ოთარ იოსელიანი

ფოტო: Gorup de Besanez/Wikimedia

ქალაქში მოხეტიალე გმირი ხშირად ყველაზე კარგად გვაჩვენებს ქალაქის განწყობას, არქიტექტურას, ლანდშაფტს, დაგეგმარებას, ყოფასა და  ქალაქში გათამაშებულ ამბებს. თბილისის ურბანული სივრცეები და ქალაქში, მის სამყაროში მოხეტიალე გმირი ოთარ იოსელიანის კინო მემკვიდრეობის ნაწილია. მიუხედავად იმისა, ქალაქი ზღაპრისმიერი, იტალო კალვინოსეული გამოგონილი სივრცეა, როგორც „აპრილში”, თუ „იყო შაშვი მგალობელივით” დაუსრულებელი ავანტიურისა და დიდი მარტოობის ქალაქი, ან „გიორგობისთვესავით” ბევრი ტყუილისა და იოლად მონელებული ამბოხის ქალაქი, საერთო ერთია  –   პერსონაჟები აქ მუდმივად დაეხეტებიან, ირევიან თბილისის ქუჩებში. ქუჩები ხან სიყვარულის ადგილია, ხან ჩხუბის, შეხვედრებისა თუ თვალთვალის. ტყუილ-მართალი, რომლის ჩვენებასაც რეჟისორი ცხოვრების ნაწილად და კინოს ვალდებულებად თვლის, ოთარ იოსელიანის კინოში სრულადაა გაბნეული – ძველი თბილისის ქუჩებში.

იოსელიანის სადიპლომო ნამუშევარს, ფილმ-ზღაპარს – „აპრილს”  გადაღებისთანავე ზედმეტად აბსტრაქტულად თვლიან ვგიკში, „იწუნებენ”. აქვე რეჟისორის რანგში ოთარ იოსელიანი იღებს „რჩევასაც” – ხალხში გავიდეს, რეალურ ცხოვრებას გაეცნოს. „რეალური ცხოვრებისკენ” მიმავალ გზას ოთარ იოსელიანი თბილისის ქუჩებიდან ჯერ მეზღვაურობამდე მიჰყავს, შემდეგ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, სადაც იღებს კიდეც დოკუმენტურ ფილმს  – „თუჯი”. აქ ის მშრომელი ადამიანების სამუშაო დღეს, ყოფას, რუტინას გვაჩვენებს. რეჟისორთან ერთად „ხალხში გარევა” შემდგომში არაერთხელ უწევთ ოთარ იოსელიანის კინოს მომავალ გმირებსაც, რომლებიც  ნებსით თუ უნებლიეთ, მუდამ ხალხსა და ქუჩებში ირევიან. 

„იყო შაშვი მგალობელსა” თუ „გიორგობისთვეში” კულტურული ცხოვრების დეტალები შეთვისებულია გმირების ცხოვრებას, რომლებიც ხან ოპერაში დადიან, ხან რუსთაველის თეატრში. ყოველი გმირის ცხოვრება ქსელივითაა, სადაც სახლია თუ სამუშაო, თუ უბრალოდ განტვირთვის ადგილი – ადგილები ქმნიან უზამაზარ ქსელს ერთი ქალაქის ქსოვილისა, რომლის სრულად ამოცნობას დრო და ურბანული ცვლილებები შეუძლებელს ხდის. თუმცა ყურებისას ქალაქის ატმოსფერო, განწყობა და აურა, რიტმი და ყოფის ელემენტები ცოცხლად შეიგრძნობა. ზღაპრის ელემენტი, სადაც გასაიდუმლოებულია დროც და ადგილიც თუ რეჟისორის მონტაჟური გადაწყვეტა, კადრების ფრაგმენტულობა იოსელიანის თბილისსაც ფრაგმენტულსა და მოუხელთებელს ხდის, მისი გადაღების ადგილების ამოცნობას ართულებს. 

ოთარ იოსელიანის კინო იწყება როგორც ვიწრო თბილისური ქუჩების და მაგიური განწყობის კინო  „აპრილით”, სადაც მთავარი ამბები შემხვედრ ქუჩებსა და ქუჩების კვეთებზე ხდება. მოგვიანებით, რეჟისორი ინაცვლებს ფართო ქუჩებისკენ, სადაც აბსტრაქტული ქალაქის ნაცვლად უკვე რეალური ქალაქის ნამდვილ ყოფასა და გამოწვევებს ვაწყდებით. ქალაქის ქსოვილში აქ სამუდამოდაა ჩაწერილი თბილისური ხის კარიანი სადარბაზოები და ხვეული კიბეები, მოჩუქურთმებული აივნები, მაღალჭერიანი თაღოვანი ფანჯრები, ბაღის ელემენტები – ყვავილები ქოთნებში, სახლის ინტერიერები, ფერდობზე ნაგები სახლები და თბილისის ქუჩებში გათამაშებული ამბები. 

ავტორის ფილმები