ოთარ იოსელიანი – „იყო შაშვი მგალობელი“ (1970წ)

„აპრილისა“ და „გიორგობისთვისგან“ განსხვავებით, ფილმში „იყო შაშვი მგალობელი“ თბილისი მხოლოდ ფონის როლს ასრულებს, სადაც მთავარი გმირი ცხოვრობს თავის აზრ და მიზანდაკარგულ ცხოვრებას. მისი სამოქმედო არეალი თბილისის ქუჩებია, თბილისი აქ ისეთივე ფრაგმენტული და დაუმთავრებელია, როგორც გმირის მოქმედებები.
ძველი თბილისი გია აღლაძის საცხოვრებელი ადგილია, თავისი გრძელი აივნებითა და ხვეული კიბით, მაგრამ მისი სახლი ისეთივეა, როგორც უამრავი სხვა სახლი და აივანი თბილისში. გია დადის ქუჩებში, რომლებიც ასევე არ გამოირჩევიან სხვა ქუჩებისგან, რაც მათ ამოცნობას ართულებს. გმირის ცხოვრების სტილი, მისი მუდმივი „გადარბენაზე ყოფნა“, ქალაქს ისევე ფრაგმენტულსა და წყვეტილს ხდის, როგორც მონტაჟურ ჭრებს, რომლებიც თბილისის გამოსახულებებს წამიერად, ფრაგმენტულად იხელთებს.
ბოტანიკურის ქუჩა #1, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი


„იყო შაშვი მგალობელი“ იწყება თბილისის ბოტანიკურ ბაღში გადაღებული გაზაფრულის კადრებით. თბილისის ბოტანიკურ ბაღი დაარსებულია 1845 წელს კავკასიაში რუსეთის მეფის ნაცვლის გრაფ მიხეილ ვორონცოვის ბრძანებულებით. სოლოლაკის ქედზე ოდითგანვე იყო გაშენებული მეფეებისა და დიდგვაროვნების ბაღები, ისინი აღნიშნულია ვახუშტი ბატონიშვილის (1735წ), ალექსანდრე პიშჩევიჩის (1785წ) და ჩუიკოს (1800 წ) მიერ შედგენილ თბილისის რუკებზე.
1830-იანი წლებისთვის სოლოლაკში საცხოვრებელი უბნის პროექტირებისა და იქ შეძლებული ტფილისელების მიერ სახლების მშენებლობისას ბაღები გაიჩეხა. დარჩა მხოლოდ ნარიყალას ციხის ძირში ლეღვთახევში დედოფალ მარიამის ბაღად ცნობილი ხე-ხილის ბაღი და ვენახები. ითვლება, რომ სწორედ ეს ადგილი გახდა მომავალში ბოტანიკური ბაღის გაშენების ბაზა. მრავალი წელი ბაღის განვითარებას და სამეცნიერო კერად ჩამოყალიბებას ხელმძღვანელობდნენ გამოჩენილი მებაღე-დეკორატორები და დენდროლოგები.
1899 წლიდან ბოტანიკური ბაღის გამგე იყო გამოჩენილი ბოტანიკოსი ადოლფ ქრისტიან როლოვი (1870 – 1952). მისი ხელმძღვანელობით ბოტანიკური ბაღი გადაიქცა მსხვილ სამეცნიერო დაწესებულებად, სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორიებითა და კაბინეტებით. მას შემდეგ თბილისის ბოტანიკური ბაღი არის ერთ-ერთი გამორჩეული სამეცნიერო ცენტრი კავკასიაში.
შოთა რუსთაველის გამზირი #25, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი


ამავე ქუჩას ვხვდებით ლანა ღოღობერიძის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978).
პირველად საოპერო დასმა ტფილისში წარმოდგენები გამართა 1853-1854 წლებში თეატრისთვის საგანგებოდ აშენებული შენობის სცენაზე, რომელიც მხოლოდ თეატრისთვის არ იყო განკუთვნილი. პირველი მეფის ნაცვლის გრაფის, მიხეილ ვორონცოვის (1782-1856) თაოსნობით 1847 წელს დაიდო ხელშეკრულება ტფილისელ ვაჭართან გაბრიელ თამამშევთან, რომელმაც აიღო ვალდებულება აეშენებინა თეატრისთვის განკუთვნილი შენობა გარშემო დუქნებით. საბოლოოდ, 1853 წელს, დღევანდელი თავისუფლების, მაშინ ერევნის მოედნის ცენტრში, აშენდა ქარვასლა თეატრით. შენობის პროექტის ავტორი იყო იტალიელი არქიტექტორი ჯოვანი სკუდიერი (1817-1851). საოპერო დასის მომღერლები ძირითადად იტალიელები იყვნენ. 1874 წელს წარმოდგენის დროს ერთ-ერთ დუქანში გაჩნდა ხანძარი, შედეგად, საოპერო დარბაზი დაიწვა.
რადგან ოპერა სახელმწიფო ხაზინის განკარგულებში იყო, გადაწყდა ახალი თეატრისთვის ახალი შენობის აშენება. 1876 წელს გამოცხადდა კონკურსი. ახალი შენობის ასაშენებლად კი თავისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი ქალაქს შესთავაზა მრეწველმა და ქველმოქმედმა ნიკოლოზ გიორგის ძე ზუბალაშვილმა (1820-1898). ეს ის ადგილია, სადაც დღეს დგას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა. კონკურსში გამარჯვებული პროექტი ეკუთვნოდა პეტერბურგელ არქიტექტორს ვიქტორ შრეტერს (1839-1901) და ის, კონკურსის პირობების შესაბამისად, ფსევდომავრულ სტილში იყო შექმნილი. 1880 წელს პროექტი დამტკიცდა და დაიწყო სახაზინო თეატრის (როგორც მაშინ მოიხსენიებდნენ) მშენებლობა. 1896 წლამდე, ვიდრე ამ თეატრის სცენაზე პირველი წარმოდგენა შედგებოდა, მშენებლობას სხვადასხვა წლებში რამდენიმე ტფილისელი არქიტექტორი ხელმძღვანელობდა, მათ შორის ოტო სიმონსონი (1829-1914), ალექსანდრე შიმკევიჩი (1858-1908), ალბერტ ზალცმანი (1833-1897) და პაულ შტერნი (1847-1922).
1918 წლის 26 მაისს თეატრის დარბაზში შეკრებილი ამიერკავკასიის სეიმის წევრების თანდასწრებით გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.
1937 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს მიენიჭა ზაქარია ფალიაშვილის (1871-1933) სახელი. 1974 წელს ძლიერმა ხანძარმა სერიოზულად დააზიანა შენობა, რომლის რესტავრაცია რამდენიმე წელი გაგრძელდა. 2009-2015 წლებში შენობას კიდევ ერთხელ, ძირეული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ალექსანდრე პუშკინისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩის კუთხე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი


1830-იანი წლების დასაწყისში ქართველი მეფეების აზნაურების, თურქესტანიშვილებისგან გარეთუბანში დიდი მიწის ნაკვეთი იყიდა გორიდან ტფილისში გადმოსულმა მდიდარმა ვაჭარმა იაკობ ივანეს ძე ზუბალაშვილმა. 1836 წელს რუსეთიდან მოწვეულმა შვეიცარიელმა არქიტექტორმა ჯოვანი ბერნარდაციმ იაკობ ზუბალაშვილის დაკვეთით ააშენა შენობა, რომელიც თავიდანვე იყო განკუთვნილი დიდი სტუმრების მისაღებად, აქ რამდენიმე დარბაზი ეკავა ქართველ თავად-აზნაურთა კრებას.
1839 წელს იაკობ ზუბალაშვილმა მიჰყიდა შენობა ეგზარქოსის უწყებას და 1900-იან წლებამდე აქ იყო სასულიერო სემინარია, მოგვიანებით კი სასტუმრო „პალას-ოტელი“. 1950-იანი წლებიდან შენობაში შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმია.
ლადო გუდიაშვილის ქუჩა #7, საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი


ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი – ყოფილი სახელმწიფო ბანკის კანტორა, აშენებულია 1910 წელს ტფილისელი არქიტექტორის მიხეილ ოჰანჯანოვის პროექტით არტ-ნუვოს სტილში.
დავით აღმაშენებლის გამზირი #56-58


წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ქალაქის მთავარი საავადმყოფო დაარსდა 1864 წელს ტფილისში მოღვაწე ცნობილი გერმანელი ექიმის ანდრია ლიბაუს ინიციატივით. სამკურნალო დაწესებულებათა კომპლექსი რამდენიმე შენობისგან შედგებოდა და აშენდა 1860-1890-იან წლებში. განლაგებულია დავით აღმაშენებლის გამზირსა და დიმიტრი უზნაძის ქუჩებს შორის. ეს ნაკვეთი 1864 წელს ქალაქმა შეისყიდა გერმანელი კოლონისტი მეპატრონეების იოჰან მაიერისა და გოტლიბ ლანგესგან. დავით აღმაშენებლის გამზირის მხრიდან ორი ერთნაირი ორსართულიანი შენობა აშენდა 1867-1868 წლებში საავადმყოფოს ექიმებისთვის, სადაც ანდრია ლიბაუს ბინაც იყო, მეორე შენობაში კი განთავსებული იყო აფთიაქი.
მთავარი კორპუსის შენობის წინ პატარა ბაღია, სადაც დგას 1957 წელს გახსნილი გამოჩენილ ქართველ ქირურგის, აკადემიკოსის გრიგოლ მიხეილის ძე მუხაძის ძეგლი. ავტორი სკულპტორი სილოვან კაკაბაძე. საავადმყოფოს კომპლექსის შენობების პროექტის ავტორია ცნობილი ტფილისელი არქიტექტორი ალბერტ ზალცმანი. მისმა პროექტმა გაიმარჯვა 1863 წელს გამოცხადებულ კონკურსში. ზალცმანის გარდაცვალების შემდეგ საავადმყოფოს სხვა ნაგებობის მშენებლობას ხელმძღვანელობდა ასევე ცნობილი ტფილისელი არქიტექტორი ლეოპოლდ ბილფელდი.
დავით აღმაშენებლის გამზირი #59ა


უწინდელი გიორგი პლეხანოვის სახელობის ქუჩაზე, ლიმონათის ძველ საამქროსა და ძველი სტამბის დანგრევის შემდეგ, 1948 წელს აშენდა 5-სართულიანი მრავალბინიანი (სამ და ოთხოთახიანი ბინები) საცხოვრებელი სახლი არქიტექტორ ივანე ჩხენკელის პროექტით. ფასადის დეკორში გამოყენებულია ქართული ხუროთმოძღვრული ფორმები და დეტალები.
ალექსანდრე გრიბოედობის ქუჩისა და შოთა რუსთაველის გამზირის კვეთა


XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე აქ იყო ტფილისის საზღვარი და ე.წ. მოსკოვის საგუშაგო. ტერიტორია ორი ღრმა ხევით იყო გაჭრილი. ერთის გაყოლებაზე, მიწით ამოვსების შემდეგ, წარმოიქმნა ვერის დაღმართი – დღეს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა. მეორეს ადგილას კი გაიყვანეს ქუჩა, რომელიც დღეს ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს. ზუსტად ამ ხევებს შორის იდგა მოცემული საგუშაგო და მთავრდებოდა ტფილისი.
1870-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ქალაქს შემოუერთეს დიდი დასახლება ვერე, დაიწყო ამ მიდამოების განვითარება და წარმოიქმნა დიდი ქუჩა, რომელსაც იმ დროს რუსეთი იმპერატორის ალექსანდრე მეორის ძმის, კავკასიაში რუსეთის მეფის ნაცვლის, მიხეილ რომანოვის მეუღლის, ოლღას სახელი უწოდეს. შემდგომ ეს იყო ლენინის სახელობის ქუჩა, თუმცა მისი ნაწილი ამ ადგილიდან შოთა რუსთაველის მოედნამდე 1940-იან წლებში შეუერთეს შოთა რუსთაველის გამზირს. აქვე მთავრდებოდა კომენდანტის ქუჩა, ასე ერქვა მაშინ ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩას, რომელმაც რუსი დიპლომატის სახელი 1900 წელს მიიღო.
1914 წელს ოლღას ქუჩის დასაწყისში დიდ, ევროპული ტიპის შემოსავლიან სახლს აშენებს ტფილისში დამკვიდრებული შუშელი მეწარმე ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი. ამ დიდებული სახლის პროექტის ავტორი პოლონელი არქიტექტორი ნიკოლოზ ობოლონსკია.
აქ, ამ ორი ქუჩის კვეთაზე იღუპება ოთარ იოსელიანის ფილმის „იყო შაშვი მგალობელი“ მთავარი გმირი – გია აღლაძე.


ალექსანდრე გირბოედოვის #30


რუსი დიპლომატის და ცნობილი პიესის „ვაი ჭკუისაგან“ ავტორის, ალექსანდრე გრიბოედოვის (1795-1829) სახელი ამ ქუჩას 1879 წელს დაერქვა, მისი თეირანში დაღუპვის 50 წლის აღსანიშნავად. მანამდე ქუჩას კომენდანტის ქუჩა ერქვა, რადგან აქ იდგა ტფილისის კომენდანტის სახლი. ტფილისი 1843 წლის რუკაზე მოცემული ქუჩა უკვე შეტანილია ამ სახელწოდებით.
თბილისის ხედი. მეტეხის ტაძარი, ვახტანგ გორგასლის ძეგლი, „მეტეხის ხიდი“. ევროპის მოედანი


თბილისის ხედები, რომლითაც ოთარ იოსელიანის ფილმი „იყო შაშვი მგალობელი” იწყება, დღეს უკვე არა მხოლოდ ფილმის კადრებია, არამედ თბილისის ისტორიის გაუჩინარებული ნაწილი. ძველი თბილისის ქუჩები, ქარვასლები, სიონის და მეტეხის ტაძრები, სანაპირო – დღეს „წარმავალი თბილისის” კადრებია, რომლებიც ბოლო 60 წელიწადში ან უკვალოდ დაიკარგა, ან იმდენად რადიკალურად შეიცვალა, რომ მისი ამოცნობა თითქმის შეუძლებელია.


რეჟისორი



