ერთი ახალი ამბავი

აშშ-ჩინეთისსავაჭროშეთანხმება: ტარიფებისშემსუბუქება, FBI-ისვიზიტიდაფენტანილთანბრძოლისახალიეტაპი

პეკინსა და ვაშინგტონს შორის მიმდინარე დაძაბული მოლაპარაკებების შედეგად, ორმხრივი ურთიერთობები ახალ ფაზაში შევიდა. ოქტომბრის ბოლოს დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის გამართული შეხვედრის შემდგომ, გაჩნდა ოპტიმისტური მოლოდინები, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ომი შენელდებოდა.

სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ დაუყოვნებლივ გააუქმებდა იმ ტარიფების ნაწილს, რომლებიც მანამდე იყო დაწესებული ჩინურ საქონელზე. შედეგად, აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობა შედარებით შემცირდა.

თუმცა, ორმხრივი ურთიერთობების მომავალი კვლავ გაურკვეველია. სი ძინპინისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის ოფიციალურ პირებს არ განუმარტავთ ჩინურ საქონელზე დაწესებული სხვა ტარიფები დარჩება თუ არა ძალაში. ბოლო თვეების განმავლობაში, ორივე ქვეყანა ემუქრებოდა ერთმანეთს 100%-ზე მეტი ტარიფების დაწესებით, რამაც გავლენა მოახდინა გლობალური მიწოდების ჯაჭვებზე და ინვესტორთა ნდობაზე.

ქვეყნებს შორის ურთიერთობების გადატვირთვის ტენდენციას აჩვენებს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის კრისტოფერ რეის ვიზიტი პეკინში. ამ იშვიათი ვიზიტის შედეგად, აღნიშნულ ქვეყნებს შორის სამართალდამცავ სფეროში უმაღლესი დონის კონტაქტი აღდგა.

გავრცელებული ინფორმაციით, რეი შეხვდა ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა მაღალჩინოსნებს, რათა განეხილათ თანამშრომლობა ფენტანილის წარმოებაში გამოყენებადი საჭირო ქიმიკატების ექსპორტის შეზღუდვაზე – იმ ნივთიერებებზე, რომლებიც, აშშ-ის ხელისუფლების თქმით, ამძაფრებს ოპიოიდურ კრიზისს ამერიკაში. გავრცელებული ინფორმაციით, FBI-ის დირექტორი პეკინში ორი დღით იმყოფებოდა: შაბათს დახურულ შეხვედრებს დაესწრო და ჩინეთი კვირას, დილით დატოვა.

შეხვედრებზე მხარეები შეთანხმდნენ FBI-სა და ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს შორის ერთობლივი სამუშაო მექანიზმის შექმნაზე, რომელიც მიზნად ისახავს მონაცემთა გაცვლის გაუმჯობესებას, ქიმიური ექსპორტის მონიტორინგსა და კონტრაბანდული ქსელების წინააღმდეგ ოპერაციების კოორდინაციას.

ჩინეთის მხარემ განაცხადა, რომ შეხვედრები იყო „კონსტრუქციული“ და პეკინი მზადაა გააღრმავოს ანტინარკოტიკული თანამშრომლობა. რეის ვიზიტი ანალიტიკოსებმა შეაფასეს, როგორც ნდობის აღდგენის მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს დაძაბულობის შემცირებას.

ამავდროულად, შანხაიში გამართულ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე შტატების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ უჩნდებათ იმედი, რომ სავაჭრო ომის ყველაზე მწვავე პერიოდი დასრულდება. ამერიკულმა კომპანიებმა, სოფლის მეურნეობის ექსპორტიორებიდან დაწყებული ტექნოლოგიური მწარმოებლებით დამთავრებული, წარმოადგინეს თავიანთი პროდუქცია და გამოთქვეს იმედი, რომ სავაჭრო კავშირები მალე უფრო თავისუფლად ამოქმედდება.

სავაჭრო ურთიერთობებში ახალი ფაზის დაწყება არც ერთი მხარის გამარჯვებად არ უნდა იქნას განხილული. ტარიფებთან დაკავშირებული შეთანხმება წარმოადგენს პრაგმატულ პაუზას განგრძობად კონფლიქტში, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა გლობალური ვაჭრობის დინამიკა. ყოვლისმომცველი შეთანხმების გარეშე, მიმდინარე სტაბილური სავაჭრო ურთიერთობები შეიძლება დროებითი აღმოჩნდეს.

ავტორი: ნია კოხრეიძე

აშშ-ჩინეთისსავაჭროშეთანხმება: ტარიფებისშემსუბუქება, FBI-ისვიზიტიდაფენტანილთანბრძოლისახალიეტაპი Read More »

ჩინეთის მესამე ავიამზიდი, „ფუძიანი“, ექსპლუატაციაში შევიდა.

ჩინეთის უახლესი და ყველაზე მძლავრი ავიამზიდი, „ფუძიანი“, ოფიციალურად ჩაეშვა ექსპლუატაციაში, რაც პეკინისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია გლობალურ საზღვაო ძალებში პოზიციის გასამყარებლად და საზღვაო უპირატესობის კუთხით, შეერთებულ შტატებთან დასაწევად. „ფუძიანი“ ჩინეთის მესამე და ყველაზე მოწინავე ხომალდია, რომელიც აღჭურვილია ელექტრომაგნიტური კატაპულტებით (EMALS). ეს ინოვაციური ტექნოლოგია თვითმფრინავებს საშუალებას აძლევს, აფრინდნენ უფრო მძიმე შეიარაღებითა და საწვავის დატვირთვით, რათა მტრის სამიზნეებს უფრო დიდი მანძილიდან დაარტყან, რაც მას უფრო მძლავრს ხდის, ვიდრე ჩინეთის პირველი ორი, რუსული დიზაინის ავიამზიდი, „ლიაონინგი“ და „შანდუნი“.

„ფუძიანი“ სამსახურში ოთხშაბათს, ჰაინანის პროვინციაში, გრანდიოზული ცერემონიით შევიდა, რაც ჩინეთის სამხედრო მოდერნიზაციის უდიდეს მიღწევად ითვლება. ამ მოვლენით ჩინეთი გახდა მეორე ქვეყანა მსოფლიოში – აშშ-ის შემდეგ – რომელიც EMALS ტექნოლოგიით აღჭურვილ ავიამზიდს იყენებს. ეს არის ასევე მსოფლიოში ყველაზე დიდი ჩვეულებრივი საწვავით მომუშავე ხომალდი, რაც ხაზს უსვამს ჩინეთის საინჟინრო მიღწევებს.

პრეზიდენტი სი ძინპინი თავად დაესწრო გაშვებისა და დროშის გადაცემის ცერემონიას სანის საზღვაო პორტში. სი ძინპინმა მოინახულა ხომალდი და გაეცნო მონაცემებს მისი შესაძლებლობებისა და მუშაობის შესახებ. სახელმწიფო მედიის ცნობით, მანამდე სი ძინპინმა პირადად მიიღო გადაწყვეტილება ელექტრომაგნიტური კატაპულტის ტექნოლოგიის მიღების შესახებ.

ჩინელი სამხედრო ექსპერტის, ჟანგ ძიუნშეს განცხადებით, „ფუძიანის“ სამხედრო ფლოტში გადაცემა განაპირობებს სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საზღვაო ძალების სანაპირო დაცვიდან შორ მანძილზე თავდაცვაზე გადასვლას, რითაც ჩინეთი ოფიციალურად შედის სამი ავიამზიდის ეპოქაში. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ფლოტს რამდენიმე ძირითად უპირატესობას ანიჭებს. პირველ რიგში, თვითმფრინავებს სრული საწვავითა და საბრძოლო მასალით შეუძლიათ აფრენა, რაც საბრძოლო მოქმედების რადიუსს ზრდის. ამასთანავე, ავიამზიდიდან თვითმფრინავების გაშვების სიხშირე საგრძნობლად მატულობს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ „ფუძიანი“ და „შანდუნი“ შეიძლება ერთსა და იმავე პორტში განლაგდნენ სამხრეთ ჩინეთის ზღვის პირისპირ. ეს ხელს შეუწყობს ორმაგი ავიამზიდის ჯგუფის შექმნას და სტრატეგიულად შეაკავებს „თაივანის დამოუკიდებლობის“ მომხრე ძალებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს გემების რაოდენობით მსოფლიოში უმსხვილესი საზღვაო ძალები ჰყავს და „ფუძიანი“ 80,000 ტონის მასით ყველაზე ახლოს დგას აშშ-ის „ნიმიცის კლასის“ ავიამზიდებთან, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მას სრულ ოპერატიულ მზადყოფნამდე ჯერ კიდევ რთული გზა აქვს გასავლელი. დიზელის საწვავზე მუშაობის გამო, „ფუძიანს“ მოქმედების შეზღუდული რადიუსი აქვს, განსხვავებით აშშ-ის ბირთვული ენერგიის მქონე ავიამზიდებისგან. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გემბანის კონფიგურაციის გამო, მისი საჰაერო ოპერაციების მაჩვენებელი შეიძლება მხოლოდ 60% იყოს იმასთან შედარებით, რასაც აშშ-ის  50 წლის ავიამზიდი აჩვენებს. ჩინეთი ამჟამად უკვე აშენებს მეოთხე ავიამზიდს, რომელიც, სავარაუდოდ, ბირთვული ენერგიით იქნება მომუშავე და EMALS ტექნოლოგიასაც გამოიყენებს.

ავტორი: მარიამ მაჭარაშვილი

ჩინეთის მესამე ავიამზიდი, „ფუძიანი“, ექსპლუატაციაში შევიდა. Read More »

აშშ-ში ჩინეთის ელჩის განცხადება თაივანთან დაკავშირებით

დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის შემდეგ, ჩინეთმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა იმ “წითელ ხაზების” მნიშვნელობა, რომელთა გადაკვეთაც აშშ-სა და სხვა ქვეყნების მხრიდან მისთვის მიუღებელია.

შანხაიში გამართულ ვირტუალურ შეხვედრაზე, სადაც მონაწილეობდნენ ამერიკელი და ჩინელი ბიზნესმენები, ჩინეთის ელჩმა განიხილა ის ოთხი “წითელი ხაზი” (თაივანი, დემოკრატია და ადამიანის უფლებები, პოლიტიკური გზისა და სისტემის არჩევანი და განვითარების უფლებები), რომელთა დაცვასაც ჩინეთი მკაცრად სთხოვს მოკავშირე ქვეყნებს. ელჩმა განაცხადა: “ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავიდან აირიდებს მათ [წითელი ხაზების] გადაკვეთას და და ამით პრობლემების გამოწვევას”.

ჩინეთის ელჩმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე და აღნიშნა, რომ ეს პროცესი მოითხოვს “ორივე მხარის მიერ ერთმანეთის ძირითადი ინტერესების“ პატივისცემას.

აღნიშნული ოთხი “წითელი ხაზი” უკვე დიდი ხანია მიიჩნევა ჩინეთისთვის სენსიტიურ საკითხად. შესაბამისად, ვაშინგტონის არაოფიციალური ურთიერთობები თაიფეისთან ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში დაძაბულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა. ამასთანავე, ამერიკელი ოფიციალური პირების მიერ პერიოდულად ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება და კრიტიკა ქვეყნებს შორის დაძაბულობას კიდევ უფრო ამწვავებს.

დაძაბულობის მიუხედავად, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ 30 ოქტომბრის შეხვედრაზე თაივანის თემა არ განხილულა. თუმცა სი ძინპინისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ, ჩინეთმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ მისი “წითელი ხაზების” დაცვა და პატივისცემა მთავარი პირობაა სტაბილური ურთიერთობისთვის.

ავტორი: ქეთი აბულაძე

აშშ-ში ჩინეთის ელჩის განცხადება თაივანთან დაკავშირებით Read More »

ჩიპებთან დაკავშირებული დავა ნიდერლანდებსა და ჩინეთს შორის

2024 წლის სექტემბერში ნიდერლანდების ეკონომიკის სამინისტრომ კონტროლი აიღო  ნიდერლანდებში არსებულ ჩიპების მწარმოებელ კომპანიაზე, რომელიც 2018 წელს ნაწილობრივ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა ჩინურმა კომპანიამ -Wingtech Technology-მ შეიძინა. ნიდერლანდების ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიაზე კონტროლის ასაღებად მიმართა საქონლის ხელმისაწვდომობის აქტს და განმარტა, რომ Nexperia-ს ხელმძღვანელობის სერიოზული ხარვეზები „საფრთხის წინაშე აყენებდა ნიდერლანდებისა და ევროპის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ცოდნისა და შესაძლებლობების უწყვეტობასა და დაცულობას“.

ნიდერლანდების მთავრობის მიხედვით, Nexperia-ზე კონტროლი გულისხმობს, რომ „ეკონომიკის მინისტრს შეეძლება დაბლოკოს ან გააუქმოს კომპანიის გადაწყვეტილებები იმ შემთხვევაში, თუ ისინი (პოტენციურად) საზიანოა კომპანიის ინტერესებისთვის, მისი მომავალისთვის, როგორც ნიდერლანდური და ევროპული საწარმოსთვის, და/ან ევროპისათვის ამ კრიტიკული ღირებულებათა ჯაჭვის (value chain) შენარჩუნებისთვის“.

როდესაც ვსაუბრობთ Nexperia-სა და მის მფლობელ კომპანია Wingtech Technology-ზე, უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა Wingtech შეიყვანა ე.წ. „ერთეულთა სიაში“ (entity list). ეს უკანასკნელი იმ კომპანიების ჩამონათვალია, რომლებიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდნენ ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას და ამის გამო, ექვემდებარებიან ექსპორტის კონტროლს. გარდა ამისა, 2023 წელს ბრიტანეთის მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოების ეგიდით არ დაუშვა, რომ Nexperia-ს შეეძინა უელსში მდებარე ჩიპების მწარმოებელი ქარხანა. ყველაფერი ეს ნათლად ასახავს ზოგად გეოპოლიტიკურ დაძაბულობას ჩინეთსა და დასავლეთს შორის მოწინავე ტექნოლოგიების მიმართულებით.

2024 წელს, მას შემდეგ, რაც ნიდერლანდების ეკონომიკის სამინისტრომ Nexperia-ზე კონტროლი აიღო, Wingtech-მა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც გააკრიტიკა სამინისტროს გადაწყვეტილებები და აღნიშნა, რომ კომპანია „მტკიცედ ეწინააღმდეგება სავაჭრო საკითხების პოლიტიზაციას“ და „გეოპოლიტიკურ მიკერძოებაზე დაფუძნებულ გადაჭარბებულ ჩარევას, ეროვნული უსაფრთხოების უსაფუძვლო საბაბით, ნაცვლად ფაქტებზე დაფუძნებული რისკების შეფასებისა“

გარდა ამისა, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლინ ჯიანმაც განაცხადა, რომ „შესაბამისმა ქვეყნებმა ნამდვილად უნდა დაიცვან საბაზრო პრინციპები და თავი აარიდონ ეკონომიკური და სავაჭრო საკითხების პოლიტიზაციას.“

ეკონომიკის სამინისტროს ზემოხსენებულ ქმედებაზე ჩინეთის პირდაპირი პასუხი იყო Nexperia-ს ჩინურ ქარხნებში წარმოებული ჩიპების ევროპაში ხელახალი ექსპორტის შეწყვეტა. გარდა ამისა, Nexperia-ს ჩინეთში მდებარე ქარხნის განცხადებით, ნიდერლანდებში დაფუძნებულმა ქარხნამ შეაჩერა ჩიპების დასამზადებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის (wafers) მიწოდება ჩინური ქარხნისათვის, რამაც კიდევ უფრო გაართულა მდგომარეობა და გააძნელა ნახევარგამტარების დასრულებული ვერსიების წარმოება. ყოველივე ამან სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ევროპელ ავტომწარმოებლებში, ვინაიდან ეს ჩიპები ავტომობილების წარმოების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.

უნდა აღინიშნოს, რომ ევროპაში წარმოებული Nexperia-ს ჩიპების დაახლოებით 70% იგზავნება ჩინეთში, საიდანაც ისინი დასრულებული სახით ხელახლა ექსპორტირდება სხვა ქვეყნებში. გასულ თვეში ევროპის ავტომწარმოებლების ასოციაციამ (ACEA) განაცხადა, რომ თუ ჩინეთის მიერ ჩიპებზე დაწესებული აკრძალვა არ გაუქმდებოდა, Nexperia-ს ჩიპების ევროპული მარაგი რამდენიმე კვირაში ამოიწურებოდა. გარდა ამისა, ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა Volvo Cars და Volkswagen, დასძინეს, რომ ამ დეფიციტს შესაძლოა მათი ქარხნების დროებითი გაჩერებაც გამოეწვია.

ამ კვირაში ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ „ნიდერლანდებს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა“, ვინაიდან სწორედ მისმა ქმედებებმა გამოიწვია „გლობალური ნახევარგამტარების მიწოდების ჯაჭვში არეულობა და ქაოსი.“

თეთრი სახლის ინფორმაციით, ჩიპების თემა განხილული იყო დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის გამართულ შეხვედრაზე, გასულ კვირას, სამხრეთ კორეაში. როგორც ცნობილია, აშშ-სა და ჩინეთს შორის მომავალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში, ჩინეთი შეამსუბუქებს ავტოინდუსტრიისთვის საჭირო კომპიუტერული ჩიპების ექსპორტის შეზღუდვებს.

ჩიპებთან დაკავშირებული დავა ნიდერლანდებსა და ჩინეთს შორის Read More »

ჩინეთი ბრიტანეთის უნივერსიტეტის აკადემიური თავსიუფლების ხელყოფის ფაქტშია მხილებული

ბრიტანეთის უნივერსიტეტში (Sheffield Hallam University) ჩინეთი პროფესორ ლორა მერფის კვლევის შეჩერების მიზეზი გახდა. კვლევა ეხებოდა უიღურ (თურქულენოვანი მუსლიმი ეთნიკური უმცირესობა ჩინეთის სინძიანგის, უიღურთა ავტონომიურ რეგიონში) მუსლიმთა იძულებით შრომას ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონ სინძიანგში. ჩინეთის მხრიდან ზეწოლის პრაქტიკა ორი წელია გრძელდება, მათ შორის უნივერსიტეტის თანამშრომლებზე ცალკეული პირებისაგან, რომლებიც თავს ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებად ასახელებდნენ. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ჩინეთიდან უნივერსიტეტის ვებგვერდზე წვდომაც დაიბლოკა. დიდი ბრიტანეთი საკითხს არა მხოლოდ ადამიანის უფლების სერიოზულ დარღვევად მიიჩნევს, არამედ მოვლენა სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესის დარღვევად არის კლასიფიცირებული, თუმცა უნივერსიტეტმა კვლევა შეაჩერა ორწლიანი ზეწოლის შემდეგ.

მნიშვნელოვანია თავად უნივერსიტეტის ადმინისტრაციის როლიც, რომლის დირექტივითაც პროფესორ მერფის აღარ შეეძლო კვლევის პროცესის გაგრძელება მუსლიმთა იძულებითი შრომის შესახებ. პროფესორის ინიციატივით, სამართლებრივი დავა დაიწყო უნივერსიტეტთან, ვინაიდან ირღვეოდა ინდივიდის აკადემიური თავისუფლება.

„უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პირდაპირ აწარმოა მოლაპარაკებები უცხოეთის სადაზვერვო სამსახურთან. მათ გაცვალეს პროფესორის აკადემიური თავისუფლება ვებსაიტზე წვდომის განახლებაში“ განაცხადა პროფესორმა მერფმა. მნიშვნელოვანი საკითხია, რომ უნივერსიტეტში ჩინეთიდან მრავალი სტუდენტი აგრძელებდა სწავლას, ხოლო ვებსაიტზე წვდომის შეზღუდვის შემდეგ, ბუნებრივია, პროცესი შეჩერდა.

ლონდონში ჩინეთის საელჩომ BBC-ს განუცხადა, რომ „შეფილდ ჰალამის უნივერსიტეტის ჰელენა კენედის ცენტრმა გამოაქვეყნა ყალბი ინფორმაციის შემცველი ანგარიში სინძიანგის შესახებ“. საელჩომ დასძინა, „გამოვლინდა, რომ ამ ანგარიშების ზოგიერთმა ავტორმა დაფინანსება მიიღო აშშ-ის სააგენტოებისგან“. პროფესორი მერფი BBC-სთან აღნიშნავს, რომ დაფინანსება აშშ-ის ჰუმანიტარული მეცნიერებების ეროვნული ფონდისგან (National Endowment for Humanities) მიიღო, რომლის მიზანი იყო ავტობიოგრაფიული ანგარიშის მომზადება იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც იძულებით შრომაში იყვნენ ჩართულნი.

ზეწოლამ 2024 წლიდან აქტიურ ფაზას მიაღწია. 2024 წლის 18 აპრილს „ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სამი ოფიცერი“ ეწვია შეფილდ ჰალამის ოფისს ჩინეთში. ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა Helena Kennedy Centre for International Justice-ის დაკითხვა სამომავლო და მიმდინარე კვლევების შესახებ, ვინაიდან პროფესორი მერფი სწორედ HKC ინსტიტუტის სახელით ამზადებდა კვლევას.

მანამდე 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული იყო ცენტრის კვლევა, რომელიც ამხელდა სინძიანგის რეგიონში ადამიანთა ექსპლუატაციის პრაქტიკას ტანსაცმლის წარმოებისა და მიწოდების პროცესში. ანგარიშში ნახსენები იყო ჰონგ-კონგის კომპანია Smart Shirts Ltd, რომელმაც უნივერსიტეტის წინააღმდეგ ცილისწამებისათვის სარჩელი შეიტანა. ლონდონის უზენაესმა სასამართლომ წინასწარი დადგენილებით გამოიტანა დასკვნა, რომ ანგარიში ნამდვილად შეიცავდა კომპანიისათვის ფინანსურად დამაზიანებელ შინაარს, მაგრამ ინფორმაციის ვალიდურობის საკითხი კითხვის ქვეშ არ დამდგარა.

მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ პროფესორი მერფის რეპუტაციაც. საერთაშორისო დონეზე მისი კვლევები დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის პარლამენტში დიდი რეპუტაციით სარგებლობდა და რეკომენდაციის ფუნქციასაც ასრულებდა პოლიტიკის შემუშავების პროცესში. 2023 წელს მერფი აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობდა (the US Department of Homeland Security), სადაც Uyghur Forced Labour Prevention Act-ის განხორციელებაში მონაწილეობდა. ფაქტობრივად ამ წლებში მერფი მუდამ იძულებითი შრომის პრაქტიკის კვლევით იყო დაკავებული. მისი არყოფნის დროს, Sheffield Hallam-ის უნივერსიტეტმა, 2024 წლის აგვისტოში, მიიღო გადაწყვეტილება იძულებით შრომასთან დაკავშირებული კვლევის შეწყვეტის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი კვლავ ფინანსდებოდა გარე დონორების მიერ. აღნიშნული ფაქტი, მერფის დაბრუნების შემდეგ, გახდა ცნობილი. უნივერსიტეტი გადაწყვეტილების ვალიდაციას უსაფრთხოების სამსახურის ზეწოლით ხსნიდა, რადგან საფრთხე ექმნებოდა თანამშრომელთა უსაფრთხოებას როგორც ბრიტანეთში, ისე ჩინეთში. 

მერფის შეფასებით, უნივერსიტეტმა კომერციულ ინტერესებს მიანიჭა პრიორიტეტი. უნივერსიტეტის წარმომადგენლები უგულვებელყოფენ კომერციულ მოტივს, ვინაიდან 2024-2025 წლებში ჩინეთიდან მხოლოდ 73 სტუდენტი ფიქსირდებოდა. თუმცა, ჩინეთის საელჩოს განცხადებით, 200 000-ზე მეტი ჩინელი სტუდენტი სწავლობდა ბრიტანეთში ამავე პერიოდისათვის.

საკითხს ეხმიანება ჰელენა კენედიც, რომელიც ჩინეთის მხრიდან იძულებითი შრომის პრაქტიკაზე კვლევითი საქმიანობის გამო თავადაც დასანქცირდა. მისი თქმით, ბრიტანეთის უნივერსიტეტები ფინანსურად დამოკიდებული გახდნენ ჩინეთზე, რამაც აკადემიური სფერო კომერციულ ინტერესებს მოარგო, ხოლო ინდივიდის ინტელექტუალური თავისუფლება ხელყო.

ავტორი: მარიამ არაბაშვილი 

ჩინეთი ბრიტანეთის უნივერსიტეტის აკადემიური თავსიუფლების ხელყოფის ფაქტშია მხილებული Read More »

თაივანი უარყოფს პეკინის შეთავაზებას “ერთი ქვეყანა, ორი სისტემის” შესახებ

თაივანი არ აპირებს, მიიღოს ჩინეთის შეთავაზება „ერთი ქვეყანა, ორი სისტემისშესახებ და მზადაა, დაიცვას საკუთარი თავისუფლება და დემოკრატია – განაცხადა თაივანის პრეზიდენტმა ლაი ჩინგ-თემ 31 ოქტომბერს, რითაც მკაფიოდ უარყო პეკინის მიერ კუნძულის კონტროლქვეშ მოქცევის უახლესი მცდელობა.

ჩინეთმა ამ კვირაში აღნიშნა, რომ თაივანთან მიმართებით ძალის გამოყენებას „ბოლომდე არ გამორიცხავს.“ საგულისხმოა, რომ ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის წინა კვირების განმავლობაში სახელმწიფო მედიაში გამოქვეყნებულ მასალებთან, სადაც პეკინი თაივანს იმავე სახის „მშვიდობიან მმართველობას“ ჰპირდებოდა, რომელიც ჰონგ-კონგსა და მაკაუში მოქმედებს.

სწორედ ამ პოლიტიკურად ამბივალენტურ ვითარებას მოჰყვა თაივანის ქალაქ ჰუკოუში მდებარე სამხედრო ბაზაზე ჩინგ-თეს სიტყვით გამოსვლა, სადაც აღნიშნა, რომ ნამდვილი და გრძელვადიანი მშვიდობის გარანტორი მხოლოდ ძალა და თავდაცვითი მზადყოფნაა.

„ჩვენ ღირსეულად და მტკიცედ უნდა შევინარჩუნოთ სტატუს-კვო, მკაფიოდ უნდა დავუპირისპირდეთ ანექსიას, აგრესიასა და იძულებით გაერთიანებას“ – განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, თაივანი 2030 წლისთვის სამხედრო ხარჯებს მშპ-ის 5%-მდე გაზრდის, რათა ჩინეთის მზარდი საფრთხის პირობებში თავდაცვა მაქსიმალურად გააძლიეროს. ამავე სტრატეგიის საარგუმენტაციოდ მან ხაზი გაუსვა, რომ „თაივანელი ხალხის მიერ სუვერენიტეტის დაცვა და დემოკრატიული ცხოვრების წესის შენარჩუნება პროვოკაციად არ უნდა შეფასდეს. ინვესტიცია ეროვნულ თავდაცვაში ნიშნავს ინვესტიციას მშვიდობაში.“ აღსანიშნავია, რომ ჩინეთის თაივანის საკითხთა ოფისს აღნიშნულ განცხადებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

საინტერესოა ისიც, რომ ჩინგ-თეს ჰუკოუში ვიზიტის მიზანი M1A2T Abrams ტიპის ტანკების ბატალიონის მიღების ცერემონიაზე დასწრება იყო, ხსენებული სამხედრო ტექნიკა კი ამერიკული კომპანია General Dynamics Land Systems-ის მიერაა წარმოებული. ამ ეტაპისთვის თაივანმა შეკვეთილი 108 ტანკიდან 80 ერთეული უკვე მიიღო, რაც  ადასტურებს, რომ ჩინეთ–აშშ-ის დაპირსპირებაში თაივანი კვლავაც  რჩება აქტუალურ საკითხად, რომელიც სცდება რეგიონულ საზღვრებს და გლობალურ მნიშვნელობას იძენს.

ამ კონტექსტში, ბუსანში გამართულ ჩინეთ-აშშ-ის სამიტზე თაივანის თემის სრული უგულებელყოფა მოხდა – სი ძინპინსა და დონალდ ტრამპს მასზე საჯაროდ არ უსაუბრიათ, რაც, შესაძლოა, დაძაბულობის დროებით შენელების მიზნით მხარეებს შორის პრაგმატული თანხმობის ფორმირებაზე მიუთითებდეს. თუმცა, იმ პირობებში, როცა ვაშინგტონი თაივანის სამხედრო აღჭურვას აგრელებს, ხოლო პეკინი ისევ არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას, ეს დიპლომატიური დუმილი სტრატეგიული პაუზა უფროა, ვიდრე რეალურ შერიგების ნიშანი.

თაივანი უარყოფს პეკინის შეთავაზებას “ერთი ქვეყანა, ორი სისტემის” შესახებ Read More »

დონალდ ტრამპისა და სი ძინფინგის შეხვედრა სამხრეთ კორეაში

30 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინფინგთან სავაჭრო შეთანხმებას „ძალიან მალე“ გააფორმებს. შეხვედრის ფარგლებში საუბარი იყო ასევე იმპორტზე დაწესებული ტარიფების შემცირებაზე. ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმდა ფენტანილის იმპორტზე დაწესებული ტარიფის 20%-დან 10%-ზე შემცირებაზე. ჩინურ პროდუქციაზე დაწესებული ტარიფების დონე კი  57%-დან 47%-მდე დაეცა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შეხვედრის განმავლობაში თაივანის შესახებ მხარეებს არ უსაუბრიათ.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის შემდეგ სავაჭრო გარიგება არ გაფორმებულა, შეხვედრაზე მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი კონსენსუსი ეკონომიკურ საკითხებზე, მათ შორის, იშვიათ მინერალებთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების მოგვარებაზე. ჩინეთმა განაცხადა, რომ ერთი წლით უნდა შეჩერდეს საექსპორტო კონტროლის ზომები კრიტიკულ მინერალებზე. ტარიფების შემცირების სანაცვლოდ, ჩინეთის მხარე “უზარმაზარი რაოდენობით” ამერიკულ სოიოს შეიძენს, რაც აშშ-სთვის წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ფერმერები, ჩინეთთან სავაჭრო უთანხმოებების გამო, მილიარდობით დოლარს კარგავდნენ.

ჩინეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „დიალოგი კონფრონტაციას სჯობს“. მან მოუწოდა ამერიკის მხარეს კომუნიკაციის გაღრმავებისკენ და დაასახელა თანამშრომლობის პოტენციური სფეროები:

  • არალეგალურ იმიგრაციასთან და ტელეკომუნიკაციურ თაღლითობასთან ბრძოლა;
  • ფულის გათეთრება;
  • ხელოვნური ინტელექტი (AI);
  • ინფექციურ დაავადებებზე რეაგირება.

შეხვედრის განმავლობაში საუბარი იყო უკრაინის საკითხზეც. ტრამპი და სი ძინფინგი შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე, რათა ხელი შეუწყონ კონფლიქტის დასრულებას.

საბოლოოდ, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ მათ ეკისრებათ ერთობლივი პასუხისმგებლობა მსოფლიოს წინაშე არსებული რთული პრობლემების გადასაჭრელად.

დონალდ ტრამპისა და სი ძინფინგის შეხვედრა სამხრეთ კორეაში Read More »

ჩინეთის უახლესი გადამამუშავებელი ქარხანა ზრდის რუსული ნავთობის იმპორტს

ჩინეთის ნავთობქიმიური პროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა, Shandong Yulong, დასავლეთის სანქციების ფონზე, მკვეთრად ზრდის რუსული ნედლი ნავთობის იმპორტს. გადამამუშავებელი ქარხანა, რომლის სიმძლავრეა 400 000 ბარელი დღეში, სავარაუდოდოემბერში განახორციელებს 370 000-405 000 ბარელის რუსული ნედლი ნავთობის იმპორტს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება მის მიერ რუსული ნავთობის იმპორტის წინა მაჩვენებელს.

ჩინეთში რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი მას შემდეგ გაიზარდა, რაც დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა 2025 წლის ოქტომბერში ახალი სანქციები დააწესეს. შედეგად, ახლო აღმოსავლეთისა და კანადელი მომწოდებლების გადაზიდვები გაუქმდა.

იმპორტის ზრდა ასახავს უფრო ფართო ტენდენციას ჩინურ გადამამუშავებელ ქარხნებში, რომლებიც ეძებენ მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს არასტაბილურ გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ გზით, ნავთობის ექსპორტიორებს შეუძლიათ მუდმივი წვდომა მოიპოვონ ნედლეულზე და ხარჯებიც მნიშვნელოვნად შეამცირონ, ამ სტრატეგიას თან ახლავს რიგი გეოპოლიტიკური რისკები. 

რუსული ნავთობის შესყიდვების გაზრდა ხაზს უსვამს ჩინეთის მიზანს, უზრუნველყოს ენერგომომარაგება საერთაშორისო გაურკვევლობის პირობებში. ამასთანავე, ეს ტენდენცია გამოკვეთს მზარდ ენერგოდამოკიდებულებას ჩინეთსა და რუსეთს შორის, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, ევრაზიის ენერგეტიკულ ვაჭრობაზე მოახდენს გავლენას.

ამ მოვლენამ, ასევე, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ნედლი ნავთობის ფასებზე, რადგან Yulong-ის გაზრდილმა მოთხოვნამ შესაძლოა შეამციროს ნავთობის მიწოდება აზიის სხვა რეგიონებში. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური გადამამუშავებელი ქარხნები სარგებლობენ რუსული ნავთობის ხელსაყრელი ფასებით, რაც მათ საშუალებას აძლევს შეინარჩუნონ გადამუშავების მარაგი მაშინაც კი, როდესაც გლობალური ნავთობის ბაზრები არასტაბილურია.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული ნავთობის შეძენა Yulong-ის მოკლევადიან ოპერაციულ სტაბილურობას უზრუნველყოფს, ანალიტიკოსები თვლიან, რომ სანქციების გაფართოების ან სატრანზიტო მარშრუტების შეფერხების შედეგად, ქარხანამ სერიოზული ზიანი შეიძლება მიიღოს.

ავტორი: ნია კოხრეიძე 

ჩინეთის უახლესი გადამამუშავებელი ქარხანა ზრდის რუსული ნავთობის იმპორტს Read More »

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთსა და ASEAN-ს შორის

28 ოქტომბერს, მალაიზიაში,  ASEAN-ის სამიტზე ჩინეთმა ხელი მოაწერა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფართოებულ ვერსიას. ეს ასოციაცია მოიცავს ბრუნეის, კამბოჯას, ინდონეზიას, ლაოსს, მალაიზიას, მიანმარს, ფილიპინებს, სინგაპურს, ტაილანდს, ტიმორ-ლესტეს და ვიეტნამს. ორგანიზაცია წარმოადგენს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 11 ქვეყნის რეგიონულ გაერთიანებას, რომელიც მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და უსაფრთხოების თანამშრომლობის ხელშეწყობას.

ჩინეთსა და ASEAN-ს შორის ჩარჩო შეთანხმებას 2002 წელს მოეწერა ხელი, რამაც საფუძველი ჩაუყარა, 2010 წლისათვის, ASEAN-ჩინეთის თავისუფალი სავაჭრო ზონის (ACFTA) შექმნას. ეს სავაჭრო ზონა მოიცავს დაახლოებით 2 მილიარდ ადამიანს და არსებითად ამცირებს სატარიფო ბარიერებს წევრ ქვეყნებსა და ჩინეთს შორის. მისი მეშვეობით ჩინეთისა და ASEAN-ის სავაჭრო ურთიერთობები 2010 წელს 235,5 მილიარდი დოლარიდან გასულ წელს თითქმის 1 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.

2025 წლის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებში, ჩინეთის წარმომადგენელი იყო პრემიერ მინისტრი ლი ციანგი, რომელმაც ეს შეთანხმება წარმოაჩინა როგორც ალტერნატიული გზა, დონალდ ტრამპის პროტექციონისტული პოლიტიკისა და გაზრდილი სავაჭრო ბარიერების საპასუხოდ. მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „სოლიდარობის მაგივრად კონფრონტაციისაკენ სწრაფვას არავითარი სარგებელი არ მოაქვს“, „უნილატერალიზმმა და პროტექციონიზმმა სერიოზულად იმოქმედა გლობალურ ეკონომიკურ და სავაჭრო წესრიგზე და მაშინ, როდესაც გარე ძალები აძლიერებენ ჩარევას რეგიონში, ბევრი ქვეყანა დაუსაბუთებლად აღმოჩნდა მაღალი ტარიფების პირისპირ“. „ერთმანეთზე დაყრდნობით და ჩვენი ქმედებების კოორდინირებით, შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი უფლებები და ინტერესები“. მან, ასევე, ASEAN-ის წევრებს მიმართა, როგორც „კარგ მეზობლებს და კარგ ძმებს, რომლებიც დაახლოებულნი არიან გეოგრაფიით, კულტურითა და სენტიმენტებით“.

თუმცა, ამავე დროს, ჩინეთი აგრძელებს თავისი კონტროლის განმტკიცებას თითქმის მთელ სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე. ოფიციალურ პეკინს დავები აქვს ვიეტნამთან, ფილიპინებთან, მალაიზიასთან და ბრუნეისთან. ვითარება უფრო დაძაბულია ფილიპინებსა და ჩინეთს შორის. 2013 წელს ფილიპინებმა, სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე ჩინეთის ფართო პრეტენზიებთან დაკავშირებით, ჩინეთის წინააღმდეგ საქმე განსახილველად წარადგინა მუდმივ საარბიტრაჟო სასამართლოში. 2016 წელს ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ჩინეთის პრეტენზიებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე არ აქვს სამართლებრივი საფუძველი. ჩინეთმა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად ცნო.

სიტუაცია ჩინეთსა და ფილიპინებს შორის ამ თვეშიც დაიძაბა. კერძოდ, ფილიპინების საზღვაო საბჭომ დაადანაშაულა ჩინეთის საზღვაო ძალები ტიტუს კუნძულის მახლობლად ფილიპინების გემზე წყლის ჭავლით თავდასხმაში. წლევანდელ ASEAN-ის სამიტზე, ჩინეთსა და ASEAN-ის წევრებს შორის ერთიანობისა და მეგობრობის შესახებ ჩინეთის პრემიერის, ლი ციანგის სიტყვებს ფილიპინების პრეზიდენტი სკეპტიციზმით შეხვდა და კვლავ გააკრიტიკა ჩინეთის ქმედებები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთსა და ASEAN-ს შორის Read More »

ჩინეთი იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრს, სანაე ტაკაიჩის, ცივად შეხვდა

ჩინეთმა, თითქმის ერთი კვირის განმავლობაში, იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრს, სანაე ტაკაიჩის, თანამდებობაზე დანიშვნა არ მიულოცა. ეს მოვლენა, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში, უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენს და აჩენს კითხვებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მდგომარეობის შესახებ.

64 წლის სანაე ტაკაიჩიმ, რომელიც ჩინეთთან მიმართებით მკაცრი პოზიციით გამოირჩევა, თანამდებობა სამშაბათს დაიკავა. იგი გახდა ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი და მეხუთე პირი, ვინც ამ თანამდებობას ბოლო ხუთ წელიწადში იკავებს.

საყურადღებოა, რომ გასული წლის ოქტომბერში, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შიგერუ იშიბას, როგორც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, ისე პრემიერმა ლი ციანგმა, თანამდებობის დაკავების დღესვე მიულოცეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა. პეკინმა ასევე დაუყოვნებლივ გაუგზავნა მისალოცი შეტყობინებები იაპონიის ყოფილ ლიდერებს, ფუმიო კიშიდას, 2021 წლის ოქტომბერში და იოშიჰიდე სუგას, 2020 წლის სექტემბერში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გასული კვირის ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვაზე, მიულოცავდა თუ არა პეკინი ტაკაიჩის თანამდებობაზე დანიშვნას, სამინისტროს სპიკერმა, გუო ძიაკუნმა განაცხადა: „ჩინეთმა შესაბამისი ღონისძიებები დიპლომატიური პრაქტიკის მიხედვით მიიღო“. „ჩინეთი და იაპონია ერთმანეთის ახლო მეზობლები არიან. ჩინეთის ფუნდამენტური პოზიცია იაპონიასთან ურთიერთობების მიმართ თანმიმდევრული და ნათელია“, – დასძინა გუომ.

„ვიმედოვნებთ, რომ იაპონია და ჩინეთი… შეასრულებენ თავიანთ პოლიტიკურ ვალდებულებებს, მთავარ საკითხებთან დაკავშირებით… დაიცავენ ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკურ პრინციპებს და სრულად განავითარებენ ჩინეთ-იაპონიის ურთიერთსასარგებლო სტრატეგიულ ურთიერთობებს“.

ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ ტაკაიჩის ადმინისტრაციის პირობებში შესაძლოა პეკინსა და ტოკიოს შორის დაძაბულობა გამწვავდეს, რასაც, გარკვეულწილად, განაპირობებს მხარეების, თაივანთან და იაპონიის ომისდროინდელ ისტორიასთან დაკავშირებული, საკამათო პოზიციებით. ტაკაიჩი აქტიურად უჭერს მხარს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს იასუკუნის სადავო სალოცავში, სადაც იაპონიის ომში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ. ჩინეთისთვის პოლიტიკოსების ამ სალოცავში ვიზიტი აღშფოთების მიზეზია, რადგან იაპონიის მიერ 1931 წელს ჩინეთის ოკუპაციას და მის მიერ ომის დროს ჩადენილ სისასტიკეებს უკავშირდება.

პეკინის კრიტიკას, ასევე, განაპირობებს ტაკაიჩის კონტაქტები თაივანის ოფიციალურ პირებთან. აპრილში, თაიფეიში თაივანის ლიდერ უილიამ ლაი ჩინგ-ტესთან შეხვედრისას, ტაკაიჩიმ ხაზი გაუსვა მხარეებს შორის თავდაცვითი თანამშრომლობის მნიშვნელობას. ის, ასევე, შეხვდა თაივანის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინ ჩია-ლუნგს ივლისში, იაპონიაში.

ჩინეთსა და იაპონიას შორის ურთიერთობებს დიდი ხანია აფერხებს ტერიტორიული დავები, 1930-იანი წლების ომისდროინდელი ისტორია და ტოკიო-ვაშინგტონის ალიანსი. მიუხედავად ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ხალხთაშორისი გაცვლების ხელშეწყობის მცდელობებისა, ორ ქვეყანას შორის კავშირები, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში, კვლავ დაძაბულია. ეს დაძაბულობა სავარაუდოდ გაგრძელდება, რადგან ტაკაიჩიმ, პარასკევს, თავის პირველ პოლიტიკურ გამოსვლაში, აღნიშნა, რომ იაპონიის თავდაცვის ხარჯებს გაზრდის. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მსგავსი ინიციატივები იაპონიის თავდაცვის პოლიტიკის მიმართ რეგიონში ეჭვებს ამძაფრებს.

ჩინეთი იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრს, სანაე ტაკაიჩის, ცივად შეხვდა Read More »

Scroll to Top