ერთი ახალი ამბავი

ჩინეთმა პარგვაისა და ბელიზის მინისტრები ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობების გამო დაასანქცირა

ჩინეთმა პარაგვაის კომუნიკაციების მინისტრ, გუსტავო ვილატესა და ბელიზის საგარეო საქმეთა მინისტრ, ფრენსის ფონსეკას ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობების გამო სანქციები დაუწესა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება ეროვნული სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვით ახსნა. აღნიშნული ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს ტაივანის საკითხის მნიშვნელობას ჩინეთის საგარეო პოლიტიკაში.

პარაგვაი და ბელიზი იმ 12 სახელმწიფოს შორის არიან, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს ტაივანთან. სანქციების პაკეტი მოიცავს მინისტრების ჩინეთში არსებული ქონებისა და აქტივების გაყინვას, მათთვის ვიზების გაცემასა და ქვეყანაში შესვლის აკრძალვას, ასევე ჩინეთში მოქმედი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისთვის მათთან საქმიანი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შეზღუდვას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სანქციებს ძირითადად სიმბოლური ხასიათი აქვს, ვინაიდან ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობების მქონე ქვეყნების მინისტრები ჩინეთში, როგორც წესი, არ მოგზაურობენ.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ჩინეთის ხელისუფლებამ სანქცირებულ პირებს „პაიკები“ უწოდა და განაცხადა, რომ მათ პეკინს შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინგმა განაცხადა: „ისინი სერიოზულად ერევიან ჩინეთის შიდა საქმეებში, ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას ჩინეთის კიბერშეტევების შესახებ და თავს ესხმიან და აკრიტიკებენ ჩინეთს, რაც ჩინეთის საერთაშორისო რეპუტაციას აზიანებს“

სანქციები ტაივანის ეროვნული დღის აღნიშვნიდან ორი დღის შემდეგ გამოცხადდა. დღესასწაულს გამოეხმაურა პარაგვაის კომუნიკაციების მინისტრი, გუსტავო ვილატე, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა კვლავ ადასტურებს ტაივანთან მეგობრულ და თანამშრომლობით ურთიერთობებს. მისი თქმით, ეს ურთიერთობები საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს, ხალხთა თვითგამორკვევას, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას ეფუძნება.

პარაგვაის პრეზიდენტი სანტიაგო პენია ტაივანს სამხრეთამერიკული ქვეყნისთვის „ფუნდამენტურ პარტნიორად“ მოიხსენიებს. მიმდინარე წლის დასაწყისში ის ტაიპეის ეწვია, სადაც მხარეებმა რამდენიმე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმებები ითვალისწინებდა თანამშრომლობას სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების, კიბერუსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტისა და გამოთვლითი ტექნოლოგიების სფეროებში.

გასულ თვეში ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინ ჩია-ლუნგიც ეწვია ბელიზს. ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მხარეები ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და მის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. პეკინი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ტაივანზე კონტროლის დასამყარებლად ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს. თავის მხრივ, ტაივანის ხელისუფლება ჩინეთის პრეტენზიებს უარყოფს და კუნძულის თვითმმართველობას იცავს.

სანქციები კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს ჩინეთი დიპლომატიურ და ეკონომიკურ შეზღუდვებს ტაივანთან დაკავშირებული საკითხების საპასუხოდ. ამ გადაწყვეტილების ფონზე, პარაგვაისა და ბელიზის მიერ ტაივანთან ურთიერთობების შენარჩუნება, პეკინსა და ამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური დაძაბულობის წყაროდ რჩება.

ჩინეთმა პარგვაისა და ბელიზის მინისტრები ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობების გამო დაასანქცირა Read More »

პუტინის თანაშემწის ვიზიტი ჩინეთში: აშშ-რუსეთ-ჩინეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრის პერსპექტივა

8 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე, ნიკოლაი პატრუშევი ჩინეთს ეწვია. რუსეთის დელეგაციაში წარმოდგენილნი იყვნენ სამთავრობო სააგენტოების, ლოგისტიკური კომპანიების, გემთმშენებელი, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუტების წარმომადგენლები. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია საზღვაო სექტორში თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება.

პეტრუშევი რუსეთის საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარეა. ამასთან, 2024 წლიდან, ის პუტინის თანაშემწის პოზიციას იკავებს. 2008-2024 წლებში, პეტრუშევი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა.

ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის შეხვედრის შემდეგ, პეტრუშევი არის პირველი მაღალი რანგის ოფიციალური პირი მოსკოვიდან, რომელიც პეკინს ეწვია. ამიტომ, ექსპერტები პეტრუშევთან მოლაპარაკებების ერთ-ერთ შესაძლო თემად ტრამპს, პუტინსა და სი ძინპინს შორის სამმხრივი შეხვედრის გამართვის საკითხს ასახელებენ.

რიგი გარემოებები მიანიშნებს, რომ ნოემბერში, ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) რეგიონული ფორუმის სამიტის ფარგლებში, ტრამპს, სი ძინპინსა და პუტინს შორის შესაძლოა სამმხრივი შეხვედრა გაიმართოს. 1 ოქტომბერს, პუტინმა შეხვედრის შესახებ კითხვას მიმღებლური ტონით უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს „უდავოდ შესაძლებელია.“

სამმხრივი შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ კომენტარი გააკეთა რუსეთში ჩინეთის ელჩმა, ჭანგ ჰანჰუიმ. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრა „ძალიან სასარგებლო იქნება“ „მულტიპოლარული მსოფლიოს განვითარებისა და ფორმირების მიმართ.“

პეტრუშოვის ჩინეთში ვიზიტი აჩვენებს, რომ მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობები, უკრაინაში მიმდინარე ომის და დასავლეთის კრიტიკის მიუხედავად, ვითარდება. ამასთან, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის გამართული „კონსტრუქციული“ დიალოგის ფონზე, პეკინმა ვაშინგტონსა და კრემლს შორის შუამავლის როლი შეიძლება ითამაშოს.

 

წყარო: Kremlin aide visits China amid speculation about potential Xi-Putin-Trump meeting

პუტინის თანაშემწის ვიზიტი ჩინეთში: აშშ-რუსეთ-ჩინეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრის პერსპექტივა Read More »

ევროპარლამენტი ჩინეთის მიმართ პოზიციას ამკაცრებს

7 ოქტომბერს, ევროპის პარლამენტში ჩინეთის შესახებ ანგარიშის კენჭისყრა გაიმართა. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 456-მა ევროპარლამენტარმა, 86-მა საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა, ხოლო 110-მა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან. ანგარიში ევროკავშირ-ჩინეთის ურთიერთობების მიმდინარე დინამიკაში ცვლილებების მაუწყებელია, რამდენადაც მასში ჩინეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ქმედებებია გაწერილი.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ჩინეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს, მისი ტონი პეკინის მიმართ ევროპის პოლიტიკის გამკაცრების ტენდენციას აჩვენებს. წინა ანგარიშებისგან განსხვავებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში ჩინეთი ევროკავშირის „სისტემურ მეტოქედ“ არის წარმოდგენილი. ამასთან, ანგარიში პეკინს ახასიათებს, როგორ უკრაინის ომში რუსეთის ქმედებების მხარდამჭერი. ამ მხრივ, ხაზგასმულია ჩინეთის მიერ რუსეთისთვის ორმაგი გამოყენების საქონლის მიწოდების და სანქციებისთვის გვერდის ავლის ხელშეწყობის პრაქტიკა.

ტაივანის საკითხთან დაკავშირებით ანგარიში ევროკავშირს მოუწოდებს, წევრ სახელმწიფოებსა და სხვა დემოკრატიულ პარტნიორებთან გააძლიეროს უსაფრთხოების კოორდინაცია, მათ შორის, საზღვაო ძალების განთავსება და ერთობლივი წვრთნების ჩატარება, რათა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში რეგიონში სტაბილურობა გაძლიერდეს.

პეკინსა და ბრიუსელს შორის მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებების ფონზე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩინეთის ჭარბი საწარმოო შესაძლებლობები საფრთხეს უქმნის ევროკავშირის სამრეწველო სექტორს, ხოლო სახალხო რესპუბლიკის ელექტრომობილების სექტორი ევროპის უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის „დიდ საფრთხეს“ წარმოადგენს.

ანგარიშის მიმართ ევროპარლამენტარების უმრავლესობის მხარდაჭერის მიუხედავად, პარლამენტში ჩინეთის შესახებ პოზიციები განსხვავდება. ცენტრისტული და მემარჯვენე დაჯგუფებები პეკინის წინააღმდეგ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარების მომხრე არიან. მათი თვალსაზრისით, ჩინეთი არის სისტემური მეტოქე, რომელსაც ესმის არა დიპლომატიის, არამედ ძალის ენა.

მეორე მხრივ, სოციალისტური და მემარცხენე ჯგუფების წევრები ჩინეთთან დიალოგს უჭერენ მხარს. მათი აზრით, ევროკავშირ-ჩინეთის ურთიერთობები არ უნდა დაეფუძნოს ორბლოკიანი ბიპოლარული მსოფლიოს იდეას, რომელიც „სახიფათო“ და „არაპროდუქტიულია.“

ევროპარლამენტი ჩინეთის მიმართ პოზიციას ამკაცრებს Read More »

ახალი ნაბიჯი ევროკავშირ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებებში: შეხვედრა პეკინში

დღეს, 7 ოქტომბერს, ევროკავშირის ვაჭრობის საკითხებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირები ჩინეთთან ორდღიანი ინტენსიური მოლაპარაკებებისთვის პეკინში გაემგზავრებიან. ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობს მაროშ შეფჩოვიჩი, ევროკომისარი ვაჭრობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების, ასევე ინტერინსტიტუციური ურთიერთობებისა და გამჭვირვალობის საკითხებში.

8-9 ოქტომბერს, ჩინეთისა და ევროკავშირის ე.წ. „ვაჭრობისა და ინვესტიციის კონსულტაციების“ ფარგლებში, შეფჩოვიჩი ჩინელ კოლეგას, ვან ვენტაოს შეხვდება. მოლაპარაკებები მიზნად ისახავს ჩინეთ-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებში არსებული დისბალანსის აღმოფხვრას. ბოლო თვეებში, ევროკავშირის წევრებთან ვაჭრობაში ჩინეთის სავაჭრო პროფიციტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობები წევრი სახელმწიფოების მხრიდან რამდენიმე კრიტიკას აწყდება. კერძოდ, ჩინეთიდან იაფი იმპორტის ზრდის ფონზე, ევროპის ინდუსტრიულ ცენტრებში, მათ შორის, გერმანიაში, მწარმოებელი კომპანიების კონკურენტუნარიანობა მცირდება. შედეგად, ევროპული კომპანიები ჩინეთის კორპორაციების სათანადო კონკურენციას ვერ უწევენ, რის გამოც, ისინი ან იხურებიან, ან საქმიანობის მასშტაბს ამცირებენ. ამიტომ, ჩინეთიდან იმპორტის ზრდა პოტენციურად უმუშევრობის პრობლემასთან ასოცირდება.

კრიტიკოსები თვლიან, რომ ჩინეთის სახელმწიფო კაპიტალიზმის მოდელი და სახელმწიფო სუბსიდიების პრაქტიკა ევროკავშირის წარმოების სექტორს აზარალებს.

ჩინეთთან ვაჭრობის საკითხების მიმართ განსაკუთრებით მკაცრი პოზიციით გამოირჩევიან საფრანგეთი და გერმანია. 5 ოქტომბერს, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც საგარეო ვაჭრობის რეგულაციის მიმართულებით ახალი მექანიზმის შემოღებას ითვალისწინებს. ინიციატივა გულისხმობს საგანგებო ინსტრუმენტის გამოყენებას იმ ქვეყნების ან კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ევროპის ბაზარზე უსამართლო სავაჭრო პრაქტიკას ახორციელებენ. ექსპერტთა შეფასებით, ინსტრუმენტი ევროკავშირს მისცემს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, ჩინეთი ევროპის ბაზარს ჩამოაშოროს.

7 ოქტომბერს, ჩინეთის კომერციის მინისტრმა დააფიქსირა სამინისტროს იმედი, რომ საფრანგეთი და გერმანია თავს შეიკავებენ ევროკავშირის წაქეზებისგან, რომ ამ უკანასკნელმა პროტექციონისტულ ინსტრუმენტებს მიმართოს. სამინისტრომ მოუწოდა მხარეებს, არ მოახდინონ ეკონომიკური და სავაჭრო საკითხების პოლიტიზება.

მომავალ კვირას, ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეხვდებიან ერთმანეთს. სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილება პეკინთან მოლაპარაკებების შედეგებიც.

 

წყარო: South China Morning Post – ‘Last chance saloon: EU presses China for a sign to prove trade talks can work’

ახალი ნაბიჯი ევროკავშირ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებებში: შეხვედრა პეკინში Read More »

პეკინმა იაპონიის თავდაცვის ახალ დოკუმენტს პროტესტით უპასუხა

5 აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონიას ახლად გამოქვეყნებული თავდაცვის „თეთრი წიგნის“ გამო ოფიციალური პროტესტი გადასცა. პეკინის შეფასებით, ტოკიო დოკუმენტში განზრახ აძლიერებს ე.წ. ჩინეთის საფრთხის ნარატივს, ტაივანის საკითხზე დაუსაბუთებელ განცხადებებს აკეთებს და სამხედრო შესაძლებლობების გაფართლებას ამ გზით ამართლებს.

იაპონიის თავდაცვის ყოველწლიური ანგარიში 4 აგვისტოს გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩინეთმა ტაივანის გარშემო სამხედრო აქტივობა გააძლიერა და მხარეებს შორის ძალთა საერთო ბალანსი სწრაფად იცვლება პეკინის სასარგებლოდ. ტოკიო ჩინეთის სამხედრო მოქმედებებს იაპონიისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სერიოზულ საფრთხედ და ქვეყნის უდიდეს სტრატეგიულ გამოწვევად აფასებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს შეფასებები უარყო და აღნიშნა, რომ ტაივანის საკითხი ჩინეთის შიდა საქმეა, რომლის გადაწყვეტის გზაზეც იაპონიას ჩარევის უფლება არ აქვს. უწყების განცხადებით, ტაივანის გარშემო ჩინეთის სამხედრო მოქმედებები „ლეგიტიმური და გონივრულია“.

პეკინმა ტოკიო ასევე დაადანაშაულა საკუთარი სამხედრო გაძლიერებისთვის საბაბის ძიებასა და ომისშემდგომი თავდაცვითი შეზღუდვების თანდათანობით შესუსტებაში. ჩინეთის ხელისუფლებამ იაპონიას მოუწოდა, შეწყვიტოს სამხედრო გაფართოების გასამართლებლად ჩინეთის გამოყენება და თავი შეიკავოს ტაივანის საკითხში ჩარევისგან.

პეკინმა იაპონიის თავდაცვის ახალ დოკუმენტს პროტესტით უპასუხა Read More »

ჩინეთი დასავლეთთან სავაჭრო მოლაპარაკებების წინ ეკონომიკურ „წითელ ხაზებს“ ავლებს

აშშ–სა და ევროკავშირთან მოსალოდნელი სავაჭრო მოლაპარაკებების წინ ჩინეთი მიანიშნებს, რომ წარმოებასა და მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიებზე დაფუძნებული ეკონომიკური კურსის არსებით შეცვლას არ გეგმავს. პეკინი უარყოფს დასავლეთის ბრალდებებს, რომ სახელმწიფო სუბსიდიები და ჭარბი საწარმოო სიმძლავრე გლობალურ კონკურენციას აზიანებს.

ივლისის ბოლოს ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიურომ მოქმედი ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელებას დაუჭირა მხარი. ხელისუფლებამ მიზნობრივი დახმარებისა და შიდა მოთხოვნის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა მასშტაბური სტიმულირების ან სტრუქტურული რეფორმების ახალი პაკეტი არ წარუდგენია.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, ჭარბი წარმოების შესახებ ბრალდებები ჩინური კომპანიების წინააღმდეგ დისკრიმინაციული სავაჭრო ზომების გასამართლებლად გამოიყენება. პეკინი ამტკიცებს, რომ ინდუსტრიული და ტექნოლოგიური განვითარება ეკონომიკური ჩამორჩენის დასაძლევად აუცილებელია.

აშშ და ევროკავშირი კი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო მხარდაჭერა, სუსტი შიდა მოთხოვნა და საწარმოო სიმძლავრეების სწრაფი ზრდა ჩინურ კომპანიებს უცხოურ ბაზრებზე ფასობრივ უპირატესობას აძლევს. ბრიუსელი და ვაშინგტონი პრობლემურ საკითხებად სუბსიდიებს, ბაზარზე წვდომის ბარიერებსა და არათანაბარ კონკურენტულ პირობებს ასახელებენ.

მიუხედავად მკაცრი რიტორიკისა, პეკინი გარკვეული შიდა დისბალანსების გამოსწორებას ცდილობს, თუმცა მასშტაბურ დათმობებს არ განიხილავს. Reuters-ის შეფასებით, ჩინეთი დასავლეთთან მოლაპარაკებების წინ იმ „წითელ ხაზებს“ ავლებს, რომელთა გადაკვეთასაც საკუთარ ეკონომიკურ პოლიტიკაში არ აპირებს.

ჩინეთი დასავლეთთან სავაჭრო მოლაპარაკებების წინ ეკონომიკურ „წითელ ხაზებს“ ავლებს Read More »

სი ძინპინი ჩინეთის არმიაში კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებას მოითხოვს

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაღრმავებისა და სამხედრო მოდერნიზაციის დაჩქარების აუცილებლობაზე ისაუბრა. 31 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, მან განცხადებები ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს თემატურ სხდომაზე გააკეთა.

სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთის სახალხო–განმათავისუფლებელი არმია კომუნისტური პარტიის აბსოლუტურ ხელმძღვანელობას უნდა დაემორჩილოს. მან სამხედრო ძალების განვითარების მთავარ საზომად საბრძოლო ეფექტიანობა დაასახელა და აღნიშნა, რომ კორუფცია არმიის პოლიტიკურ ერთიანობასა და საბრძოლო შესაძლებლობებს აზიანებს.

ჩინეთის ლიდერმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტექნოლოგიურ მოდერნიზაციას. მისი თქმით, პეკინმა უნდა დააჩქაროს „ინტელექტუალური სამხედრო სისტემის“ შექმნა, რაც უპილოტო ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერსაინფორმაციო სისტემების სამხედრო სფეროში უფრო ფართოდ გამოყენებას გულისხმობს.

განცხადება ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 99 წლისთავის წინ გაკეთდა. სი ძინპინის მმართველობის პერიოდში ანტიკორუფციული კამპანია არმიის უმაღლეს ხელმძღვანელობასა და სამხედრო შესყიდვების სისტემასაც შეეხო, რამაც, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის შეფასებით, სამეთაურო სტრუქტურაში არსებული პრობლემები გამოავლინა და მოკლევადიან პერიოდში საბრძოლო მზადყოფნაზეც იმოქმედა.

სი ძინპინი ჩინეთის არმიაში კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებას მოითხოვს Read More »

ჩინეთი გერმანიას სავაჭრო დაპირისპირების პროვოცირებაში ადანაშაულებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიას მოუწოდებს, პეკინის ეკონომიკური მოწყვლადობის ძიების ნაცვლად, ყურადღება თანამშრომლობაზე გაამახვილოს. უწყების წარმომადგენელმა მაო ნინმა კომენტარი 29 ივლისს ბლუმბერგის იმ ცნობაზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც ბერლინი პოტენციური სავაჭრო დაპირისპირებისთვის პეკინზე ზეწოლის შესაძლო ბერკეტებს იკვლევს.

წყაროების ცნობით, გერმანელი ოფიციალური პირები სავაჭრო ნაკადებსა და კომპანიების მონაცემებს აანალიზებენ, რათა დაადგინონ, რამდენად არის ჩინეთი დამოკიდებული ევროპულ ტექნოლოგიებსა და სამრეწველო ცოდნაზე. წინასწარ გამოვლენილ მიმართულებებს შორის დასახელდნენ გერმანული კომპანიები Trumpf და Carl Zeiss, რომლებიც მაღალი სიზუსტის სამრეწველო და ოპტიკური ტექნოლოგიებით არიან ცნობილი.

მაო ნინის განცხადებით, გლობალიზებულ ეკონომიკაში ქვეყნების საწარმოო და მიწოდების ჯაჭვებში ურთიერთდამოკიდებულება ბუნებრივი მოვლენაა. მან აღნიშნა, რომ ჩინეთ–გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობა ორმხრივ სარგებელს ეფუძნება და მხარეებმა კომუნიკაციის გაძლიერებითა და კოორდინირებული მოქმედებით გლობალური მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობას უნდა შეუწყონ ხელი.

გერმანია ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს, თუმცა ჩინეთის ბაზარი მისი მსხვილი კომპანიებისთვის კვლავ მნიშვნელოვანია. 2025 წელს ჩინეთი კვლავ გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, საქონლით ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ დაახლოებით 250 მილიარდ ევროს მიაღწია. ჩინეთში დაახლოებით 5 000 გერმანული კომპანია საქმიანობს, რაც შესაძლო სავაჭრო დაპირისპირების ეკონომიკურ რისკებს ორივე მხარისთვის ზრდის.

ორ ქვეყანას შორის დაძაბულობას გერმანიის სავაჭრო დეფიციტი, ჩინური კომპანიების მზარდი კონკურენცია და ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებიც ამწვავებს. სანამ ევროპა პეკინზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს, ჩინეთი ამ ნაბიჯებს პროტექციონიზმად აფასებს.

ჩინეთი გერმანიას სავაჭრო დაპირისპირების პროვოცირებაში ადანაშაულებს Read More »

ჩინეთის ინიციატივით პაკისტანი აშშ-ირანის მოლაპარაკებების აღდგენას ცდილობს

პაკისტანი აშშ–სა და ირანს შორის შეჩერებული მოლაპარაკებების აღსადგენად წინასწარ დიპლომატიურ კონსულტაციებს მართავს. Reuters-ის ცნობით, ინიციატივა ჩინეთისგან მოდის, რომელიც თითქმის ხუთთვიანი სამხედრო დაპირისპირების დასრულებასა და რეგიონში მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტების აღდგენას ცდილობს.

უცხოური წყაროების თანახმად, აშშ–ირანის შესაძლო მოლაპარაკებები ირანის შინაგან საქმეთა მინისტრ ესკანდარ მომენის ისლამაბადში ვიზიტისას განიხილეს. ბოლო ათი დღის განმავლობაში ეს მისი მეორე ვიზიტი იყო პაკისტანში. მომენი პრემიერ–მინისტრ შეჰბაზ შარიფსა და შეიარაღებული ძალების მეთაურ ასიმ მუნირს შეხვდა. პაკისტანელი ოფიციალური პირის განცხადებით, მოლაპარაკებების განახლების ერთ–ერთი წინაპირობა საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებზე თავდასხმების შეწყვეტაა.

ჩინეთის დაინტერესება უშუალოდ მის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ინტერესებს უკავშირდება. პეკინი ირანის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და მისი ექსპორტირებული ნავთობის მთავარი მყიდველია. ჰორმუზის სრუტის თითქმის დახურვა და წითელ ზღვაში გადაზიდვებისთვის შექმნილი საფრთხეები ჩინეთისთვის მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სავაჭრო მარშრუტებს აზიანებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პეკინი მხარს უჭერს პაკისტანისა და სხვა მხარეების შუამავლობას და სპარსეთის ყურის რეგიონში მშვიდობის აღსადგენად აქტიური როლის შესრულებას გააგრძელებს. ჩინეთმა და პაკისტანმა 16 ივლისსაც მოუწოდეს აშშ–სა და ირანს, შეეწყვიტათ საბრძოლო მოქმედებები და დიალოგს დაბრუნებოდნენ.

ჩინეთის ინიციატივით პაკისტანი აშშ-ირანის მოლაპარაკებების აღდგენას ცდილობს Read More »

Scroll to Top