მიხეილ კობახიძე – „ქორწილი“ (1966 წ)

„ქორწილი” (1964) მიხეილ კობახიძის სადიპლომო ნამუშევარია და განსხვავებით მისი სხვა ფილმებისგან, სადაც დრო და სივრცე სრულიად განზოგადებულია, აქ ძალიან მკაფიოდ ჩანს – ქალაქის, 60-იანი წლების თბილისის სახე. მუდმივად განმეორებადი, კონკრეტული ადგილებით, განწყობითა და ცოცხალი იმპულსებით. ეს არის კომიკური, თუმცა სევდანარევი, ერთი ამოსუნთქვით მოყოლილი ამბავი სიყვარულზე, მის ეფემერულობაზე, შესაძლებლობასა და შეუძლებლობაზე.

ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩა

ქუჩა, რომელიც შოთა რუსთაველის გამზირიდან ძმები ზუბალაშვილების ქუჩამდე აუყვება მთაწმინდის ფერდობს 1830-1840-იან წლებში წარმოიშვა და ატარებდა ერთ-ერთი მთავარმმართველის, ბარონ გრიგორი როზენის სახელს. 

1924 წლიდან ქუჩას მიენიჭა გამოჩენილი ქართველი ჟურნალისტის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ზაქარია ჭიჭინაძის (1853-1931) სახელი.

ძმები ზუბალაშვილების ქუჩა #2

ეს შემოსავლიანი სახლი აშენებულია 1902 წელს და მისი მფლობელები იყვნენ ტფილისის მოქალაქეები ზაქარია თავშავაძე და იოსებ ადამია. ორსართულიანი სახლის პროექტის ავტორი არქიტექტორი ალექსანდრე ზემლიანსკია.

ამ სახლში ცხოვრობდა გამოჩენილი მხატვარი, კარიკატურისტი, თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ოსკარ შმერლინგი (1863-1938) და მისი ქალიშვილი ხელოვნებათმცოდნე რენე შმერლინგი (1901-1967). სწორად მათ სადარბაზოში შედის ფილმის „ქორწილი“ გმირი.

მერაბ კოსტავას ქუჩა #14 და თამარ ჭოველიძის #1, Café Stamba, Stamba Hotel და 

Rooms Hotel Tbilisi

ამავე ქუჩას ვხვდებით ლანა ღოღობერიძის ფილმებში „ფერისცვალება“ (1968) და „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” (1978), ასევე ოთარ იოსელიანის ფილმში „გიორგობისთვე“ (1966). 

1880-იან წლებში ქართველმა მეწარმემ, დავით სარაჯიშვილმა კონიაკის მწარმოებელი ქარხანა ააშენა, რომელიც 1930-იან წლებში დაანგრიეს და მის ადგილას ააშენეს დიდი შენობა, რომელშიც განთავსდა სტამბა, გამომცემლობა „კომუნისტი“, „სამშობლო“ და სხვა პარტიული გამომცემლობები. 

1960-1970-იან წლებში შენობა იყო რეკონსტრუირებული და ფილმშიც ამ სახით ჩანს. 2011 წლამდე ამ შენობაში თავსდებოდა მრავალი გაზეთისა და რამდენიმე კერძო ტელეკომპანიის ოფისი. ახლა ამ შენობაში განლაგებულია: Café Stamba, Stamba Hotel და Rooms Hotel Tbilisi.

მერაბ კოსტავას ქუჩა #1, თბილისის სპორტის სასახლე

თბილისის სპორტის სასახლის პროექტი შემუშავებულია „თბილქალაქპროექტში” 1956 წელს არქიტექტორების – იური კასრაძისა და ლადო (ვლადიმერ) ალექსი-მესხიშვილის მიერ.  შენობა 1961 წელს საზეიმოდ გაიხსნა. სპორტის სასახლის გუმბათის უნიკალური კონსტრუქცია ინჟინერ დავით ქაჯაიას ეკუთვნის. სასახლე საბურთალოზე, იმ დროს სწრაფად მზარდ, ახალ უბანში აშენდა.

კოტე მარჯანიშვილის ქუჩა #7, TBC ბანკის სათავო ოფისი

ამჟამინდელი, ,,თიბისი“ ბანკის შენობა კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების დაკვეთით 1913 წლის აშენდა ტფილისელი არქიტექტორის, პოლონელი ალექსანდრე როგოისკის პროექტით. როგოისკი 1912 წელს გარდაიცვალა და მშენებლობის პროცესი ინჟინრებმა დენისენკომ და სავიჩ-რიჩგორსკიმ დაასრულეს. შენობა Art Nouveau არქიტექტურული სტილის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია თბილისში. 

1934 წლიდან აქ გაიხსნა თბილისის ცენტრალური „უნივერმაღი.“ „უნივერმაღის“ კარიდან გამოდის ფილმის „ქორწილი“ მთავარი გმირი. დღეს კი ამ შენობაში „თიბისი” ბანკის სათავო ოფისია.

რეჟისორი

მიხეილ კობახიძე