„ტავ ჯორჯია“ Routes Europe 2026-ზე პირდაპირი ფრენების გაფართოებაზე მუშაობს
18 მაისი
საქართველო ჩინურ საავიაციო ბაზარზე ახალი მიმართულებების ათვისებას გეგმავს. იტალიის ქალაქ რიმინიში მიმდინარე საერთაშორისო საავიაციო ფორუმზე Routes Europe 2026, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ჩინურ ავიაკომპანიებთან აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ 20-მდე შეხვედრას შორის, ჩინეთის მიმართულება ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია ბაზრების დივერსიფიცირების სტრატეგიის ფარგლებში, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის ფონზე კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
„ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ განაცხადა, რომ თბილისის აეროპორტიდან ჩინეთის რამდენიმე მიმართულებით ფრენები უკვე ხორციელდება და ივლისიდან პირდაპირი რეისები შანხაის მიმართულებითაც ინიშნება. მისივე თქმით, ამ ბაზარზე მოთხოვნა მაღალია, რის გამოც ჩინეთის მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებენ.
ჩინური მხარის გარდა, ქართული დელეგაცია მოლაპარაკებებს ევროპულ და ახლო აღმოსავლეთის ავიაკომპანიებთანაც მართავს. საავიაციო ფორუმი Routes Europe 2026, რომელშიც 65-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი ავიაკომპანია და აეროპორტი მონაწილეობს, 20 მაისამდე გაგრძელდება.
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის თავმჯდომარეს, ვანგ ჰიუნინგს შეხვდა
18 მაისი
18 მაისს შალვა პაპუაშვილი შეხვდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრს და ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის თავმჯდომარეს ვანგ ჰიუნინგს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, თბილისი და პეკინი იზიარებენ ეროვნული სუვერენიტეტის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის პრინციპებს და მხარს უჭერენ საერთაშორისო სამართლის განმტკიცებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის იდეას. ჩინურმა მხარემ კი დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაფართოებას, ასევე ტურიზმის, განათლების, ინოვაციების, კულტურისა და საპარლამენტო კავშირების გაძლიერებას. მხარეებმა ასევე განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა გლობალური ტურბულენტობის ფონზე ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და დაკავშირებადობის პროექტების მნიშვნელობას, მათ შორის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივასა და შუა დერეფნის პოტენციალს.
შეხვედრის შემდეგ ორივე მხარემ გამოხატა მზადყოფნა ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.
პაპუაშვილის ვიზიტი ჩინეთში: შეხვედრა ჭაო ლეძისთან
18 მაისი
ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 18 მაისს ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო ლეძის შეხვდა.
მხარეებმა მოლაპარაკებების მთავარ მიმართულებად საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და პოლიტიკური დიალოგის გაფართოება დაასახელეს. ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობის, ტურიზმის, განათლების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კულტურის მიმართულებებით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას უკვე აკავშირებს მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ეკონომიკური ჩარჩოები, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო რეჟიმი, რაც ოფიციალური შეფასებით, სავაჭრო და ტურისტული ნაკადების ზრდას უწყობს ხელს.
მხარეებმა გლობალური არასტაბილურობის ფონზე საერთაშორისო სამართლის პრინციპების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საპარლამენტო დიპლომატიას, რომელიც საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესს შორის აქტიურად ვითარდება.
ჩინეთის ოფიციალურ განცხადებებში ნათქვამია, რომ საქართველო–ჩინეთის ურთიერთობები „ახალ ეტაპზე“ გადავიდა, ხოლო პეკინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერა. საპასუხოდ, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერას და აქტიურად ჩაერთვება გლობალური განვითარების ინიციატივებში.
შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში მოხსენება გააკეთა
19 მაისი
19 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში (CFAU) მოხსენება გააკეთა.
პეკინში მდებარე უნივერსიტეტი, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არის აფილირებული, „ჩინელი დიპლომატების აკვნად“ მიიჩნევა და დიპლომატიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებს ამზადებს.
პაპუაშვილმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ჩინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტის მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის მზარდ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. მისი თქმით, გლობალური ტრანსფორმაციების ფონზე საქართველო მშვიდობისა და განვითარების „კუნძულია“.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით ხელისუფლების ძალისხმევაზე, საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობასა და დაკავშირებადობის პოტენციალზე.
შეხვედრა ჩინეთში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
შალვა პაპუაშვილის შეხვედრა შაანსის პროვინციის პარლამენტის თავმჯდომარესთან
20 მაისი
ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 20 მაისს შაანსის პროვინციის კომიტეტის მდივანსა და შაანსის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო იდეს შეხვდა.
მხარეებმა საქართველო–ჩინეთის ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. შალვა პაპუაშვილმა შაანსის პროვინციის ისტორიულ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონში უძველესი ცივილიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიები წარმატებით ერწყმის ერთმანეთს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ჩინეთის ქალაქებს შორის დაძმობილების პროცესის გააქტიურება და მზადყოფნა გამოთქვეს ინსტიტუციური, კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავებისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარემ ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის შედეგები შეაჯამა
20 მაისი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის შედეგები შეაჯამა და 20 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები „ისტორიულად მაღალ დონეზეა“.
ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტია ჩინეთში, რაც, მაღალჩინოსნის თქმით, ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
პაპუაშვილის თქმით, საქართველო და ჩინეთი უკვე რამდენიმე წელია სტრატეგიული პარტნიორები არიან, მოქმედებს უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც ვაჭრობის, ტურიზმისა და პირდაპირი ავიარეისების ზრდაზეც აისახება.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, თბილისსა და პეკინს „აბსოლუტურად იდენტური მიდგომა“ აქვთ მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის მიმართულებით.
პაპუაშვილის ვიზიტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩინეთი საქართველოს საგარეო–პოლიტიკურ დღის წესრიგში ერთ–ერთ აქტიურ მიმართულებად რჩება, რასაც ბოლო პერიოდში ქართველი მაღალჩინოსნებისა და საპარლამენტო დელეგაციების ჩინეთში გახშირებული ოფიციალური ვიზიტები ადასტურებს.
ილჰამ ალიევმა ჩინეთის ვიცე–პრემიერი ჟანგ გუოჩი მიიღო
18 მაისი
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 18 მაისს ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე–პრემიერი ჟანგ გუოჩი მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
ჩინეთის მხარემ პრეზიდენტ ალიევს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მისალმება გადასცა და აღნიშნა, რომ სი ძინპინი მას ჩინეთის მეგობრად მიიჩნევს. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა მიღებული მისალმების გამო.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო მსოფლიო ურბანული ფორუმის, World Urban Forum 13 საკითხსაც, რომელიც ბაქოში გაიმართა და გლობალური ურბანიზაციისა და ქალაქების განვითარების საკითხებს მიეძღვნა. ჩინურმა მხარემ აზერბაიჯანს ღონისძიების მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
მოლაპარაკებების დროს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორმხრივი მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების მიმართ. ჟანგ გუოჩიმ აღნიშნა, რომ ჩინეთ–აზერბაიჯანის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და უკვე მიაღწია ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეს.
ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი, როგორც ქვეყანა, რომელიც თავად დაზარალდა სეპარატიზმისგან, გმობს სეპარატიზმის ყველა ფორმასა და გამოვლინებას. მან ასევე აღნიშნა, რომ ბაქომ არა მხოლოდ არ აღიარა ჩინეთის ტაივანის რეგიონში ჩატარებული არჩევნები, არამედ იყო ერთ–ერთი იმ სახელმწიფოთაგან, რომლებმაც ამ არჩევნების შედეგები დაგმო.
ამ კონტექსტში, სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის ურყევად უჭერს მხარს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას.
ბაქოში მიმდინარე ფორუმზე სინ ლიმ ურბანული განვითარების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა
18 მაისი
ბაქოში გამართულ მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიას (WUF13) შანხაის ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის ინსტიტუტის დირექტორი, სინ ლი დაესწრო.
18 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას სინ ლიმ აღნიშნა, რომ მსოფლიო ურბანული ფორუმი მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ქვეყნების გამოცდილების გაცვლისა და ურბანული დაგეგმარების გლობალური განვითარების ხელშეწყობისთვის.
„ჩინეთი და აზერბაიჯანი ფლობენ პოტენციალს გააფართოონ თანამშრომლობა განათლების, ურბანული დაგეგმარებისა და ურბანული დიზაინის სფეროებში“, – განაცხადა სინ ლიმ.
მისი თქმით, მსოფლიო ურბანული ფორუმი მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ქვეყნების გამოცდილების გაცვლისა და ურბანული დაგეგმარების გლობალური განვითარების ხელშეწყობისთვის.
სინ ლიმ ასევე აღნიშნა, რომ ჩინური დელეგაციის ერთ–ერთი მთავარი მიზანი ურბანული განვითარების სფეროში ჩინეთის გამოცდილების საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაზიარებაა.
მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესია (WUF13), რომელიც 17-დან 22 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა, მდგრადი ურბანიზაციისა და ქალაქების განვითარების საკითხებში ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან საერთაშორისო პლატფორმად მიიჩნევა. წლევანდელ ღონისძიებას 176 ქვეყნიდან 57 000-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.
ლი ლიპინი WUF13-ის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
22 მაისი
22 მაისს ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPIT) სამშენებლო ინდუსტრიის ქვეკომიტეტის ხელმძღვანელმა ლი ლიპინმა მსოფლიო ურბანული ფორუმის (WUF13) ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე ვიდეომიმართვა გააკეთა.
ფორუმზე გაკეთებულ განცხადებაში ლიპინმა აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისიდან ჩინეთში ურბანიზაცია მნიშვნელოვნად დაჩქარდა, რამაც გარემოს ხარისხის გაუმჯობესება გამოიწვია და ქვეყანას მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება შეუქმნა.
„ჩინეთი მზად არის საერთაშორისო პარტნიორებს გაუზიაროს მდგრადი ურბანული განვითარების სფეროში დაგროვილი გამოცდილება“, – განაცხადა ლი ლიპინმა.
მისი თქმით, ბოლო წლებში ჩინეთის სამშენებლო სექტორმა მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა ციფრული და ინტელექტუალური ტრანსფორმაციის, „ჭკვიანი“ ქალაქების განვითარების, ურბანული განახლებისა და მწვანე, დაბალნახშირბადიანი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
ლი ლიპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი მზად არის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშაოს ურბანიზაციასთან და ქალაქების მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად.
Xinhua ბაქოში გამართულ ფორუმზე ჩინეთის ურბანულ მიღწევებს მიმოიხილავს
22 მაისი
22 მაისს ჩინურმა სახელმწიფო სააგენტომ Xinhua News Agency ბაქოში გამართული მსოფლიო ურბანული ფორუმის, WUF13 შესახებ ღონისძიების შემაჯამებელი სტატია გამოაქვეყნა.
სტატიის მიხედვით, წლევანდელი ფორუმი, რომელიც ჩატარდა სახელწოდებით „სამყაროს დაბინავება: უსაფრთხო და მდგრადი ქალაქები და თემები“, გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა მდგრადი და ინკლუზიური ურბანული გარემოს შესაქმნელად.
ღონისძიების ფარგლებში ჩინურმა მხარემ წარადგინა ეროვნული ანგარიში „ახალი ურბანული დღის წესრიგის“ შესრულების შესახებ. დოკუმენტში ასახულია ქვეყნის პროგრესი ურბანული განვითარების პოლიტიკაში, მათ შორის ქალაქების დაგეგმარების გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და ეკოლოგიურად უფრო მდგრადი ურბანული სივრცეების შექმნა.
ფორუმის საგამოფენო სივრცეში ყურადღება მიიპყრო ჩინეთის პავილიონმა, სადაც Urban Planning Society of China-მა წარადგინა ექსპოზიცია და ვიზიტორებს პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გააცნო ქვეყნის ინოვაციური ქალაქგეგმარებითი გამოცდილება.
WUF13-ის მონაწილეთა საერთო შეფასებით, ბაქოს ფორუმი გახდა გარდამტეხი ეტაპი ურბანული განვითარების გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებისა და ქვეყნებს შორის ცოდნის გაცვლის თვალსაზრისით.
ევროპული დიპლომატია პეკინში: სომხეთისა და ევროკავშირის ინიციატივით ელჩებმა ჩინეთის გლობალური როლი განიხილეს
19 მაისი
ჩინეთში სომხეთის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი ინიციატივით, პეკინმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) წევრი ქვეყნების ელჩების მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლა.
19 მაისს გამართული დიპლომატიური აუდიენციის მთავარ ფოკუსს ევროპული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პერსპექტივები და ამ პროცესებში ჩინეთის, როგორც გლობალური აქტორის როლის შეფასება წარმოადგენდა.
გავრცელებული ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, დიპლომატებმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროპის სტრატეგიული მდგრადობის გაძლიერების აუცილებლობა. ამავდროულად, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პეკინთან პირდაპირი დიალოგისა და კომუნიკაციის არხების შენარჩუნება პრაგმატულ აუცილებლობას წარმოადგენს.
დისკუსია შეეხო როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ჭრილში არსებულ გამოწვევებს, სადაც ჩინეთთან ურთიერთობა ერთდროულად მოიცავს როგორც პარტნიორობის, ისე სტრატეგიული კონკურენციის ელემენტებს.
შეხვედრა შედგა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) ეგიდით, რომელიც 50-მდე ევროპულ სახელმწიფოს აერთიანებს და წარმოადგენს პოლიტიკური დიალოგის პლატფორმას საერთო ინტერესების საკითხებზე თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
ექსპერტების შეფასებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მიზნად ისახავს ევროპის ერთიანი პოზიციების კოორდინაციას გლობალური გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩინეთთან ურთიერთობები ერთდროულად თანამშრომლობისა და სტრატეგიული კონკურენციის ელემენტებს მოიცავს.
ჩინეთის უსაფრთხოების მინისტრი ყირგიზეთს ეწვია
19 მაისი
19 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის, ვან სიოჰონის ხელმძღვანელობით დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბიშკეკში ჩავიდა. ინფორმაციას ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ვიზიტის მთავარ მოვლენას ვან სიოჰონისა და ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ულან ნიიაზბეკოვის შეხვედრა წარმოადგენს. მხარეებს შორის გამართული დისკუსიის ცენტრალური თემა ყირგიზეთსა და ჩინეთს შორის სამართალდაცვით სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებაა.
დისკუსიები ასევე შეეხება უწყებათაშორისი კოორდიანაციის გაუმჯობესებასა და სამომავლო ოპერატიული თანამშრომლობის კონკრეტული პერსპექტივების დასახვას. ვიზიტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას.
ჩინეთისა და ყირგიზეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელები პეკინში შეხვდნენ
19 მაისი
19 მაისს ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯუმგალბეკ შაბდანბეკოვმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს, ვან სიოჰონგს უმასპინძლა.
ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაძლიერება ტერორიზმთან, რელიგიურ ექსტრემიზმთან, ეკონომიკურ დანაშაულებთან და კიბერთავდასხმებთან ბრძოლის მიმართულებით.
მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი თემა იყო სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის ჩინეთი–ყირგიზეთი–უზბეკეთის მშენებლობა, რომელსაც რეგიონული დაკავშირებადობისა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
შაბდანბეკოვმა ასევე დაადასტურა მზადყოფნა, უზრუნველყოს ყირგიზეთში ჩინელი ინვესტორების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე და პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელებაზე, რომლებიც უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობის შემდგომ გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ყირგიზეთმა და ჩინეთმა 430 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს მოაწერეს ხელი
20 მაისი
20 მაისს ყირგიზეთსა და ჩინეთს შორის $430 მილიონიან ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ პროექტზე შეთანხმება გაფორმდა, იუწყება ყირგიზეთის საინფორმაციო სააგენტო Kabar.
პროექტი მიზნად ისახავს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და სატრანსპორტო–ლოგისტიკური შესაძლებლობების გაფართოებას, რაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას შეუწყობს ხელს.
ინიციატივა განიხილება როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩინეთსა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და რეგიონული დაკავშირებადობის მიმართულებით.
მხარეთა შეფასებით, აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ორმხრივი ეკონომიკური სარგებლის მიღებით არ შემოიფარგლება. იგი ფუნდამენტურ როლს შეასრულებს ცენტრალური აზიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებასა და სატრანზიტო პოტენციალის მასშტაბურ გაძლიერებაში.




