ერთი ახალი ამბავი

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება

პეკინში დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის შემდეგ, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჩინეთი 2026-2028 წლებში ყოველწლიურად მინიმუმ 17 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ აგროპროდუქციას შეიძენს.

შეთანხმება მოიცავს სოფლის მეურნეობის ფართო სპექტრს, მათ შორის სოიოს, საქონლის ხორცს, ფრინველის პროდუქტებსა და სხვა სასოფლო–სამეურნეო საქონელს. ეს ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამერიკელი ფერმერებისთვის, რადგან ბოლო წლებში აშშ–ჩინეთის სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ჩინეთში ამერიკული აგროექსპორტი მკვეთრად შემცირდა.

Reuters-ის ინფორმაციით, 2025 წელს ჩინეთში აშშ–ის აგროექსპორტი წლიურად 65.7%-ით შემცირდა და მხოლოდ 8.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ჩინეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა ამერიკულ სოიოზე დამოკიდებულებაც, 2016 წლის 41%-დან 2024 წელს დაახლოებით 20%-მდე.

მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი თემა სწორედ სოფლის მეურნეობა იყო. Reuters-ის თანახმად, ვაშინგტონი ცდილობდა პეკინისგან უფრო დიდი მოცულობის შესყიდვების გარანტიების მიღებას, განსაკუთრებით სოიოს მიმართულებით. მხარეები ასევე გეგმავენ აშშ–ჩინეთის სავაჭრო და საინვესტიციო საბჭოების შექმნას, რომლებიც ტარიფების შემცირებასა და ბაზარზე წვდომის საკითხებზე იმუშავებენ.

Financial Times წერს, რომ ახალი მექანიზმები უნდა შეეხოს ე.წ. „არასენსიტიურ“ საქონელსა და ინვესტიციებს. გეგმის ნაწილი ასევე მოიცავს ჩინეთის მხრიდან ამერიკული საქონლის ხორცისა და ავიაციის სექტორისთვის ბაზრის გახსნას.

ტრამპის ადმინისტრაცია შეთანხმებას ეკონომიკური ურთიერთობების „სტაბილიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად“ აფასებს. მიუხედავად ოპტიმისტური განცხადებისა, პეკინი ამბობს, რომ შეთანხმებები ჯერ საბოლოოდ გაფორმებული არ არის. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ 16 მაისს განაცხადა, რომ ტარიფებთან, სოფლის მეურნეობასა და ავიაციასთან დაკავშირებული შეთანხმებები ამ ეტაპზე „წინასწარი“ ხასიათისაა და დამატებით მოლაპარაკებებს საჭიროებს.

მიუხედავად ტაივანისა და ტექ–სექტორის გარშემო არსებული კრიზისისა, პეკინის სამიტმა ორმხრივი ეკონომიკური კომპრომისის მზაობა გამოაჩინა. ვაშინგტონი და პეკინი კავშირების აღდგენას ცდილობენ იქ, სადაც ურთიერთდამოკიდებულება სასიცოცხლოა.

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება Read More »

ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა შეთანხმებების გარეშე: „ბიზნესი უპირველეს ყოვლისა“ ღრმა პოლიტიკური უთანხმოების ფონზე

13-15 მაისს პეკინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა ურთიერთობების სტაბილიზაციისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს, თუმცა შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

აშშ–ჩინეთის სამიტს წინ მრავალთვიანი მზარდი დაძაბულობა უძღოდა. მიუხედავად დიპლომატიური რიტორიკისა, ოფიციალურმა განცხადებებმა აჩვენა, რომ ვაშინგტონსა და პეკინს შორის ფუნდამენტური უთანხმოებები კვლავ გადაუჭრელია.

პეკინში გამართულ მოლაპარაკებებზე მთავარი აქცენტი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობაზე გაკეთდა. ჩინურმა მხარემ პროცესი „ურთიერთპატივისცემასა და სტაბილურობაზე დაფუძdoნებულ დიალოგად“ შეაფასა, ხოლო ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „ჩინეთთან ძლიერ ეკონომიკურ ურთიერთობებს“ უჭერს მხარს, თუმცა ამერიკული ინტერესების დაცვა პრიორიტეტად რჩება.

ოპტიმისტური საჯარო ტონის მიუხედავად, მხარეთა შეფასებებში აქცენტები განსხვავებულად იყო გადანაწილებული. ჩინეთის სახელმწიფო მედია შეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას უსვამდა ხაზს, ხოლო ამერიკული მხარის ოფიციალური განცხადების მიხედვით, შეხვედრა ძირითადად დიალოგის შენარჩუნებას ემსახურებოდა.

ეს დისონანსი ტაივანის ირგვლივაც გამოიკვეთა, რომელიც ვაშინგტონსა და პეკინს შორის სენსიტიურ საკითხად რჩება. ჩინეთი კუნძულს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და რეგიონში სამხედრო ზეწოლას აძლიერებს, ხოლო აშშ ტაივანის უსაფრთხოების მხარდაჭერას აგრძელებს. სამიტის მინდინარეობისას ჩინურმა მხარემ თეთრ სახლს ტაივანთან დაკავშირებულ საკითხებზე ფრთხილი მიდგომისკენ მოუწოდა, ამერიკულმა მხარემ კი ბუნდოვანი პოზიცია შეინარჩუნა.

აზრთა სხვადასხვაობა თვალსაჩინო იყო ირანის კრიზისისა და ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების განხილვისას. სი ძინპინმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და საზღვაო სავაჭრო მარშრუტების, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. დონალდ ტრამპის პოზიცია კი კვლავ ირანის მიმართ ზეწოლის პოლიტიკის გაგრძელებასა და რეგიონული უსაფრთხოების რისკების შემცირებაზე იყო ორიენტირებული.

სამიტის ერთ–ერთი უმთავრესი ხაზი ტექნოლოგიური კონკურენცია, განსაკუთრებით კი ნახევარგამტარებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) სფერო აღმოჩნდა. ვაშინგტონი ჩინურ კომპანიებზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს ეროვნული უსაფრთხოების არგუმენტით ამართლებს, პეკინი კი ამ ნაბიჯებს ჩინეთის ტექნოლოგიური განვითარების შეკავების მცდელობად განიხილავს.

საერთაშორისო მედიამ ამ სამიტს „ბიზნესი უპირველეს ყოვლისა“ უწოდა, სადაც მხარეები ღრმა პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, ეკონომიკური კავშირების სრულ გაწყვეტას ერიდებიან. რეალურად, სრულმასშტაბიანი კრიზისი ამ ეტაპზე არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედის, რადგან ჩინეთის ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის, აშშ კი ინფლაციისა და მიწოდების ჯაჭვების დასტაბილურებას ცდილობს. ანალიტიკოსთა შეფასებით, შეხვედრას არ მოჰყოლია ისეთი შედეგი, რომელიც აშშ–ჩინეთის ურთიერთობებში ფუნდამენტურ ცვლილებას გამოიწვევდა, რადგან ორ ქვეყანას შორის არსებული სტრუქტურული კონკურენცია კვლავ ღრმა და მრავალშრიანია.

საბოლოოდ, პეკინის შეხვედრის მთავარი შედეგი, როგორც შეფასებებში იკვეთება, დიალოგის გზების შენარჩუნება და ესკალაციის თავიდან აცილების ორმხრივი სურვილია. მიუხედავად სტაბილურობის შესახებ გაჟღერებული ოფიციალური რიტორიკისა, მსოფლიოს ორ უდიდეს სახელმწიფოს შორის გლობალური კონკურენცია უცვლელი ტემპით გრძელდება და უახლოეს მომავალში აშშ–ჩინეთის ურთიერთობების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორიც სწორედ ეს იქნება. 

ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა შეთანხმებების გარეშე: „ბიზნესი უპირველეს ყოვლისა“ ღრმა პოლიტიკური უთანხმოების ფონზე Read More »

ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა პეკინში: მოლაპარაკებების ფოკუსი და მოლოდინები

აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ამ კვირაში პეკინში შესახვედრად ემზადებიან. ოფიციალური დღის წესრიგი მოიცავს სავაჭრო ტარიფებს, იშვიათი მინერალების მიწოდების ჯაჭვებს, ხელოვნური ინტელექტის რეგულირებასა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს, თუმცა მოლაპარაკებების მთავარი ფოკუსი, სავარაუდოდ, კვლავ ტაივანი იქნება.

ბოლო წლების განმავლობაში ტაივანის საკითხი აშშ–ჩინეთის ურთიერთობების სენსიტიურ მიმართულებად ჩამოყალიბდა. პეკინი კუნძულს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და მის „გაერთიანებას“ ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის ნაწილად განიხილავს. ჩინეთის ხელისუფლება ტაივანის საკითხს აშშ–ჩინეთის ურთიერთობების გამწვავების „ყველაზე დიდ რისკად“ აფასებს.

პეკინში დაგეგმილ სამიტს ტაიპეიში ყურადღებით აკვირდებიან. ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინ ძია–ლუნმა განაცხადა, რომ ტაივანი აშშ–სთან ურთიერთობების მდგრადობაში დარწმუნებულია, თუმცა იმედოვნებს, რომ ტრამპისა და სის შეხვედრა „სიურპრიზებს“ არ მოიტანს. მისი შეფასებით, ნებისმიერი მოულოდნელი შეთანხმება რეგიონულ უსაფრთხოებაზე პირდაპირ აისახება.

ტაიპეის შეშფოთება მხოლოდ რიტორიკას არ უკავშირდება, კერძოდ, ტაივანის უსაფრთხოების უწყებები ვარაუდობენ, რომ პეკინი შესაძლოა ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით ვაშინგტონის პოზიციის შერბილებას შეეცადოს. Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმებები ან ეკონომიკური დათმობები შესაძლოა ტაივანის საკითხთან დააკავშიროს.

ეს შეშფოთება ნაწილობრივ თავად ტრამპის საგარეო პოლიტიკის სტილსაც უკავშირდება, რომელიც ხშირად ტრანზაქციული მიდგომით ხასიათდება.

ამავე დროს, ტაივანი მხოლოდ გეოპოლიტიკური დავის საგანი აღარ არის. კუნძული მსოფლიო ტექნოლოგიური ეკონომიკის მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. ტაივანური კომპანიები გლობალური ჩიპების მიწოდების ჯაჭვებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და აწარმოებენ ნახევარგამტარი მოწყობილობების დიდ ნაწილს, რომლებიც სმარტფონებში, ხელოვნური ინტელექტის სისტემებში, მონაცემთა ცენტრებში, სამხედრო ტექნოლოგიებსა და თანამედროვე ინდუსტრიაში გამოიყენება.

ვაშინგტონი საჯაროდ აცხადებს, აშშ–ის პოლიტიკა ტაივანის მიმართ უცვლელი რჩება და რეგიონში სტატუს–კვოს ძალისმიერი ცვლილება მიუღებელია. პარალელურად, ჩინეთი ბოლო წლებში ტაივანზე სამხედრო და პოლიტიკურ ზეწოლას აძლიერებს, ზრდის სამხედრო წვრთნების მასშტაბს, აფართოებს საჰაერო და საზღვაო აქტივობას კუნძულის ირგვლივ და ცდილობს ტაივანის საერთაშორისო სივრცის შეზღუდვას.

ამ ფონზე, პეკინის სამიტის შედეგები შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს არა მხოლოდ აშშ–ჩინეთის ურთიერთობებისთვის, არამედ მთლიანად ინდო–წყნარი ოკეანის რეგიონში ძალთა ბალანსისთვისაც. სწორედ ამიტომ ტაივანი კვლავ რჩება საკითხად, რომელიც ორ ზესახელმწიფოს შორის კონკურენციის ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენს.

ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა პეკინში: მოლაპარაკებების ფოკუსი და მოლოდინები Read More »

ჩინეთის ყოფილ თავდაცვის მინისტრებს კორუფციის საქმეზე უმკაცრესი განაჩენი გამოუტანეს

ჩინეთის ორ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ვეი ფენჰესა და ლი შანფუს, კორუფციული სკანდალის გამო უმკაცრესი განაჩენი გამოუტანეს. ჩინეთის სამხედრო სასამართლოს 7 მაისის გადაწყვეტილებით, ორივე მაღალჩინოსანს სიკვდილით დასჯა მიესაჯა ორწლიანი გადავადებით.

ჩინურ სამართლებრივ პრაქტიკაში სიკვდილით დასჯა ორი წლის დაყოვნებით, როგორც წესი, უვადო პატიმრობით იცვლება, თუ მსჯავრდებული გადავადების პერიოდში ახალ დანაშაულს არ ჩაიდენს. თუმცა, Xinhua-ს ინფორმაციით, ვეისა და ლის შემთხვევაში სასჯელის უვადო პატიმრობით შეცვლის შემდეგაც კი, მათი შეწყალება ან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება არ იქნება დაშვებული. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის სამხედრო უწყების ყოფილი ხელმძღვანელები დარჩენილ ცხოვრებას გისოსებს მიღმა გაატარებენ. ორივე მათგანს სამუდამოდ ჩამოერთვა პოლიტიკური უფლებები, ხოლო პირადი ქონება კონფისკაციას დაექვემდებარება.

სასამართლომ ვეი ფენჰე ქრთამის აღებაში ცნო დამნაშავედ, ხოლო მისი მემკვიდრე, ლი შანფუ ქრთამის როგორც აღებაში, ისე გაცემაშია ბრალდებული. ვეი ფენჰე თავდაცვის მინისტრის პოსტს 2018-2023 წლებში იკავებდა, ლი შანფუ კი თანამდებობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დარჩა, სანამ 2023 წელს საჯარო სივრციდან გაუჩინარდებოდა და მოგვიანებით პოსტიდან გაათავისუფლებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში თავდაცვის მინისტრის პოსტი მეტწილად წარმომადგენლობითი ხასიათისაა, ხოლო სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაში წამყვანი როლი ცენტრალურ სამხედრო კომისიას ეკუთვნის, უმაღლესი სამხედრო იერარქიის წარმომადგენელთა დასჯა მკაცრი პოლიტიკური განაცხადია.

The Guardian-ის ცნობით, ვეი და ლი თავდაცვის მინისტრობამდე იმ სტრატეგიულ პოზიციებზე მუშაობდნენ, რომლებიც ბიუჯეტებსა და სტრატეგიულ სამხედრო მიმართულებებს აკონტროლებდა. კერძოდ, ვეი ფენჰე ჩინეთის სარაკეტო ძალებს ხელმძღვანელობდა, ლი შანფუ კი სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვების მიმართულებას კურირებდა. სწორედ ეს სფეროებია პეკინისთვის კრიტიკულად მგრძნობიარე, რადგან კორუფცია შეიარაღების სისტემებსა და სარაკეტო ქვედანაყოფებში პირდაპირ დარტყმას აყენებს არმიის საბრძოლო მზადყოფნასა და ჩინეთის სამხედრო ამბიციებს.

დასავლური მედიის შეფასებით, ეს პროცესი სი ძინპინის მხრიდან ორ მიზანს ემსახურება. ერთი მხრივ, პეკინი ცდილობს აღმოფხვრას ის სისტემური კორუფცია, რომელიც ჩინეთის არმიის მოდერნიზაციასა და საბრძოლო პოტენციალს რეალურ საფრთხეს უქმნის. მეორე მხრივ კი, ეს მკაფიო გაფრთხილებაა, რომ პარტიისა და ლიდერის მიმართ აბსოლუტური ლოიალობა სავალდებულოა. განაჩენი აჩვენებს, რომ ჩინეთის სამხედრო სისტემაში „ხელშეუხებელი“ ფიგურები აღარ არსებობენ, მათ შორის არც ისინი, რომლებიც წარსულში ძალაუფლების ცენტრთან ახლოს მოიაზრებოდნენ.

ამ გადაწყვეტილებით პეკინმა აჩვენა, რომ რომ „ქვეყნის ღალატსა და კორუფციას“ ჩინეთის სახალხო–განმათავისუფლებელ არმიაში უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

ჩინეთის ყოფილ თავდაცვის მინისტრებს კორუფციის საქმეზე უმკაცრესი განაჩენი გამოუტანეს Read More »

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკინში ჰორმუზის კრიზისის ფონზე ჩავიდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი 6 მაისს პეკინში ჩინელ კოლეგას, ვან ის შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ირანის გარშემო არსებული კრიზისი და ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ნაოსნობის აღდგენა იყო. შეხვედრა შედგა ერთი კვირით ადრე, დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის პეკინში დაგეგმილ შეხვედრამდე.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვან იმ შეხვედრაზე დაუყოვნებლივი და სრული ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კონფლიქტის განახლება მიუღებელია, ხოლო ირანის საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელება პრიორიტეტად უნდა დარჩეს. ვან იმ მხარეებს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად უპასუხონ საერთაშორისო მოწოდებებს და ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილება აღადგინონ.

ჰორმუზის სრუტის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინეთისთვის, რომელიც მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია. ირანის გარშემო განვითარებულმა კრიზისმა პეკინის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის პირდაპირი რისკები შექმნა. Reuters-ის შეფასებით, ომამდე ჩინეთი ირანის საზღვაო გზით ექსპორტირებული ნავთობის 80%-ზე მეტს ყიდულობდა.

შეხვედრაზე არაღჩიმ ჩინურ მხარეს ირანსა და აშშ–ს შორის მოლაპარაკებების ბოლო ვითარება გააცნო. ირანული სააგენტო ISNA წერს, რომ პეკინში არაღჩიმ ჩინეთი ირანის ახლო მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად დაასახელა და აღნიშნა, რომ არსებული გარემოებების ფონზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მისივე თქმით, თეირანი მოლაპარაკებების პროცესში საკუთარ „კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს“ დაიცავს და მხოლოდ სამართლიან შეთანხმებას მიიღებს.

Reuters-ის ცნობით, პეკინზე ზეწოლას ვაშინგტონიც აძლიერებს. აშშ–ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ჩინეთს მოუწოდა, დიპლომატიური გავლენა გამოიყენოს და ირანს ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო ნაოსნობისთვის გახსნისკენ უბიძგოს. მისი თქმით, ტრამპი და სი ძინპინი ამ საკითხზე 14-15 მაისს პეკინში დაგეგმილი შეხვედრის დროსაც ისაუბრებენ.

არაღჩის ვიზიტი აჩვენებს, რომ პეკინი ირანის კრიზისში უფრო აქტიურ დიპლომატიურ როლს იკავებს. ჩინეთი ერთდროულად ცდილობს, შეინარჩუნოს სტრატეგიული პარტნიორობა თეირანთან, დაიცვას საკუთარი ენერგეტიკული ინტერესები და თავი წარმოაჩინოს შუამავლად, რომელსაც რეგიონში დაძაბულობის შემცირების ხელშეწყობა შეუძლია.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკინში ჰორმუზის კრიზისის ფონზე ჩავიდა Read More »

ჰორმუზის სრუტის საკითხი ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრაზეც განიხილება

აშშ–ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ჩინეთს მოუწოდა, დიპლომატიური გავლენა გამოიყენოს და ირანს ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო ნაოსნობის შეუფერხებელი ფუნქციონირებისკენ უბიძგოს. ამის შესახებ ბესენტმა 4 მაისს Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ბესენტის თქმით, ჩინეთს ირანზე მნიშვნელოვანი ბერკეტი აქვს, რადგან, მისი განცხადებით, პეკინი ირანის ენერგორესურსების 90%-ს ყიდულობს. „ჩინეთმა უნდა აჩვენოს მეტი დიპლომატიური აქტიურობა და ირანელები სრუტის გახსნაზე დაითანხმოს“, – განაცხადა მან.

აშშ–ის ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტის საკითხი 14-15 მაისს პეკინში დაგეგმილ დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრაზეც განიხილება. ბესენტის შეფასებით, ვაშინგტონი ჩინეთისგან ელოდება, რომ იგი საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უფრო აქტიურ როლს შეასრულებს.

ჩინეთი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირება რეგიონული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესშია. ამავე დროს, პეკინი კრიზისის „ძირეულ მიზეზად“ აშშ–ისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებებს ასახელებს და გამოსავლად კონფლიქტის შეწყვეტას, დეესკალაციასა და დიალოგს მიიჩნევს.

ირანის პოზიციით, ჰორმუზის სრუტე დახურული არ არის და ნაოსნობა სრულად არ შეჩერებულა. თეირანი აცხადებს, რომ ნაოსნობის თავისუფლებას პატივს სცემს, თუმცა ამას სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას უკავშირებს. ირანის განმარტებით, შეზღუდვები მხოლოდ აშშ–სთან, ისრაელთან ან მათთან დაკავშირებულ გემებს ეხება, ხოლო სხვა, „არამტრულ“ ხომალდებს სრუტით უსაფრთხო გავლა შეუძლიათ. რეგიონში შექმნილ საფრთხეებზე პასუხისმგებლობას თეირანი აშშ–სა და ისრაელს აკისრებს.

ჰორმუზის სრუტე გლობალური ენერგომომარაგებისთვის ერთ–ერთი მთავარი მარშრუტია. რეგიონში დაძაბულობის ზრდამ ნავთობის ფასებზე ზეწოლა გააძლიერა, ხოლო ვაშინგტონი ცდილობს, ირანზე ზემოქმედების პროცესში პეკინიც ჩართოს. საკითხი აშშ–ჩინეთის ურთიერთობების ერთ–ერთ მნიშვნელოვან თემად იქცა ტრამპისა და სი ძინპინის მოსალოდნელი შეხვედრის წინ.

ჰორმუზის სრუტის საკითხი ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრაზეც განიხილება Read More »

ვანი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი პეკინში გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს, ანალენა ბერბოკს შეხვდა. შეხვედრა ბერბოკის ჩინეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 29-30 აპრილს ვან ის მიწვევით შედგება.

ჩინური სახელმწიფო მედიის ცნობით, ვან იმ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მზარდი გლობალური არასტაბილურობისა და კონფლიქტების ფონზე გაეროს „მხარდაჭერა, გამოცოცხლება და გაძლიერება“ აუცილებელია. მისი თქმით, საერთაშორისო სისტემამ არ უნდა დაუშვას „ჯუნგლის კანონის“ დამკვიდრება, სადაც ძალა განსაზღვრავს წესებს.

ამავე განცხადებაში მან გაეროს გენერალური ასამბლეის 2758-ე რეზოლუციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პეკინი ეწინააღმდეგება იმ ნაბიჯებს, რომლებიც, მისი შეფასებით, რეზოლუციის ავტორიტეტს ეჭვქვეშ აყენებს. პეკინი აღნიშნულ რეზოლუციას ტაივანის საკითხთან დაკავშირებით, „ერთი ჩინეთის“ პრინციპის დიპლომატიურ არგუმენტად იყენებს.

ევროკავშირი რეზოლუციის ამგვარ ინტერპრეტაციას სადავოდ მიიჩნევს. ბრიუსელის განმარტებით, 2758-ე რეზოლუცია მხოლოდ გაეროში ჩინეთის წარმომადგენლობის შეცვლას შეეხო და ტაივანის სტატუსს არ განსაზღვრავს. ევროკავშირი ტაივანის სრუტეში არსებული სტატუს–კვოს შენარჩუნებას რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხად მიიჩნევს.

ბერბოკმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ გაეროს 80-წლიანი გამოცდილება აჩვენებს: თანამედროვე გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება არც ერთ ქვეყანას, მათ შორის დიდ სახელმწიფოებსაც, დამოუკიდებლად არ შეუძლია.

შეხვედრას წინ უძღოდა ბერბოკის ვიზიტი ინდოეთში, სადაც მან გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. Anadolu წერს, რომ ნიუ–დელიში გამართულ პრესკონფერენციაზე ბერბოკმა განცხადებით, მისი ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დაცვაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში კრიზისი მწვავდება.

შეხვედრა საყურადღებოა იმ ფონზეც, რომ ბერბოკი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, პეკინის მიმართ ხშირად კრიტიკული პოზიციებით გამოირჩეოდა. Reuters-ის ცნობით, მან ჩინეთი რუსეთის უკრაინაში ომთან დაკავშირებულ მხარდაჭერაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ პეკინის ქცევა ევროპის უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.

ამ კონტექსტში, ბერბოკისა და ვან ის შეხვედრა მხოლოდ პროტოკოლურ დიპლომატიურ შეხვედრად არ უნდა შეფასდეს. ის ასახავს პეკინის მცდელობას, გაეროსა და მულტილატერალიზმის თემაზე საკუთარი როლი გააძლიეროს, მაშინ როდესაც ბერბოკის დღის წესრიგი გაეროს რეფორმას, საერთაშორისო სამართლის დაცვასა და გლობალურ კრიზისებზე ორგანიზაციის რეაგირების ეფექტიანობას უკავშირდება.

ვანი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა Read More »

ჩინეთში ავსტრალიისა და ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები იწყება

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელგიის ვიცე–პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ პრევო ჩინეთს 27 აპრილიდან 1 მაისამდე ეწვევა. ვიზიტი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ის მიწვევით გაიმართება. ამავე პერიოდში, 28-30 აპრილს, ჩინეთში ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პენი ვონგიც ჩავა.

პეკინის განცხადებით, პენი ვონგის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ავსტრალია–ჩინეთის მერვე საგარეო და სტრატეგიული დიალოგი, რომელსაც ვან ი და ვონგი თანათავმჯდომარეობენ. ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის, ლინ ძიანის თქმით, მხარეები ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთო ინტერესის მქონე საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე იმსჯელებენ.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პენი ვონგის ვიზიტი ჩინეთში მისი რეგიონული ტურნეს ნაწილია, რომელიც იაპონიას, ჩინეთსა და სამხრეთ კორეას მოიცავს. კანბერას განცხადებით, ტურნეს ერთ–ერთი მთავარი თემა ენერგეტიკული უსაფრთხოებაა, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი და ჰორმუზის სრუტის დახურვა გლობალურ ენერგობაზრებზე შეფერხებებს იწვევს.

პენი ვონგის განცხადებით, ავსტრალია ჩინეთთან „სტაბილურ და კონსტრუქციულ ურთიერთობას“ უჭერს მხარს, რაც, მისი თქმით, ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის. ავსტრალიის ოფიციალურ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები მნიშვნელოვანია მიწოდების ჯაჭვებისთვის, ინვესტიციებისა და ორივე ეკონომიკაში დასაქმებისთვის.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაქსიმ პრევოს ვიზიტი ჩინეთსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 55 წლისთავს ემთხვევა. Belga News Agency-ის ცნობით, პრევო ჩინეთში ორმხრივ ურთიერთობებზე, ჩინურ ბაზარზე მოქმედ ბელგიურ კომპანიებთან დაკავშირებულ საკითხებზე, სამართლიან კონკურენციაზე, ბაზარზე წვდომასა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრებს.

პრევოს განცხადებით, ჩინეთი ბელგიისთვის „შეუცვლელი პარტნიორია“, თუმცა ურთიერთობა უნდა იყოს „მკაფიო და დაბალანსებული“. ვიზიტის დღის წესრიგში ეკონომიკურ საკითხებთან ერთად გეოპოლიტიკური თემებიც შედის, მათ შორის უკრაინის ომი, ირანის საკითხი, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია და ადამიანის უფლებები.

ამ ორი ვიზიტის პარალელურად, პეკინი ცდილობს საგარეო–პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებას იმ ფონზე, როდესაც ჩინეთს დასავლელ პარტნიორებთან ერთდროულად ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და პოლიტიკური უთანხმოებების მართვა უწევს.

ჩინეთში ავსტრალიისა და ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები იწყება Read More »

ირანის კრიზისის ფონზე, ჩინეთი დიპლომატიურ აქტივობას აძლიერებს

ირანის კრიზისის ფონზე ჩინეთი დიპლომატიურ აქტივობას აძლიერებს და აცხადებს, რომ დეესკალაციისა და მოლაპარაკებების ხელშეწყობას გააგრძელებს. პეკინის შეფასებით, ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა რეგიონში შემდგომი დაპირისპირების თავიდან აცილება და დიალოგისთვის სივრცის შენარჩუნებაა.

ჩინეთის ეს პოზიცია 15 აპრილის ბრიფინგზე დადასტურდა, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გუო ძიაკუნმა განაცხადა, რომ პეკინი მიესალმება ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც კონფლიქტის დასრულებას ემსახურება.

ამავე მიდგომის ფარგლებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 აპრილს აბუ-დაბის მემკვიდრე პრინცთან, შეიხ ხალედ ბინ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან შეხვედრისას, სი ძინპინმა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა და სტაბილურობის დაცვისთვის ოთხი მთავარი პრინციპი გამოყო: მშვიდობიანი თანაარსებობა, ეროვნული სუვერენიტეტი, საერთაშორისო სამართალი და განვითარებისისა და უსაფრთხოების ბალანსი.

Wall Street Journal-ის ცნობით, 15 აპრილს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ სეიდ აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა, სადაც მხარეებმა რეგიონში შექმნილი ვითარება და ირან-აშშ-ის მოლაპარაკებები განიხილეს. ვან იმ აღნიშნა, რომ ვითარება „ომსა და მშვიდობას შორის კრიტიკულ ეტაპზეა“ და „მშვიდობის შესაძლებლობის ფანჯარა იხსნება“. მისივე განცხადებით, პეკინი მხარს უჭერს როგორც ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების გაგრძელებას, ისე ირანის სუვერენიტეტის დაცვასა და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

კრიზისის ფონზე ჩინეთი დიპლომატიურ ჩართულობას როგორც პირდაპირი კომუნიკაციის, ისე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით აგრძელებს. კერძოდ, 31 მარტს ჩინეთმა და პაკისტანმა ერთობლივი ხუთპუნქტიანი ინიციატივა წარადგინეს, რომელიც დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებასა და ირანისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვას ითვალისწინებს.

ჩინეთი ამ პროცესში განსაკუთრებით ფრთხილად მოქმედებს: ერთი მხრივ ცდილობს ირანთან საკომუნიკაციო არხების შენარჩუნებას, მეორე მხრივ კი ვაშინგტონთან ურთიერთობის გამწვავებას არიდებს თავს.

Reuters წერს, რომ ვან ის ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით 30-მდე სატელეფონო საუბარი და შეხვედრა ჰქონდა, ხოლო ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა სპარსეთის ყურისა და არაბული რეგიონის რამდენიმე დედაქალაქში დიპლომატიური კონსულტაციები გამართა. სააგენტო იუწყება, რომ პეკინის ეს აქტიურობა დონალდ ტრამპის მიერ მაისში სი ძინპინთან შეხვედრის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ემთხვევა, თუმცა ჩინეთის საგარეო უწყებამ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ამ საკითხზე მხარეებს შორის კომუნიკაცია ჯერ კიდევ გრძელდება.

ავტორი: მარიამ სიმსივე

ირანის კრიზისის ფონზე, ჩინეთი დიპლომატიურ აქტივობას აძლიერებს Read More »

სანჩესი და სი ძინპინი ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

14 აპრილს, პეკინში, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერებასა და ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სი ძინპინმა მხარეებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებასა და თანამშრომლობის გაფართოებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის არის ვაჭრობა, ახალი ენერგეტიკა, ჭკვიანი ეკონომიკა, კულტურა, განათლება, კვლევა და სპორტი. ამასთან, პეკინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ესპანეთთან ერთად მრავალმხრივობისა და გაეროზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვისთვისაც არის მზად.

ესპანეთის მთავრობის ინფორმაციით, მხარეებმა 19 შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტები ეკონომიკურ, კულტურულ და სამეცნიერო-ტექნოლოგიურ თანამშრომლობას მოიცავს. ამასთან, გაფორმდა რამდენიმე პროტოკოლი, რომლებიც ესპანური პროდუქციისთვის ჩინეთის ბაზარზე წვდომის გაფართოებას ითვალისწინებს. თანამშრომლობის მიმართულებებს შორის დასახელებულია ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ბიომრავალფეროვნება და საუნივერსიტეტო კვლევა.

ამასთან, მადრიდმა ჩინეთთან ვიზიტი სავაჭრო ურთიერთობების დაბალანსების საკითხის წინ წამოსაწევადაც გამოიყენა. მთავრობის განცხადებით, მადრიდს პეკინთან არა მხოლოდ მჭიდრო, არამედ უფრო ჯანსაღი და დაბალანსებული ეკონომიკური ურთიერთობა სურს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, უკვე მიღწეულმა შეთანხმებებმა ესპანური ექსპორტის ზრდას შეუწყო ხელი, ხოლო ახალი პაკეტი ჩინეთის ბაზარზე წვდომის კიდევ უფრო გაფართოებას და ინვესტიციების წახალისებას უნდა დაეხმაროს. სანჩესმა ჩინელ ინვესტორებს მოუწოდა, ესპანეთში ისეთი პროექტები განახორციელონ, რომლებიც ადგილობრივ დასაქმებას, ცოდნის გადაცემასა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

პედრო სანჩესის 11-15 აპრილის ვიზიტი ჩინეთში იმ დროს გაიმართა, როდესაც დასავლეთის არაერთი ქვეყანა, უსაფრთხოებისა და ვაჭრობის სფეროში არსებული უთანხმოებების მიუხედავად, პეკინთან ურთიერთობების დაბალანსებას ცდილობს. ეს პროცესი განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკა დასავლელ პარტნიორებში მზარდ უკმაყოფილებას იწვევს და რიგ ქვეყნებს საგარეო-ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაციისკენ უბიძგებს.

ავტორი: მარიამ სიმსივე

სანჩესი და სი ძინპინი ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ Read More »

Scroll to Top