ერთი ახალი ამბავი

ზელენსკის თქმით რუსეთის მხარეს უკრაინაში ჩინეთის 150-ზე მეტი მოქალაქე იბრძვის

უკრაინა ჩინეთის მოქალაქეებს რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილეობაში ადანაშაულებს. განცხადების მიხედვით, უკრაინას მოპოვებული აქვს დეტალური სადაზვერვო ინფორმაცია 150-ზე მეტ დაქირავებულზე, რომლებიც, სავარაუდოდ, მოსკოვმა სოციალური მედიის საშუალებით მოიზიდა და ჩართო საომარ მოქმედებებში. ჩინეთის ხელისუფლებამ ამ ბრალდებებს “სრულიად უსაფუძვლო” უწოდა. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაატყვევეს ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ უკრაინის ტერიტორიაზე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა უკრაინამ ოფიციალურად განაცხადა ჩინელი მებრძოლების მონაწილეობაზე ომში. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ კიევი მზად არის დატყვევებული ორი ჩინელი მოქალაქე რუსეთის მიერ დატყვევებულ უკრაინელ ჯარისკაცებში გაცვალოს.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მტკიცებულებები არ წარმოადგინა, მან განაცხადა, ჩინეთის ოფიციალურ პირებს ჰქონდათ ინფორმაცია იმაზე, რომ რუსეთი ჩინელი მოქალაქეების ომში ჩართვაზე მუშაობდა. თუმცა, მან თავი შეიკავა იმის თქმისგან, რომ ჩინეთის მთავრობა ოფიციალურად ახალისებდა მათ მონაწილეობას ომში. 

ზელენსკის თქმით, უკრაინას აღმოაჩნდა ინფორმაცია ჩინეთის 155 მოქალაქის შესახებ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძვიან. უკრაინის სახელმწიფოს ხელშია მათი გვარები და პასპორტის მონაცემები. ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინელების ინფორმაციით ჩინეთის მოქალაქეთა რიცხვი გაცილებით მეტია.

ზელენსკიმ ჟურნალისტებს გაუზიარა დოკუმენტები, რომლებიც მოიცავს ჩინელი მებრძოლების სახელებს, პასპორტის მონაცემებსა და პირად დეტალებს — მათ შორის, როდის ჩავიდნენ ისინი რუსეთში სამხედრო წვრთნებისთვის და როდის გაემგზავრნენ ფრონტზე. Associated Press-ს დოკუმენტების ავთენტურობა დამოუკიდებლად არ დაუდგენია.

2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჩინეთმა სტაბილური დიპლომატიური მხარდაჭერა გაუწია მოსკოვს. დასავლელი ოფიციალური პირების განცხადებით, პეკინმა რუსეთს მიაწოდა სამრეწველო ტექნიკა და მიკროელექტრონიკა, რომლებიც შესაძლებელია გამოიყენოს იარაღის წარმოებისთვის. გარდა ამისა, ჩინეთი რუსეთს დაეხმარა ეკონომიკურად, ენერგორესურსებითა და სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობით.

ზელენსკის თქმით, ამერიკელი ოფიციალური პირები “გაკვირვებულნი” იყვნენ, როცა ჩინელი მებრძოლების შესახებ ინფორმაცია შეიტყვეს.

ვაშინგტონში სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ტემი ბრუსმა, ჩინელი მოქალაქეების რუსეთის მხარეს ბრძოლაზე გავრცელებული ცნობები “შემაშფოთებლად” შეაფასა.

“ჩინეთი რუსეთის მთავარი მხარდამჭერია უკრაინაში მიმდინარე ომში,” — განაცხადა ბრუსმა. მისი თქმით, ჩინეთი რუსეთს “ომის საწარმოებლად საჭირო ორმაგი დანიშნულების პროდუქციის თითქმის 80 პროცენტით” ამარაგებს.

ზელენსკის თქმით რუსეთის მხარეს უკრაინაში ჩინეთის 150-ზე მეტი მოქალაქე იბრძვის Read More »

პეკინი აშშ-ის საჯარო მოხელეების რეკრუტირებას ცდილობს

აშშ-ს კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრმა (NCSC) გამაფრთხილებელი  განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოები ფარულად ცდილობენ აშშ-ის მოქალაქეების დაქირავებას, რომლებსაც წვდომა აქვთ სენსიტიურ სამთავრობო ინფორმაციაზე.

მათი თქმით, პეკინი დახვეწილ და სახიფათო მეთოდებს იყენებს თავისი მიზნების მისაღწევად და რეკრუტინგის პროცესი ხშირად მომგებიან კარიერულ შესაძლებლობებად ინიღბება. NCSC-ის თანახმად, LinkedIn-ის ყალბი პროფილებით ამერიკის სახელმწიფო სამსახურებში ყოფილ თუ ამჟამინდელ დასაქმებულებს კონფერენციებსა თუ „საკონსულტაციო საბჭოებში“ იწვევენ, რაც ფედერალური სამსახურიდან მასობრივი გათავისუფლებისა და რესტრუქტურიზაციის ფონზე ხდება. შეგახსენებთ, რომ ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ზედამხედველობით, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს, ცვლილებები მიმდინარეობს, რომლებიც ბიუროკრატიის შემცირებას ისახავს მიზნად. ამ პროცესებმა უმუშევართა უეცარი ნაკადი წარმოშვა, რომელიც მნიშვნელოვანი სამიზნე გახდა ჩინეთისათვის.

Reuters-ის ადრინდელმა საგამოძიებო რეპორტაჟმა ფირმების ფარული ქსელი გამოავლინა, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია საიდუმლო ჩინურ ტექნოლოგიურ კონგლომერატთან, რომლის პარტნიორი ორგანიზაციები უკავშირდებიან აშშ-ს ფედერალურ მუშაკებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც გამოცდილება აქვთ ეროვნულ უსაფრთხოებაში, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ რეკრუტირების ზუსტი მასშტაბი გასაიდუმლოებული რჩება, აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებით, ეს აქტივობები ჩინეთის ფართო კამპანიის ნაწილია, რომელიც შეერთებულ შტატებში ადამიანური დაზვერვის (HUMINT) შესაძლებლობების გაფართოებას ისახავს მიზნად. მათივე თქმით, ჩინეთის მხრიდან ,,დასაქმების მცდელობების მკვეთრი ზრდა“ აღინიშნება.

გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი (ODNI) აქტიურად მონაწილეობენ კონტრდაზვერვის ოპერაციებში, რათა საფრთხეების იდენტიფიცირება და განეიტრალება ეფექტურად მოხდეს. წარსულში პეკინი გამუდმებით უარყოფდა ბრალდებებს ჯაშუშობასა ან აშშ-ს საშინაო საქმეებში ჩარევაზე და ამგვარ დისკურსს „პოლიტიკურად მოტივირებულ“ და „ანტიჩინური ისტერიის“ კამპანიის ნაწილს უწოდებდა.

ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბულობა გრძელდება. უახლესი გამაფრთხილებელი განცხადება კი ხაზს უსვამს დაზვერვასა და ეროვნულ უსაფრთხოებაში გაძლიერებულ კონკურენციას, რაზეც ამჟამად ჩინეთის საელჩოს ვაშინგტონში ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

პეკინი აშშ-ის საჯარო მოხელეების რეკრუტირებას ცდილობს Read More »

სატარიფო ომი: ტრამპი ჩინეთს დამატებითი 50%-იანი ტარიფებით ემუქრება

დონალდ ტრამპი ჩინეთს დამატებითი 50%-იანი ტარიფების დაწესებას ჰპირდება, თუ პეკინი 8 აპრილისთვის ამერიკულ საქონელზე დამატებითი 34 %-იანი გადასახადების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას უკან არ გაიწევს.  საერთო ჯამში, ამერიკაში იმპორტირებულ ჩინურ საქონელზე გადასახადი 104%-ით გაიზრდება. 

როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა 7 აპრილს განაცხადა, ეს ამერიკის მხრიდან ჩინეთისადმი მიმართული ბულინგია, მუქარა და ზეწოლა კი არ არის სწორი გზა ჩინეთთან გასამკლავებლად. მან ტარიფებს ცალმხრივი, ეკონომიკური ბულინგი და პროტექციონიზმი უწოდა. პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ ორმხრივობის პრინციპის სახელით დაწესებული ამერიკული ტარიფები სხვა ქვეყნების ხარჯზე აშშ-ს ინტერესებს ემსახურება.

„შტატების მიერ ტარიფების ბოროტად გამოყენება გლობალური სამხრეთის ქვეყნებს ართმევს განვითარების უფლებას“,- განაცხადა ლინმა და დასტურად მოიყვანა იმ უფსკრულის გაღრმავება, რომელიც თითოეულ ქვეყანაში მდიდრებსა და ღარიბებს შორის, განსაკუთრებით ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, არსებობს.

ლინმა მოუწოდა სხვა სახელმწიფოებს, ერთად დაუპირისპირდნენ ცალმხრივობასა და პროტექციონზიმს, დაიცვან საერთაშორისო და მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა, გაეროსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ღირებულებების შესაბამისად.

ჩინეთი უარს აცხადებს, დაემორჩილოს ამერიკის „შანტაჟს“. ვაჭრობის მინისტრის თქმით, ჩინეთის წინააღმდეგ ამერიკის მუქარა არის დიდი შეცდომა და ამას გარდა, კიდევ ერთხელ ამჟღავნებს ამერიკის მოშანტაჟე ბუნებას. „თუ ამერიკა თავის გზას არ გადაუხვვეს, ჩინეთი ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს“,- განაცხადა ვანგ ვენტაომ.

ამის ფონზე, ჩინეთის ვაჭრობის ვიცე მინისტრმა ლინგ ჯიმ ამერიკულ კომპანიებს, მათ შორის, Tesla-სა და GE Healthcare-ს, პირობა მისცა, რომ ქვეყანა ყოველთვის დაიცავს ჩინეთში მოქმედ უცხოური დაფინანსების მქონე კომპანიებს, მათ შორის, ამერიკულ კომპანიებსაც.

„ჩინეთი იყო, არის და იქნება „იდეალური, უსაფრთხო და პერსპექტიული საინვესტიციო ადგილი უცხოელი ინვესტორებისთვის“,- განაცხადა ლინგმა კვირას პეკინში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც აშშ-ს მიერ დაფინანსებული 20-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ლინგი ამბობს, პეკინი არ აპირებს ამერიკულ კომპანიებს აგებინოს პასუხი იმის გამო, რომ პრეზიდენტი ტრამპი სატარიფო ომის ესკალაციას ახდენს მთელ დანარჩენ მსოფლიოსთან, მათ შორის ჩინეთთანაც.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეხვედრაზე 9 აპრილს, ჩინეთი აპირებს შტატების საპასუხო ტარიფები წინ წამოწიოს, როგორც „ახალი სავაჭრო საზრუნავი“. ჩინეთმა უკვე შეიტანა ოფიციალური საჩივარი ჟენევის სადამკვირვებლო ორგანიზაციაში.

სატარიფო ომი: ტრამპი ჩინეთს დამატებითი 50%-იანი ტარიფებით ემუქრება Read More »

სენატორი შაჰინი ანაკლიის პროექტის შესახებ იმედგაცრუებას გამოხატავს

ამერიკელმა დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის ფაქტის შესახებ იმედგაცრუება გამოხატა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანელ-ამერიკელი ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართულმა მხარემ დასავლურ კომპანიებთან პორტის შესახებ  კონტრაქტი გააუქმა და, ბოლოდროიდელი ცნობების მიხედვით, საქაართველო აპირებს შავ ზღვაზე არსებული პროექტი ჩინურ ფირმას გადასცეს. სენატორი შაჰინის მიხედვით, ის და აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რიში თავდადებით მუშაობდნენ საქართველოს „წინ წასაწევად“ და სამწუხაროდ მიიჩნევენ ქართული მხრიდან აღნიშნული შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას.

სენატორი შაჰინის განცხადებას წინ ჰელსინკის კომისიის, იგივე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის, წევრების განცხადება უძღვის, რომელიც ასევე ეხმიანება ანაკლიის პორტის საკითხს და ხაზს უსვამს იმ საფრთხეებს, რომელსაც აშშ-ს მიერ სანქცირებული ჩინური კომპანიები შეუქმნიან საქართველოს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაფრთხილებების შემდეგაც, „ქართული ოცნება“ აგრძელებს პორტის პროექტის ჩინური კონსორციუმისთვის გადაცემის პროცესს და კიდევ ერთხელ საფრთხეს უქმნის დასავლეთსა და საქართველოს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბებულ პარტნიორობას.

სენატორი შაჰინი ანაკლიის პროექტის შესახებ იმედგაცრუებას გამოხატავს Read More »

ჩინეთმა შესაძლოა TikTok-ის სანაცვლოდ, აშშ-ს ტარიფებზე შეღავათი მიიღოს

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა განიხილოს ახალი შეთანხმება TikTok-ის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ TikTok-ის მფლობელი გახდათ კომპანია ByteDance. მას ტრამპა წარუდგინა შეთავაზება, რომელზე თანხმობის შემთხვევაშიც რომელიმე ამერიკული დიდი კომპანია (მაგ., დავუშვათ, Microsoft, Oracle, ან სხვ.) შეიძენდა TikTok-ის ამერიკაში ოპერირებად ყველა მონაცემს, ოპერაციასა და ადგილობრივ (ამერიკულ) ალგორითმს. ამ შეთავაზების უკან, უპირველეს ყოვლისა, დგას აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მხრიდან წამოსული გაზრდილი ვნებათაღელვა ეროვნული უსაფრთხოებისა და ამერიკელი მოსახლეობის მონაცემთა დაცულობის თაობაზე.

ტრამპის თქმით,  თუკი ჩინეთი დათანხმდება ByteDance-ის მფლობელობაში მყოფი აპლიკაციის TikTok-ის („ამერიკული ნაწილის“ გაყიდვას, აშშ გადახედავს ჩინურ იმპორტზე დაწესებულ ტარიფებს.

ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას TikTok მოიყვანა იმის მაგალითად, თუ როგორ შეიძლება ტარიფები ერთგვარი იარაღი იყოს მოლაპარაკებების საწარმოებლად სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში.

“მოკლედ, ასეთი სიტუაცია გვაქვს TikTok-თან დაკავშირებით:  ჩინეთი, სავარაუდოდ, გვეტყვის: ‘ჩვენ კი დავთანხმდებით თქვენს შეთავაზებას, მაგრამ თქვენ ტარიფებს თუ არ შეამცირებთ [უსამართლობა ხომ არ იქნება?]'” — განაცხადა ტრამპმა. “ჩვენ კი, დიახ, შეგვიძლია, ტარიფები სავაჭრო ბერკეტად გამოვიყენოთ.”

TikTok-ს 5 აპრილამდე აქვს ვადა, რომ იპოვოს არაჩინური და, სასურველია, ამერიკელი მყიდველი, წინააღმდეგ შემთხვევაში, აპლიკაცია აშშ-ში აიკრძალება.

ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია “ძალიან ახლოს” არის TikTok-ის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან. მოლაპარაკებებში რამდენიმე ინვესტორია ჩართული.

შეგახსენებთ, აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ტრამპმა წინა დღეს 10%-იანი საბაზისო ტარიფის დაწესება გამოაცხადა ყველა ტიპის იმპორტზე, რომელიც აშშ-ში შედის. ამერიკის ზოგიერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის მიმართ კი 10%-ზე გაცილებით მეტი ტარიფებიც დაწესდა. ჩინური საქონლის იმპორტზე ტარიფები ახლა 54%-ს შეადგენს. TikTok-ს კი ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი ახალ შეთავაზებაზე.

ტრამპის მიერ ახალი რეციპროკული, ანუ, საპასუხო ტარიფების გამოცხადების შემდეგ — რომლებიც განსაკუთრებით მკაცრია ჩინეთისა და მისი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების მიმართ — იუანი, ჩინეთის ვალუტა, შვიდი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა, ხოლო საფონდო ბაზრებმა მკვეთრი ვარდნა განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორები ერთი კვირის განმავლობაში ელოდებოდნენ ტარიფებს, ვაშინგტონის მიერ გამოცხადებული ზომები მოსალოდნელზე ბევრად უფრო მკაცრი აღმოჩნდა.

ჩინეთმა შესაძლოა TikTok-ის სანაცვლოდ, აშშ-ს ტარიფებზე შეღავათი მიიღოს Read More »

ჰელსინკის კომისია ანაკლიის პორტის საკითხს ეხმაურება

აშშ-ს „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის“, იგივე „ჰელსინკის კომისიის“ წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ფაქტზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელოვანი წილი ჩინურ კონგლომერატს გადასცა, რომელიც აშშ-ს მიერ სანქცირებული და ჩინეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილია.

კომისიის შვიდი წევრის მიხედვით, კონგლომერატის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ჩინეთის კომუნიკაციების კონსტრუქციის კომპანია, ინფრასტრუქტურის განმავითარებელ პროექტებს ქვეყნების დესტაბილიზაციისა და მათი ჩინეთზე დამოკიდებულების გასაზრდელად იყენებს. გარდა ამისა, კომისია ხაზს უსვამს ჩინეთის შავ ზღვაში გააქტიურების საფრთხეებს, რომელიც, მათი თქმით, რეგიონის უსაფრთხოებასა და თავისუფალ ვაჭრობას უთხრის ძირს.  განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩინეთი რეგიონში გააქტიურებას რუსეთთან თანამშრომლობით ახერხებს.

აღნიშნული კომისიის დასკვნით, „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიასა და საკუთარი ეკონომიკური მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უნარს. კონგრესმენები პარტიას მოუწოდებენ გადახედოს გადაწყვეტილებასა და  შეაფასოს [სატენდერო] წინადადებები იმის მიხედვით, თუ რამდენად სამართლიანად და გამჭვირვალედ განავითარებენ ისინი კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ განცხადებას ხელს როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი სენატორები და კონგრესმენები.

ჰელსინკის კომისია ანაკლიის პორტის საკითხს ეხმაურება Read More »

ჩინეთის ფართომასშტაბიანი წვრთნები აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში: განახლებული ესკალაცია ტაივანის წინააღმდეგ

პეკინმა აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, რაც მორიგი ესკალაციის მცდელობაა ტაივანის წინააღმდეგ, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. წვრთნები ფოკუსირებულია ,,სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის” შესაძლებლობების გამოცდაზე და მასში მონაწილეობას 76 სამხედრო თვითმფრინავი და 19 საზღვაო ხომალდი იღებს. ზოგიერთი მათგანი ტაივანის თავდაცვის ზონაშიც შევიდა.

ამ წვრთნების ფარგლებში, ჩინელმა სამხედროებმა გამოაქვეყნეს კადრები, რომლებშიც ნაჩვენებია რაკეტების დარტყმა სამიზნეებზე, მათ შორის აფეთქებების ანიმაციური სიმულაციები ტაივანის ქალაქებსა და სტრატეგიულ ადგილებზე, სადაც განლაგებულია სამხედრო ბაზები და პორტები.

ჩინეთის კამპანიები ტაივანის წინააღმდეგ 2024 წლის არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა. პეკინმა ტაივანის პრეზიდენტს, ლაი ცინგ დეს ,,სეპარატისტი“ და ,,პარაზიტი” უწოდა. ფართომასშტაბიანი წვრთნები, რომლებიც ბლოკადების სიმულაციას ახდენდნენ, დაემთხვა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის ვიზიტს აზიაში, რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა პეკინის სამხედრო აგრესია.

ტაივანის საპრეზიდენტო ოფისის სპიკერმა X-ზე განაცხადა, რომ ჩინეთის აშკარა სამხედრო პროვოკაციები არა მხოლოდ ტაივანის სრუტეში ქმნის უსაფრთხოების გამოწვევებს, არამედ მთელ რეგიონში ძირს  უთხრის მას. წვრთნები ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, კორეის, ფილიპინებისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვის (SCS) სიახლოვეს ტარდება, რომელიც მნიშვნელოვან და სადავო წყლებს წარმოადგენს, რომელზეც ჩინეთი აცხადებს პრეტენზიას.

ჩინეთის ზღვაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი წვრთნების გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იაპონიამ და ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვეს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ჩინეთის სამხედრო ნაბიჯებია გაკრიტიკებული, სადაც ვკითხულობთ, რომ პეკინის ქმედებები ,,აძლიერებენ დაძაბულობას და რეგიონულ სტაბილურობას უქმნიან საფრთხეს.” ევროკავშირმა კი ტაივანის სრუტის სტატუს კვოს ნებისმიერ ცალმხრივ და დიდ ცვლილებასთან თავისი წინააღმდეგობრივი პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ჩინეთმა ბოლო წლებში მრავალი დიდი სამხედრო წვრთნა ჩაატარა  ტაივანის გარშემო, აგრეთვე, ხშირად ახორციელებდა ბლოკადებსა და შეტევებს. წვრთნები Strait Thunder-2025A ხაზს უსვამს პეკინის მზარდ სამხედრო ძალას და მის მზადყოფნას, თავისი ძალაუფლების დემონსტრაცია მოახდინოს რეგიონში, რაც შესაძლო სამომავლო კონფლიქტებთან დაკავშირებით ძლიერ შეშფოთებას იწვევს.

ჩინეთის ფართომასშტაბიანი წვრთნები აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში: განახლებული ესკალაცია ტაივანის წინააღმდეგ Read More »

ჩინეთი პანამის არხთან დაკავშირებით აშშ-ს ახალ ბრალდებებს უყენებს

ჩინეთი შტატებს ახალ ბრალდებას უყენებს. პეკინის ანტიმონოპოლიური მარეგულირებლების ჯგუფმა გამოძიება დაიწყო. როგორც აცხადებენ, ვაშინგტონის კონსორციუმი პანამის არხის პორტებთან დაკავშირებული ორი გარიგების დაგვიანებასა და გადადებას განზრახ ცდილობს. შეთანხმება საბოლოოდ ამ კვირაში უნდა გაფორმებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა.

ამ გარიგებას ხელმძღვანელობდა BlackRock, მსოფლიოში უმსხვილესი აქტივების მენეჯერი, რომელიც 11,6 ტრილიონი დოლარის მოცულობის აქტივებს ფლობს. BlackRock განიხილებოდა, როგორც რეგიონში დაძაბულობის შემსუბუქების ერთ-ერთი საშუალება და მისი ჩართვა ამ პროცესებში გასულ თვეს გადაწყდა. BlackRock დათანხმდა, ეხელმძღვანელა ჯგუფისთვის, რომელიც შეისყიდის ჰონგ კონგის ფირმა CK Hutchison’s-ის მფლობელობაში არსებულ ინტერესებს 43 სხვადასხვა პორტში, ეს კი მოიცავს 199 ნავსადგომს მსოფლიოს 23 ქვეყანაში.

თუმცა, ჩინეთის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციამ, ბაზრის მთავარმა მარეგულირებელმა სახელმწიფოში, განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოიძიება არსებულ გარიგებასთან დაკავშირებით, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი კანონის გათვალისწინებით მოხდა და დაცული იყო როგორც ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის პრინციპი, ისე საზოგადოებრივი ინტერესები.

ამ განცხადების შემდეგ CK Hutchinson-მა გადაწყვიტა, რომ ამ კვირაში პანამის ორ პორტთან დაკავშირებული შეთანხმებების ხელმოწერა აღარ მოხდება.

წინა თვის დასაწყისში, ინვესტორთა ჯგუფმა BlackRock-ის ხელმძღვანელობით განაცხადა, რომ დახარჯავს 22,8 მილიარდ დოლარს CK Hutchison-ისგან პანამის არხის ორ ბოლოზე არსებული ბალბოას და კრისტობალის პორტების შესაძენად.

მაიკ უოლცმა, ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, გასული თვის ბოლოს განუცხადა ჟურნალისტებს, რომ პანამის ხელმძღვანელობამ დაიწყო „მოლაპარაკება არხის ორივე მხარეს პორტების მართვის შესახებ“.

პანამის არხის მშენებლობა აშშ-მა მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო და 1914 წელს დაასრულა. ამ საუკუნის საკმაოდ დიდი პერიოდი პანამის არხს მართავდა შტატები, თუმცა კარტერის ადმინისტრაციის პერიოდში ის პანამას გადაეცა და 1999 წლიდან მოყოლებული არხს ოპერირებს პანამა. დონალდ ტრამპმა, ადმინისტრაციაში მოსვლისთანავე, პანამის არხთან დაკავშირებით მკაცრი პოზიციები დააფიქსირა. კერძოდ, პრეზიდენტმა ღიად გამოხატა უკმაყოფილება ჩინური კომპანიის, CK Hutchison-ის მიერ პანამის არხის პორტების ექსპლუატაციის გამო. შედეგად, CK Hutchison პოზიციების დათმობის გადაწყვეტილება მიიღო და საკუთარი წილების გაყიდვას დათანხმდა.

ჩინეთი პანამის არხთან დაკავშირებით აშშ-ს ახალ ბრალდებებს უყენებს Read More »

ჩინეთის ცენტრალური ბანკი საქართველოში: გზა ვალის მახის დიპლომატიისკენ?

2025 წლის 26 მარტს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს:

ა) მონეტარული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობას;

ბ) ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიმართულებით.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც პეკინში გაიმართა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა, ასევე შეხვდა ჩინეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ბანკების – ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის, ჩინეთის ბანკისა და ჩინეთის სამშენებლო ბანკის წარმომადგენლებს.

როგორც „სამოქალაქო იდეას“ წინა ანგარიშში აღინიშნა, ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის 2024 წლის მარტიდან მოყოლებული  პერიოდულად იმართებოდა შეხვედრები, სადაც მხარეები თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავდნენ. შესაბამისად, 2025 წლის 26 მარტს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი მოულოდნელ მოვლენას არ წარმოადგენდა.

ჩინეთის საბანკო სექტორთან თანამშრომლობა „ქართული ოცნების“ მზარდი ანტიდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის ლოგიკური შედეგია. ჯერ კიდევ 2021 წლის 30 აგვისტოს, პარტია „ქართული ოცნების“ მაშინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ უარს ამბობდა ევროკავშირის მიკროსაფინანსო დახმარებაზე, რომელიც 75 მილიონ ევროს შეადგენდა.

„ოცნების“ საგარეო პოლიტიკის პრო-ჩინურმა ვექტორმა მალევე იმოქმედა ქვეყნის საგარეო ვალის სტრუქტურაზეც. 2025 წლის მონაცემებით, საგრძნობლად  გაიზარდა საქართველოს საგარეო საკრედიტო ვალდებულებები ჩინეთის მიერ დომინირებად საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში. კერძოდ:

– აზიის განვითარების ბანკის მიმართ, სახელმწიფო ვალი 2,260 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს;

– აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიმართ კი, საქართველოს საგარეო ვალი 211 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბანკში ჩინეთი დომინანტურ აქტორად გვევლინება, მათთან თანამშრომლობა საქართველოს ე.წ „ვალის მახის დიპლომატიის“ საფრთხის წინაშე არ აყენებდა. მანამდე, საქართველოს ეროვნულ ბანკს ჩინეთის სამთავრობო ინსტიტუტებთან პირდაპირი თანამშრომლობა არ ჰქონია. თუმცა, 26 მარტს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ ანაკლიის პორტის შემდეგ, ქვეყნის ფინანსურ სექტორსაც ჩინეთის გავლენას დაუქვემდებარებს.

რა გამოწვევებს ქმნის ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობა?

ჩინეთის საბანკო სექტორთან თანამშრომლობა საქართველოს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის.

ძირითადი პრობლემები, რომლებიც ჩინეთის საბანკო სექტორს ახასიათებს:

– კომპარტიის გავლენა: ჩინეთის საბანკო სექტორის ანალიზი აჩვენებს, რომ ჩინური ბანკები, ისევე როგორც ჩინური კომპანიები, მმართველი კომუნისტური პარტიის კონტროლს ექვემდებარებიან. აღსანიშნავია, რომ 2024 წლამდე ჩინეთის ცენტრალური ბანკი ფორმალურად „სახელმწიფო აგენტის“ სტატუსით არ ფუნქციონირებდა. თუმცა, 2024 წელს  პრეზიდენტმა სი ძინპინმა წამოაყენა ინიციატივა, რომლის მიზანია ცენტრალური ბანკის მმართველობაზე კომპარტიის გავლენის კიდევ უფრო გაძლიერება. აღნიშნული ცვლილება ჩინეთის ფინანსური სისტემის „ჩინური მახასიათებლებით“ ფორმირებას ისახავს მიზნად. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამ პროცესების შედეგად ჩინეთის ცენტრალური ბანკი კიდევ უფრო მკაცრი პარტიული კონტროლის ქვეშ მოექცევა.

– გაუმჭვირვალობა: დასავლური ბანკებისგან განსხვავებით, ჩინეთის ცენტრალური ბანკის საქმიანობა გამჭვირვალობის დაბალი სტანდარტითაა ცნობილი. კერძოდ, ბანკს არ გააჩნია მკაფიო საკომუნიკაციო სტრატეგია – ცენტრალური ბანკი გადაწყვეტილებებს ხშირად ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების, შეტყობინების ან მკაფიო ახსნა-განმარტებების გარეშე იღებს. ეს გარემოება სერიოზულ გამოწვევებს ქმნის როგორც ქვეყნის შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე.

– კორუფცია: კორუფცია და ფინანსური თაღლითური სქემები ჩინეთის ცენტრალური ბანკისთვისაც არ არის უცხო. მაგალითად, 2024 წელს, ბანკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ფან იფეის, კორუფციის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

– ფინანსური პრობლემები და რისკები: კოვიდ-19 პანდემიამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ჩინეთის ეკონომიკას. Bloomberg-ის შეფასებით, ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტების დაახლოებით 13% “მაღალი რისკის” კატეგორიაში ხვდება. 2025 წლის მარტის მონაცემებით კი, ჩინეთის მთლიანი ვალი მშპ-ის 300 %-ს აღემატება. გარდა ამისა, აშშ-ჩინეთის მიმდინარე სავაჭრო ომის ფონზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ახალი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას.

აღნიშნული ფაქტორების შედეგია, რომ ჩინეთის საბანკო სისტემა კომუნისტური პარტიის პოლიტიკური მიზნების განხორციელების ინსტრუმენტად იქცა. ჩინეთი და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტები სულ უფრო მეტად ცდილობენ,  მოიპოვონ დომინანტური როლი გლობალურ ეკონომიკაში. ბოლო წლებში, სახალხო რესპუბლიკა და მასთან დაახლოებული ავტორიტარული რეჟიმები, მათ შორის, „ბრიქს“-ის წევრი ქვეყნები, აქტიურად ცდილობენ საერთაშორისო ეკონომიკაში დე-დოლარიზაციის პროცესის წახალისებას. ამ ტენდენციის  საპასუხოდ, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, „ბრიქს“-ის წევრ ქვეყნებს 100 %-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა.

საერთაშორისო ვაჭრობის დე-დოლარიზაციის პროცესში ერთ-ერთ წამყვან  აქტორად სწორედ ჩინეთის ცენტრალური ბანკი გვევლინება. 2024 წელს ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა 40-ზე მეტ უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტთან სვოპ შეთანხმება გააფორმა. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჩინეთის ცენტრალური ბანკის თანამშრომლობის ინტენსიფიკაციამ მომავალში შესაძლოა  ქვეყანა დასავლური სავალუტო სისტემისგან კიდევ უფრო დააშოროს.

ჩინური საბანკო სისტემის სპეციფიკის გამო, არაერთმა განვითარებადმა ეკონომიკამ დეფოლტი განიცადა. კერძოდ, ჩინეთის საკრედიტო პოლიტიკას რამდენიმე განმასხვავებელი მახასიათებელი აქვს, რომლებიც სესხის მიმღები ქვეყნებისთვის სერიოზულ გამოწვევებს ქმნის:

– კონფიდენციალურობა: როგორც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მრჩეველი გრანტ ტ. ჰარისი აღნიშნავს, “ჩინეთის სესხების უნიკალურობა მისი პირობების საიდუმლოებაშია”. ჩინეთის სამთავრობო ინსტიტუტებთან ხელმოწერილი ოფიციალური საკრედიტო ხელშეკრულებების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი კონფიდენციალურობაა, რაც ნიშნავს, რომ ხელშეკრულების პირობები და ზოგიერთ შემთხვევაში, თავად კონტრაქტის არსებობის ფაქტიც გასაიდუმლოებულია.

– ვალის რესტრუქტურიზაციის სირთულე: ჩინეთი არ არის ე.წ “პარიზის კლუბის[1]” წევრი სახელმწიფო, რაც ნიშნავს, რომ ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, დებიტორ ქვეყანას სახალხო რესპუბლიკასთან  მოლაპარაკებების პირისპირ წარმართვა უწევს. ასეთ შემთხვევებში, ორმხრივი მოლაპარაკებები, როგორც წესი,  მოვალე ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო შედეგით სრულდება. ამის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია 2017 წლის შემთხვევა, როდესაც შრი ლანკამ ვალის გადაუხდელობის გამო, ჰამბანტოტას პორტის 70 % ჩინურ კომპანიას გადასცა.

– “ჯვარედინი დეფოლტის” პუნქტები: ჩინეთთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების უმრავლესობა მოიცავს ე.წ. “ჯვარედინი დეფოლტის” პუნქტებს, რომლის მიხედვითაც, თუ დებიტორი ქვეყანა ხელშეკრულების მიღმა არსებულ “სხვა ვალდებულებებს” ვერ შეასრულებს, ავტომატურად დეფოლტის მდგომარეობაში აღმოჩნდება. აღნიშნული “სხვა ვალდებულებები” შესაძლოა მოიცავდეს ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, დებიტორ ქვეყანაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებებს და სხვა ფაქტორებს. შესაბამისად, “ჯვარედინი დეფოლტის” პუნქტები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას აძლევს ძლიერ ბერკეტს, გავლენა მოახდინოს მოვალე ქვეყანაზე.

– “ვალის უზრუნველყოფის” მექანიზმები: ჩინეთის საკრედიტო პოლიტიკა ხასიათდება სესხის უზრუნველყოფის მკაცრი პირობებით, რაც ხშირად გულისხმობს ქონების ჩამორთმევის უფლებას. აღნიშნულმა პრაქტიამ  ჩინეთს არაერთი სახელმწიფოს სუვერენიტეტის “შელახვის” საშუალება მისცა. მაგალითად, 2011 წელს ტაჯიკეთმა, ვალის გადაუხდელობის გამო, 1000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გადასცა ჩინეთს. 

ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების არსებული პრაქტიკა საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ჩინური სესხების საქართველოში შემოსვლა „ვალის მახის დიპლომატიის“ რეალურ საფრთხეს ქმნის. „ქართულ ოცნებასა“ და საქართველოში ოპერირებად ჩინურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები და გარიგებები ხშირად ხასიათდებოდა გაუმჭვირვალობით. მიუხედავად იმისა, რომ ჩინური კომპანიების საქმიანობაში დარღვევები არაერთხელ დაფიქსირებულა, საქართველოს ხელისუფლებას, როგორც წესი,  აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება არ მოუხდენია. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ „ქართული ოცნება“ ჩინური ბანკების მიმართაც ანალოგიურ მიდგომას შეინარჩუნებს, რაც  ქვეყანას ე.წ „ვალის მახის დიპლომატიის“ მსხვერპლად აქცევს.


[1] პარიზის კლუბი არის არაფორმალური ორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც კრედიტორების ჯგუფი მოვალე ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ვალის პირობების ან რესტრუქტურიზაციის შესახებ.

ჩინეთის ცენტრალური ბანკი საქართველოში: გზა ვალის მახის დიპლომატიისკენ? Read More »

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერა გრძელდება

აშშ-ის მდივანმა თავდაცვის საკითხებში პიტ ჰეგსეთმა პარასკევს კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის „მტკიცე“ ერთგულება ფილიპინებთან დადებული თავდაცვის შეთანხმების მიმართ. ჰეგსეთმა პირობა დადო, რომ აშშ პარტნიორს მოწინავე შეიარაღებას მიაწვდის, რათა გაძლიერდეს ფილიპინების მედეგობა ჩინეთის „აგრესიის“ წინააღმდეგ.

ფილიპინების თავდაცვის მინისტრ გილბერტო თეოდოროსა და პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოს უმცროსთან შეხვედრისას, ჰეგსეთმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის ძლიერ და მტკიცე თანამშრომლობას. ჩინეთთან დაძაბულობის ფონზე, ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება მშვიდობის შენარჩუნების მიმართ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონსა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. 

„შეკავების პოლიტიკა აუცილებელია მთელ მსოფლიოში, მაგრამ განსაკუთრებით ამ რეგიონში, თქვენს ქვეყანაში, კომუნისტური ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით,“ — განაცხადა ჰეგსეთმა. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ ომს არ ესწრაფვის და პრეზიდენტ დონალდ ტრამპი მშვიდობისმყოფელად მოიხსენია.

პასუხად ჩინეთმა უარყო ბრალდებები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სანავიგაციო და საჰაერო სივრცის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით და მოუწოდა აშშ-ს, შეწყვიტოს „იდეოლოგიური დაპირისპირების წაქეზება“ და „არეულობის თესვა“ რეგიონში.

ჰეგსეთის ვიზიტი ფილიპინებში აზიური ტურნეს ფარგლებში მისი პირველი გაჩერებაა. ვიზიტისას ჰეგსეთმა განაცხადა, რომ აშშ ფილიპინებს დამატებით სამხედრო ტექნიკას მიაწვდის, მათ შორის, NMESIS-ის ტიპის სარაკეტო სისტემას და უპილოტო საზღვაო აპარატებს. ქვეყნებმა ასევე მოილაპარაკეს სპეციალური ძალების ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე ფილიპინების ჩრდილოეთით ბატანესის კუნძულებზე, რომელიც ტაივანს ესაზღვრება.

აშშ-ს ტაივანთან ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, მაგრამ კუნძულის მთავარი სამხედრო მხარდამჭერია, რაც განპირობებულია “ტაივანთან ურთიერთობების აქტით”. ეს კანონმდებლობა აშშ-ს ავალდებულებს, ტაივანს თავდაცვისთვის საჭირო იარაღი მიაწოდოს, თუმცა არ განსაზღვრავს, ვალდებულია თუ არა ვაშინგტონი სამხედრო ჩარევაზე ტაივანზე თავდასხმის შემთხვევაში — ეს პოლიტიკა ცნობილია, როგორც “სტრატეგიული გაურკვევლობა.”

მარტის დასაწყისში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კითხვაზე, დაიცავს თუ არა აშშ ტაივანს ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში, უპასუხა: „ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი. მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში ნათლად ვაფიქსირებდით ჩვენს პოლიტიკას – ექვსი გარანტიით, ტაივანთან ურთიერთობების აქტით – რომ წინააღმდეგნი ვართ ტაივანის სტატუსის ცვლილების, იქნება ეს ძალის, მუქარის თუ იძულების გზით, და ეს ჩვენს პოლიტიკად რჩება.“

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერა გრძელდება Read More »

Scroll to Top