20 მაისს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის შესახებ ათეულობით დოკუმენტს მოაწერეს ხელი და ორმხრივი ურთიერთობები „ახალ ეტაპზე გადასვლად“ შეაფასეს.
შეხვედრა აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტიდან რამდენიმე დღეში გაიმართა, რამაც საერთაშორისო მედიის შეფასებით, პეკინსა და მოსკოვს შესაძლებლობა მისცა, დასავლეთის მიმართ ერთიანი პოლიტიკური პოზიცია კიდევ ერთხელ აჩვენონ. ეს ასახავს ჩინეთის სტრატეგიას, შეინარჩუნოს სტრატეგიული კავშირი რუსეთთან, პარალელურად, მართოს ურთიერთობები ვაშინგტონთან.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ჩინეთმა და რუსეთმა „მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის“ მხარდაჭერა დაადასტურეს. ოფიციალური განცხადებების მიხედვით, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ეკონომიკურ თანამშრომლობას, ენერგეტიკას, ტექნოლოგიებს, მეცნიერებას, განათლებასა და მედიის სფეროში კავშირების გაღრმავებას.
სი ძინპინმა ორმხრივ ურთიერთობებს „ისტორიულად უმაღლესი დონე“ უწოდა, ხოლო პუტინმა განაცხადა, რომ ჩინეთ–რუსეთის თანამშრომლობა „გარე ზეწოლის პირობებში“ სტაბილურად ვითარდება. ორივე ლიდერმა საერთაშორისო პოლიტიკაში „უნილატერალიზმი“ და „ჰეგემონიური მიდგომები“ გააკრიტიკა. ამ რიტორიკას პეკინი და მოსკოვი ბოლო წლებში ხშირად იყენებენ დასავლეთის, განსაკუთრებით კი აშშ–ის პოლიტიკის შეფასებისას.
სამიტზე განიხილეს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებიც, მათ შორის უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთის კრიზისი და აზია–წყნარი ოკეანის რეგიონში მზარდი კონკურენცია. ჩინეთმა კვლავ აღნიშნა, რომ კონფლიქტები „დიალოგისა და პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით“ უნდა გადაწყდეს.
შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა ენერგეტიკული თანამშრომლობა იყო. რუსეთი ცდილობს ევროპულ ბაზრებზე დაკარგული პოზიციები ჩინეთის მიმართულებით გაზარდოს. ამ კონტექსტში მოსკოვისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა პროექტი „ციმბირის ძალა 2“, რომელიც წელიწადში 50 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზის ჩინეთში ტრანსპორტირებას იამალის საბადოებიდან, მონღოლეთის გავლით ითვალისწინებს.
თუმცა, მიუხედავად მაღალი მოლოდინებისა, პეკინის სამიტზე მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწიეს. კრემლის განცხადებით, პროექტის „ძირითად ასპექტებზე“ საერთო შეთანხმება არსებობს, თუმცა რიგი დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, უთანხმოებას გაზის ფასი, დაფინანსება და გრძელვადიანი პირობები იწვევს.
დასავლურ მედიაში აღნიშნავენ, რომ პეკინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები ასიმეტრიულია. უკრაინის ომის შემდეგ, დასავლური სანქციებისა და ევროპული ბაზრის დაკარგვის ფონზე, რუსეთის ეკონომიკური დამოკიდებულება ჩინეთზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც პეკინს დამატებით ბერკეტებს აძლევს. ჩინეთი ამით სარგებლობს და ცდილობს რუსული ენერგორესურსები მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით მიიღოს. მიუხედავად ამისა, ჩინეთი ცდილობს რუსეთთან თანამშრომლობა ისე მართოს, რომ დასავლეთთან საკუთარი ეკონომიკური ურთიერთობები სრულად არ დააზიანოს.
ეს გარემოება აჩვენებს, რომ პეკინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები, მიუხედავად სტრატეგიული და პოლიტიკური დაახლოებისა, მაინც მკაფიოდ ეფუძნება პრაგმატულ ეკონომიკურ ინტერესებს, სადაც ორივე მხარე საკუთარი პირობების მაქსიმალურად დაცვას ცდილობს.




