ოთარ იოსელიანი – „აპრილი“ (1961წ)

„აპრილი” ოთარ იოსელიანის სადიპლომო ნამუშევარია. რეჟისორის პირველი ფილმი, რომელსაც გადაღებისთანავე, 1961 წელსვე ეხება ცენზურა. 

ისევე როგორც იოსელიანის სრულმეტრაჟიან, თბილისში გადაღებულ ფილმებში, ქალაქი „აპრილშიც” ის „გმირია“, რომელიც ყოველწამიერად განიცდის რადიკალურ ცვლილებას. ერთი მხრივ, დადებითს – ახალი უბნებისა და სახლების მშენებლობით; მეორე მხრივ კი უარყოფითს – ძველი, ისტორიული გარემოს განადგურებით. 

ცვლილებების ძალა კარგად ჩანს  ფილმში, რომლის ტიტრებშიც ვკითხულობთ, რომ ეს „ფილმი-ზღაპარია”. ზღაპრისეულ რეალობაშიც კი ნათლად იკითხება 60-იანელთა თაობისთვის დამახასითებელი იდეალიზმის ნიშნები – პროტესტი მომხვეჭელობის, კომფორტის შემქმნელი ნივთებისა და მატერიალური სამყაროთი გადაჭარბებული ტკბობის მიმართ. ამავდროულად, ფორმის თვალსაზრისით, ოთარ იოსელიანი გვთავაზობს სიმბიოზს, ერთი მხრივ, ზღაპრისთვის დამახასიათებელ სინაზეს, მეორე მხრივ, ქართული კინოავანგარდისთვის დამახასიათებელ სიხისტესა და შეუპოვრობას.

ფილმში „აპრილი“ თბილისი, ისევე როგორც მისი გმირები, განზოგადებულია. ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან ძველი ქალაქის ოღრო-ჩოღრო ქუჩებში, ჩხუბობენ, რიგდებიან, ეძებენ, პოულობენ ერთმანეთსა და თავის სიყვარულს, მაგრამ ვერ უძლებენ ცდუნებას და ოთხ კედელში „ჩაკეტილები“ კარგავენ სიყვარულს, შინაგან თავისუფლებასა და სილაღეს. ფილმის გმირებისთვის მნიშვნელოვანია ჩვეულ, ბუნებრივ გარემოში დაბრუნება და საკუთარ თავთან მიბრუნება..

„აპრილში“ თბილისი არ აღიქმება კონკრეტულ ქუჩებად და სახლებად, ის ეფემერული და იდუმალია, ამიტომ რთულია ფილმიდან აბსოლუტური სიზუსტით კონკრეტული ქუჩებისა თუ სახლების მონიშვნა თანამედროვე თბილისის რუკაზე. რეჟისორი აქ მიზანმიმართულად ცდილობს გაუუცხოვდეს ადგილს და ადგილის ენა პირობით ენად აქციოს.

ფილმში ორი, რადიკალურად განსხვავებული თბილისია ნაჩვენები. ძველი, ისტორიული თბილისი, თავისი ტრადიციული ურბანული გარემოთი, ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით, აღმართ-დაღმართებით, ქუჩა-კიბეებით, სადარბაზოებით, სადაც ძნელია განმარტოება, რადგან გარემო სწრაფად იცვლება და კარგავს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ თავისებურებასა და სიმყუდროვეს. 

სამაგიეროდ, ღია სივრცეში იშლება უსახური, ერთმანეთის მსგავსი სახლების რიგები. კონტრასტებს, რომლებიც დამახასიათებელია ოთარ იოსელიანის კინოსთვის, მისი მონტაჟისთვის ქმნის ადგილების მოხელთებაც, რომლებიც სრულიად საპირისპირო მნიშვნელობებს ატარებს. ამ მოტივით ვხედავთ ფილში ნაჩვენებ დიდ მშენებარე უბანს – საბურთალოს, სადაც კონკრეტული უბნის იდენტიფიცირება სრულიად შეუძლებელია. რეჟისორი შეგნებულად ასაიდუმლოებს, გულდასმით მალავს ყველა მინიშნებას, იმაზე სად არის აშენებული ფილმში ნაჩვენები სახლები.  მოცემულობა ბუნებრივია, მაყურებელი ხომ ზღაპარს უყურებს, განზოგადებულ სამყაროს, სადაც პირობითია დროცა და ადგილიც.იმის გათვალისწინებით, რომ ეს ფილმი ზღაპარია, ვვარაუდობთ, რომ ამ შემთხვევაში სრული სიზუსტე სულაც არ არის მთავარი.

საბურთალო, სულხან ცინცაძის  ქუჩა

ახალი მშენებარე უბანი, რომელიც ფილმშია ნაჩვენები, სავარაუდოდ, საბურთალოა. თბილისის მახლობლად მყოფი ეს პატარა სოფელი დიდი საქარავნე გზის – „დიღმის გზის“ გასწვრივ იყო განლაგებული. 

დასახლება „საბურთალო“ ტფილისის შემადგენელი ნაწილი გახდა 1911 წელს. დღეს, „სოფელი საბურთალოს“ საზღვრები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ გმირთა მოედნიდან 26 მაისის მოედნამდე. 

ის, რასაც დღეს ასევე „საბურთალოს“ ვეძახით და 26 მაისის მოედნიდან მიუყვება პეკინის, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის, მერაბ კოსტავას და ჟიული შარტავას ქუჩებს, ძველად იყო სოფელები ლისი და ვეძისი, გარშემო ჭალებით. 

1930-იანი წლებიდან აქ იწყება დიდი საცხოვრებელი მასივის პროექტირება და მშენებლობა, რომელიც ორ ძირითად ღერძად იყოფოდა: ცენტრალური (დღეს მერაბ კოსტავას ქუჩა) და ვაჟა-ფშაველას გამზირი. ამ ტერიტორიის განაშენიანება დაიწყო 1950-იან წლებში და მთავარი მიზანი იყო ე.წ. საძილე რაიონების შექმნა თბილისის გარეუბნებში. 

ეს იყო მაშინდელი საბჭოთა ხელისუფლების მთავარი მოთხოვნა – „ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ყველასთვის“, რომელიც კომუნისტური პარტიის მაშინდელმა პირველმა მდივანმა ნიკიტა ხრუშჩოვმა წამოაყენა. მას შემდეგ საბჭოთა კავშირის ყველა ქალაქში შენდებოდა „ტიპური“ სახლები, რომლებსაც „ხრუშჩოვკა“ შეარქვეს. სწორედ ასეთი სახლების მშენებლობაა ნაჩვენები ოთარ იოსელიანის ფილმში „აპრილი“.

სავარაუდოდ, ფილმში გადაღებულია იმ დროს მშენებარე ვაჟა-ფშაველას გამზირი მეტროსადგურ „დელისამდე“ ან ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა. ამ დიდ უბანში დღესაც შემორჩენილია მსგავსი სამ-ხუთ სართულიანი სახლები, რომლებიც მოცემული უბნის მშენებლებისთვის იყო აგებული, როგორც დროებითი საცხოვრებელი. მოგვიანებით სახლების ნაწილი შემორჩა და დღესაც ამ სახლებში ცხოვრობენ თბილისელები.

ქუჩა, რომელიც ფილმშია გადაღებული, სავარაუდოდ, დღევანდელი ალექსანდრე ყაზბეგის ან სულხან ცინცაძის ქუჩაა, თუმცა შესაძლოა იყოს ნებისმიერი სხვა მსგავსი ქუჩა ამ რაიონში. გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, თბილისი სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის (1965-1984) და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარის (1984-1991) სულხან ცინცაძის (1925-1991) სახელი ყოფილ „საბურთალოს ქუჩას“ ეწოდა 1994 წელს.

ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა წარმოიქმნა 1940-იან წლებში და 1942 წელს დაერქვა სტალინგრადის ბრძოლის ერთ-ერთი გმირის „სერჟანტ პავლოვის“ სახელი. 1990 წლიდან ეს ქუჩა გამოჩენილი ქართველი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის სახელს ატარებს.
ბეთლემის ქუჩაკიბე და კლდისუბანი

ეს ისტორიული ქუჩა-კიბე ერთ-ერთია იმ ქუჩათაგან, რომლის დაზუსტებით იდენტიფიცირებაც შესაძლებელია „აპრილში“. დღეს ის „ბეთლემის უბნის“ სახელით ცნობილი თბილისის ისტორიული უბნის, ბეთლემის ქუჩა-კიბეა. 

მისი ისტორია, ფაქტობრივად, თბილისის დაარსებიდან და „აბრეშუმის დიდი გზის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქად ჩამოყალიბების დროიდან იწყება. აქ, სოლოლაკის მთის ფერდობზე, კლდეზე გაშენებული თბილისური უბანი ქალაქის გალავანს ესაზღვრებოდა და მტრისთვის ძნელად მისადგომი იყო მისი განლაგების გამო. 

მრავალი საუკუნის განმავლობაში აქ სახლდებოდნენ ტფილისელი ხელოსნები და წვრილი საქონლით ვაჭრები. ეს მჭიდროდ დასახლებული უბანი იყო ყოველთვის და დღეს თბილისის ერთ-ერთ მთავარ ისტორიულ საცხოვრებელ უბანს წარმოადგეს, რომელსაც, ფაქტობრივად, არ შეცვლია ქუჩათა ქსელი, როგორც მინიმუმ XVI საუკუნიდან. 

სწორედ ეს ქუჩებია გადაღებული „აპრილში“, რომელსაც შემდგომ 2007-2012 წლებში ჩაუტარდებოდა ძირეული რეკონსტრუქცია, რამაც ნაწილობრივ შეცვალა უბნის იერ-სახე.

ბეთლემის აღმართი, რომელიც იწყება ქუჩა-კიბით განლაგებულია კლდისუბანში და აუყვება ლადო ასათიანის ქუჩიდან გომის ქუჩამდე. სახელწოდება „ბეთლემი“ გაჩნდა არც თუ ისე დიდი ხნის წინათ მაცხოვრის შობის ანუ ბეთლემის ეკლესიის გამო, რომლის აქ დაარსების ისტორია VI – VII საუკუნეებს უკავშირდება. მოგვიანებით,  XVIII საუკუნიდან მოყოლებული, როგორც ცნობილია, მას ფეთხაინის ქუჩას, აღმართს და ამასთან ერთად ეკლესიასაც „ფეთხაინის ეკლესიას“ უწოდებდნენ. 

„ფეთახაინი“ – გაქართულებული წარმოთქმის ებრაული სიტყვაა და ნიშნავს „მარადიული სიცოცხლის სახლს” ანუ სასაფლაოს. ცნობილია, რომ ძველად აქ, ამ ეკლესიის და მის გვერდით ასევე უძველესი ზოროასტრული სალოცავის  – ათაშგას მახლობლად იყო ებრაელთა სამლოცველო და მის გარშემო, სავარაუდოდ, სასაფლაო.

1850 წელს რუსი არქიტექტორის ტიმოთე ბელოის პროექტით აქ გაჭრილი ვიწრო ბილიკის და შუკის ადგილას აშენდა დიდი კიბე, რომლის მშენებლობაზე უსასყიდლოდ მუშაობდნენ ტფილისის ამქრების წევრები. კიბე რესტავრირებულია 2007 წელს. კიბეზე გამოდის რამდენიმე საცხოვრებელი სახლის შესასვლელი და ასევე რამდენიმე შუკა. 1923-1990 წლებში ქუჩას და კიბეს ეწოდებოდა აზერბაიჯანელი ბოლშევიკის, მუშადი აზიზბეკოვის სახელი. 

კიბის შუაწელზე  XIX საუკუნის პირველ ნახევარში აშენდა წმინდა სტეფანეს სახელობის სომხური ეკლესია და მასთან არსებული დედათა მონასტერი ღარიბ ქალთა სასწავლებლით. საბჭოთა მმართველობის პერიოდში ორივე ეკლესია (ზემო და ქვემო ბეთლემი) არ ფუნქციონირებდა სასწავლებლის შენობა კი დაანგრიეს 1990-იან წლებში. 1990-იანი წლებიდან კი აქ მოქმედებს მაცხოვრის შობის ქართული ეკლესია.

სამეფო უბანი, კათოლიკეთა ანუ ფრანგთა უბანი. აბო თბილელის #2/20

თბილისის ძველი ისტორიული უბანი –  კალა, რომლის ქუჩათა ქსელი ჩამოყალიბდა გვიან ფეოდალურ ხანაში, ანუ XVI – XVII საუკუნეში. მას შემდეგ, რაც აქ ზემო კალაში, მეფე როსტომმა გადმოიტანა სამეფო სასახლე. 

სასახლის დიდი კომპლექსის გარშემო გაჩნდა უბანი, რომელშიც დასახლდნენ ქართველი დიდგვაროვნები, თავადები ბაგრატიონ-მუხრანელები, ამილახვრები, ბარათაშვილები, ორბელიანები და ასევე მდიდარი სომეხი ვაჭრები. სასახლის წინ ბატონის მოედნიდან იწყებოდა გრძელი სავაჭრო რიგი – რასტაბაზარი, რომელიც სიონის ტაძართან და რამდენიმე დიდ ქარვასლასთან მთავრდებოდა. კალას ორ ნაწილად ზემო და ქვემო კალად ყოფდა, ასევე სავაჭრო რიგების ქუჩა – შუა ბაზარი, რომლის მეორე მხრიდან იწყებოდა კიდევ ერთი დიდი საცხოვრებელი უბანი, „კათოლიკეთა, ან ფრანგთა უბანი”, სადაც სახლდებოდნენ მდიდარი ტფილისელები – მართლმადიდებლები (ქართველი და სომეხი), კათოლიკეები  (ქართველი და სომეხი) და ებრაელები. 

მას შემდეგ, რაც 1801 წელს მოხდა საქართველოს ანექსია რუსეთის იმპერიის მიერ, ეს უბანი დარჩა ძირძველი ტფილისელების საცხოვრებელ უბნად. „აპრილის“ რამდენიმე სცენა მოცემული უბნების ქუჩებშია გადაღებული. 

კალა და კლდისუბანი განსაკუთრებით გამოირჩევა XIX საუკუნისათვის დამახასიათებელი ტფილისური ეკლექტიკური არქიტექტურით.  1795 წელს სპარსელების მიერ თბილისის დარბევის გამო, ჩვენ არ გაგვაჩნია ძველი ტფილისური საცხოვრისის ნიმუშები, გარდა მოგვიანებით გადაკეთებული „ფორაქიშვილის დარბაზისა“. დღეს თბილისის ისტორიულ შენობებს, რომლებიც ძირითადად XIX საუკუნის მეორე ნახევარშია აშენებული, ვუწოდებთ ტრადიციულ ტფილისურ სახლებს, რადგან მათ შეძლეს ძველი, ისტორიული ბანიანი და აივნებიანი სახლების ტრადიციის შერწყმა სავალდებულო რუსულ არქიტექტურასთან, ე.წ. რუსულ ამპირთან და კლასიციზმთან. შედეგად, ძველ ტფილისში – კალაში და ნაწილობრივ გარეთუბანში – გვაქვს თბილისური უნიკალური არქიტექტურა ევროპულ კლასიცისტურ შენობებზე ტფილისური ხის აივნებით, ასევე ეზო ვესტიბიულებით –  შიდა ეზოთი, რომელიც ქუჩაზე გამოდის. 

რამდენიმე ქუჩაზეა დარჩენილი იმდროინდელი თბილისური საცხოვრებელი სახლების გამორჩეული ნიმუშები, მაგალითად, როგორს მოცემული სახლი მანსარდით აბო თბილელის ქუჩაზე. სახლი რესტავრირებულია 2016-2021 წლებში. სახლი ძველი შენობის ადგილას აშენდა 1881 წელს, მეორე სართული მანსარდით დაშენებულია 1894 წელს და ეკუთვნოდა ტფილისის პირველი გილდიის ვაჭარს ასატურ ტერ-აკოფოვს. სახლი განლაგებულია ორი ძველი ქუჩის კვეთაზე, იმ დროს ეს ერთ ერქვა დიდი მრუდე ქუჩა და მეორეს – აზნაურთა ქუჩა. მოგვიანებით, 1901 წელს დიდი მრუდე ქუჩის სახელი შეიცვალა და ერთ ნაწილს დაარქვეს წარმოშობით სომეხი რუსეთის არმიის გენერლის ბორის შელკოვნიკოვის (1837-1878) სახელი, მეორე ნაწილს კი, დღევანდელი ლადო გუდიაშვილის სკვერიდან ივანე მაჩაბლის ქუჩამდე რუსი პოეტის მიხეილ ლერმონტოვის სახელი ეწოდა. 

ხაჩატურ აბოვიანის #8

თბილისის ისტორიული ნაწილის ერთ-ერთი ძველი ქუჩა, რომელიც სავარაუდოდ წარმოიშვა XVI – XVII საუკუნეებში. ქუჩა აღნიშნულია რუსი ტოპოგრაფის ალექსანდრე პიშჩევიჩის 1785 წლის რუკაზე და შემდგომ ტფილისის ქუჩების სიაში შეტანილია როგორც აზნაურის ქუჩა, რადგან ამ უბანში ფეოდალურ ხანაში სახლდებოდნენ ტფილისელი ვაჭრები, რომელთა წოდება – მოქალაქე, აზნაურის წოდებას უტოლდებოდა. 1924 წელს ქუჩას დაარქვეს გლეხის ქუჩა, 1938 წლიდან ატარებს გამოჩენილი სომეხი მწერლის, განმანათლებლის, პედაგოგისა და ეთნოგრაფის ხაჩატურ აბოვიანის (1801-1848) სახელს. 

სახლი ხაჩატურ აბოვიანის #8-ში, რომელიც ფილმის „აპრილი” ერთ-ერთ ეპიზოდშია გადაღებული, აშენებულია 1897 წელს ტფილისელი ინჟინრის იოსებ მირზოევის პროექტით. სახლის პატრონი იყო ტფილისის მეორე გილდიის ვაჭარი ალექსანდრე ხოჯაპარუხოვი. სახლის ფასადმა ჩვენამდე შეცვლილი სახით მოაღწია. 

ალექსანდრე ხოჯაპარუხოვს კიდევ ერთ ტფილისელ მეორე გილდიის ვაჭართან, ეგორ მაისურაძესთან ერთად დღევანდელ კოტე აფხაზის ქუჩაზე #36 ჰქონდა 1893 წელს ტფილისელი არქიტექტორის იოსებ გარიცელოვის პროექტით აშენებული ქარვასლა. დღეს ამ შენობაში განლაგებულია სასტუმრო Qarvasla Hotel.

ხაჩატურ აბოვიანის და გრიგოლ ხანძთელის ჩიხი #2

ხაჩატურ აბოვიანისა და გრიგოლ ხანძთელის მეორე ჩიხის კუთხეში გადაღებულია „აპრილის”კიდევ ერთი სცენა. მსგავსი „მოჭრილი” კუთხეები დამახასიათებელია სახლებისთვის ძველ უბანში, რადგან ძველებურ ვიწრო ქუჩებში XIX საუკუნეში და შემდგომ რთული იყო სხვანაირად ურმების, „დროშკების” და სხვა იმდროინდელი ტრანსპორტის გადაადგილება. 

გრიგოლ ხანძთელის ქუჩა ისეთივე ძველია ამ უბანში, როგორც სხვა დანარჩენი და ასევე არის დატანილი რუსი ტოპოგრაფის ალექსანდრე პიშჩევიჩის მიერ შედგენილი ტფილისის 1785 წლის რუკაზე. შემდგომ ქუჩა ცნობილი იყო როგორც ნორაშენის ქუჩა, რადგან ამ ქუჩასა და კოტე აფხაზის ქუჩებს შორის დგას ღვთისმშობლის სახელობის ძველი სომხური ტაძარი, რომელიც ცნობილია როგორც ნორაშენი. 

1923-1991 წლებში ქუჩას რამდენჯერმე შეუცვალეს სახელი და ახლა ის ატარებს დიდი ქართველი სასულიერო მოღვაწის, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო კომპლექსის დამაარსებლის გრიგოლ ხანძთელის (759-861) სახელს. 

ნიაღვრის ქუჩა #4

ნიაღვრის ქუჩა, რომელიც ფილმში „აპრილი” მნიშვნელოვან „როლს” თამაშობს არის მთაწმინდაზე შიო ჩიტაძის ქუჩის, ფაქტობრივად, პარალელური ქუჩა და პირველად ტფილისის რუკაზე დატანილია 1884 წელს, როგორც სასწავლებლის ქუჩა. იმ დროს მაშინდელ გენერალ ალექსი ერმოლოვის სახელობის ქუჩაზე (ახლა შიო ჩიტაძის ქუჩა) გვერდიგვერდ იდგა ორი სასწავლებლის შენობა; – ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი (ეს სახელმწიფო სასწავლებელი იყო) და 1849 წელს მაშინდელი მეფის ნაცვლის გრაფის მიხეილ ვორონცოვის მეუღლის მიერ დაარსებული წმინდა ნინოს სახელობის ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების შენობა, რომელშიც ამ საზოგადოების მიერ შექმნილი კეთილშობილ ქალთა სასწავლებელი იყო გახსნილი. ორივე შენობა იდგა ახლანდელი ნიაღვრისა და შიო ჩიტაძის ქუჩებს შორის. 

წმინდა ნინოს ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებასთან არსებული კეთილშობილ ქალთა სასწავლებლისთვის 1888-1890 წლებში აშენდა შენობათა კომპლექსი იმ დროს ტფილისში მოღვაწე პეტერბურგელი არქიტექტორის რობერტ გედიკეს  (1829-1910) პროექტით. აშენდა ერმოლოვის ქუჩის მეორე მხარეს თავადის ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის ქალიშვილებისგან, კნეინების, სოფია ტრუბეცკაის, ბარბარე ბაგრატიონ-მუხრანელის, ქეთევან ამილახვრისა და თამარ ჯორჯაძისგან შესყიდული მიწის დიდ ნაკვეთზე. კოპლებში შედიოდა როგორც უშუალოდ სასწავლებლის შენობა, ისე რამდენიმე შენობა ქალთა პანსიონი სასწავლებლის მასწავლებლებისა და აღსაზრდელებისთვის, ასევე, მოპირდეპირე მხარეს აშენდა წმ. ნინოს სახელობის ეკლესიაც. 1900 წლიდან სასწავლებლის ქუჩას გადაარქვეს სახელი და დღეს ის ნიაღვრის ქუჩის სახელწოდებით არის ცნობილი, რადგან ძლიერი წვიმების დროს მთაწმინდის ფერდობიდან ტალახიანი წყალი „ნიაღვარივით” მოედინებოდა. 1921 წლიდან ორივე ქალთა სასწავლებელი გაუქმდა და შენობები სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა. 1940-იან წლებში ამ შენობაში, ნიაღვრის #4 განთავსდა 1946 წელს დაარსებული ლეო დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტი.

რეჟისორი

ოთარ იოსელიანი