერალურ სააგენტოებს. ისინი ჩვეულებრივად რეგისტრირდებიან და წარადგენენ შემოსავლებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, რაც კანონმდებლობით დადგენილია ამერიკაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.(5)
უცხოეთის აგენტის რეგისტრაციის აქტის (FARA) მიზანია უზრუნველყოს ამერიკელი ხალხის და კანონმდებლების ინფორმირება იმ წყაროსთან დაკავშირებით, რომელიც ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკასა და კანონებზე. აქტი ავალდებულებს ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას (აშშ-ს თუ უცხოეთის), რომლებიც წარმოადგენენ უცხოელ მარწმუნებელს, დარეგისტრირდეს იუსტიციის დეპარტამენტის შესაბამის რეესტრში, აღწეროს თავისი საქმიანობა, ვინ არის მარწმუნებელი, რა კონკრეტული საქმიანობა განახორციელა, აგრეთვე რა ხარჯები მიიღო და გასწია ამ მოქმედებების შესრულებისას.(6)
აქტში განმარტებულია თუ ვინ არის უცხოელი მარწმუნებლის აგენტი: პირი, რომელიც მოქმედებს, როგორც აგენტი, წარმომადგენელი, დასაქმებული ან მსახური ან ნებისმიერი პირი რომელიც მოქმედებს სხვისი ბრძანების, მოთხოვნის, ან მართვის ან კონტროლის ქვეშ უცხოელი მარწმუნებლის მიერ ან პირი, რომლის აქტივობები პირდაპირ ან არაპირდაპირ ზედამხედველობის ქვეშაა, იმართება, კონტროლდება, ფინანსდება ან სუბსიდირდება მთლიანად ან უმეტესწილად უცხოელი მარწმუნებლის მიერ და პირდაპირ ან სხვა პირების მეშვეობით ჩართულია პოლიტიკურ აქტივობაში უცხოელი მარწმუნებლის სასარგებლოდ; მოქმედებს როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველი; მოიპოვებს, აგროვებს ან ანაწილებს შემოწირულობებს, სესხებს, ფულს ან ღირებულ საგნებს უცხოელი მარწმუნებლის ინტერესებისთვის; ან პირდაპირ ხელისუფლების წინაშე წარმოადგენს უცხოელ მარწმუნებელს. (7)
აქტის მიზანი არ არის რეგისტრირებული პირების საქმიანობაზე ან დაფინანსებაზე შეზღუდვების დაწესება. კანონმდებლობით ამერიკის ხელისუფლება არ ერევა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში და არც იმაში, თუ როგორ მიაღწევენ ისინი გაცხადებულ მიზნებს. მთავარია მათ ურთიერთობა არ ჰქონდეთ სანქციებს დაქვემდებარებულ პირებთან, აგრეთვე ტერორისტულ ორგანიზაციებთან. არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ეზღუდებათ უცხოეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ან სხვა ქვეყნის მთავრობებთან ურთიერთობა.(8)
შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭირვალობის უზრუნველყოფასთან, არავითარი კავშირი არ აქვს FARA-ს მსგავსი დოკუმენტის მიღებას, რადგან თავად ამერიკული და ევროპული კანონმდებლობა თვალნათლივ წარმოაჩენს ისეთ მექანიზმებს, სადაც მინიმუმამდეა სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით ჩარევის შესაძლებლობა და უზრუნველყოფილია მათი გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება.