ჩინეთის პრემიერი ტაჯიკეთის მთავრობის მეთაურსა და პრეზიდენტს შეხვდა

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრი ლი ციანი ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ კოხირ რასულზოდასა და პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს შეხვდა. მოლაპარაკებების მთავარი თემები ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი პროექტები და რეგიონული უსაფრთხოება იყო.

18 ოქტომბერს რასულზოდასთან შეხვედრისას ლი ციანმა განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა, ტაჯიკეთთან ერთად განავითაროს თანამშრომლობა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში. მხარეებმა განიხილეს ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოება, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ხელოვნური ინტელექტი. ჩინეთის პრემიერი ასევე მიესალმა ტაჯიკეთიდან მაღალი ხარისხის პროდუქციის იმპორტის გაზრდისა და ჩინური კომპანიების მიერ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას.

19 ოქტომბერს ლი ციანი ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს შეხვდა. შეხვედრისას რაჰმონმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ტაჯიკეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია.

როიტერის ცნობით ტაჯიკეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ლიმ განაცხადა, რომ ქვეყნებმა უნდა გააღრმავონ თანამშრომლობა სამართალდამცავ და უსაფრთხოების სფეროებში და გააძლიერონ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა. მისი თქმით, ჩინეთმა და ტაჯიკეთმა ერთობლივად უნდა დაუპირისპირდნენ „სამ ბოროტ ძალას“ ტერორიზმს, სეპარატიზმსა და ექსტრემიზმს და ხელი შეუწყონ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

 შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს. ტაჯიკეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2,5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

მხარეებმა თანამშრომლობის პრიორიტეტებად დაასახელეს მრეწველობა, ტრანსპორტი, ლოჯისტიკა, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა. ყურადღება ასევე დაეთმო თანამედროვე ტექნოლოგიებს, სამუშაო ადგილების შექმნასა და პროფესიული კადრების მომზადებას. ლი ციანმა ხაზი გაუსვა უსაფრთხოების სფეროში კოორდინაციის გაძლიერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ლი ციანი ტაჯიკეთში ასევე მონაწილეობს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურთა საბჭოს 25-ე სხდომაში. ტაჯიკეთის ვიზიტის შემდეგ, 20–22 ოქტომბერს, ის რუსეთს ეწვევა, სადაც ჩინეთისა და რუსეთის მთავრობათა მეთაურების 31-ე რეგულარული შეხვედრა გაიმართება.

Scroll to Top