„სამოქალაქო იდეას“ ახალი ანგარიში: „საქართველოს საინვესტიციო ლანდშაფტი: ჩინური და დასავლური ინვესტიციების შედარებითი ანალიზი (2018-2023 წწ)“.
ანგარიში იკვლევს 2018-2024 წლებში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინვესტიციების რეალურ წილს. დოკუმენტი ადგენს, რომ პეკინის ეკონომიკური ჩართულობა არ შეესაბამება ოფიციალური პირების განცხადებებს – 2010 წლიდან მოყოლებული, ჩინეთის მიერ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 700 მლნ აშშ დოლარსაც კი არ აღემატება. გარდა ამისა, შედარებითი ანალიზის მიხედვით, პანდემიის შემდგომ პერიოდში, აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოსა და ნიდერლანდების საინვესტიციო ჩართულობა მზარდი ტემპით ხასიათდება. მცირე ეკონომიკის მქონე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც კი, როგორიცაა მალტა, საქართველოში უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განახორციელეს, ვიდრე ჩინეთმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ სრული ანგარიში 👇
ავტორი: ჯიანლი იანგ ჩინეთის პასუხი ისრაელ-ჰამასის კონფლიქტზე ასახავს პალესტინის მიმართ მის მრავალწლიან მხარდაჭერას
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი (მარჯვნივ) და პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, პეკინში „ხალხის დიდ დარბაზში“ ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, ერთმანეთს ხელს ართმევენ; 2023 წლის 14 ივნისი.
7 ოქტომბერს, პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ, ჰამასმა, ისრაელის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა. ათასობით რაკეტის გარდა, ჰამასმა ისრაელის ტერიტორიაზე გააგზავნა სამხედროები ისრაელის უდანაშაულო მოქალაქეების მოსაკლავად ან გასატაცებლად. საპასუხოდ, ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბინიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ახლა „საომარ მდგომარეობაშია“. აშშ-მ და ევროკავშირმა გამოაქვეყნეს განცხადებები, რომლებშიც დაგმეს ჰამასის ტერორისტული ქმედებები და ისრაელის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. ასევე, აზიის რამდენიმე ქვეყანამ კონფლიქტის ესკალაციის გამო დაგმო ძალადობა და შეშფოთება გამოხატა. ამასობაში, ჩინეთის საგარეო სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მხარდაჭერა პალესტინის სახელმწიფოებრიობისადმი, გამოხატა რა „ღრმა მწუხარება“ და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და თავშეკავებისაკენ მოუწოდა. ჩინეთის კომუნისტურ პარტიას პალესტინასთან მეგობრული ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია აქვს. 1964 წელს, პალესტინის განმანთავისუფლებელი ორგანიზაციის დაარსების დღიდან ჩინეთი აღიარებს და აქტიურად უჭერს მხარს ამ ორგანიზაციას. მაო ძედუნის და დენ სიაოპინის პერიოდში, პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის (PLO) ლიდერი, იასირ არაფატი აღიარებული იყო, როგორც ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CCP) „ძველი მეგობარი“ და ჩინეთი, მას ღიად, ფინანსური და შეიარაღების კუთხით დახმარებას უწევდა. 1971 წელს, გაეროში წევრად მიღების შემდგომ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ არაერთხელ მოუწოდა ისრაელს პალესტინის ტერიტორიებიდან უპირობო გასვლისკენ. ჩინეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა პალესტინის სუვერენიტეტი 1988 წელს და 1989 წელს, პალესტინასთან სრული დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. თუმცა, 1990-იანი წლების დასაწყისში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთს სჭირდებოდა კარგი ურთიერთობების დამყარება ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოებთან, მისი „რეფორმისა და (ეკონომიკური) ღიაობის“ პოლიტიკის ფარგლებში, 1992 წელს, ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა ისრაელთან. ჩინეთი ახლა არის ისრაელის მესამე ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი და ამ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ გასულ წელს 23 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ამის საპირისპიროდ, ჩინეთის ორმხრივი ვაჭრობა პალესტინასთან გასულ წელს მხოლოდ 158 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო ჩინეთის ინვესტიციები პალესტინაში მინიმალურია. ჩინეთი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში, განსაკუთრებით ისრაელსა და პალესტინას შორის არსებულ დავაში, უფრო მეტი ჩართულობისკენ მიისწრაფის. თუმცაღა, პალესტინისადმი ჩინეთის დიპლომატიური მხარდაჭერა ბევრად აღემატება ისრაელისადმი მის მხარდაჭერას. 2021 წელს, ჩინეთმა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოსაგვარებლად ხუთპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა და შემდგომში, საუდის არაბეთსა და ირანს შორის მედიატორობისათვის ელჩები დანიშნა. როდესაც 2021 წლის მაისში, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი გამწვავდა, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იანგ იმ მხარეებს მოუწოდა „პირდაპირი დიალოგისაკენ ჩინეთში“. ჩინეთმა, ასევე, გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინა გეგმა „ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობაზე, პალესტინის საკითხის ჩათვლით“, რომელიც მოიცავდა დებულებებს ცეცხლის შეწყვეტის, ძალადობის შეწყვეტისა და უშიშროების საბჭოს მკაცრი პოზიციის შესახებ, რათა ამ უკანასკნელმა ხელი შეუწყოს მშვიდობას და დააჩქაროს ორ სახელმწიფოს შორის კონფლიქტიდან გამოსავლის ძებნაზე დაფუძნებული მოლაპარაკებები. წლების განმავლობაში ჩინეთი თანმიმდევრულად უჭერდა მხარს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას 1967 წლის საზღვრებში, რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნებოდა. 2020 წელს, ჩინელმა დიპლომატმა, ჟან ჯუნმა დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში ისრაელის დასახლებებს „საერთაშორისო სამართლის დარღვევები“ უწოდა. 2022 წლის მარტში, ისლამაბადში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის კონფერენციაზე დასწრებისას, ვანგი შეხვდა პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრ რიად ალ-მალიქის და ცალსახად განაცხადა, რომ პალესტინის საკითხი არ უნდა იყოს მარგინალიზებული. ვანგმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა უგულებელყოს პალესტინის საკითხი და განაცხადა, რომ ჩინეთი გააგრძელებს პალესტინელი ხალხის გვერდში დგომასა და მხარდაჭერას. 2023 წლის ივნისში, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ეწვია ჩინეთს და ხალხით სავსე დარბაზში შეხვდა პრეზიდენტ სი ძინპინს. ეს იყო აბასის მეხუთე ვიზიტი ჩინეთში. მან მოისმინა ჩინეთის ვალდებულება, დაუჭიროს მხარი პალესტინას და შეიტყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გეგმების შესახებ პალესტინისთვის დახმარების უზრუნველსაყოფად. სი ძინპინმა აბასთან საუბრისას ახსენა, რომ „ჩინეთი და პალესტინა არიან ახლო მეგობრები და პარტნიორები, რომლებიც ენდობიან და მხარს უჭერენ ერთმანეთს“ და რომ ჩინეთი მზადაა პალესტინის საკითხის ყოვლისმომცველი და საბოლოო გადაწყვეტისათვის გააძლიეროს პალესტინასთან თანამშრომლობა. პალესტინისადმი ჩინეთის მხარდაჭერის ხანგრძლივი ისტორია მტკიცედ აისახება ამ უკანასკნელის უარში დაგმოს ისრაელის მოქალაქეებზე ჰამასის სასტიკი თავდასხმა. თავდასხმაზე პეკინის მყისიერი პასუხი იყო განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ „კონფლიქტის ფუნდამენტური გამოსავალი მდგომარეობს ორი სახელმწიფოს მხრიდან კონფლიქტიდან გამოსავლის იმპლემენტაციაში და პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში“. პალესტინის მიმართ ჩინეთის მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ისეთი ქვეყნებისა, როგორიცაა ირანი და კატარი. ჩინეთში ისრაელის დიპლომატებმა კომუნისტურ პარტიას მოუწოდეს ჰამასის უფრო მტკიცე დაგმობისაკენ, რამდენადაც ჩინეთი ისრაელის მეგობრად მიიჩნევა. ამგვარი განცხადებები მიანიშნებს ისრაელი დიპლომატების გულუბრყვილობისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიზნების გაუთვითცნობიერებულობაზე. მათ შესაძლოა ჩათვალეს, რომ წლების განმავლობაში ჩინეთის მოწინავე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა შეცვლიდა ისრაელთან დაკავშირებით პეკინის პოზიციას, თუმცა ეს მათი მხრიდან სერიოზული შეცდომა და არასწორი გათვლა აღმოჩნდა. ღია, თავისუფალი, ძლიერი და წარმატებული ისრაელი არ შეესაბამება ჩინეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს. თუკი ჰამასის თავდასხმის მიღმა უფრო დიდი განზრახვა ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების ნორმალიზების ძალით შეფერხება იყო, ამ შემთხვევაში ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბენეფიციარი იქნებოდა. ახლო აღმოსავლეთში გახანგრძლივებულ ქაოსს სარგებელი მოაქვს დასავლეთთან კონკურენციაში ჩინეთის სტრატეგიული ინტერესებისათვის, ისევე, როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამოყენება შეუძლია დასავლური სახელმწიფოებისთვის ზიანის მისაყენებლად და დემოკრატიული სამყაროს რესურსების ამოსაწურად.