ოთარ იოსელიანი -„გიორგობისთვე“ (1966წ)

ფილმში „გიორგობისთვე“ 60-იანი წლების თბილისის ცხოვრების, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია, სადაც ვხედავთ თბილისელების ორ განსხვავებულ სოციალურ ფენას, სადაც ნიკო და ოთარი, ისტორიულად ანტაგონისტი ოჯახებიდან არიან. ნიკოს წინაპრების სურათებში ვხედავთ თბილისური ინტელიგენციის ოჯახს, რომელიც ძველი ტფილისიდან მოდის და იმის მინიშნებასაც არის, რომ ამ ოჯახიდან ვიღაც რეპრესირებულიც ყოფილა. 

ოთარის მშობლები 1930-1950-იანი წლების საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები არიან, ქალაქში ფესვების გადგმას ცდილობენ. 

შეგნებულად თუ შეუგნებლად, ოთარ იოსელიანი ფილმის მოქმედების ადგილებსაც ამის გათვალისწინებით ირჩევს. ძირითადი გადაღების ადგილები მთაწმინდა, ვერე, სოლოლაკი და შოთა რუსთაველის გამზირია, როგორც სხვადასხვა თაობისა და სოციალური ფენის თბილისელების გამაერთიანებელი ადგილი. 

ფილმის მუსიკალური გაფორმება ერთგვარი რეფრენია თბილისური ცხოვრების, რომლის მულტიკულტურულობას ფონი წარმოაჩენს. „გიორგობისთვეში” ვხვდებით ქალების სომხურად საუბარს, მთავარი გმირის ნიკოს თბილისში გასვლას გაუყვება ხან სომხური სიმღერა, ხან აზერბაიჯანული ბაიათი, ხან ტფილისური მუხამბაზი.

ვასილ პეტრიაშვილის ქუჩა

სოფლების ვერესა და ვარდისუბნის ტფილისთან შემოერთების შემდეგ იწყება ქუჩების დაპროექტება, რომელსაც პირველი სახელწოდება 1884 წელს მიენიჭა.

რუკაზე აღნიშნულია, როგორც ვარდისუბნის მესამე ქუჩა. 1901-1923 წლამდე ქუჩას ერქვა – „უდელნაია“ ანუ საუფლისწულო მამულების ქუჩა, რადგან 1890-იან წლებში გადაწყდა საქართველოში და საერთოდ კავკასიაში ნაწარმი ღვინის საუკეთესო ნიმუშების შესანახად აშენებულიყო დიდი „სარდაფი“, როგორც მას მაშინ უწოდებდნენ. 1923 წლიდან ქუჩა ატარებს გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ქიმიკოსის ვასილ პეტრიაშვილის სახელს.
ვასილ პეტრიაშივილის #1

ღვინის ქარხანა, სადაც ფილმის გმირები მუშაობენ ვარდისუბანშია, ვასილ პეტრიაშვილის ქუჩაზე და ცნობილია როგორც „ღვინის ქარხანა #1“. თუმცა ამ ადგილზე ღვინო არასდროს უწარმოებიათ. 

XIX საუკუნის მიწურულს, რუსეთის იმპერიის საუფლისწულო მამულების უწყებამ გადაწყვიტა კავკასიაში და განსაკუთრებით საქართველოში ჩამოსხმული ღვინის საუკეთესო ნიმუშების შენახვა, ასევე ღვინის წარმოების ტექნოლოგიების შესწავლა და გაუმჯობესება. 1896 წელს, აქ, ვარდისუბანში, თბილისელი არქიტექტორის ალექსანდრე ოზეროვის პროექტით აშენდა რამდენიმე შენობა და დიდი სარდაფი ღვინის ნიმუშების შესანახად. შენობის არქიტექტურა განსაკუთრებით საინტერესოა, ვინაიდან ალექსანდრე ოზეროვმა შეძლო საერო არქიტექტურაში გამოეყენებინა ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების საუკეთესო დეტალები. 

ე.წ. „პირველი ღვინის ქარხანა“, როგორც მას საბჭოთა პერიოდში უწოდებდნენ, დღეს არის ქართული ეროვნული არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში. აღსანიშნავია, რომ აქ ღვინოს არც საბჭოთა პერიოდში ასხამდნენ როგორც ეს ფილმშია ნაჩვენები. ეს პროცესი სხვაგან, ნამდვილ ღვინის ქარხანაშია გადაღებული. საბჭოთა მმართველობის დროს აქ იყო ღვინის წარმოების სამეცნიერო ცენტრი და სარდაფი, სადაც საუკეთესო ღვინო ინახებოდა.

მერაბ კოსტავას ქუჩა #14 და თამარ ჭოველიძის #1, Café Stamba, Stamba Hotel და 

Rooms Hotel Tbilisi

ამავე ქუჩას ვხვდებით ლანა ღოღობერიძის ფილმებში „ფერისცვალება“ (1968) და „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” (1978), ასევე მიხეილ კობახიძის ფილმში „ქორწილი“ (1966). 

1880-იან წლებში ქართველმა მეწარმემ, დავით სარაჯიშვილმა კონიაკის მწარმოებელი ქარხანა ააშენა, რომელიც 1930-იან წლებში დაანგრიეს და მის ადგილას ააშენეს დიდი შენობა, რომელშიც განთავსდა სტამბა, გამომცემლობა „კომუნისტი“, „სამშობლო“ და სხვა პარტიული გამომცემლობები.

 1960-1970-იან წლებში შენობა იყო რეკონსტრუირებული და ფილმშიც ამ სახით ჩანს. 2011 წლამდე ამ შენობაში თავსდებოდა მრავალი გაზეთისა და რამდენიმე კერძო ტელეკომპანიის ოფისი. ახლა ამ შენობაში განლაგებულია: Café Stamba, Stamba Hotel და Rooms Hotel Tbilisi.

შოთა რუსთავალის გამზირი #17, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი

ამავე ქუჩას ვხვდებით ლანა ღოღობერიძის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978).

რუსთაველის ეროვნული თეატრის შენობა 1901 წელს აშენდა „ტფილისის საარტისტო საზოგადოებისთვის“, რომლის შექმნის ინიციატორი ტფილისელი პირველი გილდიის ვაჭარი, მეწარმე და ქველმოქმედი ისაია ფითოევი (1844-1904) იყო. ფითოევმა სრულად დააფინანსა პროექტი, რომელიც რუსთაველის თეატრის ასაშენებლად შექმნა ორმა ტფილისელმა არქიტექტორმა – კორნელი ტატიშჩევმა და ალექსანდრე შიმკევიჩმა 1898 წელს.

შენობის არქიტექტურა ეკლექტურია და ძალიან შთამბეჭდავი. ისაია ფითოევი თავად იყო თეატრის დიდი მოყვარული და „არტისტული საზოგადოების“ დამფუძნებელი. თავდაპირველად, წარმოდგენები ფითოევის საკუთარ სახლსა და მის მიერ ნაქირავებ მეზობელ შენობაში, მიხეილ ლერმონტოვისა და გერონტი ქიქოძის ქუჩების კუთხეში მდგარ სახლებში იმართებოდა. მოგვიანებით კი  საზოგადოებას თეატრისთვის დიდი შენობა აუშენა. 

1921 წელს აქ განთავსდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული დრამის თეატრი, რომელიც ჯერ კიდევ 1879 წელს ქართული სათავადაზნაურო საზოგადოების თაოსნობით შეიქმნა. პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’. მაშინ ქართული თეატრის დასი წარმოდგენებს მართავდა ქართული სათავადაზნაურო საზოგადოების შენობაში სასახლის ქუჩაზე, სადაც თეატრის გარდა იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ და სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი. 

დღეს ამ შენობის ადგილას არის სავაჭრო ცენტრი „გალერი“, ძველი თეატრის რეკონსტრუირებულ და განახლებულ შენობაში კი წარმოდგენებს მართავს ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი.

რუსთაველის ეროვნული თეატრის შენობა 1901 წელს აშენდა „ტფილისის საარტისტო საზოგადოებისთვის“, რომლის შექმნის ინიციატორი ტფილისელი პირველი გილდიის ვაჭარი, მეწარმე და ქველმოქმედი ისაია ფითოევი (1844-1904) იყო. ფითოევმა სრულად დააფინანსა პროექტი, რომელიც რუსთაველის თეატრის ასაშენებლად შექმნა ორმა ტფილისელმა არქიტექტორმა – კორნელი ტატიშჩევმა და ალექსანდრე შიმკევიჩმა 1898 წელს.

შენობის არქიტექტურა ეკლექტურია და ძალიან შთამბეჭდავი. ისაია ფითოევი თავად იყო თეატრის დიდი მოყვარული და „არტისტული საზოგადოების“ დამფუძნებელი. თავდაპირველად, წარმოდგენები ფითოევის საკუთარ სახლსა და მის მიერ ნაქირავებ მეზობელ შენობაში, მიხეილ ლერმონტოვისა და გერონტი ქიქოძის ქუჩების კუთხეში მდგარ სახლებში იმართებოდა. მოგვიანებით კი  საზოგადოებას თეატრისთვის დიდი შენობა აუშენა. 

1921 წელს აქ განთავსდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული დრამის თეატრი, რომელიც ჯერ კიდევ 1879 წელს ქართული სათავადაზნაურო საზოგადოების თაოსნობით შეიქმნა. პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’. მაშინ ქართული თეატრის დასი წარმოდგენებს მართავდა ქართული სათავადაზნაურო საზოგადოების შენობაში სასახლის ქუჩაზე, სადაც თეატრის გარდა იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ და სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი. 

დღეს ამ შენობის ადგილას არის სავაჭრო ცენტრი „გალერი“, ძველი თეატრის რეკონსტრუირებულ და განახლებულ შენობაში კი წარმოდგენებს მართავს ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი.

კოტე აფხაზის და შალვა დადიანის ქუჩების კუთხე

კოტე აფხაზის ქუჩა

ამ ორი ქუჩის კვეთის ადგილას, დაახლოებით იქ, სადაც დღეს დგას სახლი კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის კუთხეში იყო ტფილისის ისტორიული გალავნიდან ერთ-ერთი გასასვლელი კარი – კოჯრის კარი.  XIX საუკუნის დასაწყისამდე დაახლოებით აქედან გადიოდნენ და ქალაქში შემოდიოდნენ ქარავნები და სხვა მგზავრები. ეს გზა ზემოთ გაუყვებოდა სოლოლაკის ბაღებს და გადიოდა კოჯორში. კარიდან გასასვლელი გზის მეორე მიმართულება კვეთდა ახლანდელ თავისუფლების მოედანს, რომელიც ავანაანთხევით იყო გადაჭრილი და დღევანდელი შოთა რუსთაველის გამზირისა და მერაბ კოსტავას ქუჩის გაყოლებაზე მაშინ არსებული გზით უერთდებოდა „დიღმის გზას“.

კოტე აფხაზის ქუჩა ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო ქუჩაა თბილისში. 1735 წლის რუკაზე ვახუშტი ბატონიშვილი მას აღნიშნავს როგორს შუა ბაზარს, რადგან ის ორ ნაწილად – ზემო და ქვემო კალად ყოფდა ქალაქის მთავარ უბანს – კალას. XIX საუკუნის რუკებზე ეს უკვე იყო „სომხის ბაზარი“, რადგან აქ განლაგებულ დუქნებსა და სახელოსნოებში ძირითადად ტფილისელი სომხები ვაჭრობდნენ. 

საბჭოთა პერიოდში ქუჩამ რამდენჯერმე იცვალა სახელწოდება და 1944 წელს მას დაერქვა საბჭოთა კავშირის გმირის გენერალ კონსტანტინე ლესელიძის სახელი. 2006 წელს კი ეროვნული გმირის, 1924 წლეს ანტიბოლშევიკური აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი თავადის კოტე აფხაზის სახელი მიენიჭა.

შალვა დადიანის ქუჩა

შალვა დადიანის ქუჩა  წარმოიშვა XIX საუკუნის დასაწყისში, რუსების მიერ აფეთქებული და დანგრეული თბილისის გალავნის ადგილას. ამ გალავანს, დაახლოებით, დღევანდელი მიხეილ ლერმონტოვის ქუჩით აუყვებოდა გზა კოჯრისკენ, როგორც ის ვახუშტი ბატონიშვილის 1735 წლის რუკაზეა აღნიშნული. ქუჩა 1810-იან წლებშია დაპროექტებული და 1841 წლის ქუჩების სიაში შეტანილია, როგორც რუსი გენერლის, ალექსეი ველიამინოვის სახელობის ქუჩა. 

დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ეს არის ამერიკის ქუჩა. მოგვიანებით ქუჩას ასევე რამდენჯერმე შეეცვალა სახელწოდება და 1959 წლიდან გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მწერლის, დრამატურგისა და მსახიობის შალვა დადიანის სახელი მიენიჭა.

გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა

სოლოლაკის უბნის ერთ-ერთი გამორჩეული ქუჩა, რომელიც ასევე XIX საუკუნის პირველ ნახევარში გაიჭრა და ხანის (ჰანის) ქუჩის სახელწოდებით იყო ცნობილი. თუ რატომ, დანამდვილებით ცნობილი არ არის. სავარაუდოდ, მოგვიანებით ეს სახელი შეიცვალა განით, რაც ასევე დაუზუსტებელი წარმომავლობისაა. 
1923 წლამდე ეს იყო განის (ჰანის) ქუჩა. 1959 წლიდან ქუჩა ატარებს გამოჩენილი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის სახელს.

გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა #22

ტფილისის მემკვიდრეობით საპატიო მოქალაქის ვასილ მიხეილის ძე თამამშევის შემოსავლიანი სახლი, რომელიც მას მამის – მიხეილ გიორგის (ეგორ) ძე თამამშევისგან ერგო ანდერძით. აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. აკადემიკოსის ვახტანგ ბერიძის ვარაუდით სახლი 1882-1883 წლებში,  სავარაუდოდ, ტფილისელი არქიტექტორის ალბერტ ზალცმანის პროექტითაა აშენებული. შენობა განსაკუთრებული ფასადით გამოირჩევა. მის მორთულობაში გამოყენებულია ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრული ორნამენტები, რაც იმ დროისთვის სიახლეა, თუმცა არ არის გასაკვირი სახლის პატრონის საზოგადოებრივი მოღვაწეობიდან გამომდინარე. 

წარმოშობით სიღნაღიდან სომეხი ვაჭრების თამამშევების გვარი ტფილისში XVIII საუკუნიდან არის ცნობილი. ტფილისის ისტორიაში კი ყველაზე ცნობილია გაბრიელ თამამშევი, რომელმაც 1850-იან წლებში დღევანდელი თავისუფლების მოედნის შუაგულში რუსეთის მეფის ნაცვლის გრაფის მიხეილ ვორონცოვის ხელშეწყობით ააშენა ქარვასლ და მასში ცალკე დიდი ფართი ეკავა საოპერო დარბაზს. სწორედ მისი ძმის – გიორგის (ეგორის) შვილიშვილი იყო ვასილ მიხეილს ძე თამამშევი და სახლი განის ქუჩაზე ბაბუის დანატოვარ მიწაზეა აშენებული. 

თამამშევების დიდი საგვარეულო მჭიდროდ იყო დაკავშირებული ტფილისის კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებასთან, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ თამამშევების ეს შემოსავლიანი სახლი ქართული არქიტექტურული ელემენტებით არის მორთული. აღსანიშნავია ისიც, რომ ვასილ თამამშევის მეუღლე იყო ელისაბედ ივანეს ასული ზუბალაშვილი, ასევე დიდი და გავლენიანი ტფილისელი ვაჭრების, მეწარმეებისა და ქველმოქმედების ოჯახის წევრი. ელისაბედის ბიძის – ნიკოლოზ გიორგის ძე ზუბალაშვილის ანდერძის და შეწირული თანხით აშენდა უპოვართა სახლი დღევანდელი ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე. 

ამ ძმების (პეტრე, სტეფანე, იაკობ და ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილები) და იულია კი ვასილ და ელისაბედ თამამშევების მეზობელი იყო განის ქუჩაზე. მისი სახლის ფანჯრიდან და აივნიდან იყურება „გიორგობისთვის“ კიდევ ერთი მთავარი პერსონაჟი – მარინე.

გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა #21

ეს ორსართულიანი სახლი აშენებულია 1880-იან წლებში, სამწუხაროდ, არქიტექტორი უცნობია, ცნობილია მხოლოდ, რომ სახლის პატრონი იყო თავადი იოსებ პავლეს ძე თუმანიშვილი და ის ამ სახლში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. მისი ცოლი – იულია კონსტანტინეს ასული თუმანიშვილი-ზუბალაშვილისა იყო გამოჩენილი ქართველი ვაჭრების, მეწარმეებისა და დიდი ქველმოქმედების ძმები სტეფანე, პეტრე, ლევან და იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილების და. იოსებ და იულია თუმანიშვილების ვაჟები –  პავლე და მიხეილ თუმანიშვილები ასევე დიდ სამეწარმეო და საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდნენ. 

პავლე იოსების ძე თუმანიშვილი – ცნობილი საზოგადო მოღვაწე, წავიდა ემიგრაციაში და გარდაიცვალა პოლონეთში 1935 წელს. 1910 წლის კი პავლე თუმანიშვილმა დააფინანსა ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიცია ლეჩხუმ–სვანეთში, ასევე იგი მრავალი წელი იყო ტფილისის მაზრის თავად–აზნაურთა წინამძღოლი. თავადი პავლე თუმანიშვილი იყო საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამოიმუშავა ამ პარტიის პირველი საჯარო ოფიციალური პროგრამა, რომელიც თავისი ხარჯით დაბეჭდა. 1930 წლამდე პავლე თუმანიშვილი რამდენიმე წელი იყო საქართველო-პოლონეთის საზოგადოების პრეზიდენტი ვარშავაში.

თუმანიშვილების სახლში ბინას ქირაობდა ცნობილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, თანამედროვე თვითმფრინავების პროექტირების ერთ-ერთი პიონერის ალექსანდრე ქართველიშვილის ოჯახი. ის ამ სახლში დაბადებიდან 1896 წლიდან 1919 წლამდე, პარიზში სასწავლებლად გამგზავრებამდე ცხოვრობდა. საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ დარჩა ემიგრაციაში და 1930-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილ ინჟინერს ალექსანდრე სევერსკისთან ერთად მუშაობდა სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავების კონსტრუირებაზე. იგი ცნობილი იყო როგორც ალექსანდრე ქართველი.

გალაკტიონ ტაბიძის #23

ეს დიდი, სამსართულიანი (მესამე სართული 1930-იან წლებშია დაშენებული) შემოსავლიანი სახლი აშენებულია 1880-1890-იან წლებში. სამწუხაროდ, მშენებლობის ზუსტი თარიღი უცნობია, ისევე როგორც არქიტექტორის ვინაობა. სახლის პატრონი იყო ტფილისელი ვაჭარი ივანე მარკაროვი.

ფილმში „გიორგობისთვე“ ერთ-ერთი გმირი შედის ამ სახლის სადარბაზოში. აღსანიშნავია, რომ ასეთი ორმაგი კარები დამახასიათებელია ტფილისური შემოსავლიანი სახლებისთვის და ხშირად გვხვდება. ეს ერთი სახლის ორ სხვადასხვა სადარბაზოში შესავლელი კარია. დაყოფა ამგვარად იყო განაწილებული: ერთი კარიდან შედიოდნენ პირველი სართულზე მაცხოვრებლები, მეორეში კი კიბით პირდაპირ ზედა სართულზე ადიოდნენ. მოცემულ სახლს ლადო ასათიანის ქუჩის მხრიდან კიდევ ორი ცალ-ცალკე სადარბაზო აქვს.

გერონტი ქიქოძის #9

სოლოლაკში ეს სადარბაზო განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი სიდიდით, სილამაზითა და ჭერზე შემორჩენილი მოხატულობით. ასეთი ფართო სადარბაზოები ტფილისში საცხოვრებელ სახლებში იშვიათობაა. მართალია, სადარბაზოს დანიშნულებას წარმოადგენდა სტუმარზე პირველი დადებითი შთაბეჭდილების მოხდენა, მაგრამ ეს ხდებოდა ინტერიერის გაფორმებით და არა მისი სიდიდით. 

მოცემული სახლის სადარბაზოს დანიშნულებას წარმოადგენდა ამ შენობაში მოქმედი სამოყვარულო თეატრის მაყურებლის პატივით მიღება და წარმოდგენის დაწყებამდე განსაკუთრებული განწყობის შექმნა.

ეს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი 1880-იან წლებშია აშენებული და სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება მისი მშენებლობის ზუსტი თარიღი და არქიტექტორის ვინაობა უცნობია. ცნობილია, რომ სახლის პატრონი იყო ტფილელი ვაჭრების ყაითმაზოვების ოჯახი, რომლებმაც თავის მეზობელს ტფილისის მემკვიდრეობით საპატიო მოქალაქეს და აზნაურს ისაია ფითოევს გადასცა იჯარით აქ მისი სამოყვარულო თეატრის წარმოდგენების გასამართად.

ისაია ფითოევი იყო XVIII საუკუნიდან ცნობილი ტფილისური მოქალაქე-ვაჭრების შთამომავალი. მისი წინაპრები ქართველი მეფეების აზნაურები იყვნენ. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ისაია ფითოევმა ძმებთან ერთად გააფართოვა წინაპრების მიერ დანატოვარი საქმიანობა და გახდა კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ნავთობმწარმოებელი, კასპიის ზღვაში რამდენი გემის მფლობელი, ქველმოქმედი და თეატრის დიდი მოყვარული. ამ გატაცებას იგი თავის ოჯახის წევრებთან ერთად დიდ დროს უთმობდა ისეთი წარმატებით, რომ 1890-იან წლებში მისი თაოსნობით შეიქმნა „ტფილისის საარტისტო საზოგადოება“, რომელიც თავის, შეიძლება ითქვას, უკვე პროფესიულ წარმოდგენებს მართავს მოცემულ სახლში. ასევე ისაია ფითოევის ხარჯით იყო რეკონსტრუირებული ამ სახლის სადარბაზო. 1897 წელს შენობაში მომხდარმა ხანძარმა დიდი ზიანი მიაყენა სცენას და შენობას, ამიტომ ისაია ფითოევმა გადაწყვიტა „საარტისტო საზოგადოებისთვის“ ცალკე დიდი შენობის აშენება გოლოვინის გამზირზე. 

1902 წელს დიდი პომპეზურობით გაიხსნა ტფილისელი არქიტექტორების ალექსანდრე შიმკევიჩის და კორნელი ტატიშჩევის პროექტით აშენებული და „ი.ფიტოევის ფირმის“ მიერ სრულად დაფინანსებული ახალი შენობა „საარტისტო საზოგადოებისთვის“. დღეს ამ შენობაში  რუსთაველის აკადემიური თეატრია. ეს სახლი კი დაუბრუნდა პატრონს, გაიყიდა დ კვლავ საცხოვრებელ ბინებად გადაკეთდა, დარჩა მხოლოდ ეს დიდებული სადარბაზო, რომელიც არაერთ ქართულ მხატვრულ ფილმშია გადაღებული.

რეჟისორი

ოთარ იოსელიანი