ლანა ღოღობერიძე

ფოტო: Wikimedia Commons

როგორია ლანა ღოღობერიძის თბილისი – კონკრეტული ქუჩები, მისამართები, რომელიც კინოს და ქალაქის ვიზუალურ მეხსიერებად იქცა. ერთგვარ არქივად, სადაც ჩანს ფანჯრიდან დანახული გზების კვეთა, რუსთაველის გამზირი, როგორც გმირების მთავარი შეხვედრების და განშორებების, მოძრაობის, დინამიკის, ქალაქის მთავარი ამბების თავმოყრის, ცვლილებების ტერიტორია (სხვადასხვა წელს, სხვადასხვა განწყობით).  გმირების გადაადგილების რუკა, ადგილები, პერსონალური მისამართები (საკუთარი სახლი) და გადაღებული საჯარო სივრცეები (გამზირი, ქუჩა, მოსახვევი, თეატრი, მიწისქვეშა გადასვლელი, კიბე) – ყველა ეს ადგილი გვიყვება კონკრეტულ დროზე, კულტურაზე, ისტორიაზე, ქალაქის ზედაპირზე არსებულსა და დაფარულ ისტორიაზე. როგორ ცხოვრობდნენ ამ დროს ადამიანები, რა იმპულსები ფეთქავდა ამ ქალაქში და როგორია მისი კინო ორეული. 

ქართულ კინოში ასახული თბილისში, ხშირად მეორდება  ქუჩები, სხვადასხვა დროის მონაკვეთში დაფიქსირებული იგივე ავტორთანაც. ლანა ღოღობერიძის შემთხვევაში 10 წლის სხვაობით გადაღებულ ფილმებში რამდენიმე „ინტერვიუ პირად საკითხებზე” (1978) და „ფერისცვალება” (1968), ვხედავთ ქალაქის ცვლილებას ამ მოკლე დროში. თუმცა ქალაქისა და კონკრეტული ადგილებისადმი  ინტერესი ჩანს ლანას  შემოქმედების ადრეულ ეტაპზეც – „ერთი ცის ქვეშ” (1961) სამი ამბავი, 20 წლიანი შუალედებით, სადაც მესამე ამბავში ფრესკა, სპორტის სასახლე ექცევა ფოკუსში. ქალაქის სამყაროს კვლევისას ქუჩებისა და ურბანული სივრცეების გარდა, ექსტერიერიდან ინტერიერში გადანაცვლებაც მნიშვენლოვანია. ოთახები მძაფრი დატვირთვის მატარებელია ქალაქის და კონკრეტული ავტორის მიერ შერჩეული ადგილების კვლევის პროცესში. დოკუმენტურ ფილმში „დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი” (2023) მოგონებები, კონკრეტული დროის ანაბეჭდი, მულტიკულტურალიზმი, შემოქმედებითი პროცესი და ბავშვის სამყარო, აღქმა, რეფლექსიაც ჩანს –  ლურჯ ოთახზე თხრობისას. შეკრებების სივრცე – ნახევრად რეალური და ნახევრად წარმოსახვით, სიმბოლურ ადგილად ქცეული, ნაცნობი და უცნობი სტუმრებით. ფილმში ისიც ჩანს, რომ კინემატოგრაფი სამი თაობის ქალი ავტორების შეხვედრის, ცოცხალი მეხსიერების ადგილად შეიძლება იქცეს. 

პერსონალური და საჯარო სივრცეების მოხელთება, ქალაქსა და გმირს შორის ურთიერთობა, თბილისის პერსონაჟად ქცევა, განსაკურებით საინტერესოა  ფილმში –  „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” (1978).  სადაც ქალი ავტორის მზერა  და მთავარი ქალი გმირის მუდმივი მოძრაობა ქალაქის უნიკალურ პორტრეტს გვთავაზობს. მთავარი გმირის პირადი ისტორია, ბიოგრაფია, რომელიც კონკრეტულ ადგილებს, ამ გადაადგილების პროცესსაც უკავშირდება, ყოველდღიური საქმიანობით, გამოწვევებით, მძაფრად პირადი კონტექსტით, დედის მეხსიერების შემოჭრით ოსტატურადაა ჩაწერილი ურბანულ ქსოვილში. მთავარი გმირის მოძრაობის პროცესში, თბილისის ცხოვრებასაც ვადევნებთ თვალს, მისი ემოციური მდგომარეობა კი – კონკრეტულ გზებს, ქუჩებს, სახლებს, ეზოებს უკავშირდება. მუსიკა, მზერა, გადაადგილების პროცესი, გმირის შინაგანი მდგომარეობა (მძაფრი შეხვედრები, განშორებები, დაკვირვების, კვლევის პროცესი, ინტერვიუები) და ადგილები ქმნიან განწყობას, იჭერენ ქალაქის ყოფის იმპულსებს. და ბოლოს, სხვა ქალების, ინტერვიუების, სათქმელის, ამბების  შემოჭრა ასევე მძაფრ კვალს ტოვებს. თბილისში ჟღერს ამ ქალების – ცხოვრების, ყოფის, სატკივარის ექო. 

„1978 წლის ამ ქართულ ფილმს მოუსვენარი, აჟიტირებული და ნერვული ენერგია აქვს. “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” რეჟისორისა და თანასცენარისტის, ლანა ღოღობერიძის რომანტიკული კომედიაა, რომელსაც თავისუფალი ახალი ტალღის ელფერი აქვს. ფილმის მოქმედება ქალაქში ვითარდება. ტერმინი „სვინგური თბილისი“ ამ ქალაქისთვის არც ისე შესაფერისია, მაგრამ თბილისი ნამდვილად ხალხმრავალი, თანამედროვე ადგილია დაკავებული, თანამედროვე ადამიანებისთვის.” – პიტერ ბრედშოუ, ლანა ღოღობერიძის ფილმის შესახებ, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”. The Guardian.

„თუ რამეზე შეიძლება თქმა, აი, რა გიყვარს და გაკავშირებს შენს სამშობლოსთან, ჩემთვის ეს მართლა თბილისია” – ლანა ღოღობერიძისთვის თბილისი, როგორც მშობლიური ქალაქი, არაერთხელ ქცეულა გადაღების მთავარ ადგილად. სხვადასხვა დროს ღოღობერიძის კამერაში ხვდება თბილისური სახლები, ქუჩები, მისი ბავშვობის ორი მთავარი უბანი – სოლოლაკი და ვერა – ყველაფერი, „რაც განწყობას შეესატყვისება”. გადასაღებ მოედანს აქ ხშირად წარმოადგენს სანათესაოს სახლები თუ თვითონ რეჟისორის სახლი, რომელიც უკვე შეითვისა კინოსა და ქალაქის, თბილისის ისტორიამ. თბილისი, როგორც ცოცხალ, „მბორგავ ქალაქად” – უკვე ლანა ღოღობერიძის კინოს გავლით –  შემორჩა ესპანელი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის მეხსიერებასაც,  რომელიც კუბაში მოგზაურობისას ნახა ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”. 

ქალაქი და იგივე ან მსგავსი ადგილები ჩანს ღოღობერიძის 10 წლით ადრე გადაღებულ ფილმშიც „ფერისცვალება”. აქ თბილისი წყვილის შეხვედრების, განშორებების, ერთმანეთთან მზერით გადაკვეთის ადგილია. სწორედ ურბანულ სივრცეში ხდება დანაშაული, რომელიც გმირის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას და ფილმის დინამიკას განსაზღვრავს. ორ ფილმს შორის დიალოგი ემოციურ და ურბანულ ქსოვილზე დაკვირვებითაცაა შესაძლებელი. ფაქტია, რომ ლანა ღოღობერიძის კინომ სხვადასხვა ათწლეულში თბილისის უნიკალური იმიჯები, ფრაგმენტები და კინო მეხსიერება შემოინახა – ადამიანური, ემოციური, ხშირად ტრავმული ისტორიების გავლით, სადაც მოინახა ადგილი გადასახლებულთათვისაც და მივიწყებული მეხსიერების გაცოცხლებისთვისაც. 

ტექსტში გამოყენებულია რეჟისორთან პროექტის ფარგლებში ჩაწერილი ინტერვიუს ფრაგმენტები.

ავტორის ფილმები