ერთი ახალი ამბავი

ჩინეთსა და ფილიპინებს შორის სეკონდ თომასის რიფთან დაპირისპირება მოხდა

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის სანაპირო დაცვისა და ფილიპინების სამხედრო საზღვაო ძალების წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის შედეგად ფილიპინელი მეზღვაური დაშავდა, მხარეებმა კი მომხდარში ერთმანეთი დაადანაშაულეს.

ფილიპინების შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 20 ივლისს ჩინეთის სანაპირო დაცვის მცირე კატარღა სეკონდ თომასის რიფთან მდებარე ფილიპინურ სამხედრო პოსტს მიუახლოვდა. დაპირისპირებისას ჩინეთის სანაპირო დაცვის თანამშრომელმა ფილიპინელ მეზღვაურს ხის ხელკეტი თავში რამდენჯერმე ჩაარტყა და მისი რეზინის ნავიც დააზიანა. დაშავებულ მეზღვაურს თავის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.

პეკინმა მანილის ვერსია უარყო. ჩინეთის სანაპირო დაცვის განცხადებით, ორმა ფილიპინურმა ნავმა გაფრთხილებები უგულებელყო, ჩინურ საპატრულო კატარღას განზრახ შეეჯახა და ჩინელ თანამშრომლებს პირველი შეუტია. ჩინური მხარე ამტკიცებს, რომ მისი მოქმედებები კანონიერი იყო და თავდაცვით ხასიათს ატარებდა.

ინციდენტი სეკონდ თომასის რიფთან მოხდა, რომელსაც ფილიპინებში აიუნგინის სახელით იცნობენ. რიფი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთსა და ფილიპინებს შორის დაპირისპირების ერთ ერთი მთავარი კერაა. მანილა მასზე კონტროლს 1999 წლიდან ინარჩუნებს, ხოლო ჩინეთი რიფს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. 2016 წელს საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვის უდიდეს ნაწილზე პეკინის ტერიტორიულ მოთხოვნებს სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა. ჩინეთი ამ გადაწყვეტილებას არ აღიარებს.

დაპირისპირება მანილაში სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ მოხდა. შეხვედრის ერთ ერთი მთავარი თემა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაძაბულობის მართვა და ქცევის კოდექსზე მიმდინარე მოლაპარაკებებია. ინციდენტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მხარეებს შორის საზღვაო დაპირისპირება შესაძლოა ფიზიკურ ძალადობასა და უფრო ფართო რეგიონულ ესკალაციაში გადაიზარდოს.

ჩინეთსა და ფილიპინებს შორის სეკონდ თომასის რიფთან დაპირისპირება მოხდა Read More »

პეკინმა ტრამპის ბრალდებები „სრულ სიცრუედ“ შეაფასა

ჩინეთმა უარყო აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრალდება, რომ პეკინი 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობდა და მას „სრული სიცრუე“ უწოდა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ ძიანმა 17 ივლისის ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბრალდება ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილია. მისი თქმით, პეკინი აშშ–ის არჩევნებში არასდროს ჩარეულა და მსგავსი ქმედების ინტერესი არც ჰქონია.

ტრამპმა ბრალდება ერთი დღით ადრე, თეთრი სახლიდან ერისადმი მიმართვისას გააჟღერა. მისი განცხადებით, ჩინეთმა უკანონოდ მოიპოვა დაახლოებით 220 მილიონი ამერიკელი ამომრჩევლის მონაცემები. აშშ–ის პრეზიდენტმა მომხდარს საარჩევნო უსაფრთხოებისთვის უპრეცედენტო საფრთხე უწოდა და სადაზვერვო უწყებების წარმომადგენლები ინფორმაციის დამალვაშიც დაადანაშაულა.

CBS News-ის ცნობით, აშშ–ში ამომრჩეველთა სარეგისტრაციო მონაცემების მნიშვნელოვანი ნაწილი საჯაროდ ან კომერციულად ხელმისაწვდომია. შესაბამისად, ამ ინფორმაციაზე წვდომა თავისთავად არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას არ ნიშნავს.

2021 წელს გამოქვეყნებული აშშ–ის სადაზვერვო საზოგადოების შეფასებით, არ არსებობდა ნიშნები, რომ რომელიმე უცხო აქტორი 2020 წლის არჩევნების ტექნიკური პროცესის შეცვლას შეეცადა. ამავე დოკუმენტის თანახმად, ჩინეთი, სავარაუდოდ, აგრძელებდა ინფორმაციის შეგროვებას ამერიკელი ამომრჩევლების, საზოგადოებრივი აზრის, პოლიტიკური პარტიების, კანდიდატებისა და მათი თანამშრომლების შესახებ.

დაპირისპირება აშშ–ჩინეთის ურთიერთობების შედარებითი სტაბილიზაციის ფონზე განახლდა. 2025 წლის სავაჭრო დაძაბულობა მხარეებს შორის დროებით შეჩერდა მას შემდეგ, რაც 2026 წლის მაისში ტრამპი პეკინში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა.

პეკინმა ტრამპის ბრალდებები „სრულ სიცრუედ“ შეაფასა Read More »

პეკინი აშშ-ის ახალ კანონპროექტს აკრიტიკებს და საპასუხო ზომებით იმუქრება

ჩინეთმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ–ის სენატში წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ენერგორესურსების უმსხვილეს მყიდველ ქვეყნებს 100%-მდე ტარიფების დაწესებით ემუქრება. პეკინში განაცხადეს, რომ ჩინური კომპანიებისა და მოქალაქეების ინტერესების დასაცავად „აუცილებელ ზომებს“ მიიღებენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ ძიანმა 15 ივლისის ბრიფინგზე განაცხადა, რომ პეკინი მტკიცედ ეწინააღმდეგება ცალმხრივ სანქციებს, რომლებსაც საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი და გაეროს უშიშროების საბჭოს ავტორიზაცია არ გააჩნია.

ჩინეთის განცხადება 14 ივლისს აშშ–ის სენატორების მიერ წარდგენილ კანონპროექტს მოჰყვა. ინიციატივა ამჟამად სენატში განიხილება, თუმცა მასზე კენჭისყრა ჯერ არ გამართულა. კანონპროექტის ავტორთა განცხადებით, ინიციატივა რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების შემცირებასა და მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას ისახავს მიზნად, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად რუსეთის ხელთ არსებული ფინანსური რესურსები შეიზღუდოს.

კანონპროექტი აშშ–ის პრეზიდენტს უფლებას მისცემს, რუსეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ უმსხვილეს შემსყიდველ ქვეყანას 100%-მდე ტარიფები დაუწესოს. სენატის წარმომადგენლების მონაცემებით, რუსული ნედლი ნავთობის მთავარი მყიდველები არიან ჩინეთი, ინდოეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და აზერბაიჯანი, ხოლო ბუნებრივი აირის უმსხვილეს იმპორტიორებს შორის ჩინეთთან ერთად საფრანგეთი, იაპონია, უნგრეთი და ბელგიაც სახელდებიან.

როგორც რუსული ენერგორესურსების ერთ–ერთი უმსხვილესი შემსყიდველი, ჩინეთი კანონპროექტით გათვალისწინებული შესაძლო შეზღუდვების უშუალო სამიზნედ ექცევა, რაც პეკინის მკვეთრი რეაქციის მთავარ საფუძველს წარმოადგენს.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, უკრაინის ომთან დაკავშირებული ამერიკის სანქციების პოლიტიკა უშუალოდ შეეხება აშშ–ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებსაც. ვაშინგტონი რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე ზეწოლის გაძლიერებას მისი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ ტარიფების გამოყენებით შეეცდება, პეკინი კი მოსკოვთან ენერგეტიკულ თანამშრომლობას საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ნაწილად განიხილავს.

შესაბამისად, ინიციატივამ შესაძლოა არა მხოლოდ რუსეთზე სანქციებით ზეწოლა გააძლიეროს, არამედ აშშ–სა და ჩინეთს შორის სავაჭრო და პოლიტიკური დაპირისპირების ახალი მიმართულებაც შექმნას.

პეკინი აშშ-ის ახალ კანონპროექტს აკრიტიკებს და საპასუხო ზომებით იმუქრება Read More »

ჩინეთმა და ყაზახეთმა სავაჭრო და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს

13 ივლისს პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ყაზახ კოლეგას, ერმეკ კოშერბაევს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ვაჭრობის გაფართოება, ტექნოლოგიური თანამშრომლობა, ხელოვნური ინტელექტის განვითარება და საერთაშორისო ფორმატებში კოორდინაცია განიხილეს.

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ჩინეთ–ყაზახეთის „მუდმივი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ მიმდინარეობა და ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული შეთანხმებების შესრულება შეაფასეს. ეკონომიკურ ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების მიზანს დაეთმო.

შეხვედრა წინ უძღვის შანხაიში 17-20 ივლისს დაგეგმილ მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის კონფერენციასა და გლობალური AI-მმართველობის მაღალი დონის შეხვედრას. ღონისძიებას ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ–ჟომარტ ტოკაევიც დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან.

ვან იიმ და კოშერბაევმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა გაეროს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, „ჩინეთი–ცენტრალური აზიის“ ფორმატისა და სხვა მრავალმხრივი პლატფორმების ფარგლებში. ჩინეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ყაზახურმა მხარემ კვლავ დაადასტურა „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი მხარდაჭერა.

მოლაპარაკებების შემდეგ კოშერბაევმა ყაზახეთის მთავრობის სახელით ხელი მოაწერა საერთაშორისო მედიაციის ორგანიზაციის დაფუძნების კონვენციას. ჩინეთის ინიციატივით შექმნილი, ჰონგ–კონგში დაფუძნებული ორგანიზაცია სახელმწიფოებსა და კომერციულ სუბიექტებს შორის დავების მედიაციის გზით მოგვარებას ისახავს მიზნად.

ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენცია 2025 წლის მაისში ჩინეთმა და 30-ზე მეტმა სახელმწიფომ გააფორმეს. პეკინი მას საერთაშორისო სასამართლო და საარბიტრაჟო მექანიზმების დამატებით ინსტრუმენტად წარმოაჩენს.

ჩინეთმა და ყაზახეთმა სავაჭრო და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს Read More »

სი ძინპინი ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას „სტრატეგიული სიმტკიცის“ შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

10 ივლისს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პეკინში ჩრდილოეთ კორეის მთავრობის მეთაურს, პაკ თაე სონს შეხვდა. შეხვედრა ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების გაფორმებიდან 65 წლისთავის წინ გაიმართა.

სი ძინპინის განცხადებით, საერთაშორისო ვითარებაში არსებული არასტაბილურობის ფონზე, პეკინმა და ფხენიანმა „სტრატეგიული სიმტკიცე“ და ურთიერთობების განვითარებისადმი ნდობა უნდა შეინარჩუნონ. მან ასევე მხარეებს მოუწოდა, დააჩქარონ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან ივნისში მიღწეული შეთანხმებების შესრულება და ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის მიმართულებით განავითარონ.

ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებამ ხელი უნდა შეუწყოს მათი სოციალისტური სისტემებისა და მოდერნიზაციის პროცესის გაძლიერებას. პაკ თაე სონმა კი სი ძინპინს კიმ ჩენ ინის მოკითხვა გადასცა და განაცხადა, რომ 1961 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება ჩინეთ–ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობების გრძელვადიანი განვითარების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

მხარეებმა ასევე დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ ერთმანეთის მხარდაჭერა და ხელი შეუწყონ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

სი ძინპინი ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას „სტრატეგიული სიმტკიცის“ შენარჩუნებისკენ მოუწოდებს Read More »

ჩინეთი აშშ-სა და ირანს სამხედრო ესკალაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ჩინეთმა აშშ–სა და ირანს ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებისა და უთანხმოების მოლაპარაკებების გზით მოგვარებისკენ მოუწოდა. განცხადება პეკინმა მხარეებს შორის სამხედრო დაპირისპირების განახლების შემდეგ გააკეთა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინმა 8 ივლისის ბრიფინგზე განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლება არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედის და სამხედრო მეთოდებით დაპირისპირების ძირეული მიზეზების გადაჭრა შეუძლებელია. მისი თქმით, ვაშინგტონმა და თეირანმა სრულად უნდა შეასრულონ მათ მიერ ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი და დავები დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით მოაგვარონ.

პეკინის განცხადებას წინ უძღოდა უძღოდა აშშ–ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ახალი ეტაპი. ამერიკული მხარის ცნობით, ძალებმა 80-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს შეუტიეს, რაც ვაშინგტონმა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის უსაფრთხოების დაცვით ახსნა. ირანმა ამერიკული დარტყმები აგრესიად შეაფასა და საპასუხო მოქმედებები განახორციელა რეგიონში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე.

აშშ–მა და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ივნისის შუა რიცხვებში მოაწერეს ხელი. შუალედური შეთანხმება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის ეტაპობრივ აღდგენასა და 60-დღიანი მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებდა, თუმცა მხარეებს შორის ძირითადი სადავო საკითხები, მათ შორის ირანის ბირთვული პროგრამა, საბოლოო შეთანხმებისთვის დარჩა.

განახლებულმა შეტაკებებმა მემორანდუმის შესრულება და რეგიონში უფრო ფართო სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილების შესაძლებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ჩინეთი აშშ-სა და ირანს სამხედრო ესკალაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს Read More »

ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს იწყებენ

ჩინეთმა და რუსეთმა 6 ივლისს აღმოსავლეთ ჩინეთის სანაპიროსთან, ცინდაოს მიმდებარე საზღვაო და საჰაერო სივრცეში, ყოველწლიური სამხედრო–საზღვაო სწავლება „ერთობლივი ზღვა 2026” დაიწყეს. წვრთნები 13 ივლისამდე გაგრძელდება.

„ერთობლივი ზღვა” ჩინეთ–რუსეთის ყოველწლიური სამხედრო–საზღვაო სწავლებაა, რომელიც 2012 წლიდან ტარდება და ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობის ერთ–ერთ რეგულარულ ფორმატს წარმოადგენს.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სწავლების მიზანია ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის სტრატეგიული კოორდინაციის გაძლიერება, საერთო უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების უნარის დახვეწა და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა.  

წვრთნები მოიცავს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვას, საზღვაო დაზვერვას, წყალზედა სამიზნეებზე მოქმედებასა და კოორდინირებულ ოპერაციებს. სწავლების დასრულების შემდეგ ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო ხომალდების ნაწილი წყნარი ოკეანის განსაზღვრულ რაიონებში ერთობლივ პატრულირებასაც განახორციელებს.  

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვი სწავლებაში წყნარი ოკეანის ფლოტის რამდენიმე ხომალდით მონაწილეობს, მათ შორის სარაკეტო კრეისერით, კორვეტით, დიზელ–ელექტრული წყალქვეშა ნავითა და სამაშველო გემით. ჩინეთის ჩრდილოეთის სარდლობამ კი განაცხადა, რომ წვრთნებში ჩინეთის მხრიდან ჩართულია გამანადგურებლები, ფრეგატი, წყალქვეშა ნავი, მომარაგებისა და სამაშველო ხომალდები. 

იმავე დღეს ტაივანის ეროვნული უსაფრთხოების ბიურომ განაცხადა, რომ ივლისიდან სექტემბრამდე ჩინეთის სამხედრო სწავლების სეზონის დაწყებასთან ერთად ჩინეთის საზღვაო ძალების აქტიურობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ხელისუფლება განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება როგორც ჩინეთის, ისე ჩინეთ–რუსეთის ერთობლივ სამხედრო მოქმედებებს. 

ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს იწყებენ Read More »

ჩინეთმა აშშ-ისა და ევროკავშირის კრიტიკა ახალი ეთნიკური ერთობის კანონის გამო „მავნე ცილისწამებად“ შეაფასა

ჩინეთმა უარყო აშშ–ისა და ევროკავშირის კრიტიკა ახალი კანონის მიმართ, რომელიც ეთნიკური ერთობისა და პროგრესის ხელშეწყობას ეხება. პეკინმა დასავლელი პარტნიორების შეშფოთება „მავნე ცილისწამებად“ შეაფასა და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნის შიდა სტაბილურობისა და ეროვნული ერთიანობის განმტკიცებას ემსახურება.

Reuters-ის ცნობით, დასავლეთში შეშფოთებას იწვევს კანონის ის ნაწილი, რომელიც ჩინეთის ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს, სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენოს იმ პირებისა თუ ჯგუფების წინააღმდეგაც, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან და რომლებსაც პეკინი ეთნიკური ერთიანობის შელახვას, სეპარატიზმის წახალისებას ან ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევას დაუკავშირებს.

კრიტიკოსების შეფასებით, კანონი შესაძლოა ჩინეთის ექსტერიტორიული სამართლებრივი ზეწოლის კიდევ ერთ ინსტრუმენტად იქცეს, განსაკუთრებით იმ თემების მიმართ, რომლებიც სინძიანს, ტიბეტს ან სხვა ეთნიკურად მგრძნობიარე რეგიონებს უკავშირდება. აშშ–სა და ევროკავშირში აცხადებენ, რომ ასეთი ჩანაწერები ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლებისა და საზღვარგარეთ მცხოვრები აქტივისტების უსაფრთხოების თვალსაზრისით დამატებით რისკებს აჩენს.

ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონი არ არის მიმართული კონკრეტული ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ. პეკინის პოზიციით, მისი მიზანი ეთნიკურ ჯგუფებს შორის ერთობის გაძლიერება, სოციალური სტაბილურობის დაცვა და სეპარატისტული საქმიანობის პრევენციაა.

ახალი კანონის გარშემო დაპირისპირება კიდევ ერთხელ აჩვენებს დაძაბულობას ჩინეთსა და დასავლეთს შორის ადამიანის უფლებების, ეროვნული უსაფრთხოების და ჩინეთის შიდა პოლიტიკის საერთაშორისო გავლენებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ჩინეთმა აშშ-ისა და ევროკავშირის კრიტიკა ახალი ეთნიკური ერთობის კანონის გამო „მავნე ცილისწამებად“ შეაფასა Read More »

ვანგ იმ აშშ-ს ტაივანის საკითხზე „უკიდურესი სიფრთხილისკენ“ მოუწოდა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ აშშ–ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარში ვაშინგტონს მოუწოდა, ტაივანთან დაკავშირებულ საკითხებს „უკიდურესი სიფრთხილით“ მიუდგეს. მათ შორის საუბარი 1 ივლისს შედგა.

ვანგ იმ განაცხადა, რომ ჩინეთმა და აშშ–მ უნდა განაგრძონ მუშაობა „კონსტრუქციული სტრატეგიული სტაბილურობის“ ფორმირებისკენ, რათა ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მაისში პეკინში მიღწეული შეთანხმებები პრაქტიკულ პოლიტიკად აქციონ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ვანგმა განსაკუთრებული აქცენტი ტაივანზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებულმა მცირე ნაბიჯმაც კი შესაძლოა მთლიან ვითარებაზე მოახდინოს გავლენა.

Reuters-ის ინფორმაციით, საუბარი მოჰყვა მაისის შუა რიცხვებში პეკინში გამართულ შეხვედრას ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ ტაივანის საკითხი კვლავ ერთ–ერთ მთავარ საკითხად დარჩა ჩინეთისა და აშშ–ის ურთიერთობებში.

2 ივლისის მდგომარეობით, ვაშინგტონის მხრიდან ამ კონკრეტულ სატელეფონო საუბარზე ოფიციალური კომენტარი არ გავრცელებულა, თუმცა ივნისში მარკო რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა, რომ აშშ–ის პოლიტიკა ტაივანის მიმართ არ შეცვლილა და ვაშინგტონი არსებული სტატუს–კვოს შენარჩუნებას უჭერს მხარს.

იმავე დღეს ტაივანის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ტაივანურმა გემებმა არ უნდა შეასრულონ ჩინეთის სანაპირო დაცვის მხრიდან შესაძლო შემოწმებისა და ბორტზე ასვლის მოთხოვნები. ტაიპეის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ტაივანის სანაპირო დაცვის ხომალდები ჩაერევიან, რადგან ჩინეთს ტაივანის წყლებში იურისდიქცია არ აქვს.

სატელეფონო საუბარი აჩვენებს, რომ პეკინი ტაივანის საკითხს არა მხოლოდ ორმხრივ უთანხმოებად, არამედ ჩინეთ–აშშ–ის ურთიერთობების სტაბილურობის განმსაზღვრელ ფაქტორად განიხილავს. ამ ფონზე, მხარეებს შორის კომუნიკაციის გაგრძელება დაძაბულობის მართვის ერთ–ერთ მთავარ მექანიზმად რჩება.

ვანგ იმ აშშ-ს ტაივანის საკითხზე „უკიდურესი სიფრთხილისკენ“ მოუწოდა Read More »

სი ძინპინი ლუკაშენკოს შეხვდა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 29 ივნისს პეკინში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრაზე პეკინმა ხაზი გაუსვა ბელარუსის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთმა და ბელარუსმა უნდა შეინარჩუნონ სტრატეგიული კომუნიკაცია და ხელი შეუწყონ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. პეკინის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება ორივე ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს უნდა მოემსახუროს.

ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლუკაშენკომ შეხვედრაზე მთავარი აქცენტი ეკონომიკურ და ინდუსტრიულ თანამშრომლობაზე გააკეთა. მან ჩინეთთან თანამშრომლობის ერთ–ერთ წარმატებულ მაგალითად „დიდი ქვის“ ინდუსტრიული პარკი დაასახელა, სადაც ჩინური კომპანიები უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. ლუკაშენკომ ასევე განაცხადა, რომ 2026-2027 წლებში ჩინეთ–ბელარუსის ურთიერთობებში ერთ–ერთი მთავარი მიმართულება ინდუსტრიული თანამშრომლობა იქნება.

სი ძინპინმა ორ ქვეყანას „რკინის მეგობრები“ უწოდა და განაცხადა, რომ ჩინეთ–ბელარუსის ურთიერთობებმა საერთაშორისო გარემოს ცვლილებებს გაუძლო. პეკინის გზავნილი ბელარუსისთვის დიპლომატიური მხარდაჭერის დემონსტრირებაა და აჩვენებს, რომ ჩინეთი აგრძელებს კავშირების გაღრმავებას იმ ქვეყნებთან, რომლებიც დასავლეთის სანქციებისა და პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არიან.

ამ ფონზე, ბელარუსი სულ უფრო მეტად ეყრდნობა ჩინეთთან და რუსეთთან თანამშრომლობას, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის მიმართულებით. სი ძინპინთან შეხვედრამდე ლუკაშენკო პეკინში მოსკოვიდან ჩავიდა, სადაც რამდენიმე დღით ადრე ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

სი ძინპინი ლუკაშენკოს შეხვდა Read More »

Scroll to Top