მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
15 ივნისი
15 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები და მათი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფნის“ მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის გაფორმებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობის შეთანხმებაზე.
მინისტრმა ჩინეთში განხორციელებული ბოლო ვიზიტის შედეგებიც შეაჯამა, რა დროსაც ყურადღება მიღწეულ პროგრესსა და სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში თანამშრომლობის გაფართოებაზე გაამახვილა.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, თამარ იოსელიანი და გენადი არველაძეც ესწრებოდნენ.
ირაკლი კობახიძე ჩინეთის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა
16 ივნისი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე 16 ივნისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ცინ იჭი ხელმძღვანელობდა.
მხარეებმა ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს და ეთნიკურ საკითხებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და ჩინეთი მზად არიან, საერთაშორისო თუ ორმხრივ ფორმატებში ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ.
გარდა ამისა, ყურადღება დაეთმო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სფეროში საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკასა და შესაბამის 10-წლიან სტრატეგიას, რომელიც თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თეა ახვლედიანი და ლევან ჟორჟოლიანი.
თეა ახვედიანი ჩინეთის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა
16 ივნისი
16 ივნისს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ჩინეთის დელეგაციის მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში უწყების მასპინძლობით იმართება და მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, ერთმანეთს სამომავლო პრიორიტეტებთან დაკავშირებით ხედვები გაუზიარეს და პარტნიორობის განვითარების შესაძლო მიმართულებებზე იმსჯელეს.
ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის დელეგაციისთვის ასევე დაგეგმილია გაცნობითი და სამუშაო შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ჩინეთის დელეგაცია საგარეჯოს იუსტიციის სახლში იმყოფებოდა
18 ივნისი
18 ივნისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაცია საგარეჯოს იუსტიციის სახლს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს იუსტიციის სახლის კონცეფცია და საქმიანობის სპეციფიკა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ გააცნეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და ამ მიზნით დანერგილ მექანიზმებს.
ვიზიტი საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზანს ემსახურება.
აზერბაიჯანი და ჩინეთი საბაჟო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას განიხილავენ
18 ივნისი
„შუა დერეფნის“ გავლით ტვირთბრუნვის მზარდი დინამიკის ფონზე, აზერბაიჯანი და ჩინეთი საბაჟო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს განიხილავენ.
ოფიციალური პირების განცხადებით, აღნიშნული საკითხი აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტში 18 ივნისს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანში, ლუ მეი ესწრებოდა.
სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი თემა ორი ქვეყნის საბაჟო სამსახურებს შორის ინსტიტუციური კავშირების გაფართოება იყო, რაც მიზნად ისახავს აზიასა და ევროპას შორის სტრატეგიული სატრანზიტო მარშრუტით მზარდი ტვირთნაკადების ეფექტიან მართვას.
ამასთანავე, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შესაძლებლობები გამოცდილების გაზიარების, საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვისა და საბაჟო სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით.
]AZPROMO-სა და ჩინეთის სიჩუანის დელეგაციას შორის შეხვედრა გაიმართა
18 ივნისი
18 ივნისს შედგა შეხვედრა AZPROMO-ს აღმასრულებელ დირექტორ იუსიფ აბდულაევსა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს სიჩუანის პროვინციის კომიტეტის დელეგაციას შორის.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები მწვანე ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ლოგისტიკისა და განათლების სფეროებში. ასევე საუბარი შეეხო ინდუსტრიული პარკების განვითარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა გამოცდილების გაცვლაზე ერთობლივი ინდუსტრიული პარკების შექმნის, ადამიანური კაპიტალის განვითარების და სასწავლო პროგრამების ორგანიზების მიმართულებით.
მხარეების შეფასებით, სიჩუანის პროვინციასა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა დამატებით იმპულსს აძლევს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
სომხეთის გავლით ირანიდან ჩინეთის მოქალაქეების მასშტაბური ევაკუაცია მიმდინარეობს
18 ივნისი
ირან–ისრაელის დაძაბულობის ფონზე ირანიდან მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. სომხეთში ჩინეთის საელჩოს ცნობით, 18 ივნისის, ირანიდან სომხეთში, აგარაკის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, ჩინეთის 600-ზე მეტი მოქალაქე შევიდა.
აღსანიშნავია, რომ თეირანში ჩინეთის დიპლომატიურმა მისიამ ჯერ კიდევ 17 ივნისს გააფრთხილა საკუთარი მოქალაქეები სახმელეთო საზღვრების შესაძლო ჩაკეტვის შესახებ და მოუწოდა მათ, სასწრაფოდ დაეტოვებინათ ქვეყანა.
სომხური მხარე უსაფრთხოების მიზნით სხვა სახელმწიფოების მოქალაქეების გაყვანაშიც აქტიურად არის ჩართული.
შეხვედრა ჩინეთისა და ყირგიზეთის ლიდერებს შორის
17 ივნისი
17 ივნისს ასტანაში გამართული ჩინეთი–ცენტრალური აზიის სამიტის ფარგლებში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოება და ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაძლიერება განიხილეს.
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ–ყირგიზეთის ურთიერთობები ისტორიულად მაღალ ნიშნულზეა და ხაზი გაუსვა თანამშრომლობას ენერგეტიკის, ხელოვნური ინტელექტისა და ტრანსპორტის, მათ შორის ჩინეთი–ყირგიზეთი–უზბეკეთის სარკინიგზო პროექტის მიმართულებით.
ჯაფაროვმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია და მზადყოფნა გამოთქვა ჩინური კომპანიების უფრო ფართო ჩართულობისთვის. მისი თქმით, ყირგიზეთი მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პრინციპს, ეწინააღმდეგება „ტაივანის დამოუკიდებლობას“ და მის შიდა საქმიანობაში გარე ძალების ჩარევას.
შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ხელი მოაწერეს ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებებს, რომლებიც მოიცავს სოფლის მეურნეობას, საბაჟო სფეროს, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებს, ასევე მედიის მიმართულებებს.




