ერთი ახალი ამბავი

ბაერბოკი, უკრაინის კონფლიქტში რუსეთის მხარდაჭერის გამო, ჩინეთს უპირისპირდება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბაერბოკმა მკაცრად გააკრიტიკა ჩინეთი რუსეთისთვის ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერისთვის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში და გააფრთხილა, რომ პეკინის ქმედებები საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპასა და ინდო-წყნარ ოკეანეში. მომავალ კვირას პეკინში ვიზიტის წინ გაკეთებულ განცხადებაში, ბაერბოკმა დაადანაშაულა ჩინეთი გლობალური უსაფრთხოებისთვის საფუძვლის გამოცლაში, რაც რუსეთის მხარდაჭერასა და ევროპის ძირითად ინტერესებთან დაპირისპირებაში გამოიხატა.

„როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, მსოფლიოში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, ჩინეთი ეწინააღმდეგება ჩვენს ძირითად ევროპულ ინტერესებს რუსეთისთვის ეკონომიკური და სამხედრო დახმარებით“, – თქვა ბაერბოკმა. მომავალ კვირას დაგეგმილ შეხვედრაზე, თავის ჩინელ კოლეგასთან, ვანგ ისთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მთელ რიგ საკითხებს განიხილავს, მათ შორის, უკრაინის ომს.

ბაერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში არა მხოლოდ პირდაპირი საფრთხეა ევროპული მშვიდობისთვის, არამედ მას გლობალური მასშტაბის შედეგებიც მოჰყვება. მან განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი აჩვენებს, თუ რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპის უსაფრთხოება აზიის უსაფრთხოებასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩრდილოეთ კორეა აგზავნის ჯარისკაცებსა და იარაღს რუსეთის მხარდასაჭერად, ხოლო რუსეთი ეხმარება ფხენიანს ბირთვული პროგრამის განვითარებაში. „თუ ჩრდილოეთ კორეა აგზავნის ჯარისკაცებსა და იარაღს უკრაინის წინააღმდეგ, ხოლო რუსეთი მხარს უჭერს ფხენიანის ბირთვულ პროგრამას, მაშინ ეს საფრთხეს უქმნის მშვიდობას როგორც აქ, ასევე ინდო-წყნარ ოკეანეში“, – თქვა მან.  

ბაერბოკის განცხადების საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ჯიანმა, უარყო ბრალდებები. ”ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება უსაფუძვლო ბრალდებებსა და განტევების ვაცებს, ისევე როგორც პოლიტიკურ მანიპულირებას”, – თქვა ლინმა და გაიმეორა ჩინეთის დიდი ხნის პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. ჩინეთი ამტკიცებს, რომ ნეიტრალურია ომში და აცხადებს, რომ იგი არ უწევს ფუნდამენტურ დახმარებას არცერთ მხარეს, განსხვავებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ქვეყნებისგან. თუმცა, ჩინეთის მჭიდრო პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კავშირებმა რუსეთთან, აიძულა ნატოს წევრები, პეკინისთვის ომის “გადამწყვეტი გამცემი”  ეწოდებინათ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე დიდი ხანია უკრაინის ძლიერი მხარდამჭერია, რომელიც მუდმივად მოუწოდებს პეკინს, უფრო მტკიცე პოზიცია დაიჭიროს რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ. გასულ წელს მიცემულ ინტერვიუში ბაერბოკმა პარალელი გაავლო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის და თქვა, რომ რუსეთის გამარჯვება მოტივაციას მისცემს სხვა დიქტატურებს მთელს მსოფლიოში. ”თუ პუტინი ამ ომს მოიგებდა, რა ნიშანი იქნებოდა ეს მსოფლიოს სხვა დიქტატორებისთვის, როგორიცაა სი, ჩინეთის პრეზიდენტი?”, განაცხადა ბაერბოკმა 2023 წლის სექტემბერში.

ბაერბოკის ჩინეთში ვიზიტის კვალდაკვალ, გერმანია-ჩინეთის ურთიერთობების მომავალი გზაჯვარედინზეა, რადგან აღნიშნული ქვეყნები ეკონომიკური თანამშრომლობის, გლობალური უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში კონკურენტული პრიორიტეტებით გამოირჩევიან. მათ ამ გამოწვევების დაბალანსება მოუწევთ, რათა ჩინეთ-ევროპის ურთიერთობები მომდევნო წლებში იყოს სტაბილური.  

ბაერბოკი, უკრაინის კონფლიქტში რუსეთის მხარდაჭერის გამო, ჩინეთს უპირისპირდება Read More »

ლიეტუვამ ჩინეთის საელჩოს სამი თანამშრომელი გააძევა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით, ქვეყანამ ჩინეთის წარმომადგენლობითი ოფისის სამი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და სამი კვირა მისცა ქვეყნის დასატოვებლად. სამინისტრომ გადაწყვეტილება ვენის კონვენციისა და ლიეტუვის კანონმდებლობის დარღვევით გაამართლა, თუმცა არ უსაუბრია სხვა დეტალებზე.

გაძევებას წინ უძღოდა უკვე დაძაბული ურთიერთობები ჩინეთსა და ლიეტუვას შორის, რომლის ორ მთავარ მიზეზად სახელდება ტაივანის მხარდაჭერის საკითხი და ჩინური გემის სავარაუდო ჩართულობა საზღვაო კაბელების დაზიანებაში. უკანსნელი ეხება ორი ბალტიის ზღვის ტელეკომუნიკაციის კაბელის, მათ შორის შვედური კუნძულის, გოთლანდისა და ლიეტუვის დამაკავშირებლის, დაზიანებას ნოემბრის დასაწყისში. ეჭვები ჩინური ჩართულობის შესახებ, გემის, Yi Peng 3-ის მარშრუტზე დაფუძნებით გაჩნდა – მონიტორინგის მიხედვით,  აღნიშნული გემი სწორედ ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდა მაშინ, როდესაც კაბელები გადაჭრეს. ფინეთმა, შვედეთმა და ლიეტუვამ ტელეკომუნიკაციების დაზიანების ფაქტის გამოძიება საერთო ძალებით დაიწყეს, რაშიც მათ ევროკავშირის კრიმინალური სამართლის საკითხებში კოოპერაციის სააგენტო, Eurojust, დაეხმარებათ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთი მტკიცედ გმობს და ეწინააღმდეგება ლიეტუვის ამ გადაწყვეტილებას და იტოვებს უფლებას განახორციელოს საპასუხო ქმედებები. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ლიეტუვას არ წარმოუდგენია მიზეზი, რის გამოც ჩინური წარმომადგენლობის ამ თანამშრომლებს ქვეყნისთვის არასასურველ ადამიანებად გამოაცხადებდა.  ამავე განცხადებაში საუბარია ლიეტუვის მიერ „ერთი ჩინეთის პრინციპის სერიოზულ დარღვევაზე ტაივანის საკითხებში“ და აღნიშნულია, რომ ამ უკანასკნელმა განსაკუთრებული დაბრკოლებები წარმოქმნა ჩინურ-ლიეტუვურ ურთიერთობებში. კონტექსტისათვის, ამ განცხადების მიზეზი ლიეტუვის მიერ ტაივანისთვის 2021 წელს დე ფაქტო საელჩოს გახსნის უფლების მიცემა გახდა.

ლიეტუვამ ჩინეთის საელჩოს სამი თანამშრომელი გააძევა Read More »

ჩინური და რუსული ჯარების ავიაპატრულირება იაპონიის ზღვის საჰაერო სივრცეში

ჩინურმა და რუსულმა ჯარებმა მეცხრე საერთო ავიაპატრულირება დააორგანიზეს, რომელიც ამჯერად იაპონიის ზღვის საჰაერო სივრცეში მოეწყო. აღნიშნული პროექტი ქვეყნებს შორის 2019 წლიდან მოქმედი თანამშრომლობითი შეთანხმების ნაწილია.

ჩინური მედიის, CCTV-ს განცხადებით, პატრულირების მიზანია როგორც საერთო წვრთნების გამოცდა და გაუმჯობესება, ისე ორი სამხედრო-საჰაერო ძალის ოპერაციული შესაძლებლობების განვითარება.

სამხედრო ძალების სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის იდენტიფიკაციის ზონაში (ADIZ) გამოჩენის შემდეგ, ქვეყანამ დაუყოვნებლივ აამოქმედა სამხედრო რეაქტიული ვერტმფრენები, თუმცა ჩინეთისა და რუსეთის საჰაერო ხომალდებმა ტერიტორია ინციდენტის გარეშე, 4 საათის შემდეგ დატოვეს. სამხრეთ კორეამ აღნიშნა, რომ ავიაპატრულირება ქვეყნისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე ჩატარდა.

მიუხედავად იმისა, რომ, ზოგადად, ქვეყნები მოითხოვენ იმ თვითმფრინავების იდენტიფიცირებას, რომლებიც მათ ADIZ-ებში შედიან, აღნიშნული ზონები არ ეკუთვნის რომელიმე კონკრეტულ სუვერენულ ქვეყანას და სხვადასხვა სახელმწიფოს ADIZ-ები ხშირად იკვეთებიან.

აღნიშნულ წვრთნებზე კომენტარი გააკეთა ჩინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა და განაცხადა, რომ ის სამიზნედ არ იღებს რომელიმე მესამე მხარეს და „არაფერ შუაშია არსებულ საერთაშორისო თუ რეგიონულ სიტუაციებთან“.

ჩინეთის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი გამოცემა Global Times, ჩინური სამხედრო ძალების ექსპერტზე დაყრდნობით, ხაზს უსვამს გამოყენებული ტერიტორიების სტრატეგიულ მნიშვნელობას და ამბობს, რომ ორი ქვეყნის მხრიდან მათი „კარის ზღურბლზე“ მსგავსი პატრულირებების დაორგანიზება ნორმალურ მოვლენას წარმოადგენს. 

ჩინური და რუსული ჯარების ავიაპატრულირება იაპონიის ზღვის საჰაერო სივრცეში Read More »

ტრამპის სავაჭრო ომის არქიტექტორი ჯემისონ გრირი აშშ-ს სავაჭრო სტრატეგიას მეორე ვადით უხელმძღვანელებს

შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მან სავაჭრო წარმომადგენლად (USTR) აირჩია პროკურისტი ჯემისონ გრირი. ესაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციის ეკონომიკურ და სავაჭრო სტრატეგიებს ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში. გრირს, ვაჭრობის კანონმდებლობის სტაჟიან ექსპერტს, ახალი ადმინისტრაცია ამზადებს აგრესიული სავაჭრო პოლიტიკის ხელმძღვანელის პოზიციაზე, ეს აგრესიული პოლიტიკა კი, განსაკუთრებით მიემართება ჩინეთსა და ჩრდილოეთ ამერიკას.

ტრამპმა ხაზი გაუსვა თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში  გრირის გადამწყვეტ როლს ძირითად სავაჭრო ქმედებებში, მათ შორის ჩინეთთან სავაჭრო ომში და ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (NAFTA) ხელახალი მოლაპარაკებების დროს, რომელიც შემდგომში გახდა აშშ-მექსიკა-კანადის შეთანხმება (USMCA).  “ჯემისონმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემი პირველი ვადის დროს  სავაჭრო პოლიტიკის წარმატებაში, მათ შორის ჩინეთთან სავაჭრო ომში მტკიცედ დგომით და USMCA ბევრად უკეთესედ გარიგებად გარდაქმნით ამერიკელი მუშაკებისთვის“, – თქვა ტრამპმა განცხადებაში.

გრირი, რომელიც ადრე ტრამპის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენლის, რობერტ ლაიტჰაიზერის შტაბის უფროსად მუშაობდა, ჩართული იყო მოლაპარაკებებში, რომელმაც გამოიწვია 2020 წელს ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმება – “ფაზა 1”. ამ შეთანხმების თანახმად, ჩინეთს დაეკისრა ვალდებულება,  შეესყიდა 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული საქონელი ორი წლის განმავლობაში – თუმცა ეს მიზანი სრულად ვერასდროს იქნა მიღწეული, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შეფერხებების გამო.

გრირის არჩევა მიუთითებს იმაზე, რომ ტრამპის მეორე ვადის სავაჭრო პოლიტიკა ჩინეთთან მიმართებით უფრო მკაცრი იქნება. გრირი საკმაოდ მკაფიოდ აფიქსირებდა თავის პოზიციას ჩინეთისადმი უფრო მკაცრი მიდგომის აუცილებლობის შესახებ, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტექნოლოგია და წარმოება. მან ახლახანს მისცა ჩვენება აშშ-ჩინეთის ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმოხილვის კომისიის წინაშე, რომელიც მხარს უჭერდა უფრო მტკიცე ტარიფებს და ექსპორტის კონტროლს აშშ-ს ინდუსტრიების დასაცავად. „ჩინეთის მთავრობის მიერ ვაჭრობის გამოყენება სამხედრო და სახელმწიფო საწარმოების მხარდასაჭერად კრიტიკულ საფრთხეს წარმოადგენს“, – განუცხადა გრირმა კანონმდებლებს. ეს განცხადება ხაზს უსვამს ეროვნული უსაფრთხოების რისკებს, რომლებიც გამოწვეულია ჩინეთის მზარდი გავლენით გლობალურ ბაზრებზე.

გრირის არჩევა USTR-ად არის ტრამპის უფრო ფართო სტრატეგიის მხოლოდ ერთი ნაწილი აშშ-ს ეკონომიკური პოლიტიკისა და სავაჭრო ურთიერთობების ძირეული გადახედვის პროცესში. როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია დაიწყებს თავისი კურსის დასახვას მომდევნო ოთხი წლისთვის, გრირის როლი გადამწყვეტი იქნება აშშ-ს სავაჭრო პოლიტიკის მომავლის ჩამოყალიბებასა და იმის უზრუნველყოფაში, რომ ტრამპის ეკონომიკური ხედვა დარჩეს მისი პრეზიდენტობის ცენტრალურ ფოკუსად.

ტრამპის სავაჭრო ომის არქიტექტორი ჯემისონ გრირი აშშ-ს სავაჭრო სტრატეგიას მეორე ვადით უხელმძღვანელებს Read More »

ევროკავშირის მიერ ჩინურ ელექტრომობილებზე დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული; ევროკავშირი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთთან თანამშრომლობაში შემჩნეულ ჩინურ კომპანიებს სანქციებს უმზადებს

ევროკავშირისა და ჩინეთის ოფიციალური პირები  ჩინურ ელექტრომობილებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული ტარიფების ალტერნატივებს განიხილავენ.  ევროკავშირის წარმომადგენლებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ საკითხის მყისიერი გადაწყვეტის პერსპექტივა არ ჩანს.

ევროპარლამენტის სავაჭრო კომიტეტის თავმჯდომარემ ბერნდ ლანგემ პარასკევს გერმანიის მაუწყებელს მიანიშნა, რომ 27 ქვეყანას შორის შეთანხმება, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ტარიფების სხვა ზომით ჩანაცვლების შესახებ, დასრულებულ სახეს უახლოვდება. 

Reuters-ი იუწყება, რომ ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, რომლებიც მოლაპარაკებების მგრძნობიარე ხასიათის გამო ანონიმურად საუბრობდნენ, უარყვეს ლანგეს განცხადება. მათ განმარტეს, რომ დისკუსიები გრძელდება და მნიშვნელოვანი დაბრკოლებები ხელს უშლის გარიგების დადებას. 

ტარიფებთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებს წინ უსწრებდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის შეხვედრა გასულ კვირას, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში. შეხვედრაზე სი ძინპინმა ისაუბრა ჩინეთის მზადყოფნაზე ითანამშრომლოს გერმანიასთან სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად. პრეზიდენტმა, ასევე, ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ დაწესებული ტარიფების საკითხს ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე. სი ძინპინის თქმით, ტარიფები პეკინსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო კონფლიქტის რისკებს ზრდის. 

წევრი ქვეყნებისგან საჭირო მხარდაჭერის მიღების შემდეგ, ევროკავშირმა ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე მაღალი ტარიფების დაწესების 5 წლიანი გეგმა 2024 წლის ოქტომბერში დაამტკიცა.   ტარიფები, სავარაუდოდ, გაიზრდება ამჟამინდელი 10%-დან 45%-მდე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.  

ევროკომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი და ჩინეთი „ინტენსიურად იმუშავებენ” ტარიფების გაზრდით შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად. საპასუხოდ, ჩინეთის კომერციის სამინისტრომ დაგმო გადაწყვეტილება, როგორც “არასამართლიანი” და “არაგონივრული”, მაგრამ აღიარა საკითხის მოლაპარაკებების გზით მოგვარების შესაძლებლობა.

გადაწყვეტილება ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე მაღალი ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით, არ ყოფილა ერთსულოვანი. გერმანია, რომლის საავტომობილო ინდუსტრია დიდწილად დამოკიდებულია ჩინეთში ექსპორტზე, ეწინააღმდეგებოდა ტარიფებს. ევროკავშირის ბევრმა წევრმა  სახელმწიფომ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. თუმცა საფრანგეთმა, იტალიამ, ნიდერლანდებმა და პოლონეთმა მხარი დაუჭირეს იმპორტის გაზრდილ გადასახადებს. ტარიფების შესახებ წინადადების დაბლოკვა შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 27-დან  15 წევრი ქვეყნის კვალიფიციური უმრავლესობა არ დაუჭერდა მხარს.

ორ ბლოკს შორის მზარდი სავაჭრო დაძაბულობის ფონზე, ჩინეთის მხრიდან ისმის მოწოდებები თანამშრომლობისკენ.  ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთმა და ევროკავშირიმა ერთმანეთი  პარტნიორებად უნდა აღიქვან და არა მოწინააღმდეგეებად. მან ორივე მხარეს მოუწოდა იფიქრონ ერთმანეთის პერსპექტივიდან და ეძიონ პარტნიორობის გზები. 

მცდელობის მიუხედავად, ცხადია, რომ ევროკავშირის ზომები ჩინეთის წინააღმდეგ არ შემოიფარგლება მხოლოდ იმპორტის გადასახადების გაზრდით გარკვეულ სექტორებში. ორშაბათის მდგომარეობით, Bloomberg-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი აპირებს სანქციების დაუწესოს რამდენიმე ჩინურ ფირმას, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსულ კომპანიებს უკრაინაში გამოყენებული თავდამსხმელი დრონების შექმნაში ეხმარებოდნენ. 

ევროკავშირის მიერ ჩინურ ელექტრომობილებზე დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული; ევროკავშირი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთთან თანამშრომლობაში შემჩნეულ ჩინურ კომპანიებს სანქციებს უმზადებს Read More »

ტრამპის სატარიფო გამბიტი: მკაცრი გადასახადები ჩინეთს, მექსიკასა და კანადას, იმიგრაციისა და ნარკომანიის კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების პირველივე დღეს ჩინეთს, მექსიკასა და კანადას მკაცრ ტარიფებს დაუწესებს. მისი თქმით, ეს ნაბიჯები აუცილებელია იმისათვის, რომ ამ ქვეყნებმა მიიღონ უფრო სერიოზული ზომები არალეგალური იმიგრაციისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

Truth Social პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში, ტრამპმა დეტალურად აღწერა თავისი გეგმები და აღნიშნა, რომ იგი 20 იანვარს ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მექსიკიდან და კანადიდან შემოტანილ ყველა სახის იმპორტირებულ პროდუქტზე 25%-იან ტარიფს დააწესებს.  კიდევ ერთ პოსტში, დონალდ ტრამპი თავს დაესხა ჩინეთს იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა არ შეასრულა დაპირებები იმ პირებისთვის სიკვდილით დასჯის დაწესების შესახებ, რომლებიც ვაჭრობენ ფენტანილით, ნარკოტიკით, რომელიც, მისი თქმით, შეერთებულ შტატებში, მექსიკის გავლით, უპრეცედენტო რაოდენობით შედის. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მან გამოაცხადა, რომ იგი გეგმავს დამატებით 10%-იანი ტარიფის დაწესებას ჩინეთიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე იქამდე, სანამ ნარკოტიკების შემოტანის მზარდი მაჩვენებელი არ შეჩერდება აშშ-ში. ტრამპმა ეს შეაფასა, როგორც აუცილებელი ზომა კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად და აღნიშნა, რომ ამ საკითხს ყურადღება უნდა მიაქციონ.

ტრამპის მიერ ჩინურ საქონელზე დამატებითი ტარიფების დაწესების საპასუხოდ, ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს სპიკერმა ლიუ პენგიუმ განაცხადა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივად მომგებიანია და გააფრთხილა აშშ, რომ „არავინ მოიგებს სავაჭრო თუ სატარიფო ომს.” ჩინეთის სპიკერმა ასევე აღნიშნა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა, რაც განპირობებული იყო სან-ფრანცისკოს სამიტის შემდეგ ჩინეთ-აშშ-ს შორის კომუნიკაციის განახლების მოტივით. ჩინეთმა, სპიკერის თქმით, გაუზიარა შეერთებულ შტატებს სიახლეები ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის შესახებ და უპასუხა აშშ-ის მოთხოვნას ინფორმაციის მისაღების თაობაზე. მან ასევე უარყო ბრალდება, რომ ჩინეთი შეგნებულად უშვებს აშშ-ში ფენტანილის ექსპორტს.

ინგლისის ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრის, სვატი დინგრას  თქმით, დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებულმა 60%-იანმა ტარიფმა ჩინეთიდან იმპორტზე შესაძლოა კომპლექსური გავლენა იქონიოს გლობალურ ეკონომიკაზე ფასების მასშტაბური ვარდნით, „რადგან საქონელი უფრო იაფი გახდება ყველასთვის“. ლონდონში, კონფერენციაზე გამოსვლისას, დინგრამ განმარტა, რომ ამერიკის მიერ დაწესებულ ასეთ მკაცრ ტარიფებზე შესაძლოა საპასუხო რეაგირება მოახდინონ ჩინელმა ექსპორტიორებმა. მათ შეიძლება შეამცირონ ფასები ალტერნატიულ ბაზრებზე იმისთვის, რომ ვაჭრობის მოცულობა შეინარჩუნონ, რაც ფასების დაცემას გამოიწვევს ყველგან, მათ შორის დიდ ბრიტანეთშიც.

თუმცა, მან დაადასტურა, რომ ეფექტი ცვალებადი იქნება სხვა ქვეყნების რეაქციების გათვალისწინებით. თუ მთავრობები სამაგიეროს გადაუხდიან საკუთარი ტარიფების დაწესებით ან პროტექციონისტული ნაბიჯებით, სავაჭრო ომი შესაძლოა კონტროლიდან გამოვიდეს და ზიანი მიაყენოს მსოფლიო ეკონომიკას. უფრო მაღალი ინფლაცია შეიძლება იყოს შეერთებულ შტატებში, რადგან ამერიკელი მომხმარებლები იღებენ ტარიფის ღირებულებას; თუმცა, ამ ტიპის საქონლის გლობალური ფასები შეიძლება შემცირდეს, რადგან ჩინელი ექსპორტიორები ეგუებიან და ერგებიან ახალ სავაჭრო ბარიერებს.

ვინაიდან ტრამპის წინადადებები დებატებს იწვევს, მისი აგრესიული სავაჭრო პოლიტიკის შედეგები გაურკვეველი რჩება. ცხადია, რომ მისი თანამდებობაზე დაბრუნება გამოიწვევს მკვეთრ ცვლილებას აშშ-ს ეკონომიკურ და საგარეო პოლიტიკაში, რომელშიც ტარიფებს კვლავ ექნება ცენტრალური ადგილი.

ტრამპის სატარიფო გამბიტი: მკაცრი გადასახადები ჩინეთს, მექსიკასა და კანადას, იმიგრაციისა და ნარკომანიის კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად Read More »

ნატოს ლიდერი ბიზნესებს მოუწოდებს, ჩინეთსა და რუსეთზე მზარდი დამოკიდებულების ფონზე, მოემზადონ ომისთვის

ნატოს მაღალჩინოსანმა, სამხედრო ლიდერმა მოუწოდა კომპანიებს მოემზადონ ომის დროს მოსალოდნელი სიტუაციებისთვის, გადახედონ მიწოდების ჯაჭვებს, რათა შეამცირონ ისეთი კონკურენტი ქვეყნების გავლენა, როგორებიც რუსეთი და ჩინეთია.  ადმირალმა რობ ბაუერმა, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკური რეფორმა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სამხედრო შესაძლებლობები ეროვნული უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.  

ბრიუსელში “ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოსვლისას, ბაუერმა განმარტა, რომ შეკავება არ შემოიფარგლება მხოლოდ სამხედრო ძალით, არამედ მოიცავს ნებისმიერ სიტუაციაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქონლისა და მომსახურების შენარჩუნების შესაძლებლობას. ”თუ ჩვენ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, შეგვეძლება ყველა საჭირო რესურსისა და სერვისის უზრუნველყოფა, ესეც ჩვენი პრევენციის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება”,- თქვა მან.

ბაუერმა ხაზი გაუსვა მზარდ საფრთხეებს, მათ შორის საბოტაჟს და გეოპოლიტიკურ ზეწოლას, რომლებმაც უკვე გამოსცადეს ევროპის გამძლეობის უნარი. „ჩვენ გვეგონა, რომ გარიგება გვქონდა გაზპრომთან, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო გარიგება ვლადიმერ პუტინთან“, – აღნიშნა ბაუერმა და ამით ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ენერგომომარაგების პოლიტიკური ბერკეტების ინსტრუმენტის სახით გამოყენებას. “იგივე ეხება ჩინეთის საკუთრებაში არსებულ ინფრასტრუქტურასა და საქონელს. როდესაც ჩვენ ვაფორმებთ გარიგებებს ჩინურ კომპანიებთან, ჩვენ ეფექტურად ვაფორმებთ გარიგებებს პრეზიდენტ სი ძინპინთან.”

ბაუერმა აღნიშნა, რომ დასავლეთი ზედმეტად არის დამოკიდებული ჩინეთზე ძირითადი მარაგებისთვის. ჩინეთი ამჟამად აწარმოებს მსოფლიოს იშვიათი რესურსების 60%-ს და ამუშავებს მათ 90%-ს, მასალებს, რომლებიც საჭიროა ტექნოლოგიებისთვის, თავდაცვისა და განახლებადი ენერგიისთვის. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მრავალი სამკურნალო პროდუქტი, როგორიცაა სედატიური საშუალებები, ანტიბიოტიკები და ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, სწორედ ჩინეთიდან მოდის. 

”ჩვენ გულუბრყვილოები ვართ, რადგან ვფიქრობთ, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია არასოდეს იყენებს ამ ბერკეტს,” – გააფრთხილა ხალხი ბაუერმა.



ნატოს ლიდერი ბიზნესებს მოუწოდებს, ჩინეთსა და რუსეთზე მზარდი დამოკიდებულების ფონზე, მოემზადონ ომისთვის Read More »

ჩინური კიბერ-შპიონაჟის კამპანიის შესახებ შეხვედრა თეთრ სახლში

22 ნოემბერს თეთრ სახლში ამერიკის ტელეკომუნიკაციების უმაღლეს წარმომადგენლებსა და ეროვნული უსაფრთხოების ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი საკითხი ჩინური კიბერ-შპიონაჟის კამპანია იყო.

აღნიშნულ კამპანიას სექტორისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მისი სამიზნეები გახდნენ აშშ-ს უმაღლესი პოლიტიკური პირებიც, მათ შორის აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი. გარდა ამისა, აშშ-ს განცხადებით, ჩინეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ტელეკომ კომპანიებზე თავდასხმით მოიპოვეს წვდომა მონაცემებზე, რომელიც ამერიკული ძალოვანი სტრუქტურებისთვის იყო განკუთვნილი.

შეხვედრის განმავლობაში ტელეკომუნიკაციების მხარემ მთავრობას გააცნო რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებდა აღნიშნული ორგანო თავდაცვის უზრუნველყოფას მსგავსი კიბერ-შეტევების წინააღმდეგ. გარდა ამისა, მათ ერთმანეთში დაზვერვის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია გაცვალეს.

FBI-ს განცხადებით, აღნიშნული კამპანიით დაზარალებულების რაოდენობა 150-ზე ნაკლებია, თუმცა უფრო სავარაუდოა ისიც, რომ ამ ადამიანებისგან, მოგვიანებით, მათ მიერ გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებების ან განხორციელებული ზარების მეშვეობით ზიანი გაცილებით უფრო მეტ ადამიანზე გავრცელდა.

ჩინეთი კიბერ-შეტევების კამპანიის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის საგარეო სამინისტროს პრეს-სპიკერმა შეხვედრამდე, 14 ნოემბერსაც გააკეთა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ჩინეთს „არ აქვს ინტერესი კიბერ სივრცეში სხვა ქვეყნების საშინაო სააქმეებში ჩარევის და ეწინააღმდეგება პოლიტიკური მიზნებისთვის ჩინეთის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას“.  ხელისუფლებასთან აფილირებული მედია-პლატფორმა, Global Times საუბრობს ექსპერტებზე, რომლებმაც „გამოავლინეს, რომ აშშ მიზანმიმართულად აყალბებს მტკიცებულებას, რათა დააზიანოს ჩინეთის რეპუტაცია“. ამის დასადასტურებლად ისინი იყენებენ ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა წყაროთა ანონიმურობა და არგუმენტების ნაკლებობა.

ჩინური კიბერ-შპიონაჟის კამპანიის შესახებ შეხვედრა თეთრ სახლში Read More »

უოლ-სტრიტიდან კომერციის მდივნობამდე: ჰოვარდ ლუტნიკი ტრამპის სავაჭრო და სატარიფო სტრატეგიას უხელმძძღვანელებს

დონალდ ტრამპმა ჰოვარდ ლუტნიკი, უოლ სტრიტელი ბიზნესმენი, კომერციის დეპარტამენტის მომავალ მდივნად დაასახელა. თავის განცხადებაში ტრამპმა შეაქო ლუტნიკი, ფინანსური ფირმა Cantor Fitzgerald-ის აღმასრულებელი დირექტორი, როგორც “უოლ სტრიტის დინამიკური ძალა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში” და ხაზი გაუსვა მის როლს მომავალი ადმინისტრაციის “ტარიფებისა და სავაჭრო გეგმის“ საკითხებში. 

ლუტნიკი თანამდებობაზე, ბოლო რამდენიმე თვის არაერთი სპეკულაციის შემდგომ, დასახელდა. თავდაპირველად, ლუტნიკი განიხილებოდა სახაზინო მდივნის თანამდებობაზე, თუმცა მას ამაში ჰეჯ-ფონდის მენეჯერი სკოტ ბესენტი ეცილებოდა. კომერციის განყოფილების ხელმძღვანელად მისი დანიშვაც მოულოდნელი აღმოჩნდა. ლუტნიკმა ამ თანამდებობის მსურველი კიდევ ორი კანდიდატის დამარცხება მოახერხა. ესენი იყვნენ: რობერტ ლაითჰაიზერი – ტრამპის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი და ლინდა მაკმაჰონი – მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი. ლაითჰაიზერსაც და მაკმაჰონსაც ცოტა ხნის წინ აცნობეს, რომ ლუტნიკი კომერციის დეპარტამენტის მდივნის როლზე ტრამპის რჩეული აღმოჩნდა. 

კომერციის დეპარტამენტი, მიუხედავად იმისა, რომ სახაზინო დეპარტამენტზე მცირეა, გადამწყვეტ როლს თამაშობს ისეთ სფეროებში, სადაც ბიზნესი და ეროვნული უსაფრთხოება იკვეთება. მდივნის პასუხისმგებლობა მოიცავს აშშ-ს ბიზნესის მხარდაჭერასა და ხელშეწყობას,  სავაჭრო შეთანხმებებზე მოლაპარაკებების გამართვასა და უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობას. აშშ-ჩინეთის სავაჭრო და ტექნიკურ ომში მისი როლის გარდა, მდივნის პასუხისმგებლობა მოიცავს პატენტების დამტკიცებას, ეკონომიკური მონაცემების გამოქვეყნებასა და აშშ-ში აღწერის ჩატარებას. დეპარტამენტი ასევე იძიებს ანტიდემპინგსა და სუბსიდირების წინააღმდეგ საქმეებს, რასაც ხშირად მოჰყვება სადამსჯელო ტარიფების შემოღება,  რომლებიც შიდა ინდუსტრიების დასაცავადაა შექმნილი.

იმის შიშით, რომ პეკინს შეეძლო ამერიკული ტექნოლოგია თავისი სამხედრო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად გამოეყენებინა, ტრამპისა და ბაიდენის ადმინისტრაციები, ორივე აგრესიულად იყენებდა კომერციის დეპარტამენტის უფლებამოსილებას ჩინეთში აშშ-სა და უცხოური ტექნოლოგიების ნაკადის დასარეგულირებლად. ეს ძალისხმევა განსაკუთრებით ორიენტირებულია ნახევარგამტარებსა და მათი წარმოებისთვის გამოყენებულ აღჭურვილობაზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა განახორციელა ექსპორტის სრული კონტროლი მოწინავე ჩიპებისა და ჩიპების დამზადების ინსტრუმენტებზე, რითაც შეზღუდა ჩინეთის წვდომა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებსა და შემდეგი თაობის ნახევარგამტარების წარმოების აღჭურვილობაზე.  

ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში, კომერციის ყოფილი მდივანი, უილბურ როსი იყო აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომში ცენტრალური ფიგურა და უფრო მაღალი ტარიფების მხარდამჭერი – ეს იყო საკითხი, რომელსაც ლუტნიკიც აღიარებდა და ემხრობოდა. ლუტნიკი, ადმინისტრაციის სხვა ფიგურებთან შედარებით, ჩინეთზე ღიად ხშირად არ საუბრობდა, თუმცა ის ტარიფების გამკაცრების იდეის მტკიცე დამცველია, განსაკუთრებით ჩინეთის მიმართ. ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დაპირება, რომ დააწესოს 60%-იანი ტარიფი ჩინეთიდან და 10%-იანი ტარიფი სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ საქონელზე, ნათლად შეესაბამება ლუტნიკის შეხედულებებს. ბოლო ინტერვიუში ლუტნიკმა ხაზი გაუსვა მის მხარდაჭერას შემოსავალზე ორიენტირებული სავაჭრო პოლიტიკის მიმართ და თქვა: “ნუ დაბეგრავთ ჩვენს ხალხს. სანაცვლოდ გამოიმუშავეთ ფული. დააწესეთ ტარიფები ჩინეთზე და გამოიმუშავეთ 400 მილიარდი დოლარი”. 

კომერციის მომავალ მდივანს დაევალება მთელი რიგი რეგულაციების აღსრულება, რომლებიც მიზნად ისახავს ჩინეთის ტექნოლოგიური მიღწევების შეზღუდვას, განსაკუთრებით ხელოვნურ ინტელექტსა და ნახევარგამტარებში. ეს მოიცავს მცდელობებს, რომ ძირითადი ჩინური კომპანიები, როგორიცაა Huawei Technologies და Semiconductor Manufacturing International Corporation (SMIC) რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩნენ თავიანთ გლობალურ კონკურენტებს ძირითად ტექნოლოგიურ სექტორებში. 

უოლ-სტრიტიდან კომერციის მდივნობამდე: ჰოვარდ ლუტნიკი ტრამპის სავაჭრო და სატარიფო სტრატეგიას უხელმძძღვანელებს Read More »

სი ძიმპინმა გერმანიას დახმარება სთხოვა ევროკავშირის მიერ ჩინეთზე დაწესებული მაღალი ტარიფების საკითხის გადაწყვეტაში

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, დახმარება სთხოვა ხელი შეუწყოს ჩინურ ელექტრომობილებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული მაღალი ტარიფების საკითხის გადაწყვეტას. 

რიო-დე-ჟანეიროში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვედრისას, ჩინეთის პრეზიდენტმა გამოთქვა ქვეყნის მზადყოფნა ითანამშრომლოს გერმანიასთან სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად. შემდეგ მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ დაწესებული ტარიფების საკითხს ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე. ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ტარიფები პეკინსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო კონფლიქტის რისკებს ზრდის. 

წევრი ქვეყნებისგან საჭირო მხარდაჭერის მიღების შემდეგ, ევროკავშირმა ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე მაღალი ტარიფების დაწესების 5 წლიანი გეგმა 2024 წლის ოქტომბერში დაამტკიცა. ტარიფები, სავარაუდოდ, გაიზრდება ამჟამინდელი 10%-დან 45%-მდე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. 

ევროკომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი და ჩინეთი „ინტენსიურად იმუშავებენ ტარიფებისთვის ალტერნატიული გადაწყვეტის მოსაძიებლად“. საპასუხოდ, ჩინეთის კომერციის სამინისტრომ დაგმო გადაწყვეტილება, როგორც “არასამართლიანი” და “არაგონივრული”, მაგრამ აღიარა საკითხის მოლაპარაკებების გზით მოგვარების შესაძლებლობა. 

გადაწყვეტილება ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე მაღალი ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით, არ ყოფილა ერთსულოვნი. გერმანია, რომლის საავტომობილო ინდუსტრია დიდწილად დამოკიდებულია ჩინეთში ექსპორტზე, ეწინააღმდეგებოდა ტარიფებს. ევროკავშირის ბევრმა წევრმა სახელმწიფომ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. თუმცა საფრანგეთმა, იტალიამ, ნიდერლანდებმა და პოლონეთმა მხარი დაუჭირეს იმპორტის გაზრდილ გადასახადებს. ტარიფების შესახებ წინადადების დაბლოკვა შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 27-დან 15 წევრი ქვეყნის კვალიფიციური უმრავლესობა არ დაუჭერდა მხარს. 

ევროკავშირის ტარიფებმა შეშფოთება გამოიწვია საავტომობილო სექტორის გარეთ, სხვა ინდუსტრიულ ჯგუფებშიც. არსებობს ჩინეთისგან საპასუხო ტარიფების შიში. სავაჭრო ორგანიზაციამ, რომელიც წარმოადგენს საფრანგეთის კონიაკის ინდუსტრიას, გააკრიტიკა საფრანგეთის ხელისუფლება და განაცხადა: “ჩვენ მათ მიგვატოვეს”. 

სი ძინპინმა შეხვედრაზე განაცხადა: “იმედი გვაქვს, რომ ევროპა და ჩინეთი ელექტრომობილების საკითხს გადაჭრიან დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით, რაც შეიძლება მალე და გერმანული მხარე მზადაა ამ კუთხით აქტიური ძალისხმევა მიმართოს”. 

გერმანიის მთავრობის სპიკერმა აღნიშნა, რომ შოლცის შეხვედრა ჩინეთის პირველ პირთან 30 წუთს გაგრძელდა, რა დროსაც მხარეებმა ასევე განიხილეს გეოპოლიტიკური საკითხები, მათ შორის უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები. 

სი ძიმპინმა სამხრეთ ამერიკაში ტური აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობით დაიყო ლიმაში, სადაც მან გახსნა ჩინეთის მიერ დაფინანსებული წყნარი ოკეანის პორტი. სამშაბათს G20 სამიტის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია სი ძიმპონის ვიზიტი ბრაზილიაში, სადაც ის შეხვდება ბრაზილიის პრეზიდენტს და ხელს მოაწერს თანამშრომლობის შეთანხმებებს.

სი ძიმპინმა გერმანიას დახმარება სთხოვა ევროკავშირის მიერ ჩინეთზე დაწესებული მაღალი ტარიფების საკითხის გადაწყვეტაში Read More »

Scroll to Top