ერთი ახალი ამბავი

ვაშინგტონის გავლენების ცვლილების ფონზე, ჩინეთი კოსმოსურ პარტნიორობას აძლიერებს აფრიკის ქვეყნებთან

პეკინმა აფრიკის 23 ქვეყანასთან კოსმოსური თანამშრომლობის შეთანხმებები გააფორმა, რომლის ფარგლებშიც თანამგზავრებსა და სახმელეთო სადგურებს დააფინანსებს.

პრეზიდენტი სი ძინპინი 50 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს დაჰპირდა აფრიკის ქვეყნებს და პრიორიტეტებად თანამგზავრების განვითარება, მთვარის და სხვა ღრმა კოსმოსური კვლევები დაასახელა.

სატელიტური ტექნოლოგიებისა და კოსმოსური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ინვესტიციების მეშვეობით, პეკინი თავის გავლენას გაზრდის კონტინენტზე და და გააძლიერებს თავის სათვალთვალო და საკომუნიკაციო შესაძლებლობებს.

დღესდღეობით დაახლოებით 90 ქვეყანას აქვს საკუთარი კოსმოსური პროგრამა და მათ შორის, ბევრი პატარა სახელმწიფო თავის ეროვნულ პოლიტიკას ვაშინგტონის ან პეკინის მიერ დადგენილ ჩარჩოებში ადგენს. თავის მხრივ, განვითარებად ქვეყნებში კოსმოსური ინდუსტრიების აშენება ჩინეთის ალიანსებს საგრძნობლად გააძლიერებს.

საგულისხმოა ისიც, რომ აშშ-ს მოკავშირეებმა ჩინეთთან კოსმოსური პარტნიორობა შეაჩერეს. კერძოდ, 2020 წელს შვედეთმა უარი თქვა ჩინეთთან კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც პეკინს საშუალებას აძლევდა, შვედეთსა და ავსტრალიაში მდებარე სატელიტური სახმელეთო სადგურები გამოეყენებინა. ეს გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური ფაქტორებმა, განსაკუთრებით  ჩინეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მზარდმა დაძაბულობამ განსაზღვრა.

როგორც ,,როიტერსთან“ ინტერვიუში პენტაგონის აშშ-ს  კოსმოსური ძალების სარდლობის მეთაურმა სტეფან უაიტინგმა განაცხადა, პეკინი აშშ-ს ინოვაციურობის დონის მიღწევას ცდილობს თანამგზავრებით, მთვარეზე დაშვებითა თუ იარაღების განვითარებით, რომლებსაც თანამგზავრების განადგურება შეეძლებათ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, დედამიწის დაბალ ორბიტაზე ჩინეთმა საკომუნიკაციო თანამგზავრების გაშვება დააჩქარა, რათა კონკურენცია გაუწიოს მასკის Starlink-ს რომელსაც  კომპანია SpaceX ფლობს. ის  კომერციულ ინტერნეტ სერვისს უზრუნველყოფს და, ამავე დროს, ეროვნული სადაზვერვო ოფისისათვის ასობით ჯაშუშური თანამგზავრის ქსელს აშენებს.

ჩინეთის წინსვლა კოსმოსურ რბოლაში გამოწვევას უქმნის ტრამპს. პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში ტრამპმა შექმნა აშშ-ს კოსმოსური ძალები – სამხედროების ახალი ჯგუფი, რამაც ხაზი გაუსვა კოსმოსის მნიშვნელობას მომავალ კონფლიქტებში.

მიმდინარე მოვლენების პარალელურად, სავარაუდოა, რომ ტრამპი ილონ მასკთან თანამშრომლობით კოსმოსურ „რბოლაში“ წინსვლას განაგრძობს. ამასთანავე, NASA-ს Artemis-ის პროგრამა, მხარს უჭერს რაკეტების გაშვებას კერძო კომპანიების მიერ და მიზნად ისახავს ასტრონავტების დაბრუნებას მთვარეზე 2028 წლისთვის. NASA, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, კანადასთან, იაპონიასთან და ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან პარტნიორობით, ასევე გეგმავს კოსმოსური სადგურის აშენებას მთვარის ორბიტაზე.

ამრიგად, რამდენადაც ქვეყნები სულ უფრო და უფრო მეტად აღიარებენ კოსმოსური ტექნოლოგიებისა და კვლევის როლს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არა მხოლოდ უნდა გააღრმავოს მოკავშირეებთან თანამშრომლობა, არამედ უნდა განავითაროს ინოვაციები საკუთარ კოსმოსურ ინიციატივებში, რათა კოსმოსური მეტოქეობის ახალ ერას ეფექტურად გაუმკლავდეს. ამ ძალისხმევის შედეგები მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ძალთა ბალანსზე და კოსმოსში ლიდერობის მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.

ავტორი: ლიზა ბარბაქაძე

ვაშინგტონის გავლენების ცვლილების ფონზე, ჩინეთი კოსმოსურ პარტნიორობას აძლიერებს აფრიკის ქვეყნებთან Read More »

ჰონგ კონგი აშშ-ს წინააღმდეგ – ახალი საჩივარი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში

ჰონგ კონგი ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი საჩივრით ემუქრება. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, აშშ-მა ჩინეთისთვის ახალი ტარიფების დაწესების დროს სრულად უგულებელყო ჰონგ კონგის, როგორც ცალკე საბაჟო ტერიტორიის სტატუსი. მთავარი მდივნის, ერიკ ჩანის განცხადებით, ამის გამო ჰონგ კონგი შტატებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან უჩივლებს.

ერიკ ჩანი აღნიშნავს, რომ აშშ-ს მიერ ჰონგ კონგის, როგორც ცალკე საბაჟო ტერიტორიის სრულად უგულებელყოფა „აბსოლუტურად შეუსაბამოა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებთან“. 

ეს გადაწყვეტილება არის პასუხი შშ-ს მიერ აზიური ფინანსური ჰაბიდან შემოტანილ პროდუქციაზე 10%-იანი ტარიფების დაწესებაზე. გასულ კვირას შტატების საფოსტო სერვისმა შეაჩერა ჩინეთიდან და ჰონგ კონგიდან შემომავალი ყველა პაკეტი და ფოსტა, თუმცა მალევე ეს გადაწყვეტილება გააუქმა. ამ პროცესმა გარკვეული დაბნეულობა წარმოშვა საცალო მოვაჭრეებსა და სწრაფ გადამზიდ ფირმებს შორის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ აშშ-ს ტარიფებს.

ჰონგ კონგი დიდი ხანია ცნობილია, როგორც ვაჭრობის ღია და თავისუფალი ცენტრი, თუმცა 2020 წელს ჩინეთის მიერ ეროვნული თავდაცვის კანონის დაწესებამ ჰონგ კონგზე აშშ-ს მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. აშშ-მა აიძულა ჩინეთი, რომ, შეეწყვიტა აშშ-ს კანონმდებლობით გათვალისწინებული, ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის სპეციალური სტატუსი,  რამაც ამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა დაძაბა.

ამ ფონზე, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძიპინთან დიალოგი შედგა, თუმცა დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია. ტრამპის თქმით, მათ ძალიან კარგი პირადი ურთიერთობა აქვთ. აშშ-ს 47-ე პრეზიდენტმა და სი ძინპინმა ჯერ კიდევ ტრამპის ოფისში დაბრუნებამდე ისაუბრეს და ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა ტაივანი, ტიკტოკი, ვაჭრობა და სხვა.

ვაშინგტონსა და პეკინს წლების განმავლობაში ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა სავაჭრო ტარიფებიდან და კიბერუსაფრთხოებიდან დაწყებული, ტაივანით, ჰონგ კონგით, ადამიანის უფლებებით და COVID-19-ის გამომწვევი მიზეზებით დამთავრებული. თუ როგორ განვითარდება ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის განმავლობაში ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა, ამას, როგორც ორივე მხარის, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საპასუხო რეაქციები გადაწყვეტს.

ჰონგ კონგი აშშ-ს წინააღმდეგ – ახალი საჩივარი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში Read More »

პანამამ ჩინეთის სარტყლისა და გზის ინიციატივა დატოვა

პანამის მხარემ პეკინს სარტყლისა და გზის ინიციატივის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად შეატყობინა – პანამის პრეზიდენტმა, ხოსე რაულ მულინომ აღნიშნა, რომ მან დიპლომატებს პროექტის დასატოვებლად საჭირო განცხადების შეტანა დაავალა.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „არ იცის, რა იყო მისი მიზანი, ვინც [2017 წელს] ინიციატივაში ჩართვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა“ და ეჭვქვეშ დააყენა სარგებელი, რომელიც ჩინეთს აღნიშნული პროექტით პანამისთვის მოაქვს.

პანამის გადაწყვეტილება ქვეყანაში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ვიზიტს მოჰყვა, რომელსაც წინ დონალდ ტრამპის მიერ პანამის არხის ჩინეთის მიერ კონტროლის შესახებ გაკეთებული განცხადებები უძღოდა. მარკო რუბიომ თავადაც ისაუბრა აღნიშნულ საკითხზე და თქვა, რომ ჰონგ კონგის მიერ კონტროლირებული კომპანიების მიერ არხის „შესასვლელებსა და გასასვლელებზე კონტროლის ქონა სრულიად მიუღებელია“. მან ასევე ისაუბრა ჩინეთის ჰონგ კონგზე გავლენაზე და განაცხადა, რომ „თუ ჩინეთი მას დაავალებს, გააკეთოს ყველაფერი აშშ-სთვის არხის გავლით  ვაჭრობის შესაზღუდად, ჰონგ კონგს ამის შესრულება მოუწევს“.

თავად პანამა გადაწყვეტილებაში აშშ-ს ჩართულობას უარყოფს, თუმცა აშშ მას ღიად აფასებს დადებითად.

პანამის გადაწყვეტილებას ჩინეთის მხარეც გამოეხმაურა: ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პანამას „სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ“ მოუწოდებს და ამბობს, რომ ეს ქმედება პანამის ინტერესებში არ შედის. განცხადების მიხედვით, ჩინეთი იმედოვნებს, რომ პანამა „გარე ჩარევას თავს დააღწევს და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც დაეფუძნება ორი ერის ორმხრივ ურთიერთობასა და გრძელვადიან ინტერესებს“. პეკინი აშშ-ს ქმედებებს პანამაზე წნეხად აფასებს, რომლის მიზანიც სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში კოოპერაციისთვის ძირის გამოთხრაა. რაც შეეხება რუბიოს პანამაში ვიზიტს – ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მდივნის კომენტარები „უსამართლოდდებს ბრალს ჩინეთს, ცდილობს დანერგოს განხეთქილება ჩინეთსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის და ერევა ჩინეთის საშინაო საქმეებში“.

პანამამ ჩინეთის სარტყლისა და გზის ინიციატივა დატოვა Read More »

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ქსელს, რომელსაც ირანული ნავთობი ჩინეთში შეჰქონდა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში პირველი ფინანსური სანქციები გამოაცხადა. სანქციები ირანული ნავთობის ჩინეთში ტრანპორტირებაში ჩართულ საერთაშორისო ქსელის წინააღმდეგ არის მიმართული. სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული ქსელი პასუხისმგებელია ასობით მილიონი დოლარის ღირებულების მილიონობით ბარელი ირანული ნედლი ნავთობის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გადაზიდვაზე.

ნავთობის გადაზიდვები ხორციელდება ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სანქცირებული ერთეულის, Sepehr Energy Jahan Nama Pars-ის სახელით. სანქციები შეეხო პირებსა და კომპანიებს ჩინეთში, ინდოეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

გარდა ამისა, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ბლოკირების სანქციები დააწესა ორ ტანკერზე—პანამის დროშის ქვეშ მცურავ CH Billion-სა და ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავ Star Forest-ზე—ირანული ნავთობის ჩინეთში ტრანსპორტირებაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ეს გემები ტვირთავენ ირანულ ნედლ ნავთობს ჩინეთის საცავებიდან. აღნიშნული ქმედებები ირანის სამხედრო ძალებისთვის ნავთობის გაყიდვების გზით სარგებლის მოტანის სქემის ნაწილია.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ტემი ბრიუსმა, ხაზი გაუსვა, რომ სანქციების მიზანია “უკანონო ფინანსური წყაროების ჩახშობა”, რომლებიც ირანის შეიარაღებულ ძალებსა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებულ ჯგუფებს, მათ შორის ჰამასსა და ჰეზბოლას, აფინანსებენ.

“ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას, რათა რეჟიმი პასუხისგებაში მივცეთ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებებისა და ბირთვული იარაღის წარმოების მცდელობისთვის, რაც საფრთხეს უქმნის ცივილიზებულ სამყაროს,”—განაცხადა ბრიუსმა.

მიმდინარე მონაცემებით, ირანის ნავთობის ექსპორტმა 2024 წლის პირველ კვარტალში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ექსპორტის უმეტესი ნაწილი ჩინეთში განხორციელდა. The Economist-ის 2024 წლის ოქტომბრის გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წელს ირანის ნავთობისა და პეტროქიმიური პროდუქტების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 70 მილიარდ დოლარს აღწევდა. 

ჩინეთში ირანული ნავთობის იმპორტის ზრდა მიანიშნებს, რომ ჩინელი მყიდველებისთვის ირანული ნავთობის შეძენით მიღებული ეკონომიკური სარგებელი აღემატება აშშ-ის სანქციების რისკებს. ირანული ნავთობი ხშირად ბაზრის ფასებზე იაფად იყიდება და, გავრცელებული ცნობებით, ფასდაკლებით ვრცელდება. ეს მოცემულობა ირანულ ნავთობს ჩინეთისთვის სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და რუსეთის ნავთობზე უფრო მიმზიდველს ხდის. 

ირანული ნავთობის უმეტესობას ჩინეთში მცირე, ნახევრად დამოუკიდებელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ე.წ. “teapots”-ები ყიდულობენ.  ეს ქარხნები “რთულად აღმოსაჩენია და არ არის დაკავშირებული აშშ-ის ფინანსურ სისტემასთან,” რაც ზღუდავს სანქციების ეფექტურობას. ამასთან, სავაჭრო კომპანიები იყენებენ უკანონო ტაქტიკებს, როგორიცაა ირანული წარმოშობის ნავთობის ხელახალი მარკირება და ტანკერების მარშრუტების გაყალბება.

“ირანის რეჟიმი კვლავ კონცენტრირებულია ნავთობიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებაზე, რათა დააფინანსოს ბირთვული პროგრამის განვითარება, სასიკვდილო ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება, ასევე რეგიონალური ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერა,”—განაცხადა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, სკოტ ბესენტმა.

“შეერთებული შტატები მტკიცედ ებრძვის ირანის ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ამ მავნე საქმიანობის დაფინანსებას ისახავს მიზნად,”—დასძინა მან.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ქსელს, რომელსაც ირანული ნავთობი ჩინეთში შეჰქონდა Read More »

პანამის არხის გარშემო აშშ-ჩინეთის დაძაბულობა იზრდება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 5 თებერვალს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების წინააღმდეგ საჩივარი შეიტინა. საჩივარი ეხება აშშ-ს მიერ პანამის არხთან დაკავშირებულ „უპასუხისმგებლო“ შენიშვნებსა და ჩინეთ-პანამის თანამშრომლობაზე „თავდასხმებს“.

სამინისტროს სპიკერმა ლინ ჯიანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ამჟამად ჩინეთსა და პანამას შორის თანამშრომლობა სარტყლისა და გზის ფარგლებში ნორმალურად მიმდინარეობს. თუმცა, რამდენიმე დღით ადრე პანამის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს სარტყლისა და გზის ინიციატივაში მონაწილეობის მიღების უფლება.

ლინმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს, შესაბამისი მხარეები გადაწყვეტილებას არ შეცვლიან და გარე ძალების გავლენის ქვეშ არ მოექცევიან, „მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას ორმხრივი საერთო ურთიერთობებისა და ორივე სახელმწიფოს ხალხის გრძელვადიან ინტერესებზე დაყრდნობით“.

აღსანიშნავია, რომ განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა ინფორმაცია, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროსა და პანამას შორის დადებული შეთანხმების შესახებ. შტატების თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი და პანამის პრეზიდენტი ხოსე რაულ მულინო შეთანხმდნენ გააფართოვონ თანამშრომლობა ამერიკულ არმიასა და პანამის უსაფრთხოების ძალებს შორის.

„ისინი შეთანხმდნენ მჭიდრო ურთიერთობებსა და უსაფრთხოების საერთო ინტერესებზე, რაც პანამის არხის დაცვას გულისხმობს“,- აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

პანამის არხის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 2 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პანამის პრეზიდენტი მულინო გააფრთხილა, რომ ვაშინგტონი „აუცილებლად მიიღებს შესაბამის ზომებს“, თუ პანამა დაუყოვნებლივ არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც დაასრულებს პანამის არხზე ჩინეთის კონტროლსა და გავლენებს.

რუბიომ ტრამპის შეტყობინება გააზიარა, რომ ჰონგ კონგში დაფუძნებული კომპანიის ოპერირება არხის ორ ბოლოში განთავსებულ პორტებზე, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და აშშ-სა და პანამას შორის დადებულ ხელშეკრულებას არღვევს. საინტერესოა, რომ მან არ გამორიცხა ძალის გამოყენებაც. ტრამპმა განაცხადა, რომ არ თვლის, რომ ჯარების გამოყენება საჭირო გახდება, თუმცა პანამის არხის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

პანამის პრეზიდენტმა რუბიოსთან შეხვედრის დროს გამოთქვა მზადყოფნა, რომ გადახედოს პანამაში ჩინური ბიზნესების მუშაობას, მათ შორის იმ კომპანიებსაც, რომლებიც 25 წელზე მეტია ბაზარზე ოპერირებენ. 

რუბიოს მოწოდებიდან მეორე დღესვე, ორმა პანამელმა ადვოკატმა ქვეყნის უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რათა გააუქმონ ჰონგ კონგში დაფუძნებული კომპანიის კონცესია პანამის არხის პორტებში ოპერირების შესახებ.  თუ სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ეს პანამურ-ჩინური კონტრაქტის სწრაფ გაუქმებამდე მივა.

CK Hutchison Holdings-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ჰონგ კონგელ მილიარდერ ლი კა-შინგს ეკუთვნის, არხის ხუთი პორტიდან ორს მართავდა მას შემდეგ, რაც მან ტენდერი 1997 წელს მოიგო.

პანამის არხის გარშემო აშშ-ჩინეთის დაძაბულობა იზრდება Read More »

ევროპის დილემა: ნავიგაცია გლობალური ალიანსების ცვლის ფონზე

ურსულა ფონ დერ ლაიენი დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ამერიკის განახლებული გეოპოლიტიკის ფარგლებში, ნავიგაციისათვის ალტერნატივებს ეძებს და ყურადღებას ჩინეთსა და ინდოეთზე მიმართავს. ევროკავშირი ფინანსური შეზღუდვების, რესურსების დეფიციტისა და არაპროგნოზირებადი გამოწვევების წინაშე უნდა ადაპტირდეს, თუმცა, მეორე მხრივ, ცვლილებები საფრთხეს უქმნის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების სტაბილურობას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც ხშირად აღიქმება როგორც ევროკავშირის წამყვანი კრიტიკოსი ჩინეთის მიმართ, ევროკავშირის დიპლომატებთან სიტყვით გამოსვლისას ბრიუსელში განაცხადა: „ჩვენ გავაგრძელებთ რისკების შემცირებას ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებში, როგორც ამას ბოლო წლებში ვაკეთებდით, მაგრამ საჭიროა ჩინეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობაც, რათა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ორმხრივ ინტერესებს ემსახურება“.

როგორც ჩანს, ფონ დერ ლაიენი აპირებს, ტრადიციული წიაღისეული საწვავისკენ მიმართული ამერიკის საპირწონედ, ევროკავშირის მწვანე და ციფრულ მიდგომას დაუჭიროს მხარი: „ჩვენი გზავნილი მსოფლიოსადმი მარტივია: თუ არსებობს ორმხრივი სარგებელი, ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ თქვენთან”. ის დასძენს, ,,თუ გსურთ განაახლოთ თქვენი სუფთა ტექნოლოგიების ინდუსტრია, გააუმჯობესოთ თქვენი ციფრული ინფრასტრუქტურა – ევროპა ღიაა ბიზნესისთვის.”

ევროკომისიამ, რომელიც პასუხისმგებელია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკის მართვაზე, პირობა დადო, რომ ტრამპის მუქარების განხორციელების შემთხვევაში, ევროკავშირი დაიცავს საკუთარ ინტერესებს.

მიუხედავად ამისა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს ჯერ კიდევ აქვს მნიშვნელოვანი განსხვავებები ჩინეთთან და აღნიშნა, რომ ეს იქნება “ინტენსიური” წელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ურთიერთობისთვის”.

ზოგიერთმა გააკრიტიკა ფონ დერ ლეიენის პოლიტიკის ცვლილება და აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის აშშ-ზე დამოკიდებულება ზღუდავს მის ალტერნატივებს. ”ევროპას არჩევანი ნამდვილად არ აქვს”, – თქვა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა და დასძინა: „თუ არჩევანი არ არის ევროპის ჩინეთისთვის ჩაბარება, ევროკავშირი ხაფანგშია. ერთადერთი, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ ახლა არის მოკლევადიანი შეთანხმების დადება ტრამპთან, მუშაობა სხვა საშუალო ძალებთან და გლობალურ სამხრეთთან, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.“

ევროპის დილემა: ნავიგაცია გლობალური ალიანსების ცვლის ფონზე Read More »

სავაჭრო ომის ახალი ეტაპი: ჩინეთის პასუხი აშშ-ს ტარიფებზე

ჩინეთმა ამერიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 4 თებერვალს ახალი ტარიფები დააწესა. ეს არის საპასუხო რეაქცია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ამავე დღესვე ამოქმედებულ დამატებით 10%-იან ტარიფებზე, რომლებიც ამერიკაში შეტანილ ყველა ჩინურ საქონელს შეეხება.

ტრამპი, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ისე ინაუგურაციის დღიდან პეკინს ბრალს სდებს, რომ ჩინეთი შტატებში უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკების მზარდი ნაკადის შესაჩერებლად საჭირო და საკმარის ზომებს არ იღებს. შესაბამისად, დამატებითი ტარიფებიც ერთგვარი დამსჯელი ღონისძიებაა ჩინეთის მიმართ.

ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ ამერიკული ტარიფების ძალაში შესვლის  წუთებიდანვე განაცხადა, რომ თვითონაც აამოქმედებს დამატებით 15%-იან ტარიფს ამერიკულ ქვანახშირსა და თხევად ბუნებრივ გაზზე, 10%-იან ტარიფს კი ნედლ ნავთობზე, ფერმერულ აღჭურვილობასა და მცირე რაოდენობის სატვირთო მანქანებზე, ასევე დიდ ძრავიან სედანებზე, რომლებიც ჩინეთში ამერიკიდან შემოდის. დამატებითი 10%-იანი ტარიფები ასევე შეიძლება შეეხოს ილონ მასკის Cybertrucks, რომლებსაც Tesla აწარმოებს.

ტარიფები ძალაში 10 თებერვლიდან შევა, თუმცა განცხადების გაკეთებიდან მალევე, ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი 2%-ით დაეცა.  

აშშ-ს ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის პირველ 11 თვეში, წინა წლის ამ პერიოდთან შედარებით,  ჩინეთში იმპორტირებული ამერიკული ნედლი ნავთობი 52%-ით შემცირდა, რაც დღეში დაახლოებით 230 540 ბარელი ნავთობია.

მთელი წლის განმავლობაში ამერიკულმა ნედლმა ნავთობმა შეადგინა ჩინეთის სრული იმპორტის 1.7 %, დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი, რაც ჩინეთის საბაჟო მონაცემებით, 2023 წლის მონაცემებთან შედარებით 2.5%-ით ნაკლებია.

მია გენგმა, ანალიტიკოსმა FGE-ში, განაცხადა, რომ, როდესაც ჩინეთმა ტრამპის პირველი ვადის დროს მიმდინარე სავაჭრო ომში ამერიკულ ნედლეულზე 25%-იანი ტარიფები დააწესა, დღეში დაახლოებით 300 000-400 000 ბარელი ნედლი ნავთობის შესყიდვა შეაჩერა და ალტერნატივებად დასავლეთ აფრიკისა და აზიის მარაგები გამოიყენა.

ამას გარდა, ჩინეთის სამიზნე გახდა ამერიკული ბიზნესები, მათ შორის Google, Calvin Klein და სხვა. ჩინეთის კომერციის სამინისტრომ განაცხადა, რომ PVH (PVH.N) ჰოლდინგი, რომლის მფლობელობაშიც ისეთი ბრენდები შედიან, როგორებიცაა Tommy Hilfiger და Calvin Klein, და ამერიკული ბიოტქნოლოგიების ფირმა Illumina, “არასანდო სუბიექტების” სიაში უკვე შეიყვანა. სამინისტროს განცხადებით, ამ ორმა კომპანიამ დისკრიმინაციული ზომები მიიღო ჩინური საწარმოების მიმართ და დააზიანა ჩინური კომპანიების ლეგიტიმური უფლებები და ინტერესები. ამ სიაში მოხვედრილ სუბიექტებსა თუ კომპანიებს, ჩინეთი ემუქრება ჯარიმებითა თუ მრავალფეროვანი სანქციებით, რაც მოიცავს ვაჭრობის შეჩერებასა და გაყინვას, უცხოელი პერსონალისთვის მუშაობის ნებართვის გაუქმებას.

დამატებით, ჩინეთის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ Google ეჭვმიტანილია ქვეყნის ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევაში და კანონის შესაბამისად, უკვე დაიწყეს კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება. Google-ის პროდუქტები, როგორიცაა მისი საძიებო სისტემა, ჩინეთში დაბლოკილია, თუმცა ის ადგილობრივ პარტნიორებთან, მაგალითად, სარეკლამო კომპანიებისთვის, მუშაობს.

ჩინეთის გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დამატებითი სანქციები კანადასა და მექსიკასაც დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა 1 თებერვალს ამერიკულ საქონელზე საპასუხო 25%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ განაცხადა და ამერიკელი ხალხი გააფრთხილა, რომ ტრამპის ქმედებების გამო პასუხის გება მათ მოუწევდათ. ამის შემდეგ, ტრამპმა დროებით შეაჩერა თავისი გადაწყვეტილება და 30 დღიანი შუალედი მისცა კანადასა და მექსიკას, რათა აღმოფხვრან კრიმინალური მოქმედებები საზღვრებთან.

სავაჭრო ომის ახალი ეტაპი: ჩინეთის პასუხი აშშ-ს ტარიფებზე Read More »

დონალდ ტრამპმა ჩინეთს, მექსიკასა და კანადას ტარიფები დაუწესა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის მიერ წარსულში დაანონსებული ეკონომიკური პოლიტიკის რეფორმების შესრულება დაიწყო და ტარიფები დაუწესა როგორც ჩინეთს, ისე კანადასა და მექსიკას. მან დადგენილებას ხელი შაბათს, პირველ თებერვალს მოაწერა.

პირადად პრეზიდენტის მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ „ტარიფები ამერიკელების დასაცავადაა საჭირო“.

უფრო კონკრეტულად, ახალი ზომები კანადასა და მექსიკაზე დამატებით 25%, ხოლო ჩინეთზე 10%-იან მატებას ითვალისწინებს. ჩინეთთან მიმართებით თეთრი სახლის განცხადებაში ფენტანილის საფრთხეზეა საუბარი – მის მიხედვით ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა ვერ შეძლეს აღეკვეთათ კრიმინალური კარტელებისთვის აღნიშნული ნარკოტიკის გადაცემის ფაქტები. გარდა ამისა, მათ ვერ შეაჩერეს ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების მხრიდან ფულის გათეთრება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება „მკაცრად ეწინააღმდეგება [დონალდ ტრამპის] აღნიშნულ ქმედებას და მიიღებს საჭირო ზომებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“. გარდა ამისა, პრეს-რელიზში სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ჩინეთმა ფენტანილთან დაკავშირებული ნარკოტიკების რეგულაცია 2019 წელს დაიწყო და ნარკოტიკების საწინააღმდეგოდ აშშ-სთან კოოპერირებდა.

დამატებით, ტრამპის აღნიშნულ ქმედებას ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომაც უპასუხა და დააანონსა საჩივარი, რომლის შეტანასაც ის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) აპირებს. რაც შეეხება კანადასა და მექსიკას, ორივე აღნიშნულმა ქვეყანამ საპასუხო ტარიფების დაწესება გადაწყვიტა.

დონალდ ტრამპმა ჩინეთს, მექსიკასა და კანადას ტარიფები დაუწესა Read More »

რა ეტაპზეა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი?

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” დაპირებები გრძელდება. მიუხედავად არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლების არაერთი განცხადებისა, პროექტის კერძო ინვესტორის შერჩევის პროცესის შესახებ დეტალები კვლავ ბუნდოვანია. 

2025 წლის 20 იანვარს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ პორტის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები კერძო ინვესტორთან. მისი თქმით, ამ ეტაპზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს ახალი მოთამაშეები ემატება და აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას თებერვალში მიეწოდება. ასევე, დავითაშვილის განცხადების თანახმად, პრეტენდენტის მიერ წინადადების დაზუსტების მორიგ თარიღად განისაზღვრა აპრილი. ამგვარად,

  • მოლაპარაკებების შესახებ დეტალების, მათ შორის, კონსორციუმის ახალი წევრების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის გაცნობის თარიღად განისაზღვრა თებერვალი;
  • ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის მიერ, განახლებული წინადადების წარდგენის თარიღად განისაზღვრა აპრილი.

მიუხედავად აღნიშნული განცხადებისა, კერძო ინვესტორის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით “დამატებითი დეტალების” საზოგადოებისთვის გაცნობის თარიღი აქამდე არაერთხელ შეიცვალა. ლევან დავითაშვილი გასულ წელს საზოგადოებას რამდენჯერმე დაპირდა პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდების შესახებ:

  • ჯერ კიდევ 2024 წლის 29 მაისს, ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს პრეტენდენტად გამოცხადდა ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. ლევან დავითაშვილის განცხადების მიხედვით, კონსორციუმი რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა ოფიციალურ გამარჯვებულად. აღნიშნული დაპირებიდან გავიდა თითქმის 8 თვე და კერძო ინვესტორთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 
  • 2024 წლის 8 ოქტომბერს, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში გაიმართებოდა საჯარო პრეზენტაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ. ასევე, მან განაცხადა, რომ პრეტენდენტთან მიმდინარე “ინტენსიური” დიალოგი მალე დასრულდებოდა. ამ განცხადებიდან თითქმის 4 თვე გავიდა და დაპირებული “დიდი პრეზენტაციაც” მივიწყებას მიეცა. 

გარდა მოლაპარაკებების პროცესისა, დამატებითი კითხვები ჩნდება ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის გაფართოებისა და პროექტში კერძო ინვესტორების სახით ახალი კომპანიების ჩართვის პროცესის შესახებ. როგორც სამოქალაქო იდეას წინა ანგარიშში წარმოგიდგინეთ, ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის ჩვენთვის ცნობილი წევრები – China Communication Construction Company Limited და China Harbour Investment Pte. Ltd – საერთაშორისო დონეზე საეჭვო რეპუტაციით სარგებლობენ. აქამდე არსებული პრაქტიკა კი ცხადყოფს, რომ ქართული ოცნება ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩინური კომპანიების შერჩევისას სათანადო პასუხისმგებლობით არ გამოირჩევა. შესაბამისად, ამ “ახალი მოთამაშეების” ვინაობაც შესაძლოა ანაკლიის პროექტისთვის მორიგი რისკების საფუძველი გახდეს. 

აღსანიშნავია, რომ ლევან დავითაშვილის 20 იანვრის განცხადებას მოჰყვა “ქართული ოცნების” წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის გამოსვლა, რომ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ხელშეკრულების დადების პროცესი “ინტენსიურ ფაზაშია შესული”. ასევე, მისი თქმით, ამ დღეებში კონსორციუმის წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ და ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ლევან დავითაშვილთან. მიუხედავად მოლაპარაკებების “ინტენსიურობისა”, როგორც დავითაშვილის ზემოთ ხსენებულმა განცხადებამ ცხადყო, კერძო ინვესტორის შერჩევის პროცესი სულ მცირე 2025 წლის აპრილამდე გაგრძელდება. 

“ქართული ოცნება” ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ანაკლიის პორტის პროექტს საკუთარი “წარმატების” მაგალითად ასახელებდა. მსგავსი რიტორიკა საპარლამენტო არჩევნების შემდგომაც გაგრძელდა და არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები ეკონომიკურ განვითარებაზე საუბრისას, ანაკლიის პროექტზე ამახვილებენ ყურადღებას. საყურადღებოა, რომ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის 150 მილიონი ლარია გამოყოფილი. მიუხედავად აღნიშნული რიტორიკისა, კერძო ინვესტორის შერჩევის პროცესის დინამიკა პროექტის წარმატებასთან დაკავშირებით საფუძვლიან ეჭვებს აჩენს. 

რატომ გაჭინაურდა კერძო ინვესტორის შერჩევის პროცესი?

კერძო ინვესტორის შერჩევის პროცესის თითქმის 1 წლით გაჭინაურების ოფიციალური მიზეზი ჩვენთვის უცნობია. თუმცა, სავარაუდოდ, დაბრკოლებას შეიძლება იწვევდეს შემდეგი საკითხები:

  1. ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის წევრი კომპანიის, China Communication Construction Company Limited, საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ China Communication Construction Group-ს ეკუთვნის. შერჩევის პროცესზე დაუშვებლობის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით:

“შერჩევის პროცესში მონაწილეობის უფლება არ აქვთ სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტი პირდაპირ ან ირიბად ფლობს 30%-ზე მეტ წილს.”

შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებს, როგორიცაა China Communication Construction Company Limited, არ აქვთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის კერძო პარტნიორის შესარჩევად გამოცხადებულ სატენდერო პროცესში მონაწილეობის უფლება.

სავარაუდოდ, მოლაპარაკებების პროცესში, აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს და კონსორციუმში ახალი პარტნიორების დამატების აუცილებლობაც ამ საკითხმა წარმოშვა.

2. პირველადი განაცხადის მიხედვით, HSBC ბანკი მითითებული იყო ფინანსურ გარანტად. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული ინსტიტუტი არ აძლევს ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს ფინანსურ გარანტიას, რის გამოც პროცესი ყოვნდება.

3. ქართული ოცნების ანტი-დასავლური პოლიტიკური კურსის გამო საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის კერძო პარტნიორად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის გამოცხადებამ შესაძლოა საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვიოს. შესაბამისად, საზოგადოებრივი მღელვარების და ესკალაციის პრევენციისთვის ქართული ოცნება შესაძლოა პროცესს აჭინაურებს.

რა ეტაპზეა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი? Read More »

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, რუბიომ ფილიპინებთან მიმართებით ამერიკის მხარდაჭერა დაადასტურა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ოთხშაბათს ფილიპინელ კოლეგასთან დისკუსია გამართა. რუბიომ ყურადღება გაამახვილა ჩინეთის „სახიფათო და დესტაბილიზაციურ ქმედებებზე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.“ მან ხაზი გაუსვა აშშ-ის „მტკიცე“ თავდაცვით ვალდებულებას ფილიპინების მიმართ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, რუბიომ ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრ ენრიკე მანალოსთან საუბარში აღნიშნა, რომ ჩინეთის ქმედებები “არღვევს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას და არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს.“

შეხვედრისას რუბიომ მანალო კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ აშშ მტკიცედ ასრულებს თავის ვალდებულებებს ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულების ფარგლებში და განიხილა თანამშრომლობის გაღრმავების გზები და რეგიონული პარტნიორობა.

ბოლო წლებში ფილიპინებს არაერთი საზღვაო დავა ჰქონდა ჩინეთთან, განსაკუთრებით სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო რეგიონებში, რომლებიც მანილას ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს.

რუბიოს განცხადებები მოჰყვა ავსტრალიის, ინდოეთისა და იაპონიის ოფიციალურ პირებთან შეხვედრას, რომელიც “ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის” (Quadrilateral Security Dialogue/The Quad) ფარგლებში გაიმართა. ჩინეთზე ორიენტირებული შეხვედრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნების მეორე დღეს შედგა.

The Quad-ის წევრი სახელმწიფოები (იაპონია, ავსტრალია, ინდოეთი, აშშ)  და ფილიპინები იზიარებენ შეშფოთებას ჩინეთის მზარდი გავლენების შესახებ. ანალიტიკოსების თქმით, სამშაბათის შეხვედრის ერთ-ერთი მიზანია იმის დადასტურება, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ამერიკის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები უცვლელია..

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩინეთის ქმედებებს რეგიონში აღწერს, როგორც „გონივრული, კანონიერი და საყვედურის საფუძველს მოკლებული.“ სპიკერმა მაო ნინგმა აღნიშნა, რომ აშშ „არ არის მხარე“ ამ დავებში და „არ აქვს უფლება ჩაერიოს“ ჩინეთისა და ფილიპინების საზღვაო ურთიერთობებში. მან ასევე დაამატა: „აშშ-ისა და ფილიპინების სამხედრო თანამშრომლობა არ უნდა აზიანებდეს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ზღუდავდეს საზღვაო უფლებებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ასევე, არ უნდა იქნას გამოყენებული ფილიპინების უკანონო პრეტენზიების მხარდასაჭერად.”

ფილიპინების თავდაცვის დეპარტამენტმა ცალკე განცხადებაში აღნიშნა, რომ ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან მნიშვნელოვან უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობა დაიწყო. ფილიპინების თავდაცვის მინისტრი, გილბერტო ტეოდორო, აშშ-ს მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ ვოლცს ხუთშაბათს თეთრ სახლში შეხვდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ორი ქვეყნის მტკიცე ალიანსი.

ტრამპის ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე, ფილიპინებმა და აშშ-მ მეხუთე ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ერთობლივი წვრთნები 2023 წლიდან ტარდება.

Reuters-ის მიხედვით, ფილიპინების პრეზიდენტის, ფერდინანდ მარკოს უმცროსის მმართველობის პერიოდში აშშ-სთან თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მარკოსის ადმინისტრაციამ ნება დართო აშშ-ს, გაეფართოებინა წვდომა ფილიპინების სამხედრო ბაზებზე, მათ შორის ობიექტებზე, რომლებიც დემოკრატიულად მართული ტაივანის მახლობლად მდებარეობს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, რუბიომ ფილიპინებთან მიმართებით ამერიკის მხარდაჭერა დაადასტურა Read More »

Scroll to Top